Translate

Tuesday, May 9, 2017

სოფლისა და ქალაქის ანტინომია ქართულ მწერლობაში

სოლომონ ტაბუცაძეშოთა რუსთაველი ლიტერატურის ინსტიტუტის 
მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო 
უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი
სოლომონ ტაბუცაძე-ის სურათის შედეგი

ეკონომიკური კრიტიკის ერთ-ერთი ვექტორთაგანია მხატვრულ ტექსტებში უკუფენილი ეკონომიკური ცნებები, მოვლენები და, საზოგადოდ, ეკონომიკური პრობლემები. “ეკონომიკა ლიტერატურაშიარა მხოლოდ რეალობის ანარეკლია, არამედ სოციალური გარემოს გარდასახვის, სტრუქტურირებისა და ახლებური ფორმირების წყაროც. ლიტერატურული პრაქტიკების ლიბერალიზაციამ განმანათლებლობის მიერ შემოტანილი კონცეპტების კულტივირება მოახდინა დაეკონომიკური ადამიანისგაგება დაამკვიდრა.
ევროპული განმანათლებლური კონცეპტები ქართულ კულტურაში ილია ჭავჭავაძის შემოქმედების წიაღ მკვიდრდება, რადგან ეს იდეები სწორედ მან გაიაზრა თავის პუბლიცისტიკაში თეორიულად და ნარატიულ ტექსტებში ხორცი შეასხა მხატვრულად, რითაც საზოგადოებას ახალი ჰორიზონტის მოხილვის შესაძლებლობა მისცა. ემზარ ჯგრენაიას ძალზე საგულისხმო დაკვირვებით, ილიას მიერ მოხმობილი ევროპული განმანათლებური იდეები და კონცეპტები _ “ერისადამოქალაქისა”, იმ პერიოდის რუსეთის იმპერიაში და მით უფრო საქართველოში აღსანიშნების გარეშე დაბადებულა დამხოლოდ აზრობრივად, ინტელიგიბელურად (ლოგოსში)” უარსებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ოდენევროპული იდეური ინტერვენციაყოფილა. საქვეყნო საჭიროების მცოდნე ქართველი მოღვაწეებს ესმოდა ევროპულ ცნებათა შინაარსი, მაგრამ ფეოდალურ სოციალურ სტრუქტურაში მცხოვრები საზოგადოება ამ ყველაფრისადმი გულგრილი იყო; აქედან გამოდინარე ამ კონცეპტთა გადმოტანასა და დანერგვას ქართული სინამდვილე დიდად ნოყიერ ნიადაგს ვერ დაახვედრებდა, მაგრამ ქართველიმესამოციანელნიმაინც ცდილობდნენ ამ ცნებათა კულტივაციას და, თუ ქართული სინამდვილე რაიმე სანიმუშო პრეცედენტს წარმოშობდა, ამ ფაქტსშეფრფინვითხვდებოდნენ ხოლმე. დიდად აღაფრთოვანებდა, მაგალითად, იაკობ გოგებაშვილს ჩვენი დიდი მეწარმისა და საზოგადო მოღვაწის ალექსანდრე სარაჯიშვილისსაფუძვლიანი ევროპიულის განათლების მეოხებითმოპოვებული დიდი ქონება და მის ნაღვაწს სწორედ ევროპული ცნების _ “მოქალაქისწიაღ განიხილავდა. გამოსათხოვარ წერილში იაკობი განსვენებულის ცოდნას, მხნეობასა და პატიოსნებას მიაქცევდა ყურადღებას და ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ იგი იყოთბილისის მოქალაქის შვილი და მასში მოქალაქეობრივი ღირსებანი უმაღლეს წერტილამდინ იყვნენ ასულნი”. აქვე არანაკლებ საგულისხმოა იაკობ გოგებაშვილისქართული სატკივარი”: “იგი რომ ჩვენებურის ბრწყინვალე წოდების წევრი ყოფილიყო, მამისაგან დარჩენილ თანხას სწრაფად გაფლანგავდა, გაღატაკდებოდა, შაბათის გლახად გადიქცეოდა და თვითონაც პირადად გახდებოდა ქველმოქმედების ობიექტად, რის მაგალითებს ყოველ ნაბიჯზე ვხედავთ ახლანდელს დროში. ბედად იგი დაიბადა მოქალაქედ და გარდაიცვალა სასიქადულო მოქალაქედვე, რასაც ჩვენს შორის ჯერ არც ერთი ბრწყინვალე შემძლებელი არ ღირსებია” (გოგებაშვილი 1990: 249).
იაკობის ნათქვამში ნათლად იკვეთებამოქალაქისდაპირისპირებაბრწყინვალე წოდებასთან”, ხოლო ამ ორი სოციალური ჯგუფის მიღმა თავისუფლად შეიძლება ამოვიკითხოთ სოფლისა და ქალაქის ანტინომია. საქმე ის გახლავთ, რომ ქართული არისტოკრატია ქალაქს ნაკლებად ეძალებოდასაკუთარ მამულში იყო გამოკეტილი და ქალაქად ლამის არც არაფერი ესაქმებოდა. “... თავადაზნაურობას, რომელიც მიჩვეული იყო სოფლის ცხოვრების რიტმს, გაუჭირდა ქალაქური ცხოვრების დინამიზმთან ფეხის შეწყობა. ამ დროის ქართველი თავადი ან აზნაური უნდა წარმოვიდგინოთ როგორც მდიდრულად ჩაცმული არისტოკრატი, რომელიც უსაქმოდ, აუჩქარებლად დასეირნობს გლოვინსკის პროსპექტზე” (სუნი 2010: 49). ქართველმა თავადაზნაურობამ ვერ დაძლია თავიანთ ყმებზე დამოკიდებულება, ვერ მოახერხა სამეწარმეოსულისგანვითარება და ვერ მოიძია დაქირავებულ შრომაზე დამყარებული სოფლის მეურნეობისათვის საჭირო ფულადი რესურსი (სუნი 2010).
მოქალაქის როლსა და სოციალურ მნიშვნელობაზე ფიქრი და მსჯელობა კი მიმდინარეობს ქართულ საზოგადოებაში, მაგრამ ამას უფრო, თუ შეიძლება ასე ითქვას, ნატვრის პათოსი და ფორმა ახლავ, ვიდრე რეალური საყრდენი. საქმე ის არის, რომ ცალკეული სვებედნიერი შემთხვევები სარაჯიშვილისდარი მოქალაქეობისა, ცხადია, ვერ ქმნიდა იმგვარ სამოქალაქო თანაცხოვრებას, რომელიც ახლებური შემობრუნების ნიშანვეტი გახდებოდა. და თუ მაინც XIX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოში კულტურული პარადიგმის ცვლილებაზე გვინდა ვილაპარაკოთ, აქ, უპირველესად, მხედველობაში უნდა გვქონდეს ფეოდალური შეგნებისა და საერთოდ ცხოვრების შუასაუკუნეობრივი საყრდენებისა და გაქვავებულ ინერციათა _ რომელიც ჩვენში XIX საუკუნეს მოსწვდა _ რღვევა.
ახალევროპულ განმანათლებლურ იდეებზე საუბრისას არც განმანათლებლობის ამბივალენტური ბუნება უნდა დაგვავიწყდეს, რომლიდანაც ამოიზარდა როგორც ლიბერალურ-დემოკრატიული ასევე სოციალ-დემოკრატიული იდეები, რამაც ქართულ სოციო-კულტურულ სივრცეში ხელი შეუწყო, ერთი მხრივ, ბურჟუაზიის წარმოშობასა და აღზევებას და, მეორე მხრივ, ახალიიდეური ადამიანისდაბადებას. ამიერიდან საზოგადოებრივი ცხოვრების ეს ორი მიმართულება ურთიერთჭიდილისთვისა და სამკვდრო- სასიცოცხლო ბრძოლისთვისაა განწირული. ამ ორი დინების ტრაგიკული შეუთავსებლობის ფონზე აქცენტირდება და იკვეთება იმგვარი ანტინომიები, როგორიცაახმალიდასაანგარიშო”, მამული როგორც მეტაფორა და მამული როგორც ეკონომიკური ფაქტორი, დაბოლოს _ სოფელი და ქალაქი (კუპრეიშვილი 2016).
ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკასა და პროზაში სოფლისა და ქალაქის დისპროპორციული განვითარების თემაზე საუბრისას ნონა კუპრეიშვილი აღნიშნავს, რომ მართალია ილიას პროზის სიუჟეტური კოლიზიების თემატურ ცენტრად კაპიტალიზმი არ ქცეულა, მაგრამ მასში სიმპტომატურად წარმოჩნდა ქართული სოციო-კულტურული გარემოს კონტექსტში ახლად აღმოცენებული დამოკიდებულების მიზეზ-შედეგობრიობა როგორც ქალაქის, ასევე სოფლისადმიო; ხოლო ილიასადმი წაყენებული ერთი ბრალდებათაგანი ისიც ყოფილა, რომ მწერალს ქალაქური ყოფისადმი ნაკლები ყურადღება გამოუჩენია. არჩილ ჯორჯაძე საყვედურობდა თურმე, რომჭავჭავაძის ყურადღებას მარტო სოფელი იწვევდა”, რომავტორი მარტო სოფლის ცხოვრებას ადევნებს თვალ-ყურს, ქალაქი თავისი რთული აგებულებით აქვს სრულებით მივიწყებული... ჩვენი ავტორი კმაყოფილდება ცხოვრების ცალმხრივი შესწავლით და მასთან არ ასახელებს ძირითადს _ წოდებრივ უთანხმოებას”-; და ეს თითქოს იმით იყო გამართლებული, რომ საქართველოსოფლურიქვეყანაა, მაგრამო, აგრძელებს არჩილ ჯორჯაძე, “ავტორს უნდა დაენახა, რომ სოფელთან ერთად იბადება და ისახება იმგვარი ეკონომიკური ნიადაგი, საიდანაც წარმოსდგება სრულებით ახალი და საქართველოში უცნობი ფაქტორი წარმატებისა და მოძრაობისა _ აღებ-მიცემობის გაძლიერება, მრეწველობის აღორძინება, ფულის გაბატონება და ამის საშუალებით სოფლის მებატონის ხარისხის ჩამორთმევა და დაქვეითება...” (კუპრეიშვილი: 2016). ნონა კუპრეიშვილი ჯორჯაძისეულ ამ საყვედურს პოლიტიკური დროის კონიუნქტურასა და მოძალებული სოციალისტური იდეების პოპულარობაში ხედავს და, ვფიქრობ, მართებულადაც, რადგან მავე ტენდენციის გამოვლინებად მესახება ვახტანგ კოტეტიშვილისეული ერთგვარი პიეტეტიმესამედასელთადმი”, როდესაც საზოგადოებრივი ცხოვრების წინსვლასა დამრავალგზიანობაზელაპარაკობს და იწონებს იმიტომ მხოლოდ, რომკაპიტალისტური წარმოების საკითხი არის ის მნიშვნელოვანი და საყურადღებო საგანი, რომელსაც ამ ახალმა დასმა საგანგებო ყურადღება მიაქცია და <...> ჩვენს ქვეყანას, მომავლის გზები უჩვენა”- (კოტეტიშვილი1959: 615). კაპიტალისტური წარმოების საკითხი, ვფიქრობთ, უფრო პროპაგანდისტული შემადგენელი იყო, რადგან, როგორც უცხოელი მკვლევარი წერს თბილისის ეკონომიუკურ აბრისზე, არავითარსწრაფი ინდუსტრიალიზაციის პროგრამასიგი (ქალაქი ს.ტ.) არსებითად არ შეუცვლია (სუნი 2010). ვერც ერთს, ჩვენს მიერ ნახსენებ პიროვნებათაგანს სოციალისტური იდეებისადმი ერთგულებას ვერ შესწამებ, მაგრამ ალღო არცერთს არ ღალატობს და კარგად უწყიან, რომგაურკვეველ დუღილსრაღაც დიდი ცვლილება უნდა მოჰყოლოდა, რადგანრევოლუციონური მოძრაობისათვის ნიადაგი შემზადებული იყო, და ასეთ პირობებში კი, ყოველ ახალ სიტყვას და საქმეს კი არა, წადილსა და სტიმულსაც დიდი მნიშვნელობა აქვს”- (კოტეტიშვილი1959: 615). დიდ მოწონებას იმსახურებსმოქმედების ადამიანიდა ამიტომ იყოო, წერს ვახტანგ კოტეტიშვილი, რომ ახალგაზრდობა გატაცებით კითხულობდა ალექსანდრე ყაზბეგს, რომესაცმსჯელობა კი არა, მოქმედება უყვარს და მისი გმირებიც მებრძოლის სახელოვან სადარაჯოზე იღუპებიან”. გარდა ამისა, და ეს არანაკლებ საგულისხმოა, რომ მოქმედების ეს ტალღა ჩვენს ახალგაზრდულ ყოფაშიაც იძვროდა დაუფრო პრაქტიკულად მოაზროვნე ინტელიგენციის ჩანასახი იზრდებოდა ახალი სიტყვის სათქმელად და ახალი საქმის დასაწყებად”.
მე-19 საუკუნის ქართული რეალისტური ლიტერატურა, რომელიც ბურჟუაზიული ყოფის, მესამე საზოგადოებრივი ფენის მორალური პროფილის განჩხრეკით იყო დაკავებული, ასახავდა ქალაქური ყოფის ეთოსსა და პათოსს, მაგრამ ეს სინამდვილე კიდევ უფრო აუცხოებდა ქართველს ქალაქურ ყოფისგან. ისინი ძირითადად დაცინვის საგანნი იყვნენ, მაგრამ ამ ფორმითა და ამ ლიტერატურით ხდებოდა სწრედ მესამე ფენის საზოგადოებრივ სფეროში ლეგიტიმაცია და ამასა სწუხდნენ ჩვენიმესამოციანელები”, რომელთა სამოქალაქო ეთიკარაინდისადაბურჟუასმორიგებასა ცდილობდა (ნინიძე 2015: 114), მაგრამ ცარისტული ავტოკრატიის ქმედებით გასენილი ქვეყნის საზოგადოებრივ სხეულს სხვა სოციალური გაუცხოების ნახეთქები უფრო ემჩნეოდა და დროებამაც სხვა მიმართულება მიიღო _ ილიას ხაზის ალტერნატივა  სოციალ დემოკრატია იდგამდა ფეხს.    
ეს ყველაფერი ეხებოდა რეალობასა და რეალისტურ ლიტერატურას, მაგრამ საგულისხმოა ფაქტია, რომ ქართული მწერლობის მოდერნისტულ ტექსტებშიდაც შესაძლებელია ისეთი პრობლემების აქცენტირება, როგორიცაა კონფლიქტი ნაციონალურ-რელიგიურ ეთოსსა და მე-19 საუკუნის ბოლოს ახალშემოჭრილ კაპიტალისტურ ეთოსს შორის (კუპრეიშვილი: 2016).
XIX _ XX საუკენეთა ქართული გზაგასაყარი, გარდამავალი დრო-სივრცე ჩვენს სინამდვილეში ლიტერატურული მრავალფეროვნებითაც გამოირჩეოდ. პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიმდინარე დუღილი გავლენას ახდენდა ლიტერატურულ ცხოვრებაზეც, რაც, უპირველესად, ახალი ესთეტიკური მსოფლხედვის _ მოდერნიზმის ჩამოყალიბებით გამოიხატა, რომლისშემოსვლა ქართულ ლიტერატურულ სივრცეში რეალიზმის ინერციის, ეპიგონიზმის, რევოლიციურ-რომანტიკული პათეტიკის დაძლევის კულტურულ ამოცანას დაუკავშირდა. <...> მოდერნისტული მოძრაობა <...> მწერლობაში სოციალური აქცენტების შესუსტებითა და ფორმაზე ზრუნვით, არა მხოლოდ  ახალი, არამედ სასიკეთო აუცილებლობა იყო” (კვაჭანტირაძე 2016: 8).
აქსიომურ დებულებადაა მიჩნეული, რომ მოდერნისტული ლიტრატურა ქალაქის ლიტერატურაა დაპასტორალურლექსიკასა და ხატწერას ურბანისტული პროზაული მეტყველება ანაცვლებს, მაგრამ ქალაქის თემა ქართული სინამდვილისათვის მაინც ვერ იქცა წამყვან თემად. ლაპარაკიაწამყვანობაზე”, თორემ არ გაგვიჭირდება გახსენება ქალაქური ყოფის ამსახველი ტექსტებისა. საკმარისია ჩვენი დიდი მწერლების _ ნიკო ლორთქიფანიძის, მიხეილ ჯავახიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას, დემნა შენგელაიასა და სხვათა დასახელება.
ნიკო ლირთქიფანიძის პროზაზე როგორც ქართული მოდერნიზმის ერთ მნიშვნელოვან მოვლენაზე მსჯელობისას, მისი გამორჩეული სამწერლო მანერის გარდა, მხედველობაში ის თემატური სიახლეც უნდა მივიღოთ, რომელსაც იგი _ სხვა ქართველ მოდერნისტ მწერლებთან ერთად _ ამკვიდრებს და აქ საუბარი ეხება მოდერნისტულ კონტექსტს ანუ ახალი ტიპის გმირთა ცხოვრებას ურბანულ გარემოში. ეს კონტექსტი უცხო არ ყოფილა ქართველი მოდერნისტი მწერლებისათვის, მაგრამ ნიკო ლირქიფანიძის მოდენისტული სტილი დრო-სივრცული ჭრილების განსხვავებული ხატვით გამოირჩევა (ჯალიაშვილი 2017). ეს საკითხი მასშტაბურად არის ასახული მოთხრობაშიშელოცვა რადიოთი”, რომელშიც წარმოჩენილია მოდერნიზმისწყევლა-კრულვიანისაკითხავი _ ადამიანის ბედი ურბანულ უდაბნოში.
მოთხრობაში დასმული პრობლემატიკა ჩვენი საკითხისთვის იმდენად შეიძლებ იყოს რეზონანსული, რამდენადაც მასში პოზიციონირებულია ძველი, ფეოდალურ-არისტოკრატიული კულტურის პათოსისა და ცივილიზაციური პროცესის ანტინომია, ან, სხვაგვარად თუ ვიტყვით _ ძველი, რურალურობით ნიშანდებული ყოფის შეპირისპირება ურბანიზაციის პროცესთან.
მოთხრობის სათაურშივე იკვეთება არქაული სივრცისა და ცივილიზაციის შეტოქება დარადიოსადაშელოცვისოპოზიციური წყვილი სწორედ ამ დაპირისპირებულობას ასიმბოლოებს. “შელოცვისძალა წამხდარია ცივილიზაციი წინაშე. დროის მანქანაზე ამხედრებული ადამიანი ცხოვრებისა და ყოფის ფრაგმენტებსღა აფიქსირებს და სწორედ ეს რეალობა ინაკვთება და იმპრესიონისტულად ისახება მხატვრულ თხზულებაში. დროის ეს დუღილი ახალი პარადიგმის მშობიარობის ტკივილებიცაა, რადგან გასული საუკუნის 20-იანი წლები ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომით ნერვებაწეწილი სამყაროს ექოთია გაბრუებული. დასავლური, უხეში კაპიტალიზმი და ვულგარიზებული, ღირებულებებისგან დაცლილი ყოფა ბადებსმასების ამბოხსდა ამგვარი სამყაროსადმი დამოკიდებულება გამოსჩანს ნიკო ლორთქიფანიძესთანაც. დასავლური, სტანდარტიზებული ყოფისადმი კრიტიკული დამოკიდებულება და ერთგვარი განაწყენება სხვა ქართველ მწერალთა შემოქმედებაშიც აისახა და, როგორც ჩანს, ამის ობიექტური მიზეზი ისიც იყო, რომსაქართველო მარტო აღმოჩნდა ბოლშევიკური რუსეთის აგრესიის წინაშე” (ვასაძე 2010: 166), მაგრამნიკო ლორთქიფანიძის მიერ წარმოსახულ დასავლურ სამყაროში ფულის და მატერიალური სიმდიდრის კულტი მეფობს, უსულგულო პრაგმატიზმი განსაზღვრავს ცხოვრების ატმოსფეროს” (ვასაძე 2010: 166). რაციონალიზმის სიცივე სუსხავს ქართველ არისტოკრატ ქალს _ ელი გორდელიანს და იგი თავისი ექსცენტრული პროტესტით საკუთარ სიცოცხლეს შეაგდებს ირაციონალური ყოფის საპირწონეზე. ელი ამ შემთხვევაში ქართული კულტურის არსებითი საზრისების განსახიერებადაც შეიძლება მოვიაზროთ, რომელიც თვითშეწირვისა და უღირსი სიცოცხლის ამაყი უგულებელყოფით ბედისწერის მსახვრალ ხელს უპირისპირდება. ტრაგიკული პროტესტი, რასაკვირველია, მარცხისთვისაა განწირული, მაგრამ ძალზე რეზონულია მოთხრობის ქვედინებაზე კრიტიკოს თამაზ ვასაძის დაკვირვება, რომლის მიხედვითაც ელის შეუმჩნეველი რჩება უფრო ღრმა და არსებითი ასპექტი დასავლური ყოფისა, რომელზე დაყრდნობითაც ელის შეეძლო ღირსების აღდგენა ტრაგიკული მსხვერპლგაღების გარეშე და ეს არის დასავლური ცივილიზაციის ფუნდამენტური პრინციპი _ თავისუფალი ინდივიდუალური თვითრეალიზაცია. ნიკო ლორთქიფანიძეფერების გამუქებით წარმოსახავს თავის თანადროულ დასავლეთს, მაგრამ მაინც მონიშნავს მასში პროდუქტიულ, ადამიანისათვის გასაქანის მიმცემ საწყისს”. ძველი, ტრადიციული კულტურის ღირებულებათა რადიკალიზებით ელი გორდელიანმა დაადასტურა საკუთარი ღირსება, მაგრამ მისთვისუცხო დარჩა თვითდამკვიდრების დასავლური წესი, რომელიც ნაკლებად რომანტიკული ჩანს, რადგან ყოველდღიური, მეთოდური შრომის აუცილებლობას გულისხმობს” (ვასაძე 2010: 169). 
 ცივილიზაციის მთელი ისტორია სოფლისა და ქალაქის ურთიერთდამოკიდებულების თვალსაზრისით, იმავდროულად, ქვეყნის გაქალაქების, ურბნიზაციის, ისტორიაც არის. საზოგადოების სულ უფრო დიდი ნაწილი თავს იყრის საზოგადოებრივი მატერიალური წარმოების, კერძოდ, მრეწველობის კონცენტრაციის ადგილებში, ქალაქებში.
ყოველ ეკონომიკურ ეპოქას მუშაძალის გამოყენების, განაწილებისა და აღწარმოების, საზოგადოებრივი შრომის ორგანიზაციის თავისი და თავისებური ფორმები მოეძებნება. ეს პროცესია არეკლილი ნიკო ლორთქიფანიძის ერთადერთ რომანშიბილიკებიდან ლიანდაგზე”. ჩვეული სტილი ეპიკურ თხზულებაშიც არ ტოვებს ავტორს, მაგრამ მწერალი იმპრესიონისტული სტატიკურობის პრინციპისთვით ნიშანდობლივ აღქმას, ასასახავი დროის შესაბამისად, დინამიურობას ანიჭებს და ამბის გაგრძელების იმპულსს აძლევს მკითხველს. რომანის სათაური კი სოფლიდან ქალაქისკენ ეპოქალური მოძრაობის ანუ ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის ამსახველ მეტაფორად უნდა ვიგულვოთ.
რომანი საუკუნეთა მიჯნაზე მომხდარ მოვლენებს ასახავს, რომელზედაც, გერონტი ქიქოძე წერდა, რომ დიდს ისტორიულ ეპოქაში ვცხოვრობთ და ამ გარემოების მნიშვნელობა ჯერ კიდევ სავსებით ვერ შეგვიგნია, რადგან სიდიადეს გადაჩვეულნი ვართ და ვერ წარმოგვიდგენია, რომ შესაძლებელია, რომ ისტორია ჰფარავდეს ჩვენს ყოველ-დღიურს ცხოვრებას”- (ქიქოძე 1919: 5). სიდიადეს გადაჩვეულნი ვართო, მაგრამ, აი, ინტელექტუალთა შეგრძნებით, დამდგარა ჟამი ისტორიაში კვლავ დაბრუნებისა. “ქორონიკონშიკვლავ მოქცევის გზა და საშუალება ყველას თავისებურად ესახებოდა, მაგრამ ყველაზე მეტ ენერგიულობას, როგორც წერენ, “სემინარიელებიდადიაკვნის შვილებიიჩენდნენო. ვახტანგ კოტეტიშვილის შენიშვნით, ახალგაზრდობაში დაგროვილი პროტესტის მიზეზიგარდა იმ საზოგადო რეჟიმისა, რომელიც მთელი რუსეთის იმპერიას მოიცავდა, ჩვენში დამატებითი პირობებიც არსებობდა”- და ამ პირობების საილუსტრაციოდ ფილიპე მახარაძის მოგონებას მოიშველიებს:”ამიერკავკასიას დაკისრებული ჰქონდა კოლონიის როლი, .. ყოფილიყო რუს მრეწველებისა და რუს ვაჭრებისათვის ერთი მხრით ნედლი მასალის მიმწოდებელ ქვეყნად, და მეორეს მხრით, საფაბრიკო და საქარხნო ნაწარმოებთა გამსაღებელ რაიონად. ყოველი რუსი, ან რუსის ქურქში გახვეული ხალხი ლამობდა გამოენახა აქ თავისთვის რაიმე სასარგებლო საქმე, ენახა რაიმე სარგებლობა. სხვაგვარი შეხედულება ამიერ-კავკასიაზე მპყრობელი ერის მხრით არ არსებობდა. ყველა მას გასაფცქვნელად და გასაძარცვავად უყურებდა”. ეს გარემოებაო, დასძენს ვახტანგ კოტეტიშვილი, კიდევ უფრო აგუბებდა ატმოსფეროს და მთელი ამ ვითარების სიმძიმეგანსაკუთრებით ჩვენს სოფლებს დააწვა, რამაც გამოიწვია გლეხობის გაღატაკება, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, და სოფლიდან ქალაქისაკენ გაქცევა” (კოტეტიშვილი 1959: 616). სწორედ ეს ვითარებაა ასახული ნიკო ლირთქიფანიძის რომანში. მდგომარეობას ის ამძაფრებს, რომ გლეხკაცობის გაუსაძლისი ყოფა და ნაოფლარი მიწა-წყლის მიტოვება რაიმე ეკონომიკური კანონზომიერების გამოძახილი კი არ ყოფილა, არამედ გაბატონებული ბიუროკრატიის პოლიტიკის შედეგი. იგივე პოლიტიკაო, წერს ვახტანგ კოტეტიშვილი, “მრეწველობასაც აფერხებდა ჩვენში, ასე რომ, ქალაქისკენ სოფლის მუშების დენა უფრო უბედურობის შედეგი იყო, ვიდრე პროგრესული მოვლენა” (კოტეტიშვილი 1959: 617). ამას უნდა მივუმატოთ ახალი ისტორიული კონტექსტი, სოციალისტური იდეების გავრცელების სახით,  რომელიც მოსვენებას არ აძლევდა ადამიანს, “იყო დიდი ქანაობადა საბოლოოდ მიწას მოწყვეტილი, გაპროლეტარებული გლეხობასხვისი ბრძოლისმონაწილე ხდებოდა.
ლიტერატურათმცოდნეობაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ეს რომანი ცალკე დგას მწერლის შემოქმედებაში, არ ასახავს მწერლისათვის ჩვეულტრადიციულ თემატიკას და გამოთქმულია ვარაუდი, რომ მწერალიიძულებული გამხდარა, გადაეფასებინა თავისი დამოკიდებულება კლასობრივ-რევოლუციური ბრძოლისადმი” (მილორავა 2016: 286) და რომ თხზულების კომპოზიციურ-სტრუქტურული ნაკლოვანების მიზეზი ასასახავი სინამდვილის სირთულე ყოფილა, რომმიუხედავად მწერლის გულწრფელი ცდისაიგი ვერ ჩასწვდომიარევოლუციური სინამდვილის რთულ მექანიზმსდა ვერ გარკვეულარევოლუციის პერსპექტივაში და მამოძრავებელი ძალების განლაგებაში”(ჩიჩუა 1981: 78).
კრიტიკოსი აქ იმასაც გულისხმობს, რომ მწერლის მთავარი ორიენტირი _ საკუთარი გამოცდილება ანუ იმ ცხოვრების ცოდნა იყო, რომელსაც იგი ასახავდა და რომელიც კონკრეტული ტოპოსით _ სოფლით შემოიფარგლებოდა. მიუხედავ ამისა, რომ გაიოზ ლამბარდავა ქალაქში რკინიგზის საწარმოთა მუშა იყო, მწერალმა მაინც სოფლის ყოფა წამოსწია წინო, წერს კრიტიკოსი;  მაგრამ ამჯერად ჩვენთვის უფრო საგულისხმო მისი განზოგადებული დაკვირვებაა: “რაღაც ტრადიციული ინერციის ძალით ჩვენი მწერლობა ყოველთვის უფრო ახლო იყო, ყოველ შემთხვევაში, უკეთ იცოდა სოფლის ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მწერალი, ისე როგორც <...> ნიკო ლირთქიფანიძე, ქალაქში ცხოვრობდა. <....> ჩვენი მწერლობისთვის ახლო იყო სოფლის მცხოვრების, გლეხის ფსიქოლოგია და ამიტომაც <...> უფრო რელიეფურადაა დახატული რომანშიბილიკებიდან ლიანდაგზეოდანია, ფარნაოზი, პარმენი და სხვები. გაიოზ ლამბარდავას და შაქრო მარგველაძის მხატვრული სახეები უფრო ძიების, კვლევის კვალს ატარებენ” (ჩიჩუა 1981: 78).
ნიშანდობლივია ლამბარდავას სამუშაო ადგილებიც, რადგან რკინიგზის შემოღწევამ თბილისიამიერკავკასიის სატრანსპორტო ცენტრად აქცია, შეიქმნა მთავარი რკინიგზის სახელოსნოები, სადაც დიდი რაოდენობის მუშახელი იქნა დასაქმებული. სწორედ ისინი ჩამოყალიბდნენ საქართველოში პროლეტარიატის მთავარ ხერხემლად. რკინიგზაზე სამუშაოდ სოფლის მცხოვრებლები აჰყავდათ” (სუნი 2010: 50). მწერალმა სცადა ასახვა ეპოქის ძირითადი ტენდენციებისა, რომლებმაც შეცვალეს ურბანიზაციის გზაზე შემდგარი საზოგადოებაჩამოაყალობეს ახალი ტიპის ადამიანი, მაგრამ თავად მწერლისთვის ეს ადამიანი უცხოა და ამას ღრმა სოციალურ-ფსიქოლოგიური საფუძველი აქვს, რადგანდანგრეული ბუდეებისავტორის ფიქრის საგანი სწორედაც რომ საპირისპიროა და ეს არისსულიერი არისტოკრატიზმის ბედი უხეშ გარემოში” (თამაზ ვასაძე).
ქალაქური ცხოვრების ურბანიზაცია და ანონიმურობა ეჭვქვეშ აყენებდა ყოფის ტრადიციულ მოდელს. ქალაქი აუტანელია, არ მოგწონს, მაგრამ ბედისწერასავით ემორჩილები, რადგან იგი იდუმალებითაა მოსილი, იქ ისეთი რამ ხდება, რისი გაგებისა და ამოხსნის უნარიც არა გაქვს, მაგრამ მაინც ვერ შორდები, რადგან ყრუდ მაინც გრძნობ, რომ ეს არის სახვალიო სავალი და ცივლიზაციური პროცესი გარდაუვალია.
მიხეილ ჯავახიშვილის რომანის, “თეთრი საყელოსგმირის, ელიზბარის ცხოვრება ორადაა გახლეჩილი _ იგი ქალაქშიც ცხოვრობს და სოფელშიც; შესაბამისად, სახელიც ორი აქვს _ ერთი ქალაქური (ელიზბარი, რომელიც მისი ნამდვილი სახელია), და მეორე სოფლური (ვაჟიკა, შერქმეული). ელიზბარიქალაქმა, ომებმა და რევოლუციის ქარიშხალმა ბუმბულივით ატრიალადა დაქანცა. ბოლოს იქ განიზრახა დამკვიდრება, სადაც ყოფა მთელი თავის სიწმინდითაა შენარჩუნებული დაწითელ ურჩხულსჯერ არ შეუღწევია. აქ აღარ შეაწუხებსარც ხელისუფლება, არც მანქანა, არც გადასახადი, არც ადგილკომი, არც ელექტრონი, არც კომკავშირი”; ხელუხლებელი ტრადიციებით დაყურსული სოფლის ყოფა იზიდავს ელიზბარს და ეს ლტოლვა კიდე უფრო გამძაფრებულია მისი წარსულით _ ქალაქური ცხოვრების წესითა თუ უწესობით; ცუცქია სწორედ ამ არატრადიცული ყოფის განსახიერებაა. ელიზბარი ითმენდა, მაგრამ იქ, სადაც მოსათმენადაა საქმე, ცხოვრება დიდხანს ვერ გასტანს. შეიძლება ითქვას, რომ ელიზბარი დაუბრუნდა თავის საწყისებს და ხათუთასთან ერთად შექმნა ტრადიციული ოჯახი, მაგრამ მწერლის სათქმელიც ის არის, რომ არც ეს არის საბოლოო შვება და გამოსავალი: “ბრძოლის ველი ქალაქშია და ომსაც იქ მოვიგებთ ან დავმარცხდებით. მომხვდურს დედა ციხეში უნდა დაუხვდე, მე კი იქედან გამოვიქეცი და დავიმალე” _ ამბობს რომანის გმირი. უკიდურესობათა შორის მერყევობა დამღუპველია; მთავარია ორივე კულტურული ყოფის შეთანადება, რაც უკვე სოფლისა და ქალაქის ანტინომიაზე კი არა, მათ კონტინუალურობაზე საუბრის საშუალებას გვაძლევს.
რომანში საგულისხმო პერსონაჟია ტრადიციული ყოფის ქომაგი ჯურხა, რომელსაც სიჭაბუკისას ევროპის ქალაქებშიც უცხოვრია, მაგრამ მაინც საკუთარ კუთხეს დაბრუნებია, რადგან მის შეგნებაში ქალაქი ზნეობრივი და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეროვნული გადაგვარების სიმბოლოა. მისი თქმით, “ქართველმა თეთრი საყელო რომ გაიკეთა, სჯულიც სხვისი მიიღო”. ქალაქი იმიტომ უფრო აშინებს ჯურხას, რომ იქა ტრიალებს რევოლუციის სული და რევოლუცია კი სამყაროული კატასტროფის სინონიმია. “წითელი ეშმა”- შიშით ჯურხა გმობს განათლებასაც, რადგან მის ცნობიერებაში ცივილიზაცია და რევოლუცია ტოლობის ნიშნითაა დაკავშირებული.
თეთრი საყელოსმთავარი გმირის ილუზია _ რთული ცხოვრების პატრიარქალური ყოფით ჩანაცვლებისა და შვებისა _ გაქარწყლდა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ელიზბარმა გზა მოიმხრო და მითოსური საბურველის მიღმა, მეტი რომ არა ვთქვათ, მკაცრ რეალობა დაინახა. მან იგრძნო არქაული სამყაროს სისასტიკე, რომელშიც ისტორია შეჩერებულა და გარეთვალის აღმაფრთოვანებელი მითოსის მიღმა პრიმიტიული ცრურწმენა გამოსჩანს. აღმოჩნდა, რომ ტრადიციის ნიშნებს აღსანიშნები არ ჰქონია. მწერალსაც ამის ჩვენება ეწადა, თუმცა, არც ის დავივიწყოთ, რომ რომანის მთავარი გმირი ბევრ ისეთ ღირებულებას ეზიარება, რომელთა გარეშეც ადამიანური ცხოვრება ყოველგვარ ხიბლს დაკარგავდა _ ეს არის, მეგობრობის, ოჯახური ყოფის, ვაჟკაცობის და ბუნების პატივისცემა და სიყვარული.
ცივილიზებული ყოფით და რეალურად კი საბჭოური რეჟიმით თავმოძულებული  ელიზბარის სახით მწერალმა შექმნა პერსონაჟი, რომელმაც ერთგვარიგანსაწმენდელივითგზა განვლო და მიხვდა, რომ არქაულ ყოფაში მიბრუნება საბჭოთა ყოფის საპირწონედ ვერ იქცევა და რომ მასთან დაპირისპირება, რაც უნდა ძნელი იყოს იგი, ცივილიზაციის გათვალისწინებითაა შესაძლებელი. სხვა ყველაფერი ილუზიაა და მეტი არაფერი.
პოლიტიკური კონტექსტი, რომელშიც კონსტანტინე გამსახურდიას მოთხრობისდიდი იოსებისმოქმედება ხდება, გასული საუკუნის 20-იანი წლების ტფილისის (თბილისი 30-იანი წლებიდან ეწოდა) სახესა თუ უსახურობას აჩვენებს. ვახტანგ კოტეტიშვილი სწორედ ასეთ ქალაქზე ლაპარაკობს, როდესაც წერს, რომკარგა ხანია, რაც ტფილისი ბაბილონად არის გადაქცეული. საბჭოთა რეჟიმამდეც ისე იყო ტფილისის კარები ყოველმხრივ გაღებული, რომ ყველა მავნე, ფსიქიური დამყუდროებისმაძიებელი არხეინად დაბრძანდებოდა ჩვენ დედაქალაქის ქუჩებში და ისედაც მძიმე ატმოსფეროს უფრო ამძიმებდა. ასი-ათასობით მჭამელი პირი, მავნე ხელი, და შავი ზრახვები აირივნენ რაღაც მასსად, და ტფილისის ჭრელი სახე არიეს. დღეს გაცილებით უარესი მდგომარეობა არის შექმნილი. <...> ტფილისი ისეთ ქაოტიურ ქალაქად არის გადაქცეული, რომ პირდაპირ საშინელია ის შესაძლებლობა, რომელსაც ეს გარეგნული ალუფხვა მალავს. ვინ არ მოიყარა დღეს თავი ტფილისში? სპეკულანტი, შარლატანი, შავრაზმელი, ქურდი, “დიდ რუსეთზემეოცნებენი, უვარსკვლავო და ვარსკვლავიანი ქართველთმოძულენი...” (კოტეტიშვილი 2016: 518). ამგვარალუფხულობასქალაქს მოახლოებული ბილშევიკური არმიის შიში და ზაფრაც ემატება და ქალაქი აგონიაშია: ”საბუღრაოდ გამოსული მოზვრებივით ღმუოდნენ მაფრაშებით, სკივრებით დატვირთული ავტომობილები. ეცხლოვან თვალებს უბრიალებდნენ ერთიმეორეს, ჩაბღაოდნენ ყურში ბნელ ღამეს და გარბოდნენ. არბოდნენ ბარგით დატვირთული ჟოკეიანი, ბლუზიანი მოქალაქეები, მიჰქროდნენ ეტლები, ზუზუნებდა მოედანზე მდგარი ბრბო, გასცქეროდა ქალაქის გამგეობის აივნებს, ყაყანებდა როგორც პილატეს მომლოდინე ებრაელობა დიდ პარასკევს”.
1921 წლის 25 თებერვალია და თბილისში წითელი არმია შემოდის. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სამი მხრიდან შემოესია ბოლშევიკური რუსეთის ჯარი და ქვეყანა უმძიმეს ვითარებაშია. ქართული არმია უკან იხევს და ფრონტის ხაზს ტოვებს. ქალაქი დუღს და ამ უჩვეულო ამბის მოწმე ხდება დიდი იოსები, ჩვეულებრივი მეკურტნე და ტვირთის მზიდავი კაცი, რომელსაც ვითარებისა ნაკლებად გაეგება დასულიერი სიმშვიდე, ამ ლომივით მსხვილთავიანი, პანტასავით სახემჭკნარი მოხუცის მზერიდან რომ იფრქვეოდა”, ქალაქიდან გასაქცევად აბარგებული დამქირავებლის ოჯახის წევრბს აკვირვებს. ყველანი ისე გაიკრიბნენ, რომ იოსები სახტადაც დარჩა და ეს პატიოსანი, მიუსაფარი და უსახლკარო კაცი, მართალია დროებით, მაგრამ მაინც მდიდრული სახლის ბატონ-პატრონი გახდა. სწორედ ეს ქონება იწვევს იოსების ცნობიერების გადასხვაფერებასა  და ამ მდიდრულ სახლში ნანახი სიზმარი ქვეცნობიერად ამზადებს მას ახალი ყოფისათვის.
ჩვენთვის ამჯერად საგულისხმოა ქალაქის სახე, რომელიც თავის თავსაც ვეღარა სცნობს და ისედაცალუფხულსსაერთოდ აებნა თავგზა, რადგან ახალმა ცხოვრებამ ყველაფერი ყირაზე დააყენა ისე და იმგვარად, როგორც ეს ბაზრის მხატვრის გაუწვრთნელი ხელს დაუხატავს: “ტარიელი სავსებით არა ჰგავს რომანტიული ჭმინვით გულგასენილს რაინდს, უფრო ტფილისის რესტორნებში ქინჩგასუქებულ სტუმარს. იგი უჯიშო, ციმბირულ ლაფშაზე ზის, როსტევანის მონებს ძველი კაბა-ჯუბანი აცვიათ, სასალახოს დანისებური მახვილი ჰკიდიათ წელზე და შიშველი ხელით იგერიებენ ტარიელის მიერ მოქნეულ მათრახს”.
იცლება სოფელი და იცვლება ქალაქი, რადგან ჩამოსული გლეხობა მუშათა კლასად ფორმირდება. მოთხრობის მიხედვით სახენაცვალი ქალაქიდან აიკრიბნენ დარჩენილი რაჭველი მეკურტნეებიც, ზოგი ქარხანას შეეკედლა, ზოგი რუსეთში წავიდა და, ვინც ქალაქში დარჩა, იმანაც ხელობა შეიცვალა.
იოსებს აღარც თავის მშობლიურ კუთხეში მიესვლება, რადგანძმის შვილებს არც კი ეპიტნავებოდათ მისი დანახვა, არა ერთხელ შეეცადნენ ლენჩად გამოეცხადებინათ და ფარდაგის ოდენი მიწის ნაჭერი წაეგლიჯათ მისვის”.
 შეცვლილი ვითარება ქალაქის ახალ სოციალურ სახეს აყალიბებს _ სოლოლაკში მუშები სახლდებიან, ხოლო ბურჟუებს მიერეკებიან. თბილისის ბუნებრივი, ქალაქური განვითარება წყდება. ახალი დროის მონაბერი _ “თავადები გაგლეხდებიან და გლეხები გათავადდებიანო” _ გაცხადდა. იოსებიცგათავადდადა, როდესაც უცხო ქალმა ბარგის გადაზიდვაში დახმარება სთხოვა,  რაღაცა უფრო დიდის მომლოდინე იოსებმა უკვე ჩვეული საქმეც ითაკილა...
მოსახდენი მოხდა, წითლებიც შემოვიდნენ და ახალი ეკონომიკური ფორმის ფუნქციონირებამ _ ფორსირებულმა ინდუსტრიალიზაციამ სრულიად შეცვალა ქალაქის პროფილი და ამ სივრცეში გზასაცდენილი იოსების ადგილი აღარ არის. ქალაქის პროლეტარიზაცია ახალ სოციო-კულტურულ სივრცესა ქმნის და ამსხვრევს ადამიანის ცნობიერებას. ახალმა ყოფამ და ავტომობილების მოძალებამ კარგა ხნის წინ გადაგდებული და ტყავის ჩემოდანზე გაცვლილი კურტანი _ პატიოსანი შრომის სიმბოლო _ მოანატრა მეკურტნეს.
გაურკვეველი მომავლის გაუსაძლისი შიში სუდარასავით ეფინება გარემოს. ბილშევიკების შიშით დაძაბუნებუი მოქალაქენი _ სახლის პატრონები ჩალის ფასად ჰყიდიან ქონებას. გაუგიათ, რომსაბჭოთა მოსამსახურეებს თავადური სტილი არ აინტერესებთ”- დათავადები გაგლეხდენ”.
ზოგჯერ ჭირს ხოლმე, რომ მოთხრობაში აღწერილ სურათს ქალაქი და ქალაქური უწოდო: “მეურმეებს, ცხენოსნებს, ქვეითებს თან მოაქვთ კრწანისის მწვანილი, ბორჩალოს შეშა, ყურძენი, ხილი, წითელ ცხვირსახოცით ყელწაკრულ, ყვითელფაფახიან თათარს დედისგან ახლად განალოკი, მადონასთვალებიანი ხბო მხარზე შეუსვამ, ტყაპუჭიანი მეცხვარეები ნაკელით გათხუნულ ჯოგს მოელალებიან, <…>  გაუგებარ სიტყვებს ჰყვირიან, ყავარჯენით არიდებენ ტრამვაის გულუბრყვილო ციკნებს”. ძნელია, ამ მართლაცალუფხულობასურბანულობის რაიმე ხატი მიუსადაგო, მაგრამქალაქური ტექსტისსაზრისთა მრავალფეროვნების თეორიას თუ გავიხსენებთ, ქალაქის ეს დინამიკაც სახვალიო საზრისობრივი ველის მიმანიშნებლად შეიძლება ვიგულვოთ. თბილის-ქალაქის ინტეპრეტაციის ერთი კოდი ესეც უნდა იყოს _ ვინ ტოვებს და ვინ და რა ავსებს ამ სივრცეს.
ამიტომ არის, რომ მწერალი ქალაქს მასშტაბურად აღიქვამს, ერთი დამზერით წარმოაჩენს ქალაქის მეხსიერების ქრონიკას და ზემოთაღწერილი რეალობა ხელს ვერ უშლის ქალაქის ემბლემატური სახის განჭვრეტაში: “თბილისი უდიდესი ძეგლია ქართველობისა. მისი გმირობის უდიდესი ბახტრიონი, მისივე სიძაბუნის უდიდესი ვატერლოო. მისი უხასიათობის, დაუდევრობის, მისი სივაგლახის უდიდესი დოკუმენტი”.
მოდერნიზმი აუცილებლობით გულისხმობს ურბანულ დისკურსს. საქმე ის არის, რომ მოდერნულ ეპოქაში თავჩენილი ურბანიზაციის ტენდენცია მოდერნიზმმა დიქოტომიური სქემით _ ქალაქისა და სოფლის (ბუნებრივი საცხოვრებელი გარემოს) ანტინომიით _ წამოაჩინა. ინდუსტრიალიზაციის ეპოქამ მოიტანა ის, რომ ადამიანი გაუუცხოვდა თავისი არსებობის ბუნებრივ ფორმას _ სოფლის ცხოვრებას. ქალაქი არის ადამიანის კვდომის, პიროვნული და ინდივიდუალური ნიშნების წაშლის, დემოკრატიის სახელით გათანაბრების ადგილი, სადაც, როგორც მიგელ დე უნამუნო იტყოდა, რომეოსა და ჯულიეტას ტრაგედია ვერ გათამაშდება.
ქალაქის როგორც მოდერნიზმის ტოპოსის ეს ასპექტი მთელი თავისი დრამატიზმითაა წარმოდგენილი ლიტერატურაში საზოგადოდ, მაგრამ საბჭოეთის შემთხვევაში ურბანიზაციის ამ საკაცობრიო ტენდენციას სხვა განზომილებაც ემატებოდა. საქმე ის არის, რომ საბჭოეთში არსებობდა რეგულირებული მობილობა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ადამიანის მოძრაობა, საცხოვრებლის შეცვლა და სხვა, არ იყო კერძო კაცის ნებაზე დამოკიდებული, ის რეგულირებული იყო სახელმწიფოს მიერ და ეს ხდებოდა, უმეტესად, პირდაპირი, უხეში ჩარევით, მექანიკურად და არა რაიმე ეკონომიკური მოტივაციით მოსახლეობის მხრიდან.
თუ ურბანიზაციის პროცესს ერთგვარი სქემის სახით წარმოვიდგენთ, სოფლისა და ქალაქის ანტინომია მიიღებს სოფლის ფონზე ქალაქის როგორც პუნსონის სახეს. ამ დიქოტომიური ვერსიის მიხედვით, პუნსონს აქვს თავისი შინაგანი სტურუქტურა, რომელიც ტრანფორმირდება და იქცევა მაძიებლური მუხტის მქონე ურბანულ სივცედ.
დამოწმებანი
გოგებაშვილი 1990: იაკობ გოგებაშვილი. დიდ მოამაგის დაკარგვა და საშინელი სენი. რჩეული თხზულებანი, მე-3 ტომი. თბ., “განათლება”, 1990.
ვასაძე 2010: თამაზ ვასაძე. გაბრძოლება. ‘ლიტერატურა ჭეშმარიტების ძიებაში’, ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცელმლობა, თბ., 2010.
კვაჭანტირაძე 2011: მანანა კვაჭანტირაძე. ვინ არის პეტრე?ვექტორები’ (წერილები, სტატიები) თბ., 2013.
კვაჭანტირაძე 2016: მანანა კვაჭანტირაძე. ‘XX საუკუნის ქართული ლიტერატურა’. თბ., 2016.
კოტეტიშვილი 1959: ვახტანგ კოტეტიშვილი. ‘ქართული ლიტერატურის ისტორია’. გამომცემლობასაბჭოთა საქართველო”, 1959.
კოტეტიშვილი 2016: ვახტანგ კოტრტიშვილი. ტფილისი. ‘წერილები’ (შემდგენელი ნონა კუპრეიშვილი),
 მილორავა 2016: ინგა მილორავა. ნიკო ლორთქიფანიძე. ‘XX საუკუნის ქართული ლიტერატურა’. თბ., 2016.
ოსტინი... 2005: მარკ ოსტინი, მარტა ვუდმანსი. ახალი ეკონომიკური კრიტიკა (შესავალი წიგნისა, შემოკლებით). ლონდონი _ ნიუ-იორკი, 2005 (http://ekonomikurikonceptebi.blogspot.com/2015/09/normal-0-false-false-false-en-us-x-none.html).
სუნი 2010: რონალდ გრეგორ სუნი. თბილისი რუსეთის იმპერიაში.თბილისი ცვლილებების ხანაში (ურბანულისივრცისა და ქალაქდაგეგმარების სოციალურ-კულტურული განზომილებანი)’თსუ გამომცემლობა, 2010.
ქიქოძე 1919: გერონტი ქიქოძე. ეროვნული ენერგია. თბ., მთავრობის სტამბა, 1919 (რეპრინტული გამოცემა).
ჭავჭავაძე 1887: ილია ჭავჭავაძე. სატამოჟნო პოლიტიკა ევროპაში. ფრიტედერობა და პროტექციონობა. თხზ. სრ.კრებული, . IV. (ციტ.: თენგიზ ვერულავა. უხილავი ხელისმეტაფორა და ადამ სმითი. . სემიოტიკა, # 14)
ჩიჩუა 1981: შალვა ჩიჩუა. ისტორიულ-რევოლიციური წარსული ქართულ საბჭოთა რომანში. იხ. მისივექართული რომანი-ეპოპეა’. Gამომცემლობამერანი’, თბ., 1981.
ხარბედია 2007: მალხაზ ხარბედია. კენჭგადაყლაპული. მასალები ილია ჭავჭავაძის ქალაქური ტექსტისათვის. კრ. “ილია ჭავჭავაძე _ 170. თბ., 2007.
ჯალიაშვილი 2017: მაია ჯალიაშვილი. ნიკო ლირთქიფანიძისშელოცვა რადიოთი” _ ახალი ტიპის გმირები ურბანულ გარემოში.http://ekonomikurikonceptebi.blogspot.com/2017/02/blog-post.html