Translate

Tuesday, September 22, 2015

ახალი ეკონომიკური კრიტიკა (შესავალი წიგნისა, შემოკლებით)



                 მარკ ოსტინი, მარტა ვუდმანსი
                    (ლონდონი-ნიუ-იორკი, 2005)


    1991 წელს ამერიკის  შეერთებულ შტატებში შეიქმნა ლიტერატორთა დაჯგუფება, სახელწოდებით `ახალი ეკონომიკური კრიტიკა~, რომლის ძალისხმევის შედეგად ჩამოყალიბდა ლიტერატურული და კულტურული კვლევების ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიული დარგი.
   მეორე მხრივ, ეკონომიკაშიც ხორციელდებოდა კრიტიკული კვლევები,. რომლებიც ლიტერატურული და რიტორიკული მეთოდების მეშვეობით ცდილობდა გამოევლინა ეკონომიკის ფუძემდებლური ფარული მეტაფორები და ფიქციები.  ეს ორი სფერო დამოუკიდებლად ფუნქციონირებდა, ამიტომ 1994 წელს საგანგებოდ გამართულ კონფერენციაზე ამ  დარგების სპეციალისტებმა შეძლეს ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ თავიანთი მოსაზრებები.
  ეკონომიკური კრიტიკის პირველი ტალღა აგორდა  70-იანი და 80-იანი წლების მიჯნაზე და ბიძგი მისცა ლიტერატურის, კულტურისა და ეკონომიკისა მეცნიერული კვლევების მეორე ტალღას. რამ განაპირობა ეს პროცესი

1. აღსანიშნავია, რომ ლიტერატურათმცოდნეობამ უკან, ისტორიული მეთოდებისკენ დაიხია და უგულებელყო დეკონსტრუქცია, სემიოტიკა და 1970-80-იან წლებში გაბატონებული სხვა ფორმალისტური მეთოდები. ლიტერატურის კრიტიკოსებმა შეიმუშავეს ახალი მეთოდები სხვა დარგის მეთოდებსა და ტექსტებზე დაყრდნობით. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ ეკონომიკა
2. ამ თეორიული გარღვევის მიზეზებმაც და შედეგებმაც აიძულეს ლიტერატყრის კრიტიკოსები, ეძებნათ ახალი, უვალი გზები
3. კულტურული კვლევების განვითარების პროცესი ადვილად ექვემდებარება ეკონომიკურ განმარტებებს.
    წამოიჭრება ისეთი კითხვები, როგორებიცაა: რა არის ეკონომიკური კრიტიკა? რა შეიძლება ისწავლონ ლიტერატურისა და კულტურის მკვლევრებმა ეკონომისტებისგან? რა შეიძლება აითვისონ ეკონომისტებმა ლიტერატურული და კულტურულოგიური კვლევებიდან?

   წარმომავლობა და დეფინიციები
   ეკონომიკური კრიტიკის პირველი ტალღა საკმარისად მკაფიოდ განსაზღვრავდა თავის თავს. მაგალითად, წიგნში `წარმოსახვის ეკონომიკა~ კურტ ჰაინც()ელმანი (Heinzelman) (1980) განასხვავებს, ერთი მხრივ, `წარმოსახვით ეკონომიკას~, რომლის თანახმად, `ეკონომიკური სისტემები სტრუქტურიზებულია წარმოსახვითი ხერხებით _ არსებითად, ფიქტიური ცნებების მეშვებით~ და, მეორე მხრივ, `პოეტურ ეკონომიკას~, რომლის მიხედვით, მწერლები იყენებენ `ფიქტიურ ეკონომიკურ დისკურსს, როგორც მათი ნაწარმოების მაორგანიზებელ პრინციპს~. წარმოსახვითი ეკონომიკა განიხილავს ეკონომიკას ლიტერატურული მეთოდებით; პოეტური ეკონომიკა განიხილავს ლიტერატურას ეკონომიკური მეთოდებით. მეორე დეფინიცია შეიმუშავა მარკ შელმა (1978) თავის ძალზე გავლენიან ნაშრომში `ლიტერატურის ეკონომიკა~. შელის აზრით, ლიტერატურული ნაწარმოებები შედგება ტროპული შენაცვლებებისგან ან მეტაფორებისგან, რომელთაგან ზოგიერთი შეიძლება გავაანალიზოთ ეკონომიკური ცნებების მეშვეობით~; მაშასადამე, ეკონომიკური  ლიტერატურული კრიტიკა  ცდილობს `ჩასწვდეს მიმართებას ლიტერატურულ გაცვლა-გამოცვლასა და იმ გაცვლა-გამოცვლას შორის, რომელიც პოლიტიკურ ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს~ და გააერთიანოს ამ ორი სფეროს დისკურსები. აქ უნდა გავიხსენოთ, რომ პოლიტიკური ეკონომიის მეცნიერება  წარმოიშვა ტიპურ ბურჟუაზიულ ლიტერატურულ ფორმასთან _ რომანთან ერთად. რამდენიმე თანამედროვე ლიტერატურულ ნაშრომში განხილულია ამ ორი დისკურსის წარმოშობის თანმხლები გარემოებები. მაგალითად, დევიდ კაუფმანი სვამს კითხვას, რატომ მოხდა, რომ `ეკონომიკის თეორია და ნარატიული მხატვრული ჟანრი (narrative fiction) ...  იქცა ინტელექტუალური დებატების საგნად და საშუალებად ერთსა და იმავე პერიოდში~. ამ კითხვაზე ის პასუხობს, რომ კომერციული კაპიტალიზმის სწრაფმა განვითარებამ და ინსტიტუციურმა კონსოლიდაციამ მეთვრამეტე საუკუნეში წარმოქმნა ეკონომიკის, სახელმწიფოს, მორალისა და სამოქალაქო უფლებების ახლებური აღწერებისა და აპოლოგიის საჭიროება, რომელიც დაკმაყოფილებულ იქნა როგორც პოლიტიკური ეკონომიის, ისე რომანის მიერ~. კაუფმანი იზიარებს ნენსი არმსტრონგის  დამაჯერებელ არგუმენტს, რომ რომანის დანიშნულება გახლდათ  მასკულინური და ფემინინური სფეროების დიქოტომიის  კოდიფიკაცია: ამგვარად, ეკონომიკის გამიჯვნა ლიტერატურისგან მჭიდროდ უკავშირდება კულტურის გენდერიზაციას და, მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს, პოლიტიკური და საშინაო (დომესტიკური) სფეროების ურთიერთგამიჯვნას.  ჯეიმს ტომპსონის თქმით, თუკი რომანი არის დისკურსი, რომელიც აღწერს  ან წარმოგვისახავს და ამ გზით წარმოქმნის პრივატულობასა და ოჯახურ ცხოვრებას, პოლიტიკური ეკონომია არის დისკურსი, რომელიც წარმოიდგენს ან აღწერს სამოქალაქო საზოგადოებასა და საჯაროობას (პაბლისიტის).~ ეკონომიკურ ლიტერატურულ კრიტიკაში მიმდინარე თანამედროვე კვლევები ააშკარავებს, აგრეთვე, როგორ განაპირობებს ეს ორი სფერო ერთმანეთს. ტომპსონი ამტკიცებს, რომ მეთვრამეტე საუკუნე ის ისტორიული მომენტია, როდესაც `ღირებულების ცნებამ ღრმა ტრანსფორმაცია განიცადა და   ბიძგი მისცა მრავალფეროვანი ჰუმანიტარული, ფინანსური და ესთეტიკური დისკურსების ჩამოყალიბებას~, რასაც საფუძვლად ედო `ფულის რეკონცეპტუალიზაცია განძიდან კაპიტალად, და. მაშასადამე,  მონეტარული ფულის მომდევნო შენაცვლება ბანკნოტებით~. ამ რეკონცეპტუალიზაციამ დრამატული ზეგავლენა მოახდინა ეროვნების კულტურულ დეფინიციებზე. სანდრა შერმანის აზრით, `ბაზარმა იდეების სფეროში, ლიტერატურაში P და ბაზარმა, რომელიც შეიქმნა ქაღალდის ფულის ზეგავლენით (ორივე მათგანი ჩამოყალიბდა მეთვრამეტე საუკუნეში), წარმოშვა საერთო დისკურსული ველი `მხატვრული ლიტერატურის~ ცნების ირგვლივ, მაგალითად, ის, რომ `გრძელვადიანი კრედიტი ჩართავს კულტურას ნარატივის ახალ სახეობაში~. ამგვარად, ლიტერატურული ტექსტები და, განსაკუთრებით რომანები, წარმოქმნის და პასუხობს ფულადი კრედიტისა და ეკონომიკური სისტემის რეპრეზენტაციის ახალ ფორმულირება. მეთვრამეტე საუკუნეში დისკურსული სფეროების გამიჯვნის ისტორია საშუალებას გვაძლევს განვმარტოთ, რატომაა, რომ თანამედროვე ეკონომიკური ლიტერატურული კრიტიკა ესოდენ ფოკუსირებულია მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეების ინგლისურ ლიტერატურაზე. თუმცა, მარტა ვუდმანსის აზრით, ეკონომიკის გამიჯვნა ჰუმანიტარული სფეროსგან უშუალოდ უკავშირდება რომანტიკულ იდეოლოგიას, რომელიც განსაზღვრავს ლიტერატურას (და, რა თქმა უნდა, მთლიანად ხელოვნებას) კომერციასთან დაპირისპირების მეშვეობით. რომანტიკოსებმა ესთეტიკური ღირებულების გამიჯნეს მონეტარული ღირებულებისგან, და ეს ტენდენცია დღემდე არსებობს
  ენა და ფული

  შეიძლება ითქვას, რომ  ეკონომიკური კრიტიკა არსებობდა 1960-იან წლებამდე _ მაგალითად, მარქსიზმის იმ განშტოებაში, რომელსაც იყენებდა გეორგ ლუკაჩი ფრანკფურტის სკოლაში, და, აგრეთვე, 1930-იანი წლების მემარცხენე კრიტიკა. მაგრამ 1950-60-იან წლებში ამგვარი მიდგომა მოძველდა და გაბატონდა თითქოსდა აპოლიტიკური ახალი კრიტიკა. ამიტომ ამ პერიოდში თვით ეკონომიკური კრიტიკაც, რომელიც ემყარებოდა უფრო ფართო მეთოდებს, კონცენტრირებული იყო ტექსტების თვალსაჩინოდ მანიფესტირებულ შინაარსზე _ პერსონაჟების ქცევაზე, ფულად ცნებებზე, ტროპებზე და .. ის, ხშირად, არ ითვალისწინებდა ავტორის ფინანსურ ჩვეულებებს ან შეხედულებებს და რა თქმა უნდა, არ ითვალისწინებდა ეროვნულ ან ადგილობრივ ეკონომიკებს, ან კიდევ _ თანამედროვე ეკონომიკურ პრაქტიკებსა და თეორიებს.  ორი მაგალითი, რომლებიც ანალოგიურია, თუმცა კი გამიჯნულია ოც წელზე მეტი პერიოდით, ესაა დონალდ მალის (1973) და პეგი მაკკორმაკის მიერ ჰენრი ჯეიმსის შემოქმედების ანალიზი. მაშინ, როდესაც მალის წიგნი`ფული და მისი გადაქცევა ცნობიერების მასალად~  სხვა არაფერია, თუ არა ტროპის, პერსონაჟისა და ხდომილების საგულდაგულო ფორმალისტური ანალიზი, მაკკორმაკის გამოკვლევა უბრუნდება `ახალ კრიტიკას~ და იყენებს ისეთ ცნებებს, როგორებიცაა `კაპიტალიზმი~, `მოხმარება~ ან `მოხმარების საგნები~ , ისე, რომ, ფაქტობრივად, არ განიხილავს მათს რთულ მნიშვნელობებს სხვა კონტექსტებში. თუმცა ამგვარ გამოკვლევას შეუძლია შემოგვთავაზოს სასარგებლო დასკვნები ტროპებისა და სცენების  `ეკონომიკათა~ შესახებ, მაგრამ მათი ამოსავალი დებულება ისაა, რომ ტექსტები დახურული სისტემებია, რომელთა ღირებულება შეზღუდულია. მაგრამ ფორმალისტური ანალიზი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის განიხილავს ტექსტს, როგორც გაცვლა-გამოცვლისა და ტრანსაქციების ლოკუსს, შეიძლება ნაყოფიერი იყოს. იან რედი  ნარატოლოგიური მეთოდებით განიხილავს ნარატიული `გაკოტრებასა~ და `გაცვლა-გამოცვლას~, მაგალითად, შემოაქვს რამდენიმე სასარგებლო `ეკონომიკური~ მოდელი ძალთა ურთიერთმიმართების აღსაწერად, ერთი მხრივ, ტექსტების შიგნით და, მეორე მხრივ, ტექსტებსა და მათ ავტორებს შორის. სამწუხაროდ, რედი იშვიათად აკავშირებს ტექსტების შინაგან ეკონომიკებს მათს ეკონომიკურ კონტექსტთან და იმ კონტექსტებთან, რომლებშიც ტექსტები არსებობს. მიუხედავად ამისა, რედის ნაშრომი იმპლიციტურად გვიჩვენებს მთელი თანამედროვე ეკონომიკური კრიტიკის ნაკლს _ იმის უგულებელყოფას, რასაც მარკ შელი უწოდებს `ტროპების გაცვლა-გამოცვლას~ ტექსტებში _ და აგრეთვე ააშკარავებს ისტორიული ცოდნის გათვალისწინების აუცილებლობას: განმარტებითი კონტექსტის გარეშე ეკონომიკური ცნებები თითქოს უწესრიგოდაა შერჩეული და არც ინტრატექსტუალური, ინტერტექსტუალური და ექსტრატექსტუალური დინამიკითაა ნაკარნახევი.
   თუკი არ  გავითვალისწინებთ ლიტერატურულ დისკურსებს, როგორც მრავალი სოციალური დისკურსის ერთ-ერთ სახეობას, მაშინ დაუსაბუთებელი იქნება, რატომ უნდა გამოვიყენოთ ნარატივის დინამიკის აღსაწერად ეკონომიკური ცნებები ნაცვლად, მაგალითად, ფსიქოლოგიური ტერმინებისა.
     ეკონომიკური კრიტიკის მეორე ფორმა  განიხილავს ცალკეული ავტორების ან სკოლების ეკონომიკურ ჩვევებს, წარმოდგენებს, ტრადიციებს და აანალიზებს, თუ რამდენად აისახება ეს ჩვევები მათს შემოქმედებაში. ეს გამოკვლევები, რომლებიც ახლოა მემარცხენე ან მარქსისტულ იდეოლოგიასთან, კმააყოფილდება  იმით, რომ სესხულობს ცნებებს სოციალურ თეორეტიკოსთა წინა თაობისგან მათი კრიტიკული განხილვის გარეშე, უპირობოდ.  გარდა ამისა, ბევრი  ამგვარი ნაშრომის მიზანია სხვადასხვაგვარი ეკონომიკური თეორიების, ცნებების ან ფილოსოფიური საფუძვლების გამოყენება იმის განხილვის გარეშე, როგორ იყო გააზრებული კრედიტი, ღირებულება და ფული და .. იმ ეპოქის კულტურაში, როდესაც შეიქმნა და აღქმულ იქნა ნაწარმოები. ეს კვლევები, მოკლედ რომ ვთქვათ, თითქმის მთლიანად ემყარება ტექსტების ზედაპირულ შინაარსს და უგულებელყოფს როგორც თეორიულ ნაშრომებს ეკონომიკური კრიტიკის სფეროში, ისე ეკონომიკის ისტორიას. მაგრამ ყველაზე უფრო საინტერესო ადრეული კრიტიკა იკვლევდა პარალელებს ლიტერატურაში გამოყენებულ ტროპებსა და ეკონომიკის დარგში გამოყენებულ ტროპებს შორის. მათ შორისაა ჰაინცელმანის (1980) საუკეთესო ადრეული ნაშრომი, სადაც გაანალიზებულია  `ენა და ლოგიკა, რომლებიც საერთოა პოეტურსა და ეკონომიკურ სისტემებს შორის~ სპენსერის, თოროს, უილიამ კარლოს უილიამსის ღრმა და გააზრებული ეკონომიკური წაკითხვის მეშვეობით, და ჯონ სტიუარტ მილის, მარქსისა და ჯონ რასკინის ეკონომიკური პოეტიკების ლიტერატურული წაკითხვის მეშვეობით. ჰაინცელმანის მსგავსად, ეკონომიკური კრიტიკის სხვა ფუძემდებლებმა, უბრალოდ, გამოიყენეს ის, რაც მაკკლოსკის და რიტორიკული ეკონომიკის სხვა წარმომადგენელთა მიერ ესოდენ საგულდაგულოდაა დამუშავებული: რომ ეკონომიკა უზრუნველყოფს ტროპებისა და გამონაგონის (fictions) მზა სისტემას ღირებულების, სესხის, ფულისა და გაცვლა-გამოცვლის შესახებ, რაც საფუძვლად უდევს არა მარტო მათს საკუთარ პრაქტიკებსა და ტექსტებს, არამედ _ ლიტერატურულ დისკურსებსაც, რომელთა კავშირი ეკონომიკასთან ნაკლებად თვალსაჩინოა. მოკლედ რომ ვთქვათ, ეკონომიკურ კრიტიკას მიეწერება არსებობა და გამოვლენა პარალელებისა და ანალოგიებისა ლინგვისტურსა და ეკონომიკურ სისტემებს შორის. ამიტომ ლიტერატურული ეკონომიკის რომელსამე თეორეტიკოსმა უნდა დაიწყოს სოსიურის ლინგვისტიკისა და პოსტსტრუქტურალისტური თეორიის  აქსიომებით _ რომ ყველა ნიშანი არბიტრარულია და სინტაგმატურ კავშირშია ერთმანეთთან. შემდეგ კი უნდა გაანალიზდეს ფულისა და ფინანსების ერთნაირად ფიქტიური ან კონსტრუირებული ბუნება. შელმა, ჟან-ჟოზეფ გუმ და უოლტერ ბენ მაიკლსმა გააანალიზეს ისტორიული და ფილოსოფიური პარალელები _ რომელთაც ჩვეულებრივ ჰომოლოგიებს უწოდებენ _ ეკონომიკურსა და ლინგვისტურ სისტემებს შორის. მათმა გამოკვლევებმა საფუძველი დაუდეს ფაქტობრივად მთელ ლიტერატურულ ეკონომიკურ კრიტიკას, რომელიც მას შემდეგ განვითარდა.
ახალი დეფინიციები
ახლა პასუხი გავცეთ კითხვაზე: რა არის ეკონომიკური კრიტიკა? ისტორიული მიმოხილვის საფუძველზე შეიძლება შემოგთავაზოთ რამდენიმე _ თუმცა კი ურთიერთდაკავშირებული მიდგომა ლიტერატურული ტექსტების ეკონომიკისადმი.
1. წარმოება
    ეკონომიკური კრიტიკის ყველაზე უფრო  ხშირად  იკვლევს  სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ კონტექსტებს, რომლებშიც პიროვნება ან სოციალური ჯგუფი მუშაობს
1. აქ ეკონომიკური კრიტიკა მოიცავს ახალი ისტორიზმის კულტურულ კვლევებს. ამგვარი კვლევისას შეიძლება განხილულ იქნას, ჯერ ერთი, ცალკეული ავტორის შეხედულებები ფულის, ამ ავტორის ფინანსური პრაქტიკების, შემოქმედებითი შრომის მეშვეობით მოპოვებული შემოსავლის, ბაზარზე მისი ადგილის და . . შესახებ.
 2. აქვე შეიძლება გაანალიზებულ იქნას  ეკონომიკა ფართო გაგებით, რომელშიც არსებობენ ავტორი და მისი ნაწარმოები, რაც მოიცავს ხელოვნების ძეგლის ან ლიტერატურული ნაწარმოებების აღქმასა და შეფასებას ფართო ბაზარზე; შეიძლება განხილულ იქნას სხვა კულტურული დისკურსები (მაგალითად, რეკლამა, მატერიალური კულტურის სხვა საგნები და პრაქტიკები), რომლებიც ზემოქმედებას ახდენს  განსახილველ ტექსტზე ან ტექსტებზე;  შეიძლება გაანალიზებულ იქნას სხვა ტექსტების ზეგავლენა ან პარალელები მათთან; შეიძლება გამოკვლეულ იქნას სქესის, ეთნიკური კუთვნილების და სექსუალური ორიენტაციის ეკონომიკური ან სოციალური ზეგავლენა ტექსტის შექმნაზე. ბოლოს, შეიძლება გათვალისწინებულ იქნას ეროვნული, რეგიონალური ან ტრანსნაციონალური ეკონომიკების თავისებურებები, რომლებიც არსებობდა ტექსტის შექმნის პერიოდში.
   მაგალითად,  იმისთვის, რათა ადეკვატურად გავიაზროთ ჩარლზ დიკენსის მიერ ფულის, კლასის და ბურჟუაზიული სუბიექტურობის აღწერა, უნდა გამოვიკვლიოთ: როგორი ზემოქმედება მოახდინა დიკენსის მამის დაპატიმრებამ (ვალების გადაუხდელობის გამო) მწერლის დამოკიდებულებაზე ფულისა და სამუშაოს მიმართ; დიკენსის მანიპულაციები ბაზარზე მისი ნაწარმოებებით: როგორი რეაქცია ჰქონდა მას  საზოგადოების დამოკიდებულებაზე და რეკლამაზე (სახელის მოხვეჭის მიზნით); რამდენად განსაზღვრა გასაღებაზე ზრუნვამ მწერლის მანიაკალური შრომისმოყვარეობა; დიკენსის ზრუნვა საავტორო უფლებების დაცვის შესახებ; შესაძლოა, აგრეთვე, განხილულ იქნას დიკენსისა და მისი შემოქმედების მიმართება სწრაფად განვითარებადი ინდუსტრიული და იმპერიალისტური ეკონომიკისა და ვიქტორიანულ ინგლისში მიმდინარე კლასობრივი პროცესებისადმი. თანამედროვე ეკონომიკურ კრიტიკაში ამგვარი განხილვის მაგალითები უხვად მოიპოვება. ამგვარი პროდუქციონისტური კრიტიკა ძირითადად ექსტრატექსტუალურია: ის აერთიანებს ბიოგრაფიულ, ისტორიულ და კულტურულ მეთოდებს, როგორც იმის საშუალებას, რომ განვიხილოთ ტექსტები და ავტორები ვიწრო და ფართო ექსტრატექსტუალურ ეკონომიკებში, მაგრამ იშვიათად  განიხილავს თვით ტექსტების შიდა ეკონომიკებს.

შიდა მოძრაობა
ეკონომიკური კრიტიკის მეორე ფორმაა პროდუქციონისტური (ზემოთ განხილული) მეთოდების გამდიდრება  შელის იმ შეხედულების საფუძველზე, რომლის თანახმად, ფული სხვა არაფერია, თუ არატროპების სისტემა“, რომელიც მონაწილეობს ენის ლოგიკურ ან სემიოლოგიურ ორგანიზებაში“. ამგვარი კრიტიკა იყენებს ფორმალისტურ მეთოდებს ტექსტის ან ტექსტების შიდა (ინტერნალური) ან ინტრატექსტუალური  ეკონომიკებისგანსახილველად. ამ მიდგომაში ძირითადია წარმოდგენა ტექსტების, როგორც გაცვლა-გამოცვლის სისტემების  შესახებ, რომელშიც შედის გამაერთიანებელიომეტაფორული  შენაცვლებების დინამიკური მოდელები. გასაკვირი არაა, რომ ამგვარი შენაცვლებების ძირითადი საშუალებაა ტროპები, რომლებიც, ასევე, მონეტარულია დენოტაციისას ნარატიული ფორმების მიმართ გამოყენებისას ამგვარი კრიტიკა, ჩვეულებრივ, იწყება პერსონაჟთა  მოქმედებებისა და ურთიერთქმედებების განხილვით _ მათი გაცვლა-გამოცვლა, ვალები, შენაძენები, დანაკარგები, საჩუქრები და .. _ რათა გამოაშკარავებულ იქნას, როგორ ხდება შინაგანი (ინტერნალური) ტროპული ეკონომიკის ხორცშესხმა. ამგვარმა კრიტიკამ შეიძლება განიხილოს ეკონომიკური ტროპები ცალკეულ ლიტერატურულ ნაწარმოებებში, ლიტერატურულ მიმდინარეობებში ან ამა თუ იმ ავტორის შემოქმედებაში, რათა გამოჰყოს განმეორებადი სახეობრივი მოდელები და ამის საშუალებით განსაზღვროს ავტორისეული შეფასება საკუთარი შემოქმედებითი შრომისა (ჰაინცელმანი სწორედ ასე იქცევა). მოკლედ. ამგვარი ფორმალისტური კრიტიკის პროცედურები მნიშვნელოვანწილად ინტრატექსტუალურია. მაგრამ თუ ახალი ისტორიზმი უგულებელყოფს ინტრატექსტუალურს ექსტრატექსტუალურის სასარგებლოდ, ფორმალისტური ეკონომიკური კრიტიკა, თავის მხრივ,  დააზარალა მისმა უნივერსალისტურმა და არაისტორიულმა შეხედულებებმა იმ დამოკიდებულებების შესახებ, რომლებიც არსებობს ავტორებსა და სოციალურ გარემოს შორის. ამიტომ ეკონომიკურმა კრიტიკამ უნდა გააერთიანოს  ანალიზის რამდენიმე მეთოდი და თავი შეიკავოს როგორც ვიწრო ფორმალისტური მიდგომისგან, ასევე _ ზედაპირული კავშირებისა და განზოგადებებისგან, რომლებიც ახალ ისტორიზმს ახასიათებს.  ამ მეთოდების კომბინირების მეშვეობით კრიტიკოსს შეუძლია გამოავლინოს ტექსტების მთელი სიღრმე და, იმავდროულად, აჩვენოს, როგორ ასახავს მიკროკოსმი მაკროკოსმს, გადახადოს საფარი კულტურულ არტეფაქტებს. მაგალითად, კრიტიკოსმა ჯეიმს ჯოისის `ულისეს~ განხილვისას უნდა განმარტოს არა მარტო ის, თუ როგორ ასახავს ეს უზარმაზარი რომანი ირლანდიის ცხოვრების ეკონომიკურ ასპექტებს, არამედ ისიც, თუ როგორ ასახავს მისი ტექსტუალური ეკონომიკა ირლანდიის ეკონომიკურ  პირობებს. ამგვარ კრიტიკოსს შეუძლია გამოააშკარავოს, რომ ტექსტი თავს არიდებს  მუდმივ ფლუქტუაციას კონტროლსა და თავაშვებულობას შორის, ან მომჭირნეობასა და ხარჯვას შორის, რაც ასახავს მისი ავტორისა და ირლანდიის რეალური ცხოვრების ეკონომიკურ ამბივალენტურობას 1904 წელს, განადგურების პირას მყოფი კოლონიური ეკონომიკის ვითარებაში. გარკვეული ეკონომიკური ქცევა _ მაგალითად, მაქსიმალური უტილიტარიზმი _ ინგლისური მენტალიტეტის გამოვლინებად შეიძლება მივიჩნიოთ. კრიტიკოსი-ფორმალისტი მიხვდება, რომ ჯოისის მერყეობა ვერბალურ უბადრუკობასა (რომელშიც სიტყვები და პერსონაჟები დაქვემდებარებულია მომჭირნეობის მკაცრი ეკონომიკური ეთიკისადმი) და ენის კომიკურ ექსტრავაგანტურობას შორის (როდესაც სიტყვები თავისუფლადიხარჯება“), საშუალებას აძლევს მწერალს, გადააქციოს თავისი ესთეტიკური მუშაობა ინგლისური ენის მასალაზე ირლანდიის კულტურულ კაპიტალად.

        ინგლისურიდან თარგმნა და მოამზადა თამარ ლომიძემ