Translate

Monday, September 12, 2016

სოფლისა და ქალაქის დისპროპორციული განვითარების თემა ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკასა და პროზაში


ნონა კუპრეიშვილი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი



 ეკონომიკური აზრის ისტორიაში ქალაქი და სოფელი ურთიერთ- დაპირისპირებულ ცნებებად მოიაზრება. ეს ანტაგონიზმი ძირითადად სოფლის მოსახლეობის ხარჯზე მიმდინარე ურბანიზაციის პროცესითაა განპირობებული. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თავისებურებებთან ამ საყოველთაო მოვლენას ილია ასე აკავშირებს: `ჩვენებური ქალაქები არავითარ შემწეობას არ აძლევენ ჩვენს ქვეყანას, რადგანაც იგინი უფრო მჭამელნი არიან, ვიდრე მომცემნი რისამე. ჩვენს საქართველოში არც ერთი იმისთანა ქალაქი არ გვეგულება, რომ თითონ აკეთებდეს რასმე და ამდიდრებდეს ქვეყანას ან ფაბრიკის, ან ქარხნის რისიმე ნაწარმოებითა. დიდი ქალაქები, როგორც, მაგალითებრ, ტფილისია და ქუთაისი, წარმოადგენს მარტო ბაზარს, საცა სოფლის ნაჭირნახულევი და ნაწარმოები საღდება, ისიც დიდი ვაი-ვაგლახითა და გაჭირებით... პატარა ქალაქები ხომ მარტო ბუდეებად გადაქცეულნი არიან, სადაც თავი მოუყრია ათას წურბელას ვით ქვემძრომსა, საცა ბევრნაირი ჭიაღუა ჰფუსფუსებს, რომ გამოსწოვონ და გამოღრღნან სოფელი. სხვა არა ემუნათება სოფელს რა ჩვენებური ქალაქებისგან...~ (ჭავჭავაძე, 1956: 31).
 კაპიტალისტური წესრიგის დანერგვის პირველივე ეტაპზე სოფელსა და ქალაქს შორის არსებულმა დისპროპორციამ, მართლაც ხელშესახები მასშტაბები შეიძინა. `1865 წლიდან 1897 წლამდე საქართველოს ქალაქების მოსახლეობა 72%-ით გაიზარდა, მთელი მოსახლეობა კი მხოლოდ 40%-ით გადიდდა. მოსახლეობის ზრდის მაღალი ტემპით გამოირჩეოდა თბილისი, რომლის მოქალაქეთა რიცხვი ამ პერიოდში 67 ათასიდან 100 ათასამდე გაიზარდა~ (ბენდიანიშვილი, 1999:147).
 მართალია, ილიას პროზის სიუჟეტური კოლიზიების თემატურ ცენტრად კაპიტალიზმი (ამ მოვლენის ორთოდოქსული მნიშვნელობით) არ ქცეულა, მიუხედავად ამისა, მის პროზაში ერთობ სიმპტომატურად წარმოჩნდა ქართული სოციო-კულტურული გარემოს კონტექსტში ახლად აღმოცენებული დამოკიდებულების მიზეზ-შედეგობრიობა როგორც ქალაქის, ასევე სოფლის მიმართ. იმთავითვე უნდა ითქვას, რომ ერთ-ერთი სერიოზული ბრალდება, რომელიც ილიას მისამართით მის სიცოცხლეშივე გაისმა, სწორედ ამ პრობლემას ეხებოდა. მხედველობაში გვაქვს არჩ. ჯორჯაძის კრიტიკული პათოსით გაჯერებული წერილი `პუბლიცისტი – ილია ჭავჭავაძე~: `ჭავჭავაძის ყურადღებას - წერდა არჩ. ჯორჯაძე – მარტო სოფელი იწვევდა, ამას გასამართლებელი საბუთიც ჰქონდა, რადგან ჩვენი ქვეყანა სოფლური ქვეყანაა. მხოლოდ ავტორს უნდა დაენახა, რომ სოფელთან ერთად იბადება და ისახება იმგვარი ეკონომიკური ნიადაგი, საიდანაც წარმოსდგება სრულებით ახალი და საქართველოში უცნობი ფაქტორი წარმატებისა და მოძრაობისა – აღებ-მიცემობის გაძლიერება, მრეწველობის აღორძინება, ფულის გაბატონება და ამის საშუალებით სოფლის მებატონის ხარისხის ჩამორთმევა და დაქვეითება... ავტორი მარტო სოფლის ცხოვრებას ადევნებს თვალ-ყურს, ქალაქი თავისი რთული აგებულებით აქვს სრულებით მივიწყებული... ჩვენი ავტორი კმაყოფილდება ცხოვრების ცალმხრივი შესწავლით და მასთან არ ასახელებს ძირითადს – წოდებრივ უთანხმოებას...“ (ჯორჯაძე, 1989: 65).
 არის თუ არა სამართლიანი ჯორჯაძისეული საყვედური, თუ მასში, მიუხედავად თვალში საცემი სილოგიზმისა, პოლიტიკური დროის კონიუქტურა იგრძნობა? ქართველი თავადაზნაურობის თვით საუკეთესო წარმომადგენელთა შორის (არჩ. ჯორჯაძე კი სწორედ ასეთი იყო) სოციალისტური იდეების პოპულარობას ილიამ გ. ლასხიშვილისთვის თავის დროზე მიცემული განმარტებით გასცა პასუხი: `თქვენ რომ ოცნებობთ, იმისთანა თანასწორობის, ერთობის და ძმობის, უმაღლესი სამართლიანობის სამეფო ჯერ ძალიან შორს არის არა თუ რუსეთისთვის, არამედ განათლებულ და განვითარებულ ინგლისისა და საფრანგეთისთვისაც...~ (ლასხიშვილი, 1192, 41). თუმცა ილიასეული ეკონომიკური მოძღვრების, ანუ, როგორც თვითონ უწოდებდა, `კაცთა ურთიერთშორის განწყობის~ იდეის დაწუნება, ილიას უტოპისტად გამოცხადება, მაშინაც და მოგვიანებითაც, წოდებრივი უთანხმოების დაუნახაობას, ერთგვარ სოციალურ ენთროპიას და კულტურულად ტრანსფორმირებული ქალაქის პროლეტარიზაციის იგნორირებას დაეფუძნა.
 ის, რომ ილია უნდობლობით აღიქვამს ქალაქს და, პირველ რიგში, თბილისს, მის პუბლიცისტიკასა და მხატვრულ პროზაშიც გარკვეული თანმიმდევრობით იკვეთება. თუმცა `მგზავრის წერილებში~, `გლახის ნაამბობში~, `კაცია-ადამიანში~, `სარჩობელაზედ~, დაუმთავრებელ მოთხრობებში `დიამბეგობა~ და `უცნაური ამბავი~ ავტორის მიერ ქალაქური ყოფისადმი გამჟღავნებული დამოკიდებულება ვერ იქნება ბოლომდე გასაგები და სრულად არგუმენტირებული სოფლის მეურნეობის, განათლების ქალაქური თვითმმართველობისადმი მიძღვნილი ილიას იმ წერილების გარეშე, რომლებიც მაშინდელი საზოგადოებისთვისაც და ახლაც უაღრესად რეზონანსულნი არიან. [მხედველობაში გვაქვს ილიას თხზულებათა ახალი გამოცემის XIII ტ-ში (ჭავჭავაძე, 2007) გამოქვეყნებული წერილები `ქალაქის თვითმართველობა~, `სად სომხეთი და სად ტფილისის ქალაქი?~, `ქართველებისა და სომხების განსხვავებული ხასიათი და ინტერესი~; `სწავლა-ცოდნა, როგორც მხოლოდ ფულის ხვეჭის საგანი~.]
 ილიას შემოქმედებაში ე.წ. ქალაქური ტექსტის კვლევა ლიტერატურათმცოდნე მ. ხარბედიამ წამოიწყო. მან ყურადღება მიაქცია `კაცია-ადამიანის~ სქოლიოში ჩამოტანილ ავტორისეულ განმარტებას ტფილისის პირველად მნახველისათვის კენჭის გადაყლაპვის სავალდებულო რიტუალის შესრულების შესახებ და თავის გამოკვლევას ასეც უწოდა: `კენჭგადაყლაპული. მასალები ილია ჭავჭავაძის ქალაქური ტექსტისთვის~ (ხარბედია, 2007: 57)“... ილიას პროზაში თბილისური ლექიც ჩანს და ლექის `მარგალიტებიც~, ჰარამხანები და დაცემული ქალები, ჩარჩები და დარბაისელი თბილისელები, სომეხი დიდვაჭრები და ხელმოკლე თავადიშვილები, თუმცა ამის მიუხედავად მის ნაწერებს ნამდვილად ვერ მივიმჩნევ ტიპიური ურბანისტური პროზის ნიმუშებად. ილიას ქალაქი არ უყვარდა“... თუმცა მ. ხარბედია ამ თითქოს ეჭვმიუტანელ სიცხადეში არაერთ მნიშვნელოვან აზრობრივ-ემოციურ ნიუანსს პოულობს. მაგ. `მგზავრის წერილების~, როგორც პირველი ილიასეული ქალაქური ტექსტის, ღირსებად საკუთრივ ქალაქურ ტექსტთან `ჯერ კიდევ ჩანასახში მყოფი `მამულის ტექსტის~ დაკავშირებას მიიჩნევს. მართლაც, რუსი ოფიცრის მიერ მეტროპოლიური ქედმაღლობით `წიტიან ქალაქად~ წოდებული თბილისის `უბრწყინვალეს პეტერბურგთან” შედარება, მისი დამცრობა და გამასხარავება (`აბა, რა ქალაქია თქვენი ქალაქი? ერთი თავიდამ რომ გადააფურთხო, ფურთხი ქალაქის ბოლოს დაეცემა~), მკითხველში უკურეაქციას იწვევს, ერთბაშად ხედვის დიაპაზონს უფართოვებს და ობიექტური თვითშეფასებისკენ უბიძგებს. `იზლერის ბაღი~, რომელიც ზოგადად ცივილიზაციის, კონკრეტულად კი `პეტერბურგული პროგრესის~, სიმბოლოა, მგზავრის მიერ ირონიულადაა აღქმული. თავად რუსი ოფიცრის კომიკური ფიგურა, მისი არაკონტექსტურობა რუსული კულტურის პაროდირებული სახეა. ავტორისეული თხრობის ინტონაცია მხოლოდ მაშინ იცვლება, ასე ვთქვათ, დინჯდება, როდესაც მშობლიურ წიაღში დაბრუნებული მგზავრი აქაური ბუნების ღვიძლ შვილთან, ლელთ ღუნიასთან, იწყებს საუბარს: `ქვეყნის თვალყურმადევარ კაცს~ ილია სწორედ ამ გარემოში პოულობს. თავისუფლებადაკარგულ ქვეყანაში კულტურული პარადიგმების რღვევის მტკივნეული პროცესები უბრალო მოხევის მიერ გონივრულადაა აღქმული. ავტორმა კი, როგორც ვიცით, სწორედ ამ პერსონაჟის მიერ დეკლარირებული იდეები აქცია თავისი მომავალი მოღვაწეობის ძირითად ორიენტირებად.
 ქალაქური ყოფის სირთულით გამოწვეული ზნეობრივი პრობლემები ილიას ადრინდელი პროზის მნიშვნელოვანი რეცეპტორებია. სწორედ აქ წახდება საბოლოოდ და ფუქსავატურ ცხოვრებას იწყებს “გლახის ნაამბობის” დათიკო; არანაკლებ ირყვნება სულიერად და ფიზიკურად გაბრიელის სათაყვანებელი თამრო, რომელიც საკუთარ თავს `ავლაბრის უნამუსოს~ უწოდებს; ქალაქის ქუჩებში დროშკით გასეირნებაზე ამყარებს იმედებს ბუზმენტიანი ჩოხით მორთულ-მოკაზმული, საპატარძლოს მაძიებელი ყმაწვილი ლუარსაბი, რომელსაც ამ ცდამ თუ არ გაუმართლა, მზადაა ამავე ქალაქში კარგად აპრობირებული, კეთილდღეობისა და გამდიდრების უტყუარი ხერხი – სომხის ქალის ცოლად შერთვა – გამოიყენოს (გაღარიბებული ქართველი თავადაზნაურობა ხშირად მიმართავდა ამ საშუალებას. მაგ. ივანე მაჩაბლის მამა, რომელსაც მამულების განიავების გამო მეტსახელად `პრადალას~ უწოდებდნენ, სომეხი დაბაღის ქალზე იყო დაქორწინებული).
 ტფილისისადმი ერთგვარი შიშისა და მოწიწების განცდის თვალსაზრისით, ერთი შეხედვით, ერთმანეთს ემსგავსებიან ლუარსაბის დარეჯანი და პეტრე, ილიას შედარებით გვიანდელი მოთხრობიდან `სარჩობელაზედ~. თუმცა ეს მსგავსება ზედაპირული ხასიათისაა. დარეჯანისთვის, ისევე როგორც, მისი მეუღლისათვის, ტფილისი თავისი საოცრებებით, მაინც სამყაროს ცენტრია(ხარბედია,2005:49). მაშინ, როდესაც მეურვე პეტრე მშობლიურ ქალაქს დაუფარავი უნდობლობით ეკიდება. სწორედ ამ უნდობლობის გენეზისი შეისწავლა მ. კვაჭანტირაძემ თავის წერილში `ვინ არის პეტრე?~ და პერსონაჟის ფიქრისა და ფიზიკური მყოფობის სემიოლოგიური სივრცე დასაზღვრა. მ.კვაჭანტირაძე საინტერესო რაკურსით წარმოაჩენს პეტრეს ქალაქთან გაუცხოების თემას: “სოციალური გაუცხოების (ქალაქელებმა მასხრად არ ამიგდონო - აი, რისი ეშინია პეტრეს) ხარისხზე მეტყველებს პეტრეს განუწყვეტელი შიშიც, ქალაქელების დასაცინი არ შეიქნეს... ამ შიშითა და გაუცხოებით პეტრემ მხოლოდ ქალაქი/სოფლის რადიკარულ დაპირისპირებაზე კი არ მიგვითითებს, არამედ განსხვავებულ სოციო-კულტურულ გარემოსთან შეგუების უუნარობაზე, მასთან ადაპტირების სურვილის არქონაზე... (კვაჭანტირაძე, 2009:123). გამოდის, რომ ილიას მიერ გამუდმებით აქცენტირებული ცნობიერების ტრანსფორმაციის ნიადაგზე აღმოცენებული აქტიური ხასიათის იდეა, ქალაქთან მართებულად ადაპტირების საკითხს უშუალოდ უკავშირდება. სწორედ ნების უქონლობა, ხასიათის სიმყიფე (როგორც მ.კვაჭანტირაძე აღნიშნავს, პეტრეს ვერ გადაუწყვეტია დასაძინებლად წავიდეს თუ მახათის მთისკენ გაეშუროს), უცოდინარობა (პეტრემ წერა-კითხვა არ იცის), არ აძლევს ილიას ამ პერსონაჟს საკუთარი კომპლექსების და ახალ კულტურულ არეალში აღმოცენებული დაბრკოლებების დაძლევის საშუალებას.
 რაც შეეხება ილიას დაუმთავრებელ მოთხრობებს და ვარიანტებს, მაგალითად, ფრაგმენტში, სათაურით `დიამბეგობა~ ქართველი ჟორჟ დიურუას (ცხადია, შორეული ანალოგიით) კარიერისტული მისწრაფებებია გადმოცემული. უცნაურია, რომ გუბერნიის `პრავლენიის~ დიამბეგს, ბეჟან ბეჟანის ძე კალმახელიძეს, ეროვნებით სომეხი მფარველი, ავეტიკ პერანგოვი, ჰყავს. ქალაქის მორალურ – ზნეობრივ ატმოსფეროზე მეტყველებს როგორც კალმახელიძის `ერთგულება~ იმისადმი, ვინც მას ცხოვრების გზა გაუკაფა, ასევე პერანგოვის თვითრწმენა: კალმახელიძე ვერ მიღალატებს, რადგან ქართველი ამ მხრივადაც ყოვლად უსაფრთხო არისო. იგივე ქალაქი არც ვიზუალურადაა მიმზიდველი. ამ ფაქტზე მ.ხარბედიაც ამახვილებს ყურადღებას. ჩვენ მხოლოდ დავსძენდით: მტვრიანი, ჭუჭყიანი, თითქოს გავერანებული გარემო კონკრეტულ სოციო-კულტურულ სივრცესთან არა მარტო მწერლის დამოკიდებულებას გამოხატავს, არამედ თავად ქალაქელთა სულიერი მდგომარეობასაც ავლენს.
 ყურადღებას იქცევს კიდევ ერთი დაუმთავრებელი მოთხრობა `უცნაური ამბავი~, რომლისთვისაც ყურადღება ილიალოგმა მ. ნინიძემ მიმაქცევინა და რომელიც მწერლის ოცტომეულის II ტომშია შეტანილი. მასში თავად ამირინდო დებედაძისა და მისი მეუღლის, სალომეს, ოჯახური ისტორიის მხოლოდ მცირე ნაწილია წარმოდგენილი. აი, როგორ ხსნის ავტორი პერსონაჟთა ქალაქში ჩაუსვლელობის მიზეზს: “...თავადი ამირინდო დებედაძე და მისი მეუღლე სალომე სულ მუდამ სოფლად სცხოვრობდნენ. ძალიან გაჭირებული საქმე უნდა ასჩენოდათ, რომ ამირინდოს გაებედნა ქალაქში ჩასვლა. ქალაქი ჭირივით ეჯავრებოდა და ხშირად იტყოდა. ხომ ჩვენი ქალაქია, მაგრამ იქ გული არ მიდგება, თითქო ჩვენები აბარგებულან და გახიზნულან და სხვები დასახლებულანო. გული გულს აღარ ეკარება და სურვილი სურვილსო. ლეჩაქი რა არის, ლეჩაქიც კი ვეღარსად დაგინახავს, თითქო ნამუსთან ერთად ისიც მოუხდიათ და გადაუგდიათო...’’ (ჭავჭავაძე, 1956,54). თანდათან იკვეთება ახლადფეხადგმული კაპიტალისტური ეთიკით შელახული ქალაქის მორალურ-ზნეობრივი სახე, რომელიც ამ და სხვა მიზეზითაც ილიასთვის ამ ეტაპზე გაუცხოებული დარჩენილა.
 ყოველივე ზემოთქმულიდან შესაძლებელია გარკვეული სიფრთხილით შემდეგი დასკვნა გამოვიტანოთ. ილიას ქალაქი არა ახირებულად სძულს, არამედ სრულიად კონკრეტული მიზეზების ერთობლიობის გამო არ ჩქარობს მის მიღებას, მათ შორის ქართველთა ხასიათში გამოკვეთილი ქალაქური ცხოვრების, როგორც სამოქალაქო თანაარსებობის რთული ფორმის, მიუღებლობის მიზეზითაც; გარდა ამისა, ილიასთვის ქალაქი უცხოტომელთა (სპარსელთა და სომეხთა) მიერ ათვისებული საარსებო სივრცე, ასე ვთქვათ. მიტაცებული ქალაქია, რომლის გამოხსნა განსაკუთრებულ მომზადებას საჭიროებს. თუ ყურადღებით წავიკითხავთ ი. გოგებაშვილის წიგნს `სიმართლე ტფილისის შესახებ~ (Гогебашвили 1894: 17), რომელიც საბჭოთა პერიოდში აკრძალული იყო და ე.წ. სპეცფონდებში ინახებოდა, ამასთან, ყურადღებით გავეცნობით ილიას წერილებს ქალაქის თვითმართველობაში შექმნილი მდგომარეობის გამოც (ჭავჭავაძე 2007,300;338) მივხდებით, რომ მაშინდელი საზოგადოებრივი ცხოვრების ეს სფერო, მუდმივად მიჩქმალული ან ტენდენციურად ინტერპრეტირებული, ,,თერგდალეულთა~ მოღვაწეობის ყველაზე რთული სფერო იყო. ტფილისი, ფაქტობრივად მ. ჯავახიშვილის რომანის `ქალის ტვირთის~ ერთ-ერთი პერსონაჟის დეფინიციით, “წართმეულ ქალაქად~ ითვლებოდა (სხვათა შორის, თბილისი ,,ეთნიური სუმბურის~ სიმბოლოდ XX საუკუნის 20-იან წლებშიც რჩება) და ამ ფაქტს, რაც განსაკუთრებით საშიში იყო, სწორედ ეკონომიკური სარჩული ანიჭებდა ლეგიტიმურობას. არიდებდა რა თავს ქალაქურ ყოფას, ჩვენი თავადაზნაურობა თუ გლეხობის გარკვეული ნაწილი, სამოქალაქო საზოგადოების შექმნის აუცილებელ პირობებსაც სპობდა. დასავლეთის ისტორიულ ანალოგებთან, ევროპულ ღირებულებებთან ჩვენი დამოკიდებულების კონტექსტში გაიაზრებს სოფლისა და ქალაქის როლს პროფ. კ. კაციტაძე წერილში `ქართული საზოგადოება და თანამედროვე გამოწვევები~. ავტორი აგრარული და ინდუსტრიული ევროპული ქვეყნების განვითარების სხვადასხვა დონეზე ამახვილებს ყურადღებას. მისთვის, ერთი მხრივ, ესპანეთ-პორტუგალიის (როგორც აგრარული ქვეყნების) და, მეორე მხრივ, ინგლის – ჰოლანდიის (როგორც ინდუსტრიული ქვეყნების) მაგალითმა ცხადყო სოციო – კულტურული სისტემის (ფეოდალიზმის კაპიტალიზმით) დროულად შეცვლის მნიშვნელობა. მაგ. ჰოლანდიას `პოლიტიკურ ორგანიზაციაში ჰქონდა რაღაც ისეთი, რაც ჩვენ არ გვქონდა და ამ რაღაცამ ყველაფერი განსაზღვრა. მათი საზოგადოება სამოქალაქო ხასიათის იყო. `სამოქალაქო უზოგადესი აზრით, გულისხმობს ისეთ სოციუმს, რომლის ცხოვრებაშიც გადამწყვეტ როლს ქალაქი და, შესაბამისად, ინდუსტრია თამაშობს... თუმცა ინდუსტრიალურ საზოგადოებაზე გადასვლა სრულიად არ ნიშნავს აგრარულ სექტორზე უარის თქმას. მეტიც, მანქანური ტექნიკის დანერგვის წყალობით იგი ინტენსიურად ვითარდება... (კაციტაძე, 2007: 12) ჩვენთან კი ამ ქვეთავის შესავალ ნაწილში წარმოდგენილ ილიას წერილს თუ გავიხსენებთ, ძირითადად სოფლის ხარჯზე მცხოვრები ქალაქები არსებობდა. ამასთან მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ქალაქის მმართველობის წესიც, რომელიც ხელმძღვანელ პირთა არჩევითობას და ანგარიშვალდებულებას ითვალისწინებს. ჩვენ კი პრობლემები გვქონდა, როგორც სოციო-კულტურული გარემოს სტაგნაციის, ისე ქალაქის მმართველობის მხრივ, სადაც გარკვეული პერიოდის მანძილზე, ქართველებს ხელი საერთოდ არ მიუწვდებოდათ. სამხედრო – ფეოდალური საზოგადოების სულისკვეთება ჩვენში ასე მკვეთრად ვერ დაუპირისპირდა სამოქალაქოს, რამაც (ცხადია, მეტროპოლიის მანიპულირებითაც) საზოგადოებრივ გარდაქმნათა ტემპის თვალსაზრისით ,სასურველი შედეგები ვერ მოგვცა. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ინგლისელთა და ჰოლანდიელთა მიმართება სამყაროსადმი შრომას ეყრდნობოდა. კ. კაციტაძე ამ ცნებასთან დაკავშირებით საგულისხმო განმარტებას გვაწვდის: “შრომა და წარმოება არ გულისხმობს მხოლოდ საქონლის მასობრივ წარმოებას სათანადო ფინანსური საშუალებების (კაპიტალის) მოზიდვის გზით და მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. შრომის არსი უფრო ძირეულია და გულისხმობს საკუთარი თავისადმი ახალი მოთხოვნების წარდგენასა და ორგანიზაციის ახალ კულტურას. საბოლოო ჯამში ეს იგივეა, რაც საკუთარი თავის ხელახლა ჩამოყალიბება~ (კაციტაძე, 2007: 13). ნათელი ხდება, რომ ინდუსტრიული საზოგადოება, ქალაქური ცხოვრების წესი მატერიალური და სულიერი რესურსების მობილიზებას მოითხოვს. ილია კარგად გრძნობდა გადასაჭრელი პრობლემების კომპლექსურობასა და ურთიერთდამოკიდებულებას. მას უნდოდა ეს ცოდნა საზოგადოებისთვის მიეწოდებინა, რაც დიდი და მნიშვნელოვანი ამოცანა იყო. გაირკვა, რომ მსგავსი ამოცანის გადაჭრას არა ერთი ადამიანის, არამედ რამდენიმე თაობის ძალისხმევა სჭირდებოდა.
   ბატონყმობის გაუქმების წინა წლებში, და შემდეგაც, ილიას მიერ მთელი სიმწვავით დასმული გლეხთა მიწიანად განთავისუფლების საკითხი რამდენიმე მიმართულებით შეიძლება განვიხილოთ: ა) მატერიალური დოვლათის რეალურად შემქმნელი სუბიექტის სტატუსის შეცვლა ანუ გლეხის მესაკუთრედ გადაქცევა ბ) გლეხისა და ბატონის, უფრო სწორად ნაყმევისა და ნაბატონარის არა მოსისხლე კლასებად, არამედ კანონით რეგულირებულ უფლება-მოვალეობათა საშუალებაზე გამიჯნულ საზოგადოებრივ ფენებად ჩამოყალიბება; გ) ახალი სოციო-კულტურული (ჩვენს შემთხვევაში, ანტიფეოდალური) სისტემის შესაქმნელად ნიადაგის მომზადება; დ) დაქირავებული მუშახელის ფორმირება; დაქირავებული შრომის მნიშვნელობის რაციონალიზება.
 როგორც ცნობილია, საქართველოში ბატონყმობის გაუქმება (1864 წელი) რუსეთის საიმპერატორო კარზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელდა. ეს იყო პოლიტიკურად და ეკონომიკურად დაგვიანებული აქტი. ძნელი წარმოსადგენია, რომ სწორედ მაშინ, როდესაც იმპერატორი ალექსანდრე მეორე გაუბედაობას იჩენდა და ე.წ. საგლეხო რეფორმის მიღებას აჭიანურებდა, ლონდონში პირველი მეტროპოლიტენი გაიხსნა. წინააღმდეგობები რუსეთის იმპერიის სოციალურ კონტექსტში სამი ძირითადი ტენდენციის ფონზე მწიფდებოდა: ა) მეფის მიერ გამჟღავნებული რეფორმაციის სურვილი; ბ) მსხვილ მემამულეთა პროტესტი რეფორმის მიმართ; გ) რევოლუციონერთა მარგინალური ჯგუფების მიერ ჩამოყალიბებული და იდეოლოგიზებული ტაქტიკა, რომლის უახლოესი მიზანი საზოგადოებრივი ცხოვრების უკიდურესი რადიკალიზაცია იყო.
 ვინც კულტურის ტიპოლოგიით ნაკარნახევ დაკვირვებებს ყველაზე მყარ არგუმენტად მიიჩნევს, კიდევ ერთი გარემოების გათვალისწინება მოუწევს. ესაა გერცენისა და ინგლისში გამოქვეყნებული მისი ჟურნალ `კოლოკოლის~ არა მარტო ანტიბატონყმური, არამედ ანტიიმპერიული მესიჯის რეზონანსი, რომელიც ილიასთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი და საყურადღებო იქნებოდა, ვიდრე ყბადაღებული დობროლუბოვ-ბელინსკის პოლემიკური წერილები ან ჩერნიშევსკის რომანი `რა ვაკეთოთ?~. ისიც რეალობაა, რომ ილიას, რეფორმასთან დამოკიდებულების თვალსაზრისით, პირადი გამოცდილება გააჩნდა, დაწყებული ყვარლის გლეხების განთავისუფლებით (ყვარელში, ილიას ნამოურავალ ნოშრევან ჯაფარიძის ინფორმაციით, `ილიასგან ნაყმევებს ნაჩუქარი ჰქონდათ ნადელები, ვენახები და სამოსახლოები...~ – ანდრონიკაშვილი, 1940:38) და დამთავრებული საგურამოს მეურნეობის წარმოებით, რომლის განუყოფელ ნაწილად არტურ ლაისტი ილიას მიერ ევროპიდან გამოწერილ და მალევე ხმარებიდან გამოსულ შრომის ინვენტარებს წარმოგვიდგენს (ლაისტი, 1924: 33). რეფორმამდელი გლეხი, შუა საუკუნეების პირობებში ჩაყენებული, მიწასთან თუ ქარხანასთან მიბმული მონა, შრომისუუნარო, უმოქმედო და უინიციატივოა. ბუნებრივია, მისით მანიპულირება ბევრად უფრო ადვილი იყო, ვიდრე პერსონალიზებული, ანუ როგორც ილია იტყოდა, `თვალახელილი~ ადამიანისა. ყველაფერთან ერთად, ფაქტობრივად, გაუნათლებელი და, რაც მთავარია, მონობას შეჩვეული გლეხი ფინანსურადაც მომგებიანი იყო, რადგან მისი გამოყენება დამატებით ხარჯებს არ მოითხოვდა. დაახლოებით ასეთივე მდგომარეობა იყო საქართველოშიც, მხოლოდ, თუ შეიძლება ასე ითქვას, `ქართული შტრიხების~ დამატებით. 1865 წელს შექმნილ სოციალურ პიესაში `გლეხთა განთავისუფლების პირველ – დროების სცენები~ სახეზეა 1864 წლის რეფორმაზე ორივე სუბიექტის, მებატონეებისა და ნაყმევების, ქართული რეაქცია. :”მეფე ერეკლესდროინდელი, თორმეტი მეფეთ-მეფის ბეჭდით და თვით ხონთქრის ხელით გამაგრებული არარსებული ოქმით მიწაზე საკუთრების დაჩემება; სიბრიყვე და ფარისევლობა (თუმცა ეგ სიკეთე სხვა შემთხვევაშიც უხვად იყო წარმოდგენილი); ნაბატონარის ქვრივის მიერ `წყევლითა და ქოქით~ სოფლის აკლება; საკუთარი ნაყმევის უცნაური `მფარველობა – `აზიზად მყავს გაზრდილი, მაგას ერთი ორმოცი – სამოციოდე რუსის წკეპლა ჭირადაც და ლხინადაც თავისუფლად ეყოფა. რა ვქნა? ჩემი გაზრდილია მაინც მებრალება... ეს კია რუსს უნდა დააკვრევინო როზგები, თორემ ქართველი, ხომ მოგეხსენებათ მაგისთანებში ქალაჩუნა არის, ისე ვერ დაკრავს, როგორც ზაკონი და კანონია...” და, რაც მთავარია, ბატონყმობის მამაშვილური ხასიათის აქცენტირება. მებატონე: `გაუყრელს ვერავინ გაჰყრის~; ნაყმევი : `შენი ჭირი მენა ვარ, ჩემი ლხინი შენა ხარ, გულს როგორ ავიყრი... ორი დღის მიწისათვის შენ დაგკარგავ?! ამ ფარატინას ჩვენს სიყვარულს როგორ დავარღვევინებ?~; ორივე ერთად: `წამო, ერთი ჩვენ კაკალ ქვეშ ჩავსხდეთ და ერთი კიდე ხელახლათ დავიძახოთ მე და შენ: `ბატონისა ვარ ლაღი ყმა, მტერო, არ შეგეპოვები~ – თქო და სხვამ რაც უნდა თქვას~ , _ ჭავჭავაძე, 1957:397-404). საგულისხმოა, რომ მონური სილაღე ამ კონტექსტში სრულყოფილი არსებობის იმიტაციად წარმოგვიდგება. ცხადია, ერთი მხრივ, ამგვარი აგრესიული კონსერვატიზმითა და მეორე მხრივ, უსახური ლოიალობით ყოველდღიურ ცხოვრებაში იმ პოზიტივის რეალიზებაც შეუძლებელი გახდებოდა, რაც ზემოაღნიშნულ რეფორმას, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ახლდა.

ლიტერატურა:


ანდრონიკაშვილი 2007: ანდრონიკაშვილი ზ. მამულის დაბადება ლიტერატურის სულიდან; კრ. `ილია ჭავჭავაძე-170~, თბ. 2007.
გაბაშვილი 1956: გაბაშვილი რ. მოგონებანი, მიუნჰენი, 1956.
გოგიჩაიშვილი 1972: გოგიჩაიშვილი ფ. წერილები, თბ. 1972.
ვაჟა-ფშაველა 1964: ვაჟა-ფშაველა, თხზ. სრ. კრებული ათ ტომად, ტ.VII, თბ. 1964.
კაკაბაძე, 2008: კაკაბაძე გ. რუსული იდეა, ჟურნ. `ცხელი შოკოლადი~, ლიტერატურა 2008, #12.
კანკავა 2005: კანკავა გ. ქართველის მგზავრობა ცოდნისა და მოკეთის საძიებლად, _ უმოკლესი გზა შინისაკენ, ჟურნ. `სჯანი~, #6, 2005. 
კალანდარიშვილი 2007: კალანდარიშვილი გ. კრიტიკული დისკურსისა და მხატვრული ხედვის კრიტიკა ი. ჭავჭავაძის შემოქმედებაში, სამეც. კრებ. _ `ილია ჭავჭავაძე და მისი ეპოქა~, თბ., 2007.
კაციტაძე 2007: კაციტაძე კ. ქართული საზოგადოება და თანამედროვე გამოწვევები, თბ., 2007.
კიკაჩეიშვილი 2007: კიკაჩეიშვილი თ. არაორგანულ ბუნებასთან ილია ჭავჭავაძის დამოკიდებულებისათვის, კრ. `ილია ჭავჭავაძე-170~ თბ. 2007.
კიკნაძე 2007: კიკნაძე ზ. ილია ჭავჭავაძის სიმბოლური აზროვნებისათვის; კრ. `ილია ჭავჭავაძე-170~ თბ. 2007.
კვაჭანტირაძე 2011: კვაჭანტირაძე მ. ვინ არის პეტრე? კრ. `ილია ჭავჭავაძე გლობალიზაციის სათავეებთან~, თბ., 2011.
ლაისტი 1923: ლაისტი ა. საქართველოს გული, ტფ. 1923.
ლასხიშვილი 1992: ლასხიშვილი გ. მემუარები, თბ. 1992.
ნიკოლაძე 1930-32: ნიკოლაძე ნ. რჩ. ნაწერები, ტ. II. თბ. 1930-32.
ნინიძე 2007: ნინიძე მ. სხვის დახლთან მდგომი ერი, ჟურნ. ფუძე, #7, 2007.
ტაბიძე 1985: ტაბიძე ტ. ლექსები, პოემები, პროზა, წერილები, თბ. 1985.
ფირალიშვილი 2007: ფირალიშვილი ზ. ილია _ ისტორიული კონტექსტი და პიროვნება; კრ. `ილია ჭავჭავაძე-170~, თბ. 2007.
ქიქოძე 2003: ქიქოძე გ. პატარა ერის ხვედრი (პუბლიცისტიკა), თბ. 2003.
ყორანაშვილი 2008: ყორანაშვილი გ. ილიას ფენომენი, თბ. 2008.
ჩაისნერი ო. ორი სამყაროს მგავრ_თერგდალეულთა იდენტობის კონფლიქტი და ეროვნული ცნობიერება; კრ. სეკულარიზაცია, თბ., 2008.
ჩიტაური 2009: ჩიტაური ნ. `ორნაირი სწავლება~ ლიტერატურული ძიებანი 2009.
ჭავჭავაძე 1987: ჭავჭავაძე ი. თხზ. სრ.კრებული ოც ტომად, თბ. 1987.
ჭავჭავაძე 1951: ჭავჭავაძე ი. თხზ. სრ.კრებული ათ ტომად, თბ. 1951.
ჭავჭავაძე 2007: ჭავჭავაძე ი. თხზ. სრ.კრებული, ტ. XIII, პუბლიცისტური წერილები, თბ. 2007.
ჭავჭავაძე 1977: ჭავჭავაძე ი. ორტომეული, თბ. 1977.
ჭავჭავაძე 1956: ჭავჭავაძე ი. თხზ. სრ.კრებული, ტ.VIII, თბ. 1956.
ხარბედია 2007: ხარბედია მ. კენჭგადაყლაპული. მასალები ილია ჭავჭავაძის ქალაქური ტექსტისათვის; კრ. `ილია ჭავჭავაძე-170~. თბ. 2007.
ჯავახიშვილი 1964: ჯავახიშვილი ი. მასალები საქართველოს ეკონომიკური ისტორიისათვის; თბ. 1964.
ჯავახიშვილი 1934: ჯავახიშვილი ი. საქართველოს ეკონომიკური ისტორია; ტფ. 1934.
ჯავახიშვილი 1938:L ჯავახიშვილი ი. ილია ჭავჭავაძე და საქართველოს ისტორია; ტფ. 1938.
ჯავახიშვილი 2001: ჯავახიშვილი მ. წერილები (რ.შიშნიაშვილის რედ.); თბ. 2001.
ჯორჯაძე 1989: ჯორჯაძე ა. რჩეული წერილები, თბ. 1989.
Osteen, 1999: The New Economics Criticism. Studies at the Entersection of literature and Economics., Ed. M.Wodmanse, M.Osteen, London, N.Y. 1999.
Макеев 2002: Макеев M, Договор с дьяволом в условиях становления капитализма в России (Экономическое значение христианской символики у Салтыкова-Щедрина), НЛО, # 58, 2002.

No comments:

Post a Comment