Translate

Tuesday, September 20, 2016

ენა, როგორც პერსონაჟი (გიორგი ერისთავი, ლავრენტი არდაზიანი)

ნონა კუპრეიშვილი  


ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი

   ენის  პერსონიფიცირების  იდეა, რომელსაც  სულ  უფრო  ხშირად  მიმართავენ  ლიტერატურული  ტექსტების  თანამედროვე  მკვლევრები,  გასულ  საუკუნეში  ,,ლინგვისტური  შემოტრიალების“  სახელით  ცნობილ  მოვლენას  უკავშირდება. სწორედ  იგი  იქცა   კულტურის იმ  განსაკუთრებულ  ნიშნად, რომელმაც ადამიანის, სამყაროს  შეცნობის  საიდუმლო  კოდი   ენის  ზედაპირიდან  მის   შუაგულში  გადაიტანა.   რეალობის  შემეცნების  ერთადერთ  გამოცდილებად  ამიერიდან  მიჩნეულ  იქნა  სწორედ ლინგვისტური  გამოცდილება პრინციპით:  შეუძლებელია  აღიაროთ  რაიმეს  არსებობა   მანამ, სანამ  ის  არ  იქნება  აღწერილი. გამოდის, რომ  დესკრიპცია  ახდენს  საგნის  აქტუალიზებას  და  განაპირობებს   კულტურაში  მის არსებობას  (ე.  ბრაზგოვსკაია,  2012:14).   თუმცა  სხვადასხვა  ენობრივი  თამაშების  ფონზე   თავად  ენების  განსხვავებული აღწერილობითი საშუალებები  განაპირობებენ  ჩვენი წარმოდგენების  სისავსეს   როგორც   კონკრეტული  რეალობის , ასევე  ზოგადად   ენის კომპეტენციის  დონეზე. ასე  რომ  ,,ლინგვისტური  შემოტრიალება“  თავისი    თვისებრივი  სიახლის   შემცველი   მიდგომების  გამო მთელი რიგი  ჰუმანიტარული  გამოკვლევებისათვის    ქმნის  ხედვის  ახალ  რაკურსს.   ამ   მიმართულებებით  მომუშავე   მეცნიერები  კი  ერთხმად  აღიარებენ, რომ    XX  საუკუნის  კულტურის   ,,ენით  მოხიბლვა“ შეიძლება  კონსტატირებულ  იქნას  როგორც  შემდგარი  ფაქტი.
     ამ  ფაქტმა კი დადასტურება  ჰპოვა  უკვე საკმაოდ  კარგად  ნაცნობ  იდეებში:
 ა)  ენა  როგორც   ყოფიერების   სახლი  (მ. ჰაიდეგერი);
 ბ)როგორც  ჩვენი  არსებობის  გარემო, რომელშიც  ხდება  ცხოვრებისა  და  ცნობიერების    შერწყმა-შეერთება  (ბ. გასპაროვი,  კ.  აპელი,  ე. კასირერი);
გ) როგორც   არაცნობიერის   სივრცე  (ჟ. ლაკანი);დ) როგორც  სოციალური  გარემოს  ფორმირების  ინსტრუმენტი  (მ. ფუკოს  დისკურსული ფორმაციები  და  ,,არქივი“); და   ე) თვით  სოციალური  გარემო   (ლ. ვიტგენშტეინის  ენობრივი  თამაშები).   ეკონომიკური კრიტიკაც, როგორც  უკანასკნელი პერიოდის  ჰუმანიტარულ  კვლევათა  ერთ-ერთი  ნოვაციური  მიმართულება, ცხადია,   ითვალისწინებს  ამ  დეფინიციებს   და  შესაბამისად ახდენს  მისთვის  მისაღები  ენისეული  პრიორიტეტების  დემონსტრირებას, მეტიც,   ცნობილ       ლინგვოკულტურულ  პოზიციაში   კულტურა/მენტალობა  -    ენა  თავისი  კორექტივებიც   შეაქვს.  ვინაიდან   ეკონომიკური  კრიტიკის   ინტერესის  ძირითადი  სფერო  ის  სოციალური, ეკონომიკური  და  კულტურული  კონტექსტებია,  რომელშიც  პიროვნება  ან  სოციალური  ჯგუფი  მუშაობს,  ამიტომ    აღნიშნული  ტიპის  კვლევებში  ვერ  იქნება  და არც არის  წარმოდგენილი    ენის  მხოლოდ  კომუნიკატორული  ან  აღწერილობითი   ფუნქციები,  არც   ტექსტებში  მანიფესტირებული  შინაარსის  (პერსონაჟების  ქცევის,  ფულადი  ცნებების, ტროპების  და ა. შ.)  ტრადიციული ანალიზი ,  არამედ  აქცენტირებულია  ესთეტიკური  ღირებულებების  მონეტარული  ღირებულებებით  ჩანაცვლების  რთული  და მტკივნეული  პროცესის  მთელი სისრულით  ენით  პორტრეტიტების  პროცესი.  ეს პროცესი კი  იმდენად  რეზონანსული  იყო,  რომ  ევროპულ ლიტერატურაში,  სადაც  კაპიტალიზმმა     ფუნდამენტური   საზოგადოებრივი   ძვრები გამოიწვია,   პოლიტიკური ეკონომიის,  როგორც  ახალი საზოგადოებრივი   მეცნიერების,  პარალელურად  წარმოშვა  ლიტერატურის   ასევე  ახალი  ჟანრი, რომანი.  სწორედ  ამის შესახებ  წერს  დევიდ  კაუფმანი:  ,,კომერციული  კაპიტალიზმის  სწრაფმა  განვითარებამ  და  ინსტიტუციურმა  კონსოლიდაციამ  მეთვრამეტე  საუკუნეში  წარმოქმნა  ეკონომიკის,  სახელმწიფოს,   მორალისა  და  სამოქალაქო  უფლებების    ახლებური  აღწერებისა   და  აპოლოგიის  საჭიროება,  რომელიც  დაკმაყოფილებულ  იქნა  როგორც პოლიტიკური  ეკონომიის,  ისე  რომანის  მიერ“    (  მ.ვუდმანსი- მ. ოსტინი,   ახალი ეკონომიკური კრიტიკა,  1999, თარგმ.  თ. ლომიძე)).  ჩვენთვის  განსაკუთრებით  საყურადღებოა  ამ  მოვლენის  ერთ-ერთი  მიზეზი , რომელიც  თავის  დროზე  ჩამოაყალიბა   ჰარვარდის  უნივერსიტეტის  პროფესორმა   მარკ  შელმა  თავის გახმაურებულ  ნაშრომში   ,,ლიტერატურის  ეკონომიკა“  (1978).   ,,შელის  აზრით,  ლიტერატურული ნაწარმოებები  შედგება  ტროპული  შენაცვლებებისგან  ან  მეტაფორებისგან,  რომელთაგან  ზოგიერთი  შეიძლება  გავაანალიზოთ  ეკონომიკური  ცნებების  მეშვეობით“.  მაშასადამე,  ეკონომიკური  ლიტერატურული  კრიტიკა  ცდილობს  ჩაწვდეს  მიმართებას  ლიტერატურულ  გაცვლა-გამოცვლასა  და იმ  გაცვლა-გამოცვლას  შორის,  რომელიც პოლიტიკურ  ეკონომიკის  საფუძველს  წარმოადგენს  და  გააერთიანოს  ამ  ორი  სფეროს  დისკურსები“  (  მ.  ვუდმანსი- მ. ოსტინი , ახალი ეკონომიკური  კრიტიკა,  1999).
   ჩვენი   კვლევის  ობიექტად  შერჩეული   პერიოდი,  რომელიც    X1X  საუკუნის  შუა  ხანების  ქართული  მწერლობის  ორი  თვალსაჩინო  წარმომადგენლის,  გ ი ო რ გ ი   ე რ ი ს თ ა ვ ი ს ა  და  ლ ა ვ რ ე ნ ტ ი   ა რ დ ა ზ ი ა ნ ი ს  თემატურადაც  და  ენობრივი  თვალსაზრისითაც   იმ დროისთვის  საკმაოდ  თამამი  ტექსტების  შექმნას  ემთხვევა,  რა  თქმა უნდა,  არ  იცნობდა  ზემოაღნიშნულ  ენობრივ  დეფინიციებს.  ვინაიდან  ეს  მწერლები ხელმძღვანელობდნენ  კრიტიკული რეალიზმის   სახელით  ცნობილი  მხატვრული მეთოდით,  რომელიც  ძირითად  აქცენტს  ტიპიზაციაზე  აკეთებდა,  ხოლო ენობრივი  აქტივობები , რომლებიც არა მარტო გმირთა  ხასიათების  გახსნას  ემსახურებოდა,  არა  თუ შორეულ  X1X ,  არამედ  XX  საუკუნის   60-იან  წლებამდეც  კი,  და  ისიც უკეთეს შემთხვევაში,  სტილურ  თავისებურებებად  იყო  მიჩნეული.  სწორედ ამის  შესახებ  წერდა  ამ  პერიოდის  ერთი  ახალგაზრდა ენათმეცნიერი  არლი თაყაიშვილი: ,,არავისთვის  უცხო  ამბავი არ  არის,  რომ ზოგჯერ  ენა და სტილი  მივიწყებულია ჩვენი კრიტიკოსების  ნაწარმოებებში. ისინი ცდილობენ  ღრმად  ჩასწვდნენ  მწერლის იდეურ-მხატვრულ  კონცეფციას,  ზედმიწევნით  დაახასიათონ  გმირები, მაგრამ ენაზე  რომ მიდგება საქმე,  რატომღაც  ენას  კბილს  აჭერენ  (ა. თაყაიშვილი, წასაშლელი სტრიქონები,  1963). სხვა სიტყვებით ,,ენის  მრავალსახეობის   პრობლემა“  იმ  დროისთვის ჯერ  კიდევ  დახურული  იყო.  კრიტიკული  რეალიზმი, როგორც  ვიცით,  ის ლიტერატურული  მიმართულებაა, რომელიც  მიზნად  ისახავდა  ევროპის  ,,პოლიტიკურად  ინტენსიური  და  სოციალურად  დიფერენცირებული“  საზოგადოების  მხატვრულ  ასახვას .   ეს დროში  ემთხვევა კაპიტალიზმის დამკვიდრების  ხანას, როდესაც  ადამიანთა  ურთიერთობები, მათი სოციალური სტატუსი   მატერიალური ფასეულობების  შოვნა-შეძენის ზედმეტად აქტივიზებულ, ზოგჯერ კი საკმაოდ  მტაცებლურ უნარებს დაექვემდებარა.  მეტიც, მდიდართა    და  ღარიბთა  შორის  გაჩნდა  ე.წ.  საშუალი  ფენა   (ინგ.middle  state)  - ბურჟუაზია, რომელიც ყველაზე უკეთ  განასახიერებდა  ახალი დროის  სახეს  და  რომლის  ,, წარმოქმნაც  ეკონომიკის  ფართო  ისტორიული  მოთხოვნილებით   იყო  განპირობებული“.  ჩვენთან  ბურჟუაზიული  კლასი, თავისი კლასიკური გაგებით  ბოლომდე  ვერც  ჩამოყალიბდა, მეტიც,  იგი  თითქოს არც იყო ორგანული  ქართველთა  ბუნებისათვის, რადგან,  მცირეოდენი გამონაკლსისი გარდა,   გამდიდრება  ძირითადად  არაქართველებმა  შეძლეს. განსხვავებული  ელფერი  ჰქონდა   ,,კრიტიკული რეალიზმის  განმსაზღვრელ მახასიათებლებსაც:  ,,ბურჟუაზიული  მსოფლმხედველობის არისტოკრატიულთან  დაპირისპირებას“,   რადგან  იგი სოციალურ  შინაარსზე  მეტად   ეროვნული  დაპირისპირების  ნიშნით  დაიტვირთა.   მით უფრო, როცა ცხადი გახდა, რომ  ,,ფული აღემატება   გვარსა და წარმომავლობას, სიმდიდრე  -  საუკუნეობით  გამყარებულ  ტრადიციასა  და  ეტიკეტს. ამასთან  გამოიკვეთა  ძირითადი    კონცეპტუალური  ოპოზიციები:  ფული/უფულობა;  მატერიალური  ბედნიერება/სულიერი სიმდიდრით  მიღწეული  ბედნიერება,  ,,პატიოსანი  ფული“/,,არაპატიოსანი ფული“  (ი. ბორევი,  2001: 399) და ა. შ.  ზემოაღნიშნულ მიზეზთა  გამო საქართველოში  ბურჟუაზიის  განვითარება-ჩამოყალიბება  თითქმის  არ გასცილებია  სავახშო კაპიტალის  შექმნას.  სწორედ  ამ   პროცესის  ეტაპობრივი განვითარება ასახა  კრიტიკული რეალიზმის  პირველმა  პერიოდმა.
  ყველაზე  თვალსაჩინო  მოვლენა, რომელიც   X1X  საუკუნის  პირველ  ნახევარში   ხდება  -   სახელმწიფოებრიობის  გაუქმების  შემდეგ -  ამავე   მოვლენაზე  თავადაზნაურობის  მწვავე რეაქციის  (მხედველობაში, ცხადია,  1832 წლის  შეთქმულება  გვაქვს)  უშედეგოდ  დასრულებაა.  მართალია, რუსეთის  იმპერატორმა  პოლონეთში  გამართული  სისხლისღვრის ფონზე   (იქ აჯანყება  1830 წელს დაიწყო)  ქართველი  მეამბოხეები  ნაკლები  სისასტიკით  დასაჯა,   ამ  მარცხმა   შეთქმულებაში მონაწილეთ  დაღი დაასვა  და  შექმნა  დამარცხებულის  გარკვეული  სინდრომი:  ერთი  ნაწილი  წარსულის   იდეალიზაციას  მიეცა  და  რომანტიკული ხასიათის  ტექსტები  შექმნა, მეორე,  უფრო  მცირე  ნაწილი კი  სინამდვილისადმი რაციონალური, შეიძლება  ასეც  ითქვას, მწვავედ კრიტიკული დამოკიდებულების  გამო   რეალიზმის სათავეებთან  აღმოჩნდა.   გიორგი ერისთავიც  ერთ-ერთი  ,,განდობილი“ იყო,  თუმცა  თავისი  ასაკისა    (1832 წელს იგი მხოლოდ 17 წლის ყმაწვილი იყო)   და  ევროპაში  (პოლონეთში) განსწავლულობის გამო   არა მარტო  ახალი ლიტერატურული  მიმართულების,  ახალი  სამწერლო ჟანრის,  კომედიოგრაფიის  და  მასთან  ერთად  თეატრის , არამედ  ახალი  ენის,  ახალი  ლოგოსის  შემქმნელიც  აღმოჩნდა  (უფრო  ზუსტად     ეს  იყო  სამოციანელეთა თაობის  მიერ  სალიტერატურო  ენის  შექმნის  საწყისი ეტაპი).  ასეთი  ტიპის  ცვლილებების  გათავისების  უნარი  კი, როგორც წესი, დიდი  სოციალ-ეკონომიკური   ცვლილებებისადმი  რეალისტური ალღოს   მქონე მოღვაწეებს  აქვთ.  გ. ერისთავს ეს ალღო ნამდვილად ჰქონდა  და ამიტომაც მან ცვლილებაა   აუცილებლობის არტიკულირებ ა   ენით  დაიწყო.  აი, რას  წერდა  პლატონ იოსელიანი  პიესა  ,,გაყრის“  წინასიტყვაობაში:  ,,მწერლობა  ძველთა, გარდა  რუსთაველისა  და  მცირეთა  სხვათა,  არა  იყო  ჩვეულებითის  საუბარის  ენით, რომელიც  არის და უნდა  იყოს  ჭეშმარიტი  ენა  ხალხისა.  დამწერმან  ამა  პირველისა  ქართულს  ენაზედ  კომედიისა,  თ. გ. ერისთავმან,  დაბადა  ენა ქართული  ახალისა  გვარისა  მწერლობისათვის...“. სხვა სიტყვებით, ენის დემოკრატიულობისკენ  გადადგმული  ნაბიჯი  მიჩნეულ  იქნა  სერიოზული  სოციალ-ეკონომიკური ცვლილებების  მაუწყებლად  და  ეს  პრინციპულად  სწორი მიდგომაა.    X1X  საუკუნის  საქართველოში   ცნობილი  ისტორიული  მოვლენების   შედეგად  (ხდება  ქვეყნის  ახალი  კოლონიზაცია)  პარადოქსული  ვითარება  იქმნება, ანუ  როგორც მოგვიანებით  ითქვა, ( ქვეყანა) ცხოვრობდა  სიტყვით  სხვისი ,,მფარველობის“  ქვეშ,  ხოლო  საქმით  სხვისი  ,,მონობის“  განცდით...“  (კ. აბაშიძე).  სახეზეა  მოძველებული  ეკონომიკური  ფორმებისადმი   მიჯაჭვულობის  დემონსტრირება,    რომელსაც ახდენს  საზოგადოების  არა  რომელიმე  მარგინალური  ჯგუფი,   არამედ  სწორედ  ყველაზე  პრივილიგირებული   და  ამდენად    მომავალ კულტურულ  ორიენტირებზე  პასუხისმგებელი   ფენა.  ეს  არის    თავადაზნაურობა.  განსაკუთრებით კი  ამ  ფენის   ახალგაზრდა  წარმომადგენლები, რომლებიც  განათლებას   უკვე  ევროპის, განსაკუთრებით კი რუსეთის,  უნივერსიტეტებში  იღებენ  და  რომლებიც   თავიანთი  საზოგადოებრივი  სტატუსისა  და  ევროპული  განმანათლებლობის   მიღწევებთან  მეტი  სიახლოვის  გამო   წესით  ევროპულ ფასეულობათა  შემომტანნი   და  დამნერგავნი  უნდა  ყოფილიყვნენ,   უნდა  მდგარიყვნენ   ქვეყნის  შემდგომი  განვითარების  ავანგარდში.  ნიკოლოზ ბარათაშვილის  პროგნოზი  გამოთქმული  ლექსში  ,,  საფლავი მეფის ირაკლისა“,  ,,ჟამ-ვითარებით  გარდახვეწილთ   შენთ  შვილთ  მიდამო  /  მოაქვთ   მამულში  განათლება  და  ხმა საამო...“,  ახმოვანებდა  ამგვარი  შესაძლებლობის  მნიშვნელობას.  თუმცა  თავდაპირველად, როგორც  ჩანს,  ამასთან დაკავშირებულ  იმედთა  რეალიზებას  იმედგაცრუება  სჭარბობდა. ამ  იმედგაცრუების  მხატვრული  ასახვის პროდუქტიცაა  გ. ერისთავის  დრამატურგია   და  ამ დრამატურგიით  გამოხატული  ძლიერი  კრიტიცისტული  პათოსი.    აშკარაა, გ ი ო რ გ ი   ე რ ი ს თ ა ვ ი  უფრო სმენით აღიქვამს გარემოს, ვიდრე ვიზუალურად. ამიტომაც მის  მიერ საგანგებოდაა   შერჩეული დიალოგებით  აზროვნების  მანერა, ანუ  დრამატურგია,  ,,ყოველდღიურობის გახმოვანების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური  საშუალება“, რომელიც წერის თვალსაზრისითაც  ფრიად ეკონომიურია,  შესაძლებლობებით კი მრავალფეროვანი. მწერლობის ამ  დარგს  ახასიათებს  ცხოვრებისეული   სცენისა და კულისებისადმი  ერთნაირი  ინტერესი  და ამიტომაც  თვითგამოხატვის  საშუალებად  ინტონაციებით  მდიდარ მეტყველებას  ირჩევს, რაც  პერსონაჟებს  მათ  სოციალურ სტატუსსა თუ რეგალიებზე  არანაკლებად   ახასიათებს.   ზუსტადაა   დეტერმინირებული, როგორც   დროება   (თავისი განახლებული  მნიშვნელობებით ), ისე მისი  მთავარი  ფიგურანტები: გაღატაკებული თავადი,  მერყევი ფსიქიკის, მორალურ-ზნეობრივად  ჩამოუყალიბებელი   ახალგაზრდა  თავადიშვილი,  ფულით აღზევებული  გაიძვერა  სომეხი  ვაჭარი  და  მომსახურე  პერსონალი, რომელთაც  თავიანთი ბატონების გადამკიდეთ, ფარისევლობისა და ორგულობის გარდა არაფერი დარჩენიათ.     გ. ერისთავის   პიესების ანალიზის  დროს  ცნობილი  კრიტიკოსი  კიტა აბაშიძე   ორ  ძირითად  ღირსებაზე ამახვილებდა ყურადღებას.  პირველი,    ცოცხალი  სამეტყველო  ენის  ქუჩებიდან  და  ბაზრობებიდან  შემოტანა,  ენისა, რომელმაც შემდგომი სრულყოფა, როგორც  აღვნიშნეთ,  სამოციანელთა  ენობრივ  რეფორმაში  ჰპოვა  და  მეორე,  იმ   იმედის  გამქარწყლებელთა  წარმოჩენა, რომელზედაც  ზემოთ  მივანიშნეთ. აი, რას  წერს  კ. აბაშიძე: ,,...  მეორე  დიდი მნიშვნელობა  ამ  კომედიების  იმაში მდგომარეობს,  რომ  გ. ერისთავი  თვისის  ნიჭიერი კალმით  პირველად  შეეხო  ჩვენში  ახალ  ცხოვრებას  ამ  ცხოვრებისგან  შექმნილ  პირობით. პირველად  მან  დაგვანახვა  ძველის  წყობილების  -  ფეოდალიზმის  და  ახლის  -  ვაჭრულის  ბრძოლა,  პირველის  მისუსტება  და  მეორის  გაღვიძება.  პირველად  მან  სცადა  ახალ პირობებში  აღზრდილ  ახალგაზრდათა  დახასიათება, პირველად მიაქცია  ყურადღება  ამ  ჯგუფს  საზოგადოებისას. პირველად  მან  დაასურათა  და  დაგვანახვა  ახალის  გარემოების ნაშობნი...“  (კ. აბაშიძე, ეტიუდები .....). მართალია,  ეს  ,,უძღები  შვილები“  ,,განათლებულის  ენით“  მეტყველებენ,  მაგრამ  მას  სიზუსტე და პრაგმატულობა  აკლია. ვარშავიდან  ახალდაბრუნებული  ივანე  დიდებულიძე  (პიესიდან  ,,გაყრა“)  და  პოეტი  ბეგლარი   და   მიხეილი  (პიესიდან  ,,დავა“), წარმოგვიდგენენ   იმგვარ  ახალ  ძალას, რომელსაც  ყველა  ნიშნით  არსებული  პატრიარქალური  წყობისადმი,  აშკარად  მოძველებული  სოციალ- ეკონომიკური ურთიერთობებისადმი და ზოგადად  ფეოდალური მორალისადმი  სერიოზული პროტესტის  გრძნობა  უნდა  გასჩენოდათ  (თავიდან ამგვარი პროტესტის ნიშნები  ჩანს   კიდეც ქართული რომანის უქონლობის  გამო ივანეს  მიერ წარმოთქმულ  ტირადებში, თუმცა მოგვიანებით  იგი   ფულზე  ქორწინდება  და მევახშის სიძე  ხდება), მაგრამ  ერთის  მისწრაფება  შექმნას  ევროპული  ტიპის  მეურნეობა   სომეხი  ვაჭრის,  მიკირტუმ  გასპარიჩის,    დაცინვის  საგანი  ხდება  (აქ მიმართავს  სწორედ  ავტორი ივანესა და მირიტუმ  გასპარიჩის   ორი სამეტყველო  ხაზის, ორი  დისკურსის, ფაქტობრივად კი ორი  მსოფლხედველობის  ირონიულ-სარკასტულ  შეწყმას,  რითაც  ცხადყოფს  თითოეული მათგანის  უუნარობას) თავიანთი  მოდავე  მამების  ახირებას  აყოლილი  იმ  ორ  ახალგაზრდას  კი  იმავე  მამების  მსგავსად  ძალზე  უადვილდება   ჩინოვნიკების  მოსყიდვა  და ამით  უკანონობის  არა  მარტო  აღიარება,  არამედ    მასთან   შეგუებაც.   ვფიქრობ,   სწორედ  ამ  პერსონაჟებს  უკავშირდება  ავტორის  განსაკუთრებული  გულისტკივილი  და  მსგავს  გარდამავალ  ეპოქათა  ამსახველი  კომედიოგრაფებისთვის  დამახასიათებელი  სკეპსისიც. 
  გ. ერისთავი, როგორც  დამოუკიდებლობისათვის  ბრძოლაში  დამარცხებული   ქართველი  არისტოკრატი (იგი, როგორც  ვიცით,  ქსნის  ერისთავთა  შთამომავალი  იყო),  რომელსაც  მალე  მეტროპოლიის  ყველაზე   დახვეწილ   დიპლომატთან , მეფისნაცვალ  მიხეილ  ვორონცოვთან,  მოუწევს  თანამშრომლობა   (ამ თანამშრომლობის დროს  იგი   დამფინანსებლის  ,,შემწეობის“ გონივრულად  წარმართვა-მოხმარების   შესაშურ  ნიჭს  ამჟღავნებს.თუმცა  ივანე კერესელიძის მოგონებების  მიხედვით, ვორონცოვის ფინანსური  დახმარების  შეწყვეტისთანავე  -  1853 წელს -კარგავს ინტერესს  საზოგადოებრივი საქმიანობისადმი,  თავს  ანებებს  ,,ცისკარს“ და, რაც განსაკუთრებით  საგულისხმოა,  პედანტური თანმიმდევრობით,  ფაქტობრივად, ყოველგვარი შეღავათის გარეშე  ითხოვს კერესელიძისგან  მისთვის  გადაცემული  სტამბის  საფასურს) მაშინვე , ცხადად  ხედავს  ,,რუსეთის  ფეოდალურ-ბატონყმურ   წყობილებასთან  ქართული  წყობილების  სოციალური  უნიფიკაციის“  შედეგებს  (  აკოფაშვილი,  ცვლილებები  აზნაურთა  ფენის მდგომარეობაში   x1x საუკუნის  1  ნახევრის  აღმოსავლეთ საქართველოში,  1960:33):  მოჩვენებით  წოდებრივ  უპირატესობებს, რომლებიც  შეცვლილ  გარემოში   ანაქრონიზმად  ქცეულან,   სავაჭრო  კაპიტალის  განვითარებასთან  ერთად  ფეოდალურ -  ნატურალური  მეურნეობის  რღვევას  და,  რაც  ყველაზე სავალალოა,  ყოველივე  ამის  გამო   თავად-აზნაურთა  დაცემა-გადაგვარებას.  ეს  უკანასკნელი  კი  არა  მარტო  მათ  გადაწყვეტილებებსა  და  ქცევათა   მოტივაციებში,  არამედ მათ  ენაშიც  ჩანს.  გ. ერისთავის პიესებში  გადმოსახლებული  ეს  პერსონაჟები  უცნაურად  მეტყველებენ.  ესაა  არა მარტო  ქრონოლოგიურად  საუკუნეთა  გზასაყარზე,  არამედ  გეოგრაფიულადაც  გზაჯვარედინზე  მდებარე  ქვეყნის  წარმომადგენელთა  მეტყველება, მათი  ენობრივი  ცნობიერების  დემონსტრირება.    აი, რას  წერდა  ამის შესახებ  აკაკი ბაქრაძე  წერილში  ,,მეცხრამეტე  საუკუნე“:  ,,გიორგი  ერისთავის  პერსონაჟები  ამღვრეული  ენით  მეტყველებენ:  ქართულ-რუსულ-სომხურად.  ასეთ პერსონაჟებს  ცნობიერებას  მოკლებულ  ადამიანებს  ვუწოდებდი...  ეს  კი სრულიად  თავისებური  მოვლენაა.  ისინი  არსებობენ  მხოლოდ   კოლონიურ  ლიტერატურაში  და  იბადებიან  ორი  კულტურის  შეჯახების  დროს.  მით  უმეტეს,  თუ  ერთი კულტურა  მეორეს   ჩაგრავს   პოლიტიკურად,  სამხედრო  და  სახელმწიფო  ძლიერების  მხრივ...“(ბაქრაძე, მეცხრამეტე  საუკუნე,  2005:74).  სხვათა  შორის,  ,,გაყრაში“  საუბარია  არა  მარტო   ცხოვრების  ახალ  ეკონომიკურ  მოწყობაზე,  არამედ  ნახსენებია  თვით  ეს  ცნებაც  ,,ეკონომიკა“,  ოღონდ დამახინჯებულად  -  ,,ეკომონია“, ისე  როგორც  ეს  პერსონაჟთა  მეტყველების სტილს, მათ ინტელექტუალურ  შესაძლებლობებს  შეეფერება.  მწერალი ამით საკუთრივ  თავისი  ეკონომიკური  გამოცდილების  ჭრილში  წარმოგვიდგენს  იმათ, ვისაც  ძალიან  შორეული  წარმოდგენა  აქვს  როგორც  ამ  ახალ  სიტყვაზე,  ისე  მის  შინაარსზე.  თუ  გავიხსენებთ   ნობელიანტი  პოეტის,  იოსებ  ბროდსკის, ფრიად  ორიგინალურ  ენობრივ  კონცეფციას  (ის, როგორც ვიცით,  აღიარებს  შემოქმედზე ენის  სრულ  დიქტატს), რომლის ერთ-ერთ   საყურადღებო   ასპექტზე, ანუ  ენის  მეტაფიკურობაზე   პოეტი   ბროდსკისებურ  მახვილს  სვამს  ( ხაიროვი,  თუ ღმერთი  ჩემთვის  არსებობს, ეს  სწორედ ენაა,  2004:94),  დავრწმუნდებით  ახალი ეკონომიკური კრიტიკის   კვლევის  მეთოდოლოგიასთან  მისი   მისადაგების  მართებულობაში.  იდეალურ  შემთხვევაში,  და  ეს  შემთხვევა  ბროდსკისთვის  ინგლისურია,     ენის  ლინგვოკულტურული  ტიპი  ასეთი  ფორმულით  განისაზღვრება:  სუბიექტი  -  ზმნა  -  სუბიექტი,  რაც  გამოხატვის შესაძლებლობების  მაქსიმუმს  უდრის  მაშინ,  როდესაც  ნაკლებად  ლოგიკური  ენა  (ეს  კი იმავე ბროდსკისთვის,  მიუხედავად  თავისი მონოლითურობისა,  რუსულია) მაგ.   დოსტოევსკის მხატვრული  დისკურსი  თავისებური სინტაქსური  წყობით,  ,,ეშმაკური  ჩახლართულობით“,  ,,სიზუსტის უქონლობით“  შინაარსის  ამბივალენტურობის  გამომწვევი  ხდება. აქედან  რაციონალური ინგლისურისა  და  რეფლექსიური  რუსულის  ანტინომიური  წყვილი.    ამ  მოსაზრების  გათვალისწინებით  შესაძლებელია  არა  ერთი კონკრეტული   მწერლის  ან  პერსონაჟის,  არამედ  მთელი ერის  პორტრეტირება,  მისი ფსიქოტიპის  დადგენა.  გ. ერისთავის  პიესებში, სადაც  ახალ  ეკონომიკურ ურთიერთობათა  პირველი  გამოვლინების  ფონზე   ყველა  მონაწილე   საკუთარ არსს   ენით  მატერიალიზებული  აზრით,  ენაში  დაგროვილი   ინფორმატიულობით  ამჟღავნებს,  შესაძლებელია  მეტ-ნაკლებად სრული წარმოდგენა  შევიქმნათ   ახალ  სოციალ-ეკონომიკურ ფორმაციასთან  შეხვედრისთვის  ქართველთა მოუმზადებლობის  ხარისხზე,  არსებობის ფორმებში მათ უიმედო  ჩარჩენაზე, სწორად მიმართული  ინიციატივობისა  და  აქტიურობის დეფიციტზე,  რომ არაფერი ვთქვათ  ცხოვრების კანონზომიერებათა უცოდინარობით  გამოწვეულ   გულუბრყვილობაზე,  რომლითაც, როგორც წესი,  მხოლოდ   გვერდით მცხოვრები უცხოტომელი  სარგებლობს.    ,,ძუნწის“ მთავარი  პერსონაჟი  კარაპეტ   დაბაღოვი  ასეთი პირდაპირობით  ახასიათებს  დროის  ახალ  ეკონომიკურ  ვექტორს   :  ,,უფულო კაცისთვის არ  არის ცხოვრება  გაჩენილი“.  გ. ერისთავისთვის  პრობლემა   სწორედ   ამ  რეალობის  მისაღებად  აუცილებელი  ალღოიანობისა  და  უნარ-ჩვევების  უქონლობაშია.
   თუმცა  x1x   საუკუნის  ქართული  კრიტიკული რეალიზმის  კიდევ  ერთი  წარმომადგენელი ლ ა ვ  რ ე ნ ტ ი    ა რ დ ა ზ ი ა ნ ი, როგორც  ჟურნალისტი და როგორც მწერალი,   აფიქსირებს  იმ  ცვლილებებს, რომლებიცამ მხრივ საზოგადოებაში  სულ რაღაც  ერთი ათეული წლის მანძილზე  მომხდარა.  ივანე  კერესელიძისეულ  ჟურნალ ,,ცისკრის“  ანტიბატონყმური მესიჯი  იმ  ახალგაზრდებისთვის, რომლებიც  რედაქტორის გარშემო არიან  შემოკრებილნი  (გრ. რჩეულიშვილი,  დ. ჭონქაძე,  ი. ჩიქოვანი) ის უმთავრესო კონტექსტია, რომელიც ლიტერატურული ცხოვრების  განახლებისთვის აუცილებელ წინაპირობად უნდა მივიჩნიოთ, ანუ ეს ის   სასტარტო პოზიციაა, რომელიც ახლებური ხედვისა და შეფასებების საშუალებას იძლევა.   1859 წელს  ჟურნალი აქვეყნებს  ლავრენტი არდაზიანის ლექსს  ,,ფულები“, რომელშიც ფული პრაქტიკულად  სამყაროს   მმართველ  უნივერსალურ ძალადაა  აღიარებული  და  ამასთან  აღიარებული   ე.წ.  ,,ფულის  ენის“  საყოველთაობა.  სწორედ ისე, როგორც ამას  ფ. დოსტოევსკისადმი  მიძღვნილ  ესეში  ,,დოსტოევსკის  შესახებ“ წერდა  ი. ბროდსკი:  ,,მიწასთან,  წყალთან, ჰაერთან  და  ცეცხლთან  ერთად  ფული  მეხუთე  სტიქიაა,  რომლისთვისაც  ანგარიშის  გაწევა  ადამიანს  ყველაზე  ხშირად  უწევს...“ (ბროდსკი, დოსტოევსკის შესახებ,  წელი, გვერდი).  ლავრენტი არდაზიანი, მართალია, ფულებს  ,,უწესოდ  გაჩენილს“,  ,,იუდას სისხლით  სვრილს“, ,,სიმართლის  დამჩაგვრელსა“  და  ,,კაცთ ზნეობის  გამრყვნელს“ უწოდებს, თუმცა  ამასთან  ერთად  აღიარებს  მათ  უნივერსალურ უნარს  თანაბრად  აკეთონ  ბოროტიცა   და კეთილიც.   ეს ფულის  ენის  სწორად  წაკითხვის  გამოვლინებაა. ეკონომიკური კრიტიკა  მუდმივი მოძრაობის, განუწყვეტელი ფლექსიურობის,  ყოვლისმომცველობის  თვალსაზრისით  ხედავს  გარკვეულ  სიახლოვეს  ენასა  და  ფულს  შორის,რასაც  არც   თანამედროვე მწერლები  და  კრიტიკოსები უარყოფენ  (მაგ. იგივე  ბროდსკი,  ბორის გროისი). ბორის გროისი წერს:  ,,ენა, რომლითაც    აპელირებს  დღევანდელი საზოგადოება, როდესაც  სურს  საკუთარ  თავზე ისაუბროს,  ფულის ენაა.  ფული განაპირობებს  სამყაროს  ერთიანობას, ანუ  ასრულებს  ადრე  რელიგიისთვის დაკისრებულ  ფუნქციას  და ა. შ.“  (Гроис, ,  2003:17). შესაძლოა   ფულის  ამ  ახალი სტატუსისა  და  ფულის ენის  ინტუიტიურმა  წვდომამ   უბიძგა  ლავრენტი არდაზიანს  შეექმნა  ტექსტი ადამიანზე, რომელსაც  ქმნის ფული. ეს  სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილია.  ავტორს აინტერსებს ის  რთული  გზა, რომელიც უნდა გაიაროს სოლომონის სოციალური წარმომავლობისა  და  სასტარტო  მდგომარეობის  მქონე  უსახსრო კაცმა.  ,,ფულის  შოვნისა   და  დაგროვების“  დამაჯერებლად  აღწერილი   პროცესი  მეტყველებს თვით  ლავრენტი არდაზიანის ფინანსურ ჩვევებზე, მის გარკვეულობაზე   იმდროინდელი  (ანუ  X1X  საუკუნის  50-60-იანი წლების  მიჯნა)   ეკონომიკური ცხოვრების პირობებში,  იმათ  ფსიქიკაში,  ვისაც   სოციალური ლიფტის  ერთი საფეხურიდან  მეორეზე, მეორედან კი  სულაც  მესამეზე  განუზრახავს  ასვლა.  არდაზიანის  გმირი,  თუ გავითვალისწინებთ  ფულზე დაფუძნებული  ჩვენი  დღევანდელობის   ფასეულობებს,  ოპტიმიზმს  უფრო  აღძრავს, ვიდრე   პესიმიზმს.  მართლაც, სოლომონის  თავგანწირვა  თვითდამკვიდრებისთვის,  სულიერი და ფიზიკური სიკერპე,   ნებისყოფის  სიმტკიცე,   უკვე  საკმაოდ მდიდარმა  ყველას, და პირველ ყოვლისა, საკუთარი ოჯახის  წევრებს  თავი  კვლავ  ღარიბად  მოაჩვენოს, იმ მიზანდასახულობის დემონსტრირებაა, რომლითაც თავს  იწონებენ  მომდევნო  პერიოდის უმდიდრესი ადამიანები.    ფულის დაგროვება, შემდეგ მისი გაცვლა-გამოცვლა, გასესხება  თუ  ღირებულება   მუდმივ  მოძრაობაშია, რომლის კვალდაკვალ იგება  და  ყალიბდება  თავად    მთავარი  პერსონაჟის   ზეაღმავალი ცხოვრებისეული  ეტაპები, ანუ  ეკონომიკური პოეტიკის    წარმოჩენა   შესაძლებელი  ხდება   ლიტერატურული წაკითხვის საშუალებით.  ამ  პრინციპით   თავის დროზე გაანალიზებულ  იქნა  ჰენრი  ჯეიმსის  შემოქმედება, რომლის ავტორები  იყვნენ  დონალდ  მალი  და  პეგი მაკკორმაკი.   რაც შეეხება  ფულის მიმოქცევის  გავლენას   ადამიანის  არა მარტო მატერიალურ, არამედ  მეტაფიზიკურ არსზე, მალისთვის  ცხადია  ტენდენცია, რომელსაც იგი ასე ახასიათებს  ,,ფული და მისი  გადაქცევა  ცნობიერების  მასალად“.  თუ ამოვალთ  იმ დებულებიდან, რომ  ,,ტექსტები ღია სისტემებია, თუმცა  მათი  ღირებულება  შეზღუდულია“  ლავრენტი არდაზიანის საინტერესო  ნაწარმოებს იმაზე  მეტს  ვერ  მივაწერთ, ვიდრე ის ამის საშუალებას იძლევა, თუმცა ერთი რამ ცხადია, ის  ეგზისტენციალური  გამოცდილება, რომელიც მან თავისი პერსონაჟის ცხოვრების  სახით  წარმოგვიდგინა,   მრავალმხრივ იყო  გასაზიარებელიც და გასაანალიზებელიც, ამის ნაცვლად  ჩვენ სულ ის ეპოზოდი გვახსოვდა, როგორ ცდილობდა გადიდკაცებას  გუშინდელი  ღარიბული ქოხის ბინადარი და როგორ ვერ მოიცილა მან  თავისი  გვარიდან  საძულველი  ბგერათშეთანხმება  ,,ჯღან“.

     დამოწმებანი
აბაშიძე  1893:  აბაშიძე,  ეტიუდები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, წინასიტყვაობა, თბ. 1893
აკოფაშვილი  1960:    აკოფაშვილი  გ.  ცვლილებები  აზნაურთა  ფენის  მდგომარეობაში  X1X  საუკუნის  1 ნახევრის  აღმოსავლეთ საქართველოში,  მასალები საქართველოს და კავკასიის  ისტორიისათვის, თბ.  1960
ბაქრაძე  2005:  ბაქრაძე  ა.  მეცხრამეტე  საუკუნე,  თხზულებანი  რვა ტომად, ტ. 3, თბ. 2005
ბროდსკი   2009  :  ბროდსკი  ი.  დოსტოევსკის  შესახებ,  ჟ. არილი, #9, 2009
Бразговская   2012:  Бразговская  Е,  Чеслав  Милош:  Язык  как  персонаж, М.2012
Гроис 2003:  Гроис  Б.  Язык  денег, ж.  Художественная  литература,  2003,  №47
Хаиров  2004:  Хаиров  Ш,  Если  есть  бог , то  это  для  меня  язык,  НЛО,  2004 , №67
 



                                       


























                                      




No comments:

Post a Comment