Translate

Monday, July 29, 2024

რეცენზია ნატო ფირცხალავას წიგნზე „შუშის ანგელოზები“

 თამარ შარაბიძე


             „შუშის ანგელოზები“  ... „სათაური მოქნეული მახვილიაო“, _ უთქვამს კონსტანტინე გამსახურდიას. აუცილებელი ნამდვილად არაა მხატვრული ტექსტის სათაური ნაწარმოების მთავარ აზრს ან ძირითად თემატიკას გამოიტყოდეს, „მოქნევის“მთავარი  ღირსება მის მხატვრულობაშია.  „შუშის ანგელოზები“... უპირველესად მიმართებაა ნივთთან, რომელიც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე კარგავს მხოლოდ ნივთის ფუნქციას და რაღაც ახალს  იძენს. ის განივთებული ცხოვრება, იმედი და რწმენა ხდება. რა თქმა უნდა, იმედს ანგელოზის ნებისმიერი გამოსახულება შეიძლება გაძლევდეს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი  ანგელოზები შუშისაა, ე.ი. მსხვრევადი. რომანის  მთავარი აზრიც იმაშია, რომ, რაც არ უნდა დაიმსხვრეს ცხოვრება და მასთან ერთად იმედიც, ადამიანმა ადამიანობა არ უნდა დაკარგოს. ადამიანობა კი სიყვარულში გამოიხატება და ყველაფერში იჩენს თავს, თუნდაც უბრალო ნივთისადმი დამოკიდებულებაში. რომანში ავტორის მთელი სულიერი სამყარო წარმოჩნდება, ღრმა და ინტელექტუალური, შინაგანი ტანჯვითა და ფიქრით ახლის  შემცნობი, რომელიც შორს დგას მატერიალურისგან თავისი „არსებითი უპირატესობით“.  შემთხვევით არ იწყებს ნატო ფირცხალავა  თავის ბოლოსიტყვაობას _ „ავტორისაგან“ _  გაბრიელ გარსია მარკესის სიტყვებით: „არა მგონია, მკითხველს შორის ბევრი არსებობდეს ისეთი, ვინც წიგნის წაკითხვის შემდეგ საკუთარ თავს ჰკითხავს, რამდენი დრო და შინაგანი ტანჯვა დაუჯდა ავტორს ამ მრავალი გვერდის დაწერა“. დრო არ ვიცი, მაგრამ, ვინც ამ წიგნს წაიკითხავს, იგრძნობს ნატოს შინაგან ტანჯვას. რომანის მთავარი პერსონაჟი მურზა, აფხაზი გოგო, ხომ თავად ნატოა, რომელიც განიცდის მსოფლიოს კატაკლიზმებს, ძირითადად ადამიანის ხელით რომ ხდება. ომი საშინელებაა, შორიდან ადვილია მასზე ლაპარაკი, ისტორიაც მას მიწის (თუნდაც სამყაროს) გადანაწილების პრობლემად აღიქვამს, მაგრამ მისი მსხვერპლი ვერასდროს ივიწყებს გადატანილს. ტკივილი მის სულში  მოუშუშებლად რჩება და ხშირად ფიზიკურადაც ანადგურებს.  ომს არ შეუძლია უბრალოდ „გადაიაროს“,  მხოლოდ ისტორიის კუთვნილება გახდეს, ის არ შუშდება, რადგან „ქვეყნად ადამიანის სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერია!“ ეს არის ნატოს განაცხადი.  ავტორი მხოლოდ კი არ გვიყვება ამბავს, მას ეს ამბავი თავის თავზე გადააქვს, რეალურად განიცდის და ასევე მძაფრად განაცდევინებს მკითხველს, იმდენად მძაფრად, რომ სხეული გტკივა და აღარ იცი, როგორ განთავისუფლდე  ამ შეგრძნებისგან. ეს უკვე ფაქტია იმისა, რომ ნაწარმოები შედგა, მხატვრულმა სიტყვამ თავისი ქმნა.

      ლამაზია ნატოს ფრაზა, გრძნობა, მუდამ ბუნებასთან კავშირში დანახული და გაცოცხლებული. „ვაკვირდებოდი ბუნების ამ საოცრებას და წვიმის ადგილას საკუთარი თავი წარმომედგინა“ (ფირცხალავა 2023 : 75), _ როგორი შინაგანი კავშირი უნდა იყოს ადამიანსა და ბუნებას შორის, რომ პერსონაჟმმა თავი ბუნების ერთ-ერთ წევრად კი არა, ბუნების მოვლენად წარმოიდგინოს. ეს კავშირი მუდამ ჩანს ნატოს როგორც პეიზაჟებში, ასევე ადამიანთა გრძნობის გადმოცემაში და გასაკვირი არაა, რადგან ისიც იმ წინაპრის შთამომავალია, რომელმაც თქვა: „ჩვენ ბუნებაში ვართ, ის ჩვენშია“.

       ნაწარმოების მთავარი სიუჟეტური ხაზია აფხაზეთის ომიდან გადარჩენილი, თავისი ქვეყნიდან გამოქცეული  გოგონას ცხოვრების ისტორია. აფხაზეთში მან ყველაფერი დაკარგა, ახლობლები, მეზობლები და, რაც მთავარია, თავისი პირველი სიყვარული. ნაწარმოები ისეთ ქარგაზეა აგებული, რომ მხატვრულ ტექსტს პუბლიცისტური მიუყვება შესაბამისად და კვალდაკვალ (ზოგჯერ არმაზის მიერ ჩატარებული ისტორიის გაკვეთილების სახით, ზოგჯერ კი დღიურების ჩანაწერებით და ომის ქრონიკებით). ეს ფორმა, რომელიც მოვლენის სრულად აღქმაში ეხმარება მკითხველს, ნაწარმოების ბოლომდე ნარჩუნდება.  პოლიტიკური მოვლენისადმი იკვეთება ავტორის საღი პოზიცია _ აფხაზები და ქართველები ერთად და ძმურად ცხოვრობდნენ, საერთო ოჯახებს ქმნიდნენ, ტკივილიც და ლხინიც ერთი ჰქონდათ; რომ არა იმპერიის ინტერესი, ეს საშინელება არ მოხდებოდა. მურზა აჩბა აფხაზი გოგონაა, დედით ქართველი. მისი პირველი სიყვარულიც ქართველ ბიჭს ეკუთვნის, მის გადამრჩენს და მასზედ მოამაგეს. სწორედ არმაზი უყვება მას აფხაზეთის ისტორიას, რომელიც გადაჯაჭვულია საქართველოს ისტორიასთან. ეს პუბლიცისტური თხრობა ოდნავადაც არ აყენებს ზიანს მხატვრულ ტექსტს, რადგან ისტორიული მოვლენების გაცნობას ისახავს მიზნად, რომელთა გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა იმ ღირებული ურთიერთობების წარმოჩენა ქართველებსა და აფხაზებს შორის, რომლებიც ნამდვილად არსებობდა მათ შორის და რომელთა განადგურებამაც ორივე ერი დააზიანა. ამ ომში არც ავტორი და არც მთავარი პერსონაჟი არ ადანაშაულებს არც ქართველებსა და არც აფხაზებს; ისინი ერთად გარბიან დანგრეული ქვეყნიდან, ერთ მძიმე ყოფაში არიან. მესამე ძალის არსებობა კი ყველა მომენტში იჩენს თავს მათ ცხოვრებაში და საბოლოოდ თავისას აღწევს _ აპარტახებს ქვეყანასაც და ადამიანებსაც. თუნდაც აფხაზთა დამწერლობის შექმნის ისტორია იმდენად დელიკატურად არის მოთხრობილი რომანში, რომ არცერთი ერის დადანაშაულებას არ ისახავს მიზნად. ანბანის შემდგენელ მეცნიერს სურდა, რომ ქართული შრიფტი გამოეყენებინათ თუნდაც იმ მიზეზით, რომ კავკასიელ ხალხთა ბგერები ერთმანეთს ჰგავდა და უფრო ადვილად შეეძლო შესაბამის ასოს შესაბამისი ბგერის გამოხატვა, მაგრამ...  ეს „მაგრამ“  იდგა ქართველებსა და აფხაზებს შორის.

       ცხოვრებადანგრეული მურზა ახერხებს ახალი ცხოვრების დაწყებას უკრაინაში, ბიძასთან. მგზავრობის დროს მას მთელი გულით შეუყვარდება უკრაინელი ილია, რომელიც რაღაცით არმაზს აგონებს; მისადმი სიყვარულს ილიაზე გადაიტანს და, მიუხედავად სირთულეებისა, შეძლებს ყველაფრის ახლიდან დაწყებას. მას ამაში უკრაინელი ხალხი ეხმარება, ილიას ოჯახი, რომელმაც შვილივით მიიღო მურზა, ასწავლა, მოუარა, სითბო და სიყვარული მისცა, ტრადიციების ერთგული გახადა. ნატო ფირცხალავა ისეთი სიზუსტითა და სიყვარულით აღწერს უკრაინულ ტრადიციებს, ქარგვის ხელოვნებას, სიმღერებს, რომ ნაწარმოები უკრაინელის დაწერილი გეგონებათ, რომელსაც ბავშვობიდან აქვს ეს ყოველივე შეზრდილი და შესისხლხორცებული. უკრაინა მურზასთვის მეორე სამშობლო ხდება, მეუღლე კი ცხოვრების არსი, მისი ნამდვილი სიყვარული. რომანში თანმიმდევრობითაა აღწერილი მისი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდი: ქორწილი, მარიუპოლში დასახლება, პირველი ვაჟის შეძენა, მერე _ ქალიშვილის, მათი გაზრდა, საბავშვო ბაღში პედაგოგად მუშაობა, შვილების სასწავლებლად წასვლა, შემდეგ  მათი დაოჯახება, ბებიობის სიხარული, შვილიშვილები... თუმცა მის ბედნიერებას ყოველთვის ახლავს აფხაზეთის ომისგან მიღებული ტკივილის განცდა, რომელიც კიდევ უფრო უმძაფრდება თავის სოფელში _ აგუძერაში _ ჩასვლისას. ამ განცდას ორგანულად ებმის მურზას ქმრის, ილიას, შიშის განცდა, რომელიც რეალურად ცხადდება უკრაინის ოკუპაციით.

     აფხაზეთისა და უკრაინის ომი იმდენად განუყოფელ კავშირშია დანახული, რომ იქმნება შთაბეჭდილება, მეორე პირველის გაგრძელებას წარმოადგენს და ის არ დასრულდება, სანამ იმპერია იარსებებს. ქართველი ბიჭებიც იმიტომ მიდიან უკრაინის ომში, რომ, უკრაინელთა თანაგრძნობასთან ერთად აფხაზეთის დაბრუნებაზე ოცნებობენ. ნატო ხედავს ამ ომში ქართველების ღვაწლსაც, თუმცა მას მოკრძალებულად წარმოჩენს. ობიექტურობისა და სიმართლის მოყვარე ავტორს აწუხებს ისიც, რომ ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ მთელი რუსი ერი მონსტრად, ურჩხულად წარმოჩნდება მკითხველის თვალში და პერსონაჟად ერთი პატიოსანი რუსი ჯარისკაციც გამოჰყავს, რომელიც ცხოვრების მიზნად, ცოდვების გამოსყიდვის გზად უკრაინელი ბავშვის გადარჩენას დაისახავს; ბავშვზე ზრუნვით მოიპოვებს მის ნდობას, მაგრამ რუსი ჯარის სისასტიკის მნახველი, ნაადრევად გაზრდილი ბავშვის გონებაში ეჭვი მაინც არ ქრება და ეს ბუნებრივიცაა. ნაწარმოებში მოქმედების არეალი სცდება საქართველო-უკრაინა-რუსეთის საზღვრებს და ევროპაშიც გადადის. მეზობელი ევროპელები თანაგრძნობით ეკიდებიან უკრაინელთა გასაჭირს, თუმცა დახმარება, ჰუმანიტარული ტვირთისა და სამედიცინო მომსახურების გარდა, არ შეუძლიათ. სავარაუდოდ პოლონელი მედდა გვერდიდან არ შორდება გონებადაბინდულ, ფსიქიკაშერყეულ და დამუნჯებულ მურზას, რომელიც შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს, მაგრამ ამქვეყნად აღარავინ დარჩა: არც ქმარი, არც შვილები, შვილიშვილები, მოამაგე მამამთილი, მეზობლები, ახლობლები და საერთოდ _ არავინ. მისთვის სიკვდილი შვებად იქცა, ახლობლებთან დაბრუნების საშუალებად,მაგრამ უკანასკნელი აგონიის დროს გონებაზე მოსული ხვდება, რომ ომის საშინელება იმქვეყნადაც არ მოასვენებს.

    უკრაინის ომი მთელი შემზარავი სიმძაფრით იხატება ნაწარმოებში და სამი მიმართულებით წარიმართება: უპირველესია, პერსონაჟთა ტრაგიკული ამბის თხრობა და მათი განცდების გადმოშლა, მეორე მიმართულება სხვადასხვა ადამიანის დღიურების ჩანაწერებიდან ამონარიდების ჩვენებაა, მესამე კი _ ომის  ქრონიკებია, მშრალად, მაგრამ მაინც შემზარავად ამსახველი იმ ფაქტებისა და მოვლენების, რომლებიც უკრაინაში ხდებოდა და დღესაც გრძელდება. არც ერთი მიმართულება არ არის ზედმეტი, პირიქით, ისინი ერთმანეთს ავსებს  და აძლიერებს მონათხრობის ნამდვილობას, განაზოგადებს პერსონაჟთა ტრაგედიას; დღიურები გვიჩვენებს, რომ ზუსტად ისეთივე ტკივილი მიაყენა ომმა სხვა (ჩვენთვის უცნობ) უკრაინელებს, როგორიც მთავარ პერსონაჟებს. ქრონიკები უკრაინის სხვადასხვა ქალაქის დაბომბვისა და მიწასთან გასწორების ამბებს გადმოსცემს, რითაც ზრდის ტრაგედიის მასშტაბებს და ზუსტი თანმიმდევრობით აღწერს იმ დაუნდობლობას, რომელსაც რუსეთის მთავრობა იჩენს ადამიანთა მიმართ.

       და კიდევ ერთი ღირსება წიგნისა _ ტექსტს დასაწყისიდან ბოლომდე მიუყვება ცნობილ მწერალთა, კლასიკოსთა და მოაზროვნეთა გამონათქვამები. ისინი შეესაბამება პერსონაჟის ცხოვრებისა და განცდის სხვადასხვა ეტაპს, თუმცა თავისი სიბრძნით განაზოგადებს მკითხველის ფიქრებსაც. მაგალითად, როცა მურზა გარბის აფხაზეთიდან, სტივენ კინგის სიტყვებს გამოჰყოფს მთელ გვერდზე ავტორი _ „თუ გეშინია, ნუ გარბიხარ, თორემ მოგვიანებით  გაიქცევი უსასრულობამდე“; როცა მთავარი გმირი შეყვარებულია, სტენდალის ფრაზებს მოიხმობს  _ „სიყვარული მომაჯადოებელი ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვდე და მოწყვიტო იგი უფსკრულის პირას“. უკრაინის ომის ამბებს ტაციტუსის აზრით აჯამებს _ „ნებისმიერი მნიშვნელოვანი მოვლენა მუდამ ეჭვისა და ბუნდოვანების საბურველშია ხოლმე გახვეული: ვის ჭორიც სარწმუნო საბუთად უჩანს, სხვას მომხდარი ჰგონია გამონაგონი, დრო ყველაფერს თავის ფასს ადებს“  და ავტორი თავად ელის დროის შეფასებასა და საყოველთაო მხილებას; ქალებისა და ბავშვების საზარელი წამების ფონზე თითქოს შვებად ევლინება მკითხველს მერაბ მამარდაშვილი სიტყვები _ ,,გაუსაძლისის გაძლებიდან იბადება ადამიანი მეორედ და ნამდვილად“ და უტოვებს იმედს, რომ ცხოვრების გაგრძელება ღირს. როდესაც სიცოცხლე აზრს კარგავს მთავარი პერსონაჟისთვის, ავტორი მრავლისმეტყველად აჟღერებს ალბერ კამიუს აზრს  _ „ჟამი-ჟამ, სიმარტოვის გარკვეულ ზღვართან მისული, ხვდები, რომ შენ ირგვლივ ყოველივე არარად იქცევა. აღარც იმედი რჩება, აღარც უიმედობა და მთელი შენი ცხოვროება ერთ მთლიან ხატად წარმოჩნდება ხოლმე“. მიუხედავად ამ მდგომარეობისა, მკითხველს მაინც ოპტიმისტურ განწყობას უტოვებს ავტორი, ოღონდ მხოლოდ იმას, ვისაც ცხოვრებაში ნამდვილი სიყვარული გამოუცდია _ „დრო ძალიან ნელია მათთვის, ვინც ელოდება, ძალიან სწრაფია მათთვის, ვისაც ეშინია, ძალიან გრძელია მათთვის, ვინც გლოვობს, ძალიან მოკლეა მათთვის, ვინც ბედნიერეია, მაგრამ მათთვის, ვისაც უყვარს, დრო მარადიულია“ (ჰენრი ვან დიკი). ავტორი თანდათან ამზადებს მკითხველს პერსონაჟის მარადიულობაში გადასასვლელად და მას ამ ტკივილს უმსუბუქებს ერიხ მარია რემარკის ფრაზით _ „სჯობს მოკვდე, როცა სიცოცხლე გსურს, ვიდრე იცხოვრო მანამ, სანამ სიკვდილი მოგინდება“ და მურზას უკანასკნელ იმედსაც წარმოაჩენს _ იქნებ მისი შვილიშვილები, მისი ანგელოზები _ მარია და დიმა _ ცოცხლები არიან! რა თქმა უნდა, ნაწარმოებს გმირის ცხოვრების ყველა ეტაპზე თან გასდევს სიკვდილის შიშის განცდა, რომელიც ეჭვ ქვეშ აყენებს ადამიანის არსებობას, მიუხედავად მისი ცხოვრების ღირებულებისა.  ჟოზე სამარაგუს სიტყვები სწორედ ამ ეჭვის გაფანტვას უწყობს ხელს:  ჩვენში არსებობს რაღაც სახელდაუდებელი... _ და სწორედ ეს რაღაც თავად ჩვენ ვართ“. ბოლო ეპიგრამაში ნაწარმოების დედააზრი იკითხება _„ახლა როცა ვისწავლეთ ფრენა ჰაერში, როგორც ჩიტებმა, ცურვა წყლის ქვეშ, როგორც თევზებმა, დაგვრჩა მხოლოდ ერთი რამ: ვისწავლოთ ცხოვრება დედამიწაზე, როგორც ადამიანებმა“ (ბერნარდ შოუ).

ნატო ფირცხალავამ გვაცხოვრა ერთი ადამიანის, აფხაზი ქალის (რომლის მეორე სამშობლო უკრაინა გახდა) ცხოვრებითა და ტკივილით, ეს ტკივილი ჩვენად აქცია, განგვაცდევინა პერსონაჟის ფსიქიკის თითოეული მიმოხრა, სიღრმე, სიმძიმე და სილაღე, გვაჩვენა და გადაგვატანინა სიკვდილი და გადაგვიყვანა უსასრულობაში ისე, რომ ჩვენგან დარჩა ის, რაც ჩვენა ვართ. მე არ შევაფასებ, თქვენ განსაჯეთ როგორც მწერლის, ასევე რომანის ღირებულება!

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ნატო ფირცხალავა, „შუშის ანგელოზები“, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი 2023