XIX საუკუნეში საქართველოში კაპიტალისტური და ნაციონალური ერთმანეთს დაუპირისპირდა და ეს აისახა ლიტერატურაში. ქართველები, სიამაყით აღსავსენი, ვაჭრობას არ კადრულობდნენ, ხოლო სომხები ფულის მოგების (და დაგროვების) მიზნით არაფრის წინაშე უკან არ იხევდნენ.
სომეხნი, მხნენი ხელოვანნი მომგებლობისა,
პირსა ქვეყნისას ამა საქმით ადრივ ცნობილან (`გოგჩა~), _ წერდა ალექსანდრე ჭავჭავაძე. თუ ფულის მოგების, გამდიდრების სიყვარული შეიძლება ჩაითვალოს ნაციონალურ ხასიათად, მაშინ ეს თვისება უთუოდ აქვთ სომხებს. ალექსანდრე ორბელიანი მიხაილ ვორონცოვზე საუბრის დროს ერთგან ასეთ რამეს ამბობს: `ქართველებს უნდოდათ დიდკაცობით გამოჩენა ვარანცოვის კარზე, თვითონ ვარანცოვთანაც და გარეშე ხალხში ხომ რასაკვირველია და სომხებსა ფული, რომელმაცა ორსავ მისცა რაც უნდოდათ: ქართველებს ფუჭი დიდკაცობა და სომხებსა გატენილი პარკი ფულებითა (სხვადასხვა სახაზინო შემოსავლებიდგან)~ (ალ. ორბელიანი, ვარანცოვთან ჩემი დაბეზღება, `სიტყვა მამულის ტრაპესზედ~, 1999წ., გვ. 70). ეს ამონაწერიც კარგად ხსნის ნაციონალური ბუნების განსხვავებას ქართველებსა და სომხებს შორის. სიტყვა `სომეხი~ ჩვენში იქცა ვაჭრის სინონიმად და არა ეროვნების აღმნიშვნელად. საინტერესოა ამ თვალსაზრისით ილია ჭავჭავაძის `მგზავრის წერილების~ ის საყოველთაოდ ცნობილი ეპიზოდი, ლელთ ღუნია რომ ესაუბრება მგზავრს. ახასიათებს რა თანამედროვე ყოფას, მოხევე ამბობს: `აწინა მავალე სვამეხი უფროს გვაწიოკებს, უფროს სახლს გვიკლებს~. აქ ეს `სვამეხი~ ნიშნავს ვაჭარს (ქართველიც რომ იყოს, სომხად უხმობენ).
ბუნებრივია, რომ გიორგი ერისთავის კომედიების ვაჭრები ძირითადად სომხები (მევახშეები თუ დიდი კაპიტალისტები) არიან. რეალისტი ავტორი თვითონ, საკუთარი ცხოვრებით გახლდათ დაახლოებულ-დაკავშირებული მათთან (პირველი ცოლი ამ წრიდან ჰყავდა) და ამდენად ზედმიწევნით კარგად იცნობდა მათ ცხოვრებასა და ფსიქოტიპს. რა თქმა უნდა, კომედიებში იყენებდა გროტესკსა და სატირასაც ჟანრის კანონების შესაბამისად, არსებითად კი სწორად გადმოსცემდა დეტალებს. საყურადღებოა, რომ ისეთ პიესებშიც კი, რომლებშიც კაპიტალის დაგროვება, ვაჭრობა მთავარი თემა არაა, მაინც კარგად იხატება გარემო, საზოგადოებრივი ყოფა, შეულამაზებელი სახე ვაჭრისა. ხელშესახებად იგრძნობა განსხვავება და დაპირისპირებაც კი სომეხ ვაჭარსა და ქართველ ფრანტს შორის. კომედიაში `უჩინმაჩინის ქუდი~ მსახური რომ ქალბატონს სამახარობლო ამბავს უხსენებს, სუსანას (სომეხი ვაჭრის ცოლის) პირველი შეკითხვაა:რა? თევზის ურმები მოსულან? (გ.ერისთავი, თხზულებანი, გვ. 218). ამ პიესას სიტუაციური კომიზმი უდევს საფუძვლად (ეჭვიანი ქმრის გაცუცურაკება ვითომ უჩინმაჩინის ქუდით), ამდენად თითქოს მეორეხარისხოვანი მნიშვნელობისაა ცოლ-ქმრის (სუსანასა და მარტირუზას) საუბარი ახალი ნივთის შეძენაზე. თუმცა კაპიტალიზმის დამკვიდრების პერიპეტიების გასაცნობად ერთ-ერთი საუკეთესოა. ცოლთან შერიგების ხასიათზე დამდგარი მარტირუზა მისთვის რაიმე ნივთის შეძენას სთავაზობს. სუსანას `ვარატნიკი~ უნდა, ოღონდ იწუნებს იმას, რაც `ქვეყანას ასხია~. გამორჩეულობა, როგორც ჩანს, მის სიმდიდრეს გაუსვამს ხაზს. ქმარს ენანება სამოცი თუმანი ერთი ვარატნიკისთვის, მაგრამ ცოლი მიუთითებს: `წადი აბა, ჯიგრაშენში წადი კვირასა, ფარაღათოვიანთ ცოლი ნახე, ბობრიანი ვარატნიკით,... ასეთი გაბერილი დადის, როგორც ბატი. არავის უყურებს. განა იმაზე ნაკლები ვარ?~ (გვ. 223). მაშასადამე, გამორჩეული ტანსაცმლით, სამკაულითა თუ სხვა აქსესუარით თავის მოწონება, სიმდიდრის საქვეყნოდ დანახვება დამახასიათებელი ყოფილა ბურჟუებისთვის. ოღონდ, როგორც ჩანს, მთლად საყოველთაოც ჯერ ვერ გამხდარა.
ხელმომჭირნეობა და სიძუნწე ზოგადად დამახასიათებელია იმ ადამიანისთვის, ვინც ფულს შრომით შოულობს. Gგასაგებია, მან იცის, რა ვაი-ვაგლახი, რამდენი დაბრკოლება, რამდენი გასაჭირი უნდა გადაიტანოს ფულის მოსაგებად. უნდა გამოიჩინოს ნიჭი, უნარი, მოხერხება, გამძლეობა და სხვა. სულ გაკოტრების შიში აქვს და ეს ბუნებრივია. ამიტომაც წარმოიდგენს მარტირუზა იმ ფარაღათოვის გაკოტრებას და `ტორგს~... საყურადღებოა, რომ, როგორც ჩანს, გასაყიდი საქონელი სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოაქვთ, მათ შორის, ცხადია, მოსკოვიდანაც. ეხლა სარქისაანთ ღაღო მიდის მოსკოვს, დააბარე,_ამბობს შუშანა. მოსკოვს მარტო `ვარატნიკისთვის~ ან სხვა ნივთისთვის არ მიდიოდნენ ვაჭრები – ურთიერთობას ამყარებდნენ იქაურ მწარმოებლებთან (ფაბრიკანტებთან და სხვა), ეცნობოდნენ იქაურ ბაზარს, ფასებს, ჩამოტანილ თუ ადგილობრივ საქონელს, ფრთხილად წონიდნენ და განსჯიდნენ, რა წამოეღოთ საქართველოში, რას რამდენს მოუგებდნენ. ასე მდიდრდებოდნენ, იშვიათად კოტრდებოდნენ ვაჭრები. ამ საქმიანობას, ალბათ, დიდი რისკი ახლდა თან, არც ამხელა გზაზე მისვლა-მოსვლა ან საქონლის გამოგზავნა იქნებოდა უსაფრთხო, მაგრამ, როგორც ყველაფერს, ამასაც თავდადებული და ფულის გემოს მცნობი ადამიანები ედგნენ სათავეში და წარმატებითაც ახორციელებდნენ. საყურადღებოა, რომ უჩინმაჩინის ქუდში `გაყრის~ მიკირტუმ გასპარიჩისგან ან `ძუნწის~ კარაპეტასგან განსხვავებით, გამოჩნდა ე.წ. `ფრანტი ვაჭარი~, ანუ მდიდარი, რომელიც ფულს დაგროვების გარდა, კიდეც მოიხმარს. `ევროპიული~ ცხოვრების ნახვამ, გაცნობამ დღის წესრიგში დააყენა ცხოვრების წესის, სტილის შეცვლა. სხვა ქვეყნების სოვდაგრების წაბაძვით თბილისშიც დაიწყეს სახლების ევროპულად მორთვა, სადილ-ბალების მოწყობა, მოსამსახურეების დაქირავება, ეტლების შეძენა და სხვა.
შეწუხებული მარტირუზა ჩივის: `ვნახოთ თუ ბობრები რა ქნან, აი, დაინახამთ. გეთაყვა, ვაჭრობაში ეს გაგონილა? ღაღოს მამა ერთი ოთახი ჰქონდა, სპალნაც იყო, გოსტინაც, სტოლოვიც, შაბათობით მწვადი ძლივს ჰსწვამდა, ვა, მაშ ყველა იმითი მოუგია. ახლა შვილი ნახე, ერთი დვარეცი დაუდგამს, ცოლი ბობრით დაჰყავს. ჯანი გავარდეს, დაარბენინოს თავის ცოლი ბობრითა, თითონ გაკოტრდეს, ჩვენ რას გვემართვება ყაირათიანი ხალხისა, ჩვენც გაგვაკოტრებს. მაშ ხედავ ჩვენი ცოლები ბუნტი შვრებიან~ (გვ. 224).
სომეხ ვაჭართა უმრავლესობა სიღარიბიდან, უქონლობიდან წამოვიდა და საოცარი მოთმინებისა და ეკონომიის ხარჯზე გამდიდრდა. ეს პროცესი რეალისტურადაა ასახული ჩვენს ლიტერატურაში და კიდევ ერთხელ, ერთი დეტალით დასტურდება `უჩინმაჩინის ქუდში~. საოცნებო ქუდის დასაუფლებლად მარტირუზას რამდენიმე წესის დაცვას სთავაზობენ, მათ შორის იმასაც, რომ ლობიოს მეტი არა ჭამოს რა. რაზეც გახარებული ვაჭარი პასუხობს: - ეგ ჩემი ხელობაა. ეს ნიუანსი, სულაც არაარსებითი პასაჟი, ნათლად, ხელშესახებად წარმოგვადგენინებს, როგორ შიმშილობდა, ოჯახსაც აშიმშილებდა, ოღონდ კაპიკი არ დახარჯვოდა და ლობიოს მეტს პირში არაფერს ჩაიკარებდა მარტირუზ რიბნიკოვი (თავისივე მოძმეების მსგავსად, ლავრენტი არდაზიანის სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილივით ან გიორგი ერისთავისავე სხვა ახალგამდიდრებული ვაჭრებივით). ქართველებს `მუცლის ნებიერებს~ ეძახის, ამიტომაც არა აქვთ ფულიო, - ფიქრობს სომეხი.
არ ვიცი, აიხსნება თუ არა ნაციონალურ-რელიგიური თავისებურებებით ის ფაქტი, რომ ქართველი დაგროვებაზე მეტად ხარჯვას ესწრაფვოდა. თუმცა ის კი ცხადია, რომ, როცა ქართველებმაც მოჰკიდეს ხელი საქმოსნობას, სომხებზე არანაკლები ნიჭი და უნარი გამოიჩინეს ამ საქმეში, გაუსწრეს კიდეც მათ ახალი, ევროპული ყაიდის ვაჭრობით და, მაშასადამე, ფულის, ქონების შოვნითაც.
`წარსული დროების სურათებში~ გამდიდრებული ვაჭრების ზნეობრივი დეგრადაციაა ნაჩვენები. ძმებს მინასოვებს, ჩანს, ვაჭრობის არეალი გაფართოებული აქვთ. `მთელი ქალაქის კუჭები~ მათ ხელშია. დიდკაცთ (ჩინოვნიკებს, სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფთ) საკუთარი მოგებიდან წილს უგზავნიან, ღარიბებს კი არას არგუნებენ `აყროლებული თევზის~ გარდა. ივანე და გაბრიელ მინასოვებიც და ჯიმშერ აკუნიანციც ქალაქის მოსახმარად რაღაც გარკვეულ თანხას სწირავენ. ესენი ერთმანეთს ემტერებიან, სასამართლოში უჩივიან, ერთმანეთის ბიზნესის ჩაძირვას ცდილობენ და ამით გამდიდრებას. რა თქმა უნდა, არ ერიდებაინ მოქრთამვას საჭირო ხალხისა, თუმცა ორივე მხარე გარკვეულ თანხას საქველმოქმედოდ სთავაზობს ქალაქს. როგორც ჩანს, ეს იძულებითი, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯია. რადგან მინასოვების მიერ გაღებული თანხა ბევრად მეტია, საბჭოს მიაჩნია, რომ სწორედ მათ უნდა დაუჭირონ მხარი. ქალაქის საბჭო ითვალისწინებს იმას, რომ სამი წლის ომის განმავლობაში ნანახი დიდი ზარალის მიუხედავად, ძმებმა ქალაქის სასარგებლოდ მაინც გადაიხადეს 300 მან., მათი შრომისმოყვარეობისა და ნიჭის გათვალისწინებით კი ჩინოვნიკებს იმედი აქვთ, რომ მომდევნო წლებში ეს ძმები თავიანთ ბიზნესს კიდევ უფრო გაზრდიან და ქალაქის ბიუჯეტშიც ბევრად მეტ თანხას შეიტანენ. მხოლოდ აკუნიანცისგან მოქრთამულ გრაფს უჭირს, დაეთანხმოს ამ მსჯელობას, თუმცა ხედავს, რომ გადაწყვეტილება სამართალიანია. სასაცილო და სახალისოა მისი გამოსვლის ბოლო სიტყვები: `ყვითელი ხიზილალა ენას ისე მიბამს, რომ საუბარს ვერ ვახერხებ~ (გვ.276).
ქრთამით (ფულით, საჩუქრებით) ადამიანების მოსყიდვა არც მინასოვებისთვისაა უცხო. `უსტაბაშების~ გარდა, `ყარტა-მარტა~ ხალხსაც აძლევენ ძღვენს. `ქართველებიც ვინც დიდია, სულ ჩემ ჯიბეზე ჰკიდია!~ – მღერის გაბრიელ მინასოვი (გვ. 274). თუმცა, როგორც ვთქვით, მათგან აუცილებლობა ითხოვს საზოგადო სარგებლობისთვისაც თანხის ნაწილის გაღებას.
მინასოვებს სახლი, საცხოვრებელი ევროპულად აქვთ მოწყობილი – ძველებურად ტახტზე კი არ სხდებიან, არამედ `კრესლაზე~ მოკალათდებიან, ქალები ფერუმარილს იყენებენ (მარეხი: `ლემენცის ყვითელმა გომბიომ მიფეშქაშა. კარგი რამ არის! მაგრამ ეს ჩემი ქმრის შტუკაა!~ გვ. 269). ქმრებს გერმანელი და ფრანგი ქალები ჰყავთ საყვარლებად. ალბათ, მათგანაც სწავლობენ, ითვისებენ ევროპულ გემოვნებას. ქალებს კი, ცოლების სამართლიანი შენიშვნით, `განა თუ იმათ თავი უყვართ, იმათი ფულები~. ეს კი ასეა, თუმცა ფული, ოქრო, თვალი, მარგალიტი არც ხამფერასა და შუშანას (ივან და გაბრიელ მინასოვების ცოლებს) აკლიათ, სულაც თავზე საყრელად აქვთ, მაგრამ თავს ბედნიერად მაინც ვერ გრძნობენ. ბუნებითი ჭკუა და გამოცდილება კარნახობს მათ, რომ დრომ შეიძლება ფულები ისე გაფანტოს, როგორც ქართველმა თავადმა. მართალია, ქონებასთან, სიმდიდრესთან ქართველი თავადის აგდებულ, ქედმაღლურ, ზერელე დამოკიდებულებას კიცხავენ, ირონიულად მოიხსენიებენ, სამაგიეროდ, მოსწონთ მათი ზნეობა _ ერთგულება, სიყვარული მეუღლისა, ოჯახისა. ჩვენ ქმრები გვეუბნებიან: `ყველა გაქვთო, რაღა გინდათო! ქართველი თავადი კი ცოლს უალერსებს. ნეტა იმიტომ, ჯიბეში დიდმარხვა რომ უძევთ?~ – ასე სჯის ხამფერა. ეს ჭკვიანი ქალი ხვდება, რომ ბედნიერება სიმდიდრეში არაა. ქმარს მიუთითებს, რომ ღარიბი ხალხისთვის თევზის მიცემა მადლია, რომ სხვის ხარჯზე გამდიდრება საშიშია სულისთვის, რომ ბევრნი წყევლიან და სხვა... ჭკუა, გათვლა-გაანგარიშების უნარი, მუდამ ფხიზლად, ყურადღებით ყოფნაა ივანე მინასოვის დამახასიათებელი თვისებებია. ურთიერთობა სხვა სოვდაგრებთან, შეძლებულ ხალხთან, ჩინოვნიკებთან, საზღვარგარეთელ მწარმოებლებთან, პარტნიორებთან თუ კონკურენტებთან – დიდ უნარს, ცოდნას, სიახლისკენ სწრაფვის სურვილს, ნიჭსა და გამოცდილებას მოითხოვს. საამაყოდ მიაჩნია და არის კიდეც თავმოსაწონებელი: `მამა ჩემი კევი ჰყიდდა! ეხლა ბლაღოროდნი ხარ! განა ის ბლაღოროდნი, ქართველი, ფეხშიშველა აზნაური... ჩემი სახელი ევროპამ იცის~ (გვ. 270). მართალია, განათლება, წიგნი, ენის ცოდნა მისგან შორსაა (ვერაფრით დაიმახსოვრა `ჩლენამ~. მუდმივად შეცდომით ამბობს `ჩნელამ~), მაგრამ, კარგად იცის, როგორ მოექცეს `სოვეტის~ წევრებს – რა შესზთავაზოს, როგორ გადაარჩინოს და კიდევ უფრო გაზარდოს წარმოება და სხვა.
თუ თავიანთი უზნეობით, ყოფითი ცხოვრებით, გაუნათლებლობით, ტრაბახითა და სხვა თვისებებით ეს ვაჭრები სასაცილონი არიან, სამაგიეროდ პატივისცემას იმსახურებენ საქმიანობის, შრომისუნარიანობის, მომავლის განჭვრეტისა და სწორად დაგეგმვის უნარის გამო.
მრავალმხრივ საყურადღებოა გიორგი ერისთავის `ჩემი მოგზაურობა ევროპაში 1862 წელსა და 13 ივნისიდგან~. ეს ჩანაწერები იმ მხრივაც იწვევს ინტერესს, რომ ავტორი აშკარად ევროპეიზაციის მქადაგებლად გვევლინება. მოსწონს ევროპული ცხოვრების წესი, სისუფთავე, სიმდიდრე, გართობა და სხვა. გიორგი ერისთავი, რომელიც თავის კომედიებში დასცინის და ამასხრებს ვაჭრებს, ამ მოგზაურობითი ჟანრის თხზულებაში პატივისცემით მოიხსენიებს მათ. არ მალავს სიამოვნებას სიმდიდრის, შეძლებული ხალხის ნახვისას. მოგზაურობის დაწყებისთანავე, ორპირიდან ფოთისკენ გემით მიმავალი მწერლის ყურადღება მიუპყრია რიონის პირას მცხოვრებ ხალხს – მეგრელებსა და გურულებს. `აგერ რამდენიმე ლოტკა მოსცურავს და სეირნობენ ქალნი და კაცნი, სიმკვირცხლე და მოძრაობა შემოსულა მათში, - შეძლება, ვაჭრობა გარდასხმულა ამ მხარეს,~ – წერს მოგზაური. სიამოვნება და სიამაყე გამოსჭვივის ამ აღწერაშიც: `აბა, ახლა ნახეთ ტანოვანნი, ფეროვანნი, სუფთად, მსხდომარენი ვაჭრად დუქნებში, მენავენი, ჩალვადარნი, - მაგრამ არ არის საკვირველი~...(გვ. 331)
ვაჭრობის განვითარება ქვეყნის აუცილებელ პირობად მიაჩნდათ XIX საუკუნის 50-იან წლებიდან ჩვენს მოღვაწეებს. ამ მოსაზრებას მხარს უბამდა, ამაგრებდა და პრაქტიკულად ხელს უწყობდა მეფისნაცვალი მიხაილ ვორონცოვი, რომელსაც იმპერიული პოლიტიკის გამტარებელი კი გახლდათ საქართველოში, მაგრამ ისარგებლეს რა მისი ლოიალობით, ამ პერიოდში ქართველებმა ბევრი სამომავლო, სასიკეთო საქმე წამოიწყეს. თავის დროზე ვორონცოვთან დაახლოებულ გიორგი ერისთავს მოგზაურობის დროსაც ახსენდება `კეთილისმყოფელი მეფისნაცვალი~: `მე მომაგონდა, განსვენებული ვარანცოვი იტყოდა, მგონია კიდეც მისწერა ხელმწიფეს, რომ ქუთაისიდგან ტრაპიზონამდის გაეკეთებინა გზა, ამისთვის რომ იტყოდა ანგლიჩნები ტრაპიზონიდგან გააკეთებენ გზასო და ვაჭრობა სპარსეთისა იმათ დარჩებაო და აქ რო გაკეთდესო, ვაჭრობა ჩვენი იქნებაო!~ (გვ. 334). მაშასადამე, გზის გაყვანა ვაჭრობის განვითარებას და ქვეყნის გამდიდრება-გაძლიერებას შეუწყობდა ხელს.
სხვაგან, სხვა ადგილასაც საუბრობს მწერალი გზების გაყვანის აუცილებლობის შესახებ. პარიზიდან წამოსულისთვის ერთ ნაცნობს უთქვამს: `როჩილდი არის აქაო და ჰპირდება რკინის გზისთვის საქართველოში მე მოგცემთ ფულებსო~ და ამას მოსდევს გიორგი ერისთავის გულწრფელი ნატვრა: `როდის მომასწრებს ღმერთი რომ ჩვენ ქვეყანას გზა ეშველოს~ (გვ. 347).
ევროპაში სხვა ბევრ რამესთან ერთად ქართველი მოგზაურები გაუკვირვებია ფაიფურის ჭურჭელსა და საკერავ მანქანებს. ფაიფურის წარმოება არ გვიჩვენესო, - დანანებით წერს ავტორი, საკერავი მანქანების მუშაობის პრინციპის შესწავლა კი მოუნდომებიათ, ორი მანქანა უყიდიათ კიდეც...
ასე, რომ, გიორგი ერისთავი გვევლინება ევროპასთან ვაჭრობის, ევროპული საქონლის შემოტანის, ევროპული გემოვნების ჩვენში დამკვიდრების მხურვალე მომხრედა და ქომაგად.
დამოწმებული ლიტერატურა:
1. ერისთავი, 1936: ერისთავი გ., უჩინმაჩინის ქუდი, იხ. თხზულებანი, თბ., 1936წ.
2. ერისთავი, 1936: ერისთავი გ., წარსული დროების სურათები, იხ. თხზულებანი, თბ., 1936წ.
3. ერისთავი, 1936: ერისთავი გ., ჩემი მოგზაურობა ევროპაში, იხ. თხზულებანი, თბ., 1936წ.
4. Oორბელიანი, 1999: ორბელიანი ალ., ვარანცოვთან ჩემი დაბეზღება, `სიტყვა მამულის ტრაპესზედ~, თბ., 1999წ.
5. ჭავჭავაძე, 1992: ჭავჭავაძე ალ. გოგჩა, წიგნში: ქართული მწერლობა, თბ., 1992 წ.
6. ჭავჭავაძე, 1988: ჭავჭავაძე ი. მგზავრის წერილები, იხ. თხზ. სრ. კრებ. Oოც ტომად, ტ. II, თბ., 1988წ.
No comments:
Post a Comment