Translate

Friday, February 17, 2017

არჩილ ჯორჯაძის პოლიტიკურ-ეკონომიკური იდეალები

ნინო ვახანია, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
ნინო ვახანია-ის სურათის შედეგი
                              
            დაღვენთილი უძირო სევდით,  ოღონდ არა სასომიხდილი
    (გრიგოლ რობაქიძე)


არჩილ ჯორჯაძე დაიბადა თბილისში, 1872 წლის 10 იანვარს. მამა - კონსტანტინე - სამხედრო პირი იყო. 1870-იანი წლების დასაწყისში იგი დანიშნეს უფროსად ერთ-ერთი პოლკისარომელიც ქუთაისში იდგა და ოჯახიც ერთხანს ქუთაისში გადავიდა საცხოვრებლად. მშობლებს ექვსი შვილი ჰყავდათ _ ოთხი ასული და ორი ვაჟი. 1881-85 წლებში არჩილი ქუთაისის გიმნაზიაში სწავლობდა.
ბავშვობაში ცელქი, მხიარული, მოუსვენარი ყოფილა. ვირიკელასდააჭენებდა”, დარბოდა, არ იღლებოდა. ერთ-ერთი ოინბაზობის დროს ხელი მოიტეხა. ის კი შეუხორცდა, მაგრამ მერე, მოგვიანებით, ლულა აუფეთქდა ხელში და ისე დაიჭრა, რომ მარცხენა მაჯის მოკვეთა გახდა საჭირო და მთელი სიცოცხლე ტყავის ხელთათმანიან, მძიმე, მოუხერხებელ პროთეზს ხმარობდა.
გიმნაზიაშიც ოინბაზობდა _ ხან კატასავით აკნავლდებოდა და გაკვეთილს ჩაშლიდა ხოლმე, ხან ბურთს გამოსტაცებდა მასწავლებელს და მთელ კლასს ამხიარულებდა. თავიდანვე ყველასაგან გამორჩეული, წინამძღოლის თვისებებით დაჯილდოებული ბავშვი ყოფილა _ გამბედავი, გულადი, კეთილი, მხიარული, ჭკვიანი, ნაკითხი და განათლებული. მეგობრები იგონებენ, ძალიან ლამაზი და ცოცხალი ბაშვი იყოო. ეს იერი არ გამორჩენია უნგრელ მხატვარს, მიხაი ზიჩის, რომელმაცვეფხისტყაოსნისდასასურათებლად ცოცხალი მოდელები გამოიყენა. ერთ-ერთი როლი არჩილსაც შეხვდა _ პაჟისა, რომელსაც სურათზე ძველქართული კაბა აცვია და ხელთ ვერცხლის სურა უჭირავს.
 ქუთაისში ცხოვრებისას დატრიალდა ჯორჯაძეების ოჯახში ტრაგედია _ პატარა არჩილის თვალწინ მდინარე წყალწითელაში მისი ორი და _ ნინო და ლიზა _ შთანთქა მორევმა. ისეთი დიდი ტკივილი დააჩნია სულზე ამ უბედურებამ, რომ სამუდამოდ შეძულდა იქაურობა და ქუთაისში აღარც ჩასულა არასოდეს. მშობლებმა ვერ გადაიტანეს ორი გოგონას დაღუპვა და თვითონაც მალე გამოეთხოვნენ წუთისოფელს. არჩილს უნდა ეზრუნა დარჩენილ ორ დასა და უმცროს ძმაზე. მალე მესამე დაც დაეღუპა. 1885 წლიდან არჩილმა სწავლა განაგრძო თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში. Aაქ დაუმეგობრდა იგი ლუარსაბ ანდრონიკაშვილსრომელთანაც შემდეგშიც ახლო ურთიერთობა ჰქონდა. მომსწრენი იგონებენ, როგორ ზრუნავდა არჩილი ოჯახზე, ერთ ღარიბულ სასადილოში როგორ აჭმევდა უმცროს ძმას სადილებს. კერძო გაკვეთილებში აღებულ ისედაც მცირე გასამრჯელოს და-ძმას ახარჯავდა. მთლად მშობლიურ ზრუნვად გადაქცეული თვით საზრუნავი ყმაწვილი კაცი!... _ ასეთად დაამახსოვრდა იგი თედო სახოკიას. მოგვიანებით ეს ძმაც მოუკლესობოლი, უთვისტომო ახალგაზრდა გიმნაზიელთა ერთი ყველაზე დაწინაურებული ჯგუფის ხელმძღვანელი გახდა. მათი თაოსნობით გამოიცა სასწავლებელში ხელნაწერი ჟურნალი, რომლის ერთ-ერთი აქტიური შემდგენელი არჩილ ჯორჯაძე გახლდათ. აქედან იწყება მისი ჟურნალისტური საქმიანობა.      
1892 წელს იგი უმაღლესი განათლების მისაღებად პეტერბურგში გაემგზავრა და უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე შევიდა. მალევე, 29 სექტემბერს იურიდიულ ფაკულტეტზე გადავიდა. არჩილს ფილტვები ისედაც დაავადებული ჰქონდა (ჭლექი აღმოაჩნდა), პეტერბურგის ჰავამ და ცხოვრების მძიმე პირობებმა კიდევ უფრო გაურთულა ავადმყოფობა და იძულებული გახდა, სწავლა განეგძო ვარშავაში, სადაც იმხანად ქალაქის ციხის კომენდანტად მსახურობდა მისი ნათესავი, გიორგი ყაზბეგი, რომელიც მფარველობასა და თანადგომას დაჰპირდა. ვარშავაში მყოფ ქართველებს იქ უკვე (1891 წლიდან) ჩამოყალიბებული ჰქონდათ საქართველოს გათავისუფლების ლიგა, რომელშიც არჩილ ჯორჯიძეც გაწევრიანდა. ლიგის წევრები გახლდნენ თედო სახოკია და შიო არაგვისპირელიც და ფილიპე მახარაძეც. ამ უკანასკნელმა 1892 წელს გასცა ფარული ორგანიზაცია, რის შემდეგაც 1894 წელს მისი წევრები ჟანდარმერიამ დააპატიმრა.
     ამ ლიგის საქმიანობაში არჩილ ჯორჯაძეს გამორჩეული წვლილი არ მიუძღვის, თუმცა ჩაბმული იყო ვარშაველებისა და პეტერბურგელების დაახლოებაში.
     ვარშავის ჰავამ და მკურნალობამ სასიკეთოდ იმოქმედა და გამომჯობინებული არჩილი კვლავ პეტერბურგის უნივერსიტეტში განაგრძობს სწავლას, ამჟამად _ საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. აქ ფილოსოფიას სწავლობდა ცნობილ ვოლინსკის ფილოსოფიურ წრეში. უფრო გვიან, პეტერბურგში ყოფნის დროს, ანატოლ ვოლინსკი გრიგოლ რობაქიძემაც გაიცნო. საუბარში მათ ქართველები და მათ შორის არჩილ ჯორჯაძეც ახსენეს. ცნობილმა რუსმა კრიტიკოსმა მოკლედ, მაგრამ ტევადად დაახასიათა არჩილი. _მათზე დახვეწილი იყოო, _ უთქვამს. წელიწად-ნახევარში არჩილი კვლავ ავად გახდა, გაემგზავრა საზღვარგარეთ და სწავლა განაგრძო პარიზსა და ლონდონში. ლონდონში იგი ერთხანს ტოლსტოის მიმდევართა ახალშენშიც ცხოვრობდა. არჩილ ჯორჯაძეს ხიბლავდა  ტოლსტოველობის არსი: სიცოცხლის ბედშაობის აღიარება სიკვდილის წინაშე, ტიტანური ბრძოლა სიკვდილთან. ტოლსტოის ახალი რელიგიის დაარსება ჰქონდა განზრახული. უფრო ზუსტად, ქრისტეს რელიგიის, მაგრამ სარწმუნოებისა და საიდუმლოებრიობისაგან განწმენდილის, ფაქტობრივად _ სექტის. ასე თანდათან და ალბათ თავისთვისაც შეუმჩნევლად წყდებოდა არჩილ ჯორჯაძე მშობლიურ ფესვებს, უცხოვდებოდა ქართულისაგან. მიხაკო წერეთელს მერე უკვირდა თურმე _ სად ქართველი კაცის ბუნება და სად ტოლსტოიზმიო. ასე იყო თუ ისე, ორი წელი იცხოვრა არჩილმა ესექსის საგრაფოში, სოფელ პერლიკოკლასში, ტოლსტოის მიმდევართა ახალშენში. ვლადიმერ ჩერტკოვი და მისი თანამოაზრენი დუხობორებს გამოესარჩლნენ, როცა მათ მთავრობა არბევდა. ამ გამოსარჩლების გამო გამოაძევეს იმპერიიდან, ისინი კი ინგლისში, ერთ უდაბურ ადგილას დასახლდნენ და იქაურობა ბაღნარად აქციეს. Aამ ჩერტკოვთან ჩავიდა არჩილი. იგი დუხობორებს არ აჰყოლია, ტოლსტოველებთან ჰქონდა კავშირი. “სევერნი ვესტნიკის” 1897 წლის მე-12 ნომერში არჩილ ჯორჯაძემ საბუელის ფსევდონიმით გამოაქვეყნა სტატია კვაკერთა მოძრაობის შესახებ (“ზნეობრივი ცხოვრების საზოგადოებრივი ორგანიზაციის ცდა”).  ამ წერილს ყურადღება მიაქცია ლევ ტოლსტოიმ და ილია ნაკაშიძის პირით შეუთვალა არჩილს, დუხობორების ამერიკაში გადასახლებისთვის შეეწყო ხელი. არ ვიცით, ზუსტად რა მოიმოქმედა ამისათვის ქართველმა ტოლსტოველმა, ალბათ, რაღაც წვლილს შეიტანდა ამ საქმეში, თუმცა _ არა თვალსაჩინოს.
     ლონდონის ტოლსტოვურმა ახალშენმა მხოლოდ ორი წელი გაძლო. მერე დაიშალა. ლევ ტოლსტოის დღიურში ჩაუწერია: უფრო ადვილია 10-ტომიანი ფილოსოფიის შექმნა, ვიდრე ერთი რომელიმე წამოწყების პრაქტიკულად ხორცშესხმაო.
    ახალშენში დაპირისპირება მოხდა მობინადრეთა შორის. საზოგადოება ორად გაიყო. ჯორჯაძე მათკმაყოფილებსადაუკმაყოფილოებსეძახის. ეს გახდა მიზეზი ახალშენის დაშლისა და არჩილ ჯორჯაძესაც მასზე გული აუცრუვდა. თუმცა ჯერ კიდევ მსოფლიო მოქალაქეობის იდეით იყო გამსჭვალული, მაგრამ სექტანტებს კი გამოეცალა და არც ერთ ნაკადს არ აჰყოლია.
    როცა გვიან, 1910 წელსნაკადულშიგამოაქვეყნა სამოგზაურო ნარკვევისაზღვარ გარედ (მოგონებანი და შთაბეჭდილებანი)”,  მასში არც მოუხსენიებია ტოლსტოვური ახალშენის არსებობა. რაკი მის თვალში სრულიად გაფერმკრთალდა ის ძველი იდეალი, ამიტომაც გამიზნულად ამჯობინა დუმილი ამ თემასთან დაკავშირებით.
    1899 წელს არჩილ ჯორჯაძე პარიზშია და იქ რჩება დაახლოებით წელიწად-ნახევარს. ამ დროს პარიზში ცხოვრობდნენ აგრეთვე თედო სახოკია, ცნობილი მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე, ანდრია დეკანოზიშვილი, ზურაბ ავალიშვილი.
    ეს ის დროა, როცა არჩილი უკვე ფანატიკოსი ტოლსტოველი აღარ იყო, მაგრამ ტოლსტოის მოძღვრება კვლავ საუკეთესო გზად მიაჩნდა კაცობრიობისთვის. თედო თუ სულ ფრანგულ ლიტერატურასა და კულტურაზე ესაუბრებოდა, ეს ყველაფერს ტოლსტოის მოძღვრების ჭრილში განჭვრეტდა და თედოსაც გული წყდებოდა, რომ ფუჭად იკარგებოდა ქართველი კაცის უზარმაზარი ერუდიცია და გამჭრიახობა. იაკობ ნოკოლაძემაც, რა თქმა უნდა, შენიშნა, რომ არჩილის შეხედულებანი მაშინ კოსმოპოლიტური იყო და ისიც აღნიშნა, რომ ეძნელებოდა ლიტერატურული წერა ქართულ ენაზე. მართლაც, არჩილი მაშინ სრულიად დარწმუნებული იყო, რომ რაც მალე მოიშლებოდა ქვეყნებს შორის ტერიტორიული საზღვრები, მით უკეთესი იქნებოდა კაცობრიობისათვის. იაკობ ნიკოლაძე იგონებს პარიზში არჩილის ერთსასიყვარულო ისტორიას”. თურმე ერთი ქალი (-ნა) მოსვენებას არ აძლევდა, უგზავნიდა ვარდებს, ხილეულსა და შამპანურს, არჩილი კი უკლებლივ ყველაფერს უკან ატანდა მსახურს. და ასე მეორდებოდა ყოველდღე. რომანიც სულ ეს იყო. არჩილს თითქოს არ ეცალა ამქვეყნიური სიამოვნებისთვის და მუშაობის გარდა ყველაფერს თავს არიდებდა. მეგობრები კი ეხუმრებოდნენ, ვარდებს თუ უბრუნებ, ხილი და შამპანური მაინც დაიტოვე ჩვენთვისო.
     1900 წელს არჩილ ჯორჯაძე საქართველოში დაბრუნდა და მომდევნო წლიდან თანამშრომლობა დაიწყო ახალდაარსებულ გაზეთცნობის ფურცელში”. მანამადე მას ამ გაზეთში დაბეჭდილი ჰქონდა რამდენიმე სტატია, პარიზიდან გამოგზავნილი. ნათქვამი გვაქვს, რომ ქართულად რიგიანად ვერ მეტყველებდა, წერა ხომ არ შეეძლო და არა. ნიჭიერი ქართველი სტუდენტი რამდენიმე ევროპულ ენას ფლობდა _ გერმანულს, ინგლისურს, ფრანგულს. მშობლიური კი ავიწყდებოდა და დრომდე არც ნანობდა. ამ პერიოდში, მსოფლიო მოქალაქეობის იდეით გატაცებულს, ყველაფერი მშობლიური ეპატარავებოდა და თავისი ყურადღების ღირსად არ მიაჩნდა. როგორც თედო სახოკია იგონებს, იგი ეკუთვნოდა იმ წრეს, რომელსაც სამშობლოსათვის ზრუნვა, ქართველი ხალხის აღდგენისათვის ფიქრი და მისთვის მეცადინეობა, მეტი რომ არა ვთქვათ, მოცლილი ადამიანის საქმედ მიაჩნდა. _ იმ ხანებში, პარიზში მოხდა არჩილის მსოფლმხედველობაში მკვეთრი გარდატეხა. თავისი განვლილი ცხოვრება უგზო_უკვლოდ და უმიზნო ხეტიალად შეაფასა და გადაწყვიტა თითქმის შეუძლებელი _ ისე შეესწავლა მშობლიური ენა, რომ ქართულად პუბლიცისტური წერილები ეწერა და ქართულ გაზეთებში გამოექვეყნებინა. და სულ მალე აღისრულა კიდეც წადილი. ეს გახლავთ ნიჭიერებისა და ნებისყოფის შერწყმის საუკეთესო ნიმუში. თავიდან თედო სახოკია დაეხმარა, ჯერ რუსულიდან უთარგმნა, ერთი-ორჯერ ქართულად დაწერილი გაუსწორა. შემდეგ თვითონ ახერხებდა ქართულად წერას და რამდენიმე სტატია გამოაგზავნა კიდეც საქართველოში. აი, ის წერილები დაიბეჭდა სწორედცნობის ფურცელში”.
                საინტერესოა, რომ ილია ჭავჭავაძე, ვის ერთგულ მიმდევრადაცაა დღეს აღიარებული არჩილ ჯორჯაძე, მის ქართულ პრესაში გამოჩენას საკმაოდ უნდობლად, შეიძლება ითქვას, მტრულადაც შეხვდა. ვერ ირწმუნა არჩილის ქართველობა და წრფელი სურვილი სამშობლოსთვის სამსახურისა. 1902 წლისივერიის” 21- ნომერში გამოაქვეყნა სატირა: “ივანე გომართელის ფილოსოფია და არჩილ ჯორჯაძის ფსიქოლოგიადა ორივე მოღვაწე მწარედ გაკენწლა. საყურადღებო ის არის, რომ არჩილ ჯორჯაძეს ამ სატირისთვის  პასუხი არ გაუცია არც მაშინ, ცხელ გულზე და არც მერე, არასდროს. არჩილი იმავე გზას ადგა, რომელიც ილიამ გამოიარა, ყველგან და ყველაფერში გრძნობდა ილიას სიმართლეს და თუმცა კალამი უჭრიდა და საპასუხო წერილის შექმნა არ გაუჭირდებოდა, მაგრამ, ეტყობა, ილიას იმდენად თავისიანად მიიჩნევდა, იმდენ საერთოს გრძნობდა და პოულობდა მასთან, რომ პოლემიკისგან შეგნებულად შეიკავა თავი.
                თბილისში დაბრუნებული ჯორჯაძეცნობის ფურცლისრედკოლეგიის წევრი და აქტიური პუბლიცისტი გახდა. არჩილის კორესპოდენციებმა გაზეთს დიდი პოპულარობა მოუტანა. სამსონ ფირცხალავა იგონებდა, რუსეთ-იაპონიის ომის დროსცნობის ფურცლისმკითხველმა უფრო ადრე იცოდა ბრძოლის ამბები, ვიდრე კავკასიის უმაღლესმა მმართველობამო. “ივერიისადაკვალისგან” “ცნობის ფურცელსგამოარჩევდა ტექნიკური სრულყოფილება, ინფორმაციული ხვავრიელობა და გაბედული პუბლიცისტური გამოსვლები და ყველაფერი ეს დაკავშირებული იყო არჩილ ჯორჯაძის სახელთან, იმ არჩილ ჯორჯაძისა, რომელიც ჩვენს ეროვნულ მოღვაწეებს სამშობლოსთვის დაკარგული ეგონათ, ის კი ისეთ ძალად მოევლინათ, თითქოს ახალი ილია ჭავჭავაძე გამოჩენილიყოს.
                 1900-იანი წლების დასაწყისში არჩილ ჯორჯაძე ახალი პარტიის, სოციალ-ფედერალისტურის, დაარსების მოთავე და ორგანიზატორია. პოლიტიკური პარტიის შექმნის აუცილებლობა თვალნათლივ ჩანდა. თაოსანთა ჩანაფიქრით, ეს უნდა ყოფილიყო სრულიად დამოუკიდებელი პარტია და მოერიგებინა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო იდეალი: ეროვნული და მარქსისტული. სანამ ოფიციალურად პარტიად ჩამოყალიბდებოდნენ, კერძო პირთა სახლებში იკრიბებოდნენ, სადაც გაცხოველებული სჯა და კამათი ჰქონდათ მომავალი პარტიის სამოქმედო პროგრამასთან დაკავშირებით. მთავარი საფუძვლები საბოლოოდ ასე განისაზღვრა: საქართველოს ავტონომია; კავკასიის ერთა და შემდეგ მთელი რუსეთის ფედერაცია; სოციალიზმის პროგრამების განხორციელება.
                ფარული კრებების მონაწილენი მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელი იყო არალეგალური გამოცემა, რათა თავიანთი იდეები ფართო მასებში გაევრცელებინათ. არჩილ ჯორჯაძის აზრით, თავისუფალი პერიოდული ორგანო მხოლოდ საზღვარგარეთ ინდა დაარსებულიყო. თუმცა ზოგმა წინააღმდეგობა გაუწია, იქ მოვლა გაგვიძნელდებაო, მაგრამ ბოლოს მაინც გადაწყდა, ახალი ჟურნალი გამოეცათ პარიზში. მეტად გაბედული განზრახვა გახლდათ. ცხადია, მისი აღსრულება დიდ თანხებსაც მოითხოვდა. საზღვარგარეთ გამგზავრებამდე დავით სარაჯიშვილის დახმარებისაც ეიმედებოდათ. შუამავლად ილია ჭავჭავაძე დაიგულეს და მას თხოვეს დახმარება. ილიას კი, რომ გაუგია, არჩილ ჯორჯაძეა ჟურნალის ხელმძღვანელიო, შუამავლობაზე უარი უთქვამს. მოგვიანებით პარიზში ჩასულ დავით სარაჯიშვილს თვითონ ესტუმრა არჩილი იმ იმედით, ცნობილი კომერსანტი და ქველმოქმედისაქართველოსაცსიამოვნებით შეეწევაო, მაგრამ სარაჯიშვილს უთქვამს, თქვენს მუშაობას არ თანავუგრძნობ და მეტად მიმაჩნიაო. მატერიალურ დახმარებაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. 1901 წელსცნობის ფურცლელთაწრემ ამ საქმისთვის თანხის შეგროვება დაიწყო. ორგანიზება სამ ადამიანს დაევალა: არჩილ ჯორჯაძეს, გიორგი დეკანოზიშვილსა და ევტიხი მინაიშვილს. მათ მომდევნო წლის დამდეგისთვის საქმის წამოსაწყებად საკმარისი თანხა მოაგროვეს.
                თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა მარშლის წინამძღოლის წინადადებით, საქართველოში რუსეთთან შეერთების 100 წლის იუბილე გადაიხადეს. ამ ზეიმს თავიდანვე გაემიჯნენ ილია ჭავჭავაძე და მისი თანამოსაზრეები, მათ შორის არჩილ ჯორჯაძეც. 1907 წელს გამოცემულ პატარა წიგნშისოციალიზმ-ფედერალიზმი საქართველოშიიგი ამ იუბილეს მოიხსენიებს ღირსების შემლახავად, საზიზღარ მეჯლისად, ქართული ეროვნების შეურაცხმყოფელად, ღალატის გამომჟღავნებად, მონური გრძნობების გამოვლენად, სამარცხვინო დღესასწაულად...
                 1902 წლის გაზაფხულზე პარტიის კომიტეტმა საზღვარგარეთ გასამგზავრებლად შეარჩია არჩილ ჯორჯაძე, გიორგი დეკანოზიშვილი და ასოთამწყობი მიხეილ კიკნაძე. მომავალი გამოცემის სახელწოდებადსაქართველოამჯობინეს.
                პარიზში ჩასულები სხვადასხვა გზებით დაუახლოვდნენ ფრანგ პოლიტიკოსებს, გამომცემლებს, ჟურნალისტებს. ჩამოასხმევინეს ახალი ქართული შრიფტი, რომელსაცპარიზულიუწოდეს და რომელიც გამოირჩეოდა თავისი სილამაზით, იქირავეს სტამბა. გადაწყვიტეს იმავე გაზეთის გამოცემა ფრანგულადაც სახელწოდებითლა ჟორჟიდა 1903 წლის 1 მაისს გამოსცეს კიდეცსაქართველოსპირველი ნომერი. “1903 წელს პარიზში დაარსდა გაზეთისაქართველო”, რომელსაც მოჰყვა სოციალ-ფედერალისტთა გამოსვლა საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე”, _ წერს ვახტანგ კოტეტიშვილი (კოტეტიშვილი 2016: 425).
საქართველოსადა მის ირგვლივ შემოკრებილ ჯგუფს ქართველებისა ორი რამ სურდათ და ეიმედებოდათ: ეროვნული თვითმმართველობა და დემოკრატია. გაზეთის პირველივე ნომრებში მესვეურები საგანგებოდ მიმართავდნენ რუს სოციალისტებს და ლიბერალებს და უმტკიცებდნენ, ჩვენ გვსურს დავრჩეთ რუსეთის პოლიტიკური ორგანიზმის ჩარჩოში, მხოლოდ ამასთან შინაურ საქმეებში გვინდა ვიყვეთ სრულიად დამოუკიდებელნი. ერთის სიტყვით, ჩვენ გვსურს ეროვნული ავტონომია მოვიპოვოთო.
                გაზეთი საინტერესოა არამარტო ემიგრანტული პრესის ისტორიის თვალსაზრისით, არამედ საქართველოს სულიერ ცხოვრებაში შეტანილი წვლილის მიხედვით. ამ გაზეთის წინაპრად შეიძლება მივიჩნიოთ 1873 წელს პარიზში გამოცემულიდროშისსულ ათი ნომერი (რომელთაგან სამია გადარჩენილი).
                სირთულესთან იყო დაკავშირებული გაზეთის საქართველოში გამოგზავნაც. ორი გზა შეარჩიეს ამისთვის _ მარსელიდან გემზე მოსამსახურეთ გამოატანდნენ ბათუმში და ხმელეთით წამომსვლელთ ჩაულაგებდნენ ჩემოდნის ძირში ისე, რომ თვალით არ გამოჩნდებოდა, შიგ თუ რაიმე იდო. სხვათა შორის, ასე ატანდნენ გაზეთებს იმათაც, ვინც არ იზიარებდა ამათ პროგრამას, არ თანაუგრძნობდა რევოლუციას და სულაც არ სურდა აკრძალული ლიტერატურის მალულად შემოტანა საქართველოში.
                 არჩილს საზღვარგარეთ ავადმყოფობა კიდევ უფრო მოეძალა, ჯანმრთელობა შეერყა, ჭლექი არ აძლევდა მუშაობის საშუალებას. საავადმყოფოში მოინახულა იგი ანიტა ოქრომჭედლიშვილმა-ბაბემ. იქ გაიცნეს მათ ერთმანეთი პირველად. ქალმა დახმარება შესთავაზა და კიდეც გადაიყვანა საკუთარ სახლში, მზიან და თბილ ოთახში. 1904 წლის დასაწყისში მეგობრების დახმარებით არჩილ ჯორჯაძე სამკურნალოდ შვეიცარიაში გაემგზავრა. კლარენსიდან გამოგზავნილ წერილებში კარგად ჩანს, რომ ავტორს სიკვდილის კი არ ეშინია, არამედ დაუმთავრებელი საქმეები და ჩანაფიქრები აწუხებს და ეს ავადმყოფობაც იმიტომ აბრაზებს. პარიზში დაბრუნებული კი უფრო თავდადებულად განაგრძობს შრომას.
     1904 წლის აპრილში ჟენევაში გაიმართა ქართველ რევოლუციონერთა პირველი კონფერენცია, რომლის მთავარი ორგანიზატორი და მომხსენებელი არჩილ ჯორჯაძე გახლდათ. კონფერენციას ესწრებოდნენ: ვარლამ ჩერქეზიშვილი, მიხაკო წერეთელი, არჩილ ჯორჯაძე, გიორგი დეკანოზიშვილი, ალექსანდრე გაბუნია და კომანდო გოგელია.
                არჩილისა და მისი თანამოაზრეების მიზანი იყო საქართველოს ავტონომიის მოპოვება. რუსეთისაგან პოლიტიკურ გამოყოფაზე ჯერჯერობით ვერ ოცნებობდნენ და დროებით სრული დამოუკიდებლობის ნაცვლად კავკასიის ფედერაციას კმარობდნენ, რუსეთის კონფედერაციაში შემავალს.
                აქ გამოაცხადეს გაზეთისაქართველოკონფერენციის აზრთა გამომხატველ ორგანოდ, უწოდეს მასქართველ სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის ორგანო.” პრაქტიკულად აქ შეიქმნა კიდეც საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტია, რომელიც ბლოკს წარმოადგენდა იმიტომ, რომ მასში შედიოდნენსაქართველოელები”, ანარქისტები, ესერები, ეროვნულ-დემოკრატები და უპარტიო პატრიოტებიც.
                ერთ-ერთმა მონაწილემ კონფერენციისა, დიდმა ქართველმა მეცნიერმა მიხაკო წერეთელმა არჩილ ჯორჯაძის პორტრეტი მოკლედ ასე წარმოსახა: _ ჩემ წინ იდგა მშვენიერი ვაჟკაცი, ტიპიური ქართველი არისტკრატი, ევროპულად განათლებული, მაგრამ სრული ქართველი, აღსავსე კახური ჰუმორითა. მისთვის, მიხაკო წერეთლისთვის უთქვამს არჩილს: _ მე დიდი ხნის სიცოცხლე აღარა მაქვს, მაგრამ რა ვუყოთ, არ მრჩება არც ცოლ-შვილი, არც დიდი სიმდიდრე, არც დიდი სიყვარული. ჩვენი ერი პატარა ერია, იგი მძიმე პირობებში იბრძვის არსებობისთვის და ფართხალებს. მას უნდა ვემსახურო, სანამ ცოცხალი ვარ, მეტი არა დამრჩენია რა.
                 1905 წელს მძიმე ავადმყოფი არჩილი კვლავ სამშობლოში დაბრუნდა. უმისოდ შეწყდა პარიზშისაქართველოსგამოცემა. საქართველოს ჰავამ კი არჩილის ჯანმრთელობაზე სასიკეთო გავლენა მოახდინა. იგი მომჯობინდა და თავდადებული მუშაობა განაგრძო. ერთხანს ბათუმში ცხოვრობდა, შემდეგ _ თბილისში კონსპირაციულად. ავადმყოფი არჩილი ბინაში ვაჟა-ფშაველას მოუნახულებია...
                არჩილი საქართველოშიც აგრძელებდა მუშაობას სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ხელმძღვანელ კომიტეტში. “ცნობის ფურცლისგარდა, თანამშრომლობდა გაზეთებში: “ისარი”, “ამირანი”, “დროებადა სხვა. თანაპარტიელებს და ყველა მეგობარსაც ზნეობრივ გმირად, მისაბაძ მაგალითად, ადამიანურობის იდეალად მიაჩნდა. ის გახლდათ ერთგული ამხანაგიც, მასწავლებელიც, მოსამართლეც და მსაჯულიცო, _ იგონებენ მცნობნი. დაახლოებით ისეთი წინამძღოლი ყოფილა, როგორც _ ილია ჭავჭავაძე.
                1906 წლის 29 ივნისს ხაშურის რაიონის სოფელ ბეკამში გაიმართა სოციალ-ფედერალისტური პარტიის კრება, რომელიც რამდენიმე დღეში სოფელ რეხაში გაგრძელდა. ამ კრებაზე საბოლოოდ დაიშალა ბლოკი _ ანარქისტები ცალკე გავიდნენ, მემარჯვენეები _ ცალკე, სოციალ-ფედერალისტები კი თავიანთ პოლიტიკურ ორგანიზაციად დარჩნენ.
                არჩილ ჯორჯაძე ერის ცხოვრებას ფართო თვალთახედვით უყურებდა და აღიქვამდა, არ იყო შეზღუდული ვიწრო, პარტიული ინტერესებით. ამის დასტურია მის მიერ შემუშავებული საერთო ეროვნული ნიადაგის თეორია. უფრო ადრე ამასვე ამბობდა ალექსანდრე ორბელიანი, წოდებათა შორის მამულიშვილურ ურთიერთობას რომ ქადაგებდა და ამ აზრისა გახლდათ ილია ჭავჭავაძეც, ჩატეხილი ხიდის გამრთელების აუცილებლობას რომ გრძნობდა.
     არჩილ ჯორჯაძეც მიხვდა, რომ საქართველოსთვის ხელსაყრელი დაყოფა-დანაწილება-დაქუცმაცება კი არ იყო, არამედ სხვადასხვა მსოფლმხედველობის მქონე და ერთმანეთთან მოკამათე ჯგუფების, მთელი ერის გაერთიანება. რას უნდა გაემთლიანებინა, გაეერთიანებინა მთელი ერი? არჩილ ჯორჯაძემ ხუთი ასეთი საკითხი გამოყო.
1.            ქართული ენის დაცვა;
2.            ეროვნული კაპიტალიზმის განვითარება;
3.            ქართული მიწათმფლობელობის საკითხი;
4.            ქართველი ინტელიგენციის როლი კულტურულ ცხოვრებაში;
5.            ქალაქების თვითმმართველობა.
ჩვენთვის ამჟამად განსაკუთრებით საინტერესო ეროვნული  კაპიტალიზმის განვითარების მოთხოვნაა. არჩილ ჯორჯაძის აზრით, ჩვენში აუცილებლად უნდა მომრავლებულიყვნენ ქართველი მრეწველები და ვაჭრები. სწორედ ქართველ კაპიტალისტებს უნდა განედევნათ ჩვენი ქვეყნიდან სომხური და, საერთოდ, უცხოური კაპიტალი. მუშებსაც  კაპიტალისტებთან დაპირისპირების ნაცვლად, ეროვნული ინტერესებით უნდა ეხელმძღვანელათ. მაშ, საერთო  ნიადაგზე უნდა დამდგარიყო  ყველა სოციალური ფენა. ამასთან, ქართული მიწებიც ქართველებს უნდა დარჩენოდათ და არა სხვებს.
                 თავისი თეორიის დასასაბუთებლად ევროპული ცხოვრების წესიც მოიშველია. იქ უკვე შეგნებული აქვთ კლასთა ბრძოლის სიმწვავის შესუსტების გარდაუვალობა, პოლიტიკურ პარტიათა ერთიანობის აუცილებლობა საჭირბოროტო თემების ირგვლივ და განსხვავებულ ჯგუფთა შორის წონასწორობის შენარჩუნების მნიშვნელობაო. გვიან, 1911 წელს თვითონვე აღიარებდა, რომ ეს მოწოდება იმ ხანად სავსებით დამარცხდა.
 სიცოცხლის ბოლო წლებში არჩილ ჯორჯაძე გამოკვეთილად ეროვნული მოღვაწეა, ილიას გზის უპირველესი მიმდევარი და ეროვნულობის დიდი ქომაგი. ამაზე კარგად მეტყველებს მისი ნაწერები: “სამშობლო და მამულიშვილობა”, “მასალები ქართველი ინტელიგენციის ისტორიისათვის”, დიმიტრი ყიფიანის ბიოგრაფია და სხვა.  1908 წელს დაწერილ წერილშიხელოვნებაავტორი ღრმა რწმენას გამოთქვამს ქართული ლიტერატურეს მომავალი აღორძინებისა და განვითარებისა: “ამ დროიდან დაიწყება აჩქარებული განახლება ჩვენის ცხოვრებისა. A დროიდან ქართველი მწერლები გაბედულად იტყვიან იმას, რაც სათქმელია... საქმე ის არის, რომ თქვენ გქონდეთ რწმენა, რომ საჭირო პირობებს აუცილებლივ მოვიპოვებთ და ამ პირობებში ჩაყენებულ ხელოვნებას ავაყვავებთ და გავაძლიერებთ” (ჯორჯაძე 1989: 8). არჩილმა შექმნა XIX საუკუნის ქართული საზოგადოებრივი და ლიტერატურულ-კულტურული ცხოვრების ვრცელი და მიუკერძოებელი მატიანე, მოკრძალებითმასალებირომ უწოდა. როგორც ესთეტი, ყველაზე უფრო თავისუფლებასა და პიროვნების მთლიანობას აფასებდა. მისი პოეტური სული შორს სცილდებოდა პოლიტიკოსობის ჩარჩოს და უფრო წინასწარმეტყველის ბუნებას უახლოვდებოდა. როგორც ხელოვანს, მიაჩნდა, რომ ლიტერატურაში ესკიზებისა და ეტიუდების დრო მალე უნდა დამთავრებულიყო და დამკვიდრებულიყო რეალისტური რომანი, რომელიც იმასაც აღწერდა, რაც არის და იმასაც დაგვანახებდა, რაც შეიძლება რომ იყოს, მაგრამ ჯერ არსადაა.    მეგობრებმა გადაწყვიტეს, სნეული არჩილი ზაფხულში მაინც გაერიდებინათ თბილისიდან. Mმოსამჯობინებლად სურამი შეარჩიეს, კერძოდ, სოფელი იტრია. თბილისიდან  ხშირად ჩადიოდნენ მის სანახავადარჩილ ჯორჯაძემ თავი მოუყარა საკუთარ ნაწერებს, დასაბეჭდად მოამზადა და 1911 წელს, მის სიცოცხლეშივე გამოიცა ოთხი ტომი, მეხუთე მოგვიანებით, გარდაცვალების შემდეგ _ 1914 წელს გამოვიდა, მის მიერვე შედგენილი მეექვსე ტომი კი გამოუცემელი დარჩა. პირველივე ტომს აღტაცებით გამოეხმაურა მაშინ პეტერბურგში მყოფი ივანე ჯავახიშვილი და ორიოდე წლის შემდეგ მანვე თქვა, არჩილს ყველაზე უკეთ შეეძლო ილიას ბიოგრაფიის დაწერაო. მესამე ტომით აღფრთოვანებული სანდრო შანშიაშვილი აღიარებდა, რომ არჩილ ჯორჯაძე ერის წინამძღოლი იყო. Gრიგოლ რობაქიძეს მიაჩნდა: “ყოველს მის წერილში სიტყვასა და სიტყვას შუა მისსივე პიროვნებაა მოქცეული”.
    როცა მიხეილ გედევანიშვილმა ილიას თხზულებათა დაბეჭდვა განიზრახა ორ ტომად, ილიას ბიოგრაფიის დაწერა გრიგოლ ყიფშიძეს დაევალა. არჩილმა ეს დიდმნიშვნელოვან საქმედ მიიჩნია. პირველი ტომის წინასიტყვაობაში გამომცემელმა საგანგებოდ აღნიშნა არჩილის დიდი სამსახური და როლი ამ გამოცემაში.
                1913 წელს სინანულით წერდა ივანე ჯავახიშვილი: “საუბედუროდ, ის, ვისაც ყველაზე კარგად შეეძლო ილიას ბიოგრაფიის დაწერა, არჩილ ჯორჯაძე, სამარეში დევს! ესეც ჩვენი ბედი!”
                ერთხანს წაღვერშიც მოუხდა ყოფნა, მერე ისევ თბილისში დაბრუნდა. ინტენსიურ საქმიანობას არ წყვეტდა და ჯანმრთელობის უკიდურესად გაუარესების გამო მეგობრებმა ახლა უკვე ბათუმი შეურჩიეს სამკურნალოდ. ეს სულით ძლიერი ადამიანი მედგრად ებრძოდა უკვე სავსებით მორეულ სენს. მეგობრები, მათ შორის გიორგი ლასხიშვილი, კიტა აბაშიძე, სხვები არ შორდებოდნენ. მე, ერთმა უპატრონო, მარტოხელმა კაცმა ვიგრძენი, რომ ჭირისუფლები მყოლიხართო, _ უთქვამს სასტუმროფრანციაშილოგინს მიჯაჭვულს და იმედიანად დაუყოლებია: ასე მგონია, კიდევაც გამოვბრუნდებიო. ამჯერად ეს იმედი ვეღარ გამართლდა.
1913 წლის 21 მარტს, ღამის 11 საათზე არჩილ ჯორჯაძე გარდაიცვალა. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: “ჩვენ სულ სხვა პირობებში დავიწყეთ მუშაობა... კულტურა...”
23 მარტს მისი ნეშტი ბათუმიდან წამოასვენეს. ყველა სადგურზე უამრავი ხალხი ხვდებოდა, ყვავილებით ამკობდნენ კუბოს, გამოსათხოვარ სიტყვებს ამბობდნენ. 24 მარტის დილას ჩამოასვენეს თბილისში. ბაქანი და ახლომახლო მიდამოები ხალხით ყოფილა გადაჭედილი. მეგობრებმა კუბო ხელით ატარეს ქაშუეთის ეკლესიამდე. სამგლოვიარო პროცესიას თურმე სანდრო კავსაძის მგალობელთა გუნდი, ფილარმონიული საზოგადოებისა და გიმნაზიის მოსწავლეთა გუნდები მოჰყვებოდნენ. ერთი პანაშვიდი ქაშუეთში გადაუხადეს, მეორე _ ყაზანის ტაძარში, სადაც ეპისკოპოსმა კირიონმაც აღავლინა ლოცვა და მესამე _ “სახალხო გაზეთის” (“ცნობის ფურცლისმემკვიდრე) რედაქციის წინ. დაკრძალეს დიდუბის პანთეონში, მთავრობის ბრძანებით, უსიტყვო გლოვით.
  როგორც მოხდენილად შენიშნავს როსტომ ჩხეიძე: არჩილი სამშობლოს უარყოფით მივიდოდა სამშობლოსთან (ჩხეიძე 2008: 559).
კიტა აბაშიძე, რომელმაც კარგად იცოდა, რომ ილიას არასოდეს უღიარებია არჩილი, სრულ სიმართლეს წერდა: ილიამ და არჩილმა ერთმანეთს უკანასკნელად მისცეს ხელი, როცა ..... ილიამ პირველმა წამოაყენასაქართველოს ავტონომია”, როგორც პოლიტიკური მოთხოვნაო. სწორედ კიტა აბაშიძეს ჩააბარა კერძო წერილები და თხოვა, მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ გაეხსნა. სხვა ნაწერები კი წერა-კითხვის საზოგადოებას უანდერძა.
                “არჩილ ჯორჯაძემ საქართველოს შესწირა ყოველივე, ემსხვერპლა მას და აქ ჰპოვა თავისი უკვდავება. მასში სცხოვრობდა საქართველო და საქართველო აცოცხლებს მას” (ვახტანგ კოტეტიშვილი).
    არჩილ ჯორჯაძის საფლავზე მარმარილოს დაფაზე ამოჭრილია დაფნისა და მუხის ფოთლების გვირგვინი. დაფნა ნიჭიერების, შემოქმედების სიმბოლოდაა ნაგულისხმევი, მუხა კი _ სიმტკიცის, მხნეობისა და მარადისობის. შუაში სადა, უბრალო წარწერაა: არჩილ ჯორჯაძე 1872-1913.




ლიტერატურა:
კოტეტიშვილი 2016 _ კოტეტიშვილი ვახტანგ, წერილები, გამომცემლობაარტანუჯი”, თბილისი.
ჩხეიძე 2008 _ ჩხეიძე როსტომ, წერილები იტრიის წისქვილიდან, თბილისი.
ჯორჯაძე 1989_ ჯორჯაძე არჩილ,წერილები, გამომცემლობამერანი”, თბილისი.

1 comment:

  1. This comment has been removed by a blog administrator.

    ReplyDelete