სოლომონ ტაბუცაძე, შოთა რუსთაველი ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი
პოლიტიკური ეკონომიის როგორც მეცნიერების განვითარებაში რამდენიმე ეტაპს გამოყოფენ. ამ დარგის განვითარების პირველი, ყველაზე ხანგრძლივი ეტაპი, საუკუნეებშია ჩაკარგული და მოიცავს ადამიანის გაჩენიდან თუ დედამიწაზე გამოჩენიდან მოკიდებული _ მე-16 საუკუნემდე ხანას. ადამიანის ეკონომიკური ცხოვრების საწყისი ეტაპი, ცხადია, ნატურალური მეურნეობით შემოიფარგლება და ამიტომაც მას საქმის მხოლოდ
უკეთესად ორგანიზება აღელვებს. ამის შემდეგ იწყებს ფიქრს გაცვლაზე და ამიტომ წარმოებისა და გაცლის პროცესი შესაბამისი ცნებით-ტერმინოლოგიური აპარატითაც ფორმდება.
“ეკონომიკის” ცნება, ისე როგორც ბევრი თეორიული კონცეპტი,
არისტოტელეს შემოტანილია. ძველ ბერძნთა ნაშრომებში მკვლევარნი საქონლის, სარგებლის, ღირებულებისა და ფულის ცნებებსაც აქცევენ ყურადღებას.
ეკონომიკური თეორიის მეორე ეტაპი მე-16 _ 17 საუკუნეებს მოიცავს და ეს ეტაპი ერთგვარად თავს უყრის გარდასულ დროთა დაგროვილ ცოდნას. აქვეა აღსანიშნავი, რომ თვით ტერმინი “პოლიტიკური ეკონომია” ამ ეტაპზე წარმოიშვის და იგი 1615 წელს შემოაქვს მერკანტილიზმის ერთ-ერთ წარმომადგენელს, მონკრეტიენ დე ვოტევილს, რომელსაც ეკუთვნის ნაშრომი
“პოლიტიკური ეკონომიის ტრაქტატი”. ეს არის სრულიად პრაქტიკული, ამ ეკონომიკური სკოლისათვის დამახასითებელი პათოსით გაჯერებული სარეკომენდაციო ტექსტი. მერკანტილიზმის ეპოქაში წარმოების ორგანიზაციის ძირითად ფორმად სასაქონლო მეურნეობა ითვლება და მიიჩნევა, რომ საზოგადოების უმთავრესი სიმდიდრე ფულია, რომლის წყაროსაც საგარეო ვაჭრობა ანუ მიმოქცევის სფერო წარმოადგენდა და მიაჩნდათ, რომ, რაც მეტი ფული აქვს კაცს, მით უფრო მდიდარია.
პოლიტეკონომიის მესამე ეტაპზე იბადება კლასიკური ეკონომიკური მეცნიერება, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს შრომითი ღირებულების თეორია და რომელიც საზოგადოების სიმდიდრის ძირითად ფორმად მწარმოებლური შრომის პროდუქტი ესახება.
პოლიტეკონომიის მეცნიერულ დარგად გამოცხადება ამ ეტაპზეც გაჭირდებოდა, რადგან მეცნიერება იწყება იქ, სადაც თავს იჩენს სიღრმისეული, გამეორებადი მიზეზ-შედეგობრივი კავშირები და დამოკიდებულებანი, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ, რადგან დარგის “გამეცნიერება” უკავშირდება ისეთ სახელს, როგორიცაა ადამ სმიტი, ამიტომ, და ტრადიციაც ასეთია, ეკონომიკის ეს თეორია ამიერიდან “მეცნიერულად” უნდა მოვიხსენიოთ. სწორედ ადამ სმიტი იყო
ის სწავლული, რომელმაც, როგორც წერენ,
პოლიტიკური ეკონომია გამოსტაცა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ალყას, რომელსაც გენიალური თვითნასწავლი ადამიანები აკონტროლებდენ, და აქცია იგი აკადემიურ დისციპლინად.
ეროვნებით შოტლანდიელი, 1723 წელს მოხელის ოჯახში დაბადებული სმიტი თოთხმეტი წლისა გლაზგოს უნივერსიტეტში ზნეობის ფილოსოფიის
განხრით სწავლობს და ოცდასამი წლის ასაკში კითხულობს ბუნებითი სამართლის ლექციებს, რომელიც მე-18 საუკუნეში მოცავდა იურისპრუდენციას, პოლიტიკურ მეცნიერებებს, სოციოლოგიასა და ეკონომიკას.
ადამ სმიტის ეპოქაში უკვე ყალიბდება ეკონომიკური ლიბერალიზმის იდეები და მე-18 საუკუნის ბოლოსათვის, ბურჟუაზიული ეთიკის ჩამოყალიბების ხანაში, დიდი ყურდღება ეთმობა პიროვნების ბუნებრივ, გაუუცხოებელი უფლებებისა და თავისუფლებების კონცეფციის დაფუძნებას. ეს, ცხადია, გულისხმობდა ადამიანის ეკონომიკურ სფეროში თავისუფლებასაც.
აღიარებული შეხედულებით, თავისუფლებას ადამიანი მუდამ საკუთარი ანგარებითი მიზნებისათვის იყენებდა, თუმცა ამ დებულებიდან სხვადასხვა მკვლევართ ურთიერთსაპირისპირო დასკვნები გამოჰქონდათ. მე-17 საუკუნის ინგლისელ ფილოსოფოსთ, კერძოდ, თომას ჰობსს ეგოისტური ინტერესი ყველაზე მძლავრ, ყველაზე დამანგრეველ ადამიანურ ვნებად მიაჩნდა და დაასკვნიდა, რომ ამ ვნების ასალაგმად ავტორიტარული სახელმწიფოა საჭირო. ფრანგი ფილოსოფოსი-რაციონალისტი კლოდ ადრიან ჰელვეციუსის აზრით ეგოიზმი ადამიანის ბუნებრივი თვისება იყო და ამდენად საზოგადოებრივი პროგრესის ფაქტორიც.
ადამ სმიტმა მიიღო და აღიარა ადამიანისადმი მიდგომის ხსენებული პათოსი და იგი ეკონომიკური მოღვაწეობის სფეროს დაუკავშირა. რასაკვირველია, ადამიანის ქმედების მთავარი მოტივი ანგარებითი ინტერესია, მაგრამ ამ ინტერესის განსახორციელებლად მას ესაჭიროება საკუთარი საქონლისა და მომსახურების გაცვლა სხვა ადამიანებთან. სმიტის აზრით, მეხორცის, მელუდისა თუ მეფუნთუშის კეთილმოსურნეობის იმედად კი არ უნდა ვიყოთ, არამედ თითოეული მათგანის საკუთარი ინტერესების დაცვისა. მათ ჰუმანიზმს ნუ კი შევაჩედებით, არამედ სწორედ მათ ეგოიზმს მივაქციოთ ყურადღება და ჩვენს საჭიროებებსა თუ სარგებელზე მათთან სიტყვასაც ნუ წავიცდენთ. ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მათეული, ბუნებრივი მისწრაფება იმდენად მძლავრი სტიმულია, რომ საზოგადოების კეთილდღება სწორეს მას ეფუძნება. ადამიანის ანგარებითი ინტერსის კონცეფციიდან ამოიზარდა ჩაურევლობისა თუ “ბუნებრივი თავისუფლების” პოლიტიკა და თუ ადამიანის ეკონომიკური საქმიანობა საზოგადო კეთდღეობას ამყარებს, მისი შევიწროება და შეზღუდვა სრულიად დაუშვებელია.
1759 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში (“ზნეობრივ გრძნობათა თეორია”) სმიტს, “ბუნებითი კანონების” არსებობის თეზისიდან გამომდინარე, ადამიანის ბუნებრივი მახასიათებლების სახით შემოაქვს “სიმპათიის გრძნობა” და “შინაგანი დამკვირვებლის” ანუ სინდისის ცნება. სიმპათიის საფუძველია სხვის როლში საკუთარი თავის წარმოდგენისა და სხვისეულ გრძნობათა საკუთრად განცდის ადამიანური უნარი. ბუნებითი კანონების არსებობის თვალსაწიერიდან სმიტი ამტკიცებს, რომ სამართლიანია ის, რაც ბუნებრივია, ხოლო ბუნებრივი საკუთარი კეთილდღეობისაკენ ადამიანის სწრაფვაა სხვათა კეთილდღეობის პირობებში; ხოლო ეგოიზმისა და სიმპათიის თანაყოფის შესაძლებლობა საბოლოო ჯამში ბუნებისა და ღმრთის მიერაა კოდირებული ადამიანში და ეს ყველაფერი სინდისთანაა წილდებული.
საგულისხმოა, რომ “უხილავი ხელის” ანუ ობიექტური ეკონომიკური კანონების მოქმედების შეგეგად მიღებული ადამიანთა ინტესების ჰარმონიის თეზისი, სმიტის დასკვნა კი არ არის, არამედ ღმრთის რწმენაზე დამყარებული,
ამოსავალი მსოფლმხედველობრივი გზავნილია. ამიტომ ეკონომიკური კანონების სმიტისეული ძიება დასაბამიერ, ბუნებრივ ჰარმონიას ეყრდნობა. ცხადია, არ არის შემთხვევითი, რომ “უხილავი ხელის” ქმედება მოიცავს არა ოდენ ეკონომიკურ ასპექტს, რომელიც კეთილისმყოფელის გამიზნულ ქმედებას, საზოგადოებისათვის გაღებულ სიქველეს გულისხმობს, არამედ მსოფლმხედველობრივსაც _ განგებისეული სიბრძნის რწმენას, ადამიანური გონის შეზღუდულობის აღიარებას. აღნიშნულ თხზულებაში სმიტი აღწერს სიტუაციას, როდესაც “განგების ხელით” მართული უგრძნობელი, ბუდაყი და ძუნწი მდიდარი მესაკუთრე მისდაუნებურად დგება საზოგადოების სამსახურში, რადგან საკუთარ ქონებაზე ზრუნვისას იგი ასაქმებს და, შესაბამისად, საზრდოსაც აძლევს უქონელთ. აქო, ბრძანებს სმიტი, საგულისხმო ის არის, რომ ამ ეშმაკის თანამეცხედრემ (ეს ჩვენი ინტეპრეტაციაა ს.ტ.) საკუთარი საჭიროებისთვის განა რამდენი უნდა მოიხმაროს თავისი ქონებიდანო, ყოველ შემთხვევაში, რომელიმე უქონელზე მეტს ვერ
იზამსო. ჰო, და თუ ეს ასეა, გამოდის, რომ ჩვენ მხოლოდ გვეჩვენება, რომ განგებამ მქონებელს ყველაფერი მიანიჭა, სხვანი კი უბოძვარად დააგდო და დაქირავებულ მუშებად აქცია. მოჩვენებითი ქონებრივი უთანასწორობა, ჩაძიებითი განხილვისას, სწორედაც რომ თანასწორობაა და თანაც იმგვარი პროპორციით, დედამიწა რომ თანაბრად გადაგვენაწილებინა ყოველ ადამიანზე. სმიტის ამ ნააზრევში მისი მრწამსი გამსჭვივის, რომლის მიხედვითაც ყველაფერი ღმრთის შექმნილია და საზოგადოებაზეც ისა ზრუნავს. ამდენად, უსამართლობა მოჩვენებითია და მსწრაფლ განქარდების თუ ღმრთის იდუმალ ჩანაფიქრს ჩავწვდებით.
ღმერთმა ადამიანს მიანიჭა სამათლიანობის, თავისუფლებისა და მორალური ვალდებლებების თანდაყოლილი გრძნობა და ეს ყველაფერი იმასაც ნიშნავს, რომ ადამ სმიტი გამსჭვალულია ადამიანისადმი ნდობის იდეით, რომელსაც მჭიდროდ უკავშირდება ადამიანის თავისუფლების უფლება _ მათ შორის ეკონომიკურ სფეროშიც.
სიტყვა გაგვიგრძელდა, მაგრამ უნდა ვახსენოთ ავტორის უკვდავმყოფი ნაშრომი “გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ”, რომელმაც ახალი ცოდნა შექმნა ეკონომიკის სფეროში. სმიტი აქ იკვლევს ერის სიმდიდრის ზრდის მიზეზებს, შრომის როლს ამ პროცესში, მისი ნაყოფიერების ზრდის ფაქტორებს, კაპიტალის ბუნებას, თანდათანობითი დაგროვების ხერხებს და სხვა.
ნაშრომში სმიტი უპირისპირდება საკუთარი ეპოქის გაბატონებულ ყოფით მოვლენებს _ მერკანტილიზმის სისტემასა და ყვალგასულ ფეოდალურ წარმოებით ურთიერთობებს. ვაჭრობის განვითარებამ სრულიად შეცვალა ევროპული
წესრიგი: წარსულს ჩაბარდა ადამიანთა უფლებრივი განსხვავებულობის საყრდენი _ ფეოდალური ყოფა, ხოლო ახალი კანონმდებლობები აღარა ქმნიდა სოციალურ ტიხრებს და ამით ხელს უწყობდა სამოქალაქო სამრთლიანობის დამკვიდრებას. ამან განაპირობა კაპიტალიზმის განვითარება. ქალაქური ცხოვრებამ, სასაქონლო მიმოქცევამ ქალაქსა და სოფელს შორის, შექმნა ეკონომიკური პროგრესის საფუძველი. თუ მემამულური ყოფა ეკონომიკურ სტაგნაციასა და სოციალურ- პოლიტიკურ ჩაგვრას გულისხმობდა, ვაჭრობამ და მრეწველობამ სრულიად შეცვალა საზოგადოებრივი პროფილი. სმიტი სწორედ ამ უკანასკნელთ განიხილავს საზოგადოებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური წინსვლის გარანტად.
მოკლედ რომ ვთქვათ, სმიტის ნაშრომის დედააზრი ის არის, რომ თუ ეკონომიკურ სისტემას სრული თავისუფლება ექნება, იგი თვითრეგულირებადი ხდება და ადამ სმიტისეული “უხილავი ხელიც” სწორედ ამას ეწოდება.
ადამ სმიტის წვლილი პოლიტიკური ეკონომიკის ჩამოყალიბებაში სადღეისოდ კი ისტორიული ღირებულების მქონეა, მაგრამ XVIII საუკუნის ეკონომიკური აზრის ეს დიდი მონაპოვარი ესაძირკვლა თითქმის ყველა ახალი ეკონომიკური თეორიის ევოლუციასა და მისი საფუძველმდები პრინციპები დღესაც რეფლექსიის საგანია. რაციონალიზმი და ზნეობა სმიტის მოძღვრებაში ხელიხელჩაკიდებული მოემართებიან და, ვფიქრობ, რომ მათი ჰარმონიზებისა და სახვალიო ცხოვრებაში მათი გათვალისწინება ფრიად მნიშვნელოვანია _ მით უმეტეს ცხოვრების იმგვარი გამოცდილების მქონე ერში, როგორიც ჩვენა ვართ.
პოლიტიკური ეკონომიკის მეცნიერულ სტატუსის დამკვიდრებისთან დაკავშირების გვერდს ვერ ავუვლით დავით რიკარდოს სახელსაც, რადგან პოლიტკონომიამ სწორედ მის ნაშრომებში შეიძინა საზოგადოების ეკონომიკურ ბაზისზე მოძღვრების მეცნიერული, სისტემური ნიშნები.
ამით გასრულდა კლასიკური ბურჟუაზიული პოლიტიკური ეკონომიის ხანა, რომელსაც შემდგომში დაეყრდნო ეკონომიკის მარქსისტული თეორია. ჩვენი წარსულითაც შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიან სააზროვნო დისკურსად და იდეოლოგიად სწორედ მარქსიზმი იქცა. გერმანელმა ეკონომისტმა და სოციალურმა ფილოსოფოსმა, კარლ მარქსმა, შექმნა თეორია, რომელიც აღწერს კაპიტალისტურ სისტემის ფუნქციონირებისა და განვითარების კანონებს. მიშელ ფუკომ მას “მეგადისკურსი” უწოდა, ხოლო ჟილ დელიოზის აზრით, გასული საუკუნის კულტურა მნიშვნელოვანწილად მარქსისა და ფროიდის ნააზრევზე დგას.
საგულისხმო ფაქტად გვეჩვენება, რომ დღეს ბევრმა თეორეტიკოსმა იქცია პირი მარქსის იდებისაკენ და ეს ეხება არა მხოლოდ ნასაბჭოვარ სივრცეს, არამედ დასავლელ მოაზროვნეებსაც. ასე რომ, მის მიერ დალანდული “აჩრდილი კომინიზმისა” სამუდამოდ რომ გამქრალი გვეგონა, კვლავ ფრთებს იხოშავს და, ვინ იცის, ასაფრენადაც ემზადება.
მარქსმა 1848 წელს ფრიდრიხ ენგელსთან ერთად დაიწერა 23 გვერდიანი დოკუმენტი “კომუნისტთა მანიფესტი” (რუსეთში მას პირვანდელი სახელდებით _ “კომუნისტური პარტიის მანიფესტი” _ მოიხსენიებდნენ.
1872 წლიდან ანუ პირველი ინტერნაციონალის შემდეგ დასავლეთში იგი “კომუნისტთა მანიფესტად” მოიხსენიება).
პარიზის საერთაშორისო ფილოსოფიური კოლეჯის პროფესორი ნეგრი ტონი წერს თუ რატომ უნდა მივუბრუბდეთ დღეს “კომუნისტთა მანიფესტს” და ასახელებს ორ მიზეზს: ჯერ ერთი, ტექსტის ლიტერატურული მოსაზრებებისა გამოო; მის მორალური საფუძვლებში შეღწევისა და გარდასულ ეპოქათა სევდის, ნაწარმოების ამაღლებული სიტყვის შესაგრძნობადო, რომელიც ასახავს თანამედროვე სოციალიზმის ეპიკური ისტორიის დასაწყისსა და მათ თეორიულ ენთუზიაზმს, ვინც მის სათავეებთან იდგაო. და მეორეო, _ უნდა გადავიკითხოთ მანიფესტი და, გავაანალიზოთ მისი შინარსი და ვეცადოთ ახალი მანიფესტის დაწერას, რათა კომუნისტური დისკურსი დავაყენოთ თანამედროვე ეპოქის ანუ პოსტმოდერნის ეპოქის დონეზე.
ნეგრი ტონი ჩემთვის უცნობი ავტორია, მაგრამ უინტერესო არ უნდა იყოს რამდენიმე ინტელექტუალური მაგნატის თვალსაზრისის მოსმენა.
ბრიტანელი ისტორიკოსის (“ხანგრძლივი XIX საუკუნის” ცნების ავტორის) ერიკ ჯონ ერნესტ ჰობსბაუმის აზრით, 1848 წლის თებეერვალში გამოქვეყნებული “კომუნისტური პარტიის მანიფესტი”, საფრანგეთის დიდი რევოლუციის მიერ დეკლარირებული ადამიანის უფლებების შემდეგ, არის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური დოკუმენტი. ჰანს-მაგნუს ენცენსბერგერი წერს, რომ მაშინ როდესაც წარსულის ბევრი თეორიული ნაშრომი სადღეისოდ მკვდარი ნაწერებია, მარქსისა და ენგელსის ვნებიანი ფრაზები კვლავაც ააღელვებენ და გაანათებენ შემდგომ საუკუნეებს”. უმბერტო ეკო კი ამბობს, რომ ეს არის საოცარი ტექსტი, რომელშიც მონაცველობენ აპოკალიფსური ნოტები და ირონია, ქმედითი ლოზუნგები და ცხადი ახსნები, და < ... > დღეს სარეკლამო სკოლებში მისი გულმოდგინე შტუდირება უნდა ხდებოდესო. დაბოლოს, ისეთი რეაქციონერი, როგორიც ენცო ბეტიცაა, ამბობს: “მანიფესტის დიადი წინააღმდეგობრიობა, პეანისა და ბურჟუაზიის სამგოლოვიარო სიმღერისა, ერთი მხრივ, “უპოვართა სოფლისათა” ლირიკული და დრამატული ჰიმნი, მეორე მხრივ, თავს იჩენს იმგვარის ორატორულის ძალმოსილებითა, ბადალი რომ არ ეძებნება ახალი დროების არც ერთ პოლიტიკურ ტექსტში”.
ტექსტის შინაარსის კრიტიკა გვჩვენებს, რომ ლიტერატურისა და კაპიტალის სფეროს წარმომადგენელთა ტექსტისადმი ინტერესი და ცნობისმოყარეობა თავდაყირა დგება და ემხობა, განსჯა აქტიური ბრძოლის მიზნებს ექვემდებარება, ფიქრი _ ქმედებას, კრიტიკული გააზრება _ ჯანყს. მანიფესტის არსებობის უკვე ხანგრძლივ ჟამთასვლისას მოხდა ერთიც, მეორეც და მესამეც.
მარქსის ცნობილი კონცეპტი ყოფიერებისა და ცნობიერების ურთიერთმიმრთებისა წარმოჩნდა ნაშრომში “პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის”, რომელშიც მას ეკონომიკური თეორიის სისტემატიზაცია განუზრახავს, მაგრამ კვლევის შედეგით უკმაყოფილოს, თავისი ყველაზე განთქმული “კაპიტალისთვის” (სრული სათაურია “კაპიტალი. პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკა”) მიუყვია ხელი. სამ ტომად ჩაფიქრებული “კაპიტალიი” პირველი ტომი გამოუქვეყნებია და შემდეგი ორი ტომი ფრიდრიხ ენგელსმა გამოუცია მარქსის გარდაცვალების შემდეგ. “კაპიტალი” არის, ავტორისავე თქმით, “გერმანული გონის” ანუ იმ სააზროვნო ტრადიციის ნაყოფი, რომელსაც იგი საკუთარ თავს მიაკუთვნებდა. ნაშრომში მოცემულია კლასობრივი საზოგადოების
კაპიტალისტური წარმოების წესის კრიტიკა.
ფული არის საქონელი, რომელიც სტიქიურად გამოიყოფა საქონლის ყველა სახეობისაგან, ასრულებს საყოველთაო ეკვივალენტის როლს და გამოხატავს ყველა საქონლის ღირებულებას. იგი გვევლინება საყოველთაო საგადასახადო და მსყიდველობით საშუალებად, მაგრამ იგი ვერ იარსებებს სასაქონლო გაცლის გარეშე. ამიტომ ფული არის კაპიტალის არსებობის პირველი ფორმა. კაპიტალში იგულისხმება ფული, რომელსაც მოაქვს ზედმეტი ღირებულება. კაპიტალწარმოების ციკლი გადის სამ სტადიას: ფულადი ფორმიდან გადადის წარმოებითში, რომელშიც შედის წარმოების საშუალებები და მუშაძალა; მეორე სტადიაზე წარმოებითი კაპიტალი, გადადის რა სასაქონლო ფორმაში, მონაწილეობს წარმოების პროცესში; და პროდუქციის რეალიზაცით კაპიტალის სასაქონლო ფორმა გარდაისახება ფულად ფორმად.
სტადიათა ცვალებადობა თანმიმდევრულად ხორციელდება და კაპიტალი, რომელიც ერთდროულად სამი ფორმით (ფულადი, წარმოებითი და სასაქონლო) გამოდის, მარქსის განსაზღვრებით, არის სამრეწველო კაპიტალი.
მარქსის ეკონომიკური მოძღვრებაში მნიშვნელოვანია კაპიტალისა და ზედმეტი ღირებულების საკითხი. კაპიტალი ნივთი კი არა, ნივთში წარმოდგენილი წარმოებითი ურთიერთობაა, რომელიც ამ ნივთს სპეციფიკურ საზოგადოებრივ ხასიათს ანიჭებს. ზედმეტი ღირებულება არის მუშის შრომის გადაუხდელი პროდუქტის ღირებულება. ამ ცნების შემოტანით ნათელი ხდება თუ როგორაა შესაძლებელი ღირებულების კანონის დაურღვევლად მუშისთვის მისი შრომის საზღაურის მხოლოდ ნაწილობრივი ანაზღაურება.
მარქსმა, ასე ვთქვათ, გახსნა შრომის პროცესი.
ამასთან დაკავშირებით მახსენდება _ ლიტერატურის კრიტიკოსთა შორის კლასიკური მაქრქსიზმის ყველაზე გავლენიანი ტრანსლატორი, ტერი იგლტონი, რომელიც წერს, რომ მარქსმა არა მხოლოდ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პოლიტეკონომიაში, არამედ პრინციპულად შეცვალა იგი. თუ მანამდე პოლიტეკონომია ცალკეულ პიროვნებათა თეორიული მოსაზრებებსა კონცეფციებს ეყრდნობოდა, მარქსმა სისტემური მიდგომით იგი ერთიან, მთლიან მეცნიერებად აქცია და სწორედ ამით ჩადო მასში ის ნაღმი, რომელიც XX საუკუნეში აფეთქდა. საქმე ის არის, რომ მარქსი არა მხოლოდ ეკონომისტი, არამედ ფილოსოფოსი და დიდწილად რევოლუციონერიც იყო, რომელმაც შექმნა ის “წითელი” გლობალური პროექტი, რომელიც საბჭოეთსა და სოციალისტურ სისტემად დაედო საფუძვლად.
და კიდევ ერთი, ამჟამად ჩვენი კონკრეტული შემთხვევისთვის მნიშვნელოვანი წახნაგი. იგლტონი ლაპარაკობს ავტორზე როგორც მწარმოებელზე და ამბობს, რომ მწერალი ტრანსინდივიდუალური მენტალური სტრუქტურების უბრალო გამტარი კი არ არის მხოლოდ, იგი იმავდროს გამომცემლის მიერ საქონლის საწარმოებლად დაქირავებული მუშაკია, რომელიც ბაზარზე იყოდებაო და მოაქვს მაქსის ციტაცი, რომლის მიხედვითაც “მწერალიო, _აღნიშნავს თურმე მარქსი ზედმეტი ღირებულების თეორიებში, _ წარმოადგენს მუშას არა იმიტომ, რომ იდეებს აწარმოებს, არამედ იმიტომ, რომ ის ამდიდრებს წიგნის გამომცემელს, რადგან იგი მუშაობს ხელფასზე”. აქედან გასაგები ხდება, რომ შემოქმედიც ექსპლოატაციის მსხვერპლია.
მგონია, რომ სადღეისი პოლიტეკონომიკური ტენდეციების გასააზრებლად იგლტონის მარქსისადმი დამოკიდებულება ყურადსაღებო უნდა იყოს. მოგეხსენებათ, რომ უკვე გაჭირდა დღევანდელ გლობალურ ტენდენციათა სახელდებაც კი და ამიტომ მარქსის მოძღვრების ახლოსმცნობი ადამიანები ალაპარაკდნენ მის წინასწარმეტყველურ, რევოლუციურ ენერგიათა გამომღვიძებელ, დიდი ფანტაზიისა და ღრმა ერუდიციის მქონე პიროვნებაზე, რომელმაც, ფაქტია, მართლაც გააღვიძა (თუმცა არცარასდროს სძინებია!) ეშმაკური ძალა და შეცვალა ისტორიის სავალი.
მართალია, XIX ს.-ის დასასრულისთვის დასავლეთში პოლიტეკონომია აკრძალეს და “ეკონომიკსი” უწოდეს, მაგრამ, იმაზეც ლაპარაკობენ, რომ ეკონომიკის მარქსისეული ანალიზი მაინც ფავორშია და მასზე ნიღბისა და ფარდის ჩამოფარება,პოლიეკონომიკური კანონის მოქმედებას ვერ ფარავს და დღესაც ხორცს ისხამს მისეული კონცეპტები; მხედველობაში აქვთ ხოლმე სკანდინავიური სოციალიზმი, რომელიც, ვფიქრობ, კაპიტალიზმის ნაირსახეობა უფროა, ვიდრე იმ ტიპის რამ, რას ჩვენს, კონრეტულად ჩვენს, მეხსიერებას შემორჩენია. დიდი ეჭვი მაქვს, თუმცა შეიძლება ვცდები და გამისწირეთ, რომ ჩვენი პროექტის თეორიული ბაზისი _ ეკონომიკური კრიტიკა _ მარქსიზმის ანასხლეეტია და ეს არი არის არც ცუდი და არც კარგი...
რადგან
უკვე ლიტერატურას
მივუახლოვდით, მოვიტან
მარკ ოსტინისა
და მარტა
ვუდმანსის
იმ თვალსაზრისს,
რომლდანაც ჩვენი
თემა ამოიზარდა:
1978 წელს
მარკ შელმა გამოსცა
წიგნი “ლიტერატურის
ეკონომიკა”, რომელშიც
ავითარებს აზრს,
რომ ლიტერატურული
ნაწარმოები შედგება
ტროპული შენაცვლებებისგან,
რომელთა გაანალიზება
ეკონომიკური ცნებებითაც
შეიძლება. ეკონომიკური
ლიტერატურული კრიტიკისათვის
აქ საგულისხმოა
ლიტერატურულ მიმოცვლასა
და სასაქონლო
მიმოცვლას შორის
ანალოგია და
იმ დისკურსთა
გაერთიანება, რომელთაც
სწავლობს ლიტერატურის
თეორია და
ეკონომიკის თეორია.
აქ უნდა
გავიხსენოთო, წერენ
ოსტინი და
ვუდმანსი, რომ
პოლიტიკური ეკონომიკის
მეცნიერება წარმოიშვა
ტიპურ ბურჟუაზიულ
ლიტერატურულ ფორმასთან
_ რომანთან ერთადო.
მკვლევარნი მოიშველიებენ
დევიდ კაუფმანის აზრსაც:
“კომერციული კაპიტალიზმის
სწრაფმა განვითეარებამ
და ინსტიტუციურმა
კონსოლიდაციამ მეთვრამეტე
საუკუნეში წარმოქმნა
ეკონომიკის, სახელმწიფოს,
მორალისა და
სამოქალაქო უფლებების
ახლებური აღწერებისა
და აპოლოგიის
საჭიროება, რომელიც
დაკმაყოფილებულ იქნა
პოლიტიკური ეკონომიის,
ისე როგორც
რომანის მიერ”.
მკვლევარნი მარტებულად
აღნიშნავენ, მაგრამ ჩვენის
მხრივაც ვთქვათ,
რომ ეკონომიკა
და ლიტერატურა
არათუ უკავშირდება
ერთმანეთს, არამედ
სრულიად განუწვალებელნი
არიან ერთმანეთისგან,
რადგან ერთმანეთს
ასახავენ და
ერთმანეთში აისახებიან.
ანტიკურობიდან
მოყოლებული, ლიტერატურის
ძირითად ფუნქცია
იყო საზოგადოებაში
არსებულ წინააღმდეგობათა
მხატვრულ სახეებში
ნათლად ასახვა
და წარმოჩენა.
წარსულში ფორმირებული
პრაქტიკა გვიჩვენებს,
რომ ვიდრე
სოციოლოგია და
პოლიტეკონომია/თეორიული
ეკონომიკა მიჰყოფდნენ
ხელს საზოგადოებრივი
საკითხების ასახვას,
მისი არსობრივი
მხარეები მხატვრულ
ლიტერატურაში აისახებოდა.
ამიტომ, შეიძლება
ითქვას, რომ
ეკონომიკური პრობლემების
თავწყაროს მონიშვნა,
შემოწერა და
მოჩარჩოება სწორედ
მხატვრული ლიტერატურაში
ხდებოდა. რაც
უფრო ზუსტად
და დამარწმუნებლადაა
აღწერილი ეკონომიკური
პრობლემატიკა, მით
უფრო ნათელია
მხატვრულ სახეთა
წყება და
მით მეტი
ისტორიული მნიშვნელობა
ენიჭება ნაწარმოებს.
ყოველმა ჩვენგანმა
კარგად უწყის,
რომ ყოფის
ამა თუ
იმ პასაჟის
ეკონომიკური წახნაგის
წარმოჩენის მიხედვით
მხატვრული ტექსიტის
ამოცნობასაც კი
შევძლებთ ხოლმე.
განგებ არ
ჩამოვთვლი ამ
მხატვრული მოვლენებნათა
პერსონიფიკატორებს და
მხოლოდ რამდენიმე
ვითარებასა თუ
სცენარს
გავიხსენებ: მხატვრულ
სივრცეში შეიძლება
აისახოს უკვე
ძველი და
დაღმავალი არისტოკრატიის
ეკონომიკური სახე,
რომლის შესახებაც
რევოლუციონერი კლიშირებული
რიტორიკით აღნიშნავს,
რომ კედელი
დამპალა და
მისი საბოლოო
ჩამოშლისათვის ოდანავი
ბიძგიღაა საჭირო;
ან: რომანტიკულად
განწყობილი პერსონაჟი
ქალი ყურადღებას
არ აქცევს
ეკონომიკურ დამოუკიდებლობას
და თავის
ამ გადაწყვეტილებას
ეწირება კიდეც;
ან: მწერალი
აჩვენებს მოხელეთა
ბუნებრივ გამყიდველობასა
და მექრთამეობას,
მათ ზეწოლას
პროგრესის განმასახიერებელ
ვაჭრებზე და,
ძნელი არ
არის მიხვედრა,
რომ სალიტერატურო
სივრციდან უამრავი
ამგვარი ვითარების
გახსენება შეიძლება.
რომანის
დაბადებას
რაც შეეხება,
ნათქვამიდანაც ცხადია,
რომ ცნობიერების
რომანული ტიპი
საზოგადოების დინამიკას
უკავშირდება.
ლიტერატურათმცოდნენი
ვლაპარაკობთ რომანის
ანტიკურ სახეობაზეც,
მაგრამ თანამედროვე
მნიშვნელობა რომანმა
როგორც სინთეზურმა
მხატვრულმა მოვლენამ
აგერ, გუშინწინ,
ანუ XVIII_ XIX საიკუნების
მიჯნაზე (გუშნწინაა?)შეიძინა.
რომანს ჰქონდა,
რასაკვირველია, წინარე
ისტორია.
შუასაუკუნეების
ეპოქაში ევროპულ
ენებში ფიგურირებდა
ზედსართავი სახელი
‘რომანს’ (რომანს),
რომელიც აღნიშნავდა
ზეპირ, “ხალხურ”
ენას წერილობითი
ლათინურის საპირისპიროდ.
XII საუკუნიდან ამ
სახელდებით აღნიშნავენ
ტექსტებს, რომლებშიც
ფიქსირებული იყო,
ადრე ზეპირი
ფორმით არსებული,
თხრობითი სიტყვიერება
და აგრეთვე
ის ენაც,
რა ენაზეც
ეს ტექსტები
იქნა ჩაწერილი
(ანუ “რომანს”-ი
ერქვა ტექსტსაც
და ენასაც).
ეს
მხოლოდ კომუნიკაციის
ტექნიკურ _ ენობრივ
და წერილობით
_ ფორმას მიუთითებს.
გვიანდელი ფრანგული
არსებითი სახელი
“რომანისტი” (“რომანციერ“)
იმდროს არსებობდა
როგორც ზმნა
და აღნიშნავდა
“გადათარგმნას ლათინურიდან
ფრანგულზე”, ხოლო
XV საუკუნიდან _ “ფრანგულად
მოყოლას”.
რომანის
თვითმყოფადობას უპირისპირდებოდა
სასულიეროთა გარკვეული
წრეები (იეზუიტები,
კალვინისტები). მათ
ემატებოდნენ კლასიციზმის
გემოვნებაზე ორიენტირებული
ლიტერატურის კანონმდებელნი
(ბუალო,
ვოლტერი, დიდრო).
რომანის
ჟანრის წინარეისტორია
და დაკანონება
ლიტერატურის სისტემაში
(გარდა “კეთილშობილი
წინაპრებისა” _ აღმოსავლური
ზრაპრისა, ანტიკური
ეპიკისა, შუასაუკუნეების
სარაინდო თხრობებისა) მიმდინარეობს ორი
მიმართულებით.
ერთი
მხრივ იგი
გამოიმუშავებს საკუთარ
ესთეტიკურ წესებს,
აფუძნებს “რეალისტურ”
პირობითობათა სიმრავლეს,
როდესაც ძალას
იკრებს რეფლექსურობის,
თამაშებრივი დრამატიზაციისა
და ანალოგიის
წარმოსახვითი ფორმები
ფიქციური წერილობითი
თხრობის _ დიალოგისა
და პოლილოგის,
პირდაპირი, არასაკუთრივ-პირდაპირი
და ირიბიმეტყველების,
დღიურის, ჩანაწერების,
მიმოწერისა და
სხვა _ ფარგლებში.
იხვეწება დოკუმენტურობის
ეფექტის შექმნის
სხვადასხვა საშუალებები/ხერხები.
მეორე
მხრივ, ხაზი
ესმის რომანის
კითხვის ზნეობრივი
სარგებლიანობისა “ღირსეული
პუბლიკისათვის”. თვითდადგინების
ძიებისას რომანების
უწინდელი ავტორები
და რომანის
ჟანრის თეორეტიკოსები
მიმართავენ ახალი
დროების
ბუნებისმეტყველებითი
და ზუსტი
მეცნიერებების, ფილოსოფიისა
და ისტორიის
მიღწევებს. სწორედ
ამ ინტელექტურლური
არსენალიდანაა ნასესხები
“რეალიზმის”, “კონვენციის”
და “ფიქციის”
ცნებები და
პრინციპები.
ამასთან
ერთად, რომანი
სეკულარიზებულ საზოგადოებრივი
ჯგუფების ცნობიერებაში
იკავებს ცხოვრების
საზრისის რელიგიური
დაფუძნების ადგილს
და თავის
თავზე იღებს
“საერო წერილობის”
როლს; რომანი
მრავალი მაშუალი
რგოლის წიაღ
ითვისებს ქრისტიანულ
“მორალური” წარმოდგენებს
პიროვნულ პასუხისმგებლობაზე
და ზნეობრივ
ფრომირებაზე, რომლებიც
გაიაზრება “საბოლოო”
პესპექტივიდან, უკიდურესი
ღერებულებრივი პოზიციებიდან.
აქ ინგლისისათვის
მნიშვნელადია ანგლიკანური
პრინციპები, გერმანიისათვის
პროტესტანტიზმისა და
პიეტიზმისა, საფრანგეთისათვის
_ მორალისტური ესეისტიკის
მიერ ადაპტირებული
კონცეფციები იანსენისტებისა
(რომლების ადამიანის
ღვთაებრივი დანიშნულების
ყოვლიშემძლეობას განადიდებდნენ
) და მათი
ზემოქმედება რომანზე,
კერძოდ, აბატი
პრევოს რომანზე
და სხვა.
ეს
შიდალიტერატურული პროცესები
ვითარდებოდა ინტენსიური
სოციალური და
კულტურული ძვრების
კონტექსტში.
XIX ს.-ის
პირველ ათწლეულებში
ევროპის სოციალური
და კულტურული
მასშტაბური ცლილებების
პროცესის რელევანტური
მხატვრული ფორმა
ხდება რომანი
როგორც სინონიმი
“თანამედროვეობისა”. თვით
რომანის როგორც
ლიტერატურული ფორმის
გამოჩენა დაუკავშირდა
სოციალური წყობის
რადიკალურ ძვრებს.
დგება რომანის
“ოქროს ხანა”,
ამ ჟანრის
უდიდესი მიღწევების
ჟამი და
ამასთან ერთად,
საზოგადოდ ლიტერატურისა
და ახალი
“კლასიკოსების” ზეობის
ეპოქა. მათ შორის
არიან ის
მწერლები, რომლებმაც
ჯერ დაამხეს
და შემდეგ
შექმნეს ჟანრის
პოეტიკა.
სწორედ
რომანი იქცა
ახალი დროების
ყველაზე დიდ
მიღწევად.
და
ეს ყველაფერი,
ცხადია ახალმა
დროებამ
მოიტანა. კულტურის
რაციონალიზაციასა და
სეკულარიზაციას თან
მოჰყვა ცხოვრების
ობიექტური წესის
პრობლემატიკიდან ყურადღების
თანდათანობითი გადატანა
სუბიექტურ აქტორზე,
ინვივიდზე. ადამიანური არსებობის, ცხოვრების
გაზრება ხდება
სუბიექტური საწყისის
წიაღ. კარსმომდგარი
ახალი, გართულებული
რეალობის მოწესრიგების
ცენტრად აღიქმება
პიროვნება. ამ
პრობებში სიტყვიერ
ხელოვნებას უჩნდება
მთლიანად კულტურის
მფლობელის სტატუსის
პრეტენზია, რადგან,
ხელოვნების სხვა
დარგების _ ფერწერისა
და მუსიკისაგან
_ განსვავებით მას
ძალუძს ცხოვრებისეული,
ყოფითი მთლიანობის
რეალური ძვრების
იმიტირება.
შემოქმედის
პრეროგატივით აღჭურვილი
ავტორის ნებელობით
გაერთიანებული ნაწარმოები
თავისი მთლიანი
და ჩაკეტილი,
წარმოსახული, დროითი
ხანგრძლივობისა და
გააზრებული სტრუქტურის
მქონე “კერძო
ადამიანის ისტორია”
წარმოგვიდგება “ადამიანის
მოდგმის ისტორიად”.
კერძოობითისა და
გვარეობითის მხატვრულ
სივრცეში ამგვარი
შენივთება ბადებს
ახალ, დაინტერესებულ მკითხველს და
უაღრესად ზრდის
რომანის ჟანრის
პოპულარობას ახალ
დროებაში. ახალი
ლიტერატურული სისტემის
ავტონომიური ფარგლების
ჩამოყალიბება, რომანის
პოეტიკის განმსაზღვრელი
ნიშნების ფორმირება,
ეს, თავის
მხრივ, სადაგ
ყოფაზეც ახდენდა
გავლენას და
მხატვრული, მოდელირებული
სისტემიდან ახალი
ყოფითი პარადიგმა
მკვიდრდებოდა. ეს,
თავის მხრივ,
გავლენას ახდენდა
საზოგადოების ღირებულებრივ
ორიენტაციაზე და
საბოლოო ჯამში
ხდებოდა იმ
სამოქალაქო ცნობნიერების
ფორმირება, რომელსაც
დღეს დასავლურს
ვუწოდებთ.
ეს
ყველაფერი ხდებოდა
“იქ”,
ჩვენგან შორს,
როგორც ბრიტანელმა
ისტორიკოსმა ერიკ
ჰობსბაუმმა უწოდა,
“ხანგრძლივ
მეცხრამეტე საუკუნეში”
და, როგორც
მერე
ილიამაცა თქვა,
“სხვათათვის
დიდ საუკუნეში”,
რაც იმასაც
ნიშნავს, რომ
კაპიტალიზაციის ის
პროცესი ჩვენ
არ და ვერ
გვეხებოდა.
იქ
კი კარგა
ხანია იდგა
ახალი დროება, რომელიც იყო
ბურჟუაზიული რევოლუციების,
სამრეწველო გადატიალების
ხანა, დემოკრატიული
პოლიტიკური სივრცის
და სამოქალაქო
საზოგადოებების ფორმირების,
ადამიანის უფლებებისა
და თავისუფლებების
იდეისა და
საბაზრო ეკონიმიკის
დამკვიდრების ეპოქა.
მოვლენათა მხოლოდ
უბრალო და
არასრული ჩამონათვალითაც
კი ჩანს,
რომ ძველ
სამყაროსთან ანუ შუასაუკუნეებთან
შედარებით, ამ
საგრძნობლად მოკლე
ეპოქას სრულიად
განსაკუთრებული ადგილი
უკავია ევროპულ
ისტორიაში.
რა
თქმა უნდა,
ჩვენშიაც ესმოდათ
იქაურობის ხმა
და, ილია
ვახსენეთ და
ისიც დავძინოთ,
რომ სწორედ
მას ესმოდა
“ხმა ტკბილი”
ყველაზე კარგად. სხვა რამდენიმე მოყურადეც იყო, მაგრამ ყრუთა ქვეყანას,
ჯელსომინოსი არ იყოს, ეს არ კმაროდა.
ეს
ხმა გაისმა
გიორგი წერეთლის
“პირველ ნაბიჯშიც”,
როდესაც “ქალაქ
ფოთის ნავსადგურში
პირველად იწივლა
ცეცხლის გემმა,
მისმა წივილმა
პირველად განუფრთხო
ძილი მტრისგან
მოუძლურებულ საქართველოს
ერს. ეს
იყო ახალი
დროის მამლის
ყივილი...”, მაგრამ,
ცხადია, ერთი
“დაწივლებით” კაპიტალიზმი
ვერც შემოვიდოდა.
კოლონიაში ყველაფერი
შორიდან გვესმოდა
და, რაც
ყურთასმენამდე აღწვდა,
ისიც ჯერ
რუსულ დარჯაკგამოვლილი,
მეორეული და მილეული იყო.
რუსეთში კი
იდგა დიდი
ფეოდალიზმის ხანა.
გამოყენებული ლიტერატურა:
გამოყენებული ლიტერატურა:
1.მარკ ოსტინი, მარტა ვუდმანსი. ახალი ეკონომიკური
კრიტიკა (შესავალი წიგნისა, შემოკლებით). ნიუ-იორკი, 2005. იხ. მისამართზე: http://ekonomikurikonceptebi.blogspot.com/2015_09_01_archive.html
2. ჯონ ბ. თომპსონი.
მედია და მოდერნულობა (მედიის სოციალური თეორია). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემა,
2014.
3. ზაზა კვერცხიშვილი.
მშვიდობით რაინდო და... . წგ-ში: საქართველო ათასწლეულთა გასაყარზე. თბ., არეტე,
2005.
4. ზაზა აბზიანიძე.
ლიბერალიზმის ეპოქა და მისი მნიშვნელობა ჩვენი თანამედროვეობისათვის. კრ.-ში:ლიბერალიზმის
ეპოქა ქართულ ლიტერატურაში.ლიტერატურუს ინსტიტუტის გამომცემლობა, 2015.
5. ილია ჭავჭავაძე.
ჩვენი ქვეყნის ეკონომიური ცხოვრების საზრუნავი. თზულებანი ათ ტომად, ტ. 7, თბ.,1956.
6. Михайл Гронас. Новая
экономическая критика (вступительная заметка). «НЛО» 2002, № 58
7. Георг Лукач. К истории реализма. М.: 1939.
8. Вальтер Беньяминю Маски времены.(Эссе о
культуре и литературе). Санкт-Петербург, semposium 2004.
9. Уильям Сомерсет Моем. Подводья итоги. М.: 1991.
No comments:
Post a Comment