Translate

Saturday, April 8, 2017

ეკონომიკური აზროვნების დივერსიფიკაცია ფილიპე გოგიჩაიშვილთან


გიული ქეშელაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
 სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა
და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორიG


XX საუკუნის დასაწყისში მსოფლიო გადანაწილებული იყო ევროპის წამყვან კაპიტალისტურ სახელმწიფოთა შორის და დღის წესრიგში იდგა მისი ხელახალი გადანაწილების საკითხი, რადგან ამას მოითხოვდა ზოგიერთი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების აუცილებლობა. იმ პერიოდში ინგლისის კოლონიური იმპერია გადაჭიმული იყო 33598,5 ათას კვ. კმ-ზე, სადაც ცხოვრობდა 393831,9 ათასი კაცი; საფრანგეთი _10649,8 ათას კვ. კმ-ზე, სადაც ცხოვრობდა 55031,5 ათასი კაცი; ბელგია და ნიდერლანდები ფლობდნენ კოლონიებს, რომლებიც  ტერიტორიითა და მოსახლეობით მრავალჯერ აღემატებოდა მეტროპოლიას.[1] გერმანიის ეკონომიკა მოკლებული იყო ნედლეულის წყაროებსა და გასაღების ბაზრებს. უზარმაზარ კოლონიურ იმპერიას ფლობდა რუსეთი. თუმცა რუსეთისათვის ამიერკავკასიას მაინც პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭებოდა მისი გეოსტრატეგიული მდებარეობის გამო.
XIX საუკუნის ბოლოსა და  XX საუკუნის დასაწყისში რუსული ნიჰილიზმის წინააღმდეგ და საქართველოს გადარჩენისათვის  მებრძოლთა შორის  მნიშვნელოვანი ადგილი უკავია  თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთ ფუძემდებელს ფილიპე გოგიჩაიშვილს.  მან თავისი სამეცნიერო-პუბლიცისტური მოღვაწეობა დაიწყო 1892 წლიდან, როცა გაზეთ ,,ივერიაში“, ჟურნალ ,,მოამბეში“, ,,კვალში“, გაზ. ,,ცნობის ფურცელსა“ და ,,საქართველოს მოამბეში“ ინტენსიურად იბეჭდებოდა მისი სტატიები, ნარკვევები და ფელეტონები, რომლებიც მიმართული იყო რუსული  ცარიზმის წინააღმდეგ. განსაკუთრებით საინტერესოა ფ. გოგიჩაიშვილის კვლევები და პუბლიცისტური წერილები ქართველ და კავკასიელ ხალხთა სამეურნეო საქმიანობის საკითხებზე, ქართველი ერის წარსულისა და მომავალი განვითარების ეკონომიკურ პროცესებზე. მის შრომებში ძირითადად ასახულია მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, კომუნალური მეურნეობის, ვაჭრობის, ფულის, კრედიტის, ბანკების, საბანკო და საგადასახადო პოლიტიკის, ეკონომიკური თეორიის, სტატისტიკის, ეკონომიკის ისტორიისა და სხვა საკითხები. იგი აშუქებდა საქართველოსა და კავკასიის ქვეყნების საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ცხოვრების პრობლემებს.
ფ. გოგიჩაიშვილის შემოქმედებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აგრარული საკითხების, მეწარმეობისა და მასთან დაკავშირებული თეორიული და პრაქტიკული საზოგადოებრივ-ეკონომიკური პრობლემების კვლევა, რომელთა შესახებ ჩამოყალიბებულ შეხედულებებს  აკადემიკოსმა პაატა გუგუშვილმა ,, იმდროინდელი ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების ანატომიის გასაღები“ უწოდა.[2] იგი იკვლევდა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთოდ ამიერკავკასიის ეკონომიკურ ცხოვრებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ რეფორმის შემდგომი პერიოდის ფეოდალური მიწათმფლობელობის რღვევა ამიერკავკასიაში სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა. თუმცა XX საუკუნის დასაწყისშიც ფეოდალურ-მემამულური საადგილმამულო საკუთრება იმდენად ძლიერი იყო, რომ იგი ინარჩუნებდა გაბატონებულ მდგომარეობას.
,,ერი ვერ განვითარდება და ვერ აღორძინდება, თუ უდიდესი ნაწილი ამ ერისა  მუდამ სიღარიბეში იღრჩობა და მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების მხრით თავისთვის ადამიანური ცხოვრება ვერ შეუქმნია. მთელი ერის ძალა და მერმისი ამ მშრომელი ხალხის ხარჯვა-შრომაზეა დაფუძნებული და მისი ინტერესების უარყოფა მთელი ერის უარყოფას და განწირვას ნიშნავს. ,,ნაციონალური უფლებებისათვის“ მებრძოლადაც სწორედ ეს ხალხი გამოდის და არა ის ,,კოხტად ჩაცმული, ჯიბე-სქელი, კუჭმაძღარი მოღვაწეები“.[3]
ფილიპე გოგიჩაიშვილი თავის პუბლიცისტურ სტატიაშიჩვენ და ცხოვრება“  კარგად აყალიბებს საქართველოს ეკონომიკური ჩამორჩენილობის განმაპირობებელი ეროვნული ცნობიერების  ასპექტებს. ქართველობის ეკონომიური საკითხის მთავარი მხარე ის კი არ არის, რომ ჩვენ ღარიბები ვართ, - ეს დღეს ყველასთვის ცხადია, - არამედ ის, თუ რატომ ვართ ღარიბები, - ღარიბები არა როგორც კერძო ადამიანები, ან სოციალური კლასები, არამედ როგორც ხალხი, როგორც ეთნოგრაფიული ანუ ნაციონალური ერთეული, - როგორ უნდა დავაღწიოთ თავი ჩვენს საერთო ეკონომიურ სიბეჩავეს. ,,ჩვენს ეკონომიურ სისუსტეს მრავალგვარი მიზეზი და საფუძველი აქვს, მაგრამ თუ მათ სათითაოდ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ თითქმის ყველა ამ კერძო მიზეზებს ერთი მთავარი, ფართო შინაარსისა და უფრო ზოგადი მნიშვნელობის გარემოება შეიცავს. ეს გარემოება არის შემდეგი: ქართველობა, თავის პრაქტიკულ საქმიანობითა და შინაგანი პსიხიკით, დღესაც ვერ შეწყობია და ვერ შეგუებია თანამედროვე მოქალაქეობრივ ანუ კაპიტალისტური ცხოვრების აზრსა და მოთხოვნილებას. წესი ჩვენი საქმიანობისა და ხასიათი პსიხიკისა იმგვარია, რომ სრულებით არ შეესაბამება კაპიტალისტურ დროის არც საქმიანობასა და არც პსიხიკას.[4]
დღეს ჩვენ მაინც ძველებური აზროვნება გვაქვს შენარჩუნებული. ქართველი ფულს უცქერის არა როგორც კაპიტალს, არა როგორც აღებმიცემობის საშუალებას და ქონების გაზრდა-გადიდების საშუალებას, არამედ როგორც დასახარჯ ქონებას.
აგრარული საკითხებიდან ფ. გოგიჩაიშვილის კვლევის საგანი იყო მიწათმფლობელობა და მიწათსარგებლობა საქართველოსა და კავკასიაში. ამ საკითხებზეა დაწერილი ვრცელი ნარკვევები: ,,ეკონომიკური წერილები“, ,,კერძო და საზოგადოებრივი ცხოვრება“, ,,ჩვენი ხალხი და ქართული პროგრესის მოვალეობა“, ,,შინაური მიმოხილვა“, ,,ჩვენი ეკონომიკური გაჭირვება და სხვა.
ფ. გოგიჩაიშვილი იკვლევდა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი ამიერკავკასიის ეკონომიკურ ცხოვრებას, კერძოდ აგრარულ ურთიერთობათა საკითხებს. ამიერკავკასიაში მე-20 საუკუნის დასაწყისში ფეოდალურ-მემამულური საკუთრება კვლავ გაბატონებულ მდგომარეობას ინარჩუნებდა. ამიერკავკასიის ხუთივე გუბერნიის (თბილისის, ქუთაისის, ელისავეტპოლის, ბაქოს, ერევნის) მიწების 70,8 % ხაზინისა და კერძომფლობელ მემამულეთა სარგებლობაში იყო. დანარჩენი მიწა, რაც მთელი ფონდის 29,2 %-ს შეადგენდა, მოდიოდა მოსახლეობის ძირითად მასაზე_გლეხობაზე. სახელდობრ, სახაზინო გლეხებს ეჭირათ 23,7%, ,,დროებით ვალდებულთ“_1,4% და მემამულეთა მიწებზე მჯდარ გლეხებს _3,9%.  საქართველოში კერძო მფლობელთა დიდი უმრავლესობა წვრილ მემამულეებს წარმოადგენდა. საქართველოში 11.864 წვრილ თავადაზნაურულ მემამულეს ეკუთვნოდა 305 ათასი დესეტინა მიწა, ხოლო 671 მსხვილ მემამულეს _570 ათასი დესეტინა. ამავე დროს 33 უმსხვილეს მემამულეს, რომელთა მფლობელობის მოცულობა 6.000 დესეტინას აღემატებოდა, ეკუთვნოდა 824 ათასი დესეტინა, ე.ი. თითქმის იმდენი, რამდენიც მთელ დანარჩენ თავადაზნაურობას, რომელთა რაოდენობა 12.535 შეადგენდა. აქედან ჩანს, რომ ადგილ-მამული საქართველოს თავადაზნაურობას შორის არათანაბარზომიერად იყო განაწილებული.[5]
ბატონყმობის გადავარდნის შემდგომ პერიოდში, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის გულგატეხილ ბრძოლას ეროვნული ტრადიციების აღსადგენად, გამოკვეთილია სამი ძირითადი  მომენტი: 1. მოსახლეობის ემიგრაცია  საბედისწერო გახდა. ,,საქართველოში, დაუსახლებელი შავი ზღვის პირის (ჩერნომორიის) გუბერნიაშიც არ აძლევენ ნებართვას თავისუფალ ადგილებზე დასახლდნენ და მეურნეობა მოაწყონ. თუმცა ეს გუბერნია თავისი ნიადაგითა და ჰავით გადმოსახლებული რუსი გლეხებისათვის შეუფერებელი აღმოჩნდა, მეგრელებს და საზოგადოდ ქართველებს მაინც აქ გზა არ აქვს და ამით მოკლებულია თავის მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალებას. ამ გარემოების შედეგია ის, რომ ხსენებულს გუბერნიაში ქართველები მეღალეები არიან რუს გლეხებისა“[6]; 2. ჩვენმა ხალხმა ვერ დაიცვა ,,ქართული მამულის როლი“. საბოლოოდ დაიშალა მართლმადიდებლური სამონასტრო მეურნეობა, რომელსაც შეეძლო ეროვნული სული ჩაედგა ადგილობრივი მიწათმოქმედებისათვის; 3. აღორძინდა კოლონიური დიქტატი. ,,ქართველისთვის მიწა უკვე მარჩენალი აღარ არის.“[7]
როგორც პროფესორი ო. საღარეიშვილი აღნიშნავს: მრავალ მანკიერებათა შორის განსაკუთრებით მომაკვდინებელი იყო ,,არაქართველ მიწათმფლობელთა მომრავლება“, რომლის გამო ერის გამაერთიანებელი ძალები დაიქსაქსა და ურთიერთგაუტანლობამ მწვანე გზა გაუხსნა აგრესორებსა და სეპარატისტებს.[8] იმდროინდელი საქართველოს სოფლის მეურნეობაში არსებული საზოგადოებრივ-ეკონომიკური ვითარება კოლონიურ რეჟიმზე იყო დამყარებული. ქართველი გლეხისათვის სოფლის მეურნეობა არ იყო შემოსავლის წყარო, რაც გახდა მამაპაპური ტრადიციების მივიწყების საფუძველი. კონკურენცია, სამეურნეო თავისთავადობისთვის ბრძოლა, მიწების ხელში ჩაგდება, სავარგულების თავმოყრა უმცირესობის ხელში, უმრავლესობის გასვლა სოფლიდან მიმდინარეობდა ერის ინტერესების საწინააღმდეგოდ. რაც იმაზე მიუთითებდა, რომ სოფლის მეურნეობა საქართველოში ვითარდებოდა კოლონიური რეჟიმით, არა ეროვნული ბურჟუაზიის დამკვიდრებით, არამედ სხვა ერების მეთვალყურეობით. ქართველი გლეხობა არა თუ ქონებრივ უთანასწორობას განიცდიდა, არამედ მისი გამოდევნა ხდებოდა სოფლის მოსახლეობიდან.
ფ. გოგიჩაიშვილის შეხედულება აღნიშნულ საკითხზე გადმოცემულია ნაშრომში ,,საქართველოს მცხოვრებთა დაყოფა ეროვნების მიხედვით“, სადაც იგი გლეხის ,,გაორებაზე“ მიუთითებს. რაც იმას გულისხმობს, რომ გლეხი წლის გარკვეულ პერიოდში მიწაზე მუშაობს, ხოლო უმეტეს პერიოდს ,,საშოვარზე“ გადის, რადგან სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავალი მას არსებობის საშუალებას არ აძლევს. ანუ ,, საშოვარზე“ გასული გლეხობა წარმოშობს მოსახლეობის ორ ახალ ტიპს: პირველი ტიპია მკვიდრი მოსახლეობის მიერ მამაპაპისეული სავარგულების ,,მიმტოვებელნი“, რამაც გააძლიერა საქალაქო მეურნეობა.  მეორე ტიპია მათ ადგილზე წარმოშობილი არაქართველი ,,მიწათმფლობელები“. რიცხობრივად პირველი ტიპი სჭარბობს მეორეს, თუმცა ეს თანაფარდობა განსხვავებულია. აღმოსავლეთ საქართველოში იგი 40%-ს აღემატებოდა, დასავლეთში  კი_ 20-25%-მდე მერყეობდა.[9]  ,,მამაპაპურ სავარგულთა მიმტოვებელნი უმიწაწყლონი ხდებიან, მაგრამ ისინი ორიენტირებულნი არიან არა მეწარმეობაზე, ან ახალი დარგების განვითარებაზე, არამედ ქვეყნის დატოვებაზე.
იმდროინდელი საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც რუსეთის კოლონიურ რეჟიმზე იყო დამყარებული, ქართველი გლეხისთვის არ იყო შემოსავლის წყარო, რაც  მამაპაპური ტრადიციების მივიწყების საფუძველი გახდა. კონკურენცია, სამეურნეო თავისთავადობისთვის ბრძოლა, მიწების ხელში ჩაგდება, სავარგულების თავმოყრა უმცირესობის ხელში, უმრავლესობის გასვლა სოფლიდან მიმდინარეობდა ერის ინტერესების საწინააღმდეგოდ. დღევანდელ საქართველოშიც მიგრაციის გამომწვევი მიზეზები, ძირითადად, ეკონომიკური ხასიათისაა. ქვეყანაშშემოსავლიანი სამუშაო ადგილების სიმცირე, ნაკლებხელსაყრელი სამეწარმეო გარემო, უმუშევრობა აიძულებს ადამიანებს საარსებო სახსრები ქვეყნის ფარგლების გარეთ ეძიონ. ,,მსოფლიო გამოცდილებით დადასტურებულია, რომ მეცნიერულად დასაბუთებულ და გონივრულად გატარებულ სახელმწიფო დემოგრაფიულ პოლიტიკას თვალსაჩინო წვლილის შეტანა შეუძლია მოსახლეობის კვლავწარმოების ნეგატიური ტენდენციების განმსაზღვრელი მიზეზების აღმოფხვრასა და ვითარების ნორმალიზებაში.[10]
ფილიპე გოგიჩაიშვილის შრომებში არ მოიპოვება ზუსტი სტატისტიკური ინფორმაცია,  საქართველოდან ქართველთა გადინების შესახებ. მაგრამ სხვადასხვა ინფორმაცია მთის ზონების დაცარიელების, საგარეუბნო ზონების ,,ურბანიზაციის“ და ქვეყნის სანედლეულო ბაზის“ დანამატად გადაქცევის შესახებ მეტყველებს იმაზე, რომ გლეხობა იძულებული იყო სამეურნეო პროცესების საპირისპირო მხარეს ემოძრავა. ემიგრაციის გაძლიერება ხელს უწყობდა ეროვნული ,,ფუძის“ მოშლას, რაც კოლონიური რეჟიმის მიზანს  წარმოადგენდა. აღნიშნული  პოლიტიკის გავლენა საქართველოში დღესაც გრძელდება.
ფ. გოგიჩაიშვილი 1904 წელს ჟურნალ ,,მოამბეში“ გამოქვეყნებულ კვლევაში ,,ჩვენი ეკონომიკური გაჭირვება“ მიუთითებდა: ,,სასოფლო მეურნეობაში მიწა არის უმთავრესი სახსარი წარმოებისა. ამიტომ მეურნესთვის იგი არსებობის მთავარ წყაროს შეადგენს. მიწის ნაყოფით მან უნდა დაიკმაყოფილოს ყველა თავისი მოთხოვნილებანი, უნდა ირჩინოს თავი, გადაიხადოს სახელმწიფო თუ საზოგადო გადასახადი და აწარმოოს თავისი მეურნეობა. ხალხის მოთხოვნილება ყოველთვის ერთ დონეზე არა დგას, იგი ყოველთვის იცვლება და ვითარდება. ერთის მხრით მიმოსვლის გაადვილებისა და მეორე მხრით ვაჭრობისა და ხელოსნობის გავრცელების გამო ხალხი ეცნობა ყველა იმ ნაწარმოებთ, რომელნიც თანამედროვე კულტურას წარმოადგენენ და ეჩვევა კიდეც თანდათან იმათ ხმარებას. მას უჩნდება ბევრი ახალი კულტურული მოთხოვნილებანი, რომლებიც ძველად არ იყო და ამიტომ არც დაკმაყოფილებას საჭიროებდა. დღეს კი მეურნემ ყველა ამათ ანგარიში უნდა გაუწიოს და დააკმაყოფილოს. და ამის შესრულებას იგი მხოლოდ მაშინ შეძლებს, როცა მიწა საკმაოდ აქვს, როცა მიწის მოსავალი ჰყოფნის ხარჯების დასაფარავად... მაგრამ საქმეც ისაა, რომ მოთხოვნილებები გამრავლდა, თორემ მიწას არც სივრცით უმატნია და არც თავისი ნაყოფიერებით. თუ აქა-იქ გლეხობამ თავადაზნაურებისაგან მამულები შეიძინა, სამაგიეროდ ხალხი იმდენად გამრავლდა, რომ ამ შენაძენს ბევრად გადააჭარბა, ასე რომ დღეს ჩვენში მიწის საშინელი სივიწროეა“.[11]
ფ. გოგიჩაიშვილი მიუთითებდა რუსეთის კოლონიური რეჟიმის ბატონობის შედეგად გამოწვეულ სურსათის დეფიციტზე, კაბალების ახალი ფორმების გაჩენაზე და გლეხთა გაჩანაგებაზე. რუსეთის აგრარული პოლიტიკა ძირს უთხრიდა ეროვნულ მეურნეობას. იმ დარგებში მუშაობით, როგორიც იყო მებამბეობა, მეთამბაქოეობა და ა. შ. გლეხობა უფრო მეტ შემოსავალს ღებულობდა, ვიდრე იმ დარგებში, როგორიცაა სიმინდის წარმოება, მებოსტნეობა, მეცხოველეობა და ა.შ. მაგრამ აქედან მიღებული შემოსავლის დიდი  ნაწილი მეტროპოლიური სახელმწიფოს ხელში გადადიოდა. რაც ეროვნული მეურნეობის მნიშვნელობის თანდათანობით დაკარგვაზე მიუთითებდა. გლეხთა მონაწილეობა ,,კოლონიური მიწათსარგებლობის პროგრესში“ აუარესებდა საქართველოს მოსახლეობის მდგომარეობას და საბოლოოდ მათ ემიგრაციისკენ მიერეკებოდა. კოლონიური დარგების წინ წამოწევა იწვევდა გაცვლას არა ნხოლოდ მიწათმოქმედებასა და მრეწველობას შორის, არამედ სავაჭრო მიწათმოქმედების სხვადასხვა სახეს შორისაც (ბამბის გაყიდვა და პურის ყიდვა, თამბაქოს გაყიდვა, რძის პროდუქტების ყიდვა და ა.შ.), მაგრამ ზემოაღნიშნული დარგების განვითარება არ იწვევდა საშინაო ბაზრის როლის ზრდას და მიწათმოქმედების სპეციალიზაციას. ბამბის თესვა თბილისის გუბერნიაში 40 ათას ჰა-ს აჭარბებდა, მოსავალი კი-400 ათას ტონამდე აღწევდა. სოფლის მეურნეობის შემოსავალი ამ დარგიდან ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე მებოსტნეობიდან, ანდა მერძევეობიდან. ამის მიზეზი მიწის მაღალი საიჯარო განაკვეთები და მაღალი გადასახადები იყო. ფ. გოგიჩაიშვილი მიუთითებდა, რომ თბილისის ბაზრებზე ყოველწლიურად 40 ათას ფუთზე მეტი ბოსტნეული იყიდებოდა, მაგრამ მისი დიდი ნაწილი სხვა ქვეყნებიდან იყო შემოტანილი.
ამრიგად, ფ. გოგიჩაიშვილის ნაშრომებში ნაჩვენებია, რომ კოლონიური დარგების განვითარებამ საქართველოში არ გამოიწვია საშინაო ბაზრის ზრდა. ვერ განხორციელდა მიწათმოქმედების სპეციალიზაცია, მაგრამ  გაძლიერდა ქართული აგრარული მოსახლეობის ემიგრაცია და ეროვნული მეურნეობის დეგრადაცია.  რუსეთის კოლონიური რეჟიმი საქართველოში აფართოებდა და ამწვავებდა სოფლის მეურნეობაში ამ რეჟიმისთვის დამახასიათებელ წინააღმდეგობებს და საბოლოოდ, ძირი გამოუთხარა ქართულ ეროვნულ მეურნეობას.
ფ. გოგიჩაიშვილი სოფლის მეურნეობასთან ერთად მრეწველობასაც იკვლევდა. მისი ნაშრომი ,,ხელოსნობა საქართველოში“ 1901 წელს გერმანულ ენაზე გამოვიდა ქ. ტიუბინგენში. აღნიშნულ ნაშრომში დახასიათებულია ქართული საოჯახო სამრეწველო საქმიანობის მდგომარეობა  საქართველოში. საოჯახო სამრეწველო საქმიანობა (ხელოსნობა) მიმდინეობდა გლეხის ოჯახში ნედლეულის გადამუშავებით. ხელოსნობა მიდინარეობდა მომხმარებლის დაკვეთით. ხელოსნის ანაზრაურება ხდებოდა ჯერ ნატურით, ხოლო შემდგომში ფულით. ამ ფორმას ფ. გოგიჩაიშვილი საფასო ხელოსნობას უწოდებდა. საქართველოში ხელოსნობა ერთდროულად წარმოიშვა როგორც სოფლად, ისე ქალაქად. სოფლის მოსახლეობის ნაწილი ეუფლებოდა ტყავის დამუშავებას, მეთუნეობას, სამჭედლო საქმეს, ღებავდა ქსოვილს, ფქვავდა მარცვალს. ხელოსნობის გაფართოება მოასწავებდა კაპიტალიზმის განვითარების საწყის ეტაპს, რაც ორგვარად მიმდინარეობდა: ერთი მხრივ, გლეხთა გადასახლებით მშობლიური კერიდან ქალაქებსა და უცხოეთში, მეორე მხრივ, ახალი სარეწების გაჩენით ძველის შეზღუდვის პარალელურად. მაგრამ ,,ახალ საწარმოთა დამაარსებლები ხშირად უცხოელები არიან: გერმანელები, ბელგიელები, ფრანგები, რომელნიც, როგორც კაპიტალისტები, სათანადო ცოდნით არიან აღჭურვილნი“.[12] ქართველი გლეხი-ხელოსანი მეტოქეობის გაძლიერებასთან და კაპიტალისტური ფაბრიკის ზრდასთან ერთად მიდის ქალაქად, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სადაც ხელოსნები ჯერ კიდევ ცოტანი არიან, ,,საშოვარი“ მეტია და ცხოვრება უფრო იაფია. ასე იჭრებოდა კაპიტალისტური ურთიერთობა საქართველოში.
საწარმოთა მასშტაბის ზრდასთან ერთად იზრდებოდა შრომის მწარმოებლურობაც. მსხვილ საწარმოთა მიერ გამოშვებული პროდუქცია დროის ერთეულში გაცილებით მეტია ვიდრე წვრილი საწარმოებისა. კერძოდ, მსხვილ საწარმოებში ეს მაჩვენებელი 40-60%-ით მეტია. სხვაგვარად წარმოუდგენელიც იყო, რომ მსხვილ სახელოსნოებში, სადაც გაცილებით მეტი მუშახელია მოქცეული, ვიდრე წვრილებში, კოოპერაციის ფართო მასშტაბით გამოყენებას  არ შეიძლებოდა გავლენა არ მოეხდინა შრომის მწარმოებლურობის ზრდაზე. ფ. გოგიჩაიშვილი აღნიშნავს, რომ წვრილ საწარმოს არა აქვს ხელსაწყოთა სრული შემადგენლობა. იგი იზულებულია შეზღუდოს გამოსაშვები საქონლის ასორტიმენტი. ნედლეულის ყიდვა მას უფრო ძვირი უჯდება, მაგრამ იძულებულია იაფად გაყიდოს საქონელი იმიტომ, რომ მას ფული ესაჭიროება. ფ. გოგიჩაიშვილი მიუთითებდა, რომ ეს პროცესი მიმდინარეობდა ეროვნული ეკონომიკის საპირისპიროდ, სულერთია ამ უკანასკნელს შეუძლია თუ არა სამუშაო ადგილების ზრდა. როგორც კოოპერაციის საშუალებით გადიდებული საზოგადოებრივი საწარმოო ძალა შრომის კაპიტალი საწარმოო ძალად გვევლინება, ისე კოოპერატორთა, განცალკევებულ დამოუკიდებელ მუშაკთა, ან წვრილ მესაკუთრეთა საქმიანობა  გვევლინება ეროვნული ეკონომიკის შემზღუდავ ძალად. ესაა ძირითადი ცვლილება, რასაც განიცდის მეტროპოლიის დანამტად ქცეული ნებისმიერი ქვეყანა, ამ შემთხვევაში საქართველო.
წვრილ მწარმოებელთა რიცხვის ზრდამ საქართველოში განსაკუთრებული შემსყიდველები წარმოშვა, რომელთა ძირითადი სამეურნეო ოპერაცია მდგომარეობდა იმაში, რომ საქონელს გასაყიდად ყიდულობდნენ. ამიტომ შემსყიდველი სავაჭრო კაპიტალის მფლობელი ხდებოდა. წვრილ მწარმოებელს საქონლის გასაყიდად კავშირის დამყარება უხდებოდა მევახშესთან და საგირავნოდ მიწას იყენებდა. ამ ფორმით ქართველთა მამულების დიდი ნაწილი არაქართველ მევახშეთა ხელში ექცეოდა.
ფ. გოგიჩაიშვილი ახასიათებდა იმ ძირითად ფორმებს, რომლებსაც სავაჭრო კაპიტალი და მევახშეობა იღებდა. ყველაზე მარტივი ფორმა იყო ვაჭრის მიერ ხელოსნისგან საქონლის ყიდვა. თუ ადგილობრივი შემსყიდველი ერთადერთი იყო, ვისთვისაც ხელოსანს ნაწარმის მიყიდვა შეეძლო, მაშინ შემსყიდველი სარგებლობდა მწარმოებელთან ფასის შეცირების უპირატესობით. აქ წარმოიშვა სავაჭრო კაპიტალის მე-2 ფორმა_ მისი შეერთება მევახშეობასთან: გლეხი, რომელსაც ფული სჭირდებოდა, სესხად იღებდა შემსყიდველისგან ფულს და შემდეგ ვალში აძლევდა თავის საქონელს. ამ შემთხვევაში საქონლის გასაღება ხდებოდა ხელოვნურად შემცირებულ ფასში, რაც განაპირობებდა გლეხის მოწყვეტას მიწათმოქმედებისაგან. მე-3 ფორმა იყო ნაწარმში ანგარიშის გასწორება საქონლით, რაც საქართველოში გავრცელებული ფორმა იყო. სავაჭრო კაპიტალის მე-4 ფორმა არის ვაჭრის მიერ ანგარიშის გასწორება იმ საქონლით, რომელიც სჭირდება შინამრეწველს. ეს წინგადადგმული ნაბიჯი იყო კაპიტალიზმის განვითარებაში.
პროფესორი ო. საღარეიშვილი აღნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის შეერთება მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ეროვნული ეკონომიკის აღორძინებაში, მაგრამ ,,რუსული კაპიტალიზმის“ შემოჭრა საბოლოოდ ასამარებდა მას. მრეწველობის განცალკევება მიწათმოქმედებისაგან ხდებოდა ყოველგვარი ეროვნულის აღკვეთით და გაჭირვება აიძულებდა საქართველოს მკვიდრს მიწასთან ერთად დამოუკიდებელი სარეწიც მიეტოვებინა.[13]
ფ. გოგიჩაიშვილი მიუთითებდა, რომ საქართველოსთვის კაპიტალიზმის განვითარების ტემპზე უფრო მნიშვნელოვანი იყო, თუ როგორი იყო წინაკაპიტალისტური წყობილება, ხომ არ ხდებოდა მისი ყალბი იდეალიზაცია. ყოველი მსხვილი საწარმო, რომელიც სიცოცხლისუნარიანი იყო XIX საუკუნის ბოლოსა და  XX საუკუნის დასაწყისში, არაქართველთა ხელში იყო. საბაზრო მეურნეობის ნაცვლად საქართველოში XX საუკუნის პირველ ნახევარში დარჩა წმინდა ,,რუსული კაპიტალიზმი“, რომელიც ხელოვნურად ამწყვდევდა ,,ქართულ პროვინციას“ ეკონომიკური დამოკიდებულების მარწუხებში. ფულის გაფეტიშება აშკარა იყო როგორც მეტროპოლიაში, ისე პროვინციებში. მაგრამ სრულყოფილებას იგი აღწევდა მსხვილ მანქანურ მრეწველობაში, რასაც მოკლებული იყო საქართველო. ამ თვალსაზრისით იხილავდა ფილიპე გოგიჩაიშვილი იმ ძვრებს რომელსაც ადგილი ჰქონდა XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის საქართველოში. საწინააღმდეგოდ მოაზროვნეებს იგი უწოდებდა ,,გულუბრყვილო მეოცნებეებს“, ან აგრარირების იდეოლოგებს“[14].
 ამრიგად, ფ. გოგიჩაიშვილი თავის პუბლიცისტიკაში აყალიბებდა საქართველოს ეკონომიკური ჩამორჩენილობის განმაპირობებელ ძირითად მიზეზებს, რომელიც რუსეთის კოლონიური რეჟიმით იყო გამოწვეული. კავკასიის ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც სოფლის მეურნეობის  განვითარება მიმდინარეობდა  არა ეროვნული ბურჟუაზიის დამკვიდრებით, არა კაპიტალიზმის გზით, არამედ სხვა ერების ,,მეთვალყურეობის“  ქვეშ, რამაც საბოლოოდ ძირი გამოუთხარა ქართულ ეროვნულ მეურნეობას.


გამოყენებული ლიტერატურა
1.      ა. ბედიანაშვილი, ა. დაუშვილი, მ. სამსონაძე, ხ. ქოქრაშვილი, დ. ჭუმბურიძე, ო. ჯანელიძე, რუსული კოლონიალიზმი საქართველოში, თბილისი,  2008.
2.      ფ. გოგიჩაიშვილი, რჩეული ნაწერები, ტ. I, თბ., 1974.
3.      ფ. გოგიჩაიშვილი, ჟურნ ,,მოამბე“, #1, 1904.
4.       ფ. გოგიჩაიშვილი, ჟურნ. ,,ივერია“, #32, 1905.
5.      ფ. გოგიჩაიშვილი, წერილები, მოგონებები, თსუ, 1993.
6.      ფ. გოგიჩაიშვილი, ხელოსნობა საქართველოში, თსუ,  თბ., 1976.
7.      პ. გუგუშვილი, გამოჩენილი ქართველი ეკონომისტის ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა, ეკონომიკა, V,  თბილისი, 1973.
8.      ა. თვალჭრელიძე, ა. სილაგაძე, გ. ქეშელაშვილი, დ. გეგია, საქართველოს სოციალურ ეკონომიკური განვითარების პროგრამა, თბილისი 2011. http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe

9.      ო. საღარეიშვილი, ბურჯი ქართული ეკონომიკური აღორძინებისა, თბილისი, 2003.
10.  Советская историческая энциклопедия, т 7., 1965.









[1] Советская историческая энциклопедия, т 7., 1965, გვ. 527
[2] ფ. გოგიჩაიშვილი, რჩეული ნაწერები, ტ. I, გვ. 7, თბ., 1974.
[3] ფ. გოგიჩაიშვილი, ჟურნ. ,,ივერია“, #32, 1905.
[4] http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe
[5] პ. გუგუშვილი, გამოჩენილი ქართველი ეკონომისტის ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა, ეკონომიკა, V, გვ. 58-62, თბილისი, 1973.
[6] ფ. გოგიჩაიშვილი, რჩეული ნაწერები, ტ. I, გვ. 235, თბ., 1974
[7] იქვე, გვ. 138.
[8] ო. საღარეიშვილი, ბურჯი ქართული ეკონომიკური აღორძინებისა, გვ.15,  თბილისი, 2003.
[9] ფ. გოგიჩაიშვილი, რჩეული ნაწერები, ტ.I., გვ. 337, თბ., 1974.
[10] ა. თვალჭრელიძე, ა. სილაგაძე, გ. ქეშელაშვილი, დ. გეგია, საქართველოს სოციალურ ეკონომიკური განვითარების პროგრამა, თბილისი 2011, http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe
[11]ფ. გოგიჩაიშვილი,  ჟურნ. ,,მოამბე“, #1, გვ. 64-65,  1904.
[12] ფ. გოგიჩაიშვილი, ხელოსნობა საქართველოში, თსუ, გვ. 149, თბ. 1976.
[13] ო. საღარეიშვილი, ბურჯი ქართული ეკონომიკური აღორძინებისა, გვ. 38,
 თბილისი, 2003.
[14] ფ. გოგიჩაიშვილი, წერილები, მოგონებები, თსუ, გვ. 118.
თბილისი, 1993.