Translate

Monday, September 12, 2016

აკაკი წერეთელი და ქართული მწერლობის პროფესიონალიზაციის პროცესი

ნონა კუპრეიშვილიფილოლოგიის დოქტორი, შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

Картинки по запросу აკაკი წერეთელი

მრავალრიცხოვან მემუარულ  ჩანაწერებში,  რომლებიც  აკაკი  წერეთელს  ეძღვნება,  არც  ისე  ადვილია  X1X-XX  საუკუნეთა  მიჯნის  სოციო-კულტურულ  ინტერიერში  პოეტის   ობიექტური   პორტრეტის  აღდგენა.  ეს არც  არის  გასაკვირი,  რადგან  არც ერთ  ქართველ  მოღვაწეს, პოეტი   იქნებოდა   ის,  პროზაიკოსი  თუ  პუბლიცისტი   (თუ ყველაფერი ერთად),  არ ღირსებია  ისეთი  საყოველთაო  აღტაცება,  როგორიც   აკაკის.  ვასილ  ამაშუკელის  ცნობილ  ფირზე  აღბეჭდილ  ,,მოგზაურობა  რაჭა-ლეჩხუმში“   (191  წ.)  ჩანს  თაყვანისცემის ისეთი  ხარისხი,  რომლის  ახსნა  მხოლოდ  ნაწილობრივაა   შესაძლებელი.  თუ    კონკრეტიკას  მივყვებით,  სახეზეა    რეალური  და  პოტენციური  მკითხველების  პოეტთან   არნახული   ერთიანობა,  გმირისმაძიებელი  ჩაგრული  და  უუფლებო  საზოგადოების  ეგზალტაცია,   პოეტური  სიტყვის,  შესაბამისად   კი  მწერლობის, მაღალი  ავტორიტეტი,  და  როგორც  ხშირად  ამტკიცებენ   ხოლმე,   ილიასთვის  გადაუხდელი ვალის  გამოსყიდვის  მცდელობაც.  დანარჩენი, როგორც იტყვიან, მეტაფიზიკაა.
      ამ  ყველაფერში  სხვებზე  უკეთ, როგორც  ჩანს,  მაინც  აკაკი იყო  გარკვეული, რაც  დასტურდება  კიდეც   ერთ-ერთი   მემუარისტის,  ივანე იოსელიანის,  მოსაზრებით: ,,პირადი  ბედნიერება  ქვეყანას  მტლად  დაუდო   და  50  წლის  შრომას   არავინ  უფასებს.  რამდენი ახალი საქმე  წამოუწყია  ნახევარი საუკუნის  მანძილზე.  მარტო  ჭიათურის  მარგანეცის  აღმოჩენა  რად  ღირს,  მაგრამ  აქაც  სახელიც  სხვას  დარჩა  და  სახრავიც;  პენსია  აღუთქვეს,  მაგრამ  ფულის  მისაღებად  მისულს  სამი  თითის  კომბინაცია  აჩვენეს;  მაშ,  ვის  უნდა  ვუმადლოდე,  რომ  დღემდე  შემრჩენია  სიცოცხლე  და  შრომის  სურვილი   -ჰკითხულობს  პოეტი  და  თვითონვე  უპასუხებს:  ხალხს,  უბრალო  ხალხს,  რომელმაც  უკრიტიკოდ  მიმიღო“.
             ხალხის  ისტორიის  სუბიექტად  წარმოჩენა,  მისი  სახელით  აპელირება, რასაც   აკაკი  ხშირად  მიმართავდა, ისევე,  როგორც ხალხის  გენიის  გადაჭარბებული  შეფასება,  იმ  გარდამავალი  ეპოქის  გამოძახილი იყო,  რომელშიც  პოეტი  ცხოვრობდა.  სწორედ  ამ  ეპოქამ  მოამწიფა  და  შეუქცევადი  გახადა   ჯერ  დასავლეთ,  შემდეგ  კი  აღმოსავლეთ  ევროპაში  ლამის  საყოველთაო  ფსიქოზად  ქცეული  იდეოლოგიურად  კარგად  შეფუთული სოციალური  რევანშის  იდეა, აქედან გამომდინარე  ყველა  შედეგითურთ.  თუმცა ეს  არ  იყო ერთადერთი სიახლე.  აკაკის  მოღვაწეობის  პერიოდი,  რომელსაც    საფუძვლიანად   უწოდებენ   როგორც ,,დიდი რეფორმების“,  ასევე  ტერორიზმის  ზრდისა  და  რევოლუციური  პროტესტის ღიად  გამოხატვის  ხანას,  ყურადღებას  ,,პროფესიების  წარმოქმნითაც“  იქცევს.  ამ  მოვლენამ  კი   სერიოზულად  შეცვალა  მწერლობის, როგორც  პროფესიისა  და  თავად  მწერლის   სტატუსი.  თავის  ხანგრძლივ  და  რთულ   შემოქმედებით  გზაზე  აკაკიმ  არა მარტო  აქტიური მონაწილეობა მიიღო  ქართული  ლიტერატურისა  და კულტურის  გარდაქმნაში,  არამედ   შეძლო ერთ-ერთი  პირველი პროფესიონალი მწერლის სახელის  დამკვიდრებაც,   რაც   ჩვენი საზოგადოების  განვითარების  მთელ  რიგ  თავისებურებათა  გათვალისწინებით,   სერიოზულ    სირთულეს  წარმოადგენდა.
    მკვლევართა  ის  ჯგუფი, რომელიც  ეკონომიკურ  კრიტიკას  ლიტერატურული  კვლევების ახალ  და  პერსპექტიულ  მიმართულებად  მიიჩნევს,  ტერმინ  ,,პროფესიონალიზმს“, როდესაც   მას  ლიტერატურასთან  მიმართებით  განვიხილავთ,   სამი  სხვადასხვა  მნიშვნელობით    წარმოგვიდგენს: ა)  როგორც  ,,მოწოდებას“; ბ)  როგორც  ფინანსურად  სტაბილურ   საქმიანობას  და  არსებობის   ძირითად  საშუალებას;  გ) როგორც  ავტორის  ხაზგასმულ  პატივისცემას  სიტყვისადმი, ამასთან  კრიტიკოსის  პასუხისმგებლობას   მკითხველის  წინაშე.   ვნახოთ, რამდენად  მიესადაგება  ამგვარი  დიფერენცირება    X1X  საუკუნის  დასასრულისა    და   XX  საუკუნის  დასაწყისის   ქართული  მწერლობის    განვითარების  დინამიკას  და  თვით აკაკის  ამ პროცესებში   მონაწილეობის  სხვადასხვა   ასპექტებს.
   იმისათვის, რომ  მწერალს  ასე  თუ  ისე  ეცხოვრა  თავისი  შრომის  ანაზღაურებით, ბუნებრივია, მხოლოდ მოწოდება  საკმარისი  არ  იყო.  ვერც  ტალანტი,  წარმოსახვის უნარი  თუ  განათლება  ჩაანაცვლებდნენ  იმ  ფინანსურ  მხარდაჭერას, რომელიც მას  მოღვაწეობის საწყის ეტაპზე  მაინც  სჭირდებოდა.   საჭირო  იყო გარკვეული საზოგადოებრივი  ინსტიტუტები ,  რომლებსაც   დასავლეთ  ევროპის  მსგავსად  რუსეთშიც  (თუმცა, როგორც ყოველთვის,  ნელი  ტემპით  და  დაგვიანებით) ეყრებოდა  საფუძველი.  აქ,  როგორც უილიამ  ტოდი  თავის  უაღრესად  საგულისხმო  წერილში  ,,დოსტოევსკი, როგორც  პროფესიონალი მწერალი:  პროფესია,  საქმიანობა,  ეთიკა“  (НЛО,  2002, 149)  აღნიშნავს, X1X    საუკუნის 20-30-იან  წლებში  ასე  თუ  ისე  მაინც ,,იწყება  მოძრაობა  არისტოკრატული  სალონებიდან  და  სტუდენტური  წრეებიდან  ბაზრისკენ,  ხოლო  კრიტიკა,  რომელსაც  უნდა  წარემართა  მკითხველთა  დამოკიდებულება,  ჯერ  არ  იყო  ჩამოყალიბებული“. ჩვენს   რეალობასთან   მიმართებით,დაუმატეთ   ყოველივე   ამას  საზოგადოების   სრული  დეზორიენტაცია,   თანდათანობით  ძალის  მომკრები  გამარუსებელი  პოლიტიკა   და  მართებულად  შეაფასებთ  იმ    მომენტის  ისტორიულობას, რომელსაც, ფაქტობრივად,  ,,სულზე   მოუსწრო“  ,,თერგდალეულთა“  თაობამ  და  რომლის  ერთ-ერთი   ანგარიშგასაწევი   ძალა   აკაკი  წერეთელიც  იყო.  
   საკმაოდ   რთულია  საუბარი   მწერლობის  პროფესიონალიზების პროცესის  თანმიმდევრობასა და  ლოგიკურობაზე  იქ,  სადაც  სერიოზული კულტურული წყვეტა  ხდება -  სწორედ ისეთი, როგორიც   X1X   საუკუნის  დასაწყისის   საქართველოში.  ჩვენი ტექსტოლოგების  საინტერესო  დაკვირვებით  ,,1801 -1837 წლებში   თბილისში  რვა  წიგნი დაბეჭდილა  მხოლოდ.   მიზეზი  ამისა  ის  გახლდათ,  რომ  ქართველობა  იგლოვდა  დაკარგულ  ეროვნულ  თავისუფლებას  და, როგორც  ჩანს,  წიგნისთვის  არ  ეცალა“. ( გაბოძე,  2009,  9).
    ცნობილ  ოჯახებსა  და  ლიტერატურულ  სალონებში  შეკრება,  განუსაზღვრელი  ვადით  საწერი   მაგიდის  უჯრაში  იმთავითვე  გამოსაკეტად   განწირული  ლექს-პოემები,   შემოქმედისა  და  მკითხველის  ურთიერთგაუცხოება  და  მხოლოდღა  განსჯა-საუბარი  მომავლის ლიტერატურაზე -  ეს  ყველაფერი  XY111- X1X   საუკუნეების  პირველი   ნახევრის ქართული საზოგადოების  მოაზროვნე  ნაწილსაც  ახასიათებდა.  ღვთის  პირიდან  გადავარდნილი  ვოლტერის  გამო  შვილთან   უბრად  მყოფი  ქართლ-კახეთის  უკანასკნელი   მეფე  გიორგი X1 ,  ზნეობრივად  და  ინტელექსტუალურად  მთლიანი პიროვნების , ს. დოდაშვილის,  ,,ტფილისის  უწყებათანის  ლიტერატურული  დამატება“,  ერისთავისეულ-კერესელიძესეული  ,,ცისკარი“,  ფრანგული  რომანტიზმით  შთაგონებული   ალექსანდრე  ჭავჭავაძის  ანტისპარსული, ანტიაღმოსავლური   გზავნილი და  ბარათაშვილის იმედიანი:  ,,ლიტერატურა  ჩვენი,  ღვთით,  დღე  და  დღე  შოულობს  ახალთა მოყვარეთა.  მრავალნი  ყმაწვილნი  კაცნი,  მოცლილნი  სამსახურითგან,  მყუდროებაში  და მარტოობაში,  შეეწევიან  მამეულს ენას, რაოდენითა  ძალუძთ...“ -  ამ ,,უგზოობის  წლების“ ნათელი  გამოვლინებებია. ცხადია, არისტოკრატია  მწერლობის   პროფესიად  ქცევის  აუცილებლობის  აღიარებისგან  შორს  იდგა  (ქართველმა  მეფე-პოეტებმა  მწერლობას   საკრალურობა  შესძინეს  - ზ. ანდრონიკაშვილი),  თუმცა  უკვე  50-იანი   წლებიდან  ლიტერატუსათან   ახლოს  მდგომ  გამომცემელთა  და  წიგნის  გამავრცელებელთა  აქტიურობა   პერსპექტივაში  ამ  იდეას  შეუძლებელს  სულაც არ  ხდიდა.  პლ. იოსელიანისა  და  დ. ჩუბინაშვილის  გარდა,  პ.  უმიკაშვილი,  ივ. კერესელიძე, მოგვიანებით   ზ.  ჭიჭინაძე, უშუალოდ  აკაკისთან  დაკავშირებული  ექვთ.  ხელაძე,  ნ.   და   გ. დისამიძეები,  ი. მერკვილაძე,  ძმები ჭილაძეები, მ.  ლაღიძე, ი. მანსვეტაშვილი, კ.  თავართქილაძე,  ა. ღულაძე)  სწორედ ამ  ტიპის   ინიციატივებს, ანუ  მწერლობის    სხვა   განზომილებაში  გადაყვანის, მისი   კომერციალიზების  ტენდენციას  განასახიერებენ.  
     და  მაინც,  ლიტერატურული  შრომისადმი   განსხვავებული  დამოკიდებულება   იწყება  ილიას  მიერ კოზლოვის   ,,შეშლილის“  უხეირო  თარგმანის  გამო   დაწყებული    კონცეპტუალური  კამათით,  რომელსაც  ეპიგრაფად  ბელინსკის ცნობილი  ციტატა  აქვს  წამძღვარებული.  ეს  ის  ბელინსკია, რომელიც  ახალი  რეალისტური  ესთეტიკის შექმნასთან  ერთად,    სერიოზულადაა  დაინტერესებული  მწერლობისა  და კომერციის  ურთიერთობათა  დარეგულირების  პრობლემით. (მაგ.   ბელინსკი  გოგოლთან  და    სენკოვსკის ჟურნალ   ,,Библиотека  для  чтения“-სთან   ერთად  პოლემიზირებას  ეწევა   ვინმე  შევიროვთან,  რომელიც  ლიტერატურული შრომის  ფულადი  ანაზღაურებით   მწერლობას  დაქცევას  უწინასწარმეტყველებს.  მისი  არგუმენტები ასეთია:  ფასიანი ავტორები   შეგნებულად  ხდებიან  მრავალსიტყვიანნი,  ვაჭრობა  დაღუპავს  გემოვნებას,  აზრს, მორალს, დახვეწილობას,  მართალ  კრიტიკას   -  ტოდის   დასახ.  წერილი).  შემთხვევითი  ადამიანებისგან   ლიტერატურული  ველის  გაწმენდა,  მისი  მიზანდასახულობისა  და  პასუხისმგებლობის  გამოკვეთა, რასაც  ილია მოითხოვდა, იყო კიდეც  მწერლობის   პროფესიონალიზებისკენ  გადადგმული  ქმედითი ნაბიჯი.  აკაკიც იწონებდა  ამ  ნოვაციას  და მიუხედავად იმისა, რომ  მის  დამნერგავს  არც ისე ძლიერ  პოეტად მიიჩნევდა, იმავდროულად   ყველაზე  გონიერ ანგარიშგასაწევ  მოღვაწეს  უწოდებდა.
   ალექსანდრე   მეორის  რეფორმების  სასტარტო   ეტაპზე,  1859  წელს,  რუსეთში  ინგლისის  სამეფო  ფონდის  მიბაძვით  იქმნება   თვითმმართველობითი  საქველმოქმედო ორგანიზაცია    ლიტერატურული   ფონდი (აქამდე  ამ  ტიპის ორგანიზაციები  აკრძალული იყო),  რომელიც  სესხების, დახმარებების  და   ძირითადად  შემოწირულობების  ხარჯზე  ეხმარებოდა მწერლებს, მეცნიერებს  და  მათ  ოჯახებს.  ჩვენთან   მეტ-ნაკლებად  მსგავსი ორგანიზაციები  მოგვიანებით  შეიქმნა:  1879 წელს   ,, წერა-კითხვის   გამავრცელებელი   საზოგადოება“   და   1890   წელს  ,,წიგნის   გამომცემელთა   ქართველთა  ამხანაგობა“.  ნათელია  ის  კანონზომიერებაც, რაც  მათ წარმოქმნას  განაპირობებს:  მწერლის   შრომის  სათანადო დაფასება ,  ამასთან   ჟურნალისტიკის, როგორც პროფესიონალური  მწერლობის  კიდევ  ერთი  სახეობის,  შემდგომი  განვითარება, რომლის გარეშე   შეუძლებელია რამდენადმე ადეკვატური  მკითხველთა  აუდიტორიის  შექმნა   და  საგამომცემლო   საქმის   გაფართოება, რაც  თავის  მხრივ  ეფუძნება  საზოგადოების   განათლების  საერთო დონეს  (მაგ. ინგლისში   ნიჭიერების გარდა,  მობილური   და  მზარდი  საზოგადოების  სწორედ  ეს  ატრიბუტები  განაპირობებდა  ჩარლზ  დიკენსის  წიგნების  არნახულ  ტირაჟსაც  და  მათი გავრცელების სისწრაფესაც). მოკლედ, ერთმანეთთან მჭიდროდ  დაკავშირებული  ეს  ტრიადა:  საყოველთაო  განათლება,  ჟურნალისტიკით  თავისუფალი სიტყვის   უფლებების  კულტივირება, წიგნის ბაზრის გაფართოება   ის  სამი  საყრდენი იყო, რომელზედაც  უნდა დაფუძნებულიყო  მწერლობის  პროფესიად გადაქცევა.
     ორი  რამ, რაშიაც   ყველა  თაობის  მკვლევარი  თანხმდება   -  აკაკის    გამორჩეული   მახვილ(გნებავთ, მწარე)სიტყვაობა  და   სახელმწიფო  სამსახურისადმი  სრული უნდობლობაა.  ამ  ორმა  ფაქტორმა, უფრო  ზუსტად  კი,  თავად  პოეტის  თვითშეფასება   რომ  გამოვიყენოთ,   ახირებულობამ,   განაპირობა  მისი  მატერიალური  სივიწროვეც (თვითონ  ,,კნიაზურ  ჯიბეს“ რომ უწოდებდა) და  გარკვეული  თვალსაზრისით, მისივე  ყველა  ტიპის  ტექსტის  როგორც  თემატური, ისე  მხატვრულ-კონცეპტუალური  გადაწყვეტაც. აი, რას ეუბნება  იგი  სამწერლო  მოღვაწეობის  მოსურნე  ერთ  ახალგაზრდას:  ,, ...მთავრობის  სამსახურში  მაინც  არ  შეხვიდე,  სადმე  კერძოდ  მოეწყვე... სამსახური  საზოგადოდ  ღუპავს  კალმის  მუშაკს.  ეგაა  ჩვენი უბედურება,  რომ  უსახსრონი  ვართ  და  ბევრი  საიმედო  ახალგაზრდა  იღუპება  სამსახურის  ჭაობში...“  (მოგონებანი,  1990,  214) 
     ბატონყმობის  რეფორმირების პერიოდში  (იქ  ჩრდილოეთში უკვე  გამოცხადდა  მანიფესტით, აქ  ჩვენთან  სადაცაა  უნდა   გახმაურდეს)  რუსეთიდან  ჩამოსულ აკაკის  (1862),  როგორც  თანამედროვენი  ირწმუნებიან,   სახელმწიფო  დაწესებულებებში  სამსახურს  სთავაზობენ,    თუმცა  ახალგაზრდა  თავადიშვილი,  მაშინ  ჯერ კიდევ ბევრისთვის გაურკვეველი  ღირებულებებით,  მოხელეობა- ჩინოვნიკობის    მოძულე  აღმოჩნდება.  ამით  იგი  მის  მომლოდინე   როგორც  ძველი, ისე ახალი  თაობის  წარმომადგენლებს  გააწბილებს.  თუ  რატომ  ძველებს  -  ადვილი  გასაგებია.  თავადაზნაურობას,  რომელსაც  არ  ეთმობა  საკუთარი  პროვილეგიები  (სხვათა  შორის,  ეს  თვისება  თავად პოეტსაც ახასიათებდა  და ამაზე  ქვემოთ  ვისაუბრებთ),   აკაკის  პოეტობა, ანუ   მესტვირეობა  მაღალი ფენის  წარმომადგენლისთვის  სათაკილო,  შეურაცხმყოფელ  საქმედ  მიაჩნია  და  არსებული ვითარების  გამოსწორებას  იმედოვნებს.  გავიხსენოთ თუნდაც  თავად  კონსტანტინე  აბაშიძის  ცნობილი  წერილი  აკაკის  მამის,  როსტომ  წერეთლისადი:  ,,ძმაო  როსტომ!   შენი  შვილი  რომ  რუსეთიდან  დაბრუნდა,  ჩვენ  ყველა  სიხარულით   მივეგებეთ:  გვეგონა,  რომ  ოჯახს  ფეხზე   დააყენებდა   და   ჩვენც, მისიანებს,  გვარგებდა, მაგრამ  მის  ნაცვლად,  რომ  სამსახურში  შესულიყო  და  წინ  ბიჯი  წაედგა,  ან  ადვოკატობით  სხვებსავით  მოეხვეჭა  რამე,  ეგ  დალოცვილი  მესტვირეობას  გამოუდგა  და  ლანძღვით  ქვეყანა  გადაიკიდა...აქ  იმერეთია.... მაგრე   ხომ არ  იტყვიან,  ქვეყანა  დასცინის...“  (კვალი , 1893,  #34) .  რაც  შეეხება  ახლებს,  აქ ვითარება  ბევრად  უფრო  რთულია,  რადგან   ყველა  ნიშნით,  გამორჩეული  ნიჭიერებისა  და  მახვილი   გონების  მქონე  აკაკი   თუ  კრონშტადტის  პატიმრებს  შორის   არა  (სტუდენტურ მანიფესტაციაში მონაწილეობის გამო მაშინ, როგორც ვიცით, დააპატიმრეს  ნ.  ნიკოლაძე,  კ. ლორთქიფანიძე,  გ. წერეთელი,  ბ.  ღოღობერიძე  და სხვ.  ილია  გადარჩა იმის  გამო, რომ ამ  დროისთვის  უკვე  სამშობლოში  იყო  გამომგზავრებული)  ილიას  მიერ  დაარსებულ  ,,საქართველოს  მომბის“  გულშემატკივართა  შორის  მაინც  უნდა  ყოფილიყო. თუ  რამ  შეუშალა  ამას  ხელი, გვატყობინებს   პოეტის  ახლობელი  კირილე  ლორთქიფანიძე: მას  შემდეგ, რაც აკაკის  თავისებურად  გაუტრიზავებია   ილიას  ,,ქართველ  სტუდენტების  სიმღერა“  ანუ  მოუხდენია   მისი  პაროდირება, რაც   ,,სიმღერის“ ავტორის  მიერ   ახალი  თაობის  უწმინდესი   ფიცის   ხელყოფად  იქნებოდა აღქმული,   ილია  უარს  აცხადებს  თანამშრომლობაზე: ,,მის  სტატიას, რომ  შემეხვეწოს, არ  დავბეჭდავო, ასე  ანბობს,,,“  ( ლ. ასასთიანი,  ცხოვრება  აკაკი წერეთლისა,  2011,გვ. 43).  აშკარად  ვლინდება   ხასიათის, მეტი რომ არა  ვთქვათ,  თავისებურება  (თვითონ  სიკერპეს რომ უწოდებდა), რომელიც  უბიძგებს  კიდეც  აკაკის    თვითმარგინალიზებით,  ხაზგასმული  განდგომით  ან  სულაც  განსხვავებულად  მოაზროვნე   ჯგუფთან  დროებით  მიკედლებით   გახდეს  შეუცვლელი,   წარმატებას  სხვების დაუხმარებლად  მიაღწიოს, დაიმსახუროს მოუსყიდველი,  პროფესიონალი   მწერლის  სახელი. (მოკლედ, პროცესები ისე ვითარდება, როგორც ი. მეუნარგიას  კითხვარისთვის  დაწერილ აკაკისეულ   თვითდახასიათებაში:  ,,წვრილმანში  უხასიათო,  საფუძვლიანში  მტკიცე“)  შესაძლოა,  სწორედ  ეს  სურვილი   განაპირობებდეს  მის   ნაუცბათევ   და,  როგორც  აღმოჩნდება,  უიღბლო ქორწინებას,   შავი  ქვის  წარმოების  გაშლის  ასევე  წარუმატებელ  მცდელობას,    ხანმოკლე   საგამომცემლო  საქმიანობას  და   სხვ. თუმცა , როგორც  შემოქმედი,  იგი  არასდროს  არ  არის  ხელმოცარული, რადგან  ჟურნალ  ,,ცისკრიდან“  დაწყებული  პუბლიკაციებითა    (ივ.  კერესელიძის  მტკიცებით, აკაკის  ლექსები ჟურნალის დამატებითი ნომრების  ბეჭდვას  აიძულებდა , საბოლოოდ  კი   ხელისმომწერთა  რიცხვს  ამრავლებდა)  და  გაზეთ  ,,დროების“  ფელეტონებით, სახელწოდებით  ,,ცხელ-ცხელი  ამბები“,  ლექსის  მთხზველთა  და  პუბლიცისტთა  შორის  კუთვნილი   (შეიძლება  ითქვას,  შეუცვლელი) ადგილი  აქვს  დაკავებული. პასუხი კითხვაზე,  თუ  რას  აძლევს  მას მოხელეობის უარყოფა და სტაბილური  შემოსავლის გარეშე  ყოფნა, იკითხება   აკაკის  ახლობლის,  ბესარიონ   ღოღობერიძის,   ამ   აღიარებაში:  ,,მაგასთან  ბრძოლა  შეუძლებელია.  რა უნდა  წაართვა  და  რა  უნდა  დააკლო, რომ არა  აბადია  რა?!  ჭამა-სმას  არ  დაგიდევს  და   დასაწოლ-დასახურავს!...  მარტო  ჰყეფს  და  იღრინება!“(ჩემი  თავგადასავალი,  1989, 1 74). ეს კი  შემოქმედებითი დამოუკიდებლობის  მიღწევის  აკაკისეულ  გზაზე   მიგვანიშნებს.
   მართლაც,  თბილისში   ჩამოსული  ახლადდაოჯახებული  აკაკის  მიერ   ,,გაშლილ  ფეხზე“ დაწყებული  ცხოვრება  სულ  მალე  შეუთავსებელი   ხდება   მისსავე   შემოქმედებით  პრინციპებთან.  ზ.  ჭიჭინაძე  აღწერს მეპატრონისთვის ქირის გადაუხდელობის გამო  მობინადრეთა  თვალწინ  ავეჯის   სახელდახელოდ  გატანისა  და  არქიმანდრიტ  გრიგოლ დადიანისგან   ნასესხები   ფულით    ცოლ-შვილის   რუსეთში  გამგზავრებისთანავე,  მრავალოთახიანი  ბინიდან  პოეტის  მოკრძალებულ    ნომერში   გადასვლის  დრამატულ   ეპიზოდს ,   რაც  ქრონიკული  უბინაობითა  და  საბოლოოდ, ქუთაისის  სასტუმრო  ,,კოლხიდის“  მეპატრონის, გიორგი   ჭელიძის,  უანგარო  ჟესტით   ( უფასო  ოთახისა  და  კვების  შეთავაზება)  სრულდება. იმას,  რომ  იმ    პერიოდში   ეს   თანადგომა    აკაკისთვის  არსებობის   ერთადერთი   საშუალებაა  და  ამასთან  მას   გარკვეულწილად  ეჭვიც   ეპარება  ლიტერატურული   შრომით    თავის   გატანის    შესაძლებლობაში,    ადასტურებს  ნიკო   ნიკოლაძის   შემოთავაზებაზე (ატრ გაფლანგოს თავისი ნიჭი,  გახდეს  ფუნქციური ლიტერატორი  და სტატიების საფასურად  თვით  ნიკოლაძის  ჯიბიდან  მიიღოს  თვეში  ხუთი თუმანი),  პოეტის   მიერ  გაცემული  პასუხი. 1869  წელს,  მას  შემდეგ, რაც  გაზეთ  ,,დროების“ რედაქტორად   სერგეი  მესხი  ინიშნება,  ნიკო   ნიკოლაძე   აკაკის  თბილისში  გადმოსვლას  სთავაზობს. რას  ამბობ, იქ როგორღა ვიარსებო... აქ    გიორგი ჭელიძის დაუმადლებელი  ლუკმა  მაინც  მაქვსო   -  პასუხობს  აკაკი.    თუმცა  თავისი  სატირული კალმის ძალას  იგი  ზემოთ  ნახსენები  ,,ცხელ-ცხელი  ამბებისა“  და    გრ. ორბელიანისადმი  მიძღვნილი წერილით ,,ახმედ-ფაშა  კახაბერით“,  ლექსებით ,,ფარშავანგითა“    და  ,,ხარაბუზა  ღენერალით“  იგრძნობს   (არ  დაგვავიწყდეს, რომ იმ პერიოდში  გრ. ორბელიანი  თბილისის  გენერალ-გუბერნატორია).  აკაკის  ნაწერს  მკითხველი  ძალიან   ეტანება, საგანგებოდ   ეძებს   და  გამოარჩევს.   ეს კი  მისი, როგორც  ავტორის,  ამბიციებს  აძლიერებს:  ,,რანაირი  კაცია   ეს  აკაკი  წერეთელი? ...  მუდამ   წყრება,  მუდამ  მიზეზიანობს   და  რაღაცისთვის  გვემდურის!“  -  წერს    უცხოეთიდან    თავის   საცოლეს, კეკე  მელიქიშვილს,  სერგეი  მესხი  -  ,,რატო  ყოველ   საზოგადო  საქმეში  მე  არ    მეკითხებიანო,  მგონი  ამიტომ  ჯავრობს,  თორემ   სხვა  რა  მიზეზი  უნდა  იყოს   ღმერთმანი,  ვერ  წარმომიდგენია.  დღეს  ნიკოლაძე   ქუთაისში  მიდის...  ნახავს  აკაკის  და  იმედია,  როგორც  მე  დავალბე  შარშან,  ისე  ესეც  ისევ  დაალბობს  და  დაამშვიდებს  და  ისევ  დააწყებინებს   წერას...“    მოალბეს, დაარწმუნეს  რის  შედეგადაც    კვლავ   გაგრძელდა  ოსტატურად   დაწერილი   ფელეტონების   ბეჭდვა  ქუთაისის  საზოგადოებრივი  ცხოვრების,  საბანკო  საქმეების,  ქართული  და  სომხური  წარმოდგენების  შესახებ.  შესაბამისად  გაგრძელდა  გაზეთის    არსებობაც, მკითხველთა  მხარდაჭერითი  მისი პუბლიცისტიკის  მოწინავე პოზიციებზე    დგომა.
      აკაკი  ხშირად  სვამს აქცენტს  ქართულ  რეალობაში  პირადი და საზოგადო ცხოვრების ინტერესთა საბედისწერო  შეუთავსებლობაზე.  საზოგადო  რომ    შეუფასებელია, მეტიც,       გმობასა   და   დაცინვას  იმსახურებს,  მისი   ცნობილი  კალამბურიდანაც     ჩანს:  ,,ჯერ  გატირებენ,  მერე  გიტირებენ...“   მიუხედავად  ამისა,  პირადულზე   გადაგება    და    საზოგადოს  უგულებელყოფა, მის მიერ  ცალსახად  პრიმიტიული   და  უბადრუკი   აზროვნების  ნიშნად  აღიქმება.   ,,დროებაშივე“  გამოქვენებულ  ლექსში   (1869)  ,, რჩევა  ახალგაზრდა  მწერლებს“  ამგვარი   ცხოვრების    ერთგვარ  მოდერატორად   ,,ტვინმეისტერად“  წოდებული  ცენზორია  გამოყვანილი.   ლექსი იმდენად  ზუსტად  გამოხატავდა  მკითხველთა დიდი ნაწილის  განწყობილებას, რომ  აკაკის  შემოურიგდა  და   რედაქციაში  ბოდიშის  სათქმელად  ეწვია  ადრე  მისი  უარმყოფელი  დავით  ერისთავი,   ანუ  როგორც  თვითონ   ახასიათებს,   ,,დრამების   გადამკეთებელი,  მეტად   გულწრფელი   და  კეთილი  კაცი“.  (ააჭიჭინე  აჭი-ბაჭია,  /  მართალს,  ჭკვიანურს  ნურას  იმღერი,  /   თორემ  გამოჰხრავს   შენს  ჩანგს,  ვით  ჭია, /  ჭკუის  მტარვალი   ტვინმეისტერი... /   ...ხალხში  სამართალს  ტყვილა  ნუ  ელი!  /  თუ  გსურს, არ  მოჰკვდე   ჩვენში  მშიერი,  /  ფარისევლობას  მიჰყავი  ხელი    /  და  მოგიწონებს  ტვინმეისტერი!...“). მაშინ  ცენზურამ    ამ   ლექსის  დაბეჭდვის  უფლება  რატომღაც  დაუბრკოლებლად  გასცა  (შეაპარესო მაშინდელ ცენზორს, ყაითმაზოვს),  მაგრამ ყოველთვის ასე  როდი  იყო.  ცენზორთა  ინსტიტუტის  პრაქტიკა,  ისევე  როგორც  ზოგიერთ  გამომცემელთა  თავგასულობა  (მაგ. იგივე  სენკოვსკის, რუსი  გამომცემლის, რომელიც ცნობილი იყო   თავისი  უპრეცედენტო  გამოხდომებით:  სამი   სტატიისგან   ერთის  შეკვრა,  საკუთარი   იდეებით  სხვისი  ტექსტის  გაჯერება  და, ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ   თვით ბალზაკის  ნაწერის  ხელყოფა, მან  ,,მამა  გორიოს“  ბედნიერი ფინალი  მიაბა)  ამ  პერიოდის რუსულ  ლიტერატურულ  ბაზარზე   ჩვეულებრივი მოვლენა  იყო.   იქაურ  სპეციფიურ სირთულეებს  ვერც  1828  წელს  გამოცემული  საცენზურო   წესდება  და მისი დამატების სახით  გამოქვეყნებული  ,,მთხზველის  (сочинитель-ის)  უფლებათა  შესახებ“  შველოდა. საყოველთაოდ ცნობილი იყო, რომ  არა  თუ ცენზორი,  მწერალს  მასზე  პირადად  დაბოღმილი რომელიმე  ჩინოვნიკი  ან  თუნდაც  ხელისუფალი მაინც  წამოეწეოდა. ჩვენთან ეს პროცესი უფრო  ღია  იყო,  რადგან  ცენზორობას  თვით  მეფისნაცვლებიც  კი არ  თაკილობდნენ,  მაგალითად,  ერმოლოვი, მოგვიანებით  მეფისნაცვლის  მოვალეობის შემსრულებელი  გრ. ორბელიანი. (შეგვიძლია დავასახელოთ  სხვებიც: ლ.  ისარლოვი,  რ. ერისთავი,  ყაითმაზოვი,  გ.  ჟურული. ამ უკანასკნელის   უკომპრომისობას იხსენებს  ს. ფირცხალავა  წერილში  ,,პრესა და ცენზურა“). აკაკის   ბიბლიოგრაფიულ ქრონიკაში  თუ  ჩავიხედავთ  (ნ. გურგენიძე, ი. გორგაძე, 1989,  211), ვნახავთ  არა მხოლოდ  საცენზურო კომიტეტის მუდმივ   ზედამხედველობას, არამედ  ცენზორის თვალის ასახვევად პოეტის მიერ საკუთარ ლექსებზე გაკეთებულ  ამ   ტიპის არაერთ მინაწერს:  ,,თარგმნილია  რუსულიდან“ ან  ,,გოჩაიანიდამ  ამოწერილი“. ცხადია, ხშირია  არასასურველი  სტროფების ამოღებაც  (მაგ. ,,თორნიკე ერისთავიდან“:  ,,შვიდ სამეფოს მოგაგონებთ  / მოელვარე  ის  შვიდფერი..“ და  ა. შ. და  ე. წ. იღბლიანი  გაპარებებიც. დავასახელოთ თუნდაც თვით  ლუკა ისარლოვისადმი  მიძღვნილი  ხელმოუწერელი  ლექსი  ,,არაკი“  (,,იყო ერთი მაიმუნი,  / ეძახოდნენ  ლუკა-მელას;/  ზურგს  ეკიდა  ქვეყნის წუნი,/ ულოკავდა  ფეხებს ყველას...“).  1882  წელს, როდესაც  აკაკის ჩაფიქრებული ჰქონდა  გაზეთ  ,,გზის“ გამოცემა,   კავკასიის საცენზური კომიტეტმა  თავისი უნდობლობა  ორიგინალურად დაასაბუთა:  გაზეთ  ,,შრომიდან“ უკვე ვიცით  რა მიმართულების ავტორია, გამოსცეს თავისი გაზეთი,  ოღონდ  ნურც კანონებს, ნურც  საერობო  თვითმმართველობის ქრონიკას,  ნურც  სკოლების ამბებს და სასამართლოს  ანგარიშებს,  მით  უფრო, ადგილობრივ ცნობებს ნუ  შეეხებაო. ეს კი სხვა არაფერი იყო, თუ არა  ნებართვა, რომელიც აკრძალვას უფრო  ნიშნავდა.           
              ცენზურასთან  აკაკის  დაპირისპირების ყველაზე  გახმაურებული  ისტორია  უკავშირდება  მოგვიანებით, 1905 წელს,  მის  სარედაქტორო  გაზეთ  ,,ხუმარას“ გამოცემას ,  რომლის პირველ და უკანასკნელ  ნომერში  მაშინდელ   გუბერნატორზე   გამოქვეყნებული კარიკატურისა და სატირული ლექსის  გამო  მცირე  ხნით, მაგრამ  მაინც  მეტეხის ციხეში აღმოჩნდა.  ამ  ფაქტმა და   მხარდაჭერამ,  რომელიც მაშინ  არა  მარტო პატიმრებისგან  იგრძნობოდა,  პოეტის   სახელს  მეტი   პოპულარობა   შესძინა.   
      რაც  შეეხება  თვით აკაკის   დამოკიდებულებას  მაშინდელ საგამომცემლო საქმესთან,  იგი  ძირითადად  მაინც  უკმაყოფილების შემცველი  იყო   (გავიხსენოთ  თუნდაც დავა  ,,ქართველთა  ამხანაგობის“   თავმჯდომარე  ალ. ჯაბადართან   ათტომეულში  შესატანი  მასალის შესახებ დადებული პირობის  დარღვევის შესახებ). ზოგადადაც,  აკაკი  წუხს  საკუთარი  ნაწერების   გამოცემათა  სიმწირის  გამო.  ორი ტომის მეტი არ  გამოსულა,  მაშინ,  როდესაც  რამდენიმე  ათეული მაინც  უნდა  გამოსულიყოო.   მიზეზად  ხელმოკლეობასა და  დაუდევრობას  ასახელებს...  რეპუტაცია  მწერლისა, რომელსაც  ცალკე  წიგნებად ან  ტომებად უნდა გამოეცა თავისი  თხზულებები , აკაკის   ამ დროისთვის ნამდვილად  ჰქონდა.  პოეტის  მიერ დასახელებულ  მიზეზთა  გარდა,  საქმე   ფერხდებოდა  თავად  ქართული წიგნის ბაზრის  სიმწირით, ყოველი ქართული საქმისადმი თავად  ქართველთა მიერ  გამჟღავნებული  უნდობლობით, სამამულო პროდუქციისთვის  რუსული გამოცემების მიერ გაწეული სერიოზული  კონკურენციით.   უთუოდ  ამ   და სხვა  ხარვეზების   გასწორებას  ემსახურება  აკაკის  ინიციატივა  თვითონ  უპატრონოს   პრესის  ფურცლებზე  აქა-იქ,   ზოგჯერ  სრულად, ზოგჯერ კი  ფრაგმენტულად  დაბეჭდილ, მიუხედავად  ამისა  კი,  მკითხველთა შორის  ესოდენ  პოპულარულ  თავის  ნაწერებს.  1897 წელს  თხოვნით  მიმართავს  კავკასიის   საცენზურო  კომიტეტს, მიეცეს  ნებართვა  როგორც საკუთრივ მისი,  ასევე  ხალხური შემოქმედების  ნიმუშების  თავმოყრის მიზნით  გამოსცეს  ჟურნალი  ,,აკაკი  თვიური კრებული“.  საინტერესოა  საცენზურო  კომიტეტის  მიერ  ბეჭდვითი  საქმის  მთავარი  კომიტეტისთვის   წარდგენილი  შუამდგმლობის  ტექსტი, რომელიც აკაკის  ორმოცწლიანი მოღვაწეობის  ობიექტურ  შეფასებას  წარმოადგენს  (იყო რეფორმებისა და  გლეხთა  გათავისუფლების  აქტიური მომხრე,  მრავალფეროვანი ნაწარმოებებით გაამდიდრა  ქართული მწერლობა,  შექმნა  ახალი ლიტერატურული ენა). ,,კრებულის“ რედაქცია ჯერ  თბილისში იყო,  შემდეგ - ზესატაფონში.  თბილისში  მცხოვრებთათვის წლიური  გადასახადი  ექვსი მანეთი  დაწესდა,  ქალაქგარეთ  გაგზავნით  - შვიდი მანეთი, ნახევარი წლით  ოთხი მანეთი (მოგვიანებით რედაქტორმა ამ  ფასების  გადახედვა  მოითხოვა). თვით  აკაკის  სიტყვებით: თითო ნომერი  1 200  ეგზემპლარზე  ნაკლები არ დაბეჭდილა.   ლ. ასათიანი საგანგებოდ აღნიშნავს: ,,ეს პირველი  მაგალითი იყო..., რომ  მწერალს  საკუთარი ნაწერებისთვის  დაეარსებინოს  პერიოდული ორგანო.  თუმცა  უნდა ითქვას,  რომ ეს  შეეძლო მხოლოდ  ისეთ  პროდუქტულ მწერალს, როგორიც იყო აკაკი“  (ასათიანი, 2011,  214).  მიუხედავად ამისა,   აკაკის  სამწერლო ენერგია  და ნიჭიერებით პროვოცირებული მუდმივი მოუსვენრობა მხოლოდ ამ   თავისთავად მნიშვნელოვან ამოცანას  ვერ  დასჯერდებოდა. ,,კრებულით“  ბევრი  რამ  გაკეთდა  ხალხური სიტყვიერების ნიმუშების გადარჩენა-შეკრებისათვის, რეპუბლიკაციების გვერდით ადგილი დაეთმო  ახალ  პუბლიკაციებს  (რად ღირს თუნდაც  ,,სულიკო“, ,,გამზრდელი“, ,,ნათელა“, ,,ჩემი  თავგადასავალი“,  ,,ბაში-აჩუკი“, ,,მედია“,  გამოჩდნენ  სხვა ავტორებიც  (მ. ჯანაშვილი, ზ. ჭიჭინაძე,  ს. ქვარიანი) და  რაც  მთავარია, თავი იჩინა  პოლემიკის  დემონმა, (აკაკი ეპაექრებოდა ნ. მარს,  სომხურ გაზეთ  ,,ნორ დარს“, კიტა აბაშიძეს, რომელსაც არ მოსწონდა აკაკის  ანტისაბანკო  რიტორიკა და სხვ.).  ეს კი  ცენზურისგან  არავიზირებული  და ამდენად  დასჯადი  ქმედება იყო. ამას  ემატებოდა ხელისმომწერთა  საგრძნობი  შემცირება.  თანხის უქონლობის გამო  ვერ ხერხდებოდა გავრცელებისთვის საჭირო სპეციალური  თანამშრომლების დაქირავება.  ზოგიერთი  აგენტი  თურმე  არც  სარედაქციო  თანხის მითვისებს  თაკილობდა,  რაც   არც თუ ისე  იშვიათი მოვლენა  იყო.  საგულისხმოა აკაკის  ერთი  შეხვედრა ჟურნალის   ხელისმომწერთან, რომელიც ქორწილში ყოფნისას მიეჭრება რედაქტორს და  გადაუხდელობის  გამო  ბოდიშს  სთხოვს. ის ის იყო  თანაგრძნობის გამოხატვა დავაპირე, რომ უფულობით  შეწუხებულმა ჩემმა ხელისმომწერმა  ,,მეთარეს  ოქრო  გადაუგდოო“. (ასათიანი, 2011, 152 ).   ამიტომაც 1900   წელს ,,აკაკის  თვიური  კრებული“ დაიხურა. 
          ,,კრებულის“ გამოცემის დასაწყისში, როგორც ეს  რედაქციის  გამგედ  შერჩეული პოეტის მეგობრის,  თედო  კიკვაძისთვის,  გაგზავნილ  ბარათში   ჩანს   (ლ. გვარამაძე, აკაკის  თვიური კრებული,  1996),  აკაკის  ჰქონდა გარკვეული  თანხა  და პირველ ეტაპზე მაინც რაღაც მოგებასაც  მიიღებდა . ისიც  გასათვალისწინებელია, რომ   მასალის  შერჩევის,  მისი განლაგების, საკუთარი   ნაწერების  ავტორიზებული  ვარიანტების  შექმნისას იგი  სრულად  ამჟღავნებს პროფესიონალი ლიტერატორის ყველა თვისებას. მეტიც,  სარედაქციო  მუშაობის  ინტენსიობა ამ  პერიოდის   შემოქმედებითი  საქმიანობის ხარისხსა და  ტემპზეც  აისახება. პუბლიცისტიკიდან  გადმოდის   თემატიკა, სახეობრიობა და პროზაული  ტექსტების  სიუჯეტური  სვლებიც კი. აკაკი ნაყოფიერად მუშაობს, იგი, შეიძლება ითქვას, თავის სტიქიაშია.
   მართალია, იგი  ილიას მსგავსად არც  ,,მუდმივი  რედაქტორია“  (რომ არაფერი ვთქვათ  ილიასავე  მოსამართლეობაზე,  ბანკირობასა  და  მემამულეობაზეც) და   ი. გოგებაშვილივით არც  სერიულად  გამოცემულ  თუ მომავალში გამოსაცემ  სახელმძღვანელოთა ავტორი,  (მათზე, მართლაც,  ითქმოდა,  რომ  ლიტერატურული შრომით მეტ-ნაკლებად  სტაბილურ ანაზღაურებას  ღებულობენო), მიუხედავად ამისა, ახერხებს ეპიზოდურად მაინც აიღოს  თავისი  შრომის თუ  სრული არა   მიახლოებითი ანაზღაურება: მაგ.  წ კ გ  საზოგადოება 30  თუმნამდე უხდის  კრილოვის  იგავ-არაკების  თარგმანში;  დრამატული  საზოგადოება  სპეციალური პრიზით აჯილდოვებს;  გახმაურებულ  პიესებში  ,,რეპეტიცია“,  ,,კინტო“,  ,,ბუტიაობა“,  ,,კუდურ-ხანუმი“ რაღაც  ჰონორარებია,  არის  ლექციებიც,  რომელთაც   სიახლის  შთამბეჭდავი   ეფექტი  აქვს;   წ კ გ  საზოგადოების  სასარგებლოდ გამართულ  თეატრალურ  წარმოდგენათა   ანტრაქტებში  აკაკი  საკუთარი  ლექსების  დეკლამატორად  გვევლინება   (მაგ. სურამის საზოგადოებამ  ერთი  ასეთი  ღონისძიებისთვის  26  თუმანი და 7 მანეთი  შეაგროვა).  თუმცა  ყოფილა  ისეთი  შემთხვევაც, როდესაც გაზ.  ,,დროების“ რედაქციაში  მისულს მძაფრი სატირული ლექსის  ,,არაბი  ფაშასთვის“  (1882)  ჯიბეგაფხეკილი  მასპინძლებისგან  დიდსულოვნად  ეტლის მგზავრობის საფასურიღა (ერთი მანეთი) უკმარია.
რაც   შეეხება  საღამოებისა  და  იუბილეების   დროს  მორთმეულ  სხვადასხვა გვირგვინებს,  მინიატურული მერცხლების ნისკარტებზე  გამობმული  ძვირფას კალმებსა თუ საათებს  თუ    ათასგვარ    სხვა  წვრილმანს, ირკვევა, რომ  ბევრი რამ აქედან  პეტერბურგის ლომბარდისთვის ირჩეოდა.  ეს   ნივთები  კი,  აკაკის   სიკვდილის  შემდეგ   საისტორიო-საეთნოგრაფო  საზოგადოებასთან   ერთად   დ.  სარაჯიშვილის  მეუღლემ  გამოიყიდა (სარაჯიშვილი, 2010,21).
 ერთგან  მის  სიღარიბეზე  დაეჭვებული  თაყვანისმცემლისთვის უთქვამს:  ,,ახირებული ხართ, საიდან,   ბატონო, საიდან?  საჩხერის  მამული არაფერს  მაძლევს, თქვენც  იცით; რედაქციაში  კი დაპირებებით  მკვებავენ,  გროშ-კაპიკს არავინ  მიგზავნის. პოეტი ხარ, სულიწმინდამ გარჩინოსო“. არაიშვიათად  საღამო-იუბილეებით  შემოსული  თანხაც არ   აღწევდა ადრესატამდე.  გავიხსენოთ  დავით კლდიაშვილისთვის გაწეული  წინააღმდეგობა,     ცივი უარი  საიუბილეო  ღონისძიებაზე  და  მხოლოდ შემოსული თანხის უკლებლივ გადაცემის შემდეგ, აკაკის კმაყოფილი სახე და ფულთან  ,,შენობით“ მოსაუბრე   კაცის  რეპლიკა: ხვალ ამ  თანხიდან  ჩემს  ჯიბეში  ბევრი არაფერი დარჩებაო   (კლდიაშვილი,  1981,298).
  აკაკის გამომცემელნი, განსაკუთრებით  კი   მ. ლაღიძე  (,,თამარ  ცბიერი“ – 1903) , ი. მანსვეტაშვილი  (,,ჩემი ნაწერები“,  1912-13),  ს. მერკვილაძე  (,,ნათელა“ - 1911,  ,,კიკოლას  ნაამბობი“, ,,ბაში-აჩუკი“,  ,,გამზრდელი“ - 1913),  წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება  არა  მარტო  პოეტის მიერ უკვე   გამოცემულ ტექსტთა რეპუბლიკაციას ეწეოდნენ,  არამედ  ზოგადად  აკაკის   ადრეულ   გამოცემასთან   დაკავშირებული  ნაკლოვანების  (ფრაგმენტულობა, არათანმიმდევრობა) აღმოფხვრასაც  ესწრაფვოდნენ.  ამასთან   ქართული მწერლობის   ავტორიტეტის წამოწევის მიზნით აუცილებელი  იყო  ილიასთან  ერთად მეორე ყველაზე რეიტინგული ავტორის  წარმოჩენა.   აძლევდნენ ისეთ ჰონორარს ან   ავანსს, რისი შესაძლებლობაც  ჰქონდათ, რაც  ხშირად  გამოცემათა შეწყვეტის ან აკაკის  მიერ  უფრო ხელსაყრელი ვარიანტის ძიებას იწვევდა. ( ერთგან  ვ. მაჩაბელს სწერს,   მცირე ფორმის პოემა ,,მედიაში“  ოთხი  თუმანიც  არ  მერგება მაშინ,  როდესაც  მისთვის საჭირო  მასალების  შეგროვებას   ოთხ  წელიწადზე  მეტი მოვანდომეო). სხვათა  შორის,  1889 წელს , მას შემდეგ,  რაც აკაკი  უარს  იტყვის  დირექტორის  ადგილზე  და   ქუთაისის საადგილმამულო ბანკი უნიშნავს  პენსიას წელიწადში  150  თუმნის  ოდენობით,  პუბლიცისტი  სტ. ჭრელაშვილი, იგივე  სანო,  გამოთქვამს  რწმენას, რომ ეს იქნება   აკაკის  თხზულებათა  სრული  გამოცემის  რეალური  წინაპირობა  (გურგენიძე,, გორგაძე, გვ. 213).  თუმცა  პენსიის გადახდა  მოკლევადიანი  აღმოჩნდება და ეს კარგი  ინიციატივაც აკაკის  ხუმრობის საგანი გახდება: უცნაური კაცი ვარ: ცოლი  მყავს და არ  მყავს,  პენსია მაქვს  და არ მაქვს....
  აკაკიზე, როგორც პროფესიონალ მწერალზე   მსჯელობის დროს,  უნდა   გავითვალისწინოთ კიდევ რამდენიმე გარემოება: მიუხედავად იმისა, რომ იგი მოიაზრება  ახალი  მოძრაობის                 წარმომადგენლად  (მეორე დასისი მეთაურადაც კი მიიჩნევდნენ, რასად  თვითონ უარყოფდა),  ჩართულია ,და ზოგჯერ  ძალზე აქტიურადაც,   დაპირისპირებაში   ,,მამათა  და  შვილთა“, უფრო  სწორად  კი  ,,არისტოკრატიულ-მონარქისტულ  დისკურსსა  და ლიბერალურ-ნაციონალურ  დისკურსს  შორის“  ( შათირიშვილი, 2010, 7), მოგვიანებით კი  სულაც  ,,ინტერნაციონალის“ მთარგმნელ-პოპულარიზატორად  გვევლინება,  საკუთარ  თავში  ორივე  (თუ  სამივე)  მხარისთვის დამახასიათებელ  ნიშნებს აერთიანებს. შესაბამისად   მისი  (მათი) ,,რადიკალიზმიც  უპირატესად  იდეებში გამოიხატება,  ვიდრე  ქცევაში“. თუმცა  მწერლის  არა როგორც  რეალობის  უბრალო ფიქსატორის, არამედ   იმავე რეალობასა  და  ხელოვანის მიერ  შექმნილ-დანახულ  ,,ახალ   რეალობას“  შორის  მედიუმად  მოვლენილი ინდივიდის, მისივე სიტყვებით რომ  ვთქვათ,  ,,შუაკაცის“,  უპირატესობა  სწამდა და  მას  ამკვიდრებდა  კიდეც.  ამ  უცნაურმა  ცენტრისტულმა პოზიციამ  შესაძლოა  გარკვეულწილად  განაპირობა  კიდეც    ფინანსური და  მასზე  მიბმული  შემოქმედებითი  თავისუფლების   მისეული გაგება, რაც          პროფესიულ ცხოვრებაზეც  აისახა.  აკაკი,  ცხადია, იყო   პროფესიონალი მწერალი იმდენად,  რამდენადაც  ამის  საშუალებას  იმდროინდელი  სოციო-კულტურული  კონტექსტი            იძლეოდა.  თუმცა    პროფესიონალიზმის სხვა  ნიშნებთან  შედარებით, იგი უპირატესად   მაინც   საკუთარი  ,,მოწოდებისადმი’ ერთგულებასთან   ასოცირდება.




   დამოწმებანი:

აკაკის  კრებული    წიგნი  პირველი,  თსუ,  1999
აკაკის  კრებული    წიგნი მეორე,     თსუ, 2005      
ასათიანი   2011:      ასათიანი  ლ.  ცხოვრება  აკაკი  წერეთლისა,  თბ.  2011       
 გაბოძე    2009:    გაბოძე  ჯ.  აკაკის  თხზულებათა   გამოცემები,  თბ .  2009
გვარამაძე     1996:   გვარამაძე  ლ.  აკაკის  თვიური  კრებული ,  ხელნაწერი,  ლიტ. ინსტ. ბიბლიოთეკა, 1996
გურგენიძე ,  გორგაძე   1989:  გურგენიძე   ნ. ,  გორგაძე  ი.  აკაკი წერეთელი  (ცხოვრებისა და  შემოქმედების მატიანე) ბიბლიოგრაფიული  ქრონიკა,  თბ.  1989
კალანდაძე  კალანდაძე  ა.      ქართული  ჟურნალისტიკის  ისტორია, ტ. 4-5
კლდიაშვილი     1981:    კლდიაშვილი  დ.   ჩემი  ცხოვრების  გზაზე,  თხზ.  ტ. 11,  თბ. 1981
მეუნარგია    1957:  მეუნარგია  ი.  ქართველი  მწერლები, სამახსოვრო ფურცლები აკაკის
                                                                            შესახებ,  თბ.  1957
სარაჯიშვილი     2010: სახალხო  მგოსანი  და  დავით  სარაჯიშვილის  ოჯახი,  ჟ.  საქართველოს  ბიბლიოთეკა,  2010,  #3
შათირიშვილი    2010:    შათირიშვილი  ზ. ნიკო ნიკოლაძე  ,,კრებულის დანიშნულებაზე,
                                                        შესავალი წერილი,  თბ.  2010
Тод    2002: Тод  У.  Достоевский   как  професиональный  писатель: профессия ,   занятие,    этика ,    НЛО , 2002,    №58 

    





                                                                             



1 comment: