ნონა კუპრეიშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
რევაზ გაბაშვილის სახელი, სამწუხაროდ, ნაკლებადაა ცნობილი ფართო საზოგადოებისათვის. ეკატერინე გაბაშვილის უფროსი ვაჟი, XX საუკუნის პირველი ოცწლეულის თვალსაჩინო მოღვაწე და პუბლიცისტი, რომელიც საკუთარ თავს მწარე ირონიით „უკარიერო მამულიშვილსაც“ უწოდებდა, გასაბჭოების შემდეგ იძულებული გახდა უცხოეთში წასულიყო. შესაძლოა დროებით (ვინაიდან ცოლ-შვილი აქ დატოვა), აღმოჩნდა კი – სამუდამოდ. 1968 წელს პარიზში, ოთხმოცი წლის „მარტოხელა მოხუცი მამა“, სიკვდილამდე ერთი წლით ადრე, მოინახულეს შვილებმა. ამ პარიზული შეხვედრის დროს რევაზ გაბაშვილი თავის ვაჟიშვილს, არქიტექტორ გურამ გაბაშვილს, უძღვნის წიგნს ძალზე ნიშანდობლივი წარწერით, რომლის აზრობრივი სიმრთელე და ცოცხალი, მფეთქავი სტილი მიგვანიშნებს წარწერის ავტორის სულიერ სიმტკიცესა და გაუტეხლობაზე: „1968 წელს მამა-შვილმა ერთად ჩავაბარეთ „გამოცდანი“. შენ ბეტონ-რკინით სახლებს აგებ, „მსუბუქ“ სიტყვით მე – ზღაპრებსა. შვილი-შვილთ გამოარკვიონ, „რა არს უფრო გამძლე?“ – ხანით! პარიზი. 19.V.რ. გაბაშვილი“. სამოცდაათიან წლებში რევაზ გაბაშვილმა თავი შეახსენა დიდი ხნის უნახავ სამშობლოს. მისმა მოგონებების კრებულმა „რაც მახსოვს“, უფრო სწორედ კი 1959 წელს მიუნხენში გამოცემული ამ წიგნის ქსეროასლმა, რომელიც ფარულად ვრცელდებოდა მაშინდელ თბილისში და ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ხელიდან ხელში გადადიოდა, ძლიერ ააფორიაქა ქართველი მკითხველი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობა. მართალი, პირუთვნელი აზრი ათიანი-ოციანი წლების ცნობილ მოვლენებზე, რომლის უკან ახალი ტიპის ფხიზელი პატრიოტი იდგა გარკვეულ გამოცდილებას სძენდა გარდატეხის მიჯნას მიახლოებულ ჩვენს საკმაოდ ამორფულ საზოგადოებრივ აზროვნებას. მოგვიანებით, რევაზ გაბაშვილის (ისევე როგორც თითქმის მთელი ქართული ემიგრაციის) ერთგვარი კანონიზირება გურამ შარაძის თაოსნობით განხორციელდა. სწორედ მის მიერ იქნა გამოცემული ქართული ემიგრანტული ლიტერატურის მრავალტომეული „დაბრუნება“ (ეს გამოცემა დღესაც გრძელდება) და უცნობი ბიოგრაფიული თუ უნიკალური იკონოგრაფიული მასალის შემცველი ორტომეული „უცხოეთის ცის ქვეშ“, რომლებშიც რევაზ გაბაშვილის მღელვარე ცხოვრებაც სათანადოდაა ასახული. ბევრი რამ, რაც რევაზ გაბაშვილის მიერ გასული საუკუნის დასაწყისში დაიწერა თუ გაკეთდა (მას „მკბენარე კალმისა“ და „მკვახე სიტყვის“ პატრონს უწოდებდნენ), მართლაც, „ხანით გამძლე“ აღმოჩნდა. განსაკუთრებით კი, ეროვნული ეკონომიკის აღორძინების იდეა, რომელიც, შეიძლება ითქვას, ქართული თავად-აზნაურობის, ქართული ინტელიგენციის მოწინავე ნაწილმა შეიმუშავა და რომლის პრაქტიკულად განხორციელების პროცესში, კოოპერატიული მოძრაობის პროპაგანდით, აქტიურად ჩაერთო რევაზ გაბაშვილიც. არსებობდა თუ არა რაიმე წინაპირობა, რომელმაც ქართული კლასიკური მწერლობის, „დედის იდეალისტური სამართლიანობის პრინციპებსა და პატიოსანი, სიმართლის მოყვარული მამის ოჯახში“ აღზრდილი ახალგაზრდა, ამასთანავე „რევოლუციაში თავდაყირა გადავარდნილი“, ცხოვრების ეკონომიკური პრობლემებისაკენ მოახედა? როგორც ჩანს, არსებობდა და საკმაოდ სერიოზულიც; ამის შესახებ რევაზ გაბაშვილი თავად გვიყვება: 1905 წლის „რევოლუციურმა აღტყინებამ გამიარა, როგორც კი დავინახე „რევოლუციონერების“ არანაკლები ამორალობა, ვიდრე იმათი, ვისაც ებრძოდნენ… ეროვნული საკითხის გადაწყვეტა და მისი სამსახური სხვა ნიადაგზედ მიმაჩნდა გადასატანად… ეკონომიურად აღორძინება ქვეყნისა და მომავალი დამოუკიდებლობისათვის ეხლა უფრო მტკიცე საფუძვლად მეხატებოდა, ვიდრე ძარცვა-გლეჯითა და უდანაშაულო ხალხის ქურდულად (და არა ვაჟკაცურად) მკვლელობა, რასაც ყოველ ნაბიჯზედ ვეჩეხებოდი ე.წ. რევოლუციონურ წრეებში…“ იდეური ფანატიზმი, „სოციალისტური უნიათობა“, რაც რევაზ გაბაშვილს საქართველოში მაშინ მოქმედ პოლიტიკურ პარტიათა, განსაკუთრებით კი სოციალ-დემოკრატთა, დამღუპველ თვისებად მიაჩნდა, „რევოლუციონური ენერგიის განელებით“ უნდა ჩანაცვლებულიყო. ქართული მეურნეობა, რომელსაც ერთის მხრივ, რუსული ბიუროკრატია, ხოლო მეორეს მხრივ, უცხოტომელი ჩარჩ-მევახშე შიგნიდან არღვევდა, პირველ რიგში, ქართველთა ჯანსაღი, ადრინდელთან შედარებით, ბევრად უფრო მოტივირებული თვითრეფლექსიით უნდა ყოფილიყო შეფასებული. ვფიქრობთ, არც თუ ისე ბევრი მოღვაწე მოაწერდა ხელს იმ მოსაზრებას, რომელიც იმხანად სწორედ ამასთან დაკავშირებით რევაზ გაბაშვილმა გამოთქვა: „… ვჩივით სიღარიბეს მაშინ, როცა ბედმა სამოთხეში დაგვასახლა… რა გვიხსნის ასეთი უმწეო მდგომარეობისაგან? წავიდა ის დრო, როცა იარაღით სწყვეტდა საქართველო თავის ბედ-იღბალს; ჩვენ გვგონია, უნდა წავიდეს ის დროც, როცა მხოლოდ კულტურული ლაყბობით და მწერლობით ვაპირებდით ქვეყნის აშენებას. უნდა ამოიფხიკოს ჩვენი ფსიქოლოგიიდან ის შეცდომა, ვითომც მხოლოდ პოეზიას, ლექსთა წყობას, თეატრს და სხვა ამ გვარებს ჰქონდეთ უდიდესი და უმაღლესი კულტურული ღირებულება ხალხის ცხოვრებაში. ყოველი ერის ფიზიკური ძალა, მისი არსებობის საძირკველი უნდა განმტკიცებულ იყვეს მისი ეკონომიკური ცხოვრებით…“ და ამას მოსდევს რეპლიკა ვაჭრობისადმი, როგორც ეკონომიკის მასტიმულირებელი საქმიანობისადმი, ქართველთა დამოკიდებულების შეცვლის აუცილებლობაზე. ეს უკანასკნელი შედარებით გახმაურებული მოსაზრება იყო და იგი იმდროინდელ პრესასა თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სულ უფრო ხშირად გაისმოდა; ხოლო რაც შეეხება მწერლობა-კულტურისადმი არაორდინალურ დამოკიდებულებას, სწორედ ის გახლავთ გაბაშვილისეულად თამამი, გაბედული, გნებავთ რადიკალურიც კი, ვინაიდან იმ ხანებში ქართული კლასიკური მწერლობის ციტადელს უკან ამოფარება, იაფფასიანი ლექსებით თავის გატანა და ბოლოსდაბოლოს, მთელი სასიცოცხლო ენერგიის პატრიოტულ ლირიკაში გახარჯვა ჯერ კიდევ კარგ ტონად იყო მიჩნეული. რევაზ გაბაშვილი არა კულტურის (მწერლობისა და თეატრალური ხელოვნების) გამოუსადეგრობაზე მიგვანიშნებს, არამედ საზოგადოების წევრთა ინდივიდუალური საქმიანობის არასწორ დაგეგმვასა და ამგვარი დაგეგმვის შედეგად წარმოქმნილ პროფესიონალურ-დარგობრივ დისბალანსზე, რომელსაც სხვა „სიკეთეებთან“ ერთად წოდებრივი უპირატესობის ილუზიაც კვებავდა. „… უნდა გადავაგდოთ თავად-აზნაურული კუდაბზიკობა და მთავარი ყურადღება მივაქციოთ ჩვენს ეკონომიურს აღორძინებას“-ო, შემთხვევით როდი შენიშნავდა რევაზ გაბაშვილი. გლეხი ერთობ უნდობლად უყურებდა თავადსაც და აზნაურსაც. მხოლოდ პრაქტიკული ცოდნის მიწოდებითა და პირადი მაგალითის ძალით თუ შეიძლებოდა მისი ურწმუნოებისა და ეჭვიანობის დაძლევა. ურთიერთგაუცხოების ამ ხავსმოკიდებული პრობლემის გადაწყვეტა არა მარტო გლეხის მძიმე ფიზიკურ შრომას შეამსუბუქებდა, არამედ ახლებურად მოაზროვნე თავად-აზნაურობას გლეხობისავე პოლიტიკურ მისწრაფებათა მართებული კოორდინირების საშუალებას მისცემდა. კოოპერაციებს შეეძლოთ ამ საბედისწერო სიშორის გარკვეულწილად დაძლევა, გაუგებრობის ყინულის ნაწილობრივ გალღობა. ასე რომ, კოოპერატიული მოძრაობის დაფუძნებას რევაზ გაბაშვილი არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ ეროვნულ-პოლიტიკურ დატვირთვასაც აძლევდა. „… ჩვენ გავყევით ილიას „ვიწრო“ კვალს ეკონომიკაში და ვახეირეთ მისგან ბოძებული ტალანტიო“ – იტყვის იგი მოგვიანებით, შორეული ემიგრაციის წლებში, ილიას ხსოვნისადმი პარიზის ქართულ სათვისტომოში გამართულ საღამოზე. XIX საუკუნის 80-იან წლებში ინგლისში დაარსებული კოოპერაცია იმდენად უცხო ხილი არ იყო იმდროინდელი ქართული საზოგადოებისათვის, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. 1909 წელს თბილისში გამოიცა მოსკოვის უმაღლესი კომერციული სასწავლებლის კურსდამთავრებულის, კონსტანტინე კანდელაკის წიგნი „კოოპერაცია. თეორია, ისტორია და პრაქტიკა“, რომელიც უკვე არსებული ინტერესის გამოძახილი იყო. წიგნმა როგორც ამ თემისადმი მიძღვნილმა ქართულ ენაზე არსებულმა ერთადერთმა ნაშრომმა ცხოველი ინტერესი გამოიწვია. ავტორი, მაშინ სრულიად ახალგაზრდა, 26 წლის კონსტანტინე კანდელაკი, რომელიც გაბაშვილისეულ კოოპერაციულ წამოწყებებშიც იღებდა მონაწილეობას, სულ მალე დამოუკიდებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრი ხდება. მოგონებებში რევაზ გაბაშვილი არც მის უწყებას დაინდობს და ერთ-ერთ თავში „მოასწრეს, ვერ მოასწრეს“ მისებური სარკაზმით შენიშნავს: „… ბანკებისა და ფინანსურ დაწესებულებათა ჩამორთმევა მოასწრეს – მაგრამ ბიუჯეტის შექმნა სახელმწიფოსთვის – ვერ მოასწრეს“-ო… 1911 წელს ქუთაისში იასონ გაბილაიას სახსრებითა და მისივე რედაქტორობით გამოდის ჟურნალი „კოოპერაცია“, რომლის სარედაქციო წერილში ვკითხულობთ: „ამ უკანასკნელ ხანებში ჩვენში ნიადაგს პოულობენ და ვრცელდებიან კოოპერაციის სხვადასხვა ფორმები. ეს ასედაც უნდა მომხდარიყო, რადგანაც ჩვენი ხალხის სიღარიბემ უკიდურეს წერტილს მიაღწია და კოოპერაცია კი – შვილია გაჭირვება-სიღარიბისა…“ რედაქციას მაშინვე განუზრახავს მკითხველთა გარკვეული წრისათვის (ძირითადად, ცნობილი ადამიანებისათვის) საგანგებო ანკეტების გაგზავნა, რაც კოოპერაციების შესახებ საზოგადოებაში არსებულ შეხედულებებს გამოამჟღავნებდა. მანამდე კი ჟურნალი თავის პოზიციას რუსული პროფესურისა (პ. მიგულინი, ვ. ლევიცკი, ა. კაუფმანი, ა. მილაშევსკი, ნ. კაბლუკოვი და სხვა.) და თვით ლევ ნიკოლოზის ძე ტოლსტოის მიერ კოოპერაციის შესახებ გამოთქმული მოსაზრებებით ამყარებს. საგულისხმოა ერთი ფაქტიც: კოოპერაციების წარმოშობისა და განვითარების ინგლისურ, გერმანულ თუ პოლონურ მოდელთა გვერდით ჟურნალი „კოოპერაცია“ წარმოგვიდგენს ქართულ სინამდვილეში, კერძოდ კი, XIX-XX საუკუნის მიჯნაზე, ლამის სპონტანურად თავჩენილ პირველ კოოპერატორებს. მაგ. თავად ნესტორ წერეთელს, რომელსაც ბევრ სხვა სასარგებლო წამოწყებასთან ერთად, დაუარსებია „ქუთაისის გუბერნიის მეაბრეშუმეთა პირველი ამხანაგობა“. საერთოდაც, ამ უჩვეულოდ თავდადებული კაცის ცხოვრება, მისთვის დამახასიათებელი „საქმეზე გადაგება“ თავისთავად საინტერესო მოვლენაა და ძლიერ ეწინააღმდეგება ქართული თავად-აზნაურობის ფუქსავატობასა და უსაქმურობაზე მაშინ მოარულ, ფეხმოკიდებულ მოსაზრებას. ამავე ჟურნალში გაეცნობით სახელდახელოდ შედგენილ „კოოპერატორის ათ მცნებას“. კოოპერატიული მოძრაობის საჭიროებაზე არაერთგზის მიუთითებდა ცნობილი ქართველი მრეწველი დავით სარაჯიშვილიც, რომელსაც ნოე ჟორდანიამ „პირველი ქართველი იდეური ქველმოქმედი და ევროპული ტიპის მრეწველი“ უწოდა. სხვათა შორის, სწორედ ნოე ჟორდანიას შესთავაზა დავით სარაჯიშვილმა იტალიაში გამგზავრება და იქ კოოპერაციული საქმის შესწავლა. საამისოდ, ცხადია, სათანადო სახსრებიც გამოუყო. მაგრამ ახალგაზრდა მარქსისტის გონება „სხვაგან ქროდა“. 1911 წელს, დავით სარაჯიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ნოე ჟორდანიამ გამოსათხოვარ წერილში თითქოს მოინანია მიცემული პირობის აღუსრულებლობა და გაიხსენა ერთი ფრიად მნიშვნელოვანი საუბარი, რომელიც მას გარდაცვლილთან ჰქონია. დავით სარაჯიშვილს მაშინ უთქვამს: „მარქსისტებმა დაივიწყეთ თქვენი მოძღვრების დედააზრი. ეკონომია ხომ პოლიტიკის საძირკველია. თქვენ კი ლამის გადაყვეთ პოლიტიკას. ახლა დროა ეკონომიის ორგანიზაციასაც მიაქციოთ ყურადღება… რევოლუციით ხალხი ვერ იცხოვრებს, ცხოვრებისათვის შრომაა საჭირო, შრომა კი არ ვიცით… კულტურას მხოლოდ მუშაობა ქმნის…“ 1912 წელს რევაზ გაბაშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა, „25-30 წლის ნარევოლუციონარმა ახალგაზრდებმა“ შალვა ამირეჯიბმა, დავით ვაჩნაძემ და შედარებით უფროსი თაობის წარმომადგენლებმა: ალექსანდრე ყიფშიძე-ფრონელმა, მიხეილ მაჩაბელმა, ვასილ ყიფიანმა (შემდეგ მათ შემოუერთდნენ იროდიონ სონღულაშვილი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, გიორგი დაფქვიაშვილი, დავით ჯავახიშვილი, დავით კასრაძე და სხვა.) დააარსეს ჟურნალი „კლდე“, როგორც საკუთარი ეკონომიკური პროგრამის გავრცელების ქმედითი საშუალება, უპირველესი მიზნით: „პრაქტიკული მუშაობის დასაბუთება, ფართო საზოგადოებისათვის მისი გაცნობა და ამით ამ საზოგადოების მოზიდვა“. რედაქტორი ჟურნალისა რევაზ გაბაშვილი გახლდათ, რომელიც ხშირად „კოოპერატორის“ ფსევდონიმით აქვეყნებდა თავის მწვავე წერილებს, ხოლო დამფინანსებელი ჟურნალის ერთ-ერთი აქტიური თანამშრომელი დავით ვაჩნაძე-კახელი. განსხვავებით საბჭოთა მწერლობისაგან, რომელიც მტრულად ეკიდებოდა ეკონომიკური გაჯანსაღებისაკენ მიმართულ ყოველგვარ ინიციატივას (სწორედ ამ ანომალური დამოკიდებულების ანალიზს ეძღვნება როსტომ ჩხეიძის ახლახან გამოცემული წიგნი – გამოკვლევა „მსხვერპლი“) ათიანი წლების ქართულ მწერლობას ეიმედება ეკონომიკურ რეფორმათა სათავეში მდგომი ახალგაზრდები. ამას ადასტურებს ჟურნალში გამოქვეყნებული კოტე მაყაშვილის ლექსი – მიმართვა „ახალგაზრდობას“, რომელშიც სრულიად არაორაზროვნად „ლამაზი სიტყვების“ ნაცვლად „საქმისათვის სულის ჩადგმაა“ აქცენტირებული. კოტე მაყაშვილის აზრით, ის, რასაც ამ ჟურნალის გარშემო თავმოყრილი თაობა განასახიერებს, იძლევა იმედს იმისა, რომ „… არ გვიდევს წინ საფლავი. არც მომკვდარვართ… აღარც გვძინავს“. იმისათვის, რათა უფრო თვალნათელი იყოს საუკუნის დასაწყისის ქართული მეურნეობის სავალალო მდგომარეობა, შექმნილი ნაწილობრივ ისტორიული ვითარების, ნაწილობრივ კი ქართველთა ცნობილი გულარხეინობის გამო, ეროვნული კაპიტალის უცხო კაპიტალისტის (უფრო, სომხის) ხელში რეალურად გადასვლის საფრთხე, და ის აუცილებლობაც, რომელიც ჩვენში კოოპერაციების შექმნას გულისხმობდა, მოვიხმოთ დავით ვაჩნაძის მიერ ჟურნალ „კლდეში“ წარმოდგენილი მრავლისმთქმელი სტატისტიკა: მაგ. საპალნე ღვინო ღირდა 125 მანეთი, ჩარჩი-სირაჯი კი გლეხს 40 მანეთს სთავაზობდა. უარის შემდეგ, მეორე სირაჯი, რომელიც უკვე ინფორმირებული იყო პირველი შემოთავაზების შესახებ, 35 მანეთს იმეტებდა გლეხისთვის. მესამე სირაჯი კი სულაც 30 მანეთს. საბოლოოდ, გლეხის მიერ დიდი გარჯის შედეგად მოწეული საქონელი მინიმალურ ფასად (30 მანეთად) იყიდებოდა. ქართლის მეხილეები 3-4 წლის მოსავალს წინასწარ ჰყიდნენ იმავე ჩარჩებზე, ბუნებრივია, მიზერულ ფასებში. მოხერხებული შუამავლები „პირობაში“ მხოლოდ მოსავლიან წელიწადს ანგარიშობდნენ. ასე რომ, ეს კაბალა არა 3-4, არამედ 6-7 წელიწადს გრძელდებოდა. ქართული მატყლი საზღვარგარეთ ფასობდა ფუთი 15-17 მანეთი, ყელშიწაჭერილი მწყემსის მიერ კი 5-6 მანეთად იყიდებოდა. ჩარჩი ახერხებდა იმას, რომ ბარისაკენ დაძრულ მწყემსს გზაშივე ნისიებით, ძირითადად ხაფანგებივით გაბმუბლ დუქნებში საჭირო საქონლის აღებით, შინ მისვლამდე ეხარჯებოდა ჯერ კიდევ ცხვარზე ასხმული ძვირფასი ნედლეულის საფასური. მეაბრეშუმეობა, ეს უმნიშვნელოვანესი დარგი ქართული სოფლის მეურნეობისა, „იმისთანა ჩარჩობასაც კი უძლებდა“, როდესაც პარკის წონის დროს, მეორე სასწორის ჯამში, საწონის მაგივრად ჩარჩი თავის ფეხს ჩადგამდა და ამ ფეხს ფუთად თვლიდა! რაც შეეხება ქიზიყელ მეთამბაქოეს, მისი საქონლის გასაღებაც ასეთივე შეუწყნარებელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას ან ადგილზე ნაკლებ ფასად უნდა გაეყიდა იგი, ან არადა თბილისში ჩაეტანა და იქ თამბაქოს საწყობებში დაეგირავებინა: დაწყობილი თამბაქო – 3-5 მანეთამდის. ამას ემატებოდა საწყობის ქირა, საშუამავლო-საკომისიო, მუშის და გამოტანილი ფულის სარგებელი 12%, საბოლოოდ კი 16%-მდე ადიოდა. „როდის გაიყიდებოდა თამბაქო ან რა ფასში, მხოლოდ საწყობის პატრონმა და მეფაბრიკემ იცოდნენ. თამბაქოს ნამდვილმა მომყვანმა და პატრონმა კი – არა“. ამგვარი „ეკონომიკური სამართლიანობის“ სულისჩამდგმელი ჩარჩ-მევახშენი არჩევნების დროს ქალაქის თვითმმართველობაში მათთვის სასურველი კანდიდატურის მოხვედრისათვის (რომელიც „დაიცავდა“ მათ უფლებებს) გაშმაგებითაც იბრძოდნენ თურმე, რათა „სრულად დაეპყრათ ქართული ეკონომიკური ცხოვრების სადავენი“. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, ჟურნალ „კლდის“ გარშემო შემოკრებილთა პირველ ნაბიჯებს დიდი რეზონანსი უნდა ჰქონოდა და, როგორც ჩანს, ჰქონდა კიდეც: „გამდიდრდით, იმუშავეთ, შეიძინეთ!“ – მიმართავდნენ „კლდეისტები“ „გლეხს, მუშას, თავად-აზნაურსა და ინტელიგენციას. და არა „გაპროლეტარდით!“, როგორც ამას სხვისი ქონების დარბევასა (გავიხსენოთ ლენინის ცნობილი ლოზუნგი „Ãპთქტ ნთგპთქოენნრე!“) და საერთოდაც, აშენების წილ ნგრევაზე ორიენტირებული სოციალ-დემოკრატია ქადაგებდა: „… ასეთი ლოზუნგი ელდა იყო როგორც სოციალისტებისათვის… ისე „შეძლებულთათვის“, რადგან ვაჭრობა მთელ ქართველ ხალხს… სირცხვილად მიაჩნდა, საძრახისად; შეძენის მაგიერ თავად-აზნაურობა მხოლოდ ჰყიდდა მიწებს უცხოელებზე და მუშაობას გაურბოდა; მთელი ინტელიგენცია ბოდავდა უსაქმო-სოციალიზმით და ნახევარინტელიგენციაც (ე.ი. „რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია“) ქადაგებდა გაპროლეტარებას, შეძენილის ცარცვას, აშენებულის დანგრევას და შვრებოდნენ კიდეც“ – წერს რევაზ გაბაშვილი თავის მოგონებებში. იმისათვის, რათა მეტი გამართლება ჰქონოდა ჩვენში კოოპერატივების შექმნას, რევაზ გაბაშვილი ამ მოძრაობას, ასე ვთქვათ, ეროვნულ ნიადაგს უძებნის: „ნადი, მამითადი და საერთოდ დახმარება და თანამშრომლობა ჭირსა თუ ლხინში, ქართველი ერის თითქოს ბუნებაშია ჩაქსოვილი“ – ასეთია მისეული არგუმენტაცია. შესაძლოა ამიტომაც, რევაზ გაბაშვილის დაკვირვებით „ილიას გახსნილ გზაზე კოოპერაცია-თანამშრომლობისა… გლეხმაც და საზოგადოებამაც იხუვლა და მედგრად ჩაება…“ როჩდელელ კოოპერატორთა (1844 წლის ინგლისი) მიერ წამოწეული ლოზუნგი „ძალა ეკონომიკურ ერთობაშია!“ არანაკლებ აქტუალური იყო ჩვენი გაღარიბებული ქვეყნისათვისაც, ვინაიდან ერთობა ეკონომიკური საქმიანობის სფეროში ალტერნატივა იყო იმ „ერთობისა“ თუ „ერთობისტობისა“, რომელსაც გლეხობაც და მთელი საზოგადოებაც სრულიად სხვა მიმართულებით მიჰყავდა… 1913 წელს, როდესაც უკვე 10 სხვა და სხვა კოოპერაციული და ეკონომიკური საზოგადოება, 153 სასოფლო წვრილი კრედიტისა და შემნახველ-გამსესხებელი ამხანაგობა, მათი მუშაობის მარეგულირებელი სასოფლო სამეურნეო საზოგადოება და მიწის საადგილმამულო კომისია ფუნქციონირებდა და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, ამერ-იმერში, ახალ-ახალი ამხანაგობების, კოოპერაციების შემქმნელთა რიცხვი მატულობდა, ივანე გედევანიშვილმა გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ასე დაახასიათა ეკონომიკური აღორძინების ერთ-ერთი ყველაზე ინიციატივიანი ჯგუფი, „კლდეისტების“ სახით: „… ამ ხალხს თავიანთვის ოთახი არ აუშენებია და საქართველოს აშენებას ჩემულობენო“. მართლაც, ბევრისთვის გაუგებარი რჩებოდა ღწვისა და მსახურების ის ფორმა, რომელიც რევაზ გაბაშვილისთვის იყო მისაღები: „… ხალხისათვის მილიონების გაცემა და არა შეძენა“… პირველი „მწარმოებელთა კოოპერატივი“, რომლის ფიცრულ ფანჩატურს რევაზ გაბაშვილი და დავით ვაჩნაძე საკუთარი ხელებით აშენებდნენ და ღებავდნენ „ლილოს მერძევეთა კოოპერატივი“ იყო. პირველი ეტლი ამხანაგობა „ლილოს“ კოოპერატიული რძით თბილისში 1912 წლის 13 მაისს შემოდის, დღეში 7 ფუთით (სხვათა შორის, რძის დაკვეთა შეიძლებოდა თვით ჟურნალ „კლდის“ რედაქციაში: Ãთქთევყკმღ აეპ. ¹3). ამას მოჰყვა მევენახეთა საზოგადოება „კახეთი“, რომელიც 200 წევრისაგან (უმეტესობა, გლეხები) შედგებოდა. ბაქო, როსტოვი, მოსკოვი, პეტერბურგი, ტაშკენტი თუ აშხაბადი – აი, ამ ქალაქებში მოძრავი ქართული ღვინისათვის მაზანდის ანუ საბაზრო ფასის დაწესება რევაზ გაბაშვილსა და მის მეგობრებს უდიდეს ეკონომიკურ მიღწევად მიაჩნდათ. „მუქთახორა სირაჯები“ თუ ათასი ჯურის სხვა გადამყიდველები, ბუნებრივია, ეწინააღმდეგებოდნენ კოოპერატორთა ამ ჯანსაღ ფასწარმოქმნას. რაც შეეხება, მებაღეთა ამხანაგობა „ქართლს“, აქაც ბრძოლა მიმდინარეობდა საბაზრო ფასის დასაწესებლად. თავისი არსებობის პირველ წელიწადს „ქართლმა“ 800 ფუთი საქონელი გაყიდა, მეხუთე წელიწადს კი უკვე 200.000 ფუთი. „ქიზიყელ მეთამბაქოეთა“ კოოპერატივმა (ხელმძღვანელი კონსტანტინე ტყავაძე), იმდენად გამართულად წაიყვანა საქმე, რომ საკუთარი პაპიროსის ქარხნის დაარსებაც კი შეძლო (ნედლეულს მას არა მარტო არტვინის, არამედ სოხუმის ოლქიც აწვდიდა). თავიდან წარმატებული მეცხვარეთა კავშირი „მწყემსი“ (ხელმძღვანელი შალვა ქარუმიძე) დამოუკიდებლობის წლებში „ზედმეტად ფხიანი“ ხელმძღვანელის წყალობით პროფილს შეიცვლის, რითაც რევაზ გაბაშვილის დიდ გულისწყრომას გამოიწვევს. სამწუხაროდ, ამ „მზა-მზარეულ ეკონომიურ ორგანიზაციებს“ რევოლუციურ ფრაზეოლოგიას გადაყოლილმა მენშევიკებმა (დამოუკიდებლობის წლებში) და ბოლშევიკებმა (ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ) არა თუ ხელი შეუწყვეს, არამედ პირველებმა – „ხალხის ლეგალური ძარცვის“, ხოლო მეორეებმა – იმავე ხალხის სრული დაკაბალების მიზნით გამოიყენეს. ე.წ. „შემოქმედი კოოპერაციების“ შემდეგ „კლდეისტები“ ფინანსურ (ნაწილობრივ კი, განმანაწილებელ) კოოპერაციათა საჭიროებაზე ალაპარაკდნენ. მათი აზრით (და ეს გასაკვირიც არ არის, ვინაიდან ჟურნალთან დაახლოებული მიხეილ მაჩაბელი, ივანე მაჩაბლის ნათესავი, ცნობილი „ბანკობიის“ ერთ-ერთი აქტიური მონაწილე – „მაჩაბლისტი“ იყო) ქართულმა საადგილმამულო ბანკებმა თავისი აპოლიტიკურობით დიდი ზიანი მიაყენეს… ამიტომ, მათ უნდა მოეხერხებინათ, თავისი დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით, „ქართველი ხალხის ფართო კრედიტით“ უზრუნველყოფა ანუ მყარი გარანტიების შექმნა „ახალი სამეურნეო ცოდნისა და მეთოდების გავრცელებისათვის, მიწის შექმნისა და მელიორაციულ საქმის მოწყობისათვის“. საკრედიტო კოოპერაცია, რომელიც ქართულ სოფლებში იკიდებდა ფეხს (1913 წელს 200-ზე მეტი სასოფლო ბანკი არსებობდა, აქედან პირველი საკრედიტო ამხანაგობა აღმოსავლეთ საქართველოში 1907 წელს დაარსებულა გორის მაზრის სოფელ დოესში) სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იყო. სახალხო კრედიტის ანუ სესხის გარეშე შეუძლებელი იყო კოოპერატივისათვის აუცილებელი ატრიბუტიკის შეძენა. თუმცა ბანკების ამგვარ სიმრავლეს გარკვეული საფრთხეც ახლდა. სახელმწიფო ბანკიდან ადვილად გამოტანილ სესხს დათქმულ ვადებში დაბრუნება სჭირდებოდა. ამიტომ კოოპერატიული მოძრაობის მხარდასაჭერად უფრო ეფექტური იყო „შემნახველ-გამსესხებელ ამხანაგობათა“ ფორმის გამოყენება, ვინაიდან ამგვარი ამხანაგობები საკუთარი წევრების პაიებიდან შემდგარი თანხით ფუნქციონირებდნენ და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, „აჩვევდნენ გლეხობას თავისი ოფლით ნაშოვნი ფულის პატრონობასა და გამოყენებას“. საერთოდაც, 200-წლიანი კოლონიალური რეჟიმისა და, თუ არ ჩავთვლით ერთეულ გამონაკლისებს, ქართული თავად-აზნაურობის ძირითადი მასის წინდაუხედავ ქმედებათა გამო დეფორმირებული გლეხობის ფსიქოლოგიის შეცვლას, მასში საკუთარი მიწის მეპატრონისა და მომავალში კი, სრულუფლებიანი პარტნიორის ინსტინქტის გაღვივებას რევაზ გაბაშვილისა და „კლდეისტების“ ეკონომიკური აღორძინების მინიპროგრამაში, შეიძლება ითქვას, წამყვანი ადგილი ეჭირა (სხვა საკითხია, რომ ეს თავისთავად უაღრესად კეთილშობილური მცდელობა ბოლოს მაინც დაგვიანებული აღმოჩნდა). მათ მიერ დაუფარავად წამოყენებულ იქნა კიდეც „ეკონომიკური ძალის ეროვნულ ძალად“ გარდაქმნის აუცილებლობის იდეა, რომლის გაუთვალისწინებლობა „ეკონომიკური ცხოვრების სფეროში ქართველთა მუშაობის“ სერიოზულ ნაკლადაა მიჩნეული. „… როდის ხდება ეკონომიური ძალა ეროვნულ ძალად? როდესაც ის, ეროვნულ ქონებრივ სიმდიდრის შექმნასთან ერთად სასტიკად იცავს სამშობლო მიწა-წყალს, ეროვნულ კულტურას, დედა ენას… როცა იგი გამსჭვალულია ერთის მიზნით და გრძნობით. წინააღმდეგ შემთხვევაში ხსენებული ძალა შესაძლოა მტრის იარაღად გახდეს და ვაი იმ ერს, რომელიც მაშინ ამ იარაღით დაიჭრება. ძნელად ღა აღდგება…“ („კლდე“, 1913 წ. ¹3. „მწვავე საკითხი“). შალვა ამირეჯიბი საგანგებოდ იკვლევს საქართველოში არათანაბარ მატერიალურ პოზიციაში ჩაყენებული ორი ეკონომიკური ძალის (სომეხი ვაჭრისა და ქართველი ვაჭრის) ფსიქიკას და ძალზე საგულისხმო დაკვირვებით ქართველთა უპირატესობას, მათ მყარ პერსპექტივას აღიარებს. სხვის ქვეყანას შემოხიზნული უცხოტომელი ვაჭარი მარტო პირად მოგებაზეა ორიენტირებული. გასაგები მიზეზების გამო, იგი ვერც კოლონისტის მისიამდე ადის და საკუთარი სიმდიდრის ბოლომდე ვერ გამომყენებელი წვრილი ვაჭრობის, მაკლერობისა და მევახშეობის დონეზე რჩება. ვინაიდან „ვაჭრობა მარტო კერძო საქმე არ არის. ვაჭარი თავის კერძო მოგების გარდა საზოგადო ფუნქციასაც ეწევა, ამით კი ეროვნულსაც“, თავისი მიწა-წყლის ბინადარ ქართველ ვაჭარს, რომელიც ასე თუ ისე დაახლოებულია საქვეყნო ინტერესებთან, მოგების გარდა საკუთარი კუთხის, თანამემამულეების, ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების სურვილი ამოძრავებს. იგი არც პოლიტიკური ინდეფერენტიზმითაა შეპყრობილი და ამიტომაც მეტად აქტიური და ინიციატივიანია. შალვა ამირეჯიბი დასკვნის სახით წერს: „ჩვენთვის ვაჭრობა ცარიელი მოგება არ არის, მას აქვს და უნდა ჰქონდეს კიდეც ეროვნული ფუნქცია“. ასეთი მიდგომა კი „შემქმნელია მომავალში ჩვენი ეროვნულ-ეკონომიური ცხოვრებისა“… სოციალ-დემოკრატები ნიშნისმოგებით უკიჟინებდნენ რევაზ გაბაშვილს: ამაოდ განგიზრახავს შენც და შენს გვერდით მდგომთაც თავად-აზნაურობის გაცოცხლება. არაფერი გამოგივათ – ეს განწირული კლასიაო. კლასი, კლასობრივი ბრძოლა, კლასობრივი მტერი, კულაკი, კოლექტივი – სამწუხაროდ, სწორედ ამ გზით განვითარდა თავის დროზე მართებულად ფორმულირებული და ნაწილობრივ განხორციელებული ეკონომიკური აღორძინების იდეა. საზოგადოდ, რევაზ გაბაშვილისათვის აზრს მოკლებული იყო იმგვარი ქართველი მოღვაწე, რომლისთვისაც ქართული ეკონომიკა „შეჭამანდი იყო“, ხოლო „ქართული იდეალი ის კოვზი, რომლითაც ამ შეჭამანდს გეახლებათ“. მან ბევრი სიმართლე უთხრა თავის ერს და ვგონებთ, ახლა დგება ის დრო, როდესაც ეს სიმართლე მთელი სისრულით უნდა წარმოჩნდეს.
გამოყენებული ლიტერატურა
შ. ამირეჯიბი, ემიგრაციაში დაწერილი ნარკვევები და წერილები, ორ ტომად, ტ, 2, თბ. 1998;
რ. გაბაშვილი, რაც მახსოვს, მიუნხენი, 1957;
გ. შარაძე, უცხოეთის ცის ქვეშ, წ. 1, თბ. 1991.