Translate

Wednesday, June 22, 2016

ეკონომიკური კონცეპტები ილიას პროზაში


ნონა კუპრეიშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის _ „ეკონომიკური კონცეპტები ქართულ მხატვრულ პროზაში“_ ხელმძღვანელი


 სამეცნიერო ნაშრომის ეს თავი წაკითხულია საერთაშორისო კონფერენციაზე „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა“, რომელიც ჩატარდა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016 წლის 25-27 ივნისს

  გასაგები  მიზეზების  გამო  ნახევარ  საუკუნეზე  მეტია,  რაც  ილია  ჭავჭავაძის  პიროვნებაც  და  შემოქმედებაც  ქართული  ლიტმცოდნეობის  ყურადღების  ცენტრშია.  არსებობს  კიდეც  მეცნიერული  კვლევის  ასეთი  მიმართულება  -  ილიალოგია,  რომელსაც  რეალური  მიღწევები გააჩნია.   რამდენადაც  მრავალმხრივია  თვით  ილიას  მოღვაწეობა,  იმდენად  განსხვავებული  აღმოჩნდა ინტერესთა  ის   სხვადასხვა  სფერო,  რომელიც  ამ   ტიპის  ნაშრომებში  გამოიკვეთა.  თუმცა   შეიძლება   დაბეჯითებით  ითქვას, რომ   არსებობს  კვლევის  კიდევ   ერთი   ახალი  მეთოდი,  რომელიც   არც  ილიასა  და  არც   სხვა  რომელიმე  ქართველი  მწერლის   შემოქმედების  ინტერპრეტირების   პროცესში  ჯერ   არ  გამოუყენებიათ.  ეს  გახლავთ  ამერიკულ  ლიტმცოდნეობაში ფაქტობრივად  XX – XX1  საუკუნეთა   მიჯნაზე   ჩამოყალიბებული   ახალი  მიმართულება,  ე. წ.  ახალი  ეკონომიკური  კრიტიკა,  რომლის  არსებობას  ეკონომიკისა  და  ლიტერატურის  ურთიერთდაახლოებას, ლიტერატორთა და  ეკონომისტთა ინტერესთა  ურთიერთგადაკვეთას  უნდა  ვუმადლოდეთ.   ამიტომაც  პოსტსაბჭოთა   სივრცეში   ეკონომიკური  კრიტიკის  პირველი   წარმდგენი    მიხეილ  გრონასი, რომელიც   2002   წელს  ჟურნალ  ,,ახალ  ლიტერატურულ  მიმოხილვაში“    (Гронас,   2002:129 )  სათანადო   განმარტებებით  ამავე   სახელწოდების  თეორიულ  რუბრიკას უძღვება,  წერს  კიდეც:  ,,კვლევები  ეკონომიკისა  და  ლიტერატურის  გადაკვეთაზე   ავლენენ  ჰუმანიტარებს,  რომლებსაც  აინტერესებთ  ეკონომიკა  და   ეკონომისტებს,  რომლებიც  გულგრილნი   არ  არიან  ლიტერატურის  მიმართ“.    რამ   განაპირობა   ეს?
     ახალი  ეკონომიკური   კრიტიკის  პირველივე,  ასე   ვთქვათ,   საბაზისო    კრებულის  შესავალ  წერილში   (The  new  ekonomik  criticusm,  Ed Marta  Woodmance,  Mark  Osteen,  1999)    ავტორები    სამ   ძირითად  მიზეზზე   მიუთითებენ: ,,1.  ლიტერატურათმცოდნეობამ   უკან,  ისტორიული მეთოდებისკენ  დაიხია  და უგულებელყო  დეკონსტრუქცია,  სემიოტიკა  და  1970-80-იან წლებში  გაბატონებული  სხვა  ფორმალისტური  მეთოდები;  2.  ამ   თეორიული  გარღვევის  მიზეზებმაც   და   შედეგებმაც  აიძულა   ლიტერატურის  კრიტიკოსები  ეძებნათ  ახალი  გაუკვალავი  გზები  და  3.  კულტურული  კვლევების განვითარების  პროცესი  ადვილად  ექვემდებარება  ეკონომიკურ   განმარტებებს“  (თარგმ.  თ.  ლომიძის).  ამასთან  ერთად   იგივე  გროისი   საუბრობს   რა  ეკონომიკური  კრიტიკისთვის  დამახასიათებელ  ინტერდისციპლინარულ  ექსპანსიაზე,  ყურადღებას  ამახვილებს თანამედროვე  სამყაროში  ეკონომიკის, როგორც  დარგის,   პრესტიჟულობაზე,   ჩიკაგოს   ნეოკლასიკური  ეკონომიკური  თეორიების  პოპულარობასა  (რად  ღირს  თუნდაც  ამ  სკოლის  უპირველესი ლიდერის,  ნობელის  პრემიის  ლაურეატის,  მილტონ  ფრიდმანის  დასახელება)   და  ამ   ფონზე  ამერიკულ  და  დასავლურ   აკადემიებში  ჰუმანიტარული  დისციპლინების,  კერძოდ  კი  კლასიკური  ლიტერატურისადმი   საზოგადოებრივი  ინტერესის  საგრძნობ  კლებაზე,  რამაც,    მისი  აზრით, იდეების  აკადემიურ  ბაზარზე, ეკონომიკური კრიტიკის  სახით,   შეუწყო   კიდეც    ხელი  ამ  ახალი   ბრენდის  გაჩენას.

     იმათთვის, ვისაც  ამ  მხრივ  სერიოზული  ინტერსი  გაუჩნდება,  ზემოდასახელებულ  კრებულსა  და სტატიაში   მითითებულია  საინტერესო ლიტერატურა,  რომელიც, სხვათა  შორის,  ეკონომიკური კრიტიკის, როგორც  კვლევის ახალი მეთოდის, ერთგვარ  გენეზისსაც   წარმოგვიდგენს. ეს  ავტორებია:  დონალდ მალი  -  ,,ფული  და   მისი   გადაქცევა  ცნობიერების  მასალად“,  1973;  ჟან-ჟოზეფ  გუ -  ,,ფროიდი.  მარქსი:  ეკონომიკა და სიმბოლიზმი“  (1973), მარკ  შელი  თავისი  მნიშვნელოვანი  ნაშრომით  ,,ლიტერატურის  ეკონომიკა“ (1978), მისივე  ,,ფული, ენა  და   აზროვნება“ (1982),   კურტ  ჰაინზელმანი    წიგნით  ,,წარმოსახვის  ეკონომიკა“  (1980);  მაკ  კლოსკი  დონალდი    ,,ეკონომიკური  რიტორიკა“ (1985);  ფილიპ  მიროვსკი ,,მეტი სიცხე,  ვიდრე სინათლე“ (1989);   ნელსონ   რობერტი  ,,ეკონომიკა  როგორც                რელიგია“  (2001).
    ჩვენი  მოხსენების  ფორმატი  არ   გვაძლევს   საშუალებას, რამდენადმე სრულად  მოვიცვათ, ან  თუნდაც ძირითად  პარამეტრებში   შევეხოთ   დასახელებულ  ავტორთა  მიერ   თავის  დროზე  მიკვლეულ  ან  აქცენტირებულ ამ  საინტერესო საკითხებს. ამჯერად  ჩვენ განსხვავებული  მიზანი გვაქვს.  ამიტომ  წარმოდგენილი  თემის  მართებული  სტრუქტურირებისათვის   აუცილებელი  და  ვიტყოდი,  ფუნდამენტური  დეტერმინირებით  შემოვიფარგლებით.  მხედველობაში  გვაქვს  ეკონომიკური  კრიტიკის  შიგნით  არსებული   სამი  ძირითადი  ვექტორი,  რომელიც  აღნიშნული   მეთოდით  კვლევის   საგანსაც  და თავად მეთოდსაც   მეტი   სიცხადით   წარმოაჩენს:  
            ა) ლიტერატურის  ეკონომიკა,  ანუ  ლიტერატურის  ფუნქციონირების  ეკონომიკური  (პროფესიული,  ინსტიტუციური) ასპექტების  ანალიზი.  მასში  შედის:  ტირაჟის,   მასობრივი   და  ელიტარული  წიგნების  ბაზრების,  ლიტერატურული  მარკეტინგის,  ჰონორარის,  პატრონაჟის,  ლიტერატორთა  პროფესიონალიზაციისა   თუ  ლუმპენიზაციის  პროცესის  შესწავლა,   რაც  ამდიდრებს  ლიტერატურის  ისტორიას,  ცხადყოფს   ლიტერატურული ფაქტების  მნიშვნელობას. 
          ბ)   ეკონომიკა  ლიტერატურაში   -  ლიტერატურულ  ნაწარმოებებში   წარმოდგენილი   ეკონომიკური  ცნებებისა  და  მოვლენების  ანალიზი,  ეკონომიკური  პრობლემატიკის  ასახვა  მხატვრულ  ტექსტებში.
         გ)  ლიტერატურასა   და  ეკონომიკას  შუა   -  ლიტერატურულ   და   ეკონომიკურ   ღირებულებათა   რიტორიკის  ურთიერთზემოქმედების  ანალიზი;   ეკონომიკის  რიტორიკა   და  ტექსტუალური  ეკონომიკა   (მაგ.  ტროპები,  როგორც  ტრანზაქციები   და  სხვ.).
        ახალი  ეკონომიკური  კრიტიკის   ამ  სამ  ძირითად  ვექტორთაგან  ილია  ჭავჭავაძის   შემოქმედების  კვლევა  უპირატესად  მაინც  იმ  მიმართულებითაა  შესაძლებელი,  რომელსაც  ,,ეკონომიკა  ლიტერატურაში“  ეწოდება.  ლიტერატურაში  ასახული  ეკონომიკა   -  ეს  არის ლიტერატურულ  ნაწარმოებში   წარმოდგენილი  ეკონომიკური  ცნებების და მოვლენების  ანალიზი,  ლიტერატურულ   ტექსტებში  უკუფენილი   ეკონომიკური  პრობლემები.   თუმცა  ილიას  რანგის  შემოქმედის  კვლევისას  ვერც  დანარჩენი   ორი   ვექტორის  იგნორირება  მოხერხდება.  მაგ.  ლიტერატურის  ეკონომიკის,  ანუ  ლიტერატურის,  როგორც  მოღვაწეობის  ერთ-ერთი ფორმის  ფუნქციონირების  განხილვა    (პროფესიულ   და  ინსტიტუციურ  დონეზე),  მწერლობის   პროფესიონალიზაციის  ასპექტები;  იგივე  შეიძლება  ითქვას  მესამე  ვექტორზეც   -  ლიტერატურასა  და  ეკონომიკას  შუა  -   რომლის  საშუალებით   თვალს   მივადევნებთ  ლიტერატურულ  და  ეკონომიკურ   ინტერესთა  რიტორიკის  ურთიერთზემოქმედების  ხარისხს  და  სხვ.
         ილია  ჭავჭავაძე  მთლიანი  პიროვნება  იყო.   ამიტომ  მის   მხატვრულსა   და  პუბლიცისტურ  ტექსტებში  საკმაოდ  თვალნათლივ   იკვეთება   იდეურ-კონცეპტუალური  პოზიციის  არსობრივი  კავშირი  სახეობრივ   სისტემასთან,  რასაც  ჩვენ მიერ  უკვე  ნახსენები  ილიალოგები   კრიტიკული  და  მხატვრული  ნარატივის  ურთიერთდაახლოებას,  მათ  ერთგვარ  კორელაციას  უწოდებენ   (კალანდარიშვილი,  2007:28).   ილიას   მხატვრული   აზროვნების   სწორედ   ეს   თავისებურება  გვაძლევს  საშუალებას  მისი  ტექსტების ანალიზისას  გამოვიყენოთ  ეკონომიკური  კრიტიკის  მეთოდოლოგია  და  თამამად   ვისაუბროთ  ახლა   უკვე   ლიტერატურულ  და  ეკონომიკურ   დისკურსთა    თანაარსებობის   სრულიად  გარკვეულ    ფორმებზე.  მაგალითისთვის  გავიხსენოთ   ილიას  წერილები  მევენახეობა-მეღვინეობაზე,  ვენახის განაშენიანების  ტექნიკურ  საკითხებზე,  ღვინის დაყენების  ისტორიულად  ადაპტირებულ  თუ   მომავალში   დასახვეწ   წესებზე.  ეს  ცოდნა  ირიბად  არეკლილია  კიდეც  არჩილისა  და  გიორგის  იმ საუბარში, რომელსაც  ,,ოთარაანთ  ქვრივის“  ერთ-ერთ  თავში,  სახელწოდებით  ,,უცნაური  წკიპურტი“,  ვხვდებით;  ან  ავიღოთ  ოთარაანთ  ქვრივის  ურთიერთობა  მათხოვართან,  რასაც    თავად    ილია   ,,პილპილმოყრილ    მადლს“  უწოდებს.  ეს  ურთიერთობა, რომელიც,  პირველ  რიგში,   მათხოვარში    კონკრეტულად  - პიროვნული  ღირსების  გაღვივებას,  უფრო  ზოგადად  კი - უსაქმურობისა  და   მცონარობის  გმობას   ემსახურება,   საკმაოდ   წინააღმდეგობრივია.  ეკონომიკური  კრიტიკის   კონტექსტში  მრავალგზის  ციტირებული  ჩუქების  აქტის   თვალსაჩინო  ანალიტიკოსის,   ფრანგი  სოციოლოგის  მარსელ მოსის   (მხედველობაში  გვაქვს  მისი  ,,ნარკვევი   ჩუქების   შესახებ,  ანუ  ჩუქების  ფორმირება  და  დამკვიდრება   არქაულ  საზოგადოებაში“,  1923)  მიხედვით,  ჩუქება,  სასაქონლო ურთიერთობათა  წინა  ეტაპია, ერთი  შეხედვით  ნებაყოფლობითი,  სინამდვილეში  კი სავალდებულო  და  ამასთან   საკმაოდ  ორაზროვანი.    იგი  განასახიერებს  თავისებურ   ეკონომიკურ   წესრიგს,  რომლის  დროსაც   ჩვეულებრივ  სისხლითა  და  რევოლუციით  მიღწევადი  სიმდიდრის  გადანაწილება  უმტკივნეულოდ  ხორციელდება. ილიას   გმირი  ქრისტიანული  ქველმოქმედების  პრინციპით  მოქმედებს,  სადაც   ჩუქებას,  გაცემას,  წყალობის  გაღებას    უდიდესი   ადგილი   უჭირავს. თუმცა   შეინიშნება  ის  ორაზროვნებაც,  რომელზედაც  მოსის  კვალდაკვალ   ყურადღებას  ბურდიეც  ამახვილებდა  (ბურდიე  ჩუქებას  ,,ორგვარ  ჭეშმარიტებასაც“  უწოდებდა,  Гронас, Бурдье   о  культуре).  ქრისტიანული  ალტრუიზმის  გამომხატველი  ოთარაანთ  ქვრივისთვის   გართულებულა   ჩუქების   ანგარებიანი   მოტივაციისგან  (გაცვლის  თავისებური  ლოგიკით,  მჩუქებელს  ჩუქება  ძვირად  უჯდება,  მიმღებს  კი  გარკვეული  ვალდებულება  ეკისრება)  სრულად  გათავისუფლება. აქედან   მისი   ცნობილი ფრაზაც : ,, ამ  წუთისოფელში  ვისა  აქვს  მეტი  ლუკმა,  რომ  შენც  გაძლიოს.  ვერა  ხედავ,  შე  გულმკვდარო,  რომ  ვინც  კია,  წელებზედ  ფეხს  იდგამს  და  დღის  სარჩოს  ძლივსღა  ჰშოულობს  და   შენ  როგორღა  გარჩინოს...  ქვეყანას  თავისი  თავი  კი  შეუნახავს,  რომ  ეგ  შენი  ბრიყვი  თავიც  ინახოს?...“  აშკარაა,  აქ  ერთ  გმირში    ,,მჩუქებელი  ადამიანი“  -  Homo Donator-ი   და    ეკონომიკური ადამიანი,  Homo  economikus  -ია  პერსონიფიცირებული.  ეკონომიკური   კრიტიკის   მიმდევრები  კი  იტყოდნენ,  რომ  ილიას  ეს  პერსონაჟი   რ წ მ ე ნ ი ს     კ უ ლ ტ უ რ ი ს ა    და   ბ ა ზ რ ი ს    კ უ ლ ტ უ რ ი ს  მიჯნაზე  დგას. მართლაც,  თუ  გავითვალისწინებთ   იმ   სიმბოლურ-ალეგორიულ  დატვირთვას,  რომელიც  კონკრეტულად  ოთარაანთ  ქვრივის მხატვრულ სახეს,  მთლიანობაში  კი   მთელ  მოთხრობას  ენიჭება,  მივხვდებით,  რომ   ავტორს,  რომელსაც  სურს  ქართული საზოგადოება   უმნიშვნელოვანესი   სოციო-ეკონომიკური  ძვრებისთვის  მოამზადოს,პერსონაჟთა  ქცევის  სწორედ ასეთი მოტივაცია  სჭირდება.   მან  კარგად  იცის,   რომ     განსხვავებულ  სოციო-კულტურულ  გარემოს  განსხვავებული  მორალი  და   ეკონომიკური   ურთიერთობები   მოაქვს.  ეს  კი  იმას  ნიშნავს,  რომ  ,,Homo  donator“,  ანუ ადამიანი  პირადი  ინტერესის  გარეშე,  როგორი  კეთილშობილიც  არ  უნდა იყოს  იგი,  თუნდაც მას  შემდეგ, რაც  დევიდ  იუმმა  და  ადამ  სმითმა   (XY111 ს. დიდი  შოტლანდიელი  განმანათლებლები)  საზოგადოებრივი  განვითარების  სტიმულატორად  სიხარბისგან  ტრანსფორმირებული  ადამიანის  პირადი  ინტერესი  აღიარეს, ძველ ფორმასა და  შინაარსს  უცვლელად ვერ  შეინარჩუნებს.  ამ ლოგიკით  ჩუქებასთან  ოთარაანთ  ქვრივისა და მისი ავტორის მსგავსი  დამოკიდებულება   სრულიად  ბუნებრივი  უნდა     გვეჩვენოს.     
 ილიას   პროზაულ   ტექსტებსა    და  მასთან  ერთად   მთელ   რიგ   პუბლიცისტურ   მასალაში  ეკონომიკისა   და ლიტერატურის  საინტერესო   ურთიერთშეღწევადობას  სეკულარიზაციის  პრობლემამდეც  მივყავართ.  ილიალოგთა  ერთი  ნაწილი  ამაში  ილიას  ქრისტიანული  მრწამსის  შებღალვას,  მასში  ეჭვის  შეტანის  მცდელობას  ხედავს.   თუმცა  თვით  ილიას  მიერ  ქრისტიანული  სიბრძნის  ახალ  ეკონომიკურ  წესრიგთან  მორიგების   მცდელობა  დასტურდება  მისივე  უნივერსალური  ფორმულით  ,,ღონე  ხორციელი  და  ღონე  სულიერი“,    რომელიც  კაპიტალისტური  ეთიკისათვის  დამახასიათებელი  მოხვეჭა-დაგროვებისა  და  გადამეტებული  სიხარბისათვის   ზომიერების  დაპირისპირებას   გულისხმობს,  სწორედ  აქ  ჩნდება    მსგავს  ანტინომიებთან  ილიასეული  მიდგომის  პრინციპი,  რომელსაც  თავის  დროზე  მკვლევარმა  კ.  კაციტაძემ   ,,ფაქიზი  ბალანსირება“ უწოდა  (კაციტაძე,  2007: 18). ,,ოთარაანთ  ქვრივშივე“  ,,უქმი   სიტყვის“   სინონიმად  ,,ტკბილი  სიტყვის“    წარმოდგენა   -  ,,რას  მიქვიან   ტკბილი  სიტყვა?“  - (მაშინ, როდესაც  ტკბილსიტყვაობა,  კეთილსიტყვაობა,  სიტყვაკეთილობა,  თაფლსა და გოლეულზე  უტკბესობა,  ბიბლიის  მიხედვით,  საღმრთო სიტყვის, ლოგოსის   მნიშვნელობას   უკავშირდება   და   უქმ  სიტყვასთან   საერთო  არაფერი  აქვს),  უფრო  ზუსტად   კი  სემანტიკური  გადანაცვლება,  რასაც   აქ  ,,უქმი  სიტყვის“  სახისმეტყველებითი მოდელი  განიცდის,    მიმდინარე  და  მოსალოდნელ   კატაკლიზმათა  ილიასეული  ხედვის  სიღრმეზე   მიგვანიშნებს.  გარდა   ამისა,  ეკონომიკური  კრიტიკა  ათვალსაჩინოებს  მომენტის ისტორიულობასაც,  რომელიც  დროის  ამ  უღელტეხილზე  ,,თერგდალეულთა“ და  განსაკუთრებით  ილიას  მიერ  ახალი   ლოგოსის,   ,,ქართველობის ახალი პარადიგმის“ (ფირალიშვილი, 2007:42)  და  ახალი ეკონომიკური   აზროვნების   ერთდროულად    წარმოქმნას   უკავშირდება.   ევროპულ  სინამდვილეში  ამ  დროს  (და  ცოტა  ხნით  კიდევ უფრო  ადრეც),  კომერციული  კაპიტალიზმის   სწრაფი  განვითარებისა და ინტუიტიური  კონსოლიდაციის  პირობებში,  როდესაც დადგა ეკონომიკის,  სახელმწიფოს, მორალისა   და   სამოქალაქო  უფლებების  ახლებური  აღწერებისა  და  აპოლოგიის  საჭიროება, პოლიტიკურ  ეკონომიასთან   ერთად   იქმნება    რომანი  და  ეს   უბრალო    დამთხვევად  სულაც   არ  არის  მიჩნეული.  ჯეიმს  ტომპსონის აზრით,   თუკი რომანი არის  დისკურსი,  რომელიც  აღწერს  ან  წარმოგვსახავს    და  ამ  გზით  წარმოქმნის  პრივატულობასა  და  ოჯახურ  ცხოვრებას,  პოლიტიკური ეკონომია  არის დიკურსი,  რომელიც  წარმოადგენს  ან  აღწერს  სამოქალაქო  საზოგადოებასა  და საჯაროობას  (პაბლისიტის)  (Woodmanse,  Osteen,თარგმ.  თ.  ლომიძის).  ჩვენ   კი  მხოლოდ  X1X   საუკუნის   60-იანი   წლებიდან   ვიწყებდით  ანალოგიურ პრობლემებზე   ფიქრსა  და განსჯას,  ამიტომ   სავსებით  ბუნებრივია  ახალი სამეტყველო ენის, ანუ  როგორც უკვე  ითქვა, ახალი ლოგოსის  და ახალი ეკონომიკური ურთიერთობების,  რომელსაც  ილია  ,,კაცთა  შორის  ურთიერთობის  წესსაც“  უწოდებდა,  ფორმირების   პროცესთა   დროის   ერთ  ლოკალში  მოქცევა. 
     გავიხსენოთ,  ილიას  სწრაფვა  რეფორმირებისკენ.   იგი  კულტურული ლინგვისტიკის  შექმნასთან   ერთად    რამდენიმე   სასიცოცხლო   მნიშვნელობის  საკითხსაც  მოიცავდა:  ა) დაცემული ვინაობის  აღდგენას,  ბ) ქართული    საზოგადოებრივი   აზროვნების    ევროპეიზებას;    გ)  თავად   ქართველში  ოპტიმიზმისა  და   აქტიურობის   გაღვიძებას.   ამგვარ  პროგრამირებას   კი    თავისთავად    მოჰყვა   ცხოვრების   ეკონომიკური   მხარის   მუდმივად    აქცენტირების   აუცილებლობა,  რაც  ილიას   ეკონომიკური  მოძღვრების   შექმნით  დაგვირგვინდა.       სრულიად  ახლებურად,  განსხვავებული  რაკურსით  დასმული  კითხვიდან  -   ,,რა  ქონებამ   გაუძლო  ამისთანა  ყოფას?  რა  ჰკვებავდა  ხალხსა,  რა  ქონებით  უძღვებოდა   ამოდენა  ომებსა  და  სისხლის  ღვრასა?“,  რომელსაც, სხვათა  შორის,  ივ.  ჯავახიშვილმა  ,,საქართველოს ისტორიიის  დიდმნიშვნელოვანი  კითხვა“  უწოდა  -  ვიდრე   საყოველთაო   პროგრესის  იდეამდე  (კომუნისტებმა მას  უტოპიური, ხოლო  თავად  ილიას  უტოპისტი  უწოდეს),   ილია   დაბეჯითებით   ნერგავდა     ქართველთა  ,,თვითმოძრაობისა“   და  ,, თვითმსჯელობის“   რწმენას. ამან   კი       ,,ეკონომიკის    გალიტერატურებისა“  და    პირუკუ,   ,,ლიტერატურის    გაეკონომიკურების“    მისეულ    ხერხებს    გარკვეული  სპეციფიურობა  მიანიჭა.   პუბლიცისტური    დისკური, რომელიც  დროში, როგორც  წესი,  უსწრებდა  ხოლმე  ლიტერატურულს,  ხშირად  ამ უკანასკნელის  იდეურ-მხატვრული  სისავსის         გენერატორად  იქცეოდა, ზოგჯერ  კი  პუბლიცისტურ     წერილში   წლების   წინ  დასმული   პრობლემა  პირდაპირ  თუ  ფარულად   მოგვიანებით   იჩენდა  თავს  ლიტერატურულ სახეებსა  თუ  ტიპებში,                   რაც  იმის   დასტური   იყო,  რომ ილია  ამ კონკრეტულ   საკითხს    განსაკუთრებულ  მნიშვნელობას  ანიჭებდა.   
       ილიას    ეკონომიკური  ხედვა   თავდაპირველად    რეპრეზენტირებულია  აზრობრივად  მეტად               ტევადსა  და    ზუსტ  იდეოლოგემაში:  ,,სხვის დახლთან  მდგარი  ერი“  (ნინიძე,  2007:11),   რომელიც   აღებ-მიცემობასთან,  როგორც    ცხოვრების    ახალ  სავალდებულო    წესთან    და  ქართველთა  მიერ  ამ  წესის    უგულებელყოფასთან   ასოცირდება:  ,,ჩვენი  უღონობა, ჩვენი  უსაქმურობა  სხვას  საქმიანობათ  გაუხდია.  ჩვენი  უცოდინარობა  სხვის  ცოდნად  ქცეულა   და   ამების  წყალობით   ჩვენი  ქვეყანა  დღეს  წარმოადგენს  თაფლს,  რომელსაც  ბუზი  ბაღდადიდან  მოჰყავს...   ჩვენს   გარეთ   კი  ჩვენი  ხსნა    სიზმარია...“  ილიას  ტექსტებიდან    ამგვარი  და   ამაზე   ბევრად    უფრო    მწარე  ციტატების  ამოკრეფა   არავის  გაუჭირდება.   თუმცა აქ  საყურადღებო  ისაა,  რომ  1863  წელს დაწერილი  ,,კაცია-ადამიანის“  ერთ  თავში,  რომელსაც  პირობითად  ,,სადარბაზო  ხანი“  შეიძლება  ვუწოდოთ, პერსონაჟთა   ბრიყვულ   დიალოგებში   (ეს დიალოგი  დარეჯანს, ელისაბედსა  და  ლუარსაბს   შორის  იმართება) უკვე  ჩანს  პრობლემის  სათავე  -  ჩვენებური  თავადაზნაურობა, რომელიც   არა  მარტო    უუნარობას, არამედ    ცხოვრების   რეალური   რიტმისგან, მისი   საჭიროებისგან    სრულიად    გაუმართლებელ   განაპირებას  ავლენს. 
   თვალნათელი   ნიმუში  იმისა, როდესაც   ერთ  კონკრეტულ  ტექსტში  პუბლიცისტი და მწერალი  ერთიანდება, მაინც  ,,გლეხთა  განთავისუფლების  პირველ  დროების სცენებია“  (1865). აქ   ილია ნარატორიცაა  და  საზოგადოებრივი  აგენტიც,  ანუ  იმპერატორ  ალექსანდრე  მეორის  ბატონყმური რეფორმის იურიდიული  და  ეკონომიკური  მხარით  დაინტერესებული  სახელმწიფო მოხელე (დუშეთის  პერიოდი),  მჭვრეტელიცა   და  მოვლენათა  უშუალო რეგულატორიც.  აქედან   თვით   ამ  ნაწარმოების  ჟანრული  თავისებურებაც. იგი    მხატვრულ-პუბლიცისტურია.  როდესაც   ილიას  შემოქმედებას  ,,რუსული  იდეის“  (ანუ, როგორც  ტ. ტაბიძე  იტყოდა  ,,რუსული  ხორბლის“) ილუსტრაციად  განვიხილავთ  ( კაკაბაძე, 2008: 47),  უნდა  გვახსოვდეს,  მიუხედავად  რუსეთის იმპერიის  მთელ ტერიტორიაზე   1862-64    წლებში  განვითარებული მოვლენების   ერთფეროვნებისა, ის,  რასაც   ილიასთან   ვხვდებით, ლოკალური   ქართული რეაქციაა  ცხოვრების  ჩვეული რიტმის  ცვლილებასა   და   დაჩქარებაზე.  აშკარაა, არც მებატონე   და  არც   ნაყმევი    რეალური  ტრანსფორმაციისთვის  მზად   არ   არის,   მეტიც,   მტრულად    აღიქვამს   იმას,   რაზედაც,   ფაქტობრივად,   ბუნდოვანი    წარმოდგენა   აქვს.
    რად  ღირს  თუნდაც  მოხუცი   ქვრივი   თავადის   ქალისა  და  მისი   მაზლის  არაადეკვატური რეაქცია  მოსამართლე - ,,პოსრედნიკის“   შეკითხვაზე,  მწირმიწიანებია   ხართ  თუ   არაო. ,,როგორ  გეკადრებათ,  ვინ  ჩვენ და  ვინ   მცირე  მიწა,  დიახაც,  დიდი  მიწის  პატრონები  ვართო“.  ჩვეულებრივი  თავადური  კუდაბზიკობა  ახალ  კანონებში   ჩაუხედავებს  მოსალოდნელზე  ძვირად  უჯდებათ, რადგან   მათ,  როგორც   ნაბატონარებს  თავიანთ   ნაყმევთათვის   ფულადი  კომპენსაციის   გადახდას  ავალდებულებს.  ეს  კი    გულწრფელი   პასუხის   შემთხვევაში   არ    მოხდებოდა.
    ლიტერატურისა  და  ეკონომიკის  გადაკვეთაზე   ილიას   პროზაში     წარმოდგენილი  ოპოზიციური  წყვილები: დათიკო - გაბრიელი,  დათიკო - პეპია  (,,გლახის  ნაამბობი“),   ძველი  მებატონე - იაკო    შაიაშვილი  (,,გლეხთა    განთავისუფლების   სცენებიდან“),  ლუარსაბი  -  დათო,  დარეჯანი   -  ლამაზისეული  (,,კაცია-ადამიანიდან“)   ბატონყმობის  გაუქმების   წინა  პერიოდს   მოიცავს   და    სოციალ-ეკონომიკური   ,,რეფორმაციის“   ქართული   იდეის  მხატვრულ   ტრანსფორმაციას  წარმოადგენს.  ცხოვრების ამ მხარის დანახვის ილიასეული უნარი,  აშკარად, გამორჩეულია.  იგი  ეფუძნება ყოველდღიურობაში   თითქოს   უსისტემოდ   მიმობნეული,  ერთი  შეხედვით,  უმნიშვნელო ყოფითი დეტალების  აღმოჩენას  და  მათ  შორის   მიზეზ-შედეგობრივი  კავშირის  ზუსტ  ფიქსაციას,  რასაც  რობერტ   ჰაილბრონერი   თავის  წიგნში  ,,დიდ   ეკონომიკურ   მოაზროვნეთა    ცხოვრება:  დრო  და  იდეები“  (Hailbroner, 1985: 56)  ,,ეკონომიკურ   ურთიერთობათა   ბადის   ქსოვის“   ნიჭს  უწოდებს.  სწორედ  ამგვარმა   რეპროდუცირებამ   მიიყვანა  ილია   საკუთარ  ქვეყანასთან  ქართველთა   გაუცხოების, მათ  მიერ  ეკონომიკური  ცხოვრების  სრულად დათმობის   ტრაგიკულ    აღქმამდე:  ,,ჩვენ  შუასაუკუნეთა   რაინდობის   ანდერძებით   გულს   ვიფხანდით,   თავს   ვიწონებდით:  ხმალი,   თოფი,  ცხენი,   რახტი,  ლამაზი   ქულაჯა   და   სხვა   ამგვარი   შეადგენდა   საგანს    ჩვენის   ნატვრისა   და  წყურვილისას   და  როცა  ჩვენ  გატაცებული  ვიყავით   ამ  ნატვრითა  და  წყურვილით,  ჩრჩილი  შემოგვეპარა.   ჩვენის  ერის  ნაშრომ-ნაღვაწი    ჩვენგან   დაწუნებული   ვაჭრობით    ხელთ   იგდო,    ამ   გზით    საქმით  გაგვიბატონდა,   ყმად  დაგვიჭირა  და  სიტყვით   კი  თავს  გვიქონავდა   და  გვეძახდა,  -  ბარაქალაო,  კაცებიც  თქვენა  ხართ   და  ქუდიც  თქვენა  გხურავთო;  ჩვენ ეს  ბარაქალა  დავიჯერეთ,  ამით  მოვტყუვდით...  ბურთი  და  მოედანი  ეკონომიკური  ცხოვრებისა... დაინარჩუნა  იმან,  ვინც  უფრო  მალე  მიხვდა   დროთა  ბრუნვას,  დროთა  ჭირ-ბოროტს“  (ჭავჭავაძე,  1956: 113).
          ეკონომიკური   კრიტიკა,    პირველ   ყოვლისა  კი, ეკონომიკის  დიდი  მამების  ანალიტიკური  განსჯის  მასშტაბურობა   ან  მოსისეული  ,,განჩხრეკის“  პრინციპი,  არა  მშრალი  სოციოლოგიური  (მხედველობაში გვაქვს   ე.წ.  სოციოლოგიური კრიტიკა, რომელთანაც ხშირად  მცდარად   აიგივებენ   ეკონომიკურ კრიტიკას - ნ.კ)  კვლევებისკენ,  არამედ  კლიშეებისგან თავისუფალი  მიდგომებისკენ გვიბიძგებს,  რითაც ხსნის  კიდეც ინტერპრეტაციის  ახალ  ჰორიზონტებს.   რაც    უფრო   წონადია  საკვლევი   მასალა, მით   უფრო   შთამბეჭდავი   და  ყოვლისმომცველია  მიღებული  შედეგი.  გავითვალისწინეთ  რა  დასავლურ-რუსულ   ლიტმცოდნეობაში    ამ   მიმართულებით  მიღწეული    ხელშესახები   მიღწევები,  ჩვენი   საკვლევი   საგნის,   ილიას   მხატვრული   პროზის,  მიხედვით   ეკონომიკური   ცხოვრების   კანონზომიერებებთან  ახლოს   მდგარი  ან   სულაც  ამ  კანონზომიერებებით   განპირობებული  სახისმეტყველებითი  პარადიგმები , ლიტერატურული   არქეტიპები , კულტურული  და  ანტიკულტურული   მოდელები   შემდეგნაირად   დავაჯგუფეთ: 
                       
     ა)   ხმლისა  და  საანგარიშოს  ანტინომია
    ბ)   მამული, როგორც  ეკონომიკური  ფაქტორი   და  როგორც  მეტაფორა
    გ)  სოფელი  და ქალაქი:  თეზა  და  ანტითეზა
    დ)გლეხური  ეთიკა  და  ფუნქციური  ადამიანის  პრობლემა

        
   ხმლისა   და   საანგარიშოს  ანტინომიურობა   ქართულ  არეალში   გადმოტანილი   რაინდისა  და  ბურჟუას   ისტორიული   შეუთავსებლობის   აპლიკატურაა  ( Осовская ,  1987)  .  საინტერესოა, რომ  იგი,  როგორც  ძველი  საზოგადოებრივი  მორალის  რღვევის  სიმპტომი,   ილიას მიერ  უკვე  ,,გლახის  ნაამბობშია“   დანახული.    დათიკო  და  გაბრიელი ერთმანეთს  შემთხვევით  როდი  უწოდებენ   ავთანდილსა  და  შერმადინს:  ,,ეგ  არის  შენი  შერმადინობა?  ... როგორი  ავთანდილიც  შენ  იყავი, მეც ისეთი  შერმადინობა   გაგიწიე...“ .   გაბრიელის    სამართლიან   შურისძიებას    მის    დამაქცევარ   ბატონზე სავსებით   სამართლიანად   ეწოდა  ,,მკვლელობა, რითაც   (ევროპის  მსგავსად, ოღონდ  რამდენიმე  საუკუნის  დაგვიანებით)  დაიწყო  არაფეოდალური  საქართველოს  ისტორია“, იმავე  ევროპისგან   კიდევ  ერთი   არსებითი    განსხვავებით:  მკვლელობის    ჩამდენი    ბურჟუა   არ  არის   (კვერცხიშვილი,   2005:  358). მართლაც,  ჩვენთან   აქტიური    ეროვნული  ბურჟუაზია  ვერ    შეიქმნა,  თუმცა  რაინდის    მოკვდინება    ქართული   საზოგადოების  წიაღში   განვითარებულ    სოციალ-პოლიტიკურ  ცვლილებებთან ზუსტ  შესატყვისობაში   მაინც  განხორციელდა.  ფიზიკური  ღონითა და  ტანადობით  გამორჩეული,  თუმცა  მორალურად  აშკარად  დეგრადირებული  რაინდი, ტარიელ მკლავაძე, ეგ. ნინოშვილის  ,,ჩვენი  ქვეყნის  რაინდის“  მიხედვით,  მოკლა  რევოლუციური,  ყველა ნიშნით  კი სოციალ-დემოკრატიული  იდეების  მიმდევარმა  უჩინარმა    სოფლის  მასწავლებელმა, სპირიდონ  მცირიშვილმა. ამრიგად,  განხორციელდა  სოციალური სამართლიანობის აქტი,  რომელიც ჩვენს სინამდვილეში  სულ მალე რეალობად  იქცა.   მოგვიანებით  მ. ჯავახიშვილის  ,,კვაჭი  კვაჭანტირაძეც“  ანტირაინდულ  სულისკვეთებას   ამჟღავნებს.   მასში  რაინდი,  აქედან   გამომდინარე   ყველა  შედეგით,    ახალი   დროის   გმირით, იმავე  ანტიგმირით,  ტრიქსტერითაა   ჩანაცვლებული   (კვაჭანტირაძე,   2013:  164).

    მამულის, როგორც  ეკონომიკური  ფაქტორისა და  მამულის,   როგორც    მეტაფორის  ურთიერთგამიჯვნის  დეკლარირებას,   ფაქტობრივად,   ეყრდნობა  ილიას   ე.წ.  მოდერნიზატორული  პროექტის  ერთ-ერთი     წამყვანი   იდეა,  რომელშიც    ეროვნული    ვინაობის   ძიება,    ქვეყნის  გააზრებული  გულშემატკივრობა  და  თითოეული  ქართველის  აქტიური, დროის  შესაბამისობასთან    მოყვანილი    აქტიურობაა  სუბლიმირებული.  მეტაფიზიკური    და    პრაგმატულ-რაციონალური  მიდგომის  ჭრილში  მამული   გააზრებული, როგორც,  ერთი  მხრივ,  ეროვნული   ცნობიერების  პოსტულატი  და,  მეორე  მხრივ,  ტყრუშული  ღობით  შემოსაზღვრული    მამული-მიწის   ნაკვეთი, ილიას  აზრით,  სერიოზული  განსჯის   საგნად   უნდა   იქცეს.   სხვაგვარად   ხანგრძლივი    მონობითა    და   უუფლებობით   ტრავმირებულ     ქართველთა  ცნობიერებაში  ვერ  მოხერხდება  ,,მე“-სა  და  პირადი  ეგოისტური   ინტერესების  ტყვეობიდან   გათავისუფლება,   ,,ჩემი“  და  ,,ჩვენი“  მამულის    ცნებათა    იმგვარი   ტრანსფორმირება,  რომელიც   კერძო     საკუთრების    ხელშეუხებლობის    პრინციპებსაც   დაიცავს   და    საცხოვრებელ  ტერიტორიასაც    სამშობლოდ,   ერთადერთ   და   უმაღლეს     მოცემულობად    განიხილავს.      თუ  ა. ბაქრაძე   და     გ. ასათიანი  ,,მამულს“  ილიას  სულიერი  და  პრაქტიკული  მოღვაწეობის  ერთიან  სისტემაში    განიხილავენ,    ზ.  კიკნაძე    წერილში  ,,ილიას  მამული“  პრიორიტეტულად  ამ  ცნების  გამოცალკავებას  და  მისი   სიმბოლურ-სემანტიკური   მნიშვნელობის  ამოცნობას  მიიჩნევს   (კიკნაძე,   2005: 73).  შედეგად   აქცენტირებულია,   ვთქვათ,   სეკულარული   საუკუნის   მიერ  ,,წმინდა  სამწყსოს“  ცნების    ახალი    რიტორიკით  განპირობებული  ,,მამულით“  ჩანაცვლება.    ასეა  თუ  ისე,   გადაუჭარბებლად შეიძლება  ითქვას,  რომ  ილიასთვის   უდიდესი  მნიშვნელობა  ჰქონდა     ,,მცირე“  და  ,,დიდი“   მამულის  აზრობრივ-შინაარსობრივი    დატვირთვის  ქართველის გაზანტებულ  გონებამდე  მიყვანას,  რადგან  იგი,  ახალი    ეკონომიკური  წესრიგის  პირობებში,  ცოდნითა    და   რწმენით   შეიარაღებული  არა მარტო  აწმყოს,  არამედ   მომავლის   სწორად  განკარგვას   შეძლებდა.
           ევროპული   კაპიტალიზმის,  განსაკუთრებით  კი   მისი  საწყისი  ეტაპის,  კონტექსტში  მუდმივად  განიხილება    ქალაქისა   და   სოფლის    ურთიერდამოკიდებულების   პრობლემა.  ადამ    სმითის ,,ფულადი  ეკონომიკის   ასპარეზის“  ცნებიდან    ვებერ-ზიმელის    ურბანსოციოლოგიამდე    წარმოდგენილია    ამ  ორი  კულტურულ-სოციოლოგიური   ტოპოსის   როგორც   განვითარების,  ისე   დაპირისპირების   კანონზომიერება,  რომელიც   საბოლოოდ   ქალაქისა   და    სოფლის   ჰარმონიზებული  თუ   არა    ეკონომიკურად    გაწონასწორებული    თანაარსებობისკენ   სწრაფვითაა   აღბეჭდილი.  საქართველოში   სხვა   მრავალ  დომინანტურ  ფაქტორთან  ერთად   მიწასთან    მიწის   მუშის    (იმავე  გლეხის)    განსაკუთრებული  მიჯაჭვულობის   გამო  აქცენტირებულია   ქალაქის    წინაშე     სწორედ   რომ   სოფლის  და   სოფელში   წარმოებული   მეურნეობის    უპირატესობა.  ილიას  პროზაულ   ტექსტებშიც   (ისევე როგორც  მის პუბლიცისტიკაში) ანალოგიური     შეფასებების     მხატვრულ    ტრანსფორმაციას   ვხვდებით.   სოფლური    ცხოვრების,  როგორც  მთელი  ქვეყნისა  და  თვით  ქალაქის    მასაზრდოებელი   ძალის,   უპირატესობა აქ  მრავალგზისაა  დადასტურებული.  ამ დამოკიდებულებას  ეფუძნება კიდეც   ილიას  ყველაზე  ღირსეული  პოლემისტის,  არჩილ  ჯორჯაძის,  საყვედურიც:  ,,ავტორი  მარტო   სოფლის   ცხოვრებას  ადევნებს  თვალყურს,  ქალაქი  თავისი  რთული  აგებულებით  აქვს  სრულებით  მივიწყებული...  ჩვენი  ავტორი  კმაყოფილდება  ცხოვრების  ცალმხრივი   შესწავლით  და  მასთან  არ  ასახელებს  ძირითადს  -  წოდებრივ  უთანხმოებას“  (ჯორჯაძე,  1989:65).  საინტერესო  გამოდგა  ამ  მხრივ  ილიას   ე.  წ.    ქალაქური   ტექსტის  კვლევა.  მ.  ხარბედიას    წერილში  ,,კენჭგადაყლაპული.  მასალები  ილია  ჭავჭავაძის   ქალაქური   ტექსტისთვის“   (ხარბედია,  2007: 57)   ქალაქთან    იმგვარი  გაუცხოება  იკვეთება (მ. ხარბედია:  ,,ილიას  ქალაქი  არ  უყვარდა“),  რომლის   მიზეზები,  ჩვენი აზრით,  კაპიტალიზმის  საწყის   ეტაპზე  ქართული   საზოგადოებრივ-ეკონომიკური  ცხოვრების   არაერთ   სიმრუდეს    უკავშირდება.   მრავალთაგან   გამოვყოფდით   ერთს,  რომლის  მიხედვითაც,   იდეაში   ქვეყნის   მასტიმულირებელ-მაკოორდინებელი  ცენტრი  (თბილისი)  ,,წართმეულ“   ქალაქად    განიხილება.  და  აქ,  ცხადია,  მხოლოდ  ქალაქური  ყოფის    სირთულით  გამოწვეული   ზნეობრივი  პრობლემები   (მაგ.  ქალაქში  ,,გლახის    ნაამბობის“   თამროს  ,,ავლაბრის  უნამუსოდ“  გადაქცევა,  ან    იმავე   ქალაქის    გულგრილობას    შეწირული   ძმები   მოთხრობიდან   ,,სარჩობელაზედ“,   ,,ულეჩაქო  და    უნამუსო“  ქალაქის   ამირინდო   დებედაძისეული  შეფასება  ,,უცნაური  ამბიდან“ ,   ქართველი  დიურუას, ბეჟან  ბეჟანის  ძე კალმახელიძის,  ვნებანი  მოთხრობიდან  ,,დიამბეგობა“ და    სხვ.)  არ   იგულისხმება.   ილიასთვის  თბილისი  უცხოტომელთა  (სპარსელთა,  განსაკუთრებით  კი  სომეხთა)  მიერ  ათვისებული  საარსებო   სივრცეა,  სადაც   ჩქარი   ტემპით   იმავე   უცხოელთა   მიერ   ე.  წ.   ,,უწოდებრიო  საკუთრება“ და  არაეროვნული   კაპიტალი    იქმნება.   ასეთი  ქალაქის   გამოხსნა  განსაკუთრებულ  მომზადებას  საჭიროებს.   სწორედ    ამგვარი   მომზადების  ჭრილში  უნდა  განვიხილოთ  ილიას  ბრძოლა  ჩვენი   სოციუმის  ცენტრალური  ფიგურანტის,  გლეხის,   უმიწოდ   დატოვების  და  კლასობრივი    დაპირისპირების    გაღრმავების   გზით მისი  ხელოვნურად  გაღატაკების  (ანუ  გაპროლეტარებასა  და  რევოლუციიისთვის მომზადებას)  წინააღმდეგ. ილია    აუცილებლად  მიიჩნევს  მესაკუთრული უფლებების  შემდგომი  სრულყოფის  გზით     იმავე  გლეხის   მიწასთან    მიმაგრება-მოძლიერებას.      ,,მიწათმოქმედი  მუშა  ისე  არანაირ  ქონებას  არ  ეტანება,  როგორც   უძრავსა,  ე. ი.  მიწასა“ ( ჭავჭავაძე,                          1956:  97).    ილია    შეგნებულად   არ   ამახვილებს   ყურადღებას   ,,წოდებრივ  უთანხმოებაზე“,   რადგან    პრობლემის   გადაჭრის    საშუალებას   ამ    სიბრტყეში   ვერ   ხედავს.  მომავლის  სოციალ-ეკონომიკური    წესრიგის    პროექცია   გამოკვეთილია  არა  ნაბატონარისა  და  ნაყმევის    (,,გლეხთა  გათავისუფლების  სცენები“), არამედ   გიორგისა   და   არჩილის    ურთიერთობაში    ,,ოთარაანთ  ქვრივიდან“  (არჩილის სურვილი  შეგირდად  დაუდგეს   გიორგის,  უწოდოს  მას  ,,ცხოვრების  წიგნი“ და  სხვ.). სხვა  სიტყვებით,  ,,წოდებათა  განმტკიცებითა  და    გაერთიანებით  უნდა  შექმნილიყო  ის   საფუძველი, რომელზედაც   უნდა  დაემყნოთ    საბანკო   კაპიტალის  მოძრაობა,  განათლების    ორიენტაცია  და    სხვ,“      (თევზაძე,                2010) ა.  ჯორჯაძის    საყვედური   კი  ილიას   მიერ  ,,ცხოვრების   ცალმხრივი    ხედვის“    შესახებ,  სამწუხაროდ,  ამ   საბოლოო    მიზნის   ვერგანჭვრეტას   ან   უგულებელყოფას  ნიშნავდა.
       რეფორმის  შემდგომი პერიოდი  ილიას  სოციოლოგიური ფილოსოფიისა  და  ეკონომიკური  მოძღვრების     საბოლოოდ   დახვეწა-ჩამოყალიბებას    ემთხვევა.  მიუხედავად იმისა, რომ  ამ  პერიოდში  შემოქმედებითი მუშაობისთვის  სულ  უფრო ნაკლები დრო  რჩება, მაინც  იქმნება  საეტაპო მხატვრული ნაწარმოები    (,,ოთარაანთ  ქვრივი“), რომელშიც  აკუმულირებულია  ,,წოდებათა  შერიგების“  ანუ, როგორც ტექსტში  ვკითხულობთ,  ,,ხიდჩატეხილობის“ პრობლემაც  და მისი გადაწყვეტის გზებიც. იკვეთება  გლეხობაზე, უფრო სწორად  კი,  მის  ყველაზე   საღ   ნაწილზე (თავად  ოთარაანთ  ქვრივი, გიორგი) ორიენტირებული მომავლის  კულტურული  პროგნოზი,  რომელიც  რევოლუციური   ძვრების  გვერდის  ავლით   როგორც მაღალი, ისე  დაბალი  სოციალური  ფენების     ქრისტიანულ   შეგნებასა  და  ცოდნით  გამყარებულ  ცხოვრებისეულ  გამოცდილებას   ეფუძნება.  ფაქტობრივად,  ეს   ქრისტიანული  მორალისა   და    კაპიტალისტური  ეთიკის მორიგების   ცდაცაა,  რასაც    ილიასთვის,   როგორც    მისი    მხატვრულ-პუბლიცისტური   მემკვიდრეობიდან   ჩანს,  დიდი   მნიშვნელობა  ჰქონდა. უმთავრეს  ამოცანად     ,,ყოფილ    ყმაში   თავისუფალი   მესაკუთრის    შეგნების   აღზრდა“   რჩება.  ეს  პროცესი  კი   საზოგადოების   განვითარების   ილიასეულ  გაგებასაც  უკავშირდება,  რადგან    ,,ილიას  სწამდა  პროგრესის  არა  მარტო  ეკონომიკური  და  სამართლებრივი,    არამედ    ეთიკური   მხარეც“  (თევზაძე, 2010)  .    გლეხის (უფრო ზოგადად  კი, ,,ახალი   ქართველის“)  ფუნქციურობა    პირდაპირ  კავშირშია    ,,დროთა  შესაფერისი  საქმიანობის“    სწორად   აღქმასა   და   სისტემურ   აღსრულებაში.   ამ  გამოწვევათა  შორის  კი  უპირველესია  შრომის  პროცესის  კულტივირება,   შრომასთან   სწორი  დამოკიდებულების   გამომუშავება.  შრომა, როგორც  ღვთისმსახურება   (პავლე მოციქული,  ლუთერი),  როგორც  ინდივიდის   სოციალურ  ატომად  ჩამოყალიბების   პირობა ,  როგორც  პიროვნული,  ეროვნული  და სოციალური  თავისუფლების   გარანტი  (ნ. ნიკოლაძე,  მ.  ჯავახიშვილი,  რ. გაბაშვილი,  გ. ქიქოძე,  ფ. გოგიჩაიშვილი). კაპიტალიზმის   საწყის   ეტაპზე     აქტუალური   ხდება   ჯერ  კიდევ    ადამ    სმითის    მიერ    (,,ხალხთა  სიმდიდრის  ბუნებისა  და  მიზეზების  კვლევა“,  1776)   სიმდიდრის    ფენომენის    კვლევისას    მიგნებული     სიხარბის   კონცეპტის     ფუნქციურ-სემანტიკური   ცვლილება,  ანუ  სიხარბის  ინტერესად  გადაქცევის  ტენდენცია.    სმითის    ,,ახალი დროის  ეკონომიკის  უმნიშვნელოვანეს  ინტელექტუალურ დოგმად წოდებული“   ( ჯ.   დრისკოლი)  ეს  მიგნება,  ცხადია,    არ  და  ვერ  აისახა   ილიამდელ    ქართულ   პროზასა  და    დრამატურგიაში  (ერისთავი,  ანტონოვი,  არდაზიანი,  ცაგარელი).  პირუკუ,  სიხარბე  თავისი  ტრადიციული  გაგებით,  ლამის  ფიზიოლოგიურად  და  ამდენად  ზიზღისმომგვრელად  იქნა   პორტრეტირებული.  არადა   ახალი   სეკულარული   ხანა,    საზოგადოებრივ-ეკონომიკურ      ფორმაციათა    ცვლილების   მიჯნაზე    ყოფნა  უბიძგებს  ილიას   ამ   პრობლემების  სიღრმისეული  განხილვისაკენ.  ილია     მთელი   არსებით   შრომისმოყვარე,  მიზანდასახული    და  აქტიური   ადამიანის    აპოლოგეტი  ხდება.   დაწყებული  ,,გლახის  ნაამბობის“  მღვდლის   მიერ   ტალანტის   შესახებ   ბიბლიური  იგავის   დამოწმებიდან  (იგი აიხსნება  ქრისტიანული  სიმბოლიკის  ეკონომიკური  მნიშვნელობით   - ნ.კ.),   ვიდრე  შრომაზე დაფუძნებული  მარტოობის  დამთრგუნველი  პიროვნული თავისუფლების  ოთარაანთ  ქვრივისეულ  მითოლოგემამდე (შდრ. ქალაქურ  სივრცეში მ. ვებერისეულ ქონებრივად დაკმაყოფილებულ,  თუმცა მარტოობისთვის განწირულ ადამიანს),    წარმოდგენილია  ილიასეული  ,,მოძრაობის  იდეის“    სახისმეტყველებითი    ასპექტების     (თერგი-მყინვარი,  დღე-ღამე)     გაშლა-გაფართოება.   ეს   კი   საბოლოო   ჯამში  თავს  იყრის  მომავლის ქართული   სახელმწიფოებრიობის    მოწყობის   სერიოზულ   თეორიულ   გააზრებებში:  როგორი  უნდა  იყოს    ამგვარი   სახელმწიფოს    შემქმნელი   -   ეგოისტი  (ჯ. ლოკი)    თუ    ალტრუისტი, მორალური ადამიანი   (ჟ.ჟ.  რუსო).   შესაძლოა,  სწორედ  ამ  საკითხის   გადაწყვეტაში   ყველაზე   რელიეფურად  მჟღავნდება   ილიასეული  ზემოთ  უკვე ნახსენები  ,,,ფაქიზი  ბალანსირების“  პრინციპი, რითაც   იგი   ქვეყნისთვის   სასიცოცხლოდ    მნიშვნელოვან    პრობლემებს     უდგება.  სამწუხაროდ,   ამ   ტიპის   აზროვნებას  თანამედროვენი   საგრძნობლად  ჩამორჩებოდნენ,  სოციალური  ატმოსფერო კი კლასობრივი  ბრძოლის იდეით  იყო მოწამლული.   ამიტომაც   იგი  სათანადოდ    ვერ    იქნა  აღქმული   და   დაფასებული.



                  ლიტერატურა:

 
ანდრონიკაშვილი   2007:  ანდრონიკაშვილი   ზ.  მამულის   დაბადება    ლიტერატურის     სულიდან,  კრ.  ილია  ჭავჭავაძე   -   170,  თბ.   2007
 თევზაძე    2010 :           თევზაძე     გ.    ილია    ჭავჭავაძე     და    ახალი  აზროვნება: შესაძლებლობა და სინამდვილე  . ჭავჭავაძის  ისტორიის  ფილოსოფიაში,2010
კალანდარიშვილი   2007:  კალანდარიშვილი  გ.  კრიტიკული დისკურსისა   და  მხატვრული  ხედვის      კრიტიკა  ი.  ჭავჭავაძის  შემოქმედებაში,  კრ.   ილია   ჭავჭავაძე    და    მისი    ეპოქა,    თბ.  2007
კაკაბაძე   2008:   კაკაბაძე  გ.  რუსული  იდეა,  ჟ.    ,,ცხელი  შოკოლადი“,  ლიტერატურა  #12, 2008
კაციტაძე    2007:    კაციტაძე  კ.  ქართული  საზოგადოება  და  თანამედროვე  გამოწვევები,  თბ.  2007
კვერცხიშვილი   2005:  კვერცხიშვილი  ზ.  სიმბოლოები, კრ. საქართველო  ათასწლეულთა  გასაყარზე, 2005
კიკნაძე    2007:    ილია    ჭავჭავაძის     სიმბოლური  აზროვნებისათვის,  კრ.  ილია ჭავჭავაძე  -  170,  თბ. 2007
ნინიძე    2007:    ნინიძე  მ.   სხვის  დახლთან  მდგომი  ერი,  ჟ.ფუძე,  #7,  2007
ფირალიშვილი   2007:   ფირალიშვილი  ზ.  ილია  -  ისტორიული  კონტექსტი  და  პიროვნება,  კრ.  ილია  ჭავჭავაძე  -  170,  თბ.   2007
ხარბედია    2007:  ხარბედია  მ.  კენჭგადაყლაპული.  მასალები  ილია  ჭავჭავაძის  ქალაქური  ტექსტისთვის,  კრ.  ილია  ჭავჭავაძე  -   170,  თბ.    2007
ჩაისნერი   2008:    ჩაისნერი   ო.      ორი  სამყაროს    მგზავრ-თერგდალეულთა  იდენტობის  კონფლიქტი  და  ეროვნული   ცნობიერება,    კრ.  სეკულარიზაცია,    თბ.  2008
ჯავახიშვილი    1938:     ჯავახიშვილი  ი.  ილია  ჭავჭავაძე   და  საქართველოს  ისტორია,   ტფ.  1938
ჯორჯაძე    1989:   ჯორჯაძე   ა.  რჩეული  ნაწერები,  თბ.   1989
ჭავჭავაძე   1956:  ჭავჭავაძე  ი.  თხზ.  სრ  კრებული ,  ტ.  Y111,   1956

Гронас   2002:   Гронас  М.   Новая  экономическая   критика,   2002   №58
Осовская    1987 :  Осовская     М.    Рыцарь  и  буржуа,     1987
Макеев   2002 :     Макеев     М .    Договор  с  дьяволом  в  условиях   становления   капитализма  в  России      НЛО  №58  2002
Woodmanse,  Osteen    1999:    Ed.  M.  Woodmanse,   M.  Osteen,  The  Economics  Criticizm.  Studies  at  the  Entersection  of  literature  and  economics.,    London,  N.Y.   1999 


Monday, June 20, 2016

კაპიტალისტური და ნაციონალურ-რელიგიური ეთოსის დაპირისპირება XIX საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ რეალისტურ პროზაში: გ. ერისთავი, ლ. არდაზიანი

ნინო ვახანია, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი


    XIX საუკუნეში  საქართველოში კაპიტალისტური და ნაციონალური ერთმანეთს დაუპირისპირდა და ეს აისახა ლიტერატურაში. ქართველები, სიამაყით აღსავსენი, ვაჭრობას არ კადრულობდნენ, ხოლო სომხები ფულის მოგების (და დაგროვების) მიზნით არაფრის წინაშე უკან არ იხევდნენ.
სომეხნი, მხნენი ხელოვანნი მომგებლობისა,
            პირსა ქვეყნისას ამა საქმით ადრივ ცნობილან (`გოგჩა~), _   წერდა ალექსანდრე ჭავჭავაძე. თუ ფულის მოგების, გამდიდრების სიყვარული შეიძლება ჩაითვალოს ნაციონალურ ხასიათად, მაშინ ეს თვისება უთუოდ აქვთ სომხებს. ალექსანდრე ორბელიანი მიხაილ ვორონცოვზე საუბრის დროს ერთგან ასეთ რამეს ამბობს: `ქართველებს უნდოდათ დიდკაცობით გამოჩენა ვარანცოვის კარზე, თვითონ ვარანცოვთანაც და გარეშე ხალხში ხომ რასაკვირველია და სომხებსა ფული, რომელმაცა ორსავ მისცა რაც უნდოდათ: ქართველებს ფუჭი დიდკაცობა და სომხებსა გატენილი პარკი ფულებითა (სხვადასხვა სახაზინო შემოსავლებიდგან)~ (ალ. ორბელიანი, ვარანცოვთან ჩემი დაბეზღება, `სიტყვა მამულის ტრაპესზედ~, 1999წ., გვ. 70). ეს ამონაწერიც კარგად ხსნის ნაციონალური ბუნების განსხვავებას ქართველებსა და სომხებს შორის. სიტყვა `სომეხი~ ჩვენში იქცა ვაჭრის სინონიმად და არა ეროვნების აღმნიშვნელად. საინტერესოა ამ თვალსაზრისით ილია ჭავჭავაძის `მგზავრის წერილების~ ის საყოველთაოდ ცნობილი ეპიზოდი, ლელთ ღუნია რომ ესაუბრება მგზავრს. ახასიათებს რა თანამედროვე ყოფას, მოხევე ამბობს: `აწინა მავალე სვამეხი უფროს გვაწიოკებს, უფროს სახლს გვიკლებს~. აქ ეს `სვამეხი~ ნიშნავს ვაჭარს (ქართველიც რომ იყოს, სომხად უხმობენ).
    ბუნებრივია, რომ გიორგი ერისთავის კომედიების ვაჭრები ძირითადად სომხები (მევახშეები თუ დიდი კაპიტალისტები) არიან. რეალისტი ავტორი თვითონ, საკუთარი ცხოვრებით გახლდათ დაახლოებულ-დაკავშირებული მათთან (პირველი ცოლი ამ წრიდან ჰყავდა) და ამდენად ზედმიწევნით კარგად იცნობდა მათ ცხოვრებასა და ფსიქოტიპს. რა თქმა უნდა, კომედიებში იყენებდა გროტესკსა და სატირასაც ჟანრის კანონების შესაბამისად, არსებითად კი სწორად გადმოსცემდა დეტალებს. საყურადღებოა, რომ ისეთ პიესებშიც კი, რომლებშიც კაპიტალის დაგროვება, ვაჭრობა მთავარი თემა არაა, მაინც კარგად იხატება გარემო, საზოგადოებრივი ყოფა, შეულამაზებელი სახე ვაჭრისა. ხელშესახებად იგრძნობა განსხვავება და დაპირისპირებაც კი სომეხ ვაჭარსა და ქართველ ფრანტს შორის. კომედიაში `უჩინმაჩინის ქუდი~ მსახური რომ ქალბატონს სამახარობლო ამბავს უხსენებს, სუსანას (სომეხი ვაჭრის ცოლის) პირველი შეკითხვაა:რა? თევზის ურმები მოსულან? (გ.ერისთავი, თხზულებანი,            გვ. 218). ამ პიესას სიტუაციური კომიზმი უდევს საფუძვლად (ეჭვიანი ქმრის გაცუცურაკება ვითომ უჩინმაჩინის ქუდით), ამდენად თითქოს მეორეხარისხოვანი მნიშვნელობისაა ცოლ-ქმრის (სუსანასა და მარტირუზას) საუბარი ახალი ნივთის შეძენაზე. თუმცა კაპიტალიზმის დამკვიდრების პერიპეტიების გასაცნობად ერთ-ერთი საუკეთესოა. ცოლთან შერიგების ხასიათზე დამდგარი მარტირუზა მისთვის რაიმე ნივთის შეძენას სთავაზობს. სუსანას `ვარატნიკი~ უნდა, ოღონდ იწუნებს იმას, რაც `ქვეყანას ასხია~. გამორჩეულობა, როგორც ჩანს, მის სიმდიდრეს გაუსვამს ხაზს. ქმარს ენანება სამოცი თუმანი ერთი ვარატნიკისთვის, მაგრამ ცოლი მიუთითებს: `წადი აბა, ჯიგრაშენში წადი კვირასა, ფარაღათოვიანთ ცოლი ნახე, ბობრიანი ვარატნიკით,... ასეთი გაბერილი დადის, როგორც ბატი. არავის უყურებს. განა იმაზე ნაკლები ვარ?~ (გვ. 223). მაშასადამე, გამორჩეული ტანსაცმლით, სამკაულითა თუ სხვა აქსესუარით თავის მოწონება, სიმდიდრის საქვეყნოდ დანახვება დამახასიათებელი ყოფილა ბურჟუებისთვის. ოღონდ, როგორც ჩანს, მთლად საყოველთაოც ჯერ ვერ გამხდარა.
    ხელმომჭირნეობა და სიძუნწე ზოგადად დამახასიათებელია იმ ადამიანისთვის, ვინც ფულს შრომით შოულობს. Gგასაგებია, მან იცის, რა ვაი-ვაგლახი, რამდენი დაბრკოლება, რამდენი გასაჭირი უნდა გადაიტანოს ფულის მოსაგებად. უნდა გამოიჩინოს ნიჭი, უნარი, მოხერხება, გამძლეობა და სხვა. სულ გაკოტრების შიში აქვს და ეს ბუნებრივია. ამიტომაც წარმოიდგენს მარტირუზა იმ ფარაღათოვის გაკოტრებას და `ტორგს~... საყურადღებოა, რომ, როგორც ჩანს, გასაყიდი საქონელი სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოაქვთ, მათ შორის, ცხადია, მოსკოვიდანაც. ეხლა სარქისაანთ ღაღო მიდის მოსკოვს, დააბარე,_ამბობს შუშანა. მოსკოვს მარტო `ვარატნიკისთვის~ ან სხვა ნივთისთვის არ მიდიოდნენ ვაჭრები – ურთიერთობას ამყარებდნენ იქაურ მწარმოებლებთან (ფაბრიკანტებთან და სხვა), ეცნობოდნენ იქაურ ბაზარს, ფასებს, ჩამოტანილ თუ ადგილობრივ საქონელს, ფრთხილად წონიდნენ და განსჯიდნენ, რა წამოეღოთ საქართველოში, რას რამდენს მოუგებდნენ. ასე მდიდრდებოდნენ, იშვიათად კოტრდებოდნენ ვაჭრები. ამ საქმიანობას, ალბათ, დიდი რისკი ახლდა თან, არც ამხელა გზაზე მისვლა-მოსვლა ან საქონლის გამოგზავნა იქნებოდა უსაფრთხო, მაგრამ, როგორც ყველაფერს, ამასაც თავდადებული და ფულის გემოს მცნობი ადამიანები ედგნენ სათავეში და წარმატებითაც ახორციელებდნენ. საყურადღებოა, რომ უჩინმაჩინის ქუდში  `გაყრის~ მიკირტუმ გასპარიჩისგან ან `ძუნწის~ კარაპეტასგან განსხვავებით, გამოჩნდა ე.წ. `ფრანტი ვაჭარი~, ანუ მდიდარი, რომელიც ფულს დაგროვების გარდა, კიდეც მოიხმარს. `ევროპიული~ ცხოვრების ნახვამ, გაცნობამ დღის წესრიგში დააყენა ცხოვრების წესის, სტილის შეცვლა. სხვა ქვეყნების სოვდაგრების წაბაძვით თბილისშიც დაიწყეს სახლების ევროპულად მორთვა, სადილ-ბალების მოწყობა, მოსამსახურეების დაქირავება, ეტლების შეძენა და სხვა.
    შეწუხებული მარტირუზა ჩივის: `ვნახოთ თუ ბობრები რა ქნან, აი, დაინახამთ. გეთაყვა, ვაჭრობაში ეს გაგონილა? ღაღოს მამა ერთი ოთახი ჰქონდა, სპალნაც იყო, გოსტინაც, სტოლოვიც, შაბათობით მწვადი ძლივს ჰსწვამდა, ვა, მაშ ყველა იმითი მოუგია. ახლა შვილი ნახე, ერთი დვარეცი დაუდგამს, ცოლი ბობრით დაჰყავს. ჯანი გავარდეს, დაარბენინოს თავის ცოლი ბობრითა, თითონ გაკოტრდეს, ჩვენ რას გვემართვება ყაირათიანი ხალხისა, ჩვენც გაგვაკოტრებს. მაშ ხედავ ჩვენი ცოლები ბუნტი შვრებიან~ (გვ. 224).
     სომეხ ვაჭართა უმრავლესობა სიღარიბიდან, უქონლობიდან წამოვიდა და საოცარი მოთმინებისა და ეკონომიის  ხარჯზე გამდიდრდა. ეს პროცესი რეალისტურადაა ასახული ჩვენს ლიტერატურაში და კიდევ ერთხელ, ერთი დეტალით დასტურდება `უჩინმაჩინის ქუდში~. საოცნებო ქუდის დასაუფლებლად მარტირუზას რამდენიმე წესის დაცვას სთავაზობენ, მათ შორის იმასაც, რომ ლობიოს მეტი არა ჭამოს რა. რაზეც გახარებული ვაჭარი  პასუხობს: - ეგ ჩემი ხელობაა. ეს ნიუანსი, სულაც არაარსებითი პასაჟი, ნათლად, ხელშესახებად წარმოგვადგენინებს, როგორ შიმშილობდა, ოჯახსაც აშიმშილებდა, ოღონდ კაპიკი არ დახარჯვოდა და ლობიოს მეტს პირში არაფერს ჩაიკარებდა მარტირუზ რიბნიკოვი (თავისივე მოძმეების მსგავსად, ლავრენტი არდაზიანის სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილივით ან გიორგი ერისთავისავე სხვა ახალგამდიდრებული ვაჭრებივით). ქართველებს `მუცლის ნებიერებს~ ეძახის, ამიტომაც არა აქვთ ფულიო, - ფიქრობს სომეხი.
     არ ვიცი, აიხსნება თუ არა ნაციონალურ-რელიგიური თავისებურებებით ის ფაქტი, რომ ქართველი დაგროვებაზე მეტად ხარჯვას ესწრაფვოდა. თუმცა ის კი ცხადია, რომ, როცა ქართველებმაც მოჰკიდეს ხელი საქმოსნობას, სომხებზე არანაკლები ნიჭი და უნარი გამოიჩინეს ამ საქმეში, გაუსწრეს კიდეც მათ ახალი, ევროპული ყაიდის ვაჭრობით და, მაშასადამე, ფულის, ქონების შოვნითაც.
    `წარსული დროების სურათებში~ გამდიდრებული ვაჭრების ზნეობრივი დეგრადაციაა ნაჩვენები. ძმებს მინასოვებს, ჩანს, ვაჭრობის არეალი გაფართოებული აქვთ. `მთელი ქალაქის კუჭები~ მათ ხელშია. დიდკაცთ (ჩინოვნიკებს, სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფთ) საკუთარი მოგებიდან წილს უგზავნიან, ღარიბებს კი არას არგუნებენ `აყროლებული თევზის~ გარდა. ივანე და გაბრიელ მინასოვებიც და ჯიმშერ აკუნიანციც ქალაქის მოსახმარად რაღაც გარკვეულ თანხას სწირავენ. ესენი ერთმანეთს  ემტერებიან, სასამართლოში უჩივიან, ერთმანეთის ბიზნესის ჩაძირვას ცდილობენ და ამით გამდიდრებას. რა თქმა უნდა, არ ერიდებაინ მოქრთამვას საჭირო ხალხისა, თუმცა ორივე მხარე გარკვეულ თანხას საქველმოქმედოდ სთავაზობს ქალაქს. როგორც ჩანს, ეს იძულებითი, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯია. რადგან მინასოვების მიერ გაღებული თანხა ბევრად მეტია, საბჭოს მიაჩნია, რომ სწორედ მათ უნდა დაუჭირონ მხარი. ქალაქის საბჭო ითვალისწინებს იმას, რომ სამი წლის ომის განმავლობაში ნანახი დიდი ზარალის მიუხედავად, ძმებმა ქალაქის სასარგებლოდ მაინც გადაიხადეს 300 მან., მათი შრომისმოყვარეობისა და ნიჭის გათვალისწინებით კი ჩინოვნიკებს იმედი აქვთ, რომ მომდევნო წლებში ეს ძმები თავიანთ ბიზნესს კიდევ უფრო გაზრდიან და ქალაქის ბიუჯეტშიც ბევრად მეტ თანხას შეიტანენ. მხოლოდ აკუნიანცისგან მოქრთამულ  გრაფს უჭირს, დაეთანხმოს ამ მსჯელობას, თუმცა ხედავს, რომ გადაწყვეტილება სამართალიანია. სასაცილო და სახალისოა მისი გამოსვლის ბოლო სიტყვები: `ყვითელი ხიზილალა ენას ისე მიბამს, რომ საუბარს ვერ ვახერხებ~ (გვ.276).
     ქრთამით (ფულით, საჩუქრებით) ადამიანების მოსყიდვა არც მინასოვებისთვისაა უცხო. `უსტაბაშების~ გარდა, `ყარტა-მარტა~ ხალხსაც აძლევენ ძღვენს. `ქართველებიც ვინც დიდია, სულ ჩემ ჯიბეზე ჰკიდია!~ – მღერის გაბრიელ მინასოვი (გვ. 274). თუმცა, როგორც ვთქვით, მათგან აუცილებლობა ითხოვს საზოგადო სარგებლობისთვისაც თანხის ნაწილის გაღებას.
     მინასოვებს სახლი, საცხოვრებელი ევროპულად აქვთ მოწყობილი – ძველებურად ტახტზე კი არ სხდებიან, არამედ `კრესლაზე~ მოკალათდებიან, ქალები ფერუმარილს იყენებენ (მარეხი: `ლემენცის ყვითელმა გომბიომ მიფეშქაშა. კარგი რამ არის! მაგრამ ეს ჩემი ქმრის შტუკაა!~ გვ. 269). ქმრებს გერმანელი და ფრანგი ქალები ჰყავთ საყვარლებად. ალბათ, მათგანაც სწავლობენ, ითვისებენ ევროპულ გემოვნებას. ქალებს კი, ცოლების სამართლიანი შენიშვნით, `განა თუ იმათ თავი უყვართ, იმათი ფულები~. ეს კი ასეა, თუმცა ფული, ოქრო, თვალი, მარგალიტი არც ხამფერასა და შუშანას (ივან და გაბრიელ მინასოვების ცოლებს) აკლიათ, სულაც თავზე საყრელად აქვთ, მაგრამ თავს ბედნიერად მაინც ვერ გრძნობენ. ბუნებითი ჭკუა და გამოცდილება კარნახობს მათ, რომ დრომ შეიძლება ფულები ისე გაფანტოს, როგორც ქართველმა თავადმა. მართალია, ქონებასთან, სიმდიდრესთან ქართველი თავადის აგდებულ, ქედმაღლურ, ზერელე დამოკიდებულებას კიცხავენ, ირონიულად მოიხსენიებენ, სამაგიეროდ, მოსწონთ მათი ზნეობა _ ერთგულება, სიყვარული მეუღლისა, ოჯახისა. ჩვენ ქმრები გვეუბნებიან: `ყველა გაქვთო, რაღა გინდათო! ქართველი თავადი კი ცოლს უალერსებს. ნეტა იმიტომ, ჯიბეში დიდმარხვა რომ უძევთ?~ – ასე სჯის ხამფერა. ეს ჭკვიანი ქალი ხვდება, რომ ბედნიერება სიმდიდრეში არაა. ქმარს მიუთითებს, რომ ღარიბი ხალხისთვის თევზის მიცემა მადლია, რომ სხვის ხარჯზე გამდიდრება საშიშია სულისთვის, რომ ბევრნი წყევლიან და სხვა...  ჭკუა, გათვლა-გაანგარიშების უნარი, მუდამ ფხიზლად, ყურადღებით ყოფნაა ივანე მინასოვის დამახასიათებელი თვისებებია. ურთიერთობა სხვა სოვდაგრებთან, შეძლებულ ხალხთან, ჩინოვნიკებთან, საზღვარგარეთელ მწარმოებლებთან, პარტნიორებთან თუ კონკურენტებთან – დიდ უნარს, ცოდნას, სიახლისკენ სწრაფვის სურვილს, ნიჭსა და გამოცდილებას მოითხოვს. საამაყოდ მიაჩნია და არის კიდეც თავმოსაწონებელი: `მამა ჩემი კევი ჰყიდდა! ეხლა ბლაღოროდნი ხარ! განა ის ბლაღოროდნი, ქართველი, ფეხშიშველა აზნაური... ჩემი სახელი ევროპამ იცის~ (გვ. 270). მართალია, განათლება, წიგნი, ენის ცოდნა მისგან შორსაა (ვერაფრით დაიმახსოვრა `ჩლენამ~.  მუდმივად შეცდომით ამბობს `ჩნელამ~), მაგრამ, კარგად იცის, როგორ მოექცეს `სოვეტის~ წევრებს – რა შესზთავაზოს, როგორ გადაარჩინოს და კიდევ უფრო გაზარდოს წარმოება და სხვა.
     თუ თავიანთი უზნეობით, ყოფითი ცხოვრებით, გაუნათლებლობით, ტრაბახითა და სხვა თვისებებით ეს ვაჭრები სასაცილონი არიან, სამაგიეროდ პატივისცემას იმსახურებენ საქმიანობის, შრომისუნარიანობის, მომავლის განჭვრეტისა და სწორად დაგეგმვის უნარის გამო.
 მრავალმხრივ საყურადღებოა გიორგი ერისთავის `ჩემი მოგზაურობა ევროპაში 1862 წელსა და 13 ივნისიდგან~. ეს ჩანაწერები იმ მხრივაც იწვევს ინტერესს, რომ ავტორი აშკარად ევროპეიზაციის მქადაგებლად გვევლინება. მოსწონს ევროპული ცხოვრების წესი, სისუფთავე, სიმდიდრე, გართობა და სხვა. გიორგი ერისთავი, რომელიც თავის კომედიებში დასცინის და ამასხრებს ვაჭრებს, ამ მოგზაურობითი ჟანრის  თხზულებაში პატივისცემით მოიხსენიებს მათ. არ მალავს სიამოვნებას სიმდიდრის, შეძლებული ხალხის ნახვისას. მოგზაურობის დაწყებისთანავე, ორპირიდან ფოთისკენ გემით მიმავალი მწერლის ყურადღება მიუპყრია რიონის პირას მცხოვრებ ხალხს – მეგრელებსა და გურულებს. `აგერ რამდენიმე ლოტკა მოსცურავს და სეირნობენ ქალნი და კაცნი, სიმკვირცხლე და მოძრაობა შემოსულა მათში, - შეძლება, ვაჭრობა გარდასხმულა ამ მხარეს,~ – წერს მოგზაური. სიამოვნება და სიამაყე გამოსჭვივის ამ აღწერაშიც: `აბა, ახლა ნახეთ ტანოვანნი, ფეროვანნი, სუფთად, მსხდომარენი ვაჭრად დუქნებში, მენავენი, ჩალვადარნი, - მაგრამ არ არის საკვირველი~...(გვ. 331)
       ვაჭრობის განვითარება ქვეყნის აუცილებელ პირობად მიაჩნდათ XIX საუკუნის 50-იან წლებიდან ჩვენს მოღვაწეებს. ამ მოსაზრებას მხარს უბამდა, ამაგრებდა და პრაქტიკულად ხელს უწყობდა მეფისნაცვალი მიხაილ ვორონცოვი, რომელსაც იმპერიული პოლიტიკის გამტარებელი კი გახლდათ საქართველოში, მაგრამ ისარგებლეს რა მისი ლოიალობით, ამ პერიოდში ქართველებმა ბევრი სამომავლო, სასიკეთო საქმე წამოიწყეს. თავის დროზე ვორონცოვთან დაახლოებულ გიორგი ერისთავს მოგზაურობის დროსაც ახსენდება `კეთილისმყოფელი მეფისნაცვალი~: `მე მომაგონდა, განსვენებული ვარანცოვი იტყოდა, მგონია კიდეც მისწერა ხელმწიფეს, რომ ქუთაისიდგან ტრაპიზონამდის გაეკეთებინა გზა, ამისთვის რომ იტყოდა ანგლიჩნები ტრაპიზონიდგან გააკეთებენ გზასო და ვაჭრობა სპარსეთისა იმათ დარჩებაო და აქ რო გაკეთდესო, ვაჭრობა ჩვენი იქნებაო!~ (გვ. 334).  მაშასადამე, გზის გაყვანა ვაჭრობის განვითარებას და ქვეყნის გამდიდრება-გაძლიერებას შეუწყობდა ხელს.
      სხვაგან, სხვა ადგილასაც საუბრობს მწერალი გზების გაყვანის აუცილებლობის შესახებ. პარიზიდან წამოსულისთვის ერთ ნაცნობს უთქვამს: `როჩილდი არის აქაო და ჰპირდება რკინის გზისთვის საქართველოში მე მოგცემთ ფულებსო~ და ამას მოსდევს გიორგი ერისთავის გულწრფელი ნატვრა: `როდის მომასწრებს ღმერთი რომ ჩვენ ქვეყანას გზა ეშველოს~ (გვ. 347).
      ევროპაში სხვა ბევრ რამესთან ერთად ქართველი მოგზაურები გაუკვირვებია ფაიფურის ჭურჭელსა და საკერავ მანქანებს. ფაიფურის წარმოება არ გვიჩვენესო, - დანანებით წერს ავტორი, საკერავი მანქანების მუშაობის პრინციპის შესწავლა კი მოუნდომებიათ, ორი მანქანა უყიდიათ კიდეც...
     ასე, რომ, გიორგი ერისთავი გვევლინება ევროპასთან ვაჭრობის, ევროპული საქონლის შემოტანის, ევროპული გემოვნების ჩვენში დამკვიდრების მხურვალე მომხრედა და ქომაგად.

დამოწმებული ლიტერატურა:
1.     ერისთავი, 1936:  ერისთავი ., უჩინმაჩინის ქუდი, იხ. თხზულებანი, თბ., 1936.
2.     ერისთავი, 1936:  ერისთავი ., წარსული დროების სურათები, იხ. თხზულებანი, თბ., 1936.
3.     ერისთავი, 1936:  ერისთავი ., ჩემი მოგზაურობა ევროპაში, იხ. თხზულებანი, თბ., 1936.
4.     Oორბელიანი, 1999: ორბელიანი ალ., ვარანცოვთან ჩემი დაბეზღება, `სიტყვა მამულის ტრაპესზედ~, თბ., 1999.
5.     ჭავჭავაძე, 1992:  ჭავჭავაძე ალ. გოგჩა, წიგნში: ქართული მწერლობა, თბ., 1992 .

6.     ჭავჭავაძე, 1988: ჭავჭავაძე . მგზავრის წერილები, იხ. თხზ. სრ. კრებ. Oოც ტომად, . II, თბ., 1988.