Translate

Monday, October 2, 2017

,,ეკონომიკური ადამიანიდან“ ,,იდეოლოგიურ ადამიანამდე“

ნონა კუპრეიშვილი



XX  საუკუნის დასაწყისშივე  უკვე მომწიფებული ჩანს  სოციალ-ეკონომიკური ნიშნით  მსოფლიოს  (პირველ ყოვლისა კი აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის)  პოლარიზების იდეა, რომლის კატალიზატორად პირველი მსოფლიო ომი,   ხორცშემსხმელად  კი  1917 წლის  ოქტომბერში ბოლშევიკების მიერ რუსეთში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალება  წარმოგვიდგება.   კაპიტალიზმს, როგორც მასშტაბურ კულტურულ მოვლენას, უპირისპირდება და მის ჩანაცვლებას ლამობს   (გავიხსენოთ  ლენინისა და მისი თანამოაზრეების სწრაფვა  სამყაროს ძირფესვიანად  გარდამქმნელი დიდი რევოლუციისკენ) კლასობრივი ბრძოლით პროვოცირებული  საყოველთაო  თანასწორობის, ერთობის, შრომის თანაბარი განაწილებისა   და  სამართლიანი მოხმარების  სოციალისტური პროპაგანდისტური მანქანა, რომელიც იმთავითვე შეუფერხებლად მუშაობს  და რომელმაც, უნდა ითქვას,  ორი საუკუნის მიჯნაზე  შეძლო ადამიანთა ფართო მასების გონების დაპყრობა.   თუმცა მომდევნო წლებში  ამ ორი პოლიტიკურ-ეკონომიკური ფორმაციის განვითარებამ, კონკრეტულ დროსა და სივრცეში მათი რეალიზების წინააღმდეგობრივმა  პროცესმა დაადასტურა (უპირატესად კი სოციალიზმის შემთხვევაში), რამდენად  შეიძლება დასცილდეს ერთმანეთს  თეორია და პრაქტიკა. ეს კი, ცხადია, პირველ ყოვლისა, სწორედ ადამიანის კონცეფციაზე, ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი ჩართულობის  მიზანშეწონილობასა და სარგებლიანობაზე აისახა.
კაპიტალიზმის  არსის  სწორედ რომ თეორიული დასაბუთება იმ პერიოდისთვის უკვე  მოცემული იყო  ვ. ზომბარტის, მ. ვებერის,  ი. შუმპატერის  ნაშრომებში. მათ საპირწონედ იდგა მარქსის  ,,კაპიტალი“, რომლის ანტიკაპიტალისტური მესიჯი სოციალიზმით გატაცებულ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, პირველწყაროსგან რამდენადმე განსხვავებულად იქნა გაგებული. ჩვენში  თავისუფალი ინტერპრეტაციის ხარისხი იმდენად მაღალი იყო, რომ X1X საუკუნის დასასრულს ქართველ სოციალ-დემოკრატთა ლიდერთან, ნ. ჟორდანიასთან, კამათის დროს, როგორც ვიცით, ილიამ მწარე ირონიით შენიშნა:  თქვენი აზრების გაცნობის შემდეგ მარქსმა ლამის თქვას, მიწოდეთ რაც გინდათ, ოღონდ მარქსისტს  ნუ დამიძახებთო.
 1902 წელს გამოცემულ  ვ. ზომბარტის  წიგნში  ,,თანამედროვე კაპიტალიზმი“ კაპიტალიზმი განმარტებულია, როგორც  მეურნეობის საშუალება, რომლის დროსაც  წარმოების საქმიანობა მიმართულია  მოგების მისაღებად  ,,კაპიტალიზმის სულად“ წოდებული განსაკუთრებული ძალის ზეგავლენის  ქვეშ.  ,,კაპიტალიზმის სული“, ზომბარტის მიხედვით,  თავის თავში  გულისხმობს მწარმოებლის ისეთ ფსიქოლოგიურ  თვისებებს, როგორიცაა სწრაფვა მოგებისკენ, ანგარიშიანობა, ეკონომიკური რაციონალიზმი.   ამ თვისებების უკან, ცხადია, მოიაზება აქტიური ადამიანი, რომელიც მიუხედავად ყოველდღიური სირთულეებისა, ახერხებს თავისი  ვიტალური ენერგიის გამოვლენას და საკუთარი ცხოვრების მართვასა  და კორექტირებას განკარგავს. ევროპულმა ლიტერატურამ, ისევე როგორც ქართულმა,   იმთავითვე შენიშნა ,,ახალი დროის“ ეს ადეპტები  (მაგ. ილიამ - ოთარაანთ ქვრივი, გ. წერეთელმა  - ბახვა ფულავა), თუმცა კონტექსტის მრავალპლანიანობისა და ახალი ,,ეკონომიკური ადამიანის“  მასშტაბურობის დემონსტრირება მხოლოდ  ევროპულმა რომანმა და ევროპული რომანისტიკის საუკეთესო წარმომადგენლებმა  შეძლეს  ( გავიხსნოთ, რას ამბობდა ფრ. ენგელსი, მაგალითად, ბალზაკის ფენომენის შესახებ რომ მან, ენგელსმა უფრო მეტი გაიგო ბალზაკის რომანებიდან, ვიდრე  იმ დროის ყველაზე ცნობილი ფილოსოფოსის, სოციოლოგ-ისტორიკოსისა და ეკონომისტის ნაშრომებიდან.
                                                                  
მ. ვებერი, სხვათა შორის, მარქსისგან განსხვავებით, კაპიტალიზმს  დასავლური მოდერნიზაციის  ფართო ისტორიულ კონტექსტში განიხილავდა.  მისთვის  ეკონომიკური საქმიანობა კაპიტალიზმის პირობებში ასოცირდებოდა, უპირველეს ყოვლისა, შეჯიბრთან, გაცვლასთან,  საბაზრო ფასების გათვალისწინებით  კაპიტალის ამოძრავებასა და მოგებისკენ სწრაფვასთან. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო რისკების, წაგება-მოგების გათვლის უნარი, რაციონალობა, შრომის  კოორდინაცია,  შრომითი დისციპლინა. ყოველივე ამის უკან კი,  ვებერისთვის, როგორც ცნობილია,  პროტესტანტული ეთიკის საფუძვლებზე აღზრდილი ადამიანი იდგა. სწორედ ის, რომელსაც ,,ეკონომიკური ადამიანი“ ანუ  ,,რაციონალური მაქსიმალისტი“ ეწოდა.  
რაც შეეხება  ი. შუმპეტერს, მისთვის  კაპიტალიზმი, უპირველეს ყოვლისა,  კერძო საკუთრებას, საბაზრო  მექანიზმს, მეწარმეობის ეკონომიკურობას უკავშირდება. გარდა ამისა, კაპიტალიზმის უდავო ღირსებად იგი   კაცობრიობის ისტორიაში  მატერიალური კეთილდღეობისა და პიროვნული თავისულების უპერეცედენტო გამოვლინებასაც მიიჩნევს. თუმცა  შუმპეტერის ოპტიმიზმი აქ სრულდება, რადგან კაპიტალიზმის მომავალს იგი რამდენადმე პესიმისტურად ხედავს  და შესაბამისად მას  არც ნათელ მომავალს  უწინასწარმეტყველებს.  ასეთი პროგნოზები ძირითადად  მომხმარებლური საზოგადოების შუაგულში მოქცეული ადამიანის პიროვნულ თვისებათა რღვევასთან იყო ასოცირებული.  მოგვიანებით  ეს პრობლემა იმდენად გაღრმავდა,  რომ ნეოფროიდიზმის ფუძემდებელმა გერმანელ-ამერიკელმა ფილოსოფოსმა და სოციოლოგმა ერიხ ფრომმა  თავისი ცნობილი ნაშრომი ,,ქონა თუ ყოფნა?“   ინდუსტრიულ ეპოქასთან  დაკავშირებული  ,,დიდი  იმედების“ განუხორციელებლობით გამოწვეული ,,რადიკალური  ჰედონიზმით“  შეპყრობილი ადამიანის პიროვნულ დეგრადირებას    მიუძღვნა. სხვათა შორის, თვალსაჩინო ქართველი მწერლები: მაგ. რეალისტთაგან -აკაკი წერეთელი,  გიორგი წერეთელი, მოდერნისტთაგან - გრ. რობაქიძე, კ. გამსახურდია, ნ. ლორთქიფანიძე - არ იყვნენ აღფრთოვანებული, მათი აზრით, ძირითადად  მოგებასა და ანგარიშზე, სიხარბესა და ეგოიზმზე  ორიენტირებული  ცხოვრების ახალი ეკონომიკური  წესით. გავიხსენოთ,  უკვე 20-იან წლებში შექმნილი კ. გამსახურდიას მოდერნისტული რომანი ,,დიონისოს ღიმილი“, რომლის მთავარი პერსონაჟი, ევროპის გზებზე მოხეტიალე კონსტანტინე  სავარსამიძე  ბედს  იმის გამოც  ემდურის, რომ ბუღალტრების ეპოქაში არგუნა ცხოვრება. მისთვის, როგორც მითოსური ცნობიერებისა და ქართული არისტოკრატიული სულიერი კულტურის მატარებელი ინდივიდისთვის საკმაოდ რთულია, თუ შეუძლებელი არა, ტექნოკრატიზმის და მისი მიმყოლი მოვლენების: მასშტაბური ინდუსტრიალიზაციის, ურბანიზაციის, კომერციალიზაციის მიღება. რომანის ცენტრალური თემაც ესაა:  სულიერი კულტურისა და  ტექნიკური  ცივილიზაციის  კონფლიქტი. 
,,ეკონომიკური ადამიანის“ ცნება მჭიდროდ უკავშირდება პოზიტივიზმის ეპოქას. ამიტომაც წერს  ს.ფ. ფეინერი:  ,,ეკონომიკაში  პოზიტივიზმის ტრიუმფი  უტილიტარიზმის  ტრიუმფიც გახლავთ“  (ს.ფ.  ფეინერი,1999:193). მართლაც, ,,ადამიანმა ორიენტაცია აიღო არსებულის, როგორც ერთადერთი  საარსებო სივრცის მომხმარებლურ  ათვისებაზე..., რასაც ცხადია, ამყარებდა ბუნებისმეტყველებათა და ტექნოლოგიების განვითარება“. ეს იყო  დიდი პარადიგმული ცვლილებების ხანა,  კაპიტალიზმის დანერგვის საწყისი ეტაპი, რომელმაც სამყაროს ბევრი სიახლე მოუტანა. ჩვენც სწორედ  ამ პერიოდზე ვამახვილებთ ყურადღებას, ანუ გავამჟღავნებთ ინტერესს  იმ დროისადმი , როდესაც საფუძველი ეყრებოდა  ფრომის მიერ  ,,დიდ იმედებად“ წოდებულ  ეკონომიკური და სოციალური ხასიათის ნოვაციების  დანერგვას. ამ კონტექსტში ჩვენს  ქვეყანას, რომელიც   ფეოდალური  ცრურწმენით იყო შებოჭილი,  სერიოზული ცვლილებები სჭირდებოდა. ბატონყმობის თუნდაც ასეთი ფორმით და  ესოდენ დაგვიანებულად გაუქმებაც კი, რეფორმათა გონივრული გააზრების პირობებში,  მომავალი ცვლილებების სასტარტო  მდგომარეობად შეიძლებოდა ქცეულიყო.

.  თავდაპირველად ინიციატივა თავად დროის მოთხოვნებმა  წარმართა. შესაბამისად,ხ  მართალია, ნელი ტემპით, თანაც, გარკვეული სახეცვლილებით, მაგრამ კაპიტალიზმი მაინც  შემოდის და ფეხს იდგამს, როგორც  ახალი ეკონომიკური წესრიგი, რომელიც უჩვეულოა, ჩვენს ყალბად გაგებულ რაინდულ სულისკვეთებას ეწინააღმდეგება, თუმცა ჩაკეტილ საზოგადოებაში დიდხანს მცხოვრები ქვეყნისთვის  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მწვავედ იგრძნობა არა მარტო ცხოვრების  ტემპის დაჩქარების (გავიხსენოთ ილიას იდეა მოძრაობის შესახებ), არამედ   მენტალური  ტრანსფორმაციის  აუცილებლობა. კონკრეტულად ქართველთა რომელი თვისებები იყო დასაძლევი, კარგად ჩანს  რ. გაბაშვილის  ( 1912 წლის ჟ, ,,კლდის“ პუბლიკაციები), ფ. გოგიჩაიშვილისა (,,ჩვენ და ცხოვრება“) და მ. ჯავახიშვილის  (პუბლიცისტიკასთან ერთად ,,ჯაყოს ხიზნები“) ნააზრევში. ეს  თვისებებია: დროს ჩამორჩენილი საეკონომიო აზროვნება;  აზნაურული ფსიქიკა; პატრიარქალურ  ჩვეულებათა ნაშთი;  სუსტი ინდივიდუალობა  (ფ. გოგიჩაიშვილი). ცხადია, აქ ჩამოთვლილ ავტორთა მოსაზრებები  ილიას ცნობილი წერილიდან ,,რა გითხრათ, რით გაგახაროთ?“  (1897) იყო ამოზრდილი და კონცეპტუალურად  ეთანხმებოდა კიდეც მას.  ასე რომ, ქართული სინამდვილის, მასთან ერთად კი ქართული ცნობიერების დუალიზმი (კაპიტალიზმის მომხრენი და მისი აშკარა მტრები ან შეიძლება ასეც გავმიჯნოთ , მარქსიზმი და ქართული ნაციონალიზმი) საბედისწერო იყო და არჩევანზე, რომელსაც ამ ისტორიული პროცესის მონაწილენი გააკეთებდნენ, ქვეყნის მომავალი იყო დამოკიდებული.
კ. მარქსის  ფუნდამენტური ნაშრომი ,,კაპიტალი“ (არასრული ტექსტი) საქართველოში  X!X  საუკუნის დასასრულს გამოჩნდა. მისი ერთ-ერთი პირველი გამავრცელებელი ცნობილი მწოგნობარი ზ. ჭიჭინაძე, პირველი მკითხველი კი, მომავალ სოციალ-დემოკრატებთან ერთად, ილიაც ყოფილა. როგორც ფილოსოფიური მიმართულება, მარქსიზმი სამყარის  მატერიალისტურ გაგებას ემყარებოდა, როგორც ეკონომიკური აზრის  გამომხატველი - ზედემეტი ღირებულების აღმოჩენას, ხოლო როგორც პოლიტიკური მოძღვრება - კლასთა ბრძოლის აუცილებლობას, რომლის ავანგარდში ყველაზე უქონელი ფენა, პროლეტარიატი, უნდა ჩამდგარიყო. ყველაზე სუსტი ( და გარკვეული გაგებით  დამღუპველი) რგოლი ქართველი მარქსისტების აზროვნებაში  ეროვნული საკითხის უგულებელყოფა და რუსულ სოციალ-დემოკრატიასთან შერწყმა იყო, რაც ილიასთვისაც იმთავითვე მიუღებელი აღმოჩნდა. სოციალისტ-ფედერალისტური პარტია  (დამფუძნ. ა. ჯორჯაძე), ითვალისწინებდა რა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობას, სოციალური და ეროვნული პრობლემების ერთობლივად გადაჭრის აუცილებლობას ქადაგებდა. სხვათა შორის, კულტურული განვითარების თვალსაზრისით, ამ პარტიის მიერ გაზიარებული განვითარების ევროპული  გზა და აქედან გამომდინარე ფილოსოფიურ-ესთეტიკური აზროვნების  მოდერნიზება, იმავე ა. ჯორჯაძის ნაშრომებში  ნათლად და არგუმენტირებულად იყო ჩამოყალიბებული. ფედერალისტების ეკონომიკური პროგრამაც კერძო საკუთრების უფლებას ეყრდნობოდა, ამიტომ ისიც ,,ეკონომიკური ადამიანის“ უპირატესობის  აღიარებამდე  მიდიოდა.
  მართალია, ბოლშევიკებმა თავის საკულტო ცნებად ,,შრომა“ გამოაცხადეს, თავს შრომის გამათავისუფლებლებად მიიჩნევდნენ, ძეგლებსაც კი უდგამდნენ ,,მშრომელ ადამიანს“, ახლადშექმნილ საბჭოების ქვეყანას კი ,,შრომის რესპუბლიკას“ უწოდებდნენ, მიუხედავად ამისა,  მალევე მათი ცნობილი ლოზუნგები:  ,,მიწა გლეხებს“,  ,,ფაბრიკა-ქარხნები მუშებს“ სრულ დისკრედიტაციას  განიცდის და ,,პროლეტარიატის დიქტატურად“ წოდებული  მართვის  ახალ  ფორმად გარდაისახება. 20-იან წლებშივე, როდესაც ბევრი რამ ჯერ კიდევ ბუნდოვანი და გაურკვეველი იყო, ე.წ. დემოკრატიული  პოეზიის  ერთ-ერთი  წარმომადგენელი, პოეტი ვ. რუხაძე, წერდა: ,,თვითმპყრობელობა სულ სხვა სახით კვლავ დაგვიბრუნდა...“.
თუ თვალს მივადევნებთ ,,ეკონომიკური ადამიანიდან“ ათასობით მშრომელის  ,,იდეოლოგიურ ადამიანად“ ტრანსფორმაციის  რთულსა და მტკივნეულ პროცესს, ამ პროცესს კი საფუძველი გასაბჭოების პირველივე წლებიდან ჩაეყარა,  ვნახავთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები შრომის ეთიკას შეეხო. თავისი არსით ეს ტრაგიკული პროცესი, მართალია არა ამომწურავად, მაგრამ ქართულმა ლიტერატურამაც ასახა.
 რევოლუციამდელი გლეხობის ჯანსაღი ნაწილი, გამორჩეული თავისი  შრომისმოყვარეობით, ის, ვისაც ჰქონდა სურვილი გაერღვია  მინიმალისტური, მომხმარებლური შრომის ტრადიციული ეთიკის ჩარჩოები, ანუ ეშრომა არა მხოლოდ პირველადი მოხმარების საგნების შესაძენად, ესწრაფვოდა  გაეზიარებინა  ახალი დროის  მოთხოვნები და მათი განუხრელი შესრულებით შესაბამისი მოგებაც ენახა. ასეთი ადამიანები ცდილობდნენ მიწის გამოსყიდვას, თავიანთი მეურნეობის მოდერნიზებას, შესაბამისი ტექნიკის შეძენას, იწერდნენ  სასოფლო-სამეურნეო პროფილის ჟურნალ-გაზეთებს, ერთვებოდნენ სხვადასხვა საფინანსო ამხანაგობებში და სხვ.  ფაქტობრივად, ისინი იზიარებდნენ იმ, სამწუხაროდ, მცირერიცხოვანი ქართველი თავადაზნაურობის  წარმომადგენელთა ინიციატივებს, რომლებმაც თავის დროზე ალღო აუღეს ახალ დროებას და მამულები  უფრო რენტაბელური გახადეს. (დიდმა უმრავლესობამ კი, ვინც ითაკილა, მეტიც სამარცხვინოდ  მიიჩნია,   მსგავსი თაოსნობები, დაახლოებით ისე დაამთავრა, როგორც თავადმა თავქფილაძემ  გ. წერეთლის  რომანში ,,პირველი ნაბიჯი“).
 2015 წელს  ფონდი ,,ღია საზოგადოება-საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით  გამოცემულ  წიგნში   ,,ინიციატივა ცვლილებებისათვის: თემის თვითორგანიზებისა და თანამშრომლობის გამოცდილება საქართველოში  საბჭოთა ოკუპაციამდე“ თვალსაჩინოდაა ნაჩვენები ის ჯანსაღი ტენდენცია, რომელიც 1921 წლამდე არსებობდა და სწორედ  ,,ეკონომიკური ადამიანისა“ და ადამიანთა ჯგუფების ინიციატივით წარმოებულ რაციონალური შრომას ეყრდნობოდა. (ამ მიმართულებას უწყვეტი განვითარების საშუალება რომ მისცემოდა, დღეს ჩვენ გვექნებოდა საშუალება გვესაუბრა შრომის მაღალ კულტურასა და ცხოვრების უკეთეს პირობებზე, სადაც  არა მხოლოდ სიხარბით შეპყრობილი, არამედ ,,ინტერესიანი ადამიანი“ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენდა).                         
   კ. ლორთქიფანიძის რომან ,,კოლხეთის ცისკარში“ ბარნაბა საგანელიძე  დაახლოებით ასეთი  ტიპის გლეხია, თუმცა ახალ ადამიანად გარდაქმნილ გუშინდელ მოჯამაგირესთან, მექი ვაშაკიძესთან, დაპირისპირების შემდეგ,  საკუთარი ნაოფლარის გადამალვა უწევს. თავისთავად   მოჯამაგირის ტრაქტორისტად გადაქცევა არც გასაკვირია და არც მიუღებელი. საგანგაშო ის მორალურ -ეთიკური სახეა, რომელსაც მექი გაკომკავშირელებისა და ,,ახალ მოწესეთა“ სამსახურში ჩადგომის შემდეგ ავლენს. ა. ბაქრაძემ თავის წერილში  ,,უღირსებო კაცი“ ამგვარი გადასახვა- მეტამორფოზის ბნელი მხარე ამხილა   (ბაქრაძე, 1990: 138) ). კოლმეურნეობების შექმნით, მშრომელი გლეხობისთვის ქონების ჩამორთმევით და ამით, რბილად რომ ვთქვათ, შრომისგან გაუცხოებულ თანასოფლელებთან მათი გათანაბრებით დაიკარგა მთავარი - თვით შრომის მოტივაცია, რამაც დიდი ზიანი მიაყენა სოფლის მეურნეობას. კულაკებად გამოცხადებული გლეხების ფიზიკურმა განადგურებამ კი, რომელიც პოლიტიკური ბრალდებებით იყო გამართლებული,  გაამჟღავნა ბოლშევიკების ნამდვილი მიზანი. რეალურად მათ  სურდათ არა მატერიალური დოვლათის ზრდისთვის რეალური პირობების შექმნა, არა ინიციატივისა და ჯანსაღი კონკურენციის აქტივიზება, არც მომგებიანი წარმოებისა და მეურნეობის ან შრომის უკეთესი პირობების შექმნა, არამედ ამ ყველაფერზე ზრუნვის იმიტაციის შექმნა მთავარი მიზნისთვის  - ახალი საბჭოთა ადამიანის ჩამოყალიბებისთვის. ასეთი ,,homo sovietikus”-ის, იმავე      ,,homo ideologius“-ის კონსტრუირების საშუალებები იყო: რეალობის მითოლოგიზება,  არქაიკის რევიტალიზაცია, კერძო საკუთრების, როგორც  საზოგადოების საბაზისო სირთულის, გაუქმება. სხვა სიტყვებით, სახეზეა მსგავსება ძირითად პათოსთან ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსისა და სოციოლოგის ჟორჟ სორელის (1847-1922) წიგნისა ,,ფიქრები ძალადობაზე“ (,,Размышления о насилии“), რომელშიც უალტერნატივოდაა  მიჩნეული პროლეტარიატის ძალადობრივი ქმედებები. სორელი ამტკიცებს, რომ  მითების შექმნა ის  ეფექტური ინსტრუმენტია, რომლითაც ჩაგრულ მასებს შორის ადვილად ღვივდება  რადიკალური სუბიექტივიზმი, როგორც გამარჯვების ერთადერთი გზა.  გარდა ამისა, მზერის მიქცევა წარსულისაკენ, როგორც ნეტარი დროისკენ, როცა ყველა ერთნაირად ფიქრობდა (ერთნაირად ფიქრი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მაგ. გასაბჭოების პირველ წლებში დაიხურა ისტორიის ფაკულტეტები მანამ, სანამ  არ შემუშავდა ერთიანი კონცეფცია).  დაბოლოს, კერძო საკუთრების  კატეგორიული მიუღებლობა, კერძომესაკუთრული ინსტინქტის (ისევე როგორც პატრიოტიზმის, ამ ცნების ტრადიციული გაგებით) მტრულ მოვლენად და სრულ ანაქრონიზმად გამოცხადება.   
პროლეტარული პოეზია და მოგვიანებით პროზაც, ერთი მხრივ , თითქოს ადიდებდა შრომაში ჩართულ ადამიანს, მეორე მხრივ კი მისგან დეჰუმანიზებულ მექანიკურ ადამიანს ქმნიდა, რომლისთვისაც მხოლოდ სოციალისტური იდეებია მნიშვნელოვანი. ა. ბაქრაძემ  თავის გახმაურებულ ნაშრომში   ,,მწერლობის მოთვინიერება“   (1990) გულდასმით წაიკითხა და შეაფასა დღეს უკვე უსახელო პროზაიკოსების  ს. თალაკვაძის, პ. ჩხიკვაძის, ლ. მეტრეველის, ი. ლისაშვილის, ბ. ჩხეიძის   მხატვრული ტექსტები. გაკეთდა შესაფერისი დასკვნაც: ახალი საბჭოთა ადამიანი , რომელსაც პროლეტარული მწერლობა პარტიული დირექტივებითა და უსიცოცხლო სქემებით ქმნიდა , თავისი არსით ანტილიტერატურული იყო. იგი ეწინააღმდეგებოდა მარადიულ ფასეულობებს და ადამიანისგან  პიროვნული თავისუფლების უტოპიურ თანასწორობაზე გაცვლას ითხოვდა. ლევან ქვაკირელი  (ი. ლისაშვილის ,,ვარდნილი“),  ნოდარ ხურციძე (მისივე ,,ძახილი მთაში“), გრიგოლ  გიგაური (პ. ჩხიკვაძის  ,,სართულები“), ლუკა ვოლკოვი  (ბ. ჩხეიძის ,,ფერო“) თავიანთი პრიმიტივიზმისა  და   ყალბად გაგებული  იდეურობის  მსხვერპლნი არიან. აი, რას ამბობს ავტორი, მაგალითად, ერთ-ერთი მათგანის, კერძოდ კი, ლუკა ვოლკოვის შესახებ: ,,იგი კმაყოფილი იყო, რომ მას ერქვა ლუკა და არა  ლავრენტი მგელაძე. ბოლოს და ბოლოს, სულ ერთი იყო მისთვის, პირადად ვინც უნდა ყოფილიყო, რუსი თუ ბური, ქართველი თუ  ესკიმოსი. მას ჰქონდა  ცხოვრებისათვის  საჭირო პირობები. იგი იყო პროლეტარი, პარტიზანი, მშენებელი, შრომობდა  და სწავლობდა და ესმოდა ცხოვრება, როგორც ბრძოლა, დაპყრობა ბუნებისა, მისი მოყვანა წყობაში და შრომაში...“ (ბაქრაძე, 1990: 177). როგორც იტყვიან ამ მონაკვეთში ახალი ,,იდეოლოგიური ადამიანის“  ,,ღირსებათა“ მთელი სპექტრია წარმოდგენილი.
რა მდგომარეობაში აღმოჩნდა შრომის და მშრომელთა ფსევდოგანდიდების  ატმოსფეროში მოქცეული ის ძველი ინიციატივიანი, ნამდვილად შრომისმოყვარე, მიწას მიჯაჭვული ადამიანი? მ. ჯავახიშვილის მოთხრობაში  ,,დამპატიჟე“ (1928)  ტრაგიკული ანომალიის ორივე მხარეა ნაჩვენები: მშრომელი და ვითომ მშრომელი, რომელსაც პირველის ყველა უფლებები მიუთვისებია. როგორც ფითრი ღონიერ ხეს, ისეა ჩაფრენილი ვინმე ოქროპირა, მეტსახელად ,,დამპატიჟე“,  მოხუც თევდორესა და მის მშვენიერ ბაღს. ერთი დილიდან საღამომდე შრომობს, მეორე მხოლოდ სარგებლობს ამ შრომის ნაყოფით, გაბმულად ქეიფობს, დროს ატარებს და ბოლომდე ვერავის გაურკვევია, ნუთუ აჯანყებულ მშრომელთა მასამ, მათ მიერ მოწყობილმა სოციალურმა ძვრამ ამოისროლა ფსკერიდან  ოქროპირას მსგავსი  მუქთამჭამელები? მ.ჯავახიშვილი, როგორც ყოველთვის, პრობლემის არსში გვახედებს. მწერალი დიდი მხატვრული ოსტატობით აღწერს მოვლენას, რომელსაც აუცილებლად  ექნება  მძიმე შედეგები და მომავალში შრომას გადაჩვეულ  რამდენიმე თაობას  წარმოშობს.
ამრიგად, სოციალისტური  იდეებით გატაცებამ, ისევ და ისევ რუსეთის იმპერიულ საზღვრებში  ამჯერად უკვე საბჭოთა ფსევდორესპუბლიკის შექმნის იდეაფიქსმა, განაპირობა არა მარტო კაპიტალიზმისთვის დამახასიათებელ  ნიშანთა, კერძო საკუთრებაზე დაფუძნებული შრომის მოტივაციისა და სტიმულირების  გაქრობა, არამედ ნებისმიერი საზოგადოების ცენტრალური ფიგურის, ადამიანის, ტრანსფორმირება არსებობის აქტიური ფორმიდან უფრო პასიურზე. ინდივიდუალიზმის კოლექტიურში იმპლიცირებამ   აშკარად   შეაფერხა ქვეყნის განვითარება და იგი  (ეს ქვეყანა), როგორც იტყვიან, დიდი ხნით დატოვა ისტორიის მაგისტრალური  გზის მიღმა.  ,,ეკონომიკური ადამიანი“(მართალია, გარკვეულად სახეცვლილი),  დღეს კვლავ ცდილობს თავისი კუთვნილი ადგილის დაბრუნებას, თუმცა ,,იდეოლოგიური ადამიანის“ შესაშური სიცოცხლისუნარიანობისა და  განსხვავებული აქცენტებით გამორჩეული ისტორიული  კონტექსტის  გამო  ამ მისწრაფების  რეალიზება  სულ  უფრო  რთულდება. 

   

  დამოწმებანი:

ბაქრაძე  1990:  ა. ბაქრაძე, უღირსები კაცი, ანუ ახალი ადამიანი, მწერლობის მოთვინირება, თბ. 1990
  ინიციატივა ცვლილებისათვის, 2015: კრ. ინიციატივა ცვლილებისათვის, თემის თვითორგანიზებისა და თანამშრომლობის გამოცდილება საბჭოთა ოკუპაციამდე, თბ. 2015
   ფეინერი, 1999:  ს. ფ. ფეინერი, ახალგაზრდა  ჰომო  ეკონომიკუსის პორტრეტი, მ. ოსტინისა და  მ. ვუდმანსის  ეკონომიკურ  ესეთა კრებული, ნიუ-იორკი, 1999  (თარგმ. თ. ლომიძის)
 Дрискол, 2002:    Дж.  Дрискол,  Человек  без интереса, НЛО,  2002,  №58
 Почепцов,  2016:           Г.   Почепцов,   Конструирование  советского  человека,  psyfactor.org/lib/soviet-propaganda.htm
Сорель,  2010:         Ж.  Сорель,  Размышление  о насилии,  М.  2010

Фром  1990:            Э.  Фром,  Иметь или  быть,  1990

No comments:

Post a Comment