Translate

Sunday, April 24, 2016

ახალი ეპოქის რეპრეზენტატორები: გ. ერისთავი, ლ. არდაზიანი, ალ. ყაზბეგი, გ. წერეთელი, ვაჟა ფშაველა

    ნონა კუპრეიშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის _ „ეკონომიკური კონცეპტები ქართულ მხატვრულ პროზაში“_ ხელმძღვანელი


 
      
 
     1848  წელს,  როდესაც   ევროპას   გერმანელი   ფილოსოფოსებისა  და  ეკონომისტების   კ. მარქსისა  და  ფრ. ენგელსის  მიერ  შექმნილი  ,,კომუნისტური  პარტიის  მანიფესტი“  (სათავო ფრაზით: ,,აჩრდილი დადის ევროპაში,  აჩრდილი  კომუნიზმისა“) მოევლინა,  საქართველოში  1832  წლის  შეთქმულების  შემდეგ   ვოლოგდის  გადასახლებიდან  დაბრუნებული დიმიტრი ყიფიანი   ჯერ ,,ეროვნული  ხსნის  პროგრამას“  აფუძნებს,  მალევე  კი  მეფისნაცვლის,  მიხეილ  ვორონცოვის,  კანცელარიის   დირექტორად ინიშნება , რაც  იმ  ქართულ  განმანათლებლურ-ლიბერალურ  იდეოლოგიის   სიმყიფეზე  მიგვანიშნებს,  რომელიც  ,,განათლების  გავრცელების  გზით  რუსეთის  ფარგლებშივე  ქართული  კულტურის  და  საერთო  ეროვნული  თვითშემეცნების  აღორძინებას“  (თ. ჯოლოგუა,  მეფისნაცვალ   მიხეილ  ვორონცოვის  კულტურულ-საგანმანათლებლო  პოლიტიკის  შეფასებისათვის) გეგმავდა. იმდროინდელი  რუსეთის  პოლიტიკურ-ეკონომიკურ  კრიზისზე  რეაქციამ, როგორც  ვიცით, საკმაოდ  გაბედული  სახე  მიიღო  და  რეფლექსირება  წამოვიდა , პირველ  ყოვლისა,  იმათგან, ვისგანაც ეს  ყველაზე  ნაკლებად  იყო  მოსალოდნელი.  თავისი  სულისკვეთებით  ანტირეფორმისტულ  ქვეყანაში   საკმაოდ  თამამი  რეფორმატორული  პროექტი   ბატონყმობის  გაუქმების  შესახებ შექმნა  თვით  იმპერატორმა  ალექსანდრე მეორემ. (სხვათა შორის ამ  მიზეზით  პროექტის  ავტორს   1867 წელს  ყირიმის  ლივადიის  სასახლეში   მარკ  ტვენი ეწვია). მისი რეალიზება  1861  წელს  დაიწყო  (საქართველოში  ეს  პროცესი  1864-71 წლებში მიმდინარეობდა) და  კულტურული  პარადიგმის  საკმაოდ  მტკივნეული  ცვლის წინაპირობად  იქცა.  ყველაზე   საგრძნობი  აღმოჩნდა   ეკონომიკური  პრიორიტებების   გადანაცვლება ,  რომელიც  თავის მხრივ  ეფუძნებოდა    მენტალურ-მეტაფორული  ცნობიერების   ტრანსფორმირებას.  ეს  კი   მმართველობის  ძველი ფორმების  ერთგულ  რუსეთის  იმპერიაში წინააღმდეგობრივი  და  საკმაოდ არაპროგნოზირებადი  აღმოჩნდა.                                                                       
   თვით  ის  ფაქტი, რომ  რეფორმირების პროცესი  ჩვენთან  1864 წლიდან  1871 წლამდე  გაიწელა,  არა  მარტო   ქვეყნის  სახლმწიფოებრივი   მოწყობის   თავისებური  სტრუქტურით  (დიდი იმპერიის  განაპირა, დანაწევრებული  პროვინცია)იყო  პროვოცირებული , არამედ  თვით ამ  პროცესის  გათავისების  არაერთგვაროვანი   ხასიათით. ამიტომაც  მოხდა ისე, რომ  დროის  ერთ  ლოკალში,  ერთ   სოციალურ   წრეში ,  ხშირად  ერთ  ოჯახშიც  კი   თანაარსებობდნენ  ანტი და პრორეფორმისტები,  კულტურისა  და  ცივილიზაციის  აპოლოგეტები,  საზოგადოების  შემდგომი  განვითარების  როგორც ევოლუციური  და   ასევე  რევოლუციური  გზის   მიმდევარნი.   მათი  პოზიციების   დეკლარირება  კი   კოლონიური  ქვეყნის სტატუსის  მქონე  X1X  საუკუნის  40-80იანი   წლების   საქართველოში   სხვაგან  ვერსად  ვერ მოხდებოდა,  თუ  არა  ლიტერატურასა  და  ჟურნალისტიკაში.
   პერიოდი, რომელიც  ჩვენი  კვლევის  ლოკალს  მოიცავს,  ქართული ლიტერატურის  ისტორიაში  კრიტიკული  რეალიზმის  სახელითაა  ცნობილი.   თუმცა  ეკონომიკურ  კრიტიკას  ამ  ახალი  ლიტერატურული  მიმდინარეობის  გენეზისი  აინტერესებს  იმდენად,  რამდენადაც     მისი  წარმოქმნა  დროსა  და  სივრცეში  ემთხვევა  კაპიტალიზმის  სახელით  ცნობილ  კაცობრიობის  ისტორიაში  პირველად  დამყარებულ  მეურნეობის სისტემას,  რომელმაც  სწრაფად    და  შეუქცევადად მოიცვა   საზოგადოებრივი  აქტივობის  თითქმის  ყველა მიმართულება.  შესაბამისად,  სათავე  დაედო  მხატვრული  კონცეფციის  ახალ  ტიპს,  რომელმაც    რეალობა  მთელი  თავისი  სირთულით,  მრავალმხრივობით,   ესთეტიკური  თვისებების  სიმდიდრითა  და  მათი  გართულებული  საზოგადოებრივი  პრაქტიკებით  ასახა მანვე   მოგვცა  ღრმა სოციალური  ანალიზის  მაგალითები,  სატირის  სიმწვავე,  რომელიც  ტრაგიკულის  ზღვარზე  ვითარდება  და  სხვ.   რუსულსა  და  მასთან მონათესავე  ქართულ  კრიტიკულ  რეალიზმში,  ამ  ქვეყნების  ისტორიული  განვითარების სპეციფიკის  გამო,  აშკარად  შეინიშნება  მხატვრული განვითარების  აჩქარებული  ტემპი.  ამიტომაც  ერთი  და  იმავე  ხელოვანის  შემოქმედებითი  გზა    რომანტიზმიდან  რეალიზმზე  გადასვლის   პროცესის  ილუსტრაციად  წარმოგვიდგება  (ი. ბორევი).  ამ  მხრივ  განსაკუთრებით  საგულისხმოა  ე.წ.  მთის  სკოლის  წარმომადგენლების, ალექსანდრე  ყაზბეგისა  და   ვაჟა  ფშაველას  შემოქმედება.

  გიორგი  ერისთავი

       გიორგი  ერისთავმა ქართული  მწერლობის  ისტორიაში  ადგილი  დაიმკვიდრა,  როგორც  პირველმა  კომედიოგრაფმა  და  გამორჩეულმა  საზოგადო   მოღვაწემ.   აი,  როგორ  წარმოგვიდგენს   მის   პიროვნებას  იმდროინდელი   განათლებული  ახალგაზრდობის  ფონზე  ცნობილი  მკვლევარი  იონა  მუნარგია:  ,,რუსეთიდან  საქართველოში  დაბრუნდნენ  ჩვენებური  ახალგაზრდა  ყმაწვილნი,  რომელთაც  ჩამოიტანეს  ქართული  მწერლობის  სიყვარული,  ქართველი  ბატონიშვილებისა  და  მათ  გარეშე  პირთაგან  შეძენილი  პეტერბურგსა  და  მოსკოვში.  ამ  ყმაწვილკაცთ  ზედ  დაერთო  ის  თაობაც,  რომელიც  გამოიზარდა  კეთილშობილთა  სკოლაში  და  ცოტ-ცოტათი  ტფილისში დაარსდა  ქართული მწერლობის მოყვარულთა  წრე,  სადაც  დაიბადა  შემდეგ  ქართული  ჟურნალების   გამოცემის  აზრი.  ამათში  გიორგი  ერისთავს  პირველი  ადგილი  ეჭირა...“ იმდროინდელი მოწინავე ინტელიგენციის  თავკაცი  სოლომონ დოდაშვილი  უნდა  გამხდარიყო, მაგრამ  1832  წლის  თავად-აზნაურთა  შეთქმულებაში  მონაწილეობის  გამო  ყველაზე  მკაცრად  დასჯილი,  გადასახლებაში  გარდაიცვალა.  ეს დიდი  დანაკლისი  იყო  ჩვენი  კულტურისათვის.  თუმცა  მის  მიერ  წამოწყებული  საქმე  განათლების  ფართოდ  გავრცელებას,  პირველი ქართული  გაზეთის  დაარსებასა  და ჯანსაღი საზოგადოებრივი  აზრის  შექმნას  რომ  ეხებოდა,  უკვალოდ არ  გამქრალა  და  ნაწილობრივ   სწორედ  გ. ერისთავის მიერ განხორციელდა.   თუმცა  აუცილებლობამ,  რომელიც  ,,წარჩინებულ  ქართველთ“  უცხო  მმართველობის  სისტემასა  და  ცხოვრების  უცხო  სტილთან  მორგება-  შეგუებას  კარნახობდა,  შემოქმედებით  ნატურათა  შორის  ერთგვარი  გაურკვევლობის  განცდა  წარმოშვა.  გიორგი  ერისთავის  შემთხვევაში  ამან  ყველასა და  ყველაფრის  იუმორისტულ-სატირულ  პლანში  დანახვისა  და  გააზრების  წინაპირობა  შექმნა. 
    გ. ერისთავის პიესები  ,,შეშლილი“  (1639),  ,,დავა ანუ  ტოშკა  და  ზაპეტაია“ (1839),   ,,გაყრა“  (1849),  ,,ძუნწი“  (1850),  ,,წარსულ  ცხოვრების  სურათები“  (1850)  პარადიგმატული  ცვლილებების  წინაშე  მდგარი  და  ამის  გამო  კიდევ  უფრო  მეტად  დაბნეული, გარდაქმნებისთვის  სრულიად  მოუმზადებელი  ქართული   საზოგადოების   პირუთვნელ  სახეს  წარმოგვიდგენს.   დღეს   ხშირად  დავობენ  იმაზე,  თუ   რამდენად ნაყოფიერი  იყო   ავანსცენაზე  ხარბი  და  გაუნათლებელი თავადების  გვერდით  ვაჭართა   წრის  ასეთი  სატირულ-იუმორისტული   ფორმით  წარმოდგენა,  ვაჭრობის,  როგორც  უღირსი   საქმიანობის  მწვავე  კრიტიკა,  თავად  ვაჭრებისადმი  სიძულვილის  დანერგვა,  რაც   იყო კიდეც  მწერლის  მიზანი,   რადგან დრომ  აჩვენა, რომ  მსგავსი  შეფასებები   ქვეყნისთვის   უპერსპექტივო   და  ზიანის მომტანი იყო .   პოლიტიკურ  არენაზე  დამარცხებული  ქართული  არისტოკრატია   (გ. ერისთავიც,  როგორც ვიცით,  32 წლის  შეთქმულების მონაწილე   იყო),  რომელმაც  ვერა და ვერ  აღადგინა  ბაგრატიონთა  დინასტია,  ვერც  რესპუბლიკური  წყობის   შექმნის   ს. დოდაშვილისეულ  იდეას  შეასხა  ხორცი  და  პიროვნულად გაორებული  რუსეთის ერთგული  მსახურების გზას   დაადგა,  მორალურად  და  მატერიალურად  ძალზე მძიმე  მდგომარეობაში  აღმოჩნდა.  რეალობა  იცვლებოდა,  ძველ  საქართველოს  ენაცვლებოდა  ახალი,  თუმცა   როგორი  უნდა  ყოფილიყო  ეს  ახალი,  ძალიან ცოტა ვინმემ  თუ  იცოდა.
       გ. ერისთავი, როგორც ნიჭიერი  შემოქმედი,  ცხადია,  ხედავდა  პოლიტიკური  და მასთან ერთად  სოციალ-ეკონომიკური  ცვლილებების  შედეგად  დანერგილი  ცხოვრების ახალ სტილს, მის   შინაგან  კანონზომიერებას:  ,,ბურჟუაზიული  (ჩვენთან  ვაჭრული  -ნ.კ.)  მსოფლმხედველობა  დაუპირისპირდა   არისტოკრატრიულს,  ფული  -  გვარსა  და  წარმომავლობას,  სიმდიდრე  -  საუკუნეობით  გამყარებულ  ტრადიციასა  და  ეტიკეტს.  გამოიკვეთა   ძირითადი  კონცეპტუალური  ოპოზიციები:  ფული  /  უფულობა,  მატერიალური  ბედნიერება  / სულიერი სიმდიდრით  მიღწეული  ბედნიერება,  ,,პატიოსანი  ფული“  /  ,,არაპატიოსანი  ფული“  (რატიანი,  2016: 59).  თუმცა  ქართული ბურჟუაზიის  რეალური სახე,  რომლის კონტურები  გ. ერისთავთან  ერთად  კიდევ რამდენიმე  ქართველი მწერლის  შემოქმედებაში  გამოიკვეთა,  საზოგადოებრივ  ცხოვრებაში  ვერ  დამკვიდრდა, ადეკვატური გამოხატულება  ვერ  მიიღო.
     დაენახა  უნდა  თუ  არა  ფეოდალურ-ნატურალური მეურნეობის  რღვევა ქართველ  თავადაზნაურობას.    ამ  კითხვაზე  პასუხი ასე  ჟღერს:  არათუ  უნდა  დაენახა,  არამედ  ამ  მოვლენისთვის   მეტი ალღოიანობა,  პრაგმატიზმი და  ორგანიზებულობა  უნდა  დაეპირისპირებინა.  ასეთ  თვისებათა  გამოვლენის  საწინდარი  კი,  პირველ ყოვლისა,  განათლება  იყო.  ნაცვლად  გათანადროულებისა  ამ   ოდესღაც  სახელოვანმა  სოციალურმა  ფენამ   დაკარგა  ცხოვრების უნარი,  ალღო ვერ  აუღო   ახალ საზოგადოებრივ  ურთიერთობებს,  ავადმყოფურად  ჩაეჭიდა   პატრიარქალურ  სამყაროს   და  ამაოდ  შეეცადა  მის  შენარჩუნებას. მოკლედ,  ,,ბურჟუაზიული  ურთიერთობების  განვითარებას   ქართველი  თავადაზნაურობა  მეტად  მთვლემარე  შეხვდა“. 
  ამირინდო  ღაზნელი  და  ონოფრე   ხარაძე,  გ, ერისთავის  პიესიდან  ,,დავა“,  მხოლოდ  გარეგნულად  ჰგვანან  ზვიად  თავადებს. სინამდვილეში  მათ  ძველი დიდების  დაკარგვის  შიში შეჰპარვიათ  და  ათასგვარი ხრიკებით  ცდილობენ    სადავო   მამულის  თავისთვის  დამკვიდრებას.   ავტორი  ააშკარავებს  თავისი  პერსონაჟების   ყოვლად   გაუმართლებელ  კონსერვატიზმსა  და  პიროვნული  რღვევის ნიშნებს.  ამირინდო  ხედავს ,  რომ ,,კალამს  ხმლის  ძალა  შეუძენია“,  ანუ  როგორც  თვითონ  ამბობს: ,,ერთ ასოს  დაბღაჯენ  და  დარჩი  მშიერი“,   თუმცა  ამ  მიხვედრას  შემდგომ  განვითარებას ვერ  აძლევს,  მთავარ  აზრს  ვერ  ითავისებს.  ნასწავლი  შვილი,  ბეგლარი,   პოეტი  რომ  ჰყავს, იმ უბრალო მიზეზის გამო  არ  იცის, რომ  არ ესმის   სიტყვა ,,პოეტის“  მნიშვნელობა. ამიტომაც ამაოდ მოელის მისგან არზების შედგენას.  რაც  შეეხება  ონოფრეს, მუქ ფერებს  ავტორი  არც მისთვის  იშურებს.  ისიც  მოქმედების  მთავარი  პრინციპით, ოღონდ მოწინააღმდეგეს არ  დარჩეს  გამარჯვება, საქმის  ნებისმიერ  გადაწყვეტაზეა თანახმა,  რაც განსაკუთრებით  მაშინ  ვლინდება, როდესაც  მოდავენი გაიგებენ, რომ  მამული, რომლის  შესანარჩუნებლად ამდენი თანხა  და ენერგია დახარჯეს,  გაქნილ და  ცბიერ  მოხელეებს,  სარქისსა  და  რაფიელს, ამდენი  ქრთამი აძლიეს, საბოლოოდ   სახელმწიფოს  რჩება.  სწორედ მაშინ  განაცხადებს  ონოფრე:  ,,რა  მენაღვლება...  დეე,  დასდვან,  ჩემ  მოსისხლეს  ხომ  არ  დარჩება...“  პერსონაჟთა ხატვის  ასეთი   რეალისტური  მეთოდით  გ. ერისთავი ,  ფაქტობრივად,  სათავეს  უდებს  იმ  მწვავე  კრიტიცისტულ  პათოსს,  რომელმაც  შემდგომ  სრულყოფილებას  თერგდალეულთა,  განსაკუთრებით  ილია  ჭავჭავაძის,  შემოქმედებაში   მიაღწია. 
   თავის  პიესაში  ,,გაყრა“  გ. ერისთავმა პირველად  შემოიყვანა  სრულიად  ახალი  ტიპი  -  ვაჭარი.  მართალია ის,  რომ  ,,X1X  საუკუნის  50-60-იანი  წლების  ქართული  პროზა  და  დრამატურგია  ჯერ  შორს  იდგა  ბურჟუას  მომწიფებული  გაგებისგან“  (რატიანი,  2016:60 ), ამიტომაც  ერისთავის  ვაჭრები, გარდა  იმისა,  რომ  უცხოტომელები  არიან,  გაუნათლებელი, ხარბი ან  ძუნწი ადამიანების სახელს  იმსახურებენ.  მიკირტუმ  გასპარიჩ  ტრდატოვი, თუ  შეიძლება ასე  ითქვს ვაჭართა  პირველი  თაობის  წარმომადგენელია,  რადგან  შეძენილმა  ქონებამ  ჯერ  ვერ  აქცია  რამდენადმე  დახვეწილ, სასიამოვნო  პიროვნებად,  თანაც  იგი  ამის საჭიროებას  არც  გრძნობს:.  ,,ეს  სოფელმა   სულ  ფული,  ფული,  სხვამ  ტყუილია...“  -  აი,  მისი  ,,მოძღვრება“.  ,,კტო   ნა  სვეტე   ჩესნა   ბუდით,  ბუდით   ნასით  ხლება  გუდით...“ -  ამბობს  იგი  ივანე დიდებულიძის  გასაგონად.   მიკირტუმს  მატერიალურ  სიძლიერესთან ერთად  წოდებრივი  პრივილეგიაც  სჭირდება.  იგი  ბადეს  უგებს  ივანეს  და  ამ  ახალგაზრდა  თავადიშვილს, რომელიც  მეურნეობის  ევროპულ  ყაიდაზე  მოწყობაზე  ფიქრობდა,  დიდ  სიყვარულზეც ოცნებობდა,  საკუთარ  სიძედ  გაიხდის. სრულიად  საპირისპირო  აზრისაა  უსაქმურ  და  ფუქსავატ  თავადებთან  დაახლოებაზე  გ. ერისთავის   კიდევ   ერთი  ვაჭარი კარაპეტა  დაბაღოვი,  პიესიდან  ,,ძუნწი“.   კარაპეტა  ძუნწის  კლასიკური  ტიპია. ასეთი  პერსონები  შთამბეჭდავად  აღწერა  დიდმა  ფრანგმა  რეალისტმა  ბალზაკმა.  იგი  ნახშირს  და  სანთლებს არ  წვავს,   ოჯახს  ვახშამს არ  აჭმევს,  ,,მოდაში  არ  არისო“, ფულებს  კი ასე  მიმართავს:  ,,თუ  თქვენ  ერთმანეთს  მოგაკლოთ,  ღორი  გავხდეო“. გარდა  ამ  ,,შესანიშნავი“  თვისებებისა,   კარაპეტას  გონებრივი  სიფხიზლე   და  ვაჭრული  პრაქტიციზმი  ახასიათებს  იმ  თვალსაზრისითაც, რომ   საჭიროებას  ვერ  ხედავს  ძირითადად  ძველი  სახელის ამარა  დარჩენილ  არისტოკრატიასთან  დამოყვრებისა   (თუმცა არჩილის სახით  მას  ღირსეული პიროვნება  გაუწევს  წინააღმდეგობას). ის, ვინც ფულის ყადრი  არ  იცის,  კარაპეტას  ნდობას  ვერასოდეს  დაიმსახურებს.
  ვაჭართა  ტიპებს  გიორგი  ერისთავი  გვიხატავს კიდევ  ერთ  პიესაში  ,,წარსულ  დროების სურათები“.   ივანე და  გაბრიელ მინასოვები  და  ჯიმშერ აკუნიანცი  თავიანთი  ,,თევზის  კანტორით“,  ,,გაყრისა“  და  ,,ძუნწის“  პერსონაჟებისგან  განსხვავებით , არა სოფელში  მცხოვრებ   მევახშეთა  კლასს  წარმოადგენენ,  არამედ  ქალაქელ  მწარმოებლებსა  და  აქტიურ  მოქმედ  ძალას.  ეს კი იმაზე  მეტყველებს, რომ, როგორც მწერალი, გ, ერისთავი  ალღოიანობითა  და მახვილი  თვალით  გამოირჩევა.   
   გაივლის გარკვეული პერიოდი  და  ქონების  შემგროვებელი ვაჭარი  საზოგადოების  რჩეულ   წევრად  იქცევა.  პატივისცემა და  ავტორიტეტი  მას   სრულიად  სხვა   მიზეზები         შეუქმნის, ვიდრე ეს   საზოგადოებრივ ასდპზრეზზე  გამოჩენის  პირველ დღეებში  იყო. შეიძლება ითქვას, რომ  ის უკვე ბურჟუად  ჩამოყალიბებას  აპირებს.   თუმცა  ბურჟუაზიის,  როგორც კლასის,  შექმნისკენ  მიმავალ გზაზე არსებულ სახვადასხვა  დაბრკოლებებს  შორის  ( ვაჭრები ძირითადად  უცხოტომელები  იყვნენ   და  ქართული კაპიტალის  შექმნითაც არ  იყვნენ დაინტერესებულნი)   ერთი უმთავრესი იყო  ბატონყმობა,  რომლის  წინააღმდეგაცაა  მიმართული  გ. ერისთავის პიესების  პათოსი.  ამასთან დაკავშირებით  მწერალი სოფომ  მგალობლიშვილი  იგონებს:  ,,მახსოვს  გიორგი ერისთავის  გარდაცვალების  გამო   სოფლიდან  ჩამოსული  გლეხები  ტიროდნენ...  თურმე    (მისი)  ნაყმევები  იყვნენ,  რომლებიც ბატონყმობის გადავარდნამდე  გაეთავისუფლებინა  შევიტყვეთ  იგიც, რომ  პირველი  პიონერი ბატონყმობის გადავარდნისა  ჩვენში  იგი  იყო“  (ვახანია,  2013:  654)
 

      ლავრენტი არდაზიანი

  კიდევ  ერთი  წარმომადგენელი   ქართული  რეალისტური  სკოლისა, პროზაიკოსი  ლავრენტი არდაზიანი  1861  წელს,  ანუ  თერგდალეულთა  მიერ  სამწერლო  სივრცეში  თამამად  შემოსვლისა  და დამოუკიდებელი  შემოქმედებითი  მოღვაწეობის   დაწყების დროს, ივანე კერესელიძისეულ  ჟურნალ  ,,ცისკარში“  აქვეყნებს  თემატურად  ძალზე აქტუალურ  ნაწარმოებს  ,,სოლომონ ისაკიჩ  მეჟღანუაშვილს“,  რომელიც  ერთგვარი  გაგრძელებაა  გ. ერისთავის პიესებით  წარმოჩენილი  პრობლემებისა. ძველი  კლასის  დეგრადაციისა  და მისი  ახლით  ჩანაცვლების  პროცესი  აქ   არანაკლები  სიღრმითა  და  დაკვირვებითაა  წარმოდგენილი.   მკითხველს  საშუალება  ეძლევა  თვალი მიადევნოს  მთავარი  პერსონაჟის,  სოლომონ ისაკიჩ  მეჯღანუაშვილის,  მთელ ცხოვრებას,  ბავშვობიდან  გარდაცვალებამდე.    გარდა იმისა,  რომ  სოლომონი  ქართველია, იგი  ქალაქელიცაა,  თუმცა  მისი  საქმიანობიდან გამომდინარე მწერალი  არა  მარტო  თბილისის, არამედ  პერიფერიების  ცხოვრების  თავისებურებებსაც  გვაცნობს.
    ,,თუ  გიორგი  ერისთავი  გვიჩვენებს  ვაჭართა  კლასის  წარმომადგენლებს, უკვე  ჩამოყალიბებულთ,  ლავრენტი  არდაზიანი  გვიჩვენებს  თვითონ  ამ  ჩამოყალიბების  პროცესს...“ (ვახანია,  2013,  689).  ობოლი, უუფლებო  და  ღარიბ-ღატაკი  სოლომონი თავის  ახალგაზრდა  დედასთან, გაიანესთან, ერთად   კეთილშობილი  თავადების, რაინდიძეების, ოჯახში  პოულობს  თავშესაფარს.  მომვალში, როდესაც არაადამიანური  ნებისყოფისა  და  მომჭირნეობის  გამოვლენით  იგი  ქონებას დააგროვებს,  კარგა  ხანს ინარჩუნებს  ვაჭარი-შემგროვებლის პოზიციას.  ასე   მოქცევას  უთუოდ  ფულის სიყვარული  აიძულებს, ესაა  მისი  მთავარი მოტივატორი,  მისი  სასიცოცხლო  ენერგიის  კატალიზატორი:   ,,კაცის  ენაზე  ვერ  ვპოვებ   სიტყვას,   რომ  გამოვთქვა, როგორ  შემიყვარდა  ის  ოქრო,  ღვიძლები  შეიქმნა ის  ჩემი სულისა!  ჩემმა  გულმა  გაუღო კარები  და  მაგრად  ჩაიკრა!  ახლა  ადვილად   შეგიძლიათ   წარმოიდგინოთ,  თუ  რა  სახით  გამაცოცხლებდა,  რა  სახით  გამახარებდა  ოქრო,  რა  სახით  შევტრფოდი მე  ოქროსა...“  (არდაზიანი, 2011:  97).  საერთოდ, ფულისადმი  , როგორც მეხუთე სტიქიისადმი,   დამოკიდებულება  ლ.  არდაზიანმა  ჯერ კიდევ   1859 წლით  დათარიღებული  ლექსით  (თავიდან  იგი  პოეტობდა)  ,,ფულები“  გამოხატა.  მიუხედავად  იმისა, რომ  ავტორის მიერ  ფული   დახასიათებულია  როგორც იუდას  სისხლს  ნაზიარები,  ადამიანის  ზნეობრივად  გამრყვნელი  მუდმივი  ცდუნების  საგანი,  აქვე  აღნიშნულია  მისი უნარი  შეგვიქმნას  უზრუნველი ცხოვრება, მეტიც, ფუფუნება და   სახელი:  ,,უწესოდ  გაჩენილო, ურიცხვთ  დასამხობელად,/   იუდას  სისხლით  სვრილო,  ბოროტად  სახმარებლად!/   კაცთა  ამპარტავნების  ამწეო  მეტად  მაღლად, /  მაგრამ  ამასთან  ერთად  კეთილს  იქმ  დიდად  მრავლად. /  ბარემ  ისევ  ფულებო,  / ვერცხლის  სიამოვნებო,/  ჩვენი  თვალის  სინათლევ, /  გონების  მიმტაცებო!“...  და  სხვ. ეს  იყო დროის  უმთავრესი ნიშნის,  მისი ერთგვარი ემბლემის    მოხელთების  კარგი  მაგალითი.
     ჩარჩობის  ნიჭით  გამორჩეულ  სოლომონს, რომელსაც  გარკვეული  პერიოდის  შემდეგ  80 000  თუმანი  უგროვდება,  თვისობრივად  სრულიად  განსხვავებული ცხოვრების   დაწყების დრო  უდგება.  ლ. არდაზიანი  გამდიდრებული მდაბიოს  მაღალ  საზოგადოებაში  გასვლის  შთამბეჭდავ  სურათებს  ხატავს.  უხერხულობა, რომელიც თეატრში   მისული  და  საგანგებოდ გამოპრანჭული  სოლომონის  (იგი  აქ  ოჯახის   წევრებთან ერთად  იმყოფება)  მიერ  უადგილო ადგილას  ტაშის  შემოკვრითა  და  ,,ბისის“  შეძახილით გამოიხატება,  ერთგვარი მეტაფორაა  ამ  ფენის ადამიანთა  ჯერ  კიდევ  ჩამოუყალიბებელი,  საორჭოფო  ყოფისა, როდესაც  დიდი ძალისხმევით  ეძიებ  არა  მარტო  საარსებო  პურს,  არამედ  საკუთარ  ადგილს  საზოგადოებაში. 
  ქართულ  მწერლობაში  უწყვეტად  განვითარდა  საზოგადოებრივი  ცხოვრების ასპარეზზე  გამოსულ  ვაჭართა   ახალი კლასის  დროსა და  სივრცეში  ტრანსფორმირების  სურათი, რომელიც  დაახლოებით  ასე  შეგვიძლია  წარმოვადგინოთ:  40-50-იანი წლები  (გ. ერისთავი, ზ. ანტონოვი, ლ. არდაზიანი);  60-80-იანი წლები  - გიორგი წერეთელი;  90-იანი წლები  - დავით  კლდიაშვილი  და  900-იანი წლები  -  ნიკო ლორთქიფანიძე.  სწორედ ამ  ქრონოლოგიური   თანმიმდევრობით აისახა  ვაჭართა წრის  ჩამოყალიბებისა  და  გარკვეულ ეტაპამდე  მისი  განვითარების  პერიპეტიები.  გ. ერისთავის პიესებსა  და  ლ. არდაზიანის   ,,სოლომონ ისაკიჩ  მეჯღანუაშვილს“  ამ  პროცესში    უაღრესად  მნიშვნელოვანი  როლი  ეკისრება.
       ბატონყმობის  გადავარდნის  შემდეგ,  როდესაც  საზოგადოება    თანდათანობით  კარგავს   თავის  წოდებრივ-იერარქიულ  სტრუქტურას  და  ახალ   წარმონაქმნად   ტრანსფორმირდება, ეკონომიკური  ცხოვრების  ბადე   საკმაოდ  სპეციფიკურად  იქსოვება.  ეს,    ბუნებრივია,   ასახვას  ჰპოვებს  მის  წევრთა  ყოველდღიურ   ყოფაში,  აკორექტირებს   რა  ამ  საზოგადოების  არა  მარტო  სოციალურ, არამედ   ანთროპოლოგიურ  შემადგენელს.  ამასთან,  ერთი  მხრივ,   ჩნდებიან  განსაკუთრებული  პასუხისმგებლობისა  და  აქტივობის ადამიანები, რომლებიც მზად არიან    ახალი   ტენდენციების  ინიცირებისთვის, მეორე  მხრივ  კი   -  ყოველივე  ამით  დაინტერესებული  (თავიდან) არც  თუ  ისე  მრავალრიცხოვანი აუდიტორია  ანუ,  სხვა  სიტყვებით,   ტექსტის  შემქმნელი,  ავტორი  და   მისი  მკითხველი.  გასათვალისწინებელია ის  გარემოებაც,  რომ  ლიტერატურას  ეკონომიკასთან  და   თვით ისტორიასთან  შედარებით გააჩნია   მისი  მხატვრული ფორმის  მთლიანობით   განპირობებული უპირატესობა,  რაც  დისკურული ანალიზის  საშუალებით  მიმდინარე პროცესების   სემანტიკური  და  გრამატიკული  წყობის  დონეზე   ,,გაქვავება-გაცოცხლების“    უნარს  გულისხმობს.  და  ეს  ხორციელდება  არა  თუ  დიდი  იდეების,  არამედ,   ერთი  შეხედვით,  უმნიშვნელო  დეტალების  მიმართაც.   ესთეტიკური  ფორმების  ეკონომიკური  (ისტორიულიც)  ფუნქციონირების  ანალიზი  კი  გვაძლევს  საშუალებას  წარმოვადგინოთ  უკვე   ჩავლილი  ეპოქის    სურათი, რომელიც  უფრო  სრულყოფილია, ვიდრე  იგი  ეკონომიკის  ისტორიის  ჭრილში განხილვისას  იქნებოდა.  
           X1X   საუკუნის  მეორე  ნახევრის საქართველოში  საკმაოდ   სახეცვლილი   საზოგადოებრივი  ცხოვრების  ეკონომიკურ  სფეროში  ლიტერატურის  შეღწევადობის   ხარისხი,  ცხადია, ისეთი მაღალი  არ არის  (და  ვერც  იქნებოდა), როგორც  ეს   ამ პერიოდის  დიდი  ფრანგი  და  ინგლისელი რეალისტების (მაგ.  დიკენსის  ან   ბალზაკის)  მიერაა  დემონსტრირებული. მიუხედავად  ამისა,  ლიტერატურა  თავისი  საცეცებით  მაინც  იჭერს  ქართული კაპიტალიზმის, უფრო სწორად  კი  მისი   საწყისი ეტაპის, როგორც  მნიშვნელოვანი    პროცესის,  ჰეტეროგენულობას   და  აქედან  გამომდინარე  წინააღმდეგობრიობას.   ტექსტებში   ჩნდება  ახალი  ტიპები  (არა  მევახშე,  არამედ  წვრილი   მევაჭრე, ინჟინერ-დამსაქმებელი, ბანკის  თანამშრომელი),  უჩვეულო  სიუჟეტური  კოლიზიები  (არისტოკრატისა  და  ვაჭრის ანტაგონიურობა  და იმავდროულად  მათივე  ურთიერთლტოლვა),   ,,კეთილშობილი  გვარის“ წარმომადგენლის  ფულიანი კაცის  განსაკუთრებული   სტატუსით  ჩანაცვლება  და სხვ.  მწერლის  ყოვლისმხედველი  თვალი ამჩნევს  ახლისა და ძველის   მტკივნეულ  შეხლა-შემოხლას, რაც, მართალია,  ნელი ტემპით  და ზოგჯერ  მახინჯი ფორმითაც დანერგილი,  ახალი ეგზისტენციალური ფორმების ათვისებაზეა  ორიენტირებული.  

        ალექსანდრე  ყაზბეგი
     როგორც  აღვნიშნეთ,  ქართული  კრიტიკული  რეალიზმის წარმომადგენელია,  თუმცა  ზოგიერთი  მკვლევარი სრულიად  საფუძვლიანად მიიჩნევს მის მიმართ  ნეორომანტიკოსის  ტერმინის  გამოყენებასაც.   ყაზბეგი,  მართლაც,  გარდამავალი ეპოქის  შვილია,  რომელმაც  არა  მარტო  თავის შემოქმედებაში,  არამედ  პუბლიცისტიკასა  და პირად  ცხოვრებაშიც, წარმოაჩინა   სერიოზული  კონფლიქტი  წოდებრივ  ეგოიზმსა  და  ლიბერალიზმს  შორის  ანუ  ძველსა და ახალ  აზროვნებას  შორის.  მეტიც, გვიჩვენა  იმ  ღირებულებითი სისტემის  რღვევა,  რომელიც  ტრადიციებზე  იყო დაფუძნებული.  ,,..ღირებულებათა  ჭიდილი  -  ყველა  სახისა  და  სირთულის   -- კრიტიკული  რეალიზმის  განმსაზღვრელ  მახასიათებლად  იქცა:  ბურჟუაზიული  მსოფლმხედველობა  დაუპირისპირდა  არისტოკრატიულს,  ფული  -  გვარსა  და  წარმომავლობას,  სიმდიდრე   - საუკუნეობით  გამყარებულ  ტრადიციას  და  ეტიკეტს.  გამოიკვეთა  ძირითადი  კონცეპტუალური  ოპოზიციები:  ფული /  უფულობა, მატერიალური  ბედნიერება  /  სულიერი  სიმდიდრით  მიღწეული  ბედნიერება,  პატიოსანი  ფული  /  არაპატიოსანი  ფული „  (ი. რატიანი,  ბურჟუა  X1X  საუკუნის  ქართულ დრამატურგიაში,  2016, 59).  ილიას  ,,აჩრდილში“  დეკლარირებული  ქართული  კრიტიკული  რეალიზმის  სამომავლო  პროექცია,  უმთავრესი  -  ეროვნული  ცნობიერების  ჩამოყალიბებით  ქვეყნის  იდენტობის   შენარჩუნება და  ,,ახალი  ნაციონალური  იდენტობის  ძიება“,  პარალელურად  კი - სოციალური  უსამართლობისა  და  შუსაბამობის  აღმოფხვრა   -  მეტ-ნაკლებად  განხორციელდა  კიდეც   მთელი რიგი  მწერლების,  მათ  შორის  ალექსანდრე  ყაზბეგის  შემოქმედებაში.  სწორედ  ეროვნული  ღირსების  გამწვავებულად  აღქმა  აიძულებს  მას  ეძიოს  წინაპრების  მოღალატეობრივი  საქმიანობისგან  განსხვავებით ,  ფულის  (სარჩოს)  მოპოვებას  პატიოსანი  გზა,  ანუ  იქმნება პატიოსანი და  არაპატიოსანი  ფულის  დიქოტომია. აი,  რას  იგონებს             კობაიძე: კედელი დაგვანგრევინა  ტავის ეზოში  და გვითხრა,  მე  ჩემი წინაპრებისგან განსხვავებით  პატიოსანი გზით უნდა ვეცადო  ფულის  შოვნასო...
        ალექსანდრე   ყაზბეგი, რომელიც    1848  წელს  ხევის  მმართველის, X1X საუკუნის  გამათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიის  ერთ-ერთი  ოდიოზური ფიგურის, გაბრიელ  ყაზბეგის,   ოჯახში დაიბადა, იმ   მცირერიცხოვან  ქართველ  მწერალთა   შორის  აღმოჩნდა, რომლებმაც  ალექსანდრე  მეორის  რეფორმის  კვალდაკვალ  საკუთარი  ყმა-გლეხები გაათავისუფლეს  და  მებატონეებიდან  მიწის  მესაკუთრეებად  ჩამოყალიბდნენ  (ილია,  აკაკი, ივანე  მაჩაბელი). სხვა საკითხია, რამდენად ადეკვატური რეაქცია  ჰქონდათ  ამაზე  თვით  გლეხებს  (ისინი,  როგორც ვიცით,  მსგავს  ფილანტროპიულ  ინიციატივებს  ძირითადად უნდობლად  ეკიდებოდნენ).  თუმცა  ქონებრივი  მდგომარეობის  მკვეთრმა  შეცვლამ  (რასაც,  ცხადია,   თვით  ყაზბეგის  პიროვნული  თვისებებიც  უწყობდა  ხელს) მოგვიანებით  იგი, როგორც მოსალოდნელი   იყო,   ასოციალურ, მარგინალურ  ტიპად აქცია.  მწერლობის პროფესიონალიზაციის  ნელი  ტემპით  მიმდინარე პროცესი, ავტორების, ჟურნალისტებისა და  კორესპოდენტების  მიზერული  ჰონორარები,  წიგნის  ბაზრის  სიმწირე,  სცენისმოყვარეთა  დაბალი ავტორიტეტი  ხელს ვერ შეუწყობდა ოდესღაც  სახელოვანი  გვარის  წარმომადგენლის   რესოციალიზაციას. თუ  დავაკვირდებით   ყაზბეგის   არისტოკრატი  ნათესავების რეაქციას,  ვთქვათ,  მისი  მწყემსად  წასვლის  თაობაზე,  აღმოვაჩენთ,  რომ   მათი  გულისწყრომა  ძირითადად  გამოწვეულია    წინაპრების   მიერ   დაგროვილი   მატერიალური  სიმდიდრისადმი  გამჟღავნებული  უპატივცემლობით. ეს  მართლაც ასეა, მაგრამ  თუ  უფრო  ღრმად  განვსჯით, დავინახავთ, რომ  მათთვის  განსაკუთრებულად მიუღებელია  ყაზბეგის მიერ წოდებრივ  უფლებებზე,  მის  მიერ  სხვებზე  ბატონობაზე,  სხვის  ჩაგვრასა  და  სხვისით ცხოვრებაზე უარის თქმა, ანუ  ამ   პრივილიგირებული  სივრციდან  ნებაყოფლობით გასვლის  გადაწყვეტილება.  და ისიც, რომ   მაშინდელმა  სამწერლო  საზოგადოებამ   ასე  ბოროტად  გამოიყენა  სუსტი პიესების  ავტორის გაკრიტიკების  უფლება  და  ეს  ბუნებრივი მოვლენა   დაცინვისა  და  დევნის საბაბად  აქცია  (გაიხსენეთ  დავით  კეზელის   სურვილი ესროლათ  სცენაზე  მდგარი ყაზბეგისთვის  მთელი  თბილისის  დამხრჩვალი კატები),   იმავე  მიზეზითაა  პროვოცირებული.  კარგად  ჩანს  ჯერ  კიდევ  ამორფული,  ჩამოუყალიბებლი  სისტემის  ორსახოვნება.   ერთი მხრივ,  ფეოდალურ-ბატონყმურ   სისტემაში  ჩამოყალიბებული  მსოფლაღქმა, მეორე მხრივ  კი  თითქოს  ახალი  სოციალ-ეკონომიკური  ურთიერთობისთვის  გახსნილი   საზოგადოების  გაორებული,  ფარისევლური  სახე. თუმცა  იყვნენ  მესამენიც,  სოციალისტები,  რომლებიც  ისე  შეეპყრო  კლასობრივი  ბრძოლის  იდეას,  რომ  ყაზბეგის  ანტიიმპერიალისტური მესიჯი  თავიანთი  იდეების  გამართლებად  ეჩვენებოდათ,  უბინაო,  უფულო ყაზბეგს  ნიშნისმოგებით   გაპროლეტარებულ   თავადს  უწოდებდნენ   და  არაფერი უნდოდათ  სცოდნოდათ  იმ  ანტირუსული   განწყობის შესახებ,  რომელიც  გამოარჩევს  კიდეც  ყაზბეგის  ,,კავკასიურ  საგას“  (რ.  ჩხეიძე).   
   როგორც  ვიცით, ყაზბეგის  პროზაში  გამჟღავნებული ადამიანის კონცეფცია  თავისუფალი  სრულყოფილი  პიროვნების   აპოლოგიაა.   თუმცა ამ  თვალსაზრისით  მან, როგორც მწერალმა,  ნაკლებად  ან თითქმის არ  გამოიყენა  თანამედროვეობის  კონტექსტი  (საინტერესო  გამონაკლისს  წარმოადგენს  ,,განკიცხული“). ყაზბეგი  თითქოს გამოიკეტა  წინა საუკუნეთა  რაინდული   ეტიკეტის  ლოკალში,    ანუ  იმ  დროში, როცა   ,,ვაჟაი  ვაჟაბდის,  ქალაი  ქალაბდის...“. მეტიც,  1801  წელს  რუსეთის  მიერ  ქართული სახელმწიფოებრიობის  გაუქმება  და  ამით  გამოწვეული  ზნეობრივ-მორალური  პრობლემების  გამწვავება,   მან  ხევის  ტრაგედიას დაუკავშირა.  ამ  თემის საინტერესო განვითარებას   ვახტანგ კოტეტიშვილთან  ვპოულობთ.  მკვლევრის   აზრით,  ხევი  განასახიერებს კულტურას, ხოლო  საკუთარი ჯარით  კავკასიის   ბარსა  და მთას  შესეული რუსის  ჯარი  -  ცივილიზაციას.  ხევის ფონზე  კულტურისა  და  ცივილიზაციის  დაჯახება  დიდ  დრამატიზმს  ანიჭებს  რაინდული კოდექსით  მცხოვრები, მომხდურისთვის კი ველურებად  მიჩნეული  ჩვენთვის კარგად  ნაცნობი   პერსონაჟების   (ელგუჯას,  სვიმონ  ჩოფიკაშვილის,  ელისოს, ანზორის, კობასა   თუ  ნუნუს)   გარემოსთან  ურთიერთობის   ჰარმონიზებულ  ფორმებს.  სწორედ  კულტურის  მიერ  დანერგილი  მარადიული  ფასეულობებისადმი  ერთგულებაა  ყაზბეგის   ხანმოკლე  სამწერლო პრაქტიკის  (1881-            წ.წ.)  ძირითადი იმპულსი. ეს  თავისებური პროტესტის ფორმაა  მოხვეჭისა და  დაგროვების სულით  გაჟღენთილი  დროის  გამოწვევაცაა.   საგულისხმოა კიდევ ერთი ფაქტი მწერლის ბიოგრაფიიდან.  თავისი  შერყეული  ფინანსური მდგომარეობის  გამოსასწორებლად იგი ერთხანს  მედუქნეობასა  და  მეიჯარეიობასაც  ცდილობდა. ადვილი გამოსაცნობია, თუ რა შედეგი  უნდა  მოჰყოლოდა  ამ  ინიციატივას.  ამიტომ  სავსებით  ლოგიკურად მოჩანს  1881 წელს  გამოქვეყნებული მისი  პირველი  მოთხრობის  ,,ციცკას“  აზრობრივ- თემატური  არჩევანი. გარემოში,  სადაც მატერიალური  უპირატესობისა  და  ,,უწესო  გზით“  მოპოვებული  ფული  ბატონობს,  ადამიანური  ბედნიერების  შეუძლებლობა  -  აი,  რა  ქმნის  ციცკასა  და  მედუქნე  გეო მინასაშვილის ოპოზიციურ  წყვილს.  მწერალი  საგანგებოდ  გამოკვეთს  გეოს  სულიერსა  და  ფიზიკურ  სიმხდალეს,   რომელიც, მწერლის  აზრით,  მის  ვაჭრულ  გულს  ეფუძნება.  ციცკასთვის  დამახასიათებელი  რაინდული  ღირსება  აქ  უადგილო  გამხდარა,  რადგან  იგი  საბოლოოდ  მაინც  უძლურია   მედუქნეთა  ცხოვრებისა  და  არსებობის  პიროვნულ  ღირსებას  მოკლებული  პრინციპების  წინაშე.
 
 
    გიორგი  წერეთელი
  ქართული  კრიტიკული  რეალიზმის  ამ კიდევ  ერთ  წარმომადგენელზე  საუბარი  უნდა  დავიწყოთ    ერთი    მოსაზრებით,  რომელიც, მართალია,  უშუალოდ  გ. წერეთელზე  არ  თქმულა, თუმცა  ზუსტად  კი  განსაზღვრავს მისი  მოღვაწეობის  ხასიათს:  ,,ღარიბი,  კომპრომისების  არმოსურნე  ...  ინტელიგენცია,  რომელიც  მიდრეკილია  დასავლური  იდეები  დეკონსტრუქციულ  უკიდურესობებამდე  მიიყვანოს...“.  ყოველ  შემთხვევაში  ახალგაზრდობიდანვე  სოციალიზმით  გატაცებულმა  გ. წერეთელმა,  ეროვნული  პრობლემის  სოციალიზაციით,   დიდად  შეუწყო  ხელი  მარქსისტული  იდეების ჩვენს  ქვეყანაში იმ ფორმით  გავრცელებას,  რომელსაც  საერთო  არაფერი  ჰქონდა  არც  ახალ   ეკონომიკურ  წესრიგთან  და  არც  ახალი  ტიპის  ფუნქციური  ქართველის  ჩამოყალიბებასთან.
    1894  წლის  მაისში   გურიის   სოფელ  ჩანჩეთში  დაკრძალეს  ქართველი ბელეტრისტი ეგნატე  ნინოშვილი.   საფლავზე  ყოფილმა  სემინარიელმა  სილიბისტრო  ჯიბლაძემ   წარმოთქვა  სიტყვა,  რომლითაც  სათავე  დაედო  მომავალში  მარქსიზმის სახელით  ცნობილ   ახალ   პოლიტიკურ-ეკონომიკურ   მოძრაობას.  აი, რა  განაცხადა  ს. ჯიბლაძემ:  ,,ჩვენი  ახალი  ბატონი  მატერიალიზმია...  ის  სწრაფად  იზრდება  ჩვენს  ქვეყანაში...  ჩვენი  აწინდელი ცხოვრება  წარმოადგენს  ორს  ახალს, ერთი  მეორის  მოწინააღმდეგე  წოდებას, ანუ კლასს.  ერთი  მხრით  -  ფიზიკური  და  გონებრივი  შრომის  წარმომადგენლები,  მეორე  მხრით  -  მუქთახორა  ბურჟუა-კაპიტალისტები.  პირველთა  ხვედრია  აუტანელი  შრომა-გარჯა,  მეორეთა კი   -  დასაკუთრება  ამ  შრომის  ნაყოფისა...  ამ  უკუღმართობის  დასამარცხებლად  არის, ერთის  მეცნიერის  სიტყვები  რომ  ვთქვათ ,  ორსულად  ახალანდელი  ჟამთა  ვითარება“. ამ  ისტორიულ  მომენტს  ესწრებოდა   ცნობილი  პროზაიკოსი, რედაქტორი  და  საზოგადო  მოღვაწე  გიორგი წერეთელი.   მან  საკუთარ    ჟურნალ  ,,კვალში“ (ჟ. კვალი,    1894,  #21)  ,,დამსწრეს“  ფსევდონიმით  არა  მარტო  გამოაქვეყნა  რეპორტაჟი   დასაფლავების ადგილიდან  და  მას  იქ  წარმოთქმული საკუთარი სიტყვაც  დაურთო, არამედ  ,,მესამე დასის“  შექმნაც  გამოაცხდა.  (შეგახსენებთ, რომ  პირველ დასს  უწოდებდნენ    X1X  საუკუნის  60-იან  წლებში ილია  ჭავჭავაძის  გარშემო  შემოკრებილ ახალ  თაობას, ხოლო მეორეს  - გ.წერეთლის გარდა,  აკაკის,  ნიკო ნიკოლაძეს,  ს. მესხს, პ.  უმიკაშვილსა და მათ თანამოაზრეებს).  თუ  გავითვალისწინებთ იმას, რომ  გ. წერეთელი ზოგადად  განმანათლებლურ იდეებზე   ორიენტირებული ერთ-ერთი    ,,თერგდალეულთაგანი“     იყო  და    მათი  რეფორმატორული  იდეებით   შთაგონებული    საკუთარ  მამას, ჟურნალ  ,,ცისკრის“  გულშემატკივარ  ექვთიმე  წერეთელსაც კი  დაუპირისპირდა, ამასთან, მოგვიანებით, ევროპაში ყოფნის  დროს,   ციურიხში  შექმნილ  ქართველ  პატრიოტთა  ჯგუფს,  ,,უღელს“,  შეუერთდა,  აზრებისა და შეხედულებების   მკვეთრი   დივერსიფიცირება  საკმაოდ  ალოგიკურად  გამოიყურება. მიუხედავად  იმისა, რომ  გ. წერეთელი   გარკვეულწილად   იყო  ინფორმირებული  იმდროინდელი  ევროპის  არა მარტო  ლიტერატურულ-ესთეტიკური,  არამედ  ფილოსოფიურ-ეკონომიკური  აზრის  შესახებ   ( ვ.  პეტი,  ა.  სმიტი,  დ. რიკარდო, ფ.კ. ბასტია,  პ. პრუდონი,  ა.  სენ-სიმონი.  რ. ოუენი  და  სხვ.  მაშინდელ ქართველ მოღვაწეთა  ეკონომიკური მოძღვრების  საფუძვლებს  ქმნიდნენ), იგი,  უპირატესობას,   როგორც  ჩანს,  იმთავითვე  მაინც  ფრ. ენგელსის მიერ  ვულგარულ  მატერიალისტებად  წოდებული,  ბუნებისმეტყველი  ლუდვიგ  ბიუხნერისა (1824-1899)   და  იაკობ მოლეშოტის  (1822-1893) პოპულისტურ  ნაშრომებს  ანიჭებდა.  ამაზე  მიუთითებს  ილიაც, როდესაც  ცდილობს  ახსნა  მოუძებნოს  თერგდალეულებისადმი  გ. წერეთლის   გაორგულებას   ( 1894 წელს  გ. წერეთელი  ,,ივერიის“  შესახებ  წერდა:  ,,კაერემენის  ბოდვამ  სავსებით  გამოამჟღავნა  ,,ივერიის“  მთელი  შინაარსი,  მისი  სიბეჩავე,  მისი  სითახსირე.  ,,ივერიის“  დროშაზე   შემდეგი  დევიზია  წარწერილი:  პატრიარქალური  კარჩაკეტილობა,  ახალი ფორმის  ბატონყმობის  აღდგენა...  მისი  მიმართულება ჩვენს  ქვეყანაში  უნდა  აღინიშნოს  სიტყვით ,, რეაქცია“.  ამ  ორგანიზაციაში   საოცარი,  თავბრუდამხვევი  ქაოსია,  დომხალივით  არევ-დარევაა,  ვინაიდან  მას  ხელმძღვანელობს  რედაქტორი,  ლუარსაბის  ახლო  ნათესავი...“  (ი.  ვართაგავა,  ქართული  ჟურნალ-გაზეთების  გამოჩენილი  რედაქტორები,  თბ.  1975) -  თავიდანვე  სოციალიზმით  იყო გატაცებული... თავისი  ჟურნალი  ,,კვალი“  კი  იმიტომ  გადასცა  სოციალ-დემოკრატებს, რომ  თავისი  ყოფილი  ამხანაგი  ელანძღათო. ასეა   თუ ისე,  მავნე  ტენდენციას  ეგნატე ნინოშვილი, როგორც მწერალი, ილიაზე  მაღლა დაეყენებინათ  (ეს  კი  ია ეკალაძის  მოგონებების  მიხედვით, თერგდალეულებისთვის   წაყენებულ  სხვა ბრალდებებს  შორის  ყველაზე  შემაშფოთებელი  ჩანდა)  სწორედ  გ. წერეთლის  გასოციალისტების  თარიღს  დაემთხვა.  რად  ღირს თუნდაც  ფ. მახარაძის  კლასობრივი  შეურიგებლობის   იდეით   მოტივირებული  და  არაერთი  20-იან, განსაკუთრებით  კი  30-იან წლებში  მწერალთა  კავშირს   შესეული  კალმოსნის  თავშესაფრად  ქცეული   ლოზუნგი:   ,,ჩვენი  ეგნატე,  თქვენი  ილია!“
   მოთხრობა  ,,გულქანი“, რომელსაც  60-70-იან   წლებში  ევროპაში  სასწავლებლად წასული,  მოგვიანებით  კი  სარედაქტორი  საქმიანობაში  ჩაფლული,  ამასთან  მეცნიერების  სხვადასხვა დარგით,  მათ  შორის  არქეოლიგიითაც,  დაინტერესებული   გ. წერეთელი   საკმაოდ   დიდხანს   წერდა  (1868-1897),  ჩაფიქრებულია  როგორც  პოლიტიკური  პამფლეტი   იმდროინდელ  საზოგადოებრივ   ცხოვრებაზე  (ამის  გამო  გაზეთ  ,,დროებაში“  მისი  პირველი თავების პუბლიკაცია  ცენზურამ  შეაჩერა),  თუმცა  მხატვრული სისუსტისა და  გადატვირთულობის  გამო  ამ  მიზანს  ნაკლებად  აღწევს.    მართალია,  მოთხრობის  სიუჟეტური  ხაზი    აგებულია   დაღმავალ, პრივილეგიების  დამკარგავ  თავადაზნაურობასა  (რევაზ ბაკურიძის  ოჯახი)  და  ახლადაღმოცენებული    ვაჭართა  ფენის (ბაკურიძის  ყოფილი  ყმა,  პიოტრ  ივანიჩ  გაწერილიად  გარდაქმნილი გლეხის  შვილი  პეტრიელა  კვესაძე;  გულქანის   რჩეული, ჩრდილოელი  ვაჭარი,  უფრო  სწორად კი  სავაჭრო  გემის  შკიპერი,   ნიკოლაი  ნიკიფოროვიჩი)  დაპირისპირებაზე   (ამ  დაპირისპირებას  მწერალი  ,,პირველ  ნაბიჯში“  განავრცობს) და  ეს კოლიზია  თავად  ავტორის  თავისუფალი ვაჭრობის  სარგებლიანობის   რწმენითაა   პროვოცირებული,  მოთხრობის  ძირითადი  თემა  მაინც  ,,ბანკოვიადის“  საკითხის    წერეთლისეული  გადაწყვეტაა.  ქართული  საადგილმამულო  ბანკის დაარსების    ფაქტს  კი,  განსაკუთრებით  ჭავჭავაძე-მაჩაბლის  დაპირისპირების  ფონზე, იმხანად  გ. წერეთლის  გარდა, ნეგატიურად  აფასებდნენ  აკაკი,  ნ. ნიკოლაძე,   ი. მაჩაბელი, მ.  მაჩაბელი ,  ა.  ფურცელაძე.   მოთხრობის  მეორე  პლანზე    ჩანს  ვინმე  რუსეთუმე,  რომელიც გულამოჭმული  ნიჰილისტი და  უზნეო  კარიერისტია. ნებისმიერი  ხერხებით   არჩევნების,  ანუ მოკენჭეთა  გადაბირება,  ურთიერთდაუნდობლობა,  ქვეყნის  მტრობა  და პირადი  გამორჩენის  ძიება   -აი,  რა  თვისებები  ქმნის   მის პიროვნებას.  ,,რუსეთუმე  ამ  დროს  ლიტერატურაშიაც  მოწონებული  კაცი  შეიქნა.  ის  დასცინოდა  ძველი კაცების  მექრთამეობას,  მებატონეების  უქმ  ცხოვრებას  და  ტიპად  გამოჰყავდა  ბუზიყლაპია  და  ღორის  კანჭისჭამია  თავადები.  მუდამ  მაღალფარდოვან  ფრაზებს  ისვრიდა,  ქვეყნისა  და  სამშობლოს  სამსახური  მუდამ  ენაზე ეკერა,  მაგრამ საკვირველი  ის  იყო,  რომ  როგორც  კარგი  შემოსავლიანი  და  ჯამაგირებიანი ადგილები  გაუჩნდათ  რუსეთუმეს  და  მის  ამხანაგებს,  მაშინვე  ყველა  ,,თერგდალეულებმა“  შრომაზე  ხელი  აიღეს...განცხრომას  უმატეს...  ვინც   კარგ  შემოსავლიან    ადგილებს  ეძებს,  ვინც  მდიდარ საცოლეებს  მახეს  უგებს,  ვინც  უფროსების  წინაშე  ქედს  იხრის,  განა  შესაძლებელია,  რომ  ის  გულწრფელი  თანამგრძნობელი  იყოს  ხალხის  გაჭირვებისო?...“ (წერეთელი,  ქართული პროზა,  ტ. 13,  198  ).  მინიშნება  საკმაოდ  გამჭვირვალეა  და  ადრესატების  თუ ადრესატის  ამოცნობა  ძნელი არ  არის.    ცხადია, რუსეთუმე  ილიაა,   ხორხიანერთის  ბანკი   კი   დიმიტრი  ყიფიანის ინიციატივითა  და  ილიას ხელმძღვანელობით  დაარსებული   პირველი  ფულად-საკრედიტო  დაწესებულება,   თბილისის  ქართული  საადგილმამული  ბანკი. სახეზეა  მხატვრულ-პუბლიცისტურ  ჟანრთა  აღრევა,  როდესაც    ჟურნალისტი  გიორგი  წერეთელი  აშკარად  სჯაბნის  გიორგი  წერეთელ-მწერალს.   ავტორი, რომელიც  ამგვარად პოზიციონერობს  მსგავსი პასაჟებით   საკუთარი  მიკერძოებულობისა  და  არაობიექტურობის  დეკლარირებას  ახდენს. ეს  კი,  არღვევს  რა  ტექსტის  მხატვრულ   მთლიანობას,   ცუდ   სამსახურს  უწევს    არა  მარტო   ნაწარმოების, არამედ  მწერლის რეპუტაციას.  (შემთხვევითი არ  არის, რომ  ,,გულქანის“  რეპუბლიკაცია  1927  წელს, ანუ  ბოლშევიკური  რეჟიმის   გაძლიერებისთანავე,  მოხდა).                              
   რომანი  ,,პირველი  ნაბიჯი“  (1890-91),  როგორც  სოციალური  ჟესტი,   რეალიზმის  მიმდევარი  გიორგი წერეთლის   მიერ  ფართო  სოციალური  ტილოს  შექმნის  შედარებით  წარმატებული  მცდელობაა. გარდა  იმისა, რომ  მასში  წარმოდგენილია  X1X   საუკუნის   60-80-იანი  წლების   საზოგადოებრივ  ფენათა  სრული  სპექტრი,  გაფართოებულია  პერსონაჟთა  მოქმედების  არეალიც.  ჩნდება  არა  მარტო  ახალი სოციალური   ტიპების  აღმნიშვნელი  ტერმინები:  ვაჭრის  გარდა, ინჟინერი, მუშა,  კანტორშჩიკი,   არამედ   ახალი  მითოსის   გმირი, რკინის  გველეშაპად  წოდებული  მატარებელი.  თავისი  რიტმით  რომანის  დასაწყისი  სწორედ  მატარებლის  მოძრაობის , მასთან ერთად  კი  ერის   აქამდე   ფარული  ენერგიის,  ცვლილებებისთვის  მზადყოფნის   დინამიკას  გადმოგვცემს:  
,,...ქალაქ  ფოთის  ნავსადგურში  პირველად  იწივლა  ცეცეხლის  გემმა. მისმა  წივილმა  პირველად  განუფრთხო  ძილი  მტრისაგან  მოუძლურებულ  საქართველოს  ერს.  ეს იყო  ახალი დროის  მამლის  ყივილი  დასავლეთ საქართველოში. ფოთი  აღინიშნა  შავი  ზღვის  კიდეზე  კავკასიის  ბოღაზათ.  სამეგრელოში  ატყდა  დიდი  ფაცა-ფუცი. დიდი და  პატარა  ყველა ფოთისკენ  გარბოდა...“   უთუოდ  კაპიტალიზმის  საწყის  ეტაპზე  მიგვანიშნებს რომანის სათაურიც  ,,პირველი ნაბიჯი“.  ეს  ნაბიჯი   თავისი  გაუბედაობით   და  ნაკლულევანებით, ქართული გარემოსა  და  ქართველთა  ჩამოუყალიბებლი  მენტალობის   ადეკვატურია.  რომანში   კომპოზიციურად   ერთმანეთს  ენაცვლება    განსხვავებული  საარსებო  სივრცეები    -   ბახვა  ფულავას პატრიარქალური  თეკლათიდან  ფოთი-ქუთაისის   გავლით    ჰეტეროგენულ, მრავალსახოვან,  ჭრელ   თბილისამდე.     ქალაქის  ვიზუალური  შეფასება  მაშინდელი  ბომონდის  (იერემია  წარბას  მფარველი  ვალიდასა  და  გენერელი ლებოვის გარემოცვა)   თვითშეგრძნების  წარმოსახვას   ემსახურება:   მოვლილი  გოლოვინის (რუსული ინტონაციით კი  გალავინის)  პროსპექტი,  ევროპულად  მორთული  ახალგაზრდობა,  ეტლებისა  და  კაბრიოლეტების  განუწყვეტელი  გრიალი,  არაბული  და  ინგლისური  ჯიშის  ცხენებზე  ამხედრებული   ბედის  რჩეულნი,  რომელთა  ყოფას  ღამისთევები, კადრილი   და   ბანქოს  თამაში  ახალისებს.   თუმცა  ამგვარი  თბილისი, როგორც   ფულის მოსაგები ადგილი,   იმავე  ფოთის  ანტითეზაა,  რადგან  მომხმარებლური  ინსტინქტი ჯერ კიდევ ძლიერია და აშკარად  სჯაბნის   ქმნადობის,  მოხვეჭის,  ტრიალის  აქტიურ გამოვლინებებს.   გ. წერეთლის თბილისი   გარკვეულწილად  იწვევს  კიდეც   ბალზაკ-ზოლა-მოპასანის   დიდი  ქალაქების   შორეულ ასოციაციას,  თუმცა,  ცხადია,    ნაკლებად  ჰგავს   იმ  გარემოს,   სადაც  კაპიტალისტური,  მით  უფრო  ინდუსტრიული  საზოგადოება  ყალიბდება.    გმირთა  ტრაგიკული  სასიყვარულო სამკუთხედის  ფონზე   საგნობრივ-სივრცობრივი  სიტუაციებისა  და  ადამიანთა  ქცევის  სინთეზირებით   თავისებური  ,,ჰეპენინგის“  ანუ  ყოველდღიურობის  ავანსცენაზე   შურისძიებისგან    ნახევრად  შეშლილი  ჩარჩისა (სწორედ  ასეთი  ირონიითაა  შეფასებული    ბახვა  ფულავა) და   დროის  დინების  საპირისპიროდ  მოძრავი  მაღალი საზოგადოების   დაპირისპირება   თამაშდება.  ბუნებრივია,   კაპიტალიზმით, მისი  პირველი გამოვლინებებით   სახეცვლილი   პატარა  ქალაქის  ( ეს პირველ ყოვლისა, ფოთია,  რომლის  ინდუსტრიულ რეფორმირებას  სულ მალე სათავეში  ნ.  ნიკოლაძე  ჩაუდგება)  პოეტიკა  გ. წერეთლის  ამ  ტექსტში   ნამდვილად   არსებობს,  რასაც  ვერ  ვიტყვით  უფრო დიდ  ქალაქზე,   თბილისზე, რომელიც   მაინც  ცალმხრივადაა  დანახული  და  სოციალური  ფონის  გამუქებით    კლასთა    დისპროპორციული  განვითარების  ქართული  ვარიანტის   დეკლარირებას  ემსახურება.  ეს  ხედვა    კი  გარკვეულწილად   ცხოვრების  იმ  სტილის   ინერციით  გაგრძელება   თუ  გაღრმავებაა,  რომელიც   სტივენ  ჯონსის  ნაშრომში   ,,სოციალიზმი  ქართულ  ფერებში“  ასეა  შეფასებული:  ,,  X1X  საუკუნის  პირველი ნახევრის  ,,...აზიური  ჩამორჩენილი  ქალაქი  თბილისი,  კარტის  თამაშის,  ჭიდაობისა  და  ღვინის  სმის  გარდა  არც არაფერი რომ  ჰქონდა   სხვისთვის  შესათავაზებელი,  გარდაიქმნა   ქალაქად,  სადაც  ქართველი  თავადაზნაურები  ევროპულ  გაზეთებს  კითხულობდნენ,  ურთიერთობა  ჰქონდათ  რუს  მწერლებთან  და  ერუდიტებთან  და  ფრანგული  მოდის  მიმდევარი  ცოლებით  იწონებდნენ  თავს“  (ს.  ჯონსი,  სოციალიზმი  ქართულ  ფერებში,  2008). თუმცა  რომანში  მაინც არის  ქალაქური  სივრცის   გაფართოების  ფრიად რეალისტური და მეტყველი  პასაჟი: გაზეთ  ,,დროების“ ქრონიკის ჭრილში წარმოდგენილი   გადაუხდელი კრედიტების  გამო ბანკის მფლობელობაში გადასული  მამულების  სია... ბახვა ფულავა,  როგორც  ვიცით, წუხს  თავადაზნაურობის ასეთი  დაცემის  გამო, თუმცა  ერთ-ერთი მათგანის, თავქფილაძის, მამულის  დაპატრონებაზე  უარს  მაინც  არ  ამბობს.   ოცდახუთი ათას  მანეთად  დაგირავებული  და  მოხუცი  თავქფილაძის  ბედოვლათი  შთამომავლობის  მიერ  საგანგებოდ  დამწვარი   (იმ იმედით,    იქნებ  დაზღვევის  ფულმა  დროებით  მაინც  შეაჩეროს  მამულის  გაყიდვაო)ოდესღაც  დიდებული  სახლ-კარი, ამასთან   ბანკის მიერ  მამულის უშუალოდ  გაყიდვის  პროცესი, რომელიც ახლადგამომცხვარი მემამულის, უბრალო  ჩარჩის,  გამოჩენისთანავე  სკანდალად  იქცევა,  საშუალებას გვაძლევს ვისაუბროთ  კულტურის  ნარატივის  ახალ  სფეროზე,  რომელშიც   ჩართულია გრძელვადიანი  კრედიტი.
   ქართულ ვარიანტთან დაკავშირებით  ერთი   რამეც  უნდა  ითქვას:  გ. წერეთელს, როგორც სოციალისტური  იდეის  ადეპტს (თუმცა, როგორც  დავრწმუნდით, ეს  ამ  იდეის საკმაოდ ორიგინალური  გააზრება  იყო,  რაც მხოლოდ  ე.წ.  ეკლექტური   მარქსიზმით  ვერ აიხსნება),   მიაწერენ, როგორც  აღვნიშნეთ,   ჩვენთვის პრიორიტეტული  ეროვნული  საკითხის  სოციალიზაციას.  სოციალიზმის,   როგორც  ეკონომიკური  ჩამორჩენილობისა  და   ზოგადად  კულტურული  სტაგნაციის   შეჩერების  საშუალებად  მიჩნევას.   გაზეთ  ,,დროებაში“ (დროება,  1869,  #47)  წარმოდგენილი გ. წერეთლის   ,,ნეგოციანტური  ტემპერამენტის“  ამგვარი   გამოვლინება:   ,,მაშ,  მე  და  შენ  მკითხველო, რაღას  ვდგევართ  გულხელდაკრეფილი,  თუ  ცხოვრება  გვინდა,  ღონის  მომცემი  წამალიც  უნდა ვეძებოთ:  ფული, ფული  და  ფული!  ცხოვრება  არის   გაუწყნარებელი  ბრძოლა  ლუკმა-პურისთვის, სადაც  მოგებული  ყოველთვის  ის  არის, ვისაც  უფრო  ბევრი  ფული  აქვს...“,  მუდმივად  იჩენს  თავს  მის  მხატვრულსა და  პუბლიცისტურ  ტექსტებში.  მსგავსი   კერძომესაკუთრული   ნარატივი  კი,  რაც  სრულებით  ბუნებრივად  აღიქმებოდა    თერგდალეულთა   იდეების  კონტექსტში,  ახლადშეძენილ   თანამებრძოლებს  აოცებდა:  თუ მარქსისტია, ვაჭრობას   რატომღა  მიიჩნევს  სასარგებლო  საქმიანობადო.   თუ  დავაკვირდებით  ბახვა  ფულავას  (აქ  აღარ  შევჩერდებით  მისი  გვარის  ინტერპრეტაციაზე, რაც  ევროპულ, განსაკუთრებით  კი  რუსულ  ბელეტრისტიკაში  მიღებული  პრაქტიკა  იყო),  ვნახავთ, რომ  ეს  პერსონაჟი ასე  თუ  ისე  დროის  ახალმა მოთხოვნამ  შექმნა.       ამიტომაც  ბახვა  თავისი ბუნებრივი  თვისებების  გამო  (სიმკვირცხლე, საზრიანობა, ინიციატივიანობა) მიწაზე  მომუშავე  გლეხის  ნაცვლად  ფულის მკეთებელ  კაცად  იქცევა,  თუმცა  მისი  წარმოდგენები  ზნეობასა და  მორალზე სწორედ  ამ გლეხურ  ოჯახში, მზრუნველ  და მოსიყვარულე  მშობლებთან,  ყალიბდება. მართალია, იგი  ახალი  ტიპის  მესაკუთრედ (ოდესღაც მდიდარი  თავად  თავქფილაძის კარ-მიდამოს  ბანკისგან  შეიძენს),  ახალი ტიპის  მეურნედ  იქცევა,  ქალისადმი  დამოკიდებულებაშიც  უკიდურესად  გულწრფელია,   მიუხედავად ამისა, ან  იქნებ  სწორედ  ამის  გამო , საზოგადოების   მხრიდან  მისი  აღიარება  ყოვნდება.  გავიხსენოთ   იერემია  წარბას  მკვლელობის და  იმავდროულად  რომანის  ფინალური  სცენა.  პოლიციის  მეთვალყურის  რეპლიკით: ,,ეს რა გიქნია,  შე  ლოთო  ჩარჩო?“  კიდევ ერთხელ  ვლინდება   ბახვას  გაუცხოების   ხარისხი.  ვაჭარმა თავადიშვილი  ფიზიკურად  გაანადგურა, მაგრამ  შურისძიების  ამ  აქტით   მაინც   ვერ  ხორციელდება    კულტურული  პარადიგმის  ცვლილების  მარკირება.   რატომ?  პირველ ყოვლისა,  იმიტომ, რომ  ეს  შურისძიება  არ  და ვერ  არის  ექსტრაპოლირებული  მთელ ქვეყანაზე, ასე  ვთქვათ  ვერ  ზოგადდება  და   უფრო  პიროვნული  თვითდამკვიდრების  აქტად    რჩება.   გარდა  ამისა  კი,  ქართული  საზოდაგოების  სოციო-კულტურული   განვითარება ამ   გზით  არ   წასულა.   კრიტიკოსი  ზ.  კვერცხიშვილი, რომელმაც   ფეოდალური  და  არაფეოდალური  საქართველოს  და  მათი  პროტაგონისტების,  რაინდისა  და   ვაჭრის,   დაპირისპირების, მათი ურთიერთშეუთავსებლობის  აქტუალიზება  მოახდინა,  თავის  წერილში   ,,  მშვიდობით,  რაინდო  და   ....“   ამგვარ    მართებულ  დასკვნას   წარმოგვიდგენს:  ,,ახალი ევროპა რაინდის  დამარცხებითა  და  ვაჭრის  გამარჯვებით  დაიწყო.  ჩვენში  ვაჭარმა  ვერ  გაიმარჯვა:  ქართული მენტალიტეტისთვის  ვაჭრობა  ბოლო  დრომდე  რჩებოდა  მდაბიურ  და  საქილიკო  საქმედ, ძირითადად  უცხოტომელთა   ხელობად  (ცხადია, იგულისხმება  ჩარჩული   კაპიტალის  შემქმნელი  თბილისური  სომხობა  - ნ. კ.)...“  (კვერცხიშვილი,  2005, 94).  ის,  რამაც  ვერ  ჰპოვა  თავისი  სიმბოლურ-სახეობრივი ასახვა   ,,პირველ  ნაბიჯში“,   სავსებით ადეკვატურად  გამოიხატა    1893  წლით  დათარიღებულ    ეგ. ნინოშვილის    მოთხრობაში  ,,ჩვენი  ქვეყნის  რაინდი“. სათაურის პოეტიკაც  მინიშნებაა  იმ  კანონზომიერ   ტრანსფორმაციაზე,  რომლის  წინაშეც    სოციალიზმის  სენით    შეპყრობილი   ქართული  საზოგადოება  დგას.   უკვე  დეგრადირებულ, ავტორის მიერ კი აშკარად   პაროდირებულ  რაინდს,  ტარიელ   მკლავაძეს,  კლავს   კლასობრივი შეგნებით  გამორჩეული,   ე.წ. ,, გამოფხიზლებული  მასის   წარმომადგენელი“,   ახალი  სოციალისტური  რელიგიის  მისიონერი,  სოფლის  მასწავლებელი, სპირიდონ  მცირიშვილი. ახალი   საბჭოთა საქართველოც  რაინდისა  და   რევოლუციონერის   სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებით დაიწყო და  ამ  უკანასკნელის   გამარჯვებით დასრულდა.   მათი   დაპირისპირების  ხასიათზე  და  მოვლენათა  რევოლუციური  სცენარით  განვითარების შემთხვევაში  მოსალოდნელ  შედეგებზე   ბევრს  წერდნენ   ილია ჭავჭავაძე  და მის  თანამოაზრეთა  მცირერიცხოვანი  ჯგუფი. რაც  შეეხება  თავად  სოციალიზმის  (გნებავთ, სოციალისტობის)   ფენომენს,  ჯერ კიდევ  1870-იან  წლებში  იგი   სიღრმისეულად  იკვლია  ფიოდორ  დოსტოევსკიმ  თავისი  ცნობილ  რომანში  ,,ეშმაკნი“. დოესტოევსკიმ  პროვიდენციალურად  განჭვრიტა და,  ფაქტობრივად,   გააშიშვლა  უკიდურეს  ზნეობრივ   ნიჰილიზმსა  და  პროვოკატორულ  სულზე  დაფუძნებული  სამყაროს  ძალადობრივი  გაკეთილშობილების  იდეა, რომელსაც  რუსი ,  მათი  მიბაძვით კი ქართველი   რევოლუციონერები,  ქადაგებდნენ.     გ. წერეთლისა და მისი  ვაჟის,  ცნობილი რუსი რევოლუციონერის ირაკლი  (კაკი)  წერეთლის  მონაწილეობა  ნ. ბერდიაევის მიერ  ,,მსოფლიო ტრაგედიად“ წოდებულ  რევოლუციურ გარდაქმნათა მომზადების პროცესში  არაწორი არჩევანი აღმოჩნდა და ისტორიამ იგი  არ  გაამართლა.  კერძო საკუთრების  უქონელმა  პროლეტარიატმა,  ,,წაართვი და  გაიყავის“ პრინციპზე აგებულმა ეკონომიკურმა  ურთიერთობებმა, კერძო საკუთრების აკრძალვამ   იმდენად  დაასუსტა  მატერიალური ბაზა, რომ  სოციალისტური  ექსპერიმენტის განმახორციელებელმა  ქვეყანამ  -  სსრკ-მ      1990 წელს  არსებობა  შეწყვიტა.


               ვაჟა  ფშაველა
    როგორც  ცნობილია,  1879  წელს  ვაჟა  ფშაველა  პირველად  წარუდგა  ქართულ  საზოგადოებას   კორესპოდენციით  ,,წერილი  ხევსურეთიდან“, რომელსაც  შემდგომ  წლებში მოჰყვა   ამავე  ტიპის პუბლიკაციები:  ,,ფშავლები“,  ,,ფშავლების  ცხოვრებიდან“,  ,,აფხუშოობა“, ,,ხევსურები“,  ,,ლაშქრობა“,   ,,ფშავლების   ძველი  სამართალი  და  საოჯახო  წესები“  და  სხვ.  ეს იყო  ძირითადად  ეთნოგრაფიული  ხასიათის შემეცნებითი  წერილები, რომელთა   მიზანს      დანარჩენი  საქართველოსთვის  მისთვის უცნობი  მთიანი მხარის   გაცნობა  შეადგენდა.  თუმცა  ავტორისეული წერის  თავისუფალი მანერა,  ანალიტიკური  გონება,   მთის  გარეგნული მიმზიდველობის  მიღმა  მისი რეალური  პრობლემების   ხედვის  უნარი,  თანაგანცდა   ჩამორჩენილობითა  და  უინიციატივობით  შევიწროებული  ძველი კულტურის  ჩარჩოებში  გამოკეტილი ადამიანებისადმი,  აშკარად  სცილდებოდნენ    ეთნოგრაფიულობის    ჩარჩოს. აქ  სტრიქონებს  შორის   ჩნდებოდა  საქმიანი მინიშნებები   ამ  კუთხის   უკეთესი კეთილმოწყობის პრინციპებზეც, რომლებსაც უახლოეს  მომავალში  გაცნობა  და  ათვისება  სჭირდებოდა.   ვაჟას    ,,ეკონომიურის  თვალით“  ხედვის  უნარი, რომელიც     უპირატესად  მის  პუბლიცისტიკაში ვლინდება , უნდა  განვიხილოთ  არა  როგორც  ცალკე  აღებული  მოცემულობა,   არა  როგორც  კერძო  შემთხვევა   ან    აზრთა  საერთო   მდინარებისგან  განსხვავებული  მიმართულება , არამედ  სწორედ  რომ  პირიქით,  როგორც  ერთი  აზრობრივ-ემოციური  სისტემა (მხატვრულ-პუბლიცისტური  მიმართულებების ერთიანობაზე  წერს  თავად  ვაჟა  ერთ-ერთ  წერილში  ,,რამე-რუმე“).   პოეტის  ამგვარი  ინტერესი   ორგანული  ნაწილია  ევროპულ-განმანათლებლური იდეებისა,  რომელიც მან   მემკვიდრეობით   ,,თერგდალეულებისგან“  მიიღო   და  შემოქმედებითად  განავითარა. პირველ  ყოვლისა, ესაა თავისუფლებისკენ  სწრაფვა  და ყოველგვარი  ჩაგვრის,  მით  უფრო  ანაქრონიზმად  ქცეული ბატონყმობის, სრული უარყოფა.  ამიტომაც მეტად  მტკივნეულად  აღიქვამს  მის  რეციდივებს  (,,თიანეთური  ფელეტონი“),  ამასთან   უსამართლოდ მიიჩნევს  მცირემიწიან  ქვეყანაში  წარმოებულ  მიწათგანაწილების  ანტიქართულ  პოლიტიკას  (,,შინაური  ამბები“),  ხმალამოღებული  იბრძვის     ტყეებით  სარგებლობის  წესების  გაფართოებისთვის.   ვაჟა  წუხს,  რომ  სოციალ-დემოკრატების  ბაქიბუქს  კონკრეტული  შედეგი  არ  მოაქვს,  რადგან   ,, ვხედავთ  კოსმოპოლიტიზმს,  მაგრამ  მახინჯს,  უჯიშოს,  ფანატიზმით  გამსჭვალულს,  თავისი  თავის,  თავისი  ერის  უარმყოფელს,  ხოლო  სხვა  ერების  ვითომდა  მფარველს  და  მოსიყვარულეს.    ვაი  ამისთანა  სიყვარულს!“  -,,მცირე  შენიშვნა“,  1910   (ვაჟა  ფშაველა,  1986, 710).  საყვედური  მიმართული  მარქსისტ  კარლო  ჩხეიძისადმი,  რომელიც  კონკრეტულ  პრობლემაზე  სათათბიროში  ,,ზაპროსის“  შეტანის ნაცვლად, რაც  ამ საკითხს  მკვდარი წერტილიდან  დაძრავდა  (საუბარია  ქართლის  ერთ  სოფელში მამასახლისის  თავგასულობაზე  და  მოსახლეობის  უკანონო  დაბეგვრაზე),    უცბად  შებზრიალდა,  დეპუტატობას  თავი დაანება  და  დამტვრეული  რუსულით  პოლონელებს  ლექციას  უკითხავს  ავტონომიის  მოპოვების  საჭიროებაზე:,, დალოცვილი  კარლოსი  შინ  ხმას  არ  იღებს  ავტონომიაზე,  ძალზე ერიდება  ამ  სიტყვას,  ხოლო  იქ,  ...აღაღო  ბაგენი  თვისნი  და  აბნია  მარგალიტები...  ვინც  პოლონელ დეპუტატებს  იცნობს,  ყველა  მიხვდება,  რომ  კარლო  ჩხეიძე  დიდ  ხანს  მოუნდება პოლონელ  დეპუტატის  გაწვრთნას  და  მათ  გადარჯულებას“ - ,,შინაური  ამბები“,  1908  (ვაჟა  ფშაველა ,  1986,705). ქვეყნის  უპატრონობით  შეწუხებული  ვაჟა, რომელიც  კარგად  ხედავს  დეზორიენტირებულ  გლეხობას,  რომელსაც  მიწის  შეძენაც  კი  არ  უნდა მაშინ, როცა  ამის საშუალება  გამოჩნდება  და  გაურკვეველი  წყალობის  მოლოდინშია,  უბედურების  სათავეს   მარქსისტული  იდეოლოგიის  არასწორ  ინტერპრეტირებაში   ხედავს:  ,,არა,  სულ  რომ  ლონდონისა  და  სტოკჰოლმის  კონფერენციებზე  არ  ვიქუხოთ  და  ვიჭექოთ,  ერთხელ  აქაც  დაიქუხონ  და  დაიჭექონ  ი  კურთხეულებმა!  ეგები  გაწყრეს  ღმერთი  და  იმათ  ქუხილს  და  ჭექას  ან  სეტყვა,  ან  წვიმა  მოჰყვეს!“  -  ,,შინაური  ამბები“,  1907   (ვაჟა  ფშაველა,  1986,  704). 
   ვაჟა  ხომ  არც ერთ  საკითხს  ფორმალურ-ინტელიგენტურად  არ  უდგებოდა. ამიტომაც  მისი  მშობლიური  მთის   ეკონომიკური  ცხოვრების  სურათები  შეულამაზებელია  და  მართალი.   ფშაველი  დედაკაცის  დაჩივლება:  ,,ს ი ს ხ ლ ი ს    პ უ რ ი ს     ჭ ა მ ა     გ ვ ა ქ ვ ს,   ს  ი ს ხ ლ ი ს ა“  გაგვააზრებინებს   იმ  გაუსაძლის  მატერიალურ  სივიწროვეს,  რომელიც  ყოველმხრივ   ჩამორჩენილი  მთის  ცხოვრებას  ახლავს  და   გადაუდებელ,  საფუძვლიან  განახლებას  საჭიროებს.   წერილში  ,,ცოტა  რამ  გლეხთა  ყოფა-ცხოვრებაზე  ფშავში“  (1902)  ჩამოთვლილია  ფშაველთა  არსებობის  ძირითადი საშუალებები:  სახნავ-სათესი  მიწები  და  მესაქონლეობა.  თუმცა  ავტორი  უყურადღებოდ  არ  ტოვებს  ამგვარი  მეურნეობის  არაეფექტურობის  მიზეზს:  ,,...აქ  ერბო-ყველი  და  მატყლი  ბევრია,  თუმცა  ისიც  ვერ  აძლევს იმდენ  ხეირს  პატრონს,  რამდენიც  შესაძლებელი  იყო,  რომ  საქმე  სხვანაირად  იყოს  დაყენებული:  მყიდველისა  და  მწარმოებლის  შუაზე  არ  იყოს  ჩაჩხირული  ჩარჩ-ბაცაცები...“  (ვაჟა  ფშაველა,  1964,  232).     ახალი დროების მიერ  რყევაში მოყვანილი  თემური ცხოვრების  წესების  შესახებ  ვაჟა  იმიტომ კი არ  გვესაუბრება,   რომ მათ  შენარჩუნებას  მისტირის.  მას მხოლოდ ის სურს,  რომ  რიგითმა  ფშაველმა  აქედან  სწორი დასკვნები  გააკეთოს  და , პირველ  ყოვლისა, მესაკუთრის ინსტინქტის მატერიალიზება  მოახდინოს.  ამიტომაც აიმედებს  ერწო-თიანეთსა  და  კახეთის მიდამოებში  ფშავლების მიერ  მიწების  შეძენის  ფაქტი.მწერლის  აზრით,  გადამწყვეტ ეტაპზე  ინტელიგენციას  შეეძლო  და  შეუძლია  კიდეც  განუმარტოს  ხალხს  შექმნილი  ვითარება,  თვალი გამოახელინოს, გამოაფხიზლოს.  თუმცა  ვაჟა  სწორედ  აქ ვერ ხედავს  სასურველ  შედეგს:  ,,რა  გავაკეთეთ  ჩვენ...? ჩვენმა  ინტელიგენციამ  რა  გზაზე  დააყენა  ერი?  (გიკვირთ? – 1909).  საუბედუროდ  იმას  დაუწყო  კეთება,  რაც  ჩვენ  დაგვღუპავდა...  ყველა  ჩვენს  კომედიანტჩიკს  ანტონოვიდან  დაწყებულს,  პოეტს  თუ   პუბლიცისტს  ზნედ  სჭირდა   დაესურათებინა  სომეხი  მხდალად,  ხოლო   მისი  ხელობა-ვაჭრობა  -საზიზღრობად.  ვაჭრობა  ნაცვლად  იმისა,  რომ შაეყვარებინა  ხალხისთვის,  შეაზიზღეს;  ამისათვის  არც  ბევრი  ტყვია-წამალი  იყო  საჭირო,  რადგან  რაინდული  ხასიათის  ქართველს  ბუნებრივად  არა  აქვს  მიდრეკილება  ვაჭრობისაკენ,  მით  უმეტეს,  რომ  ამ  ვაჭრობის  სინონიმად  გახადეს  მხდალობა...“  (ვაჟა  ფშაველა,  1964, 282).  ვაჟა,  როგორც ერთ-ერთ  მაგალითს  აღნიშნული  საკითხისადმი   ინტელიგენციის   არათანმიმდევრული  დამოკიდებულებისა,  იმოწმებს  აკაკისეულ  სტრიქონებს:  ,,ვაჭარო,  მაგ  შენ  აბაზში  სისხლი  და  ოფლი  ჩემია,/  რატომ  არა  გაქვს  ღვთის  შიში,  /  ან  კაცის  არა  გრცხვენია?...  სისხლმეტი  ხომ  არ  გაწუხებს,/  ხომ  არ  ხოულობ  დალაქსა?“  და  დარწმუნებულია  იმაში,  რომ  ქართველებს  ნაცვლად  ,,ბაშიბუზუკური  მუქარისა“,  უნდა  ,,ეჩვენებინათ   კულტურული  საშუალება  ბრძოლისა,  თუნდ  ეთქვათ  მაგალითად   -   დადექ,  თორემ  მეც  სასწორ-ჩარექს  და  არშინს  ავიღებო...“  (იქვე,  283).
  გრ. რობაქიძე  ვაჟას ,,იდუმალ  პოეტს“,  ,,მითოლოგიური  წარსულის  მკვდრეთით  აღმდგარ  ძეს“  უწოდებდა,  რაც, ცხადია,  ამ  თვითნაბადი გენიოსის  შემოქმედებითი  ამოცანის  უნიკალურობაზე  მიგვანიშნებს.  გარკვეულწილად  მასში პიროვნულადაც  განხორციელდა   კიდეც  გველისმჭამელი მინდიას   ღვთისწორობის  მისტერია,  რადგან   სამყაროს  უღრმეს  შრეთა  საიდუმლოებებს   განდობილი  პოეტი  თავისი  ცხოვრების  წესითაც  და  იმის  გამოც, რომ  თანამედროვეობის კონტექსტიდან  ამოვარდნილი   მოუწყობელი, ჩაგრული  და  უუფლებო   ქვეყნის  შვილი  იყო,  განასახიერებდა  რეალურისა და  ირეალურის  კანონზომიერ  ურთიერთგადაღვრას, იდეალიზმისა  და  პრაგმატიზმის  მტკივნეულ  თანაარსებობას.  ვაჟა ,  საკაცობრიო  პრობლემებს  შეჭიდებული  შემოქმედი,  და  ვაჟა,   ,,საფიხვნოს  თავში  მჯდომი“  ფშაველი  გლეხი, ხშირად  სხვადასხვა   ყოფით  პრობლემათა  მედიატორადაც  არჩეული,  რომლის  სიტყვასაც დიდი  წონა  აქვს,  არც  ისე შორსაა  ერთმანეთისგან, როგორც  ეს  შეიძლება  ერთი  შეხედვით   მოგვეჩვენოს.  მეტიც, მისი  ფილოსოფიურ-ესთეტიკური  იდეები, მხატვრულად  ძირითადად  მის  გენიალურ პოემებში  რეალიზებული,    ორგანულ  კავშირშია    მისსავე  პუბლიცისტიკაში  ასახულ  სოციალ-პოლიტიკურ  და  ეკონომიკურ  საკითხთა  მთელ  სპექტრთან.  ამიტომაც  ეკონომიკური  მოწყობის  ყველაზე  მარტივი  სქემის ანალიზიც  კი  ვაჟასთან  ისეთ  საკითხებთან  ორგანული  კავშირში    განიხილება, როგორიცაა   ერისა  და  პიროვნების თავისუფლება,  განათლების  აუცილებლობა, აქტიური სამოქალაქო პოზიციის,  პიროვნული  და  საერო  პასუხისმგებლობის შემუშავება.   შესაბამისად,   აქვე    ვხვდებით  მკვეთრად  გამოხატულ ანტინომიურობას ისეთი  ცნებებისა, როგორიცაა  ფიქრი  და  ოცნება,  პატრიოტიზმი  და  კოსმოპოლიტიზმი,  პიროვნული ეგოიზმი  და  სამოქალაქო  შეგნება. 
  გავიხსენოთ, რას ამბობს  ერთგან  ვაჟა  თავისუფლებაზე:  ,,თავისუფალი ადამიანი  უნდა  იქცეოდეს  ისე,  რომ  თავის  ყოფაქცევით  სხვას  არ  ვნებდეს.  მით  უმეტეს  საზოგადოებას,  არამედ  მისი  მოქმედება  უნდა  იყოს მიმართული   ქვეყნის  საბედნიეროდ.  თუ  ეს  პირობა  არ  იქნება  ადამიანისგან  დაცული,  მაშინ  მისი  მოქმედება  იქნება   ავაზაკური,  ვინაიდან ყოველი  ავაზაკი  თავისუფლად  იქცევა,  მხოლოდ  პირადი  სარგებლობისთვის.  მაშასადამე,  მხოლოდ  იმაში  არ  გამოიხატება  თავისუფლება,   რაც  გნებავს  ის   ილაპარაკო  და  სწერო,  აკეთო. არა!  უნდა  ყოველს   სიტყვას და  მოქმედებას   საერთო  საზოგადო  ბედნიერება  ედოს  სარჩულად.  თუ  სასარგებლო  არა,  სამავნებლო,  საზარალო მაინც  არ  უნდა  იყოს  ქვეყნისთვის“ (რა  არის  თავისუფლება).  თავისუფლების  ის  ინდივიდუალურად,  სათავისოდ  მომხმარებლები  კი, რომლებიც  ვაჟას  გარს ეხვივნენ,    მხედველობაში  გვაქვს  მაგალითად, სხვადასხვა  ჯურის  გადაგვარებული  ინტელიგენტები,  ბოქაულები,  ტყის  მცველები  ანუ  ,,აბეშიკები“  (ცნობილია,  ერთ-ერთ  მათგანს  პოეტის  მოკვლაც კი  ჰქონდა  დავალებული)  შორს  იყვნენ  თავისუფლების ასეთი გაგებისგან  და  მხოლოდ  ძალის  უპირატესობას  აღიარებდნენ.  ამიტომაც  მათთან  ურთიერთობის  დროს  ვაჟა  ხშირად   მუშტის  არგუმენტს  იყენებდა. იგივე  ითქმის  იმ  პირველ  ჩარჩ-ვაჭრებზე,  რომლებიც    იმ  პერიოდში  ქვეყნის  მთიან  რაიონებში  გამოჩნდნენ  (მოთხრობა  ,,დარეჯანი“,  1886)  და  ავტორის  სიმპათიას  ნაკლებად  იმსახურებენ. დარეჯანი  ნამდვილი  ფშაველი  ოთარაანთ  ქვრივია. ვაჟას  ხიბლავს  მოუწყობელი  ცხოვრების  სირთულეებს  შეჭიდებული  ძლიერი  პიროვნული  საწყისის  მქონე  ადამიანი,  ით  უმეტეს  ქალი:   ,,სახის  გამომეტყველება  ჰქონდა  მძლავრი...  მისი  შეუპოვარი  ცქერა  კაცს  ძალაუნებურად  შეაკრთობდა...  როდესაც  სადმე  გაემგზავრებოდა,  ხელში  ეჭირა  თავის  ტანზედ  აცილებული,  ხის  ტარზედ  დაგებული  შუბი...   დარეჯანი  სოფლის  დარაჯად  და  პატრონად  იყო  სწორედ  დაბადებული...“  (ვაჟა  ფშაველა,   1964, 47).  ეს  პერსონაჟი  მთის  პატრიარქალურ  ყოფას  განასახიერებს.  მისი  ადამიანური  თანაგანცდის  უნარი  და   სიმართლის  მაძიებლობა  ლამის ანაქრონიზმად  ქცეულა  იმ დროში, რომელსაც  თანდათანობით  წვრილი  ვაჭრობა  დაჰპატრონებია.  კონფლიქტი  დარეჯანსა  და  ჩარჩებს  შორის  გარდაუვალია:   ,,ჩარჩებს  დარეჯანი  ეჯავრებოდათ  და  დარეჯანს  ვაჭრები...  რად  გეჯავრებაო, რომ  გეკითხათ...  ,,რჯულძაღლებია,   გვატყუებენ  ბრმა-ყრუ  ხალხსა,  იმადაო...““  (იქვე,  51).    ოცდახუთი  წლის  მანძილზე  ფშავში,  თურმე,  არუთინა  ვაჭრობს.  მოსახლეობის  გულის  მოსაგებად  ფშაური  ფიცი  უსწავლია,  ფშაურს  კილოზედ   საუბარი...“  თუმცა  მისი  ფიცი-მტკიცისა  არავის  სჯერა.  პორტრეტიზირების  ხერხი,  რომელსაც  ვაჟა  აქ იყენებს,  სრულად  გამოხატავს  მის  დამოკიდებულებას  ვაჭართა  ამ  მოდგმისადმი:  ,,არუთინა  თაგვივით  თვალებს  აციმციმებს  და  თხელს,  მოკლე   წარბებს  შეათამაშებს.  ვაჭრობის  დროს  დარბაისლობს,  არ  გაიცინებს,  თუმცა  იოხუნჯებს  კი,  მაგრამ  გამჭრიახი,  გამოცდილი  თვალი  მალე შეატყობს,  რომ  არუთინა  თავიდამ  ფეხებამდე    სიცრუისაგან,  სიფლიდისაგან  და  ეშმაკობისგან  არის  მოქსოვილი...“  და  ა.  შ.  (იქვე,  51). მოხუცი  ჯაბანასთვის მამასახლისის  დახმარებით    ვალის (ოთხი მანეთის)   დასაფარად    უკანასკნელი საარსებო  წყაროს,  ორი  კვებულას,   წართმევას  არავის  შეარჩენს   დარეჯანი.  იგი  ძაღლებს  მიუქსევს  არუთინას  და  ერბოიან  გუდებს  ხევში გადააყრევინებს.   თუმცა  ეს  გულის  წუთიერი  მოოხებაა,  რადგან  თავპირდასისხლიანებული არუთინა  წარბშეუხრელად  მიწიდანაც წამოკრეფს  თავის  საქონელს  და  კვლავ  უწინდელ  საქმიანობას  შეუდგება.   სოფლის  სინდის-ნამუსი დარეჯანი  კი  სხვისი  შვილის  გადასარჩენად  არაგვში  გადავარდნილი,  მორევში იხრჩობა. თითქოს  მართალსა  და  მტყუანს  ერთი  ფასი  დასდებია.  სიკეთეს  ძალა  ელევა,  ბოროტება  კი  ქამელიონისებრ   ფერშეცვლილი  დაუსჯელად  განაგრძობს  არსებობას.   ასეა  თუ  ისე,  ვაჟასთვის,  როგორც  კრიტიკული  რეალიზმის  წარმომადგენლისთვის,  (ქართული  კრიტიკული  რეალიზმის  უმთავრესი  ინტერესი  კი  მაინც  ეროვნული პრობლემის   მოგვარებაა) ცხოვრების  ახალ  ეკონომიკურ  წესთან  დაკავშირებული  იმედები  არსებობს,  მაგრამ  იგი  ჩარჩული  კაპიტალიზმის არუთინას  მსგავს   წარმომადგენლებს   ნამდვილად  არ  უკავშირდება. ცხადია,  ვაჟამ,  რომელიც  ილიას  წერილების  დაკვირვებული  მკითხველი  იყო,   იცოდა  და  სათანადოდ  გააზრებულიც  ჰქონდა  ქართველებთან  მისადაგებული  ილიასეული    მეტაფორის  ,,სხვის  დახლთან  მდგომი  ხალხის“  მნიშვნელობა.  ამიტომ  მისი  დამიკიდებულება   ვაჭრობასა  და  მრეწველობასთან     უარყოფითი  ვერ  იქნებოდა.   რამდენიმე  წლის  შემდეგ  კიდევ ერთი  ქართველი საზოგადო  მოღვაწე,  შალვა  ამირეჯიბი,  ამ  დამოკიდებულების  მნიშვნელობას  ასე  ჩამოაყალიბებს:  ,,ჩვენთვის  ვაჭრობა  ცარიელი  მოგება  არ  არის.  მას  აქვს  და  უნდა  ჰქონდეს  კიდეც  ეროვნული  ფუნქცია   (ამირეჯიბი,   1913.....). 

  აი, რას წერს  ბესიკ  ხარანაული:  ,,ვაჟას   დროს  ცხოვრებამ   დაკარგა  გმირი.  დაკარგა  გმირი  პოეზიამაც.  ხალხური  პოეზია  ხასიათს  იცვლიდა, ანუ  იმას  აღნიშნავდა,  რაც  ცხოვრებაში  იყო: ცარიელი  მშვიდობა,  მდიდარ-ღარიბი  და  ტყუილი...  ტყუილი...  და  ყველაფრის  წინაშე  დამარცხებული  ტრადიციული  გმირი.  არსად  სიამაყე,  არსად  ღირსება, ფულისთვის  დედას  ძუძუს  მოსჭრიდნენ...  და  ვაჟამ  გადაწყვიტა  დაებრუნებინა  გმირი...“  (წინასიტყვაობა  ალბომისთვის  ,,ვაჟა  ფშაველა“, 2013). 
  უიდეალო,  უგმირო  კონტექსტში  მოქცეული  ვაჟა, ერთი  მხრივ,  მართლაც,    ამ გმირის  რეანიმირებაზე  ზრუნავს  და  ამას  ძირითადად  თავის  მხატვრულ ტექსტებში  ახორციელებს  კიდეც,   თუმცა ,  მეორე  მხრივ   იგი,  როგორც  ილიას  ახალი  აზროვნების  მიმღებ-გამზიარებელი,  ილიას  მსგავსად თავადაც  განმანათლებელ-პროგრესისტი,  ქვეყნის  მომავლისთვის აუცილებელ  დროის  შესაფერის  საზოგადოებრივი  არსებობის  ფორმებს  ეძებს,  თუნდაც  ეს  ფორმები ზოგჯერ  რაინდულ-გმირული  კოდექსისგან, რბილად რომ  ვთქვათ,   ძალიან  იყვნენ  დაშორებულნი.  ,,ვეცადენით  ფულის შეძენას,  მხოლოდ  ისე, რომ ჩვენი   ეროვნული  იდეალი  არ  წავწყმიდოთ,  სახსარი  ანუ  საშუალება  მიზნად  არ  გავიხადოთ   და  ის  შეხედულება,  რომელიც  ჩვენმა  ერემა  უნდა  განახორციელოს,  მისი წადილი  ჩოთქზე  არ  ჩამოვარჩოთ...“  ,,ჩოთქისა  და  ხმლის“  ვაჟასეული  ანტინომია,  მორიგებადია,  რადგან  იგი   ეროვნული  და  სოციალური  პრობლემების  ჰარმონიზებულად  გადაწყვეტის  შესაძლებლობაზე  გადის.ეს  კი  პრინციპულად   მნიშვნელოვანი მომენტია  ვაჟას  ეკონომიკური  შეხედულებების  ანალიზის  დროს.

 სრულიად  საპირისპირო რეაქცია  ჰქონდა ახალი  დროის გამოწვევებზე ,  და  ეს  განწყობა  ერთხანს  გაჰყვა  კიდეც,  კიდევ  ერთ  გენიოსს, ამჯერად ეროვნებით  რუს,   ფიოდორ  დოეტოევსკის.  1862  წელს,   ევროპაში  თავისი  პირველი მოგზაურობის  შემდეგ  დაწერილ  სტატიაში,   ,,ზამთრის  შენიშვნები  ზაფხულის  შთაბეჭდილებების  შესახებ“,   მწერალმა   საგანგებო  კრიტიკის  ღირსად  მიიჩნია ,, ევროპელების  ბურჟუაზიულობა“  (,,დააგროვონ  ფული“  ,,შეძინონ    რაც  შეიძლება  მეტი  ნივთი“). ნანახმა  (პარიზი, ლონდონი,  რომი)  იგი სერიოზულად დააეჭვა იმაში, რომ  აქ, ამ  ზნეობრივად   გადაგვარებულ  გარემოში,   არის  თუ  არა  შესაძლებელი   სერიოზული  საუბარი  თავისუფლებაზე,  ძმობა-ერთობასა  თუ   სოციალური გარდაქმნის  სხვა  სახის წანამძღვრებზე.  დოსტოევსკისთვის  სრულიად   ეჭვგარეშეა   რუსული  სულის  ,,ანტიბურჟუაზიულობა“,  როგორც  გამორჩეულობის ნიშანი  და   ამით  მისი  ქვეყნის საკაცობრიო  მნიშვნელობის   საქმეებისთვის  სრული  მზაობა  (ცხადია, საწყის ეტაპად მიჩნეულია  ალექსანდრე მეორის მიერ  ბატონყმობის  გაუქმება). მეტიც,  რუსული  სულის  უპირატესობას,  პირველ ყოვლისა,   რელიგიური ახსნა  აქვს   მოძებნილი. ლონდონის, სადაც  დოსტოევსკიმ  ცხრა  დღე  დაჰყო,  თვალშისაცემი   მაღალი  ტექნოლოგიური   ცხოვრება, რომელზედაც  მწერალი  გაოცებით  და  აღტაცებითაც  კი  წერს, მისთვის მაინც  დიდი კატასტროფის მაუწყებელია:  ,,თქვენ  გრძნობთ   საშინელ  ძალას,  რომელმაც  შეაერთა  ეს  დიდძალი  ხალხი  ერთ  ფარად“.  პარალელი  გავლებულია  იოანეს  სახარებასთან  (თავი  10)  ,,იქნება  ფარა  და ერთი  მწყემსი“,  სადაც  მწყემსი  ანტიქრისტეა,  რომელიც  დაღუპვისკენ  წაიყვანს   კაცობრიობას...(ი.  სერმანი...........)
  ,,ანტიბურუაზიულობა“,  ალბათ, ადვილად  ასატაცებელი იდეა  იყო  და  დღემდე  არის  , მით უმეტეს,  თუ  შენც  ქრისტიანული  ქვეყანა ხარ,  თუმცა  ვაჟასთან  მიუხედავად იმისა, რომ იყო  რაინდის ძიება, იყო  ხმლისა და  ჩოთქის ანტინომიურობა ,იყო მიუღებლობა  და  აგრესიაც  კი  ვაჭართა  პირველი,  თავისი  არსით  გაუნათლებელი  და  მტაცებელი,  ფენისადმო,   მსგავსი  შეხედულების დეკლარირებას (საქართველო  და  ქართველი  ბუნებით  ანტიბურჟუაზიულია  და  საგანგებო  პირობების  შექმნას  საჭიროებს)  ვერ  ვხედავთ.
   ვაჟასთანაც  ნახავთ  ევროპული  რეალობის,  განსაკუთრებით კი ევროპული აზრის,  ჩვენს საჭიროებებთან  მისადაგების  მაგალითებს  (მაგ. სპენსერი,  კონტი,  კანტი,  ნიცშე),  მაგრამ ყველგან  პრიორიტეტულადაა  მიჩნეული   ახალი  სოციალ-ეკონომიკური  რეფორმების  აუცილებლობის წინაშე  მდგარი პატარა  ქვეყნის  ბედი,  მისი  აწმყო  და  მომავალი. კერძოდ,  ხომ არ დაბერდა  ქართველობა, როგორც  ერი;  შესაძლებელია  თუ  არა  ამ მყიფე დროში ქრისტიანული მადლის  დაუკარგავად  ,,სხვის  რგებაზედ  დამდგარი ადამიანის“  შენარჩუნება,  თუ  დარჩება   ასეთი  ადამიანი  კვლავ  ბრიყვული საზოგადოებისთვის  შეწირულ ზვარაკად, ტარიგად ;   რას  მოიმოქმედებს  გამდიდრებული  ქართველი  და  რამდენად  აუცილებელია  მათი რიცხვის  ზრდა; თუმცა  ,,გაპროლეტარების  თეორიებმა“  თანდათან  მოიცვა  მოსახლეობის დიდი  ნაწილის  ფიქრი და  გონება.  ქვეყანას  რევოლუციისკენ მიაქანებდნენ  და  ვაჟას  შეგონებანი  რჩებოდა  ,, უდაბნოში  ხმად   მღაღადებლისა“. 
    ამრიგად, ჩვენ გავაანალიზეთ   ქართული  კრიტიკული  რეალიზმის  სამი  სხვადასხვა  წარმომადგენლის  (ყაზბეგი,  ვაჟა,  გ. წერეთელი)   მხატვრული  და  ეკონომიკური  დისკურსები,  ვნახეთ  მათი  კორელაციის  ხარისხი  და  ახალი დროის  ამა  თუ  იმ  კონტექსტში   გამოთქმული  მოსაზრებების    აქტუალობა.   თუ  ალ. ყაზბეგის  რაინდული სულის მაძიებლობამ  განაპირობა  გასული საუკუნეების   ჰეროიზირებულ-იდეალიზებული  ისტორიების  შექმნა (ელგუჯა,   ხევისბერი  გოჩა,   ელისო...)  და  რუსეთისა  და  მთიანი საქართველოს  დაპირისპირების  კულტურისა  და  ცივილიზაციის  დაჯახების  ჭრილში  აღქმა,  ვაჟა  ფშაველამ, რომელიც  თავის მხატვრულ  შემოქმედებაში  ასევე  იდეალიზებულ  გმირს, პიროვნებას წარმოაჩენდა,  შეძლო  პუბლიცისტიკის   ცხოვრების  რეალური    პრობლემების  სამსახურში  ჩაყენება.  ვაჟასაც,  ცხადია, არ  ეთმობა  ეროვნული  იდეალი,  მაგრამ  კაპიტალიზმის  დანერგვის  აუცილებლობას  იგი  არსად  არ  უარყოფს.  პირიქით,  დარწმუნებულია,  რომ  მოხდება  ჩარჩულ-მძარცველური  კაპიტალისგან   ეკონომიკურ  უერთიერთობათა  ბევრად  უფრო  ცივილურ  ფორმებზე  გადასვლა  და ამით,  პირველ  ყოვლისა,  ისარგებლებს  მესაკუთრული  ინსტინქტის  მქონე   რიგითი  ქართველი.   რაც  შეეხება  გ. წერეთელს,  მისი  ნააზრევი  შეუთავსებლის  შეთავსების  მცდელობაა,  როგორც  აღვნიშნეთ,  კერძო  საკუთრებასა  და  თავისუფალ ვაჭრობაზე  დაფუძნებული  საზოგადოების  სრული სოციალიზაციის  რწმენით.  ეს  კი  ძირშივე  ეწინააღმდეგებოდა  ,,გაპროლეტარების  მოდურ  თეორიებს“,  რომლებმაც  მთლიანად  დაიპყრეს  ქართული  საზოგადოება  და  იგი  ,,დიად  რევოლუციურ   ექსპერიმენტში“  ჩაითრიეს. 
          


   დამოწმებანი:    

გურული  ვ,  ქართული  ნაციონალ-სოციალიზმი,  1996
ი.  ვართაგავა,    X1X    საუკუნის  ქართული  ჟურნალ-გაზეთების  გამოჩენილი  რედაქტორები,        
                                                                                                                                                 1957
ვახანია  ნ,  ჩვენი  X1X  საუკუნე,  2013
მ. ვებერი,  პროტესტანტული  ეთიკა   და  კაპიტალიზმის  სულისკვეთება  (თარგმ.  ე.  ჯგერენაია,  ნ.  ფირცხალავა),  2001
რუსული  კოლონიალიზმი  საქართველოში,  სტატიების  კრებული,    2006 
ვაჟა  ფშაველა,  თხზ.  ათ  ტომად,  მოთხრობები,  ტ,  4,  თბ.  1964
ვაჟა  ფშაველა,   თხზ.ათ  ტომად,   ტ.9-10, პუბლიცისტიკა, ეთნოგრაფიული  წერილები თბ.  1964
ვაჟა  ფშაველა,  რჩეული,  1986
 კვერცხიშვილი   ზ,  მშვიდობით  რაინდო  და...,  საქართველო  ათასწლეულთა  გასაყარზე,  2005
კოტეტიშვილი  ვ.  ქართული მწერლობის ისტორია  (X1X  საუკუნე),  1959 
მაღლაფერიძე  თ,  მარადი აწმყო,  2005
მეუნარგია  ი,  ქართველი  მწერლები,  1944
 რატიანი   ი,  ქართული  მწერლობა  და  მსოფლიო  ლიტერატურული  პროცესი,  2015
რატიანი  ი,  ბურჟუა  მე-19 საუკუნის  ქართულ  დრამატურგიაში ,  2016   
სულაბერიძე  დ,    გ. წერეთლის  ეროვნული  კონცეფცია  და  სოციალ-ეკონომიკური  შეხედულებები,  2010 
ჩხეიძე  რ,   ყაზბეგიანა,  2004
 ხუნდაძე   ს , სოციალიზმის  ისტორიისათვის  საქართველოში,  ტ.2,  1927
 ჯონსი   სტ.,  სოციალიზმი  ქართულ ფერებში,    2005
ყაზბეგი  ა.  ციცკა,  თხზ.  ორ  ტომად,   ტ.1,  თბ.,  1993
წერეთელი  ა.  ჩემი  თავგადასავალი,   რჩ.   1988 
წერეთელი  გ.   დ.  წოწკოლაურის  შესავალი  წერილით, თსუ  გამომცემლობა,   თბ.  1991
წერეთელი  გ.     ქართული  პროზა,   გულქანი,  დ.  შენგელაიას  შესავალი  წერილით,   1986
Бурдье  П.  Социальное  пространство:   поля  и  практики ,   Санкт-Петербург,   2014
Венедиктова   Т.   Человеческое   лицо   капитализма ,  НЛО,  2014  №1 
Криста  Б.  Достоевский  и  деньги / Christa  BDostoevski end  mony,  Camdridg,  2002/
Макеев   М. С.   Николай  Некрасов  -  поэт  и  предприниматель,  М.  2002
Морети  Ф.   Буржуа  между  историей  и  литературой,   2014
Шумпетер   И.  -  в  книге:  М.  Блауг,   Десять  великих  экономистов  от  Маркса  до Кеиса,    М.  Инст.  Гаидара , 2011



 ეკონომიკური კონცეპტები  ილიას  პროზაში

(სამეცნიერო ნაშრომის ეს თავი წაკითხულია საერთაშორისო კონფერენციაზე „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა“, რომელიც ჩატარდა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016 წლის მაისში)

       გასაგები  მიზეზების  გამო  ნახევარ  საუკუნეზე  მეტია,  რაც  ილია  ჭავჭავაძის  პიროვნებაც  და  შემოქმედებაც  ქართული  ლიტმცოდნეობის  ყურადღების  ცენტრშია.  არსებობს  კიდეც  მეცნიერული  კვლევის  ასეთი  მიმართულება  -  ილიალოგია,  რომელსაც  რეალური  მიღწევები გააჩნია.   რამდენადაც  მრავალმხრივია  თვით  ილიას  მოღვაწეობა,  იმდენად  განსხვავებული  აღმოჩნდა ინტერესთა  ის   სხვადასხვა  სფერო,  რომელიც  ამ   ტიპის  ნაშრომებში  გამოიკვეთა.  თუმცა   შეიძლება   დაბეჯითებით  ითქვას, რომ   არსებობს  კვლევის  კიდევ   ერთი   ახალი  მეთოდი,  რომელიც   არც  ილიასა  და  არც   სხვა  რომელიმე  ქართველი  მწერლის   შემოქმედების  ინტერპრეტირების   პროცესში  ჯერ   არ  გამოუყენებიათ.  ეს  გახლავთ  ამერიკულ  ლიტმცოდნეობაში ფაქტობრივად  XX – XX1  საუკუნეთა   მიჯნაზე   ჩამოყალიბებული   ახალი  მიმართულება,  ე. წ.  ახალი  ეკონომიკური  კრიტიკა,  რომლის  არსებობას  ეკონომიკისა  და  ლიტერატურის  ურთიერთდაახლოებას, ლიტერატორთა და  ეკონომისტთა ინტერესთა  ურთიერთგადაკვეთას  უნდა  ვუმადლოდეთ.   ამიტომაც  პოსტსაბჭოთა   სივრცეში   ეკონომიკური  კრიტიკის  პირველი   წარმდგენი    მიხეილ  გრონასი, რომელიც   2002   წელს  ჟურნალ  ,,ახალ  ლიტერატურულ  მიმოხილვაში“    (Гронас,   2002:129 )  სათანადო   განმარტებებით  ამავე   სახელწოდების  თეორიულ  რუბრიკას უძღვება,  წერს  კიდეც:  ,,კვლევები  ეკონომიკისა  და  ლიტერატურის  გადაკვეთაზე   ავლენენ  ჰუმანიტარებს,  რომლებსაც  აინტერესებთ  ეკონომიკა  და   ეკონომისტებს,  რომლებიც  გულგრილნი   არ  არიან  ლიტერატურის  მიმართ“.    რამ   განაპირობა   ეს?
     ახალი  ეკონომიკური   კრიტიკის  პირველივე,  ასე   ვთქვათ,   საბაზისო    კრებულის  შესავალ  წერილში   (The  new  ekonomik  criticusm,  Ed Marta  Woodmance,  Mark  Osteen,  1999)    ავტორები    სამ   ძირითად  მიზეზზე   მიუთითებენ: ,,1.  ლიტერატურათმცოდნეობამ   უკან,  ისტორიული მეთოდებისკენ  დაიხია  და უგულებელყო  დეკონსტრუქცია,  სემიოტიკა  და  1970-80-იან წლებში  გაბატონებული  სხვა  ფორმალისტური  მეთოდები;  2.  ამ   თეორიული  გარღვევის  მიზეზებმაც   და   შედეგებმაც  აიძულა   ლიტერატურის  კრიტიკოსები  ეძებნათ  ახალი  გაუკვალავი  გზები  და  3.  კულტურული  კვლევების განვითარების  პროცესი  ადვილად  ექვემდებარება  ეკონომიკურ   განმარტებებს“  (თარგმ.  თ.  ლომიძის).  ამასთან  ერთად   იგივე  გროისი   საუბრობს   რა  ეკონომიკური  კრიტიკისთვის  დამახასიათებელ  ინტერდისციპლინარულ  ექსპანსიაზე,  ყურადღებას  ამახვილებს თანამედროვე  სამყაროში  ეკონომიკის, როგორც  დარგის,   პრესტიჟულობაზე,   ჩიკაგოს   ნეოკლასიკური  ეკონომიკური  თეორიების  პოპულარობასა  (რად  ღირს  თუნდაც  ამ  სკოლის  უპირველესი ლიდერის,  ნობელის  პრემიის  ლაურეატის,  მილტონ  ფრიდმანის  დასახელება)   და  ამ   ფონზე  ამერიკულ  და  დასავლურ   აკადემიებში  ჰუმანიტარული  დისციპლინების,  კერძოდ  კი  კლასიკური  ლიტერატურისადმი   საზოგადოებრივი  ინტერესის  საგრძნობ  კლებაზე,  რამაც,    მისი  აზრით, იდეების  აკადემიურ  ბაზარზე, ეკონომიკური კრიტიკის  სახით,   შეუწყო   კიდეც    ხელი  ამ  ახალი   ბრენდის  გაჩენას.

     იმათთვის, ვისაც  ამ  მხრივ  სერიოზული  ინტერსი  გაუჩნდება,  ზემოდასახელებულ  კრებულსა  და სტატიაში   მითითებულია  საინტერესო ლიტერატურა,  რომელიც, სხვათა  შორის,  ეკონომიკური კრიტიკის, როგორც  კვლევის ახალი მეთოდის, ერთგვარ  გენეზისსაც   წარმოგვიდგენს. ეს  ავტორებია:  დონალდ მალი  -  ,,ფული  და   მისი   გადაქცევა  ცნობიერების  მასალად“,  1973;  ჟან-ჟოზეფ  გუ -  ,,ფროიდი.  მარქსი:  ეკონომიკა და სიმბოლიზმი“  (1973), მარკ  შელი  თავისი  მნიშვნელოვანი  ნაშრომით  ,,ლიტერატურის  ეკონომიკა“ (1978), მისივე  ,,ფული, ენა  და   აზროვნება“ (1982),   კურტ  ჰაინზელმანი    წიგნით  ,,წარმოსახვის  ეკონომიკა“  (1980);  მაკ  კლოსკი  დონალდი    ,,ეკონომიკური  რიტორიკა“ (1985);  ფილიპ  მიროვსკი ,,მეტი სიცხე,  ვიდრე სინათლე“ (1989);   ნელსონ   რობერტი  ,,ეკონომიკა  როგორც                რელიგია“  (2001).
    ჩვენი  მოხსენების  ფორმატი  არ   გვაძლევს   საშუალებას, რამდენადმე სრულად  მოვიცვათ, ან  თუნდაც ძირითად  პარამეტრებში   შევეხოთ   დასახელებულ  ავტორთა  მიერ   თავის  დროზე  მიკვლეულ  ან  აქცენტირებულ ამ  საინტერესო საკითხებს. ამჯერად  ჩვენ განსხვავებული  მიზანი გვაქვს.  ამიტომ  წარმოდგენილი  თემის  მართებული  სტრუქტურირებისათვის   აუცილებელი  და  ვიტყოდი,  ფუნდამენტური  დეტერმინირებით  შემოვიფარგლებით.  მხედველობაში  გვაქვს  ეკონომიკური  კრიტიკის  შიგნით  არსებული   სამი  ძირითადი  ვექტორი,  რომელიც  აღნიშნული   მეთოდით  კვლევის   საგანსაც  და თავად მეთოდსაც   მეტი   სიცხადით   წარმოაჩენს:  
            ა) ლიტერატურის  ეკონომიკა,  ანუ  ლიტერატურის  ფუნქციონირების  ეკონომიკური  (პროფესიული,  ინსტიტუციური) ასპექტების  ანალიზი.  მასში  შედის:  ტირაჟის,   მასობრივი   და  ელიტარული  წიგნების  ბაზრების,  ლიტერატურული  მარკეტინგის,  ჰონორარის,  პატრონაჟის,  ლიტერატორთა  პროფესიონალიზაციისა   თუ  ლუმპენიზაციის  პროცესის  შესწავლა,   რაც  ამდიდრებს  ლიტერატურის  ისტორიას,  ცხადყოფს   ლიტერატურული ფაქტების  მნიშვნელობას. 
          ბ)   ეკონომიკა  ლიტერატურაში   -  ლიტერატურულ  ნაწარმოებებში   წარმოდგენილი   ეკონომიკური  ცნებებისა  და  მოვლენების  ანალიზი,  ეკონომიკური  პრობლემატიკის  ასახვა  მხატვრულ  ტექსტებში.
         გ)  ლიტერატურასა   და  ეკონომიკას  შუა   -  ლიტერატურულ   და   ეკონომიკურ   ღირებულებათა   რიტორიკის  ურთიერთზემოქმედების  ანალიზი;   ეკონომიკის  რიტორიკა   და  ტექსტუალური  ეკონომიკა   (მაგ.  ტროპები,  როგორც  ტრანზაქციები   და  სხვ.).
        ახალი  ეკონომიკური  კრიტიკის   ამ  სამ  ძირითად  ვექტორთაგან  ილია  ჭავჭავაძის   შემოქმედების  კვლევა  უპირატესად  მაინც  იმ  მიმართულებითაა  შესაძლებელი,  რომელსაც  ,,ეკონომიკა  ლიტერატურაში“  ეწოდება.  ლიტერატურაში  ასახული  ეკონომიკა   -  ეს  არის ლიტერატურულ  ნაწარმოებში   წარმოდგენილი  ეკონომიკური  ცნებების და მოვლენების  ანალიზი,  ლიტერატურულ   ტექსტებში  უკუფენილი   ეკონომიკური  პრობლემები.   თუმცა  ილიას  რანგის  შემოქმედის  კვლევისას  ვერც  დანარჩენი   ორი   ვექტორის  იგნორირება  მოხერხდება.  მაგ.  ლიტერატურის  ეკონომიკის,  ანუ  ლიტერატურის,  როგორც  მოღვაწეობის  ერთ-ერთი ფორმის  ფუნქციონირების  განხილვა    (პროფესიულ   და  ინსტიტუციურ  დონეზე),  მწერლობის   პროფესიონალიზაციის  ასპექტები;  იგივე  შეიძლება  ითქვას  მესამე  ვექტორზეც   -  ლიტერატურასა  და  ეკონომიკას  შუა  -   რომლის  საშუალებით   თვალს   მივადევნებთ  ლიტერატურულ  და  ეკონომიკურ   ინტერესთა  რიტორიკის  ურთიერთზემოქმედების  ხარისხს  და  სხვ.
         ილია  ჭავჭავაძე  მთლიანი  პიროვნება  იყო.   ამიტომ  მის   მხატვრულსა   და  პუბლიცისტურ  ტექსტებში  საკმაოდ  თვალნათლივ   იკვეთება   იდეურ-კონცეპტუალური  პოზიციის  არსობრივი  კავშირი  სახეობრივ   სისტემასთან,  რასაც  ჩვენ მიერ  უკვე  ნახსენები  ილიალოგები   კრიტიკული  და  მხატვრული  ნარატივის  ურთიერთდაახლოებას,  მათ  ერთგვარ  კორელაციას  უწოდებენ   (კალანდარიშვილი,  2007:28).   ილიას   მხატვრული   აზროვნების   სწორედ   ეს   თავისებურება  გვაძლევს  საშუალებას  მისი  ტექსტების ანალიზისას  გამოვიყენოთ  ეკონომიკური  კრიტიკის  მეთოდოლოგია  და  თამამად   ვისაუბროთ  ახლა   უკვე   ლიტერატურულ  და  ეკონომიკურ   დისკურსთა    თანაარსებობის   სრულიად  გარკვეულ    ფორმებზე.  მაგალითისთვის  გავიხსენოთ   ილიას  წერილები  მევენახეობა-მეღვინეობაზე,  ვენახის განაშენიანების  ტექნიკურ  საკითხებზე,  ღვინის დაყენების  ისტორიულად  ადაპტირებულ  თუ   მომავალში   დასახვეწ   წესებზე.  ეს  ცოდნა  ირიბად  არეკლილია  კიდეც  არჩილისა  და  გიორგის  იმ საუბარში, რომელსაც  ,,ოთარაანთ  ქვრივის“  ერთ-ერთ  თავში,  სახელწოდებით  ,,უცნაური  წკიპურტი“,  ვხვდებით;  ან  ავიღოთ  ოთარაანთ  ქვრივის  ურთიერთობა  მათხოვართან,  რასაც    თავად    ილია   ,,პილპილმოყრილ    მადლს“  უწოდებს.  ეს  ურთიერთობა, რომელიც,  პირველ  რიგში,   მათხოვარში    კონკრეტულად  - პიროვნული  ღირსების  გაღვივებას,  უფრო  ზოგადად  კი - უსაქმურობისა  და   მცონარობის  გმობას   ემსახურება,   საკმაოდ   წინააღმდეგობრივია.  ეკონომიკური  კრიტიკის   კონტექსტში  მრავალგზის  ციტირებული  ჩუქების  აქტის   თვალსაჩინო  ანალიტიკოსის,   ფრანგი  სოციოლოგის  მარსელ მოსის   (მხედველობაში  გვაქვს  მისი  ,,ნარკვევი   ჩუქების   შესახებ,  ანუ  ჩუქების  ფორმირება  და  დამკვიდრება   არქაულ  საზოგადოებაში“,  1923)  მიხედვით,  ჩუქება,  სასაქონლო ურთიერთობათა  წინა  ეტაპია, ერთი  შეხედვით  ნებაყოფლობითი,  სინამდვილეში  კი სავალდებულო  და  ამასთან   საკმაოდ  ორაზროვანი.    იგი  განასახიერებს  თავისებურ   ეკონომიკურ   წესრიგს,  რომლის  დროსაც   ჩვეულებრივ  სისხლითა  და  რევოლუციით  მიღწევადი  სიმდიდრის  გადანაწილება  უმტკივნეულოდ  ხორციელდება. ილიას   გმირი  ქრისტიანული  ქველმოქმედების  პრინციპით  მოქმედებს,  სადაც   ჩუქებას,  გაცემას,  წყალობის  გაღებას    უდიდესი   ადგილი   უჭირავს. თუმცა   შეინიშნება  ის  ორაზროვნებაც,  რომელზედაც  მოსის  კვალდაკვალ   ყურადღებას  ბურდიეც  ამახვილებდა  (ბურდიე  ჩუქებას  ,,ორგვარ  ჭეშმარიტებასაც“  უწოდებდა,  Гронас, Бурдье   о  культуре).  ქრისტიანული  ალტრუიზმის  გამომხატველი  ოთარაანთ  ქვრივისთვის   გართულებულა   ჩუქების   ანგარებიანი   მოტივაციისგან  (გაცვლის  თავისებური  ლოგიკით,  მჩუქებელს  ჩუქება  ძვირად  უჯდება,  მიმღებს  კი  გარკვეული  ვალდებულება  ეკისრება)  სრულად  გათავისუფლება. აქედან   მისი   ცნობილი ფრაზაც : ,, ამ  წუთისოფელში  ვისა  აქვს  მეტი  ლუკმა,  რომ  შენც  გაძლიოს.  ვერა  ხედავ,  შე  გულმკვდარო,  რომ  ვინც  კია,  წელებზედ  ფეხს  იდგამს  და  დღის  სარჩოს  ძლივსღა  ჰშოულობს  და   შენ  როგორღა  გარჩინოს...  ქვეყანას  თავისი  თავი  კი  შეუნახავს,  რომ  ეგ  შენი  ბრიყვი  თავიც  ინახოს?...“  აშკარაა,  აქ  ერთ  გმირში    ,,მჩუქებელი  ადამიანი“  -  Homo Donator-ი   და    ეკონომიკური ადამიანი,  Homo  economikus  -ია  პერსონიფიცირებული.  ეკონომიკური   კრიტიკის   მიმდევრები  კი  იტყოდნენ,  რომ  ილიას  ეს  პერსონაჟი   რ წ მ ე ნ ი ს     კ უ ლ ტ უ რ ი ს ა    და   ბ ა ზ რ ი ს    კ უ ლ ტ უ რ ი ს  მიჯნაზე  დგას. მართლაც,  თუ  გავითვალისწინებთ   იმ   სიმბოლურ-ალეგორიულ  დატვირთვას,  რომელიც  კონკრეტულად  ოთარაანთ  ქვრივის მხატვრულ სახეს,  მთლიანობაში  კი   მთელ  მოთხრობას  ენიჭება,  მივხვდებით,  რომ   ავტორს,  რომელსაც  სურს  ქართული საზოგადოება   უმნიშვნელოვანესი   სოციო-ეკონომიკური  ძვრებისთვის  მოამზადოს,პერსონაჟთა  ქცევის  სწორედ ასეთი მოტივაცია  სჭირდება.   მან  კარგად  იცის,   რომ     განსხვავებულ  სოციო-კულტურულ  გარემოს  განსხვავებული  მორალი  და   ეკონომიკური   ურთიერთობები   მოაქვს.  ეს  კი  იმას  ნიშნავს,  რომ  ,,Homo  donator“,  ანუ ადამიანი  პირადი  ინტერესის  გარეშე,  როგორი  კეთილშობილიც  არ  უნდა იყოს  იგი,  თუნდაც მას  შემდეგ, რაც  დევიდ  იუმმა  და  ადამ  სმითმა   (XY111 ს. დიდი  შოტლანდიელი  განმანათლებლები)  საზოგადოებრივი  განვითარების  სტიმულატორად  სიხარბისგან  ტრანსფორმირებული  ადამიანის  პირადი  ინტერესი  აღიარეს, ძველ ფორმასა და  შინაარსს  უცვლელად ვერ  შეინარჩუნებს.  ამ ლოგიკით  ჩუქებასთან  ოთარაანთ  ქვრივისა და მისი ავტორის მსგავსი  დამოკიდებულება   სრულიად  ბუნებრივი  უნდა     გვეჩვენოს.     
 ილიას   პროზაულ   ტექსტებსა    და  მასთან  ერთად   მთელ   რიგ   პუბლიცისტურ   მასალაში  ეკონომიკისა   და ლიტერატურის  საინტერესო   ურთიერთშეღწევადობას  სეკულარიზაციის  პრობლემამდეც  მივყავართ.  ილიალოგთა  ერთი  ნაწილი  ამაში  ილიას  ქრისტიანული  მრწამსის  შებღალვას,  მასში  ეჭვის  შეტანის  მცდელობას  ხედავს.   თუმცა  თვით  ილიას  მიერ  ქრისტიანული  სიბრძნის  ახალ  ეკონომიკურ  წესრიგთან  მორიგების   მცდელობა  დასტურდება  მისივე  უნივერსალური  ფორმულით  ,,ღონე  ხორციელი  და  ღონე  სულიერი“,    რომელიც  კაპიტალისტური  ეთიკისათვის  დამახასიათებელი  მოხვეჭა-დაგროვებისა  და  გადამეტებული  სიხარბისათვის   ზომიერების  დაპირისპირებას   გულისხმობს,  სწორედ  აქ  ჩნდება    მსგავს  ანტინომიებთან  ილიასეული  მიდგომის  პრინციპი,  რომელსაც  თავის  დროზე  მკვლევარმა  კ.  კაციტაძემ   ,,ფაქიზი  ბალანსირება“ უწოდა  (კაციტაძე,  2007: 18). ,,ოთარაანთ  ქვრივშივე“  ,,უქმი   სიტყვის“   სინონიმად  ,,ტკბილი  სიტყვის“    წარმოდგენა   -  ,,რას  მიქვიან   ტკბილი  სიტყვა?“  - (მაშინ, როდესაც  ტკბილსიტყვაობა,  კეთილსიტყვაობა,  სიტყვაკეთილობა,  თაფლსა და გოლეულზე  უტკბესობა,  ბიბლიის  მიხედვით,  საღმრთო სიტყვის, ლოგოსის   მნიშვნელობას   უკავშირდება   და   უქმ  სიტყვასთან   საერთო  არაფერი  აქვს),  უფრო  ზუსტად   კი  სემანტიკური  გადანაცვლება,  რასაც   აქ  ,,უქმი  სიტყვის“  სახისმეტყველებითი მოდელი  განიცდის,    მიმდინარე  და  მოსალოდნელ   კატაკლიზმათა  ილიასეული  ხედვის  სიღრმეზე   მიგვანიშნებს.  გარდა   ამისა,  ეკონომიკური  კრიტიკა  ათვალსაჩინოებს  მომენტის ისტორიულობასაც,  რომელიც  დროის  ამ  უღელტეხილზე  ,,თერგდალეულთა“ და  განსაკუთრებით  ილიას  მიერ  ახალი   ლოგოსის,   ,,ქართველობის ახალი პარადიგმის“ (ფირალიშვილი, 2007:42)  და  ახალი ეკონომიკური   აზროვნების   ერთდროულად    წარმოქმნას   უკავშირდება.   ევროპულ  სინამდვილეში  ამ  დროს  (და  ცოტა  ხნით  კიდევ უფრო  ადრეც),  კომერციული  კაპიტალიზმის   სწრაფი  განვითარებისა და ინტუიტიური  კონსოლიდაციის  პირობებში,  როდესაც დადგა ეკონომიკის,  სახელმწიფოს, მორალისა   და   სამოქალაქო  უფლებების  ახლებური  აღწერებისა  და  აპოლოგიის  საჭიროება, პოლიტიკურ  ეკონომიასთან   ერთად   იქმნება    რომანი  და  ეს   უბრალო    დამთხვევად  სულაც   არ  არის  მიჩნეული.  ჯეიმს  ტომპსონის აზრით,   თუკი რომანი არის  დისკურსი,  რომელიც  აღწერს  ან  წარმოგვსახავს    და  ამ  გზით  წარმოქმნის  პრივატულობასა  და  ოჯახურ  ცხოვრებას,  პოლიტიკური ეკონომია  არის დიკურსი,  რომელიც  წარმოადგენს  ან  აღწერს  სამოქალაქო  საზოგადოებასა  და საჯაროობას  (პაბლისიტის)  (Woodmanse,  Osteen,თარგმ.  თ.  ლომიძის).  ჩვენ   კი  მხოლოდ  X1X   საუკუნის   60-იანი   წლებიდან   ვიწყებდით  ანალოგიურ პრობლემებზე   ფიქრსა  და განსჯას,  ამიტომ   სავსებით  ბუნებრივია  ახალი სამეტყველო ენის, ანუ  როგორც უკვე  ითქვა, ახალი ლოგოსის  და ახალი ეკონომიკური ურთიერთობების,  რომელსაც  ილია  ,,კაცთა  შორის  ურთიერთობის  წესსაც“  უწოდებდა,  ფორმირების   პროცესთა   დროის   ერთ  ლოკალში  მოქცევა. 
     გავიხსენოთ,  ილიას  სწრაფვა  რეფორმირებისკენ.   იგი  კულტურული ლინგვისტიკის  შექმნასთან   ერთად    რამდენიმე   სასიცოცხლო   მნიშვნელობის  საკითხსაც  მოიცავდა:  ა) დაცემული ვინაობის  აღდგენას,  ბ) ქართული    საზოგადოებრივი   აზროვნების    ევროპეიზებას;    გ)  თავად   ქართველში  ოპტიმიზმისა  და   აქტიურობის   გაღვიძებას.   ამგვარ  პროგრამირებას   კი    თავისთავად    მოჰყვა   ცხოვრების   ეკონომიკური   მხარის   მუდმივად    აქცენტირების   აუცილებლობა,  რაც  ილიას   ეკონომიკური  მოძღვრების   შექმნით  დაგვირგვინდა.       სრულიად  ახლებურად,  განსხვავებული  რაკურსით  დასმული  კითხვიდან  -   ,,რა  ქონებამ   გაუძლო  ამისთანა  ყოფას?  რა  ჰკვებავდა  ხალხსა,  რა  ქონებით  უძღვებოდა   ამოდენა  ომებსა  და  სისხლის  ღვრასა?“,  რომელსაც, სხვათა  შორის,  ივ.  ჯავახიშვილმა  ,,საქართველოს ისტორიიის  დიდმნიშვნელოვანი  კითხვა“  უწოდა  -  ვიდრე   საყოველთაო   პროგრესის  იდეამდე  (კომუნისტებმა მას  უტოპიური, ხოლო  თავად  ილიას  უტოპისტი  უწოდეს),   ილია   დაბეჯითებით   ნერგავდა     ქართველთა  ,,თვითმოძრაობისა“   და  ,, თვითმსჯელობის“   რწმენას. ამან   კი       ,,ეკონომიკის    გალიტერატურებისა“  და    პირუკუ,   ,,ლიტერატურის    გაეკონომიკურების“    მისეულ    ხერხებს    გარკვეული  სპეციფიურობა  მიანიჭა.   პუბლიცისტური    დისკური, რომელიც  დროში, როგორც  წესი,  უსწრებდა  ხოლმე  ლიტერატურულს,  ხშირად  ამ უკანასკნელის  იდეურ-მხატვრული  სისავსის         გენერატორად  იქცეოდა, ზოგჯერ  კი  პუბლიცისტურ     წერილში   წლების   წინ  დასმული   პრობლემა  პირდაპირ  თუ  ფარულად   მოგვიანებით   იჩენდა  თავს  ლიტერატურულ სახეებსა  თუ  ტიპებში,                   რაც  იმის   დასტური   იყო,  რომ ილია  ამ კონკრეტულ   საკითხს    განსაკუთრებულ  მნიშვნელობას  ანიჭებდა.   
       ილიას    ეკონომიკური  ხედვა   თავდაპირველად    რეპრეზენტირებულია  აზრობრივად  მეტად               ტევადსა  და    ზუსტ  იდეოლოგემაში:  ,,სხვის დახლთან  მდგარი  ერი“  (ნინიძე,  2007:11),   რომელიც   აღებ-მიცემობასთან,  როგორც    ცხოვრების    ახალ  სავალდებულო    წესთან    და  ქართველთა  მიერ  ამ  წესის    უგულებელყოფასთან   ასოცირდება:  ,,ჩვენი  უღონობა, ჩვენი  უსაქმურობა  სხვას  საქმიანობათ  გაუხდია.  ჩვენი  უცოდინარობა  სხვის  ცოდნად  ქცეულა   და   ამების  წყალობით   ჩვენი  ქვეყანა  დღეს  წარმოადგენს  თაფლს,  რომელსაც  ბუზი  ბაღდადიდან  მოჰყავს...   ჩვენს   გარეთ   კი  ჩვენი  ხსნა    სიზმარია...“  ილიას  ტექსტებიდან    ამგვარი  და   ამაზე   ბევრად    უფრო    მწარე  ციტატების  ამოკრეფა   არავის  გაუჭირდება.   თუმცა აქ  საყურადღებო  ისაა,  რომ  1863  წელს დაწერილი  ,,კაცია-ადამიანის“  ერთ  თავში,  რომელსაც  პირობითად  ,,სადარბაზო  ხანი“  შეიძლება  ვუწოდოთ, პერსონაჟთა   ბრიყვულ   დიალოგებში   (ეს დიალოგი  დარეჯანს, ელისაბედსა  და  ლუარსაბს   შორის  იმართება) უკვე  ჩანს  პრობლემის  სათავე  -  ჩვენებური  თავადაზნაურობა, რომელიც   არა  მარტო    უუნარობას, არამედ    ცხოვრების   რეალური   რიტმისგან, მისი   საჭიროებისგან    სრულიად    გაუმართლებელ   განაპირებას  ავლენს. 
   თვალნათელი   ნიმუში  იმისა, როდესაც   ერთ  კონკრეტულ  ტექსტში  პუბლიცისტი და მწერალი  ერთიანდება, მაინც  ,,გლეხთა  განთავისუფლების  პირველ  დროების სცენებია“  (1865). აქ   ილია ნარატორიცაა  და  საზოგადოებრივი  აგენტიც,  ანუ  იმპერატორ  ალექსანდრე  მეორის  ბატონყმური რეფორმის იურიდიული  და  ეკონომიკური  მხარით  დაინტერესებული  სახელმწიფო მოხელე (დუშეთის  პერიოდი),  მჭვრეტელიცა   და  მოვლენათა  უშუალო რეგულატორიც.  აქედან   თვით   ამ  ნაწარმოების  ჟანრული  თავისებურებაც. იგი    მხატვრულ-პუბლიცისტურია.  როდესაც   ილიას  შემოქმედებას  ,,რუსული  იდეის“  (ანუ, როგორც  ტ. ტაბიძე  იტყოდა  ,,რუსული  ხორბლის“) ილუსტრაციად  განვიხილავთ  ( კაკაბაძე, 2008: 47),  უნდა  გვახსოვდეს,  მიუხედავად  რუსეთის იმპერიის  მთელ ტერიტორიაზე   1862-64    წლებში  განვითარებული მოვლენების   ერთფეროვნებისა, ის,  რასაც   ილიასთან   ვხვდებით, ლოკალური   ქართული რეაქციაა  ცხოვრების  ჩვეული რიტმის  ცვლილებასა   და   დაჩქარებაზე.  აშკარაა, არც მებატონე   და  არც   ნაყმევი    რეალური  ტრანსფორმაციისთვის  მზად   არ   არის,   მეტიც,   მტრულად    აღიქვამს   იმას,   რაზედაც,   ფაქტობრივად,   ბუნდოვანი    წარმოდგენა   აქვს.
    რად  ღირს  თუნდაც  მოხუცი   ქვრივი   თავადის   ქალისა  და  მისი   მაზლის  არაადეკვატური რეაქცია  მოსამართლე - ,,პოსრედნიკის“   შეკითხვაზე,  მწირმიწიანებია   ხართ  თუ   არაო. ,,როგორ  გეკადრებათ,  ვინ  ჩვენ და  ვინ   მცირე  მიწა,  დიახაც,  დიდი  მიწის  პატრონები  ვართო“.  ჩვეულებრივი  თავადური  კუდაბზიკობა  ახალ  კანონებში   ჩაუხედავებს  მოსალოდნელზე  ძვირად  უჯდებათ, რადგან   მათ,  როგორც   ნაბატონარებს  თავიანთ   ნაყმევთათვის   ფულადი  კომპენსაციის   გადახდას  ავალდებულებს.  ეს  კი    გულწრფელი   პასუხის   შემთხვევაში   არ    მოხდებოდა.
    ლიტერატურისა  და  ეკონომიკის  გადაკვეთაზე   ილიას   პროზაში     წარმოდგენილი  ოპოზიციური  წყვილები: დათიკო - გაბრიელი,  დათიკო - პეპია  (,,გლახის  ნაამბობი“),   ძველი  მებატონე - იაკო    შაიაშვილი  (,,გლეხთა    განთავისუფლების   სცენებიდან“),  ლუარსაბი  -  დათო,  დარეჯანი   -  ლამაზისეული  (,,კაცია-ადამიანიდან“)   ბატონყმობის  გაუქმების   წინა  პერიოდს   მოიცავს   და    სოციალ-ეკონომიკური   ,,რეფორმაციის“   ქართული   იდეის  მხატვრულ   ტრანსფორმაციას  წარმოადგენს.  ცხოვრების ამ მხარის დანახვის ილიასეული უნარი,  აშკარად, გამორჩეულია.  იგი  ეფუძნება ყოველდღიურობაში   თითქოს   უსისტემოდ   მიმობნეული,  ერთი  შეხედვით,  უმნიშვნელო ყოფითი დეტალების  აღმოჩენას  და  მათ  შორის   მიზეზ-შედეგობრივი  კავშირის  ზუსტ  ფიქსაციას,  რასაც  რობერტ   ჰაილბრონერი   თავის  წიგნში  ,,დიდ   ეკონომიკურ   მოაზროვნეთა    ცხოვრება:  დრო  და  იდეები“  (Hailbroner, 1985: 56)  ,,ეკონომიკურ   ურთიერთობათა   ბადის   ქსოვის“   ნიჭს  უწოდებს.  სწორედ  ამგვარმა   რეპროდუცირებამ   მიიყვანა  ილია   საკუთარ  ქვეყანასთან  ქართველთა   გაუცხოების, მათ  მიერ  ეკონომიკური  ცხოვრების  სრულად დათმობის   ტრაგიკულ    აღქმამდე:  ,,ჩვენ  შუასაუკუნეთა   რაინდობის   ანდერძებით   გულს   ვიფხანდით,   თავს   ვიწონებდით:  ხმალი,   თოფი,  ცხენი,   რახტი,  ლამაზი   ქულაჯა   და   სხვა   ამგვარი   შეადგენდა   საგანს    ჩვენის   ნატვრისა   და  წყურვილისას   და  როცა  ჩვენ  გატაცებული  ვიყავით   ამ  ნატვრითა  და  წყურვილით,  ჩრჩილი  შემოგვეპარა.   ჩვენის  ერის  ნაშრომ-ნაღვაწი    ჩვენგან   დაწუნებული   ვაჭრობით    ხელთ   იგდო,    ამ   გზით    საქმით  გაგვიბატონდა,   ყმად  დაგვიჭირა  და  სიტყვით   კი  თავს  გვიქონავდა   და  გვეძახდა,  -  ბარაქალაო,  კაცებიც  თქვენა  ხართ   და  ქუდიც  თქვენა  გხურავთო;  ჩვენ ეს  ბარაქალა  დავიჯერეთ,  ამით  მოვტყუვდით...  ბურთი  და  მოედანი  ეკონომიკური  ცხოვრებისა... დაინარჩუნა  იმან,  ვინც  უფრო  მალე  მიხვდა   დროთა  ბრუნვას,  დროთა  ჭირ-ბოროტს“  (ჭავჭავაძე,  1956: 113).
          ეკონომიკური   კრიტიკა,    პირველ   ყოვლისა  კი, ეკონომიკის  დიდი  მამების  ანალიტიკური  განსჯის  მასშტაბურობა   ან  მოსისეული  ,,განჩხრეკის“  პრინციპი,  არა  მშრალი  სოციოლოგიური  (მხედველობაში გვაქვს   ე.წ.  სოციოლოგიური კრიტიკა, რომელთანაც ხშირად  მცდარად   აიგივებენ   ეკონომიკურ კრიტიკას - ნ.კ)  კვლევებისკენ,  არამედ  კლიშეებისგან თავისუფალი  მიდგომებისკენ გვიბიძგებს,  რითაც ხსნის  კიდეც ინტერპრეტაციის  ახალ  ჰორიზონტებს.   რაც    უფრო   წონადია  საკვლევი   მასალა, მით   უფრო   შთამბეჭდავი   და  ყოვლისმომცველია  მიღებული  შედეგი.  გავითვალისწინეთ  რა  დასავლურ-რუსულ   ლიტმცოდნეობაში    ამ   მიმართულებით  მიღწეული    ხელშესახები   მიღწევები,  ჩვენი   საკვლევი   საგნის,   ილიას   მხატვრული   პროზის,  მიხედვით   ეკონომიკური   ცხოვრების   კანონზომიერებებთან  ახლოს   მდგარი  ან   სულაც  ამ  კანონზომიერებებით   განპირობებული  სახისმეტყველებითი  პარადიგმები , ლიტერატურული   არქეტიპები , კულტურული  და  ანტიკულტურული   მოდელები   შემდეგნაირად   დავაჯგუფეთ: 
                       
     ა)   ხმლისა  და  საანგარიშოს  ანტინომია
    ბ)   მამული, როგორც  ეკონომიკური  ფაქტორი   და  როგორც  მეტაფორა
    გ)  სოფელი  და ქალაქი:  თეზა  და  ანტითეზა
    დ)გლეხური  ეთიკა  და  ფუნქციური  ადამიანის  პრობლემა

        
   ხმლისა   და   საანგარიშოს  ანტინომიურობა   ქართულ  არეალში   გადმოტანილი   რაინდისა  და  ბურჟუას   ისტორიული   შეუთავსებლობის   აპლიკატურაა  ( Осовская ,  1987)  .  საინტერესოა, რომ  იგი,  როგორც  ძველი  საზოგადოებრივი  მორალის  რღვევის  სიმპტომი,   ილიას მიერ  უკვე  ,,გლახის  ნაამბობშია“   დანახული.    დათიკო  და  გაბრიელი ერთმანეთს  შემთხვევით  როდი  უწოდებენ   ავთანდილსა  და  შერმადინს:  ,,ეგ  არის  შენი  შერმადინობა?  ... როგორი  ავთანდილიც  შენ  იყავი, მეც ისეთი  შერმადინობა   გაგიწიე...“ .   გაბრიელის    სამართლიან   შურისძიებას    მის    დამაქცევარ   ბატონზე სავსებით   სამართლიანად   ეწოდა  ,,მკვლელობა, რითაც   (ევროპის  მსგავსად, ოღონდ  რამდენიმე  საუკუნის  დაგვიანებით)  დაიწყო  არაფეოდალური  საქართველოს  ისტორია“, იმავე  ევროპისგან   კიდევ  ერთი   არსებითი    განსხვავებით:  მკვლელობის    ჩამდენი    ბურჟუა   არ  არის   (კვერცხიშვილი,   2005:  358). მართლაც,  ჩვენთან   აქტიური    ეროვნული  ბურჟუაზია  ვერ    შეიქმნა,  თუმცა  რაინდის    მოკვდინება    ქართული   საზოგადოების  წიაღში   განვითარებულ    სოციალ-პოლიტიკურ  ცვლილებებთან ზუსტ  შესატყვისობაში   მაინც  განხორციელდა.  ფიზიკური  ღონითა და  ტანადობით  გამორჩეული,  თუმცა  მორალურად  აშკარად  დეგრადირებული  რაინდი, ტარიელ მკლავაძე, ეგ. ნინოშვილის  ,,ჩვენი  ქვეყნის  რაინდის“  მიხედვით,  მოკლა  რევოლუციური,  ყველა ნიშნით  კი სოციალ-დემოკრატიული  იდეების  მიმდევარმა  უჩინარმა    სოფლის  მასწავლებელმა, სპირიდონ  მცირიშვილმა. ამრიგად,  განხორციელდა  სოციალური სამართლიანობის აქტი,  რომელიც ჩვენს სინამდვილეში  სულ მალე რეალობად  იქცა.   მოგვიანებით  მ. ჯავახიშვილის  ,,კვაჭი  კვაჭანტირაძეც“  ანტირაინდულ  სულისკვეთებას   ამჟღავნებს.   მასში  რაინდი,  აქედან   გამომდინარე   ყველა  შედეგით,    ახალი   დროის   გმირით, იმავე  ანტიგმირით,  ტრიქსტერითაა   ჩანაცვლებული   (კვაჭანტირაძე,   2013:  164).

    მამულის, როგორც  ეკონომიკური  ფაქტორისა და  მამულის,   როგორც    მეტაფორის  ურთიერთგამიჯვნის  დეკლარირებას,   ფაქტობრივად,   ეყრდნობა  ილიას   ე.წ.  მოდერნიზატორული  პროექტის  ერთ-ერთი     წამყვანი   იდეა,  რომელშიც    ეროვნული    ვინაობის   ძიება,    ქვეყნის  გააზრებული  გულშემატკივრობა  და  თითოეული  ქართველის  აქტიური, დროის  შესაბამისობასთან    მოყვანილი    აქტიურობაა  სუბლიმირებული.  მეტაფიზიკური    და    პრაგმატულ-რაციონალური  მიდგომის  ჭრილში  მამული   გააზრებული, როგორც,  ერთი  მხრივ,  ეროვნული   ცნობიერების  პოსტულატი  და,  მეორე  მხრივ,  ტყრუშული  ღობით  შემოსაზღვრული    მამული-მიწის   ნაკვეთი, ილიას  აზრით,  სერიოზული  განსჯის   საგნად   უნდა   იქცეს.   სხვაგვარად   ხანგრძლივი    მონობითა    და   უუფლებობით   ტრავმირებულ     ქართველთა  ცნობიერებაში  ვერ  მოხერხდება  ,,მე“-სა  და  პირადი  ეგოისტური   ინტერესების  ტყვეობიდან   გათავისუფლება,   ,,ჩემი“  და  ,,ჩვენი“  მამულის    ცნებათა    იმგვარი   ტრანსფორმირება,  რომელიც   კერძო     საკუთრების    ხელშეუხებლობის    პრინციპებსაც   დაიცავს   და    საცხოვრებელ  ტერიტორიასაც    სამშობლოდ,   ერთადერთ   და   უმაღლეს     მოცემულობად    განიხილავს.      თუ  ა. ბაქრაძე   და     გ. ასათიანი  ,,მამულს“  ილიას  სულიერი  და  პრაქტიკული  მოღვაწეობის  ერთიან  სისტემაში    განიხილავენ,    ზ.  კიკნაძე    წერილში  ,,ილიას  მამული“  პრიორიტეტულად  ამ  ცნების  გამოცალკავებას  და  მისი   სიმბოლურ-სემანტიკური   მნიშვნელობის  ამოცნობას  მიიჩნევს   (კიკნაძე,   2005: 73).  შედეგად   აქცენტირებულია,   ვთქვათ,   სეკულარული   საუკუნის   მიერ  ,,წმინდა  სამწყსოს“  ცნების    ახალი    რიტორიკით  განპირობებული  ,,მამულით“  ჩანაცვლება.    ასეა  თუ  ისე,   გადაუჭარბებლად შეიძლება  ითქვას,  რომ  ილიასთვის   უდიდესი  მნიშვნელობა  ჰქონდა     ,,მცირე“  და  ,,დიდი“   მამულის  აზრობრივ-შინაარსობრივი    დატვირთვის  ქართველის გაზანტებულ  გონებამდე  მიყვანას,  რადგან  იგი,  ახალი    ეკონომიკური  წესრიგის  პირობებში,  ცოდნითა    და   რწმენით   შეიარაღებული  არა მარტო  აწმყოს,  არამედ   მომავლის   სწორად  განკარგვას   შეძლებდა.
           ევროპული   კაპიტალიზმის,  განსაკუთრებით  კი   მისი  საწყისი  ეტაპის,  კონტექსტში  მუდმივად  განიხილება    ქალაქისა   და   სოფლის    ურთიერდამოკიდებულების   პრობლემა.  ადამ    სმითის ,,ფულადი  ეკონომიკის   ასპარეზის“  ცნებიდან    ვებერ-ზიმელის    ურბანსოციოლოგიამდე    წარმოდგენილია    ამ  ორი  კულტურულ-სოციოლოგიური   ტოპოსის   როგორც   განვითარების,  ისე   დაპირისპირების   კანონზომიერება,  რომელიც   საბოლოოდ   ქალაქისა   და    სოფლის   ჰარმონიზებული  თუ   არა    ეკონომიკურად    გაწონასწორებული    თანაარსებობისკენ   სწრაფვითაა   აღბეჭდილი.  საქართველოში   სხვა   მრავალ  დომინანტურ  ფაქტორთან  ერთად   მიწასთან    მიწის   მუშის    (იმავე  გლეხის)    განსაკუთრებული  მიჯაჭვულობის   გამო  აქცენტირებულია   ქალაქის    წინაშე     სწორედ   რომ   სოფლის  და   სოფელში   წარმოებული   მეურნეობის    უპირატესობა.  ილიას  პროზაულ   ტექსტებშიც   (ისევე როგორც  მის პუბლიცისტიკაში) ანალოგიური     შეფასებების     მხატვრულ    ტრანსფორმაციას   ვხვდებით.   სოფლური    ცხოვრების,  როგორც  მთელი  ქვეყნისა  და  თვით  ქალაქის    მასაზრდოებელი   ძალის,   უპირატესობა აქ  მრავალგზისაა  დადასტურებული.  ამ დამოკიდებულებას  ეფუძნება კიდეც   ილიას  ყველაზე  ღირსეული  პოლემისტის,  არჩილ  ჯორჯაძის,  საყვედურიც:  ,,ავტორი  მარტო   სოფლის   ცხოვრებას  ადევნებს  თვალყურს,  ქალაქი  თავისი  რთული  აგებულებით  აქვს  სრულებით  მივიწყებული...  ჩვენი  ავტორი  კმაყოფილდება  ცხოვრების  ცალმხრივი   შესწავლით  და  მასთან  არ  ასახელებს  ძირითადს  -  წოდებრივ  უთანხმოებას“  (ჯორჯაძე,  1989:65).  საინტერესო  გამოდგა  ამ  მხრივ  ილიას   ე.  წ.    ქალაქური   ტექსტის  კვლევა.  მ.  ხარბედიას    წერილში  ,,კენჭგადაყლაპული.  მასალები  ილია  ჭავჭავაძის   ქალაქური   ტექსტისთვის“   (ხარბედია,  2007: 57)   ქალაქთან    იმგვარი  გაუცხოება  იკვეთება (მ. ხარბედია:  ,,ილიას  ქალაქი  არ  უყვარდა“),  რომლის   მიზეზები,  ჩვენი აზრით,  კაპიტალიზმის  საწყის   ეტაპზე  ქართული   საზოგადოებრივ-ეკონომიკური  ცხოვრების   არაერთ   სიმრუდეს    უკავშირდება.   მრავალთაგან   გამოვყოფდით   ერთს,  რომლის  მიხედვითაც,   იდეაში   ქვეყნის   მასტიმულირებელ-მაკოორდინებელი  ცენტრი  (თბილისი)  ,,წართმეულ“   ქალაქად    განიხილება.  და  აქ,  ცხადია,  მხოლოდ  ქალაქური  ყოფის    სირთულით  გამოწვეული   ზნეობრივი  პრობლემები   (მაგ.  ქალაქში  ,,გლახის    ნაამბობის“   თამროს  ,,ავლაბრის  უნამუსოდ“  გადაქცევა,  ან    იმავე   ქალაქის    გულგრილობას    შეწირული   ძმები   მოთხრობიდან   ,,სარჩობელაზედ“,   ,,ულეჩაქო  და    უნამუსო“  ქალაქის   ამირინდო   დებედაძისეული  შეფასება  ,,უცნაური  ამბიდან“ ,   ქართველი  დიურუას, ბეჟან  ბეჟანის  ძე კალმახელიძის,  ვნებანი  მოთხრობიდან  ,,დიამბეგობა“ და    სხვ.)  არ   იგულისხმება.   ილიასთვის  თბილისი  უცხოტომელთა  (სპარსელთა,  განსაკუთრებით  კი  სომეხთა)  მიერ  ათვისებული  საარსებო   სივრცეა,  სადაც   ჩქარი   ტემპით   იმავე   უცხოელთა   მიერ   ე.  წ.   ,,უწოდებრიო  საკუთრება“ და  არაეროვნული   კაპიტალი    იქმნება.   ასეთი  ქალაქის   გამოხსნა  განსაკუთრებულ  მომზადებას  საჭიროებს.   სწორედ    ამგვარი   მომზადების  ჭრილში  უნდა  განვიხილოთ  ილიას  ბრძოლა  ჩვენი   სოციუმის  ცენტრალური  ფიგურანტის,  გლეხის,   უმიწოდ   დატოვების  და  კლასობრივი    დაპირისპირების    გაღრმავების   გზით მისი  ხელოვნურად  გაღატაკების  (ანუ  გაპროლეტარებასა  და  რევოლუციიისთვის მომზადებას)  წინააღმდეგ. ილია    აუცილებლად  მიიჩნევს  მესაკუთრული უფლებების  შემდგომი  სრულყოფის  გზით     იმავე  გლეხის   მიწასთან    მიმაგრება-მოძლიერებას.      ,,მიწათმოქმედი  მუშა  ისე  არანაირ  ქონებას  არ  ეტანება,  როგორც   უძრავსა,  ე. ი.  მიწასა“ ( ჭავჭავაძე,                          1956:  97).    ილია    შეგნებულად   არ   ამახვილებს   ყურადღებას   ,,წოდებრივ  უთანხმოებაზე“,   რადგან    პრობლემის   გადაჭრის    საშუალებას   ამ    სიბრტყეში   ვერ   ხედავს.  მომავლის  სოციალ-ეკონომიკური    წესრიგის    პროექცია   გამოკვეთილია  არა  ნაბატონარისა  და  ნაყმევის    (,,გლეხთა  გათავისუფლების  სცენები“), არამედ   გიორგისა   და   არჩილის    ურთიერთობაში    ,,ოთარაანთ  ქვრივიდან“  (არჩილის სურვილი  შეგირდად  დაუდგეს   გიორგის,  უწოდოს  მას  ,,ცხოვრების  წიგნი“ და  სხვ.). სხვა  სიტყვებით,  ,,წოდებათა  განმტკიცებითა  და    გაერთიანებით  უნდა  შექმნილიყო  ის   საფუძველი, რომელზედაც   უნდა  დაემყნოთ    საბანკო   კაპიტალის  მოძრაობა,  განათლების    ორიენტაცია  და    სხვ,“      (თევზაძე,                2010) ა.  ჯორჯაძის    საყვედური   კი  ილიას   მიერ  ,,ცხოვრების   ცალმხრივი    ხედვის“    შესახებ,  სამწუხაროდ,  ამ   საბოლოო    მიზნის   ვერგანჭვრეტას   ან   უგულებელყოფას  ნიშნავდა.
       რეფორმის  შემდგომი პერიოდი  ილიას  სოციოლოგიური ფილოსოფიისა  და  ეკონომიკური  მოძღვრების     საბოლოოდ   დახვეწა-ჩამოყალიბებას    ემთხვევა.  მიუხედავად იმისა, რომ  ამ  პერიოდში  შემოქმედებითი მუშაობისთვის  სულ  უფრო ნაკლები დრო  რჩება, მაინც  იქმნება  საეტაპო მხატვრული ნაწარმოები    (,,ოთარაანთ  ქვრივი“), რომელშიც  აკუმულირებულია  ,,წოდებათა  შერიგების“  ანუ, როგორც ტექსტში  ვკითხულობთ,  ,,ხიდჩატეხილობის“ პრობლემაც  და მისი გადაწყვეტის გზებიც. იკვეთება  გლეხობაზე, უფრო სწორად  კი,  მის  ყველაზე   საღ   ნაწილზე (თავად  ოთარაანთ  ქვრივი, გიორგი) ორიენტირებული მომავლის  კულტურული  პროგნოზი,  რომელიც  რევოლუციური   ძვრების  გვერდის  ავლით   როგორც მაღალი, ისე  დაბალი  სოციალური  ფენების     ქრისტიანულ   შეგნებასა  და  ცოდნით  გამყარებულ  ცხოვრებისეულ  გამოცდილებას   ეფუძნება.  ფაქტობრივად,  ეს   ქრისტიანული  მორალისა   და    კაპიტალისტური  ეთიკის მორიგების   ცდაცაა,  რასაც    ილიასთვის,   როგორც    მისი    მხატვრულ-პუბლიცისტური   მემკვიდრეობიდან   ჩანს,  დიდი   მნიშვნელობა  ჰქონდა. უმთავრეს  ამოცანად     ,,ყოფილ    ყმაში   თავისუფალი   მესაკუთრის    შეგნების   აღზრდა“   რჩება.  ეს  პროცესი  კი   საზოგადოების   განვითარების   ილიასეულ  გაგებასაც  უკავშირდება,  რადგან    ,,ილიას  სწამდა  პროგრესის  არა  მარტო  ეკონომიკური  და  სამართლებრივი,    არამედ    ეთიკური   მხარეც“  (თევზაძე, 2010)  .    გლეხის (უფრო ზოგადად  კი, ,,ახალი   ქართველის“)  ფუნქციურობა    პირდაპირ  კავშირშია    ,,დროთა  შესაფერისი  საქმიანობის“    სწორად   აღქმასა   და   სისტემურ   აღსრულებაში.   ამ  გამოწვევათა  შორის  კი  უპირველესია  შრომის  პროცესის  კულტივირება,   შრომასთან   სწორი  დამოკიდებულების   გამომუშავება.  შრომა, როგორც  ღვთისმსახურება   (პავლე მოციქული,  ლუთერი),  როგორც  ინდივიდის   სოციალურ  ატომად  ჩამოყალიბების   პირობა ,  როგორც  პიროვნული,  ეროვნული  და სოციალური  თავისუფლების   გარანტი  (ნ. ნიკოლაძე,  მ.  ჯავახიშვილი,  რ. გაბაშვილი,  გ. ქიქოძე,  ფ. გოგიჩაიშვილი). კაპიტალიზმის   საწყის   ეტაპზე     აქტუალური   ხდება   ჯერ  კიდევ    ადამ    სმითის    მიერ    (,,ხალხთა  სიმდიდრის  ბუნებისა  და  მიზეზების  კვლევა“,  1776)   სიმდიდრის    ფენომენის    კვლევისას    მიგნებული     სიხარბის   კონცეპტის     ფუნქციურ-სემანტიკური   ცვლილება,  ანუ  სიხარბის  ინტერესად  გადაქცევის  ტენდენცია.    სმითის    ,,ახალი დროის  ეკონომიკის  უმნიშვნელოვანეს  ინტელექტუალურ დოგმად წოდებული“   ( ჯ.   დრისკოლი)  ეს  მიგნება,  ცხადია,    არ  და  ვერ  აისახა   ილიამდელ    ქართულ   პროზასა  და    დრამატურგიაში  (ერისთავი,  ანტონოვი,  არდაზიანი,  ცაგარელი).  პირუკუ,  სიხარბე  თავისი  ტრადიციული  გაგებით,  ლამის  ფიზიოლოგიურად  და  ამდენად  ზიზღისმომგვრელად  იქნა   პორტრეტირებული.  არადა   ახალი   სეკულარული   ხანა,    საზოგადოებრივ-ეკონომიკურ      ფორმაციათა    ცვლილების   მიჯნაზე    ყოფნა  უბიძგებს  ილიას   ამ   პრობლემების  სიღრმისეული  განხილვისაკენ.  ილია     მთელი   არსებით   შრომისმოყვარე,  მიზანდასახული    და  აქტიური   ადამიანის    აპოლოგეტი  ხდება.   დაწყებული  ,,გლახის  ნაამბობის“  მღვდლის   მიერ   ტალანტის   შესახებ   ბიბლიური  იგავის   დამოწმებიდან  (იგი აიხსნება  ქრისტიანული  სიმბოლიკის  ეკონომიკური  მნიშვნელობით   - ნ.კ.),   ვიდრე  შრომაზე დაფუძნებული  მარტოობის  დამთრგუნველი  პიროვნული თავისუფლების  ოთარაანთ  ქვრივისეულ  მითოლოგემამდე (შდრ. ქალაქურ  სივრცეში მ. ვებერისეულ ქონებრივად დაკმაყოფილებულ,  თუმცა მარტოობისთვის განწირულ ადამიანს),    წარმოდგენილია  ილიასეული  ,,მოძრაობის  იდეის“    სახისმეტყველებითი    ასპექტების     (თერგი-მყინვარი,  დღე-ღამე)     გაშლა-გაფართოება.   ეს   კი   საბოლოო   ჯამში  თავს  იყრის  მომავლის ქართული   სახელმწიფოებრიობის    მოწყობის   სერიოზულ   თეორიულ   გააზრებებში:  როგორი  უნდა  იყოს    ამგვარი   სახელმწიფოს    შემქმნელი   -   ეგოისტი  (ჯ. ლოკი)    თუ    ალტრუისტი, მორალური ადამიანი   (ჟ.ჟ.  რუსო).   შესაძლოა,  სწორედ  ამ  საკითხის   გადაწყვეტაში   ყველაზე   რელიეფურად  მჟღავნდება   ილიასეული  ზემოთ  უკვე ნახსენები  ,,,ფაქიზი  ბალანსირების“  პრინციპი, რითაც   იგი   ქვეყნისთვის   სასიცოცხლოდ    მნიშვნელოვან    პრობლემებს     უდგება.  სამწუხაროდ,   ამ   ტიპის   აზროვნებას  თანამედროვენი   საგრძნობლად  ჩამორჩებოდნენ,  სოციალური  ატმოსფერო კი კლასობრივი  ბრძოლის იდეით  იყო მოწამლული.   ამიტომაც   იგი  სათანადოდ    ვერ    იქნა  აღქმული   და   დაფასებული.



                  ლიტერატურა:

 
ანდრონიკაშვილი   2007:  ანდრონიკაშვილი   ზ.  მამულის   დაბადება    ლიტერატურის     სულიდან,  კრ.  ილია  ჭავჭავაძე   -   170,  თბ.   2007
 თევზაძე    2010 :           თევზაძე     გ.    ილია    ჭავჭავაძე     და    ახალი  აზროვნება: შესაძლებლობა და სინამდვილე  . ჭავჭავაძის  ისტორიის  ფილოსოფიაში,2010
კალანდარიშვილი   2007:  კალანდარიშვილი  გ.  კრიტიკული დისკურსისა   და  მხატვრული  ხედვის      კრიტიკა  ი.  ჭავჭავაძის  შემოქმედებაში,  კრ.   ილია   ჭავჭავაძე    და    მისი    ეპოქა,    თბ.  2007
კაკაბაძე   2008:   კაკაბაძე  გ.  რუსული  იდეა,  ჟ.    ,,ცხელი  შოკოლადი“,  ლიტერატურა  #12, 2008
კაციტაძე    2007:    კაციტაძე  კ.  ქართული  საზოგადოება  და  თანამედროვე  გამოწვევები,  თბ.  2007
კვერცხიშვილი   2005:  კვერცხიშვილი  ზ.  სიმბოლოები, კრ. საქართველო  ათასწლეულთა  გასაყარზე, 2005
კიკნაძე    2007:    ილია    ჭავჭავაძის     სიმბოლური  აზროვნებისათვის,  კრ.  ილია ჭავჭავაძე  -  170,  თბ. 2007
ნინიძე    2007:    ნინიძე  მ.   სხვის  დახლთან  მდგომი  ერი,  ჟ.ფუძე,  #7,  2007
ფირალიშვილი   2007:   ფირალიშვილი  ზ.  ილია  -  ისტორიული  კონტექსტი  და  პიროვნება,  კრ.  ილია  ჭავჭავაძე  -  170,  თბ.   2007
ხარბედია    2007:  ხარბედია  მ.  კენჭგადაყლაპული.  მასალები  ილია  ჭავჭავაძის  ქალაქური  ტექსტისთვის,  კრ.  ილია  ჭავჭავაძე  -   170,  თბ.    2007
ჩაისნერი   2008:    ჩაისნერი   ო.      ორი  სამყაროს    მგზავრ-თერგდალეულთა  იდენტობის  კონფლიქტი  და  ეროვნული   ცნობიერება,    კრ.  სეკულარიზაცია,    თბ.  2008
ჯავახიშვილი    1938:     ჯავახიშვილი  ი.  ილია  ჭავჭავაძე   და  საქართველოს  ისტორია,   ტფ.  1938
ჯორჯაძე    1989:   ჯორჯაძე   ა.  რჩეული  ნაწერები,  თბ.   1989
ჭავჭავაძე   1956:  ჭავჭავაძე  ი.  თხზ.  სრ  კრებული ,  ტ.  Y111,   1956 
Гронас   2002:   Гронас  М.   Новая  экономическая   критика,   2002   №58
Осовская    1987 :  Осовская     М.    Рыцарь  и  буржуа,     1987
Макеев   2002 :     Макеев     М .    Договор  с  дьяволом  в  условиях   становления   капитализма  в  России      НЛО  №58  2002
Woodmanse,  Osteen    1999:    Ed.  M.  Woodmanse,   M.  Osteen,  The  Economics  Criticizm.  Studies  at  the  Entersection  of  literature  and  economics.,    London,  N.Y.   1999 


No comments:

Post a Comment