Translate

Monday, November 9, 2015

პიერ ბურდიეს სოციალური სივრცისა და ველის თეორია



სოლომონ ტაბუცაძე, 
შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი 
მეცნიერ-თანამშრომელი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი




ლიტერატურული ველის, როგორც სოციალური ქვესისტემის, შესახებ საუბარი, ვფიქრობთ, სოციალური სივრცის ცნების განსაზღვრებით უნდა დავიწყოთ, რომელსაც გენეტიკური სტრუქტურალიზმის კონცეფციაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, მაგრამ იგიწმინდასოციოლოგიური ცნება მაინც არ არის.
სოციოლოგია ტრადიციულად  იყენებდა აბსტრაქტულ საბაზო ცნებებს და_  ფილოსოფიიდან ნასესხები ეს ხერხი იძლეოდა მოსახერხებელი მოდელების აგების საშუალებას, რომლებიც საკმაო სიზუსტით აღწერდნენ ამა თუ იმ სოციალურ მოვლენას. ამ მეთოდს _ სოციალური მეცნიერების მთავარ და მძლავრ ამ ინსტრუმენტს _ მისი ემპირიული ადეკვატურობით ამართლებენ. სოციოლოგიის განვითარების კვალად თავს იყრის მეტნაკლებად აბსტრაქტულ ცნებათა კრებსი, რომლებიც სოციალური სინამდვილი სულ ახალ და ახალ რეგულარობებს აღწერენ და რომლებიც, გარკვეული ეტაპის შემდგომ, სირთულის კრიტიკულ ზღვარს აღწევენ. ამგვარი კრიზისიდან თავდაღწევის გზა საბაზო კონცეპტების გადახედვა და დაგროვილ აბსტრაქციათა სქოლასტიკური ბუნების გაუქმებაა, რაც გამოამჟღავნებს და გამოაჩენს მათ ნამდვილ შინაარსს.
ზოგადად სივრცესთან დაკავშირებით უნდა განვასხვავოთ ორი თეორიული პოზიცია: სუბსტანციური და რელაციური. პირველის მიხედვით სივრცე სხეულებრივი სუბსტანციის არსია. დეკარტისეული განსაზღვრებით სივრცე მასში განთავსებული სხეულებრივი სუბსტანციისგან არ გამოიყოფა და სხეულიც სივრცისეულ განფენილობაში შედის. აქვე ისიც სათქმელია, რომ სუბსტანციალიზმის ისააკ ნიუტონისეული ვარიანტი სივრცეს თვითკმარ  არსად წარმოიდგენს, რომელიც მატერიის გვერდით და მისგან დამოუკიდებლად არსებობს. ეს წარმოდგენები სივრცისა და მატერიის ანუ ორი თვითკმარ სუბსტანციის ურთიერთკავშირის გარეგან მხარეს ასახავს და ასკვნის, რომ სივრცე მასში რეალიზებული მატერიალური პროცესებისაგან დამოუკიდებელია.
რელაციური თვალსაზრისი სივრცის არა თვითმყოფადობასა და დამოუკიდებლობაზე მიუთითებს, არამედ ურთიერთობათა წესრიგზე, რომელსაც წარმოშობს ობიექტების ურთიერთქმედება, რომლის მიღმა სივრცე არც არსებობს. ლაიბნიცის მიხედვით, მონადები არის სუბსტანციები ანუ საგნები თავისთავად და სივრცე, რომელსაც ჩვენი გრძნობის ორგანოებით აღიქვამთ და რომელსაც ფიზიკა სწავლობს, არ არსებობს, რადგან იგი შედგება შესაძლებლობებისგან და არაფერ აქტუალურს არ შეიცავს. თუმცა არსებობს მონადების განლაგების ხედვის იმ წერტილის შესაბამისი წესრიგი, საიდანაც ისინი ასახავენ სამყაროს. ყოველი მონადა სამყაროს მხოლოდ მისი კუთვნილი პერსპექტივით აღიქვამს და ამ აზრით შეიძლება ვილაპარაკოთ მონადების სივრცულ მდგომარეობაზე. ამრიგად, ლაიბნიცის მიხედვით, სივრცე არის თვისება საგნისა თავისთავად, რაც იმას ნიშნავს, რომ რელაციონისტური თვალსაზრისით სივრცე არის ობიექტებისა და მათი მდგომარეობის კოორდინაციის ზოგადი ფორმა და მისი თვისებები დამოკიდებულია ობიექტების ურთიერთქმედების ხასიათზე.
პიერ ბურდიეს სოციოლოგიაში სოციალური სივრცის ცნება გულისხმობს გარკვეული ურთიერთობების გამომხატველ ფორმას, რომელიც მოიცავს კვლევის საგანთა მდგომარეობებს შორის კოორდინაციის წესებს. ამ ფორმის შინაარსში შედის შესასწავლი სოციალური მოვლენები და პროცესები, რომელთა ხასიათი განსაზღვრავს კიდეც სოციალური სივრცის ძირითად თვისებებს. ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს რაიმე აბსოლუტური, სუბსტანციალიზმის მიერ პოსტულირებული, თვითმყოფადი და დამოუკიდებელი სოციალური სივრცე ანუ ემპირიული სოციალური სინამდვილისგან დამოუკიდებელი ყოფიერების ფორმები. სოციალური სივრცის კონსტრუირება ხდება ყოველ ჯერზე, კვლევის მიზნებისა და საშუალებების მიხედვით და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება იყოს ერთგანზომილებიანი ან მრავალგანზომილებიანი...
 ერთი სიტყვით, პიერ ბურდიეს სოციალური სივრცე უმალ სოციალური პოზიციების სტრუქტურაა. მკვლევრის სოციოანალიზში პოზიციები გულისხმობს   სოციალური სივრცის აქტუალური ალემენტების არსებობას. პოზიციების სტრუქტურად წარმოდგენილი სოციალური სივრცე უზრუნველყოფს სოციოლოგიური შემეცნების საგანთა საყოველთაო ნამდვილ (და არა მხოლოდ სოციოლოგის მიერ წარმოსადგენ და დასაშვებ) ურთიერთკავშირს და გვევლინება იმ მინიმალურად საჭირო ურთიერთობათა სისტემად, ურომლისოდაც მოცემული შემეცნება შეუძლებელია.
სოციოლოგიის მიერ დადგენილი სოციალური სამყარო პიერ ბურდიეს წარმოუდგება _ აგენტების  აქტიური თვისებების (ინდივიდუალური და კოლექტიური) _ დაყოფისა და განაწილების ერთიანობის პრინციპებიდან გამომდინარე _ კონსტრუირებული სოციალური სივრცის სახით. ლაპარაკია თვისებებზე,  რომელთაც აქვს აგენტებისათვის ძალისა და ძალაუფლების მინიჭების უნარი. მაკროცვლად, განმაზოგადებელ ამოსავალ სოციოლოგიურ სიდიდეებს _ სოციალური სივრცის საფუძველში ჩადებულ აქტიურ თვისებებს _ პიერ ბურდიე კაპიტალებს უწოდებს. კაპიტალი იძლევა საქმიანობის პროდუქტის განკარგვის ძალაუფლებას.
პიერ ბურდიეს აზრით, სოციოლოგია უმალ სოციალური ტოპოლოგიაა და სოციალური სამყარო უნდა წარმოვიდგინოთ დიფერენციაციისა და განაწილების მრავალგანზომილებიანი ფორმით, რომლის მაფორმირებელ ძალადაც გვევლინება განსახილველ უნივერსუმში მოქმედ თვისებათა ერთობლიობა, რომელნიც (ეს თვისებები) ანიჭებებენ და აძლევენ ძალასა და ძალაუფლებას მის მფლობელსა და მატარებელს უნივერსუმში. ამრიგად, აგენტები და აგენტთა ჯგუფები განისაზღვრებიან მათი ფარდობითი პოზიციების მიხედვით ამ სივრცეში. ყოველი მათგანი განთავსებულია პოზიციებსა და კლასებში, რომლებსაც განსაზღვრავს და განაპირობებს მომიჯნავე პოზიციებთან _ ანუ მოცემული სივრცის გარკვეულ სფეროსთან _ მიმართება.
სივრცეში აგენტთა პოზიციებზე საუბრისას ბურდიე ხაზს უსვამს, რომ სოციალურ და ფიზიკურ სივრცეებსწმინდა სახითვერ განხივიხილავთ და ვერ ვილაპარაკებთ ან მხოლოდ სოციალურ ან მხოლოდ ფიზიკურ სივრცეზე; ფიზიკურ სივრსეშიო, წერს იგი, ობიექტივირებული სოციალური დაყოფა ფუცქციონირებს ერთდროულად როგორც ხედვისა და დაყოფის პრინციპი, როგორც აღქმისა და შეფასების კატეგორია, მოკლედ, როგორც მენტალური სტრუქტურა.
ამრიგად, სოციალური სივრცე არის სტრუქტურათა ანსამბლი, რომელიც განაპირობებს სოციალურ მოვლენებს. სხვა დანარჩენი სოციალური საგნები მისი მეშვეობით მხოლოდ ურთიერთზემოქმედებენ. სოციალური სივრცე ძალისმიერი ბუნებისაა და ამიტომ მისი შემადგენელი ძალების გაზომვის გარეშე, თვითნებურად, ვერ აიგება.
                              ***
პიერ ბურდიეს სოციოლოგიის თეორიული საფუძველია ორმაგი სტრუქტურირების კონცეფცია. მისი არსი ის არის, რომ სოციალური სინამდვილე სტრუქტურირდება, ერთი მხრივ, ობიექტურად არსებული, აგენტების ნებისა და ცნობიერებისაგან დამოუკიდებელი, სოციალური ურთიერთობებით, და, მეორე მხრივ, ადამიანთა წარმოდგენებისგან სოციალურ სტრუქტურებზე და საერთოდ გარე სამყაროზე მთლიანად, რომელსაც უკუგავლენა აქვს პირველად სტრუქტურირებაზე. ასე რომ, სოციალური უნივერსუმის მაფორმირებელი სტრუქტურები ორგემაგე ცხოვრებას ეწევიან და ორი იპოსტასით არსებობენ: პირველი _ ეს არის პირველი რიგის რეალობა, რომელიც მატერიალური რესურსების განაწილებისა და სოციალური თვალსაზრისით პრესტიჟული საშუალებების მინიჭება/მიკუთვნების წიაღ გვეძლევა; და მეორე იპოსტასი, _ ეს არის მეორე რიგის რეალობა, რომელიც არსებობს წარმოდგენებში, აზროვნებისა და საქციელების სქემებში ანუ მისი არსებობა უნდა წარმოვიდგინოთ როგორც სოციალური აგენტების პრაქტიკული ქმედების, საქციელის, აზროვნების ემოციური შეფასებებისა და განსჯის სიმბოლური მატრიცა.
სოციალურ სივრცეში სხვადასხვა პოზიციებზე მყოფ აგენტებს შორის  არსებულზე რომ ვილაპარაკოთ, უნდა გავიხსენოთ, რომ ბურდიეს აგენტი არ არის სოციალური სუბიექტი, რომელიც მიბმულია კონკრეტულ ინდივიდზე. ბურდიესეული აგენტში აისახება აქტიური და მოქმედების უნარის მქონე, გარკვეული პრაქტიკების მატარებელი და სოციალურ სივრცეში საკუთარი პოზიციის შენარჩუნებასა თუ შეცვლაზე ორიენტირებული სტრატეგიების განმახორციელებელი ინდივიდი.
მეორე რიგის სივრცეზე საუბრისას ბურდიე აღნიშნავს, რომ იგი არის არა მხოლოდ სოციალური დაყოფის რეალიზაცია, არამედ ამ დაყოფის ხედვაც (vision და division); აგრეთვე _ არა მხოლოდ გარკვეული პოზიციის დაკავება სივრცეში (ველში) _ position), არამედ გარკვეული (პოლიტიკური) პოზიციის გამომუშავებაც _ prise de position.
რაც შეეხება სოციალურ ველს.
სოციალური სივრცე მოიცავს რამდენიმე ველს, რომლებშიც აგენტს ერთდროულად რამდენიმე პოზიციის დაკავება შეუძლია. ველი არის სხვადასხვა პოზიციებს (რომლებსაც სოციალურად განპირობებული ალიანსი ან კონფლიქტი, კონკურენცია ან კოოპერაცია აქვთ და რომლებიც მეტწილად არ არიან დამოკიდებული ამ პოზიციებზე მყოფი ინდივიდების ფიზიკურ არსებობაზე) შორის ობიექტური კავშირების სპეციფიური სისტემა.
სინქრონული ასპექტში ველი წარმოგვიდგება პოზიციების სივრცეთა სტრუქტურად და სწორედ ეს აღნაგობა განაპირობებ ველის ძირითად თვისებებს. ველი არის სოციალური სივრცის ქვესისტემა, რომელსაც განაპირობებს სპეციფიური ძალა _ სხვა ქვესივრცისაგან განსხვავებული აქტიურ თვისებათა ანსამბლი. არსებობს პოლიტიკის, ეკონომიკის, რელიგიის, ხელოვნების, ლიტარატურის ველები, რომელთაც ეძებნება კონსტიტუირებისა და ფუქციონირების ინვარიანტული კანონზომიერებანი: ავტონომიურობა, თამაშის ფსონებისა და სპეციფიური ინტერესების განსაზღვრა, კლასებად და პოზიციებად დაყოფა _ დომინირებულნი და დაქვემდებარებულნი სხვა. ინტერესთა ყოველი კატეგორია ინდიფერენტულია სხვათა ინტერესების, კაპიტალის სხვა ინვესტიციებისადმი, რომლებიც, შესაძლოა, სხვა ველში უსაზრისოც კი გამოჩნდეს. ველის ფუნქციონირებისათვისს საჭიროა თამაშში ფსონებისა და თვით ადამიანების მზაობა,  ჰაბიტუსის ანუ დისპოზიციების სისტემის ფლობა, რომელიც გულისხმობს თამაშის ცოდნასა და მისი კანონის აღიარებას. ეს არის ბრძოლის ველი, რომელსაც ლეგიტიმური ძალადობის მონოპოლია ანუ წინა ბრძოლებისას დაგროვილი სპეციფიური კაპიტალის შენახვის, განაწილებისა და სტრატეგიული განკარგვის უფლებას აქვს.
ლიტერატურული ველი (არა მხოლოდ ლიტერატურის, არამედ ინტელექტუალური გარემოსი საზოგადოდ, ფილოსოფიის, არტისტული გარემოსი) არის სივრცე ძალებისა, რომლებიც ყველა მის შემადგენელზე სხვადასხვანაირად, დაკავებული პოზიციის მიხედვით, ზემოქმედებენ. დაკავებული პოზიციის საილუსტრაციოდ ბურდიე ასახელებს ორი ერთმანეთიგან დაშორებული წერტილის მაგალითს _ ბესტსელერის ავტორის პოზიციას და პოეტი-ავანგარდისტის პოზიციას. ლიტერატურული ველი არის კონკურენტული ბრძოლის ველიც, რომელიც კონსერვაციაზე ან ტრანსფორმაციაზეა მიმართული. იერარქიული პრინციპით დაყოფილ ველში  გამართული ჭიდილის აგენტებს წარმოადგენენ მონაწილე ინდივიდები ან ინსტიტუციები. ყოველ მათგანს გარკვეული პოზიცია უკავია, რომლის კოორდინატები, ერთი მხრივ, იმაზეა დამოკიდებული თუ რას წარმოსდგენდნენ ისინი ველში შესვლისას, ხოლო, მეორე მხრივ, მათ ურთიერთობებზე ველის სხვა აგენტებთან. პერსონალისა და პერმანენტული ბრძოლის განახლებას, რომელშიაც მონაწილეობენ აგენტები, შედეგად მოსდევს ბრძოლის მიზნებისა და იმ ღირებულებათა ცვლა, რისთვისაც აღიძრა ეს ბრძოლა და, შესაბამისად, იცვლება თვით ველის საზღვრებიც.
ბურდიეს თქმით, ანალოგიას თუ მივმართავთ, ლიტერატურული ველის ცნებას უახლოვდება ძველისიტყვიერების რესპუბლიკის” (Republique des letterd)  ცნება, რომლის ფუნდამენტური კანონი, ბეილისეული განმარტებით, ასეთია: “სიტყვიერების რესპუბლიკას მართავს თავისუფლება. სიტყვიერების რესპუბლიკა არის უთავისუფლესი სახელმწიფო. აქ მხოლოდ ჭეშმარიტებისა და გონების ქონებას აღიარებენ, რომელთა საფარველქვეშაც მიამიტურად მიმდინარეობს ომი ყველასა და ყველაფერს შორის. მოკეთე უნდა უფრთხოდეს მოკეთეს, მამა _ შვილს და სიმამრისიძეს: როგორც  ბრინჯაოს ხანაში იყო (...) აქ ყოველი მათგანი ყველასგან დამოუკიდებელიც არის და, იმავდროულად, ყველასადმი ვალდებული“. ბურდიეს ბეილის ეს განსაზღვრება მხოლოდ ანალოგიისთვის მოაქვს და იქვე დასძენს, რომ ლიტერატურული გარემოს ასახვის ეს ნახევრად-პოზიტიური და ნახევრად-ნორმატიული ტონი გვაგრძნობინებს, რომ საქმე გვაქვს სპონტანურ სოციოლოგიასთან და არავითარ შემთხვევაში მეცნიერულად აგებულ კონცეპტთან.
მაგრამ მწერალთა და მხატვართა ბევრ პრაქტიკასა და თვითგამოვლენის ფორმებს (მაგალითად, მათი ამბივალენტური დამოკიდებულებასუბრალო ხალხისადმიდაბურჟუაზიისადმი”) ვერ ავხსნით თუ არ გავითვალისწინებთ ძალაუფლების ველს, რომლის შიგნითაც ლიტერატურულ ველს დაქვემდებარებული ადგილი უკავია. ძალაუფლების ველი წარმოადგენს აგენტებსა და ინსტიტუციებს შორის ძალისმიერი ურთოერთობების სივრცეს. ძალაუფლების ველში ძალაუფლების სხვადასხვა სახეობის (ან კაპიტალის ნაირსახეობებს) მფლობელთა შორის მიმდინარეობს ბრძოლა. შეტოქება ხდება კაპიტალის სხვადასხვა სახეობების ფარდობითი ღირებულების შესაცვლელად ან სტატუს ქვოს  შესანარჩუნებლად.   
ასე რომ, კულტურის ნაწარმოებთა შემსწავლელი მეცნიერება გვთავაზობს იმდენადვე საჭირო და საჭიროებისდაკვალად ურთიეთდაკავშირებულ სამ ოპერაციას _ რამდენადაც არსებობს სოციალური სინამდვილის სამი დონე, რომლებსაც დაერთვიან ეს ოპერაციები.
პირველ რიგში _ ეს არის ლიტერატურული ველის პოზიციის ანალიზი ძალაუფლების ველში, რომელთანაც მას აქვს მიკროკოსმოსის მაკოკოსმოსისადმი მიმართება;
მეორე: ლიტერატურული ველის, _ ფუნქციონირებისა და ტრანფორმაციის საკუთარ კანონებს დაქვემდებარებული  უნივერსუმის, _ შიგასტრუქტურის ანალიზი; სხვაგვარად რომ ვთქვათ, არტისტული ლეგიტიმურობისათვის შეტოქებული ინდივიდუალობების ან ინსტიტუტების პოზიციებს შორის ურთიერთმიმართების ანალიზი;
მესამე: ამ პოზიციების მქონე აგენტების ჰაბიტუსების ფორმირების ანალიზი _ ესე იგი, დისპოზიციების ჩამოყალიბების ანალიზი; დისპოზიციებისა, რომლებიც რომელიღაც სოციალური ტრაექტორიისა და გარკვეული პოზიციების პროდუქტად ყოფნისას შიგალიტერატურულ ველში, ამ პოზიციებში ჰპოვებენ რეალიზაციის მეტნაკლებად ხელსაყრელ შესაძლებლობას.
ასეთია, ბურდიეს აზრით, განმარტებითი ფაქტორების იერარქია, და იგი საჭიროებს მკვლევართა შორის მიღებული ჩვეულებრივი თანმიმდევრულობის გადატრიალებას. არა ჯერ არს ვეძებოთ პასუხი კითხვისა:“როგორ გახდა მავანი მწერალი ის, რაც არის?“ საკითხავი არის ის თუ რანაირად, _ მწერლის სოციალური წარმომავლობიდან და სოციალურად კონსტიტუირებული თვისებებიდან გამომდინარე, _ შეძლო მოცემულმა მწერალმა უკვე არსებული (ან წარმოების მოლოდინში მყოფი), ველის გარკვეული მდგომარეობის მიერ შემოთავაზებული პოზიციების დაკავება (ზოგ შემთხვევაში წარმოებაც) და ამ პოზიციებში პოტენციალურად ჩადებული მანიფესტაციების მეტნაკლებად სრული გამოხატვა.


No comments:

Post a Comment