Translate

Friday, February 3, 2017

ნიკო ლორთქიფანიძის „შელოცვა რადიოთი“_ახალი ტიპის გმირები ურბანულ გარემოში

მაია ჯალიაშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი



ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობის, „შელოცვა რადიოთი“, ანალიზისას აუცილებელია მოდერნისტული კონტექსტის გათვალისწინება. ქართული მოდერნიზმის ერთ მძლავრ შენაკადს ნიკო ლორთქიფანიძის პროზა ქმნის. მისი სამწერლო მანერა გამოირჩევა ძიებებით, რაც გულისხმობს თხრობის სტრუქტურის გამრავალფეროვნებას. ამ თვალსაზრისით, საგულისხმოა მისი იმპრესიონისტული სტილი, რომელიც მას გამოარჩევდა მეოცე საუკუნის დასაწყისის ქართველ პროზაიკოსთაგან. ეს კარგად შენიშნა კონსტანტინე გამსახურდიამ, რომელიც თვითონ ქმნიდა მოდერნისტულ პროზას: `ილიას შემდგომ ჩამომდგარ ლიტერატურულ კრიზისს, რომელსაც მოჰყვა ქართულ პროზაში მიშვებული ჯღაბნის სამწუხარო პრაქტიკა, ზღვარი დაუდო რამდენიმე მაღალნიჭიერმა ოსტატმა ქართული სიტყვისამ. ამ ოსტატთა პირველ რიგებში უთუოდ იგულისხმება ნიკო ლორთქიფანიძე. საჭირო იყო ქართული პროზის განახლება, მოდერნიზება ფრაზისა და თემატური სიახლე. იგი დიდი გულმოდგინებით ამუშავებდა დეტალებს. მას კარგად ჰქონდა შეგნებული, რომ მწერალი ისე მომჭირნედ უნდა ხარჯავდეს სიტყვას, როგორც რომელიმე ძუნწი _ ოქროს, რადგან სიტყვაა ჩვენი სიმდიდრე, ტონისა და ფერის ექვივალენტი, სიტყვა ჩვენი უბასრესი იარაღია, ჩვენი საჭრეთელი და ჩვენი ფუნჯი“ (გამსახურდია  2000: 6).
ნიკო ლორთქიფანიძის ამ მოთხრობაში მოდერნისტული კონტექსტი უნდა გავიაზროთ ორი მიმართულებით:
  1. გამოთქმის ხელოვნების მოდერნიზება (სიტყვის, ფრაზის, თხრობის სტრუქტურის, რიტმის ვარიაციები);
  2. თემატური სიახლე (ახალი ტიპის გმირები ურბანულ გარემოში).
როცა ეს მოთხრობა დაიწერა, 1928 წელს, ამ დროს ქართულ პროზაში უკვე შექმნილი იყო მოდერნისტული რომანები: დემნა შენგელაიას „სანავარდო“, გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგი“, კონსტანტინე გამსახურდიას „დიონისოს ღიმილი“. მოდერნისტულ პროზას ქმნიდნენ სანდრო ცირეკიძე, ჭოლა ლომთათიძე, ლეო ქიაჩელი და სხვები. მოდერნისტულ  სტილს (იგულისხმება სიმბოლისტური, ექსპრესიონისტული, იმპრესიონისტული, ფუტურისტული და სხვა იზმის ერთობლიობა) ახასიათებდა თხრობის ასოციაციურობა, მრავალშრიანობა,  ფორმის სირთულე, პოეტურ პროზა, მითის აღორძინება, ახალი ტიპის გმირები, ურბანული გარემო, დრო-სივრცული ჭრილების განსხვავებული ხატვა და სხვ.
როგორ უნდა გავიაზროთ ნიკო ლორთქიფანიძის მიერ გამოთქმის ხელოვნების მოდერნიზება? ეს, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს იმპრესიონისტულ სტილს. რა იყო დამახასიათებელი ლიტერატურული იმპრესიონიზმისთვის?
  1. თხრობის ფრაგმენტულობა.
  2. ლაკონური ფრაზები.
  3. თხრობის მოზაიკურობა.
  4. ერთსიტყვიანი, ხშირად უზმნო, სახელდებითი წინადადებები.
  5. დეტალებზე, ნიუანსებზე აქცენტირება.
  6. 5. პოეტური პროზა
თხრობის ამგვარი მანერა ეყრდნობოდა გადმოსაცემი ამბის რაობას, რომელიც აღმოცენებული იყო შთაბეჭდილებიდან. როგორც ცნობილია ხელოვნებაში, კერძოდ, ფრანგულ ფერწერაში გაჩნდა პირველად ეს სიტყვა, როგორც მხატვრობაში ახალი მიმართულების აღმნიშვნელი. მეცხრამეტე საუკუნის 70-იან წლებში პარიზში ახალგაზრდა მხატვართა ერთმა ჯგუფმა გამოფინა სრულიად განსხვავებული ხელწერის ნახატები, რომლებზეც ფერისა და ხაზის გამოყენების უცნაური ტექნიკა ჩანდა. ერთ ნახატზე, რომლის ავტორი იყო კლოდ მონე, აღბეჭდილი იყო მზის ამოსვლა და სახელწოდებაც შესაბამისი ჰქონდა: „შთაბეჭდილება, მზის ამოსვლა“. ამგვარად, სიტყვა შთაბეჭდილება (იმპრესსიონ-ფრანგ.) იქცა ახალი სკოლის სახელად. რაც შეეხება ლიტერატურას, ცოტა მოგვიანებით გაჩნდა ევროპულ ლიტერატურაში. მეოცე საუკუნის დასაწყისში, როცა ნიკო ლორთქიფანიძე ავსტრიაში სწავლობდა, სწორედ მაშინ აქ მოღვაწობდა ორი გამორჩეული იმპრესიონისტი მწერალი: პიტერ ალტენბერგი და არტურ შნიცლერი. წერის იმპრესიონისტული მანერა ყველაზე უფრო მიესადაგა ნიკო ლორთქიფანიძის ესთეტიკურ გემოვნებას და ქართულ ლიტერატურაში სწორედ მან შექმნა გამორჩეული იმპრესიონისტული მხატვრული ნაწარმოებები. ამ სტილის ერთგვარი თეორიული აღწერა მას მოცემული აქვს ნოველაში „უიალქნოდ“, რომელიც იმპრესიონიზმის „მანიფესტადაც“ გამოდგებოდა: „მე სხვადასხვა სურათს მოგაწვდენ ცხოვრებიდან. მათი ერთმანეთთან შეკავშირება შენთვის მომინდვია… მე მა­ინც მგონია, რომ მკითხველს მეტი ადგილი უნდა დაეთმოს ფანტაზიისათვის, შემოქმედებისათვის… მკითხველს მოს­წყინდა ყველაფერი უკვე შემუშავებული თავ-თავის ადგილზე ჰპოვოს… მწერალმა მარმარილო, ტილო, საერთო აზრი, ჩარჩო, ორი-სამი ხაზი დაამზადოს, დაბოლოოება, დამთავრება ნაწარმოებისა მკითხველის გემოვნებას და სურვილს მიანდოს“.
ამ მოთხრობაშიც („შელოცვა რადიოთი“) მწერალს იმპრესიონისტული სტილით აქვს გადმოცემული მთავარი გმირის, ელი (ელპიდე) გორდელიანის თავგადასავალი. მოთხრობაში გაფართოებულია გმირის `ჰორიზონტალურ ხაზზე~ მოძრაობა. ელი და სხვა გმირები ევროპის სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობენ, ამგვარად, მწერალს შესაძლებლობა აქვს მკითხველს  დაუხატოს ევროპა, გააცნოს ევროპელთა ცხოვრების წესი. შესაბამისად, წარმოაჩინოს ცივილიზაციის განვითარების დონე, თუ რას მიაღწია ადამიანმა მატერიალურ სამყაროში და როგორ აირეკლა ეს მიღწევები სულიერ-ზნეობრივ სივრცეში. რუსეთის, სკანდინავიის ქვეყნების, გერმანიის, საფრანგეთის ურბანული ლანდშაფტები  იქცა ელის მატერიალურ-სულიერი სამყაროს ფონად.  ეს იყო მოდერნიზმის მთავარი თემა _ ადამიანის ბედის წარმოჩენა ქალაქის „უდაბნოში“. ამ დროის პულსაციას კარგად გადმოგვცემს გრიგოლ რობაქიძე ერთ წერილში: „თანამედროვე ადამიანი დროს სწრაფად იმორჩილებს. იგი ავტომობილით საათში ასსა და მეტ კილომეტრს გადის, თვითმფრინავით კი – უფრო მეტს. ის რადიოტალღებით წამის მცირე ნაწილში თავის ხმას დედამიწის სფეროს ირგვლივ აგზავნის. მას სურს, თვალის დახამხამებაში მთლიანად სრულყოს საკუთარი თავი, იგი ცდილობს, მასში დროის მდინარება აბსოლუტური აწმყოს ერთ-ერთ სახედ შეინარჩუნოს. საშუალება, რომელიც მას ამისათვის ემსახურება, მანქანაა – მაგრამ მანქანა მასზე უკუქმედებას ახდენს, მაშინ, როდესაც ის მასში შეგრძნების ახალ ფორმას იწვევს. შევისწავლოთ ავტომრბოლერის ფსიქიკა. მას მოქმედებაში საზარელი ძალები მოჰყავს. იგი მათ იმორჩილებს, საშინელ სიჩქარეს ავითარებს, ნთქავს სივრცეს, დროს შემზარავად ამოკლებს. სისწრაფე – ის ამითაა შეპყრობილი. რაც შეეხება განვლილ მანძილს, ლანდშაფტთა ფრაგმენტებს, საკუთარ თავში ჩაძირულ წამებს – ეს მას არ აღელვებს. თავის შეგრძნებაში თითოეული დროის შუალედურ სივრცეს აქრობს. იგი უდროობას ან ზედროულობას გამოიხმობს. უდროობას ვერ აღწევს, მაგრამ მასში მიღწევის შესაძლებლობა ღვივის. მისი დაძაბულობა იმდენად აწეულია, რომ ეს შესაძლებლობა მიღწეულამდეა მიახლოებული და თითქმის უკვე აღსრულებულით ტკბება. წინაცდუნებით მოხიბლული, ის უდროო აწმყოს უსინჯავს გემოს: ახალი მისტიკოსი, სიცარიელეს რომ ეჯახება“ („გრეტა გარბო, ვითარცა ზმანება დღევანდელობისა“) (რობაქიძე 2015: 121). ევროპაში ელიც  ჩაერთო ამ თავბრუდამხვევ რიტმში, რომელსაც  უნდა დაევიწყებინა ოჯახი, მიტოვებული შვილი, ახლობლები, მაგრამ გაქცევამ ვერ უშველა და შეეჯახა „სიცარიელეს“, რომელიც ვერ დაძლია.
მოთხრობაში არა მხოლოდ გმირის ბედი იხატება ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის კონტექსტში, არამედ ერისაც. ცნობილია, საქართველოს ერთგვარი განაპირება კულტურული სივრცისგან, რაც მის ბედისწერად იქცა და რომელიც  ჯერ კიდევ იოანე საბანისძემ  ასე გამოთქვა: `ვართ ყურესა ამას ქვეყნისასა~. საუკუნეთა განმავლობაში ქართული კულტურა თანაბრად საზრდოობდა აღმოსავლური და დასავლური იდეებით, როგორც  გზაჯვარედინზე მყოფი ქვეყანა, თუმცა მუდმივად მიისწრაფოდა დასავლეთისკენ. ამას მოწმობს იოანეს განუხორციელებელი სწრაფვა ესპანეთისკენ (`იოანე და ექვთიმე ათონელების ცხოვრება~), „ვეფხისტყაოსნის“ რენესანსული იდეალები, სულხან-საბას ორბელიანის მოგზაურობა იტალიასა და საფრანგეთში, ქართული რომანტიზმისა და მოდერნიზმის ევროპული სულისკვეთება და სხვ.
ქართულმა მოდერნისტულმა ლიტერატურამ ყველაზე კარგად გამოხატა ქართული კულტურის დასავლურ ორიენტირებთან ნათესაობა. ამის გამომხატველია `შელოცვა რადიოთი~. ნიკო ლორთქიფანიძისეული თხრობის ქსპერიმენტულობა მჟღავნდება პერსონაჟთა პორტრეტების ხატვასა თუ ამბების მოზაიკური, ფრაგმენტული გადმოცემის დინამიკაში. უჩვეულო იყო ბულვარული პრესის შემოჭრაც _ ავტორი თხრობაში ჩართავს სარეკლამო ტექსტებს, რომლებითაც მეტ ექსპრესიულობას მატებს ამბებს, კარგად შეიგრძნობს მკითხველი საზოგადოებას, გარემოს, ადამიანურ ურთიერთობებს, პრესის როლს, დროის მაჯისცემას.
მოთხრობის სათაური გამომხატველია ერთგვარი ანტაგონიზმისა, რომელიც ტრადიციისა და ცივილიზაციის ერთგვარ კონფლიქტურ შეხვედრას აღნიშნავს. ცივილიზაციის სიმბოლოა რადიო, შელოცვა _ ტრადიციისა, ძველი კულტურისა, რწმენისა. შელოცვამ ძალა დაკარგა რადიოთი გადაცემისას. ეს იმასაც მიანიშნებს, რომ შელოცვა დაკავშირებულია სამშობლოსთან, ფესვებთან. ელის შელოცვა საქართველოში უშველიდა, ტექნიკური ცივილიზაციით (რადიოთი) გაშუალებულ შელოცვას კი ძალა აღარ ჰქონდა. თანამედროვევობის ფიზიკა სრულიად დევნიდა მეტაფიზიკურს სამყაროდან.
ელი გორდელიანი მოდერნისტული ეპოქის ქალია, რომელსაც აქვს განათლება, თავისუფალია და რომლისთვისაც ეგოისტური მე წინა რიგშია. მას უნდა, რომ იყოს პიროვნება, მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ქართულ ტრადიციულ შეხედულებებს. ამგვარი არჩევანი იყო ევროპელ ჰექსლეისთან ერთად წასვლა უცხოეთში, ამერიკელ ბრომლეისთან მეგობრობა, გველებთან ცეკვა. ამ უკანასკნელით ის ცდილობდა, თითქმის დაკარგული პიროვნულობის აღდგენას, საქართველოში დაბრუნების „დამსახურებას“.  აშკარაა ავტორის სიმპათია მის მიმართ, მიუხედავად დაბნეულობისა, უძღები შვილობისა და დაკარგულობისა, მწერალი მის ფერფლს ბარათაშვილის საფლავზე მოფანტვის ღირსად მიიჩნევს. ელი მრავალმნიშვნელოვანი სიმბოლოა, მისი მოგზაურობა, რუსთან, ინგლისელ-ფრანგთან, ამერიკელ თუ ქართველ თაყვანისმცემელ-ქმრებთან ურთიერთობა ქვეტექსტებითაა დატვირთული. ელის შერეული სისხლი აქვს: მამა ქართველი თავადი შალვა გორდელიანი, დედა _ გერმანელი, იოჰანე ვახერერის ასული მატილდა. ასე რომ, ეს ერთგვარი სისხლისმიერი გაორება თითქოს მის ბუნებაშიც არის ასახული. ქართული სახელი ელპიდე საბუთებში დარჩა და მას ელის ეძახიან. `იმ წელს სხვა არაფერი შემატებია ქართულ მშვენებას~, _ ასე სიმბოლურად აფასებს მის დაბადებას მწერალი. იგი ყურადღებას ამახვილებს ხელოვნების როლის მნიშვნელობაზე ადამიანის სულიერ ცხოვრებაში. ევროპის მუზეუმებში ფერწერული შედევრების მონახულება, მათით `თრობა~ ავლენს ელის გამორჩეულ ბუნებას, რომელსაც არ მიეცა შესაძლებლობა გახარებისა, ისევე როგორც თვითონ საქართველოს არ ჰქონდა საშუალება თავისი ტრადიციის შესაფერისი  განვითარებისა და მუდმივად პატრონის ძიებაში იოყო.
მოთხრობის დროული არეალი მოიცავს მეოცე საუკუნის დასაწყისს, პირველ მსოფლიო ომს, რევოლუციებს, თანმდევი პროცესებით, რომელთა შორისაა ზნეობრივი ღირებულებების დაცემა, საზოგადოების დეგრადაცია: `ძაღლებს მიუგდეს მოკლული ადამიანების ცხედარი. და აღშფოთებული პუბლიცისტი ყვიროდა, ძაღლებს მაინც ნუ გაუფუჭებთ ზნესო~.  ერთადერთი მწერალია, რომელიც ამ ყოველივეს თვალყურმადევარია. თუმცა, ამ დეტალს ერთგვარი თვითირონიაც ახლავს: „აქ იყო მწერალი, ჩასაწერ-წიგნაკ გახსნილი ახალ სტილსა და ახალ შინაარსს რომ ეძებს – ის“.
საგულისხმოა, როგორ ახასიათებს ეპოქას მწერალი: უკვე დაწერილია „მერანი“ (ბარათაშვილი), „აჩრდილი“ (ილია ჭავჭავაძე), „ელგუჯა“ (ალექსანდრე ყაზბეგი) და ერი თვრება „ვეფხისტყაოსნით“. ესე იგი, არსებობს დიდებული წარსული, რომელსაც თითქოს გაგრძელება არა აქვს, ან ისეთივე ტრაგიკული  აქვს, როგორადაც ელის ცხოვრება იქცა.  ნახსენები ტექსტები ქმნიან ინტერტექსტუალურ „გასასვლელებს“ მოთხრობის ჩარჩოდან, რათა მკითხველმა აწმყოს სიცარიელე შეიგრძნოს, დაფიქრდეს, გაანალიზოს. ნებისმიერ დროში აქტუალური ეგზისტენციალური პრობლემები ამ მოთხრობაშიც მნიშვნელოვანია. გმირების ყოფა, მათი სიცოცხლე თუ სიკვდილი, სიყვარული თუ სიძულვილი, ბედნიერების წყურვილი, ნოსტალგია გადაჯაჭვულია კონკრეტულსა თუ ზოგად წუთისოფლისეულ  კანონზომიერებებთან.
„რად გამომრიყე, ღმერთო, ამ ბუღალტრების საუკუნეში“, _ ჩივის კონსტანტინე სავარსამიძე, „დიონისოს ღიმილის“ მთავარი პერსონაჟი, საკუთარი თავის შემეცნებისთვის სულიერსა და მატერიალურ გზებზე მოხეტიალე, ეროპის დიდი ქალაქების ხორციელ კომფორტსა და სულიერ  უდაბნოებს ზიარებული. ბუღალტერი მისთვის ანგარიშიანობის,  პრაგმატულობის სინონიმია. საქართველოში კი ფულს ყოველთვის ერთგვარი ამრეზით ეკიდებოდნენ. ამ ყოველივეს კარგად აანალიზებს ევროპელი ჰექსლეი, როდესაც ელის ამერიკელი ბრომლეის ფულის შოვნით გატაცებასა და ქართველთა ბუნებაზე ესაუბრება: „ქრისტეს მოციქულებმა, უბრალო მებადურებმა დაიპყრეს ქვეყანა თავიანთი გატაცებით, თავდადებით და რად გიკვირთ, რომ ამერიკელები იძენდნენ სიმდიდრეს, როცა ისინი ისეთივე თავდადებულნი არიან სიმდიდრისთვის. ევროპას აღარ აქვს შეურყვნელი მისწრაფება სიმდიდრისადმი… იგი გატაცებულია პოლიტიკური, მეცნიერული, მხატვრული იდეებით. როგორც თქვენ არა გყავთ როკფელერი, მორგანი, ბრომლეი, ისე მათ არ ჰყავთ ლენინი, ბეთჰოვენი, კანტი… თქვენ მხოლოდ ნახევარი გულით ეკიდებით სიმდიდრეს, დოვლათს _ ამერიკელები „ნახევარი გულით“ ეკიდებიან მეცნიერებას, ხელოვნებას, პოლიტიკას. თქვენთვის პირველია სახელი აზროვნების მეფობისა, ჩვენთვის პირველია _ მეფობა სიმდიდრეზე… თქვენ, ქართველები, ყველაზე უფრო არსებობის შენარჩუნებაზე ფიქრობდით და ჭეშმარიტად განსაცვიფრებელია, როგორ გადაიტანეთ ამდენი მრავალგვარი უბედურება… მაკვირვებს, როგორ გადარჩით ამდენ მტერს, მტერს უცხოს, შემოსეულს, მტერს შინაურს და თქვენ გაკაჟებული იბრძოდით არსებობისთვის _ ეს არის პირველი. ყველა დანარჩენი _ ევროპული გატაცება მეცნიერებით, პოლიტიკით, ხელოვნებით და ამერიკის დევიზი _ სიმდიდრე, დოვლათი, დოლარი _ თქვენთვის მეორეხარისხოვანი მოთხოვნილება იყო თქვენი სულისა“ (ლორთქიფანიძე. ნიკო ლორთქიფანიძემ ამ მოთხრობაში თხრობის ახალი ტექნიკა გამოიყენა იმ სულიერი კრიზისის დასახატავად, რომელსაც განიცდიდა ღვთისაგან მიტოვებული  ადამიანი და დაბნეული დაეძებდა ხსნის გზას.

დამოწმებული ლიტერატურა:
გამსახურდია 2000: კ. გამსახურდია, „ქართველი მწერლები-ნიკო ლორთქიფანიძე“, თბილისი, 2000
ლორთქიფანიძე 2000: ნ. ლორთქიფანიძე, „შელოცვა რადიოთი“, „ქართველი მწერლები-ნიკო ლორთქიფანიძე“, თბილისი, 2000
რობაქიძე 2015: გრ. რობაქიძე, დემონი და მითოსი, გამომცემლობა „არტანუჯი“, თბილისი, 2015

No comments:

Post a Comment