Translate

Monday, July 29, 2024

რეცენზია ნატო ფირცხალავას წიგნზე „შუშის ანგელოზები“

 თამარ შარაბიძე


             „შუშის ანგელოზები“  ... „სათაური მოქნეული მახვილიაო“, _ უთქვამს კონსტანტინე გამსახურდიას. აუცილებელი ნამდვილად არაა მხატვრული ტექსტის სათაური ნაწარმოების მთავარ აზრს ან ძირითად თემატიკას გამოიტყოდეს, „მოქნევის“მთავარი  ღირსება მის მხატვრულობაშია.  „შუშის ანგელოზები“... უპირველესად მიმართებაა ნივთთან, რომელიც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე კარგავს მხოლოდ ნივთის ფუნქციას და რაღაც ახალს  იძენს. ის განივთებული ცხოვრება, იმედი და რწმენა ხდება. რა თქმა უნდა, იმედს ანგელოზის ნებისმიერი გამოსახულება შეიძლება გაძლევდეს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი  ანგელოზები შუშისაა, ე.ი. მსხვრევადი. რომანის  მთავარი აზრიც იმაშია, რომ, რაც არ უნდა დაიმსხვრეს ცხოვრება და მასთან ერთად იმედიც, ადამიანმა ადამიანობა არ უნდა დაკარგოს. ადამიანობა კი სიყვარულში გამოიხატება და ყველაფერში იჩენს თავს, თუნდაც უბრალო ნივთისადმი დამოკიდებულებაში. რომანში ავტორის მთელი სულიერი სამყარო წარმოჩნდება, ღრმა და ინტელექტუალური, შინაგანი ტანჯვითა და ფიქრით ახლის  შემცნობი, რომელიც შორს დგას მატერიალურისგან თავისი „არსებითი უპირატესობით“.  შემთხვევით არ იწყებს ნატო ფირცხალავა  თავის ბოლოსიტყვაობას _ „ავტორისაგან“ _  გაბრიელ გარსია მარკესის სიტყვებით: „არა მგონია, მკითხველს შორის ბევრი არსებობდეს ისეთი, ვინც წიგნის წაკითხვის შემდეგ საკუთარ თავს ჰკითხავს, რამდენი დრო და შინაგანი ტანჯვა დაუჯდა ავტორს ამ მრავალი გვერდის დაწერა“. დრო არ ვიცი, მაგრამ, ვინც ამ წიგნს წაიკითხავს, იგრძნობს ნატოს შინაგან ტანჯვას. რომანის მთავარი პერსონაჟი მურზა, აფხაზი გოგო, ხომ თავად ნატოა, რომელიც განიცდის მსოფლიოს კატაკლიზმებს, ძირითადად ადამიანის ხელით რომ ხდება. ომი საშინელებაა, შორიდან ადვილია მასზე ლაპარაკი, ისტორიაც მას მიწის (თუნდაც სამყაროს) გადანაწილების პრობლემად აღიქვამს, მაგრამ მისი მსხვერპლი ვერასდროს ივიწყებს გადატანილს. ტკივილი მის სულში  მოუშუშებლად რჩება და ხშირად ფიზიკურადაც ანადგურებს.  ომს არ შეუძლია უბრალოდ „გადაიაროს“,  მხოლოდ ისტორიის კუთვნილება გახდეს, ის არ შუშდება, რადგან „ქვეყნად ადამიანის სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერია!“ ეს არის ნატოს განაცხადი.  ავტორი მხოლოდ კი არ გვიყვება ამბავს, მას ეს ამბავი თავის თავზე გადააქვს, რეალურად განიცდის და ასევე მძაფრად განაცდევინებს მკითხველს, იმდენად მძაფრად, რომ სხეული გტკივა და აღარ იცი, როგორ განთავისუფლდე  ამ შეგრძნებისგან. ეს უკვე ფაქტია იმისა, რომ ნაწარმოები შედგა, მხატვრულმა სიტყვამ თავისი ქმნა.

      ლამაზია ნატოს ფრაზა, გრძნობა, მუდამ ბუნებასთან კავშირში დანახული და გაცოცხლებული. „ვაკვირდებოდი ბუნების ამ საოცრებას და წვიმის ადგილას საკუთარი თავი წარმომედგინა“ (ფირცხალავა 2023 : 75), _ როგორი შინაგანი კავშირი უნდა იყოს ადამიანსა და ბუნებას შორის, რომ პერსონაჟმმა თავი ბუნების ერთ-ერთ წევრად კი არა, ბუნების მოვლენად წარმოიდგინოს. ეს კავშირი მუდამ ჩანს ნატოს როგორც პეიზაჟებში, ასევე ადამიანთა გრძნობის გადმოცემაში და გასაკვირი არაა, რადგან ისიც იმ წინაპრის შთამომავალია, რომელმაც თქვა: „ჩვენ ბუნებაში ვართ, ის ჩვენშია“.

       ნაწარმოების მთავარი სიუჟეტური ხაზია აფხაზეთის ომიდან გადარჩენილი, თავისი ქვეყნიდან გამოქცეული  გოგონას ცხოვრების ისტორია. აფხაზეთში მან ყველაფერი დაკარგა, ახლობლები, მეზობლები და, რაც მთავარია, თავისი პირველი სიყვარული. ნაწარმოები ისეთ ქარგაზეა აგებული, რომ მხატვრულ ტექსტს პუბლიცისტური მიუყვება შესაბამისად და კვალდაკვალ (ზოგჯერ არმაზის მიერ ჩატარებული ისტორიის გაკვეთილების სახით, ზოგჯერ კი დღიურების ჩანაწერებით და ომის ქრონიკებით). ეს ფორმა, რომელიც მოვლენის სრულად აღქმაში ეხმარება მკითხველს, ნაწარმოების ბოლომდე ნარჩუნდება.  პოლიტიკური მოვლენისადმი იკვეთება ავტორის საღი პოზიცია _ აფხაზები და ქართველები ერთად და ძმურად ცხოვრობდნენ, საერთო ოჯახებს ქმნიდნენ, ტკივილიც და ლხინიც ერთი ჰქონდათ; რომ არა იმპერიის ინტერესი, ეს საშინელება არ მოხდებოდა. მურზა აჩბა აფხაზი გოგონაა, დედით ქართველი. მისი პირველი სიყვარულიც ქართველ ბიჭს ეკუთვნის, მის გადამრჩენს და მასზედ მოამაგეს. სწორედ არმაზი უყვება მას აფხაზეთის ისტორიას, რომელიც გადაჯაჭვულია საქართველოს ისტორიასთან. ეს პუბლიცისტური თხრობა ოდნავადაც არ აყენებს ზიანს მხატვრულ ტექსტს, რადგან ისტორიული მოვლენების გაცნობას ისახავს მიზნად, რომელთა გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა იმ ღირებული ურთიერთობების წარმოჩენა ქართველებსა და აფხაზებს შორის, რომლებიც ნამდვილად არსებობდა მათ შორის და რომელთა განადგურებამაც ორივე ერი დააზიანა. ამ ომში არც ავტორი და არც მთავარი პერსონაჟი არ ადანაშაულებს არც ქართველებსა და არც აფხაზებს; ისინი ერთად გარბიან დანგრეული ქვეყნიდან, ერთ მძიმე ყოფაში არიან. მესამე ძალის არსებობა კი ყველა მომენტში იჩენს თავს მათ ცხოვრებაში და საბოლოოდ თავისას აღწევს _ აპარტახებს ქვეყანასაც და ადამიანებსაც. თუნდაც აფხაზთა დამწერლობის შექმნის ისტორია იმდენად დელიკატურად არის მოთხრობილი რომანში, რომ არცერთი ერის დადანაშაულებას არ ისახავს მიზნად. ანბანის შემდგენელ მეცნიერს სურდა, რომ ქართული შრიფტი გამოეყენებინათ თუნდაც იმ მიზეზით, რომ კავკასიელ ხალხთა ბგერები ერთმანეთს ჰგავდა და უფრო ადვილად შეეძლო შესაბამის ასოს შესაბამისი ბგერის გამოხატვა, მაგრამ...  ეს „მაგრამ“  იდგა ქართველებსა და აფხაზებს შორის.

       ცხოვრებადანგრეული მურზა ახერხებს ახალი ცხოვრების დაწყებას უკრაინაში, ბიძასთან. მგზავრობის დროს მას მთელი გულით შეუყვარდება უკრაინელი ილია, რომელიც რაღაცით არმაზს აგონებს; მისადმი სიყვარულს ილიაზე გადაიტანს და, მიუხედავად სირთულეებისა, შეძლებს ყველაფრის ახლიდან დაწყებას. მას ამაში უკრაინელი ხალხი ეხმარება, ილიას ოჯახი, რომელმაც შვილივით მიიღო მურზა, ასწავლა, მოუარა, სითბო და სიყვარული მისცა, ტრადიციების ერთგული გახადა. ნატო ფირცხალავა ისეთი სიზუსტითა და სიყვარულით აღწერს უკრაინულ ტრადიციებს, ქარგვის ხელოვნებას, სიმღერებს, რომ ნაწარმოები უკრაინელის დაწერილი გეგონებათ, რომელსაც ბავშვობიდან აქვს ეს ყოველივე შეზრდილი და შესისხლხორცებული. უკრაინა მურზასთვის მეორე სამშობლო ხდება, მეუღლე კი ცხოვრების არსი, მისი ნამდვილი სიყვარული. რომანში თანმიმდევრობითაა აღწერილი მისი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდი: ქორწილი, მარიუპოლში დასახლება, პირველი ვაჟის შეძენა, მერე _ ქალიშვილის, მათი გაზრდა, საბავშვო ბაღში პედაგოგად მუშაობა, შვილების სასწავლებლად წასვლა, შემდეგ  მათი დაოჯახება, ბებიობის სიხარული, შვილიშვილები... თუმცა მის ბედნიერებას ყოველთვის ახლავს აფხაზეთის ომისგან მიღებული ტკივილის განცდა, რომელიც კიდევ უფრო უმძაფრდება თავის სოფელში _ აგუძერაში _ ჩასვლისას. ამ განცდას ორგანულად ებმის მურზას ქმრის, ილიას, შიშის განცდა, რომელიც რეალურად ცხადდება უკრაინის ოკუპაციით.

     აფხაზეთისა და უკრაინის ომი იმდენად განუყოფელ კავშირშია დანახული, რომ იქმნება შთაბეჭდილება, მეორე პირველის გაგრძელებას წარმოადგენს და ის არ დასრულდება, სანამ იმპერია იარსებებს. ქართველი ბიჭებიც იმიტომ მიდიან უკრაინის ომში, რომ, უკრაინელთა თანაგრძნობასთან ერთად აფხაზეთის დაბრუნებაზე ოცნებობენ. ნატო ხედავს ამ ომში ქართველების ღვაწლსაც, თუმცა მას მოკრძალებულად წარმოჩენს. ობიექტურობისა და სიმართლის მოყვარე ავტორს აწუხებს ისიც, რომ ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ მთელი რუსი ერი მონსტრად, ურჩხულად წარმოჩნდება მკითხველის თვალში და პერსონაჟად ერთი პატიოსანი რუსი ჯარისკაციც გამოჰყავს, რომელიც ცხოვრების მიზნად, ცოდვების გამოსყიდვის გზად უკრაინელი ბავშვის გადარჩენას დაისახავს; ბავშვზე ზრუნვით მოიპოვებს მის ნდობას, მაგრამ რუსი ჯარის სისასტიკის მნახველი, ნაადრევად გაზრდილი ბავშვის გონებაში ეჭვი მაინც არ ქრება და ეს ბუნებრივიცაა. ნაწარმოებში მოქმედების არეალი სცდება საქართველო-უკრაინა-რუსეთის საზღვრებს და ევროპაშიც გადადის. მეზობელი ევროპელები თანაგრძნობით ეკიდებიან უკრაინელთა გასაჭირს, თუმცა დახმარება, ჰუმანიტარული ტვირთისა და სამედიცინო მომსახურების გარდა, არ შეუძლიათ. სავარაუდოდ პოლონელი მედდა გვერდიდან არ შორდება გონებადაბინდულ, ფსიქიკაშერყეულ და დამუნჯებულ მურზას, რომელიც შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს, მაგრამ ამქვეყნად აღარავინ დარჩა: არც ქმარი, არც შვილები, შვილიშვილები, მოამაგე მამამთილი, მეზობლები, ახლობლები და საერთოდ _ არავინ. მისთვის სიკვდილი შვებად იქცა, ახლობლებთან დაბრუნების საშუალებად,მაგრამ უკანასკნელი აგონიის დროს გონებაზე მოსული ხვდება, რომ ომის საშინელება იმქვეყნადაც არ მოასვენებს.

    უკრაინის ომი მთელი შემზარავი სიმძაფრით იხატება ნაწარმოებში და სამი მიმართულებით წარიმართება: უპირველესია, პერსონაჟთა ტრაგიკული ამბის თხრობა და მათი განცდების გადმოშლა, მეორე მიმართულება სხვადასხვა ადამიანის დღიურების ჩანაწერებიდან ამონარიდების ჩვენებაა, მესამე კი _ ომის  ქრონიკებია, მშრალად, მაგრამ მაინც შემზარავად ამსახველი იმ ფაქტებისა და მოვლენების, რომლებიც უკრაინაში ხდებოდა და დღესაც გრძელდება. არც ერთი მიმართულება არ არის ზედმეტი, პირიქით, ისინი ერთმანეთს ავსებს  და აძლიერებს მონათხრობის ნამდვილობას, განაზოგადებს პერსონაჟთა ტრაგედიას; დღიურები გვიჩვენებს, რომ ზუსტად ისეთივე ტკივილი მიაყენა ომმა სხვა (ჩვენთვის უცნობ) უკრაინელებს, როგორიც მთავარ პერსონაჟებს. ქრონიკები უკრაინის სხვადასხვა ქალაქის დაბომბვისა და მიწასთან გასწორების ამბებს გადმოსცემს, რითაც ზრდის ტრაგედიის მასშტაბებს და ზუსტი თანმიმდევრობით აღწერს იმ დაუნდობლობას, რომელსაც რუსეთის მთავრობა იჩენს ადამიანთა მიმართ.

       და კიდევ ერთი ღირსება წიგნისა _ ტექსტს დასაწყისიდან ბოლომდე მიუყვება ცნობილ მწერალთა, კლასიკოსთა და მოაზროვნეთა გამონათქვამები. ისინი შეესაბამება პერსონაჟის ცხოვრებისა და განცდის სხვადასხვა ეტაპს, თუმცა თავისი სიბრძნით განაზოგადებს მკითხველის ფიქრებსაც. მაგალითად, როცა მურზა გარბის აფხაზეთიდან, სტივენ კინგის სიტყვებს გამოჰყოფს მთელ გვერდზე ავტორი _ „თუ გეშინია, ნუ გარბიხარ, თორემ მოგვიანებით  გაიქცევი უსასრულობამდე“; როცა მთავარი გმირი შეყვარებულია, სტენდალის ფრაზებს მოიხმობს  _ „სიყვარული მომაჯადოებელი ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვდე და მოწყვიტო იგი უფსკრულის პირას“. უკრაინის ომის ამბებს ტაციტუსის აზრით აჯამებს _ „ნებისმიერი მნიშვნელოვანი მოვლენა მუდამ ეჭვისა და ბუნდოვანების საბურველშია ხოლმე გახვეული: ვის ჭორიც სარწმუნო საბუთად უჩანს, სხვას მომხდარი ჰგონია გამონაგონი, დრო ყველაფერს თავის ფასს ადებს“  და ავტორი თავად ელის დროის შეფასებასა და საყოველთაო მხილებას; ქალებისა და ბავშვების საზარელი წამების ფონზე თითქოს შვებად ევლინება მკითხველს მერაბ მამარდაშვილი სიტყვები _ ,,გაუსაძლისის გაძლებიდან იბადება ადამიანი მეორედ და ნამდვილად“ და უტოვებს იმედს, რომ ცხოვრების გაგრძელება ღირს. როდესაც სიცოცხლე აზრს კარგავს მთავარი პერსონაჟისთვის, ავტორი მრავლისმეტყველად აჟღერებს ალბერ კამიუს აზრს  _ „ჟამი-ჟამ, სიმარტოვის გარკვეულ ზღვართან მისული, ხვდები, რომ შენ ირგვლივ ყოველივე არარად იქცევა. აღარც იმედი რჩება, აღარც უიმედობა და მთელი შენი ცხოვროება ერთ მთლიან ხატად წარმოჩნდება ხოლმე“. მიუხედავად ამ მდგომარეობისა, მკითხველს მაინც ოპტიმისტურ განწყობას უტოვებს ავტორი, ოღონდ მხოლოდ იმას, ვისაც ცხოვრებაში ნამდვილი სიყვარული გამოუცდია _ „დრო ძალიან ნელია მათთვის, ვინც ელოდება, ძალიან სწრაფია მათთვის, ვისაც ეშინია, ძალიან გრძელია მათთვის, ვინც გლოვობს, ძალიან მოკლეა მათთვის, ვინც ბედნიერეია, მაგრამ მათთვის, ვისაც უყვარს, დრო მარადიულია“ (ჰენრი ვან დიკი). ავტორი თანდათან ამზადებს მკითხველს პერსონაჟის მარადიულობაში გადასასვლელად და მას ამ ტკივილს უმსუბუქებს ერიხ მარია რემარკის ფრაზით _ „სჯობს მოკვდე, როცა სიცოცხლე გსურს, ვიდრე იცხოვრო მანამ, სანამ სიკვდილი მოგინდება“ და მურზას უკანასკნელ იმედსაც წარმოაჩენს _ იქნებ მისი შვილიშვილები, მისი ანგელოზები _ მარია და დიმა _ ცოცხლები არიან! რა თქმა უნდა, ნაწარმოებს გმირის ცხოვრების ყველა ეტაპზე თან გასდევს სიკვდილის შიშის განცდა, რომელიც ეჭვ ქვეშ აყენებს ადამიანის არსებობას, მიუხედავად მისი ცხოვრების ღირებულებისა.  ჟოზე სამარაგუს სიტყვები სწორედ ამ ეჭვის გაფანტვას უწყობს ხელს:  „ჩვენში არსებობს რაღაც სახელდაუდებელი... _ და სწორედ ეს რაღაც თავად ჩვენ ვართ“. ბოლო ეპიგრამაში ნაწარმოების დედააზრი იკითხება _„ახლა როცა ვისწავლეთ ფრენა ჰაერში, როგორც ჩიტებმა, ცურვა წყლის ქვეშ, როგორც თევზებმა, დაგვრჩა მხოლოდ ერთი რამ: ვისწავლოთ ცხოვრება დედამიწაზე, როგორც ადამიანებმა“ (ბერნარდ შოუ).

ნატო ფირცხალავამ გვაცხოვრა ერთი ადამიანის, აფხაზი ქალის (რომლის მეორე სამშობლო უკრაინა გახდა) ცხოვრებითა და ტკივილით, ეს ტკივილი ჩვენად აქცია, განგვაცდევინა პერსონაჟის ფსიქიკის თითოეული მიმოხრა, სიღრმე, სიმძიმე და სილაღე, გვაჩვენა და გადაგვატანინა სიკვდილი და გადაგვიყვანა უსასრულობაში ისე, რომ ჩვენგან დარჩა ის, რაც ჩვენა ვართ. მე არ შევაფასებ, თქვენ განსაჯეთ როგორც მწერლის, ასევე რომანის ღირებულება!

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ნატო ფირცხალავა, „შუშის ანგელოზები“, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი 2023

Monday, August 9, 2021

ზღვის ფუნქციონალური სემანტიკა მე-19 საუკუნის ქართულ მწერლობაში

 


                                                                                ქრისტინა იაკობაძე


 

      მეცხრამეტე საუკუნის ქართველი კლასიკოსები ძირითადად საქართველოს აღმოსავლეთიდან არიან, ამიტომ მათთვის უცხოა ზღვის ფენომენის აღქმა, ზღვასთან ურთიერთობა, მისით გამოწვეული ესთეტიკური ტკბობა, მაგრამ ზღვა გარკვეული ფუნქციონალური დატვირთვით მაინც ჩნდება მათ შემოქმედებაში. რომანტიკოსებიდან ზღვის კონცეპტი ყველაზე მეტად ვახტანგ ორბელიანის შემოქმედებაშია გამოკვეთილი, ხოლო რეალისტებიდან, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა მწერლები არ იყენებენ სიტყვა „ზღვას“, ან ტროპული მეტყველების ნიმუშებში არ შეაქვთ, არ ადარებენ მას არაფერს, ან მეტაფორულად არ იყენებენ.

        გვახსენდება ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი „გოგჩა“:

   „გოგჩა, ტბა ვრცელი, ხმოვანებით ზღვისა მბაძავი,

     ოდესმე ზვირთთა აღქაფებით ჰღელავს მრისხანეთ;

     ზოგჯერ, ვით ბროლი გულ-უბრყვილო წმინდა, უძრავი,

     თვის შორის ჰხატავს ცისა ლაჟვარდს და მთათა მწვანეთ“

                                                                                     (ალ. ჭავჭავაძე, 1979 : 17).

     როგორც ვხედავთ, კახელმა ალექსანდრე ჭავჭავაძემაც მშვენივრად იცის ზღვის ბუნება, მისი ცვალებადი ხასიათი და სწორედ მას იყენებს შედარების მიზნით, როდესაც გოგჩის ტბის განსაკუთრებულ ხასიათს ზღვისას უსადაგებს. შესაძლებელია ამ სტროფების ქვეტექსტი იმაშიც დავინახოთ, რომ თავად ცხოვრება ჰგავს ზღვას, ხან მრისხანე და ბობოქარია, ხან კი მშვიდი, უძრავი და „გულუბრყვილოც“ კი.

   ალექსანდრე ჭავჭავაძე ზღვის კონცეპტს მაშინაც მოიხმობს და, ბუნებრივია, როდესაც კავკასიის საკვირველ ბუნებას აღწერს, რომელსაც ორი ზღვა და გოლიათი მთები ქმნის:

          „თხემის შეუპოვარის პონტპის ზვირთთ მიმყრდნობი

           და ტერფითა სალითა კასპიისა განმპობი,

            კავკასი გოლიათი წევს შორის ორთა ზღვათა,

            შემოკრებით  შემცველი დიდ საკვირველებათა.

            მას შინა ჰსჩანს ბუნება საშინელად და მშვენად...“

                                                                                   (ალ. ჭავჭავაძე, 1979 : 16).

    აქ მთავარი კავკასიონის კონცეპტია, რომელსაც განსაზღვრავს, ფუნქციონალურ დატვირთვას ანიჭებს ზღვა და მთა. მიუხედავად მეორეხარისხოვნებისა, ლექსში მაინც წარმოჩნდება ზღვის ხასიათი, განმსაზღვრელი კავკასიონის ბუნებისა.

    ნიკოლოზ ბარათაშვილიც იყენებს ზღვის კონცეპტს საქართველოს ისტორიულ წარსულთან მიმართებაში ლექსში „საფლავი მეფისა ირაკლისა“, თუმცა მას დიდი ფუნქციონალური დატვირთვა არ აქვს და მეტაფორულად ქვეყნის დამშვიდებაზე მიგვითითებს:

                „შავი ზღვის ზვირთნი, ნაცვლად ჩვენთა მოსისხლე მტერთა,

                 აწ მოგვიგვრიან მრავალის მხრით ჩვენთა მოძმეთა“

                                                                                            (ნ. ბარათაშვილი 1968 :  34).

        ბარათაშვილი პატივს სცემს ერეკლე მეფის გადაწყვეტილებას, რუსეთისაკენ პოლიტიკური ორიენტაციის აღებას, რადგან თვლის, რომ სწორედ ამ ნაბიჯმა მოუტანა ქვეყანას სიმშვიდე. მოსისხლე მტრებში სპარსეთი და თურქეთი იგულისხმება, რომლებიც რუსეთის შიშის გამო აღარ აწუხებენ საქართველოს.

      ვფიქრობთ, ზღვის კონცეპტი ბევრად მეტ ფუნქციონალურ დატვირთვას, როგორც რელიგიურს,  ასევე ღია კონტაქტოსფეროსა და ესთეტიკურს, იღებს ვახტანგ ორბელიანის შემოქმედებაში.

    ლექსში „ჯვარი ვაზისა“ აღწერილია წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლა ზღვით და ქრისტიანობის გავრცელება. წმინდა ნინოს შემოსვლის ხუთი რედაქციიდან არც ერთში არ არის გადმოცემული მისი ზღვით შემოსვლა. ის ფარავნის ტბის გავლით შემოდის სომხეთიდან საქართველოში, ფარავნიდან კი მიემგზავრება მცხეთაში. მკვლევარი თამარ შარაბიძე ფიქრობს, რომ ზღვის ღელვა და მისი დაწყნარება ნინოს მიერ ალუზიაა ნავში მჯდომი ქრისტეს მიერ აბობოქრებული ზღვის დამშვიდებისა. ლექსში აღწერილია, როგორ ებრძვიან ზვირთები ხომალდს, რომელსაც იცავს „ზეცით ცის თვალი“. სწორედ ამიტომაც ვერაფერს აკლებენ. წმინდა ასულის წინაშე უძლურია ბუნების სტიქია, რადგან ნინო აღვსილია რწმენით:

      „არ ეშინია სიმშილისა, არც უგზო გზისა;

       ვერ აბრკოლებენ მას ჭაობნი, ვერცა მდინარნი,

       ვერც ფრიალონი, უფსკულნი და მთანი მყინვარნი;

       არ ეშინია წამებისა, არცა სიკვდილის:

       დედამიწისა წილხდომილსა ქვეყანას მიდის“

                                               (ვახტანგ ორბელიანი 1992 : 490).

    ლექსში „ობოლი“ პოეტი აღწერს შოთა რუსთაველის გამგზავრებას ზღვით საბერძნეთში და განათლებული კაცის უკან დაბრუნებას, რათა ემსახუროს სამშობლოს, დიდ თამარს. ზღვის ღელვას ამ ლექსშიც დაბრკოლებების გადალახვის ფუნქცია აქვს. ამჯერად ეს ღელვა ვერ აშინებს კოლხიდას, რომელიც უშიშრად დგას, რადგან ის ქვეყანაა ცდნისა და რწმენის _ ოქროს კრავისა და ბიბლიის:

             „მაგრამ უშიშრად უდგას ზღვასა კოლხიდა ძველი,

              მშვენიერთ ასულთ, ძველად განთქმულთ, მიწა მშობელი,

              მტკიცე კვარცხლბეკი, საფუძველი იალბუზისა,

              ძველი ქვეყანა ოქროს კრავის და ბიბლიისა...“

                                                        (ვახტანგ ორბელიანი 1992 : 497).

   ელინთა ქვეყანაში განათლებამიღებული რუსთაველი კვლავ თავის ქვეყანას უბრუნდება. კვლავ ზღვით არის აღწერილი მისი დაბრუნება. ზღვა ამ შემთხვევაში, როგორც კონტაქტოსფერო, საგზაო ცენტრი, ქვეყანაში განათლების შემოსვლის საფუძველი ხდება. გარდა ესთეტიკური, სიმბოლური ფუნქციისა, იკვეთება მისი უტილიტარული დანიშნულებაც.

      ლექსში „მთის ქალი და მოგზაური“ კიდევ უფრო კარგად ჩანს, რომ ზღვით ქვეყანაში სწავლა და განათლება შემოდის, მაგრამ მის მისაღებად საკუთარი ქვეყნის სამუდამო დატოვება პოეტისათის მიუღებელია:

     „შორს უცხო ქვეყნად გადარგული მთების მცენარი

       ვიქნები მე იქ საბრალოსი მწირი სტუმარი“  (ვახტანგ ორბელიანი 1992 : 454),

_ ამ სიტყვებით მიმართავს მთის ქალი მასზედ გამიჯნურებულ ბერძენ მოგზაურს. უკანასკნელი ორი ლექსის თემატიკა თითქმის ერთია. ბოლო ლექსში აქცენტი თავისი ქვეყნის მიტოვებაზეა, რომელსაც პატრიოტი ადამიანი ვერ გადაიტანს. ნაწარმოები გარკვეულად უპირისპირდება მედეას მითს, ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს სიყვარულთან. მითში მედეა პიროვნულ გრძნობებს სამშობლოს სიყვარულზე მაღლა აყენებს, რასაც ქვეყნის ტრაგედია და ძმის დაღუპვა მოსდევს. აქედან გამომდინარე, ზღვა გარკვეული საფრთხის სიმბოლოდაც შეიძლება აღიქმებოდეს; ვახტანგ ორბელიანის ლექსში პატრიოტული გრძნობა დომინირებს, თუმცა აქაც იკვეთება საფრთხის პერსპექტივა, რომელსაც მთის ქალის პიროვნული პოზიცია და მსოფლაღქმა ეწინააღმდეგება. როგორც ვხედავთ, ვახტანგ ორბელიანთან მრავალფეროვანი ხდება ზღვის კონცეპტი და სხვადასხვა ტიპის ფუნქციონალური დატვირთვა ენჭება.

       როგორც უკვე ვთქით, ზღვის კონცეპტი ჩნდება ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაშიც. ეს ფაქტი გასაკვირიც კი უნდა  იყოს მკითხველისთვის, რადგან ვაჟა  აღმოსავლეთის და თანაც მთის მგოსნებს მიეკუთვნება. ყველასათვის ცნობილია ვაჟას სატრფიალო ლექსი „ნეტავი გამაგებინა“. პოეტი მიმართავს სატრფოს, ადარებს მას პეპელას, უმღერის მის შავ თვალებს, გამოხატავს თავის მტანჯველ გრძნობებს. ყოველივე ამის შემდგომ მოულოდნელად ლექსში ჩნდება სტროფი:

                „ზღვა ბობოქარობს, ზღვა ღელავს,

                 მენავეები ტირიან;

                 ტალღებს ტირილი არ ესმის,

                 შეუჩერებლად ყვირიან“

                                                             (ვაჟა-ფშაველა 1964, ტ. I : 15).

  ეს, ერთი შეხედვით არათემატური ბმა შეიძლება ხალხურ პოეზიაში ხშირად გამოყენებული ხერხი  _ „შემთხვევითი“ ანუ ნებისმიერი დაკავშირებანი _ გვეგონოს.  ვაჟა ხშირად მიმართავდა  და იყენებდა ფოლკლორულ ხერხებს თავის პოეზიაში; თუმცა ეს ხერხი ხალხურ პოეზიაში სატირისა და იუმორის მიზნით გვხდება, ვაჟასთან კი მას დაცინვის მნიშვნელობა ნამდვილად არა აქვს. ზღვის ბობოქრობა ამ შემთხვევაში ცხოვრების შეუბრალებლობის ფუნქციას იღებს, სხვისი ჭირის ვერდანახვის _ „ტალღებს ტირილი არ ესმით“ _ ვერგაგების. მწერალს იმის თქმა სურს, რომ ასე ხდება სიყვარულშიც. იმ გრძნობას, მუხლები რომ გეკვეთება და გული გიდნება, სხვა ვერ გაიგებს (აღარ არის დაკონკრეტებული, მასში (სხვაში) სატრფოც იგულისხმება თუ არა, სავარაუდოდ იგულისხმება, თუკი ის არ თანაუგრძნობს პოეტის გრძნობებს).

        სხვა შემთხვევებში ზღვის ბობოქრობა ვაჟასთან აღშფოთების განცდას გამოხატავს. ლექსში „დევების ქორწილი“ ბუნება აღშფოთებულია იმით, რაც კაცთა საზოგადოებაში ხდება, ადამიანის ცდუნებით, მის მიერ საკუთარი ძმისადმი შეუბრალებლობით, მისი „ხორცის ჭამით“  („ძმის ხორცი როგორა ვსჭამო?“). ბუნების რეაქცია ლექსში შემდეგნაირადაა გამოთქმული:

           „ღამით ცა ჰქუხდა, გრგვინავდა,

            მთებს მოედრიკათ თავიო.

            ტყეს გასდიოდა ფოთოლი,

             ზღვა ბობოქარობს შავიო“

                                                          (ვაჟა-ფშაველა 1964, ტ. I : 16).

        ვაჟას საყოველთაოდ ცნობილი ლექსია „ქეიფი“ („დამისხი, დამალევინე“). ლექსის მიხედვით,  ღვინით მიღებული სიამოვნება დავიწყებაა ცხოვრებისეული პრობლემების („ეგება გულის ვარამი / ჩავკლა მა ჯიხვის რქაშია“), ოცნებაში გადასვლაა („თვალთ-წინ დამიდგეს ლამაზი, / ჟრჟოლა მამიდოს ტანშია“), და, რაც მთავარია,  თავისუფლების მომნიჭებელი თავდავიწყებაა. სწორედ ამაზე მიგვანიშნებს სიტყვები:

          „დეზი ვკრა ჩემსა ლურჯასა,

           გადავერიო ზღვაშია“

                                         (ვაჟა-ფშაველა 1964, ტ. I : 33).

ჩვენ აზრს განამტკიცებს ლექსის გაგრძელებაც:

             „თქვენთან ძაღლურად სიცოცხლეს

              სიკვდილი მიჯობს ცდაშია“ (იქვე).

       ტანჯვა-წამებაში, „სოფლის უკუღმა ტრიალში“, ე.ი. უსამართლობაში ცხოვრებას ლირიკულ გმირს ურჩევნია ცდა, ბრძოლა, არსებულის შესაცვლელად. ზღვის კონცეპტი ლექსში თავისუფლების, შეუძღუდველობისა და ბრძოლის დატვირთვას იძენს.

       აზრობრივად „ქეიფის“ გაგრძელებაა ვაჟას ერთი პატარა ლექსი „ზღვამც ააღელვა მძინარე“. მასში ძალიან მკაფიოდ იკვეთება აზრი, თუ რატომ ღელდება ზღვა, რომ ადამიანის გულში ჩადგეს ნათელი, ანუ ბუნება იბრძვის იმისათვის, რომ ქვეყანაზე სიბნელე სინათლით შეიცვალოს, მაგრამ ეს პროცესი უპირველესად ადამიანის გულში უნდა მოხდეს:

              „ზღვამც ააღელვა მძინარე,

               ტალღნი ეგორა მთებურა,

               რომ გულს მფენიყო ნათელი,

               რა მისი ჩქეფა მეყურა“

                                                (ვაჟა-ფშაველა 1964, ტ. I : 88).

        ზღვა ხშირად სტიქიასთან არის დაკავშირებული, ანუ მისი მოქმედება შეიძლება არც იყოს მიზანმიმართული, როგორც განხილულ ლექსებში წარმოჩნდა. ზღვა, როგორც ბუნების ნაწილი, რომელიც სტიქიურად მოქმედებს, წარმონდება ვაჟას ცნობილ ლექსში „ღამე მთაში“:

        „ეხლა ცა წყნარობს... სოფელსაც

          გულწყნარად დაეძინება.

          უეცრად შუაღამისას

           ცას ჯანღი დაეფინება,

           შავი ზღვის შავი ვეშაპი

            პირღია დაგვეღირება,

            ჩვენ, მოსვენებით მძინარეთ,

            საჭმელად დაგვეპირება“

                                                                (ვაჟა-ფშაველა 1964, ტ. I : 93).

    მიუხედავად ბუნების სტიქიური მოქმედებისა, თეთრი და შავი საქმის ერთნაირად ჩადენისა, „მტვირთველობისა“, ვაჟას ბუნება მაინც „ელამაზება“, რადგან მის დანიშნულებას ბუნების მიერ მონიჭებულ ესთეტიკურ განცდაში ხედავს და თანაც აღნიშნავს, რომ ბუნება „თავისი თავის მონაა“, ე.ი. მას არა აქვს საკუთარი ნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას ღვთის ნება განაგებს.

      ზღვის კონცეპტი ვაჟასთან ფილოსოფიურ დატვირთვასაც იძენს, რომელშიც მწერლის მსოფლხედვა აისახება. ამ მხრივ საინტერესო ლექსია „ზღვაში შევცურდი“ (სიმღერა). ზღვაში შეცურება ისევე, როგორც მთის გადალახვა, ლექსში გაიაზრება, როგორც სიძნელეებთან ბრძოლა, რომლის დაძლევა ადვილი არ არის და შესაძლოა, ადამიანმა ეს ვერ მოახერხოს. მაშინ ის ემსგავსება ზღვის შუა დარჩენილს, რომელსაც დაკეტილი აქვს „ორივე სიკვდილ-სიცოცხლის კარები“. ეს იმას ნიშნავს, რომ, თუ ადამიანი ვერ ახერხებს ზღვის დაძლევას, დაწყებული ბრძოლის ბოლომდე მიყვანას, ის არც ცოცხლებში ითვლება და არც მკვდრებში, ორივე კარი დაკეტილი აქვს. არ დაგვავიწყდეს, რომ მკვდარი ვაჟასთვის „უგრძნობი კაცია“, რომელსაც არ აღელვებს მოყვასის უბედურება (იხ. ვაჟას ლექსი „მკვდარია უგრძნობი კაცი“). ე.ი. მოცემულ ლექსშიც საუბარია სულიერ ბრძოლაზე, სულიერი სიმაღლის მოპოვებაზე,  რომლის საშუალებითაც ადამიანს ეძლევა უნარი ზღვის გადალახვისა და ეხსნება სიცოცხლის კარები.

        ზღვა ამქვეყნიურობიდან გაქცევისა და სიმართლის თავშესაფრის ფუნქციას ასრულებს ვაჟას ერთ-ერთ საუკეთესო მოთხრობაში „ირემი“ (იხ. ვაჟა-ფშაველას მოთხრობა „ირემი“, ვაჟა-ფშაველა 1964, ტ. VI : 123). ირემი სიმართლის სიმბოლოა, რომელმაც დედამიწაზე ვერ ნახა ბინა, ყველა_ დიდი და პატარა, ქალი, კაცი, ბავშვი, სულიერების მსახური _ბერიც კი _ მას ემტერებოდა. ამიტომაც ირემმა ზღვას შეაფარა თავი, სადაც ადამიანი არ ეგულებოდა; ქვეყანაზე კი უსამართლობამ დაისადგურა, რამაც ყველა შეაწუხა და სიმართლის მოყვარულებად წარმოაჩინა ისინიც კი, ვინც ყველაზე მეტად ებრძოდა ირემს. ყველა თანახმა იყო სიმართლის აღდგენისა, თუმცა სიმართლე სხვადასხვანაირად ესმოდათ: ღარიბს და მშიერს იმისთვის სურდა, რომ გამძღარიყო, გამთბარიყო, ხოლო მდიდარს _ იმისთვის, რომ უფრო მეტი ჰქონოდა და არაფერი დაკლებოდა; სიმართლე კი ზღვაში იმალებოდა და ღმერთს შესთხოვდა, რომ აღარ ყოფილიყო დევნილი. ამისთვის კი საჭირო იყო ადამიანს მოენანიებინა თავისი დანაშაული, აღარ გადამტერებოდა სიმართლეს... როგორც ვხედავთ, მოთხრობაში ზღვა სიმართლის თავშესაფრის სიმბოლოდ გვევლინება და მისი კონცეპტი კიდევ ერთი განსხვავებული  მიმართულებით იტვირთება.

       ზღვის კონცეპტის კვლევა  ქართულ მწერლობაში მეტად საინტერესო თემაა, რადგან თითოეული მწერალი სხვადასხვგვარად წარმოაჩენს მის მხატვრულ სახეს, სხვადასხვა ფუნქციონალურ დატვირთვას ანიჭებს, რაც განპირობებულია ეპოქით, მწერლის ლიტერატურული მიმართულებით და მისი სტილური თავისებურებით.

      

                                                      გამოყენებული ლიტერატურა:

1.      ნიკოლოზ ბარათაშვილი, თხზულებანი, პ. ინგოროყვას რედაქციით,  თბილისი,  „საბჭოთა საქართველო“,  1968.

2.      ვაჟა-ფშაველა, თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, ტ. 1, ლექსები, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“,  თბ., 1964.

3.      ვაჟა-ფშაველა, თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, ტ. 5, მოთხრობები, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“,  თბ., 1964.

4.      ვახტანგ ორბელიანი,  ქართული მწერლობა, ტ. 9, გამომცემლობა „ნაკადული, თბილისი, 1992.

5.      ალექსანდრე ჭავჭავაძე, ახალი ქართული ლიტერატურა (XIX ს.), ქრესტომათია I, თსუ გამომცემლობა , თბილისი, 1979.

 

Monday, October 2, 2017

ეკონომიკა და რომანი

სოლომონ ტაბუცაძე, შოთა რუსთაველი ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო 
უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი

   


“ეკონომიკის” ცნება, ისე როგორც ბევრი თეორიული კონცეპტი,  არისტოტელეს შემოტანილია. ძველ ბერძნთა ნაშრომებში მკვლევარნი საქონლის, სარგებლის, ღირებულებისა და ფულის ცნებებსაც აქცევენ ყურადღებას.
ეკონომიკური თეორიის მეორე ეტაპი მე-16 _ 17 საუკუნეებს მოიცავს და ეს ეტაპი ერთგვარად თავს უყრის გარდასულ დროთა დაგროვილ ცოდნას. აქვეა აღსანიშნავი, რომ თვით ტერმინი “პოლიტიკური ეკონომია” ამ ეტაპზე წარმოიშვის და იგი 1615 წელს შემოაქვს მერკანტილიზმის ერთ-ერთ წარმომადგენელს, მონკრეტიენ დე ვოტევილს, რომელსაც ეკუთვნის ნაშრომი  “პოლიტიკური ეკონომიის ტრაქტატი”. ეს არის სრულიად პრაქტიკული, ამ ეკონომიკური სკოლისათვის დამახასითებელი პათოსით გაჯერებული სარეკომენდაციო ტექსტი. მერკანტილიზმის ეპოქაში წარმოების ორგანიზაციის ძირითად ფორმად სასაქონლო მეურნეობა ითვლება და მიიჩნევა, რომ საზოგადოების უმთავრესი სიმდიდრე ფულია, რომლის წყაროსაც საგარეო ვაჭრობა ანუ მიმოქცევის სფერო წარმოადგენდა და მიაჩნდათ, რომ, რაც მეტი ფული აქვს კაცს, მით უფრო მდიდარია.
პოლიტეკონომიის მესამე ეტაპზე იბადება კლასიკური ეკონომიკური მეცნიერება, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს შრომითი ღირებულების თეორია და რომელიც საზოგადოების სიმდიდრის ძირითად ფორმად მწარმოებლური შრომის პროდუქტი ესახება.
პოლიტეკონომიის მეცნიერულ დარგად გამოცხადება ამ ეტაპზეც გაჭირდებოდა, რადგან მეცნიერება იწყება იქ, სადაც თავს იჩენს სიღრმისეული, გამეორებადი მიზეზ-შედეგობრივი კავშირები და დამოკიდებულებანი, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ, რადგან დარგის “გამეცნიერება” უკავშირდება ისეთ სახელს, როგორიცაა ადამ სმიტი, ამიტომ, და ტრადიციაც ასეთია, ეკონომიკის ეს თეორია ამიერიდან “მეცნიერულად” უნდა მოვიხსენიოთ. სწორედ ადამ სმიტი იყო  ის სწავლული, რომელმაც, როგორც წერენ,  პოლიტიკური ეკონომია გამოსტაცა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ალყას, რომელსაც გენიალური თვითნასწავლი ადამიანები აკონტროლებდენ, და აქცია იგი აკადემიურ დისციპლინად.
ეროვნებით შოტლანდიელი, 1723 წელს მოხელის ოჯახში დაბადებული სმიტი თოთხმეტი წლისა გლაზგოს უნივერსიტეტში ზნეობის ფილოსოფიის  განხრით სწავლობს და ოცდასამი წლის ასაკში კითხულობს ბუნებითი სამართლის ლექციებს, რომელიც მე-18 საუკუნეში მოცავდა იურისპრუდენციას, პოლიტიკურ მეცნიერებებს, სოციოლოგიასა და ეკონომიკას.
ადამ სმიტის ეპოქაში უკვე ყალიბდება ეკონომიკური ლიბერალიზმის იდეები და მე-18 საუკუნის ბოლოსათვის, ბურჟუაზიული ეთიკის  ჩამოყალიბების ხანაში, დიდი ყურდღება ეთმობა პიროვნების ბუნებრივ, გაუუცხოებელი უფლებებისა და თავისუფლებების კონცეფციის დაფუძნებას. ეს, ცხადია, გულისხმობდა ადამიანის ეკონომიკურ სფეროში თავისუფლებასაც.
აღიარებული შეხედულებით, თავისუფლებას ადამიანი მუდამ საკუთარი ანგარებითი მიზნებისათვის იყენებდა, თუმცა ამ დებულებიდან სხვადასხვა მკვლევართ ურთიერთსაპირისპირო დასკვნები გამოჰქონდათ. მე-17 საუკუნის ინგლისელ ფილოსოფოსთ, კერძოდ, თომას ჰობსს ეგოისტური ინტერესი ყველაზე მძლავრ, ყველაზე დამანგრეველ ადამიანურ ვნებად მიაჩნდა და დაასკვნიდა, რომ ამ ვნების ასალაგმად ავტორიტარული სახელმწიფოა საჭირო. ფრანგი ფილოსოფოსი-რაციონალისტი კლოდ ადრიან ჰელვეციუსის აზრით ეგოიზმი ადამიანის ბუნებრივი თვისება იყო და ამდენად საზოგადოებრივი პროგრესის ფაქტორიც.
ადამ სმიტმა მიიღო და აღიარა ადამიანისადმი მიდგომის ხსენებული პათოსი და იგი ეკონომიკური მოღვაწეობის სფეროს დაუკავშირა. რასაკვირველია, ადამიანის ქმედების მთავარი მოტივი ანგარებითი ინტერესია, მაგრამ ამ ინტერესის განსახორციელებლად მას ესაჭიროება საკუთარი საქონლისა და მომსახურების გაცვლა სხვა ადამიანებთან. სმიტის აზრით, მეხორცის, მელუდისა თუ მეფუნთუშის კეთილმოსურნეობის იმედად კი არ უნდა ვიყოთ, არამედ თითოეული მათგანის საკუთარი ინტერესების დაცვისა. მათ ჰუმანიზმს ნუ კი შევაჩედებით, არამედ სწორედ მათ ეგოიზმს მივაქციოთ ყურადღება და ჩვენს საჭიროებებსა თუ სარგებელზე მათთან სიტყვასაც ნუ წავიცდენთ. ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მათეული, ბუნებრივი მისწრაფება იმდენად მძლავრი სტიმულია, რომ საზოგადოების კეთილდღება სწორეს მას ეფუძნება. ადამიანის ანგარებითი ინტერსის კონცეფციიდან ამოიზარდა ჩაურევლობისა თუ “ბუნებრივი თავისუფლების” პოლიტიკა და თუ ადამიანის ეკონომიკური საქმიანობა საზოგადო კეთდღეობას ამყარებს, მისი შევიწროება და შეზღუდვა სრულიად დაუშვებელია.
1759 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში (“ზნეობრივ გრძნობათა თეორია”) სმიტს, “ბუნებითი კანონების” არსებობის თეზისიდან გამომდინარე, ადამიანის ბუნებრივი მახასიათებლების სახით შემოაქვს “სიმპათიის გრძნობა” და “შინაგანი დამკვირვებლის” ანუ სინდისის ცნება. სიმპათიის საფუძველია სხვის როლში საკუთარი თავის წარმოდგენისა და სხვისეულ გრძნობათა საკუთრად განცდის ადამიანური უნარი. ბუნებითი კანონების არსებობის თვალსაწიერიდან სმიტი ამტკიცებს, რომ სამართლიანია ის, რაც ბუნებრივია, ხოლო ბუნებრივი საკუთარი კეთილდღეობისაკენ ადამიანის სწრაფვაა სხვათა კეთილდღეობის პირობებში;  ხოლო ეგოიზმისა და სიმპათიის თანაყოფის შესაძლებლობა საბოლოო ჯამში ბუნებისა და ღმრთის მიერაა კოდირებული ადამიანში და ეს ყველაფერი სინდისთანაა წილდებული.
საგულისხმოა, რომ “უხილავი ხელის” ანუ ობიექტური ეკონომიკური კანონების მოქმედების შეგეგად მიღებული ადამიანთა ინტესების ჰარმონიის თეზისი, სმიტის დასკვნა კი არ არის, არამედ ღმრთის რწმენაზე დამყარებული,  ამოსავალი მსოფლმხედველობრივი გზავნილია. ამიტომ ეკონომიკური კანონების სმიტისეული ძიება დასაბამიერ, ბუნებრივ ჰარმონიას ეყრდნობა. ცხადია, არ არის შემთხვევითი, რომ “უხილავი ხელის” ქმედება მოიცავს არა ოდენ ეკონომიკურ ასპექტს, რომელიც კეთილისმყოფელის გამიზნულ ქმედებას, საზოგადოებისათვის გაღებულ სიქველეს გულისხმობს, არამედ მსოფლმხედველობრივსაც _ განგებისეული სიბრძნის რწმენას, ადამიანური გონის შეზღუდულობის აღიარებას. აღნიშნულ თხზულებაში სმიტი აღწერს სიტუაციას, როდესაც “განგების ხელით” მართული უგრძნობელი, ბუდაყი და ძუნწი მდიდარი მესაკუთრე მისდაუნებურად დგება საზოგადოების სამსახურში, რადგან საკუთარ ქონებაზე ზრუნვისას იგი ასაქმებს და, შესაბამისად, საზრდოსაც აძლევს უქონელთ. აქო, ბრძანებს სმიტი, საგულისხმო ის არის, რომ ამ ეშმაკის თანამეცხედრემ (ეს ჩვენი ინტეპრეტაციაა ს.ტ.) საკუთარი საჭიროებისთვის  განა რამდენი უნდა მოიხმაროს თავისი ქონებიდანო, ყოველ შემთხვევაში, რომელიმე უქონელზე მეტს ვერ იზამსო. ჰო, და თუ ეს ასეა, გამოდის, რომ ჩვენ მხოლოდ გვეჩვენება, რომ განგებამ მქონებელს ყველაფერი მიანიჭა, სხვანი კი უბოძვარად დააგდო და დაქირავებულ მუშებად აქცია. მოჩვენებითი ქონებრივი უთანასწორობა, ჩაძიებითი განხილვისას, სწორედაც რომ თანასწორობაა და თანაც იმგვარი პროპორციით, დედამიწა რომ თანაბრად გადაგვენაწილებინა ყოველ ადამიანზე. სმიტის ამ ნააზრევში მისი მრწამსი გამსჭვივის, რომლის მიხედვითაც ყველაფერი ღმრთის შექმნილია და საზოგადოებაზეც ისა ზრუნავს. ამდენად, უსამართლობა მოჩვენებითია და მსწრაფლ განქარდების თუ ღმრთის იდუმალ ჩანაფიქრს ჩავწვდებით.
ღმერთმა ადამიანს მიანიჭა სამათლიანობის, თავისუფლებისა და მორალური ვალდებლებების თანდაყოლილი გრძნობა და ეს ყველაფერი იმასაც ნიშნავს, რომ ადამ სმიტი გამსჭვალულია ადამიანისადმი ნდობის იდეით, რომელსაც მჭიდროდ უკავშირდება ადამიანის თავისუფლების უფლება _ მათ შორის ეკონომიკურ სფეროშიც.
სიტყვა გაგვიგრძელდა, მაგრამ უნდა ვახსენოთ ავტორის უკვდავმყოფი ნაშრომი “გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ”, რომელმაც ახალი ცოდნა შექმნა ეკონომიკის სფეროში. სმიტი აქ იკვლევს ერის სიმდიდრის ზრდის მიზეზებს, შრომის როლს ამ პროცესში, მისი ნაყოფიერების ზრდის ფაქტორებს, კაპიტალის ბუნებას, თანდათანობითი დაგროვების ხერხებს და სხვა.
ნაშრომში სმიტი უპირისპირდება საკუთარი ეპოქის გაბატონებულ ყოფით მოვლენებს _ მერკანტილიზმის სისტემასა და ყვალგასულ ფეოდალურ წარმოებით ურთიერთობებს. ვაჭრობის განვითარებამ სრულიად შეცვალა ევროპული  წესრიგი: წარსულს ჩაბარდა ადამიანთა უფლებრივი განსხვავებულობის საყრდენი _ ფეოდალური ყოფა, ხოლო ახალი კანონმდებლობები აღარა ქმნიდა სოციალურ ტიხრებს და ამით ხელს უწყობდა სამოქალაქო სამრთლიანობის დამკვიდრებას. ამან განაპირობა კაპიტალიზმის განვითარება. ქალაქური ცხოვრებამ, სასაქონლო  მიმოქცევამ ქალაქსა და სოფელს შორის, შექმნა ეკონომიკური პროგრესის საფუძველი. თუ მემამულური ყოფა ეკონომიკურ სტაგნაციასა და სოციალურ- პოლიტიკურ ჩაგვრას გულისხმობდა, ვაჭრობამ და მრეწველობამ სრულიად შეცვალა საზოგადოებრივი პროფილი. სმიტი სწორედ ამ უკანასკნელთ განიხილავს საზოგადოებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური წინსვლის გარანტად.
მოკლედ რომ ვთქვათ, სმიტის ნაშრომის დედააზრი ის არის, რომ თუ ეკონომიკურ სისტემას სრული თავისუფლება ექნება, იგი თვითრეგულირებადი ხდება და ადამ სმიტისეული “უხილავი ხელიც” სწორედ ამას ეწოდება.
ადამ სმიტის წვლილი პოლიტიკური ეკონომიკის ჩამოყალიბებაში სადღეისოდ კი ისტორიული ღირებულების მქონეა, მაგრამ XVIII საუკუნის ეკონომიკური აზრის ეს დიდი მონაპოვარი ესაძირკვლა თითქმის ყველა ახალი ეკონომიკური თეორიის ევოლუციასა და მისი საფუძველმდები პრინციპები დღესაც რეფლექსიის საგანია. რაციონალიზმი და ზნეობა სმიტის მოძღვრებაში ხელიხელჩაკიდებული მოემართებიან და, ვფიქრობ, რომ მათი ჰარმონიზებისა და სახვალიო ცხოვრებაში მათი გათვალისწინება ფრიად მნიშვნელოვანია _ მით უმეტეს ცხოვრების იმგვარი გამოცდილების მქონე ერში, როგორიც ჩვენა ვართ. 
პოლიტიკური ეკონომიკის მეცნიერულ სტატუსის დამკვიდრებისთან დაკავშირების გვერდს ვერ ავუვლით დავით რიკარდოს სახელსაც, რადგან პოლიტკონომიამ სწორედ მის ნაშრომებში შეიძინა საზოგადოების ეკონომიკურ ბაზისზე მოძღვრების მეცნიერული, სისტემური ნიშნები.
ამით გასრულდა კლასიკური ბურჟუაზიული პოლიტიკური ეკონომიის ხანა, რომელსაც შემდგომში დაეყრდნო ეკონომიკის მარქსისტული თეორია. ჩვენი წარსულითაც შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიან სააზროვნო დისკურსად და იდეოლოგიად სწორედ მარქსიზმი იქცა. გერმანელმა ეკონომისტმა და სოციალურმა ფილოსოფოსმა, კარლ მარქსმა, შექმნა თეორია, რომელიც აღწერს კაპიტალისტურ სისტემის ფუნქციონირებისა და განვითარების კანონებს. მიშელ ფუკომ მას “მეგადისკურსი” უწოდა, ხოლო ჟილ დელიოზის აზრით, გასული საუკუნის კულტურა მნიშვნელოვანწილად მარქსისა და ფროიდის ნააზრევზე დგას.
საგულისხმო ფაქტად გვეჩვენება, რომ დღეს ბევრმა თეორეტიკოსმა იქცია პირი მარქსის იდებისაკენ და ეს ეხება არა მხოლოდ ნასაბჭოვარ სივრცეს, არამედ დასავლელ მოაზროვნეებსაც. ასე რომ, მის მიერ დალანდული “აჩრდილი კომინიზმისა” სამუდამოდ რომ გამქრალი გვეგონა, კვლავ ფრთებს იხოშავს და, ვინ იცის, ასაფრენადაც ემზადება.
მარქსმა 1848 წელს ფრიდრიხ ენგელსთან ერთად დაიწერა 23 გვერდიანი დოკუმენტი “კომუნისტთა მანიფესტი” (რუსეთში მას პირვანდელი სახელდებით _ “კომუნისტური პარტიის მანიფესტი” _ მოიხსენიებდნენ. 1872 წლიდან ანუ პირველი ინტერნაციონალის შემდეგ დასავლეთში იგი “კომუნისტთა მანიფესტად” მოიხსენიება).
პარიზის საერთაშორისო ფილოსოფიური კოლეჯის პროფესორი ნეგრი ტონი წერს თუ რატომ უნდა მივუბრუბდეთ დღეს “კომუნისტთა მანიფესტს” და ასახელებს ორ მიზეზს: ჯერ ერთი, ტექსტის ლიტერატურული მოსაზრებებისა გამოო; მის მორალური საფუძვლებში შეღწევისა და გარდასულ ეპოქათა სევდის, ნაწარმოების ამაღლებული სიტყვის შესაგრძნობადო, რომელიც ასახავს თანამედროვე სოციალიზმის ეპიკური ისტორიის დასაწყისსა და მათ თეორიულ ენთუზიაზმს, ვინც მის სათავეებთან იდგაო. და მეორეო, _ უნდა გადავიკითხოთ მანიფესტი და, გავაანალიზოთ მისი შინარსი და ვეცადოთ ახალი მანიფესტის დაწერას, რათა კომუნისტური დისკურსი დავაყენოთ თანამედროვე ეპოქის ანუ პოსტმოდერნის ეპოქის დონეზე.
ნეგრი ტონი ჩემთვის უცნობი ავტორია, მაგრამ უინტერესო არ უნდა იყოს რამდენიმე ინტელექტუალური მაგნატის თვალსაზრისის მოსმენა.
ბრიტანელი ისტორიკოსის (“ხანგრძლივი XIX საუკუნის” ცნების ავტორის) ერიკ ჯონ ერნესტ ჰობსბაუმის აზრით, 1848 წლის თებეერვალში გამოქვეყნებული “კომუნისტური პარტიის მანიფესტი”, საფრანგეთის დიდი რევოლუციის მიერ დეკლარირებული ადამიანის უფლებების შემდეგ, არის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური დოკუმენტი. ჰანს-მაგნუს ენცენსბერგერი წერს, რომ მაშინ როდესაც წარსულის ბევრი თეორიული ნაშრომი სადღეისოდ მკვდარი ნაწერებია, მარქსისა და ენგელსის ვნებიანი ფრაზები კვლავაც ააღელვებენ და გაანათებენ შემდგომ საუკუნეებს”. უმბერტო ეკო კი ამბობს, რომ ეს არის საოცარი ტექსტი, რომელშიც მონაცველობენ აპოკალიფსური ნოტები და ირონია, ქმედითი ლოზუნგები და ცხადი ახსნები, და < ... > დღეს სარეკლამო სკოლებში მისი გულმოდგინე შტუდირება უნდა ხდებოდესო. დაბოლოს, ისეთი რეაქციონერი, როგორიც ენცო ბეტიცაა, ამბობს: “მანიფესტის დიადი წინააღმდეგობრიობა, პეანისა და ბურჟუაზიის სამგოლოვიარო სიმღერისა, ერთი მხრივ, “უპოვართა სოფლისათა” ლირიკული და დრამატული ჰიმნი, მეორე მხრივ, თავს იჩენს იმგვარის ორატორულის ძალმოსილებითა, ბადალი რომ არ ეძებნება ახალი დროების არც ერთ პოლიტიკურ ტექსტში”.
ტექსტის შინაარსის კრიტიკა გვჩვენებს, რომ ლიტერატურისა და კაპიტალის სფეროს წარმომადგენელთა ტექსტისადმი ინტერესი და ცნობისმოყარეობა თავდაყირა დგება და ემხობა, განსჯა აქტიური ბრძოლის მიზნებს ექვემდებარება, ფიქრი _ ქმედებას, კრიტიკული გააზრება _ ჯანყს. მანიფესტის არსებობის უკვე ხანგრძლივ ჟამთასვლისას მოხდა ერთიც, მეორეც და მესამეც.
მარქსის ცნობილი კონცეპტი ყოფიერებისა და ცნობიერების ურთიერთმიმრთებისა წარმოჩნდა ნაშრომში “პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის”, რომელშიც მას ეკონომიკური თეორიის სისტემატიზაცია განუზრახავს, მაგრამ კვლევის შედეგით უკმაყოფილოს, თავისი ყველაზე განთქმული “კაპიტალისთვის” (სრული სათაურია “კაპიტალი. პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკა”) მიუყვია ხელი. სამ ტომად ჩაფიქრებული “კაპიტალიი” პირველი ტომი გამოუქვეყნებია და შემდეგი ორი ტომი ფრიდრიხ ენგელსმა გამოუცია მარქსის გარდაცვალების შემდეგ. “კაპიტალი” არის, ავტორისავე თქმით, “გერმანული გონის” ანუ იმ სააზროვნო ტრადიციის ნაყოფი, რომელსაც იგი საკუთარ თავს მიაკუთვნებდა. ნაშრომში მოცემულია კლასობრივი საზოგადოების  კაპიტალისტური წარმოების წესის კრიტიკა.
ფული არის საქონელი, რომელიც სტიქიურად გამოიყოფა საქონლის ყველა სახეობისაგან, ასრულებს საყოველთაო ეკვივალენტის როლს და გამოხატავს ყველა საქონლის ღირებულებას. იგი გვევლინება საყოველთაო საგადასახადო და მსყიდველობით საშუალებად, მაგრამ იგი ვერ იარსებებს სასაქონლო გაცლის გარეშე. ამიტომ ფული არის კაპიტალის არსებობის პირველი ფორმა. კაპიტალში იგულისხმება ფული, რომელსაც მოაქვს ზედმეტი ღირებულება. კაპიტალწარმოების ციკლი გადის სამ სტადიას: ფულადი ფორმიდან გადადის წარმოებითში, რომელშიც შედის წარმოების საშუალებები და მუშაძალა; მეორე სტადიაზე წარმოებითი კაპიტალი, გადადის რა სასაქონლო ფორმაში, მონაწილეობს წარმოების პროცესში; და პროდუქციის რეალიზაცით კაპიტალის სასაქონლო ფორმა გარდაისახება ფულად ფორმად.
სტადიათა ცვალებადობა თანმიმდევრულად ხორციელდება და კაპიტალი, რომელიც ერთდროულად სამი ფორმით (ფულადი, წარმოებითი და სასაქონლო) გამოდის, მარქსის განსაზღვრებით, არის სამრეწველო კაპიტალი.
მარქსის ეკონომიკური მოძღვრებაში მნიშვნელოვანია კაპიტალისა და ზედმეტი ღირებულების საკითხი. კაპიტალი ნივთი კი არა, ნივთში წარმოდგენილი წარმოებითი ურთიერთობაა, რომელიც ამ ნივთს სპეციფიკურ საზოგადოებრივ ხასიათს ანიჭებს. ზედმეტი ღირებულება არის მუშის შრომის გადაუხდელი პროდუქტის ღირებულება. ამ ცნების შემოტანით ნათელი ხდება თუ როგორაა შესაძლებელი ღირებულების კანონის დაურღვევლად მუშისთვის მისი შრომის საზღაურის მხოლოდ ნაწილობრივი ანაზღაურება.
მარქსმა, ასე ვთქვათ, გახსნა შრომის პროცესი.
ამასთან დაკავშირებით მახსენდება _ ლიტერატურის კრიტიკოსთა შორის კლასიკური მაქრქსიზმის ყველაზე გავლენიანი ტრანსლატორი, ტერი იგლტონი, რომელიც  წერს, რომ მარქსმა არა მხოლოდ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პოლიტეკონომიაში, არამედ პრინციპულად შეცვალა იგი. თუ მანამდე პოლიტეკონომია ცალკეულ პიროვნებათა თეორიული მოსაზრებებსა კონცეფციებს ეყრდნობოდა, მარქსმა სისტემური მიდგომით იგი ერთიან, მთლიან მეცნიერებად აქცია და სწორედ ამით ჩადო მასში ის ნაღმი, რომელიც XX საუკუნეში აფეთქდა. საქმე ის არის, რომ მარქსი არა მხოლოდ ეკონომისტი, არამედ ფილოსოფოსი და დიდწილად რევოლუციონერიც იყო, რომელმაც შექმნა ის “წითელი” გლობალური პროექტი, რომელიც საბჭოეთსა და სოციალისტურ სისტემად დაედო საფუძვლად.
და კიდევ ერთი, ამჟამად ჩვენი კონკრეტული შემთხვევისთვის მნიშვნელოვანი წახნაგი. იგლტონი ლაპარაკობს ავტორზე როგორც მწარმოებელზე და ამბობს, რომ მწერალი ტრანსინდივიდუალური მენტალური სტრუქტურების უბრალო გამტარი კი არ არის მხოლოდ, იგი იმავდროს გამომცემლის მიერ საქონლის საწარმოებლად დაქირავებული მუშაკია, რომელიც ბაზარზე იყოდებაო და მოაქვს მაქსის ციტაცი, რომლის მიხედვითაც “მწერალიო, _აღნიშნავს თურმე მარქსი ზედმეტი ღირებულების თეორიებში, _ წარმოადგენს მუშას არა იმიტომ, რომ იდეებს აწარმოებს, არამედ იმიტომ, რომ ის ამდიდრებს წიგნის გამომცემელს, რადგან იგი მუშაობს ხელფასზე”. აქედან გასაგები ხდება, რომ შემოქმედიც ექსპლოატაციის მსხვერპლია.
მგონია, რომ სადღეისი პოლიტეკონომიკური ტენდეციების გასააზრებლად იგლტონის მარქსისადმი დამოკიდებულება ყურადსაღებო უნდა იყოს. მოგეხსენებათ, რომ უკვე გაჭირდა დღევანდელ გლობალურ ტენდენციათა სახელდებაც კი და ამიტომ მარქსის მოძღვრების ახლოსმცნობი ადამიანები ალაპარაკდნენ მის წინასწარმეტყველურ, რევოლუციურ ენერგიათა გამომღვიძებელ, დიდი ფანტაზიისა და ღრმა ერუდიციის მქონე პიროვნებაზე, რომელმაც, ფაქტია, მართლაც გააღვიძა (თუმცა არცარასდროს სძინებია!) ეშმაკური ძალა და შეცვალა ისტორიის სავალი.
მართალია, XIX ს.-ის დასასრულისთვის დასავლეთში პოლიტეკონომია აკრძალეს და “ეკონომიკსი” უწოდეს, მაგრამ, იმაზეც ლაპარაკობენ, რომ ეკონომიკის მარქსისეული ანალიზი მაინც ფავორშია და მასზე ნიღბისა და ფარდის ჩამოფარება,პოლიეკონომიკური კანონის მოქმედებას ვერ ფარავს და დღესაც ხორცს ისხამს მისეული კონცეპტები; მხედველობაში აქვთ ხოლმე სკანდინავიური სოციალიზმი, რომელიც, ვფიქრობ, კაპიტალიზმის ნაირსახეობა უფროა, ვიდრე იმ ტიპის რამ, რას ჩვენს, კონრეტულად ჩვენს, მეხსიერებას შემორჩენია. დიდი ეჭვი მაქვს, თუმცა შეიძლება ვცდები და გამისწირეთ, რომ ჩვენი პროექტის თეორიული ბაზისი _ ეკონომიკური კრიტიკა _ მარქსიზმის ანასხლეეტია და ეს არი არის არც ცუდი და არც კარგი...
რადგან უკვე ლიტერატურას მივუახლოვდით, მოვიტან მარკ ოსტინისა და მარტა ვუდმანსის იმ თვალსაზრისს, რომლდანაც ჩვენი თემა ამოიზარდა:
1978 წელს მარკ შელმა გამოსცა წიგნი “ლიტერატურის ეკონომიკა”, რომელშიც ავითარებს აზრს, რომ ლიტერატურული ნაწარმოები შედგება ტროპული შენაცვლებებისგან, რომელთა გაანალიზება ეკონომიკური ცნებებითაც შეიძლება. ეკონომიკური ლიტერატურული კრიტიკისათვის აქ საგულისხმოა ლიტერატურულ მიმოცვლასა და სასაქონლო მიმოცვლას შორის ანალოგია და იმ დისკურსთა გაერთიანება, რომელთაც სწავლობს ლიტერატურის თეორია და ეკონომიკის თეორია. აქ უნდა გავიხსენოთო, წერენ ოსტინი და ვუდმანსი, რომ პოლიტიკური ეკონომიკის მეცნიერება წარმოიშვა ტიპურ ბურჟუაზიულ ლიტერატურულ ფორმასთან _ რომანთან ერთადო. მკვლევარნი მოიშველიებენ დევიდ კაუფმანის აზრსაც: “კომერციული კაპიტალიზმის სწრაფმა განვითეარებამ და ინსტიტუციურმა კონსოლიდაციამ მეთვრამეტე საუკუნეში წარმოქმნა ეკონომიკის, სახელმწიფოს, მორალისა და სამოქალაქო უფლებების ახლებური აღწერებისა და აპოლოგიის საჭიროება, რომელიც დაკმაყოფილებულ იქნა პოლიტიკური ეკონომიის, ისე როგორც რომანის მიერ”.
მკვლევარნი მარტებულად აღნიშნავენ, მაგრამ ჩვენის მხრივაც ვთქვათ, რომ ეკონომიკა და ლიტერატურა არათუ უკავშირდება ერთმანეთს, არამედ სრულიად განუწვალებელნი არიან ერთმანეთისგან, რადგან ერთმანეთს ასახავენ და ერთმანეთში აისახებიან.
ანტიკურობიდან მოყოლებული, ლიტერატურის ძირითად ფუნქცია იყო საზოგადოებაში არსებულ წინააღმდეგობათა მხატვრულ სახეებში ნათლად ასახვა და წარმოჩენა. წარსულში ფორმირებული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ვიდრე სოციოლოგია და პოლიტეკონომია/თეორიული ეკონომიკა მიჰყოფდნენ ხელს საზოგადოებრივი საკითხების ასახვას, მისი არსობრივი მხარეები მხატვრულ ლიტერატურაში აისახებოდა. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური პრობლემების თავწყაროს მონიშვნა, შემოწერა და მოჩარჩოება სწორედ მხატვრული ლიტერატურაში ხდებოდა. რაც უფრო ზუსტად და დამარწმუნებლადაა აღწერილი ეკონომიკური პრობლემატიკა, მით უფრო ნათელია მხატვრულ სახეთა წყება და მით მეტი ისტორიული მნიშვნელობა ენიჭება ნაწარმოებს. ყოველმა ჩვენგანმა კარგად უწყის, რომ ყოფის ამა თუ იმ პასაჟის ეკონომიკური წახნაგის წარმოჩენის მიხედვით მხატვრული ტექსიტის ამოცნობასაც კი შევძლებთ ხოლმე. განგებ არ ჩამოვთვლი ამ მხატვრული მოვლენებნათა პერსონიფიკატორებს და მხოლოდ რამდენიმე ვითარებასა თუ სცენარს  გავიხსენებ: მხატვრულ სივრცეში შეიძლება აისახოს უკვე ძველი და დაღმავალი არისტოკრატიის ეკონომიკური სახე, რომლის შესახებაც რევოლუციონერი კლიშირებული რიტორიკით აღნიშნავს, რომ კედელი დამპალა და მისი საბოლოო ჩამოშლისათვის ოდანავი ბიძგიღაა საჭირო; ან: რომანტიკულად განწყობილი პერსონაჟი ქალი ყურადღებას არ აქცევს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას და თავის ამ გადაწყვეტილებას ეწირება კიდეც; ან:  მწერალი აჩვენებს მოხელეთა ბუნებრივ გამყიდველობასა და მექრთამეობას, მათ ზეწოლას პროგრესის განმასახიერებელ ვაჭრებზე და, ძნელი არ არის მიხვედრა, რომ სალიტერატურო სივრციდან უამრავი ამგვარი ვითარების გახსენება შეიძლება.
რომანის დაბადებას რაც შეეხება, ნათქვამიდანაც ცხადია, რომ ცნობიერების რომანული ტიპი საზოგადოების დინამიკას უკავშირდება.
ლიტერატურათმცოდნენი ვლაპარაკობთ რომანის ანტიკურ სახეობაზეც, მაგრამ თანამედროვე მნიშვნელობა რომანმა როგორც სინთეზურმა მხატვრულმა მოვლენამ აგერ, გუშინწინ, ანუ XVIII_ XIX საიკუნების მიჯნაზე (გუშნწინაა?)შეიძინა. რომანს ჰქონდა, რასაკვირველია, წინარე ისტორია.
შუასაუკუნეების ეპოქაში ევროპულ ენებში ფიგურირებდა ზედსართავი სახელი ‘რომანს’ (რომანს), რომელიც აღნიშნავდა ზეპირ, “ხალხურ” ენას წერილობითი ლათინურის საპირისპიროდ. XII საუკუნიდან ამ სახელდებით აღნიშნავენ ტექსტებს, რომლებშიც ფიქსირებული იყო, ადრე ზეპირი ფორმით არსებული, თხრობითი სიტყვიერება და აგრეთვე ის ენაც, რა ენაზეც ეს ტექსტები იქნა ჩაწერილი (ანუ “რომანს”-ი ერქვა ტექსტსაც და ენასაც). ეს მხოლოდ კომუნიკაციის ტექნიკურ _ ენობრივ და წერილობით _ ფორმას მიუთითებს. გვიანდელი ფრანგული არსებითი სახელი “რომანისტი” (“რომანციერ“) იმდროს არსებობდა როგორც ზმნა და აღნიშნავდა “გადათარგმნას ლათინურიდან ფრანგულზე”, ხოლო XV საუკუნიდან _ “ფრანგულად მოყოლას”.
რომანის თვითმყოფადობას უპირისპირდებოდა სასულიეროთა გარკვეული წრეები (იეზუიტები, კალვინისტები). მათ ემატებოდნენ კლასიციზმის გემოვნებაზე ორიენტირებული ლიტერატურის კანონმდებელნი (ბუალო, ვოლტერი, დიდრო).
რომანის ჟანრის წინარეისტორია და დაკანონება ლიტერატურის სისტემაში (გარდა “კეთილშობილი წინაპრებისა” _ აღმოსავლური ზრაპრისა, ანტიკური ეპიკისა, შუასაუკუნეების სარაინდო თხრობებისა)  მიმდინარეობს ორი მიმართულებით.
ერთი მხრივ იგი გამოიმუშავებს საკუთარ ესთეტიკურ წესებს, აფუძნებს “რეალისტურ” პირობითობათა სიმრავლეს, როდესაც ძალას იკრებს რეფლექსურობის, თამაშებრივი დრამატიზაციისა და ანალოგიის წარმოსახვითი ფორმები ფიქციური წერილობითი თხრობის _ დიალოგისა და პოლილოგის, პირდაპირი, არასაკუთრივ-პირდაპირი და ირიბიმეტყველების, დღიურის, ჩანაწერების, მიმოწერისა და სხვა _ ფარგლებში. იხვეწება დოკუმენტურობის ეფექტის შექმნის სხვადასხვა საშუალებები/ხერხები.
მეორე მხრივ, ხაზი ესმის რომანის კითხვის ზნეობრივი სარგებლიანობისა “ღირსეული პუბლიკისათვის”. თვითდადგინების ძიებისას რომანების უწინდელი ავტორები და რომანის ჟანრის თეორეტიკოსები მიმართავენ ახალი დროების  ბუნებისმეტყველებითი და ზუსტი მეცნიერებების, ფილოსოფიისა და ისტორიის მიღწევებს. სწორედ ამ ინტელექტურლური არსენალიდანაა ნასესხები “რეალიზმის”, “კონვენციის” და “ფიქციის” ცნებები და პრინციპები.
ამასთან ერთად, რომანი სეკულარიზებულ საზოგადოებრივი ჯგუფების ცნობიერებაში იკავებს ცხოვრების საზრისის რელიგიური დაფუძნების ადგილს და თავის თავზე იღებს “საერო წერილობის” როლს; რომანი მრავალი მაშუალი რგოლის წიაღ ითვისებს ქრისტიანულ “მორალური” წარმოდგენებს პიროვნულ პასუხისმგებლობაზე და ზნეობრივ ფრომირებაზე, რომლებიც გაიაზრება “საბოლოო” პესპექტივიდან, უკიდურესი ღერებულებრივი პოზიციებიდან. აქ ინგლისისათვის მნიშვნელადია ანგლიკანური პრინციპები, გერმანიისათვის პროტესტანტიზმისა და პიეტიზმისა, საფრანგეთისათვის _ მორალისტური ესეისტიკის მიერ ადაპტირებული კონცეფციები იანსენისტებისა (რომლების ადამიანის ღვთაებრივი დანიშნულების ყოვლიშემძლეობას განადიდებდნენ ) და მათი ზემოქმედება რომანზე, კერძოდ, აბატი პრევოს რომანზე და სხვა.
ეს შიდალიტერატურული პროცესები ვითარდებოდა ინტენსიური სოციალური და კულტურული ძვრების კონტექსტში.
XIX ს.-ის პირველ ათწლეულებში ევროპის სოციალური და კულტურული მასშტაბური ცლილებების პროცესის რელევანტური მხატვრული ფორმა ხდება რომანი როგორც სინონიმი “თანამედროვეობისა”. თვით რომანის როგორც ლიტერატურული ფორმის გამოჩენა დაუკავშირდა სოციალური წყობის რადიკალურ ძვრებს. დგება რომანის “ოქროს ხანა”, ამ ჟანრის უდიდესი მიღწევების ჟამი და ამასთან ერთად, საზოგადოდ ლიტერატურისა და ახალი “კლასიკოსების” ზეობის ეპოქა.  მათ შორის არიან ის მწერლები, რომლებმაც ჯერ დაამხეს და შემდეგ შექმნეს ჟანრის პოეტიკა.
სწორედ რომანი იქცა ახალი დროების ყველაზე დიდ მიღწევად.
და ეს ყველაფერი, ცხადია ახალმა დროებამ მოიტანა. კულტურის რაციონალიზაციასა და სეკულარიზაციას თან მოჰყვა ცხოვრების ობიექტური წესის პრობლემატიკიდან ყურადღების თანდათანობითი გადატანა სუბიექტურ აქტორზე, ინვივიდზე. ადამიანური არსებობის, ცხოვრების გაზრება ხდება სუბიექტური საწყისის წიაღ. კარსმომდგარი ახალი, გართულებული რეალობის მოწესრიგების ცენტრად აღიქმება პიროვნება. ამ პრობებში სიტყვიერ ხელოვნებას უჩნდება მთლიანად კულტურის მფლობელის სტატუსის პრეტენზია, რადგან, ხელოვნების სხვა დარგების _ ფერწერისა და  მუსიკისაგან _ განსვავებით მას ძალუძს ცხოვრებისეული, ყოფითი მთლიანობის რეალური ძვრების იმიტირება. 
შემოქმედის პრეროგატივით აღჭურვილი ავტორის ნებელობით გაერთიანებული ნაწარმოები თავისი მთლიანი და ჩაკეტილი, წარმოსახული, დროითი ხანგრძლივობისა და გააზრებული სტრუქტურის მქონე “კერძო ადამიანის ისტორია” წარმოგვიდგება “ადამიანის მოდგმის ისტორიად”. კერძოობითისა და გვარეობითის მხატვრულ სივრცეში ამგვარი შენივთება ბადებს ახალ, დაინტერესებულ მკითხველს და უაღრესად ზრდის რომანის ჟანრის პოპულარობას ახალ დროებაში. ახალი ლიტერატურული სისტემის ავტონომიური ფარგლების ჩამოყალიბება, რომანის პოეტიკის განმსაზღვრელი ნიშნების ფორმირება, ეს, თავის მხრივ, სადაგ ყოფაზეც ახდენდა გავლენას და მხატვრული, მოდელირებული სისტემიდან ახალი ყოფითი პარადიგმა მკვიდრდებოდა. ეს, თავის მხრივ, გავლენას ახდენდა საზოგადოების ღირებულებრივ ორიენტაციაზე და საბოლოო ჯამში ხდებოდა იმ სამოქალაქო ცნობნიერების ფორმირება, რომელსაც დღეს დასავლურს ვუწოდებთ.
ეს ყველაფერი ხდებოდა “იქ”, ჩვენგან შორს, როგორც ბრიტანელმა ისტორიკოსმა ერიკ ჰობსბაუმმა უწოდა, “ხანგრძლივ მეცხრამეტე საუკუნეში” და, როგორც მერე ილიამაცა თქვა, “სხვათათვის დიდ საუკუნეში”, რაც იმასაც ნიშნავს, რომ კაპიტალიზაციის ის პროცესი ჩვენ არ და ვერ გვეხებოდა.
იქ კი კარგა ხანია იდგა ახალი დროება, რომელიც იყო ბურჟუაზიული რევოლუციების, სამრეწველო გადატიალების ხანა, დემოკრატიული პოლიტიკური სივრცის და სამოქალაქო საზოგადოებების ფორმირების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების იდეისა და საბაზრო ეკონიმიკის დამკვიდრების ეპოქა. მოვლენათა მხოლოდ უბრალო და არასრული ჩამონათვალითაც კი ჩანს, რომ ძველ სამყაროსთან ანუ შუასაუკუნეებთან შედარებით, ამ საგრძნობლად მოკლე ეპოქას სრულიად განსაკუთრებული ადგილი უკავია ევროპულ ისტორიაში.
რა თქმა უნდა, ჩვენშიაც ესმოდათ იქაურობის ხმა და, ილია ვახსენეთ და ისიც დავძინოთ, რომ სწორედ მას ესმოდა “ხმა ტკბილი” ყველაზე კარგად. სხვა რამდენიმე მოყურადეც იყო, მაგრამ ყრუთა ქვეყანას, ჯელსომინოსი არ იყოს, ეს არ კმაროდა.
ეს ხმა გაისმა გიორგი წერეთლის “პირველ ნაბიჯშიც”, როდესაც “ქალაქ ფოთის ნავსადგურში პირველად იწივლა ცეცხლის გემმა, მისმა წივილმა პირველად განუფრთხო ძილი მტრისგან მოუძლურებულ საქართველოს ერს. ეს იყო ახალი დროის მამლის ყივილი...”, მაგრამ, ცხადია, ერთი “დაწივლებით” კაპიტალიზმი ვერც შემოვიდოდა. კოლონიაში ყველაფერი შორიდან გვესმოდა და, რაც ყურთასმენამდე აღწვდა, ისიც ჯერ რუსულ დარჯაკგამოვლილი, მეორეული და მილეული იყო. რუსეთში კი იდგა დიდი ფეოდალიზმის ხანა.

გამოყენებული ლიტერატურა:

1.მარკ ოსტინი, მარტა ვუდმანსი. ახალი ეკონომიკური კრიტიკა (შესავალი წიგნისა, შემოკლებით). ნიუ-იორკი, 2005. იხ. მისამართზე: http://ekonomikurikonceptebi.blogspot.com/2015_09_01_archive.html
2. ჯონ ბ. თომპსონი. მედია და მოდერნულობა (მედიის სოციალური თეორია). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემა, 2014.
3. ზაზა კვერცხიშვილი. მშვიდობით რაინდო და... . წგ-ში: საქართველო ათასწლეულთა გასაყარზე. თბ., არეტე, 2005.
4. ზაზა აბზიანიძე. ლიბერალიზმის ეპოქა და მისი მნიშვნელობა ჩვენი თანამედროვეობისათვის. კრ.-ში:ლიბერალიზმის ეპოქა ქართულ ლიტერატურაში.ლიტერატურუს ინსტიტუტის გამომცემლობა, 2015.
5. ილია ჭავჭავაძე. ჩვენი ქვეყნის ეკონომიური ცხოვრების საზრუნავი. თზულებანი ათ ტომად, ტ. 7, თბ.,1956.
6. Михайл Гронас. Новая экономическая критика (вступительная заметка). «НЛО» 2002, № 58
7. Георг Лукач. К истории реализма. М.: 1939.
8. Вальтер Беньяминю Маски времены.(Эссе о культуре и литературе). Санкт-Петербург, semposium 2004.

9. Уильям Сомерсет Моем. Подводья итоги. М.: 1991.