Translate

Friday, May 29, 2015

,,ეკონომიკური კრიტიკა”ინტერდისციპლინარული ექსპანსიის კონტექსტში


                                       ნონა კუპრეიშვილი
               
                

                            
                                                   შესავალი

 უკანასკნელ პერიოდში ჰუმანიტარულ მეცნიერებებს შორის არსებული მყიფე საზღვრების შედეგად, გაჩნდა ახალი კომუნიკაციური სივრცე, რომელშიც  სულ უფრო მყარ პოზიციებს იკავებს გასული საუკუნის 90-იან წლებში ლიტერატურისა და ეკონომიკის გზასაყარზე აღმოცენებული მიმართულება ,,ახალი ეკონომიკური კრიტიკა”. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ესაა ლიტერატურული ტექსტების ინტერპრეტაციის ის ერთადერთი მეთოდი, რომელიც ქართული მწერლობის აქტივიზებული კვლევის პროცესში ჯერ კიდევ არ არის გამოყენებული. ლიტერატორის ეკონომიკისადმი და პირუკუ – ეკონომისტის ლიტერატურისადმი გაზრდილმა ინტერესმა შექმნა ეკონომიკური კონცეპტების ლიტერატურულ არქეტიპებთან ურთიერთმიმართების კვლევის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც, თავის მხრივ, დაეფუძნა პიერ ბურდიეს სიმბოლური კაპიტალის თეორიასა და ჩიკაგოს ცნობილი სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლის ჰარი ბეკერის სოციალური და ადამიანური კაპიტალის კონცეფციას. საკითხის სწორად დაყენების შემთხვევაში ეკონომიკური კრიტიკის  მეთოდით შესაძლებელია  საზოგადოებაში არსებული ეკონომიკური ურთიერთობების ან ეკონომიკური ტრანსფორმაციების ლიტერატურულ ფაქტებზე ზემოქმედების ხარისხის გამოვლენა, რაც არა მარტო ამ ტექსტების არსებობაზე, არამედ მათ შინაარსსა და სახეობრივ სისტემაზე აისახება.    
   უკიდურესად იდეოლოგიზებულმა საბჭოთა ლიტერატურისმცოდნეობამ  ქართული კულტურის რეპრეზენტირების  გარკვეული სტერეოტიპები შექმნა, რომლის კონტექსტში XIX-XX საუკუნეების ქართული მწერლობა  ძირითადად მითო-პოეტური  იდეებისა და ცნებების გენერაციის დისკურსად განიხილება. სინამდვილეში, მარქსისტულ - ლენინურ ესთეტიკას, მხატვრული ტექსტის შეფასების უკიდურესად შეზღუდულ სოციალურ-კლასობრივ კრიტერიუმებს მინიმუმამდე დაჰყავდა ქართველ მწერალთა მიერ გამოკვეთილ პრობლემათა და კონცეპტთა ადეკვატური გააზრება, მათი ზოგად ევროკულტურულ ჭრილში აღქმის შესაძლებლობა. ამით ხელიდან იქნა გაშვებული ლიტერატურული ტექსტის  იმგვარი ანალიზი, რომელიც ემსახურება პიროვნების მართებულ სოციალიზაციას და სოციუმსა და კულტურას შორის გაჩენილი დისტანციის აღმოფხვრას.
     ცნობილი პარადიგმატული ძვრების შემდეგ, როდესაც XX საუკუნის 90-იანი წლებიდან ქვეყანამ  დამოუკიდებლობა მოიპოვა,  ჩვენი ლიტერატურისმცოდნეობაც  ტექსტის  ინტერპრეტაციული საზღვრების გაფართოების აუცილებლობის წინაშე დადგა. სწორედ ამ მიმართულებით შეუძლია ,,ახალ ეკონომიკურ კრიტიკას” დაძლიოს ტექსტზე მუშაობის საბჭოური პრაქტიკა და ნაკლებად ცნობილ თუ ,,ამომწურავად შესწავლილ” ავტორთა ნააზრევი კიდევ ერთი განსხვავებული რაკურსით წარმოადგინოს.
      მოცემული პროექტის ფარგლებში ამ ამოცანის რეალიზებისთვის გამოვიყენებთ ეკონომიკური კრიტიკის ინტერესთა სამ ძირითად ვექტორს: ლიტერატურის ეკონომიკას, ეკონომიკას ლიტერატურაში და ე. წ. პოზიციას ლიტერატურასა და ეკონომიკას შუა. ამათგან  პირველი – ლიტერატურის ეკონომიკა  --  ლიტერატურის, როგორც მოღვაწეობის ერთ-ერთი ფორმის ეკონომიკურ (პროფესიულ და ინსტიტუციურ დონეზე) ასპექტებს აანალიზებს. ლიტერატურული ტექსტების წარმოებისა და ცირკულაციის ფაქტორებთან ერთად, როგორიცაა ტირაჟი, მასობრივი და ელიტარული ბაზარი, ლიტერატურული მარკეტინგი, ჰონორარი, პატრონაჟი, იგი შეისწავლის ჩვენთვის მეტად საყურადღებო მწერლობის პროფესიონალიზების პროცესსაც, რომლის განვითარების ხასიათი გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის კონკრეტულ კულტურულ არეალზე, ჩვენს სოციალურ რეალობასა და სოციალურ ისტორიაზე. ამ თვალსაზრისით უაღრესად საყურადღებოა პირველი პროფესიონალი პოეტის აკაკი წერეთლისა და ამ მხრივ მისი სრული ანტიპოდის, ვაჟა-ფშაველას, სამწერლო საქმიანობის ურთერთშედარება, რომ არაფერი ვთქვათ იმ სირთულეთა კომპლექსზე, რომელთა გადალახვა, მწერლობისადმი არაადეკვატური დამოკიდებულების კონტექსტში, პირველ ქართველ გამომცემლებს, (ვთქვათ, სტ. მელიქიშვილს, ენთიაჯინცს ან ე. ხელაძეს)  უხდებოდათ.
        მეორე ვექტორი – ეკონომიკა ლიტერატურაში --  ლიტერატურული ნაწარმოების შიგნით მოქცეული ეკონომიკური ცნებებისა და მოვლენების, ლიტერატურულ ტექსტებში უკუფენილი  ეკონომიკური პრობლემების გააზრებას გულისხმობს.  მაქს ვებერის მიერ კაპიტალიზმის ,,სულის” ანატომირების (ჩვენ კი  საქართველოში სწორედ ამ საზოგადოებრივ-ეკონომიკური წყობის ეკონომიკური წყობის განვითარების ხანმოკლე ისტორის გვაინტერესებს), ახალ ეკონომიკურ ფორმათა ფუნქციონირების შესახებ  გამოთქმულ კონცეპტუალურ მოსაზრებათა  კვალდაკვალ შესაძლებელი ხდება არა მარტო რეალისტურ (დაწყებული გ. ერისთავიდან ვიდრე მ. ჯავახიშვილამდე), არამედ მოდერნისტულ (მაგ. ნ ლორთქიფანიძის, ადრეული კ. გამსახურდიასა დ. შენგელაიას, სტ. კასრაძის, მ. მრევლიშვილის, ი. იოსელიანის, პ. ნოზაძის ნაწარმოებთა გათვალისწინებით) ტექსტებში ისეთი პრობლემის აქცენტირება, როგორიცაა კონფლიქტი ნაციონალურ-რელიგიურ ეთოსსა და  მე-19 საუკუნის უკანასკნელი მესამედიდან შემოჭრილ ახალ კაპიტალისტურ ეთოსს შორის ან ურბანიზაციის ტემპის მიზეზ-შედეგობრიობა; იკვეთება აგრეთვე სიტყვისა და საქმის ურთიერთმიმართების საკითხი,  ,,სიხარბე-ინტერესისა” და ,,ჩუქების” კონცეპტები, ,,ინტერესიანი ადამიანისა” და მოგვიანებით, XX საუკუნის 10-20-იან წლებში აქტივიზებული ,,იდეური ადამიანის” ტრაგიკული შეუთავსებლობის პრინციპები.  აღნიშნული საკვლევი მასალის მიხედვით აქცენტირდება ისეთი ანტინომიებიც, როგორიცაა, ქალაქი და სოფელი, ,,ხმალი” და ,,სააანგარიშო”,  მამული, როგორც მეტაფორა და მამული, როგორც ეკონომიკური ფაქტორი (აქვე საგანგებოდ უნდა განვიხილოთ მარქსისტული იდეებით პროვოცირებული, ე.წ. დემოკრატიული მწერლობის ნიმუშები, რომლებშიც მზარდი სოციალური პროტესტი იგრძნობა: ე. ნინოშვილი, ჭ. ლომთათიძე, ლ. ქიაჩელი, დ. ჩიანელი, ვ. მალაქიაშვილი).
      რაც შეეხება მესამე ვექტორს - პოზიციას ლიტერატურასა და ეკონომიკას შუა – იგი მიზნად ისახავს ლიტერატურულ და ეკონომიკურ დისკურსთა ურთიერთზეგავლენის, მათი საერთო რიტორიკული ბუნების ანალიზს, ყურადღებას ამახვილებს  ეკონომიკის რიტორიკასა და ტექსტობრივ რიტორიკაზე. გარდა რიტორიკულისა,  იკვეთება ინტერესი ამ ორი  დისკურსის ფილოსოფიური და სემიოტიკური ანალოგიებისადმი. შეგვიძლია დავადგინოთ მხატვრული და ეკონომიკური დისკურსების კორელაციის ხარისხი (მაგ. მიხ. ჯავახიშვილის შემოქმედებაში);  აკაკი წერეთლის, გ. წერეთლის, ვაჟას, ყაზბეგის ლოგიკურ-შეფასებით მსჯელობათა, არამედ სახეობრივი სისტემის მიხედვით  კი ვიკვლიოთ ქართული საზოგადოების დამოკიდებულება ,,მეხუთე სტიქიად” წოდებული ფულის რეპრეზენტატიული ფუნქციისა და სხვა რეპრეზენტატიული პრაქტიკების ურთიერთდამოკიდებულებისადმი. 
კვლევის ქრონოლოგიურ ჩარჩოდ აღებულია საუკუნეთაშორისი მიჯნა, კერძოდ კი XIX საუკუნის მეორე ნახევარი ვიდრე XX საუკუნის 30-იან წლებამდე, ანუ დროის ის მონაკვეთი, რომელიც, ჩვენი თვალთახედვით, იტევს ილიას მოდენიზატორული პროექტის პირველ (1860–1907) და მეორე (1907-1930) ეტაპებს. ვითვალისწინებთ რა თანამედროვეობის მოთხოვნა, ყოველდღიურობის წვრილთემიანობიდან მზერა გადავიტანოთ კონცეპტუალურ ღირებულებებზე, საჭიროდ მიგვაჩნია არა მხოლოდ  ლიტერატურულ-ესთეტიკური და ეკონომიკური აზრის ისტორიის, ასე ვთქვათ,   დარგობრივი დამოუკიდებელი მეცნიერული კვლევა (რაც კარგა ხანია ისედაც წარმატებით მიმდინარეობს), არამედ ქართული კულტურის ევროპეიზების მეტად მნიშვნელოვან მონაკვეთში ამ ორი სფეროს ურთიერთგადაკვეთის  პროცესის აქცენტირება. ამ ფაქტის მიზეზ-შედეგობრიობის წარმოჩენა და ანალიზი, ვფიქრობთ, გახსნის ახალ სააზროვნო სივრცეს, რომელიც მიზანმიმართულად ,,იმუშავებს” ჩვენი ლიტერატურული და ეკონომიკური მეხსიერების გაჯანსაღებაზე.
ეკონომიკური კრიტიკის ახალი მეთოდოლოგია გარკვეული ასპექტით სხვა კულტუროლოგიურ საკითხთა სისტემატიზების შესაძლებლობებსაც გულისხმობს. იგი  კულტურული  პარადიგმების ცვლის პათოსით გამორჩეული XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე  გამოკვეთს იმ ქართველ მოღვაწეთა (ილია და ნ. ნიკოლაძე, გ. ქიქოძე, მ. ჯავახიშვილი, რ. გაბაშვილი თუ ფ. გოგიჩაიშვილი) ძალისხმევას, რომელიც სამოქალაქო ცნობიერების ფორმირებისკენ, შესაბამისად კი ლიტერატურაცენტრისტული საზოგადოების სოციოცენტრისტული საზოგადოებით ჩანაცვლებისკენ იყო მიმართული.
 ამ დივერსიფიკაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა ქვეყნისთვის, რომელშიც  ისტორიული განვითარების სპეციფიკით გამოწვეული არქაული ეკონომიკური ფორმების ბატონობის ხანგრძლივი ტრადიცია არსებობდა. აღნიშნულ გარღვევას  ქართული კულტურის არქეტიპში სუბლიმირებული ურთიერთგამომრიცხავი თვისებებიც უნდა გაენეიტრალებინა. სამწუხაროდ, ხალხის გარკვეული ნაწილის ჯერ სოციალისტური იდეებით, შემდეგ კი ბოლშევიკური დემაგოგიიით მოხიბვლამ, რეფორმირების გზაზე უკვე მიღწეული ხელშესახები შედეგების უგულებელყოფამ და საბოლოოდ ,, ისტორიიდან ამოვარდნამ“  ქართველთა ცნობიერებაში ,,თვითმოქმედი ქვეყნისა”  და თვითორგანიზაციის უნარის მქონე საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესის წყვეტა გამოიწვია.  ამ მოვლენათა მიუკერძოებელი ანალიზი კი მომავლის ორიენტირების განსაზღვრის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

No comments:

Post a Comment